ჩადი
ჩადის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Unité, Travail, Progrès“ (ფრანგ.) | ||||||
ჰიმნი: La Tchadienne |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ნჯამენა 12°06′ ჩ. გ. 15°02′ დ. გ. / 12.100° ჩ. გ. 15.033° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული, არაბული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | გარდამავალი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე | მაჰამატ დები იტნო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 284 000 კმ2 (21-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1,9 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2007 შეფასებით | 10 780 600 (75-ე) | ||||
- | 2009 აღწერა | 11 039 873 | ||||
- | სიმჭიდროვე | 8,6 კაცი/კმ2 (167-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $15.260 მილიარდი (128-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1,519 (163-ე) | ||||
აგი (2007) | 0.388 (დაბალი) (170-ე) | |||||
ვალუტა | აფრიკული ფრანკი (XAF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+01:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | TCD | |||||
Internet TLD | .td | |||||
სატელეფონო კოდი | 235 |
ჩადი (ფრანგ. République du Tchad, არაბ. جمهورية تشاد; სრული სახელი — ჩადის რესპუბლიკა) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. დედაქალაქი — ნჯამენა. დასავლეთიდან ესაზღვრება ნიგერს, ნიგერიას, კამერუნს, სამხრეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, აღმოსავლეთიდან სუდანს და ჩრდილოეთიდან ლიბიას.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური: ჩადის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Tchad; تشاد; République du Tchad.
- ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა ჩადის ტბის მიხედვით, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ნიგერიის საზღვართან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადი ევროპელების მოსვლამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიურაბის უდაბნოში, ტოროს-მენელას რაიონში ნაპოვნი ტუმაი თავის ქალის და კიდევ რამდენიმე ინდივიდის ფრაგმენტების მიხედვით გამოიყო Sahelanthropus-ის სახეობა, რომელიც პირველაღმომჩენთა კლასიფიკაციის მიხედვით ყველაზე უფრო ძველი წარმომადგენელია ცნობილი ჰომინინების ტრიბას (ლათ. tribus) შორის. კორო-ტოროში აღმოჩენილია ავსტრალოპითეკ Australopithecus bahrelghazali-ის ყბის ერთადერთი ფრაგმენტი[1][2].
ანგამის ქედის დასავლეთის დაბოლოებასთან, ბორკაში ნაპოვნია ჰომო ერექტუსის შუბლის ძვალი და სახის მარჯვენა ნაწილი, რომელმაც აღმოჩენის დროს სახელად მიიღო Tchadanthropus uxoris. შესაძლებელია ეს იყოს ანატომიურად თანამედროვე ადამიანის თავის ქალა, რომელიც ქვიშისაგან და ქარისაგან მეტისმეტი ეროზიის გამო დაემსგავსა აღმოჩენილი ჰომინიდის თავის ქალას[3][4].
დაახლოებით 5700–7300 წლის წინ (ნეოლითური სუბპლუვიალი) ევრაზიიდან ჩადის ტბის რაიონში მოვიდნენ Y-ქრომოსომიანი ჰაპლოჯგუფი R1b R1b1a2-V88 ქვეჯგუფის მატარებლები[5].
შუა საუკუნეებში ჩადში არსებობდა სახელმწიფო კანემის იმპერია, რომელშიც გახსნილი იყო მუსლიმი ვაჭრების ფაქტორიები.
XIX საუკუნის 70-იან წლებში კანემის იმპერიას, ვადაის სასულთნოს და ბაგირმის სასულთნოს შორის არსებულ ტერიტორიებზე შეიქმნა თეოკრატიული არაბული სახელმწიფო ეგვიპტის ფაშის ალ-ზუბაიარ რამის ყოფილი მონის — რაბიჰ აზ-ზუბაირის მეთაურობით. 1893 წელს რაბიჰ აზ-ზუბაირის თოფებით შეიარაღებულმა ჯარმა გადალახა მდინარე შარი, საბოლოო დარტყმა მიაყენა კანემის იმპერიას, ხოლო შემდეგ გაემართა ჰაუსალენდისკენ. მაშინ მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ფრანგები: მდინარე შარისთან გაანადგურეს რაბიჰ აზ-ზუბაირი ჯარი (ბრძოლა კუსერისთან), 1899 წელს ფრანგებმა შეიპყრეს რაბიჰ აზ-ზუბაირი და გადააგზავნეს ქალაქ ზინდერში. 1900 წელს რაბიჰ აზ-ზუბაირის ვაჟი, ფადლალა ჯარის ნარჩენებით გაემართა სოკოტოს სასულთნოსაკენ, სადაც დამარცხდა სასულთნოს ჯართან და უკან დაიხია აღმოსავლეთში ქალაქ მაიდურუგიდან. იქ მან ინგლისელებს მოსთხოვა დახმარება და ფრედერიკ ლუგარდმა, შეშინებულმა რეგიონში სიტუაციის გამწვავებით, იგი გამოაცხადა კანემის გამგებლად. ფადლალას მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც 1901 წლის 23 აგვისტოს ფრანგული რაზმი კაპიტან დანგევილის ხელმძღვანელობით შეიჭრა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და მოკლა ის.
ფრანგული კოლონიალური იმპერიის შემადგენლობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1900 წლის 10 ოქტომბერს, კუსერისთან ბრძოლის შემდეგ, ჩადის ტერიტორია გამოცხადდა საფრანგეთის სამხედრო ტერიტორიად კოლონია უბანგი-შარის შემადგენლობაში. 1910 წლის 15 იანვარს ტერიტორია ჩართეს საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის შემადგენლობაში.
საფრანგეთი ჩადს განიხილავდა, როგორც მოსახლეობის ხარჯზე ჯარის მოსამარაგებელ ბაზას და დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებული სუდანის მხრიდან სამხედრო საფრთხის შემთხვევაში საფრანგეთის ტროპიკული აფრიკის დასაცავად გამოსადეგ სამხედრო ტერიტორიას. უკვე 1906 წელს ფრანგებმა დაიწყეს ჩადის ტერიტორიაზე სტრატეგიული დანიშნულების რკინიგზის პროექტების შემუშავება, მაგრამ არც ერთი რკინიგზის ხაზი კოლონიაში არასდროს არ აშენებულა. 1914 წელს ჩადი გამოყვეს უბანგი-შარიდან, ხოლო 1920 წლიდან გახდა ცალკე კოლონია საკუთარი ლეიტენანტ-გუბერნატორის მეთაურობით. ჩადი იყო საფრანგეთის კოლონიალური იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღარიბი ადგილი და საკმაოდ ცოტა ევროპელს თუ უნდოდა ემსახურა ადგილობრივ კოლონიალურ ადმინისტრაციაში. კოლონიაში დისლოცირებული სამი საჯარისო ბატალიონით მხარდაჭერილი ნაკლებრიცხოვანი კოლონიალური ხელისუფლება შემოიფარგლებოდა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, ან უბრალოდ სიტუაციას აკვირდებოდა. ჩადის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ხელისუფლება ცდილობდა საერთოდ არ ჩარეულიყო ადგილობრივი ტომების და კლანების ცხოვრებაში. როდესაც 1923 წელს კანემის, სალამატის და ჰერას პრეფექტურების რაიონში ადგილობრივმა ტომებმა შეიპყრეს და მონათ გაყიდეს სენეგალიდან მექაში მიმავალი მლოცველები, კოლონიალურმა ადმინისტრაციამ გააძლიერა კონტროლი მოსახლეობაზე. მართვაში ჩართეს ადგილობრივი სასულთნოების ხელმძღვანელები, ხოლო ადმინისტრატორების დანაკლისი დაიფარა ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის სარას წარმომადგენლებით.
1928 წლიდან ჩადის როლი საფრანგეთის კოლონიალურ იმპერიაში მკვეთრად შეიცვალა. ხელისუფლება აძლევდა საფრანგეთის კომპანიებს მონოპოლიას ბამბის მოყვანაზე და დამზადებაზე, კოლონიაში ბამბისგადამამუშავებელი და ზეთისდამამზადებელი ქარხნების აუცილებელი მშენებლობის სანაცვლოდ. ჩადში დაინერგა ბამბის მონოკულტურა, რომელსაც ზოგჯერ ქვეყნის მშველელს და ზოგჯერ დამაქცევარს უწოდებდნენ.
1940 წელს საფრანგეთის მეორე მსოფლიო ომში გერმანიასთან დამარცხების შემდეგ და იქ მარშალ ანრი ფილიპ პეტენის რეჟიმის (ვიშის რეჟიმი) დამყარების შემდეგ ჩადის კოლონიალურმა ხელისუფლებამ უარი თქვა მხარი დაეჭირა პროფაშისტური რეჟიმისთვის. 1940 წლის 26 აგვისტოს ჩადის გუბერნატორმა ფელიქს ებუემ განაცხადა გენერალ შარლ დე გოლის მხარეზე გადასვლის თაობაზე. ჩადის ტერიტორია გამოიყენეს მოკავშირეების სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზების შესაქმნელად, საიდანაც ხორციელდებოდა ავიადარტყმები იტალო-გერმანულ ძალებზე ჩრდილოეთ აფრიკაში და სამხრეთ ევროპაში. ჩადის ტერიტორიიდან გენერალ ფილიპ ფრანსუა ლეკლერკის ჯარმა განახორციელა გადასვლა საჰარის უდაბნოზე, შეიჭრა ფეცანიში და დაიპყრო იგი. 1943 წლის იანვარში ისინი შევიდნენ ტრიპოლიში და მოხდა მათი გადაფორმირება საფრანგეთის მე-2 მსუბუქ ფეხოსან დივიზიად. „თავისუფალი საფრანგეთის“ ძალების შემადგენლობაში იბრძოდა 15 000 ჩადელი ჯარისკაცი და ოფიცერი.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან საკმაოდ მალე ჩადში განახლდა ბამბის კულტივირება, რომელიც წამოიწყო 5 ფრანგულმა ტრესტმა. 1946 წლის 27 ოქტომბერს ჩადი გამოცხადდა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიად. 1948 წელს ეკონომიკური განვითარების ოთხწლიანმა გეგმამ საფრანგეთს ამოცანად დაუსახა ჩადი გაეხადა ბამბის ძირითად მომწოდებლად და ორი წლის შემდეგ ფრანგმა მეცნიერებმა კოლონიისთვის გამოიყვანეს ბამბის ახალი, უფრო მოსავლიანი ჯიშები.
1940-იანი წლების შუა პერიოდში ჩადში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკური პარტიები, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდი და გავლენიანი გახდა ჩადის პროგრესული პარტია, რომელიც გამოდიოდა პოპულისტური პლატფორმით. 1950-იანი წლების შუა პერიოდის რეფორმების შედეგად, საარჩევნო უფლებების გაფართოების მიზეზით, ამ პარტიამ ქვეყნის მჭიდროდ დასახლებული სამხრეთი რეგიონების მხარდაჭერით მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი გავლენა და დომინირებდა ჯერ კოლონიის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ზოგიერთი მონაცემებით, საფრანგეთის მმართველობის პერიოდში ჩადის მოსახლეობა 1900 წელს არსებული 8 მილიონი ადამიანიდან 1960 წელს შემცირდა 2,7 მილიონ ადამიანამდე.
ჩადი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1958 წლის ნოემბერში ქვეყანა გადაიქცა შეზღუდული ავტონომიის მქონე რესპუბლიკად საფრანგეთის თანამეგობრობის ფარგლებში, დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1960 წლის 11 აგვისტოს; ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ჩადის პროგრესული პარტიის ლიდერი ფრანსუა ტომბალბაი, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორი წლის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ერთპარტიული სისტემა.
1960 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ ჩადში გამწვავდა ურთიერთობები ჩრდილოეთის არაბულ (მუსულმანურ) და სამხრეთის აფრიკულ (ქრისტიანულ) თემებს შორის, რაც გადაიზარდა სპორადულ შეიარაღებულ შეტაკებებში. 1966 წელს სუდანში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩადის ეროვნული კავშირისა და ჩადის შვილების გენერალური კავშირის შეერთებით, ანუ მემარცხენე რადიკალური და „მუსულმანური საძმოს“ წევრებით ჩამოყალიბდა შეიარაღებული ოპოზიციური ორგანიზაცია ჩადის ეროვნული განთავისუფლების ფრონტი (ფრანგ. Front de liberation natoinale de Tchad, (FROLINAT)). მისი სამხედრო ბაზები მდებარეობდნენ სუდანში, ხოლო მონაწილეები მხარდაჭერას იღებდნენ ლიბიის ხელისუფლების მხრიდან, საწყის ეტაპზე ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდანაც. მაგრამ უკვე 1969 წელს ფრონტში შემავალ ჯგუფებში ურთიერთწინააღმდეგობების გამო, რომელიც შეეხებოდა ეთნიკურ, რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებს და ლიდერობისთვის ბრძოლას ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტა.
1972 წელს ლიბიამ ისარგებლა ჩადში დაწყებული სამოქალაქო ომით, შეიყვანა საკუთარი ჯარი აუზუს სადავო რაიონში, რამაც ლიბია-ჩადის კონფლიქტი გამოიწვია, (მხოლოდ 1986 წელს ჩადმა დაიბრუნა ეს ტერიტორიები, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სადავო ტერიტორიის შესახებ მიღებული იქნა 1994 წელს).
ფრანსუა ტომბალბაი მოკლეს 1975 წლის 13 აპრილს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად. სახელმწიფოს მეთაურის პოსტი (უმაღლესი სამხედრო საბჭოს მეთაური, ხოლო 1978 წლის აგვისტოდან – პრეზიდენტი) დაიკავა გენერალმა ფელიქს მალუმმა. სამთავრობო ჯარების მხარეს მონაწილეობას ღებულობდნენ ფრანგი ჯარისკაცები (5 ათასამდე) საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების აქტიური დახმარებით. 1978 წლის 30 აგვისტოს დაიდო შეთანხმება ფელიქს მალუმსა და ჩრდილოეთის შეიარაღებული ძალების მეთაურს ჰისენ ჰაბრეს შორის, რომელმაც მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი. მაგრამ უკვე 1979 წლის თებერვალში ჰისენ ჰაბრემ წამოიწყო ამბოხი და დედაქალაქში ერთი თვის ბრძოლების შემდეგ ისევ გადავიდა ოპოზიციაში.
1979 წელს ქვეყნის ხელისუფლებასა და ამბოხებულებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან პირველად მთავრობაში წარმოდგენილები იყვნენ ჩრდილოელები და მომავალში სიმძიმის ცენტრმა ამ მხრივ გადაინაცვლა მათ სასარგებლოდ.
1979 წელს ქვეყანაში კვლავ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი პრეზიდენტის პოსტზე პრეტენდენტებს შორის. ჩრდილოელთა შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰისენ ჰაბრე, მხარს უჭერდა სუდანი, ეგვიპტე, საფრანგეთი და აშშ. მას აქტიურად დაუპირისპირდა ლიბიის მიერ მხარდაჭერილი კოალიცია, რომელიც შედგებოდა გუკუნი უედეის „ეროვნული განთავისუფლების ფრონტისაგან“, ვიცე-პრეზიდენტ აბდელკადერ კამუგეს „ჩადის გამანთავისუფლებელი არმიისაგან“ და საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმატ ასილის „ერთობლივი მოქმედების ფრონტისაგან“. 1980 წლის ნოემბერში გუკუნი უედეის ჯარმა დაიკავა ნჯამენა, მაგრამ კონფლიქტი დამთავრდა ხელისუფლებაში ჰისენ ჰაბრეს მოსვლით, რომლის ჯარიც 1982 წლის 7 ივნისს შევიდა დედაქალაქში. ამ პერიოდში შეიქმნა ჩადში წესრიგის დამცველი საერთო აფრიკული შეიარაღებული ძალები, რომლებიც შედგებოდა ნიგერიის, ზაირის და სენეგალის სამხედროებისგან. ამ ძალებს ხელმძღვანელობდა ნიგერიელი გენერალ-მაიორი ეჯიგი.
გუკუნი უედეი კიდევ რამდენიმე წელი იბრძოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ ჰისენ ჰაბრეს მხარს უჭერდნენ საფრანგეთის და სუდანის ჯარი, ზაირის და ისრაელის კომანდოსები, ასევე დაქირავებულები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიუხედავად ამისა გუკუნი უედეის შეიარაღებული რაზმები აკონტროლებდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს, აწარმოებდნენ ბრძოლებს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.
მაგრამ 1980-იანი წლების ბოლოს გამწვავდა ურთიერთობები ქვეყანაში მცხოვრებ ჰაჯერაის, ზაგავას და ტუბუს ხალხს შორის. 1989 წლის აპრილში ზაგავას ხალხის წარმომადგენელი და ერთ-ერთი წამყვანი გენერალი იდრის დები, განუდგა ჰისენ ჰაბრეს და გაიქცა სუდანის დარფურში, საიდანაც აწყობდა თავდასხმებს ჰისენ ჰაბრეს ძალებზე. 1990 წლის დეკემბერში ლიბიის მხარდაჭერით იდრის დების შეიარაღებული ძალები შევიდნენ დედაქალაქ ნჯამენაში, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია ჩადში ბაზირებულმა საფრანგეთის სამხედროებმა. სამთვიანი დროებითი ხელისუფლების შემდეგ 1991 წლის 28 თებერვალს ჩატარდა საკონსტიტუციო კონფერენცია და შეიქმნა პროსახელისუფლებო პოლიტიკური მოძრაობა — გადარჩენის პატრიოტული მოძრაობა (Patriotic Salvation Movement (PSM)), ხოლო იდრის დები დამტკიცდა ქვეყნის პრეზიდენტად. იდრის დების ოპოზიცია აგრძელებს არსებობას ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ამბოხებული მოძრაობის სახით.
იდრის დების მმართველობის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგი ორი წლის განმავლობაში იდრის დების რეჟიმი შეეჯახა მინიმუმ ორი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. სახელისუფლებო შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს ამბოხებულთა შეტევები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოძრაობა დემოკრატიისათვის და განვითარებისათვის (MDD), ეროვნული აღორძინების კომიტეტი მშვიდობისათვის და დემოკრატიისათვის (CSNPD), ჩადის ეროვნული ფრონტი (FNT) და დასავლეთის შეიარაღებული ძალები (FAO). საფრანგეთის მოთხოვნით გაიმართა ქვეყნის გადარჩენისათვის აუცილებელი ეროვნული კონფერენცია, სადაც შეიკრიბა 750 დელეგატი, რომლებიც წარმოადგენდნენ პოლიტიკურ პარტიებს (რომელთა ლეგალიზება განხორციელდა 1992 წელს), ხელისუფლებას, პროფკავშირებს და ჯარს. ეროვნული კონფერენციის მიზანი იყო პლურალისტული დემოკრატიული რეჟიმის შექმნა.
მაგრამ უწესიგრობები გრძელდებოდა, ხდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური მკვლელობები ქვეყნის სამხრეთში. ორგანიზაცია CSNPD-მ და სამხრეთის სხვა ჯგუფებმა 1994 წელს სამშვიდობო შეთანხმება დადო სახელისუფლებო ჯარებთან, მაგრამ ორმა ახალმა დაჯგუფებამ, ფედერალური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა (FARF) და განახლების დემოკრატიულმა ფრონტმა (FDR), ასევე განახლებულმა MDD-მ დაიწყო შეიარაღებული გამოსვლები სამთავრობო ძალების წინააღმდეგ 1994 წლიდან 1995 წლის ჩათვლით.
მოლაპარაკებები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან 1996 წლის დასაწყისიდან ვერ გვარდება, მაგრამ იდრის დებიმ განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების ივნისში ჩატარების შესახებ. იდრის დებიმ მოიგო ქვეყანაში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები. მისმა პარტიამ 1997 წლის იანვარში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 125 ადგილიდან მოიპოვა 63. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს მთელი რიგი სერიოზული დარღვევები საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე.
1997 წლის შუაში ხელისუფლებამ ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას FARF-ის და MDD-ის ხელმძღვანელობასთან. 1997 წლის ოქტომბერში ასევე დაიდო სამშვიდობო შეთანხმებები ჩადის ეროვნულ ფრონტთან (FNT) და სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიისათვის მოძრაობასთან. მაგრამ მშვიდობიანი პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან FARF-ის ამბოხებულებმა ბრძოლა დაიწყეს სამთავრობო ძალებთან, მაგრამ დანებდნენ მათ 1998 წლის მაისში.
1998 წლის ოქტომბრიდან ჩადის მოძრაობა სამართლიანობისთვის და დემოკრატიისათვის (MDJT) ამბოხებულებმა, რომელთაც თავის გარდაცვალებამდე (2002 წლის სექტემბერი) მეთაურობდა იუსუფ ტოგოიმი, შეიარაღებული ამბოხი წამოიწყეს სამთავრობო ჯარებთან ტიბესტის მთიანეთის რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით სამოქალაქო, სამთავრობო და ამბოხებული პირი, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებები მათ არ მოუპოვებიათ.
მიუხედავად ამისა იდრის დებიმ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან თანდათანობით მოახერხა აღედგინა ხელისუფლების ძირითადი ფუნქციები და დადო ხელშეკრულებები მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რითაც დაიწყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების განხორციელება. ქალაქ დობის სამხრეთ რაიონში ნავთობის მოპოვება დაიწყო 2000 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც მსოფლიო ბანკის საბჭომ დაამტკიცა პროექტის დაფინანსება, რომელიც ჩადის ნავთობს მილსადენით გადაზიდავს 1000 კმ-ის მანძილზე კამერუნის გავლით გვინეის ყურეში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა უნიკალური მექანიზმები მსოფლიო ბანკის, კერძო სექტორის, ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობისათვის. პროექტი გარანტიას იძლევა, რომ მომავალი შემოსავლები ნავთობის რეალიზაციიდან მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას და შემცირდება სიღარიბის მასშტაბები. პროექტის წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე მონიტორინგულ სამსახურზე[6]. მონიტორინგისათვის და მმართველობისათვის ამ „უნიკალური“ მექანიზმების გამო კომპანია თავიდანვე შეეჯახა მკაცრ კრიტიკას.[7]
იდრის დებიმ გაიმარჯვა 2001 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 63 %-ით, თუმცა საპარლამენტო არჩევნები გადაიდო 2002 წლის გაზაფხულამდე. ხელისუფლების სიყალბეში დადანაშაულების შემდეგ, ოპოზიციის 6 ლიდერი დააპატიმრეს (ორჯერ) და 1 ოპოზიციური პარტიის აქტივისტი მოკლეს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. მიუხედავად დემოკრატიული რეფორმებისკენ მოძრაობისა, ხელისუფლება რჩება ჩრდილოელი ეთნიკური ოლიგარქიის ხელში.
2003 წელს ჩადის სახელმწიფომ დაიწყო დევნილების მიღება დარფურის რეგიონიდან, რომელიც მდებარეობს სუდანის დასავლეთში. 200 000-ზე მეტი დევნილი, რომლებიც გამოექცნენ საბრძოლო მოქმედებებს ორ აჯანყებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის. 2004 წლის მაისში მოხდა სამხედრო გადატრიალების მცდელობა იდრის დების წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ოფიცრები და რამდენიმე ასეული ჯარისკაცი, რომლებიც ზაგავას ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნოდნენ (ამავე ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის თვითონ პრეზიდენტიც) და შეშფოთებულები იყვნენ თავიანთი ეთნიკური ჯგუფის მიერ ადმინისტრაციული ბერკეტების შესაძლო დაკარგვით. სუდანთან მთელმა რიგმა სასაზღვრო ინციდენტებმა გამოიწვია ჩადის სამოქალაქო ომი.
სუდანთან ომი დაიწყო 2005 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ჩადის ხელისუფლებამ ომის მდგომარეობა გამოუცხადა სუდანს და მოუწოდა ჩადელ ხალხს საკუთარი ძალების მობილიზაციისკენ „საერთო მტრის“ წინააღმდეგ[8], რომელსაც ჩადის ხელისუფლება თვლის მოძრაობა დემოკრატიისათვის და თავისუფლებისათვის (RDL) მებრძოლებს — ჩადელ აჯანყებულებს, რომლებსაც აქტიურ დახმარებას უწევს სუდანის ხელისუფლება და მისი ძალოვანი სტრუქტურები. ამბოხებულები თავს ესხმოდნენ სოფლებს და ქალაქებს ჩადის აღმოსავლეთ ნაწილში, იპარავდნენ მსხვილფეხა საქონელს, კლავდნენ მოქალაქეებს და წვავდნენ სახლებს. 200 000-ზე მეტი დევნილი სუდანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დარფურის რეგიონიდან დღეისათვის ელოდება თავშესაფრის მიცემას ჩადის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩადის პრეზიდენტი იდრის დები ბრალს დებს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს „ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის, ჩვენი ხალხის სიღარიბეში ჩაგდების, ჩადში უწესრიგობების შექმნის და დარფურიდან ჩადში ომის ექსპორტის“ მცდელობაში.
სუდანის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ჩადის ქალაქ ადრეზე თავდასხმამ გამოიწვია რამდენიმე ასეული ამბოხებულის დაღუპვა. ჩადის ხელისუფლებამ სუდანის ხელისუფლებას ბრალი დასდო ტერაქტის ორგანიზებაში, რომელიც ამ რაიონში იყო მეორე ბოლო სამი დღის განმავლობაში,[9] მაგრამ სუდანის ხელისუფლება უარყოფდა თავის მონაწილეობას ამ ინციდენტში. ეს ინციდენტი იყო ბოლო წვეთი, რომელმაც გამოიწვია ჩადის მიერ ომის გამოცხადება და ჩადის სამხედრო-საჰაერო ძალების სუდანის საჰაერო სივრცეში სავარაუდო შეჭრა, რომელსაც ჩადის ხელისუფლება კატეგორიულად უარყობს.[10]
თავდასხმა დედაქალაქ ნჯამენაზე განადგურდა 2006 წლის 13 აპრილს. ჩადის პრეზიდენტმა ეროვნული რადიოს ეთერში განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, მაგრამ დედაქალაქის მაცხოვრებლების, დიპლომატების და ჟურნალისტების თქმით მათ ესმოდათ სროლები ცეცხლსასროლი იარაღებიდან.
2006 წლის 25 ნოემბერს ამბოხებულებმა დაიკავეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი აბეშე, უადაის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი და სუდანის დარფურის რეგიონის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი. იმავე დღეს მეორე ამბოხებულმა დაჯგუფებამ — დემოკრატიული ძალების ასამბლეამ დაიკავა ქალაქი ბილტინი. 2006 წლის 26 ნოემბერს ჩადის ხელისუფლებამ განაცხადა ამ ორივე ქალაქის უკან დაბრუნების შესახებ, თუმცა ამბოხებულები ამას არ ეთანხმებოდნენ. ქალაქ აბეშეს სამთავრობო შენობები და ჰუმანიტარული დახმარების ოფისები გაიძარცვა. ჩადის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამბოხებულთა ორივე ჯგუფი იმყოფება სუდანის ხელისუფლების დიდი მხარდაჭერის ქვეშ.[11]
პარასკევს, 2008 წლის 1 თებერვალს ამბოხებულების ალიანსი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მაჰამატ ნურის და ყოფილი შტაბის უფროსის, იდრის დების ნათესავის ტიმანე ერდიმის ხელმძღვანელობით, თავს დაესხა ჩადის დედაქალაქ ნჯამენას და თითქმის პრეზიდენტის სასახლესაც მიაღწია. მაგრამ იდრის დებიმ სამთავრობო ჯარებთან ერთად ეს შეტევა მოიგერია. საფრანგეთის ჯარი ამარაგებდა ჩადის სახელისუფლებო ჯარს იარაღით და საბრძოლო ტექნიკით, მაგრამ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რეგიონი დატოვა 20 000-მდე ადამიანმა, რომლებმაც თავი შეაფარეს მეზობელ კამერუნს და ნიგერიას. დაიღუპა ასობით ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქე. ამბოხებულები ბრალს სდებდნენ იდრის დების კორუფციაში და ნავთობიდან მიღებული მილიონობით შემოსავლების ქურდობაში. საფრანგეთის ხელისუფლება თვლის, რომ ოპოზიცია გადაჯგუფდა დედაქალაქიდან აღმოსავლეთით. იდრის დებიმ ბრალი დასდო სუდანს ჩადში იმ მომენტისთვის განვითარებულ უწესრიგობებზე.[12]
ჩადსა და სუდანს შორის ომის შეწყვეტისა და მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2010 წლის 15 იანვარს, რამაც ბოლო მოუღო მათ შორის არსებულ ხუთწლიან საომარ მდგომარეობას.[13] ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოსწორებას მოჰყვა ჩადელი ამბოხებულების სუდანიდან სახლში დაბრუნება, 7 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გახსნა და ერთობლივი ძალების განლაგება სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. 2013 წლის მაისში ჩადში უსაფრთხოების ძალების მიერ აღიკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის მიზანი იყო პრეზიდენტ იდრის დების გადაყენება.[14]
2016 წელს ჩადის ყოფილ მმართველს ჰისენ ჰაბრეს სენეგალში მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამო.[15]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აფრიკაში. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ვაკეებს და პლატოებს, სადაც მონაცვლეობით მდებარეობენ ბრტყელი ღრმულები, რომელთაგან ერთ-ერთში იმყოფება ჩადის ტბა. ჩრდილოეთით მდებარეობს მასიური ძველი ტიბესტის მთიანეთი ემი-კუსის ვულკანით (3415 მეტრი) — ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი. აღმოსავლეთში მდებარეობენ ერდის, ენედის და უადაის პლატოები. ჩრდილოეთით, რომელიც შედის საჰარის უდაბნოს საზღვრებში, გავრცელებულია ქვიშოვანი დიუნები და ბიუტისებური ბორცვები. სამხრეთი უკავია ნახევრადუდაბნოებს და სავანებს, გვხვდება ჭაობები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ფართობი უკავია.
ქვეყნის საერთო ფართობია: — 1 284 000 კმ², აქედან ხმელეთის ფართობია — 1 259 200 კმ², ხოლო წყლის — 24 800 კმ².
სახელმწიფო საზღვრის სიგრძე კამერუნთან შეადგენს — 1094 კმ-ს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან — 1197 კმ-ს, ლიბიასთან — 1055 კმ-ს, ნიგერთან — 1175 კმ-ს, ნიგერიასთან — 87 კმ-ს, სუდანთან — 1360 კმ-ს.
ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება ზაკუმის და მანზის ეროვნული პარკები.
გეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის გეოლოგია მოიცავს პრეკამბრიული პერიოდის მეტამორფული ქანებისგან წარმოქმნილ ტერიტორიას, რომელიც გარს აკრავს ჩადის ტბას, რომელზეც დაფენილია მესამეული და მეოთხეული სისტემების სედიმენტები. პრეკამბრიული პერიოდის ქანებით აგებულია ტიბესტის მთიანეთის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაწილი, მაშინ როდესაც ჩადის აღმოსავლეთ ნაწილს აქვს ქვიანი საფუძველი, რომელიც ნაწილობრივ გადაჭიმულია მეზობელი სუდანის დარფურის რეგიონში.
ფართედაა გავრცელებული გრანიტული გნაისები და პელიტურ-გრაფიტული ფიქლები. ისინი ჩვეულებრივ ბოლომდე იჭრიან ოროგენულ გრანიტებში და პეგმატიტებში. კუფრის აუზის არეალის ჩრდილო-აღმოსავლეთი შედგება ქვედა პალეოზოური ერის ქვიშაქვებისგან, რომლებიც ჩამარხულია ნუბიის ქვიშაქვებში. ასევე არსებობს კონტინენტური ქვედა ცარცული პერიოდის ასაკის მექანოგენური დანალექი ქანების ჯიშები და ზედა ცარცული პერიოდის ასაკის ზღვის წარმოშობის ჯიშები.
ჩადის ტბის აუზის არეალში, ჩადის ნეოგენური პერიოდის ფორმაცია შედგება ტბური დანალექებისგან.[16]
სასარგებლო წიაღისეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის სასარგებლო წიაღისეული სუსტადაა შესწავლილი. ჩადის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებობს ბუნებრივი სოდის მარაგი. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში არსებობს ბოქსიტების საბადოები (ქალაქ მუნდუსთან — დაზვერვითი მარაგი 10 მილიონი ტონა და ქალაქ ლაისთან — 5 მილიონი ტონა), რკინის მადანი — უადაის პლატოს და ქალაქ ლეგის შესაყართან. ტიბესტის მთიანეთში არსებობს კალის და ვოლფრამის მადნების საბადოები, დაკავშირებული პეგმატიტებთან, რომლებშიც გვხვდება ტანტალონიობატებიც. ქვეყანაში ასევე არსებობს ოქროს (უადაის პლატო), თუთიის (ტიბესტის მთიანეთი), სპილენძის (ლერაის ტბა) ურანის (ენედის პლატო) საბადოები. ქვეყნის დასავლეთში და სამხრეთ-დასავლეთში (მდინარე შარის აუზი) აღმოჩენილია ნავთობის მარაგი. ქვეყნის სამხრეთში ასევე მდებარეობს ნავთობის საბადო ბოლობო.
რელიეფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ვაკეებს და პლატოებს, სადაც მონაცვლეობით მდებარეობენ ბრტყელი ღრმულები. ქვეყნის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი დაფარულია ქვიანი და ქვიშოვანი უდაბნოებით მცირერიცხოვანი ოაზისებით. ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს ტიბესტის მთიანეთი ქვეყნის ყველაზე უფრო უმაღლესი წერტილით — ემი-კუსის ვულკანით (3415 მეტრი). სამხრეთში მდებარეობენ ნახევრადუდაბნოები და სავანები. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის რაიონებში დიდი ფართობები დაფარულია ჭაობებით. თითქმის უსიცოცხლო, მზისგან დამწვარი მთიანეთის ფერდოები აგებულია პრეკამბრიული პერიოდის მეტამორფული ქანებისგან, ძლიერ დანაწევრებული ვულკანის კონუსებით, ხეობებით და წყლის დინების დროებითი კალაპოტებით. მის მწვერვალზე მდებარეობს ვულკანური კრატერი დიამეტრით 15 კმ და სიღრმით დაახლოებით 700 მეტრი, ხოლო ფსკერზე იმყოფება დამშრალი ტბა. მთიანეთის დასავლეთ ნაწილში ამოწეულია რამდენიმე მოქმედი ვულკანი, რომელთაგან ყველაზე უფრო მაღალია — ტუსიდე (3265 მეტრი), ამოფრქვევა ხდება საკმაოდ რეგულარულად. მთათაშორისი რაიონები დაფარულია მარილის ქერქით და ქვიანი უდაბნოებით, რომელთა შორის შეიძლება შევხვდეთ არაერთ ტექტონიკურ ღრმულებს, რომლებიც იმავე მარილის ქერქით არიან დაფარულები. აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე უფრო დაბალი წერტილი — ბოდელეს ღრმული (160 მეტრი). ჩადის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ამოწეულია ერდის (1115 მეტრი) და ენედის (1450 მეტრი) პლატოები, ცენტრში — უადაის პლატო გუერას მთით (1790 მეტრი), ხოლო აღმოსავლეთში — უადანის მთიანი რაიონი (1340 მეტრამდე).
ჩადის ტერიტორიაზე მდებარეობს დარტყმითი კრატერი გვენი-ფადა.
ჰიდროლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მუდმივი მდინარეები არ არსებობს. ენედის და უადაის პლატოებზე იშვიათი წვიმების შემდეგ წყალი მიედინება გაუდინარი არეების და უადების საშუალებებით. ხშირად მოულოდნელი წყალდიდობების შედეგად წარმოქმნილი ასეთი დინებები, როგორც წესი, შრება რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი გუბეები შეიწოვება ქვიშოვან-თიხოვანი ნიადაგის მიერ. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასეთი დინებაა მდინარე ბათა, რომელსაც წვიმების სეზონის დროს უადაის პლატოდან და გუერას მასივიდან წყალი მიაქვს დასავლეთისკენ ფიტრის ტბაში.
ჩადის ყველაზე დიდი მდინარეებია შარი და ლოგონი, ეს ორივე მდინარე და მათი შენაკადები სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩადის ტბაში ჩაედინებიან. მდინარის ორივე სისტემა სათავეს იღებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და კამერუნის მაღალმთიანეთის რეგიონებში, რომლებიც ყოველწლიურად 1250 მმ-ზე მეტ ნალექს იღებენ. ეს მდინარეები შევსებას იღებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე ჩადის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული ბაჰრ-სალამატის, ბაჰრ-აუკის და ბაჰრ-სარას მდინარეებისაგან. მდინარე შარის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1200 კმ-ს. მდინარე შარის შუა დინებაში წარმოიქმნება ბევრი დაჭაობებული ადგილი, ხოლო ქვედა დინებაში, დედაქალაქ ნჯამენასთან ახლოს, მას უერთდება მდინარე ლოგონი. მდინარე შარის მოცულობა მერყეობს 17 კუბური მეტრიდან წამში მშრალი სეზონის დროს 340 კუბური მეტრამდე წამში წვიმიანი სეზონის დროს.
მდინარე ლოგონი ყალიბდება შენაკადებისგან, რომელთა სათავეებიც იმყოფება კამერუნში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ლოგონი სიგრძეში უფრო მოკლეა და მოცულობაში უფრო ნაკლებია, ვიდრე მდინარე შარი, ის მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით და მისი სიგრძეა 960 კმ, მისი მოცულობა მერყეობს 5-დან 85 კუბურ მეტრამდე წამში. დედაქალაქ ნჯამენაში მდინარე ლოგონი უერთდება მდინარე შარის და მიედინება კიდევ 30 კმ-ის მანძილზე, ქმნის ფართე დელტას და ჩაედინება ჩადის ტბაში. შემოდგომით, წვიმის სეზონის ბოლოს, მდინარე გადმოდის ნაპირებიდან და დელტაში ქმნის უზარმაზარ ჭალებს.
მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ტბა (და აფრიკაში სიდიდით მეოთხე ტბა) — ჩადის ტბა მდებარეობს საჰელის ზონაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთით. მდინარე შარი კვებავს ჩადის ტბის წყლების 95 %-ს, წყლის საშუალო მოცულობა წელიწადში 40 მილიარდი კუბური მეტრი, რომლის 95 % იკარგება აორთქლების დროს. ტბის ზომებს განსაზღვრავს წვიმები ტბის აუზის მოსაზღვრე სამხრეთის მთებში და საჰელის ზონის ტემპერატურა. წვიმების და ტემპერატურის გამო ტბა მკვეთრად იცვლება ზომებში, 9800 კმ²-დან მშრალ სეზონში 25 500 კმ²-მდე წვიმების სეზონის ბოლოს.
ჩადის ტბა ასევე ძლიერ იცვლება ზომებში ერთი რომელიმე წლიდან მეორე წლამდე. 1870 წელს მისი მაქსიმალური ფართობი შეადგენდა 28 000 კმ²-ს. 1908 წელს მისი ზომა შემცირდა 12 700 კმ²-მდე. 1940-იან და 1950-იან წლებში, ტბა დარჩა მცირე ფართობის, მაგრამ 1963 წელს ის ისევ გაიზარდა 26 000 კმ²-მდე. მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოს, 1970-იანი წლების დასაწყისში და 1980-იანი წლების შუა პერიოდში არსებულმა ძლიერმა გვალვებმა გამოიწვია ჩადის ტბის ფართობის ხელახალი შემცირება. ჩადში არსებობენ სხვა დიდი ტბებიც, რომლებსაც აქვთ დიდი მნიშვნელობა ქვეყანაში. ასეთი ტბებია ფიტრის ტბა ბათის რეგიონში და იროს ტბა ჭაობიან სამხრეთ-აღმოსავლეთში.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის ტბის აუზი მოიცავს ტროპიკული კლიმატის ფართე სპექტრს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, თუმცა ამ კლიმატური პირობების უმრავლესობა ჩვეულებრივ მშრალია. უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონთან ერთად სხვა რეგიონების უმრავლესობას ახასიათებს წვიმიანი და მშრალი სეზონების მონაცვლეობის ციკლი. ნებისმიერ წელიწადში თითოეული სეზონის ხანგრძლივობა პირველ რიგში განისაზღვრება ორი დიდი ჰაერის მასის პოზიციით — ატლანტის ოკეანის ზღვის მასით სამხრეთ-დასავლეთში და გაცილებით უფრო მშრალი კონტინენტური მასით.
წვიმების სეზონის დროს, სამხრეთ-დასავლეთის ქარს აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთიდან ეხმარება ზღვის ნოტიო ნაკადი, სადაც ის ხვდება და გადაუვლის კონტინენტური ჰაერის მასას ფრონტის გასწვრივ, რომელსაც ჰქვია „ტროპიკთაშორისი კონვერგენციის ზონა“. წვიმების სეზონის მსვლელობისას, მან შეიძლება მიაღწიოს კანემის რეგიონს. მშრალი სეზონის შუა პერიოდში, ტროპიკთაშორისი კონვერგენციის ზონა ინაცვლებს ჩადის სამხრეთისკენ, რომელიც წვიმასაც თან იყოლებს. ამინდის ეს სისტემა ხელს უწყობს კლიმატის და მცენარეულობის სამი ძირითადი რეგიონის ჩამოყალიბებას.
საჰარის რეგიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჰარის რეგიონი მოიცავს ქვეყნის ჩრდილოეთ ნახევარს, რომელშიც შედის ტიბესტის, ბორკუს, აღმოსავლეთი ენედის, დასავლეთი ენედის, უადი-ფირის რეგიონები და კანემის, ბაჰრ-ელ-გაზელის, ბათის რეგიონების ჩრდილოეთი ნაწილი. ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი მთელი წლის განმავლობაში იღებს მხოლოდ ნალექების მცირე რაოდენობას; მაგალითად ქალაქ ფაია-ლარჟოში, ნალექების ყოველწლიური რაოდენობა არ აღემატება 30 მმ-ს. გაფანტულ მცირე ოაზისებში იშვიათი ჭები წყლით კვებავენ რამდენიმე ფინიკის პალმას ან ფეტვის მცირე ნაკვეთებს და ბაღჩეულ კულტურებს.
ჩრდილოეთის დიდ ნაწილში დღის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა აღწევს 32 °С-მდე და წელიწადში ყველაზე ცივი თვე იანვარია, ხოლო ყველაზე ცხელ თვეს მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 45 °С-ს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ძლიერი ქარის შემთხვევაში წარმოიშვება ძლიერი ქვიშის ქარიშხალი. უადი-ფერის რეგიონის ჩრდილოეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთავარ როლს ასრულებს მეცხოველეობა. აქ ამინდი მშრალია წელიწადში ცხრა თვის განმავლობაში, ნალექების რაოდენობა შეადგენს 350 მმ-ს და ცოტა მეტს, ძირითადად ივლისში და აგვისტოში.
უდაბნოს მწვანე საფარი ამ მოკლე ნოტიო სეზონის — გაზაფხულის განმავლობაში, იზიდავს ირმების მომშენებლებს მთელი რეგიონიდან, რომლებსაც აქ ასევე მოჰყავთ საკუთარი შინაური ცხოველები და აქლემები, რადგანაც ჭაბურღილებიდან და წყაროებიდან მთელი წლის განმავლობაში მოედინება წყალი. მწყემსები აქედან მიდიან წვიმების შეწყვეტის შემდეგ, რის შემდეგაც მიწა რჩებათ ანტილოპებს, გაზელებს და აფრიკულ სირაქლემებს, რომლებსაც შეუძლიათ ცხოვრება მცირე გრუნტიანი წყლების არსებობის შემთხვევაშიც. შუა ჩადის ჩრდილოეთში 3500 საათზე მეტი მზიანი ამინდია წელიწადში, სამხრეთში ცოტათი ნაკლებია.
საჰელის რეგიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჰელის ნახევრადუდაბნოს ზონა, ქმნის დაახლოებით 500 კმ-იანი სიგანის ზოლს, რომელიც ჩადის ტბის და შარი-ბაგირმის რეგიონიდან გერის რეგიონის გავლით გადის აღმოსავლეთისკენ, ხოლო აქედან სალამატის რეგიონის გავლით სუდანის სახელმწიფო საზღვრისკენ. კლიმატი ამ გარდამავალ ზონაში, რომელიც მოიცავს ტერიტორიას უდაბნოსა და სუდანის სამხრეთ ზონას შორის, დაყოფილია წვიმების სეზონად (ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით) და მშრალ პერიოდად (ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით).
საჰელის ჩრდილოეთ ნაწილში, ეკლიან ბუჩქებში და აკაციებში იზრდება ველური ფინიკის პალმები, ხოლო ოაზისებში მოჰყავთ მარცვლეული და ბაღჩეული კულტურები. ამ დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ წვიმიანი სეზონის დროს მწყემსები აძოვებენ საკუთარ შინაურ საქონელს, ხოლო მშრალი სეზონის დადგომის დროს, წყლის ნაკლებობის გამო, მწყემსების მიერ ხდება შინაური საქონლის სამხრეთისკენ გადაადგილება. საჰელის ცენტრალური ზონა ხასიათდება გვალვაგამძლე ბალახით და მომცრო ტყეებით. ნალექები უფრო ხშირია, ვიდრე საჰარის სამხრეთით არსებულ რეგიონში. მაგალითად, ნჯამენაში ნალექების წლის საშუალო მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 580 მმ-ს, მაშინ როდესაც უადაის რეგიონში იგი უფრო ნაკლებია.
ცხელი სეზონის დროს, აპრილში და მაისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ხშირად ადის 40 °С-ზე მაღლა. საჰელის სამხრეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა საკმაოა ურწყავ მიწებზე მარცვლეული კულტურების, ასევე ფეტვის და სორგოს მოსაყვანად. ჩადის ტბიდან აღმოსავლეთით მდებარე ჭაობებში, აგრეთვე ჭაობებთან და ჭაბურღილებთან სიახლოვეს, ასევე გვხვდება სოფლის მეურნეობის ელემენტები. რეგიონში ბევრი ფერმერი ნატურალურ სოფლის მეურნეობას კარგად უხამებს მსხვილი რქოსანი საქონლის, ცხვრის, თხის და ფრინველის მოვლასაც.
სუდანის რეგიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოტიო სუდანური ზონა მოიცავს აღმოსავლეთი მაიო-კების, დასავლეთი მაიო-კების, ტანჯილეს, დასავლეთი ლოგონის, აღმოსავლეთი ლოგონის, მანდულის, შუა შარის რეგიონებს და სალამატის რეგიონის სამხრეთს. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში წვიმების სეზონის დროს მოდის 750 მმ-დან 1250 მმ-მდე ნალექების რაოდენობა. მთელი წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მაღალია. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქ მუნდუში, რომელიც მდებარეობს ჩადის სამხრეთ-დასავლეთში, ჰაერის დღის განმავლობაში არსებული ტემპერატურა ყველაზე ცივ თვეში — იანვარში შეადგენს 27 °С-ს, ხოლო ყველაზე ცხელ თვეებში — მარტში, აპრილში და მაისში შეადგენს დაახლოებით 40 °С-ს.
სუდანის რეგიონი პირველ რიგში მდებარეობს აღმოსავლეთ სუდანის სავანებში, ანუ დაბლობებზე, რომელიც დაფარულია ტროპიკული და სუბტროპიკული ბალახების და ტყეების ნარევით. წვიმების სეზონში ბუნება აქტიური და ცოცხალია, მაგრამ მშრალი სეზონის ხუთი თვის განმავლობაში — ნოემბრიდან მარტის ჩათვლით უფერული და მიძინებულია. მაგრამ რეგიონის დიდ ნაწილზე ბუნებრივმა მცენარეულობამ ადგილი დაუთმო სოფლის მეურნეობას.
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის ფლორა და ფაუნა შეესაბამება ქვეყნის სამ კლიმატურ ზონას. საჰარის უდაბნოდან სამხრეთით მდებარე რეგიონის ოაზისებში იზრდება მხოლოდ ფინიკის პალმა. პალმები და აკაციები იზრდებიან საჰელის რეგიონში. სუდანის სამხრეთის რეგიონი შედგება საძოვრებად გამოსადეგ, ფართე სტეპებისაგან. 2002 წლის მდგომარეობით მთელ ქვეყანაში არსებობდა ძუძუმწოვრების მინიმუმ 134 სახეობა, ფრინველების 509 სახეობა (354 ადგილობრივი და 155 გადამფრენი) და 1600-ზე მეტი მცენარეების სახეობა.[17][18]
ჩადში ბინადრობენ სპილოები, ლომები, აფრიკული კამეჩები, ბეჰემოთები, მარტორქები, ჟირაფები, ანტილოპები, ჯიქები, ავაზები, აფთრები და გველების ბევრი სახეობები, თუმცა დიდი მტაცებლების უმრავლესობა მკვეთრად შემცირდა XX საუკუნის დასაწყისიდან.[17][19] სპილოებზე ბრაკონიერობის შემთხვევები, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში, ისეთ რაიონებში, როგორიცაა ზაკუმას ეროვნული პარკი, წარმოადგენენ სერიოზულ პრობლემას. ენედის პლატოზე გადარჩენილი დასავლეთაფრიკული ნიანგების მცირე ჯგუფი წარმოადგენს საჰარის უდაბნოში დღეისათვის ცნობილ ერთ-ერთ ბოლო კოლონიას.[20]
ტყეების ვრცელმა გაჩეხვამ მოიტანა ისეთი ხეების მკვეთრი შემცირება, როგორებიცაა აკაცია, ბაობაბი, ფინიკის პალმა და პალმა. მან ასევე გამოიწვია ველური ცხოველების ბინადრობის ბუნებრივი პირობების განადგურება; ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია გარეულ ცხოველებზე ნადირობა დასახლებული პუნქტების გაზრდის ხარჯზე. ისეთი ცხოველები, როგორებიცაა ლომები, ჯიქები და მარტორქები თითქმის მთლიანად განადგურებულია.[21]
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ფერმერებს, მენახირეებსა და მეცხვარეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით გატარდა ძალისხმევები ჩადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ზაკუმას ეროვნული პარკის, სინიაკა-მინიის ფაუნის რეზერვატის და აუკ-აუკალეს ფაუნის რეზერვატის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის სფეროში.[22] 1,2 მილიონზე მეტი დარგული ხის შენარჩუნების ეროვნული ძალისხმევის ფარგლებში ხდება უდაბნოს წინსვლის შეჩერება, რომელიც ასევე ეხმარება ადგილობრივ ეკონომიკას, რადგანაც აკაციების გამრავლების ფინანსირება ასევე გამოიწვევს გუმიარაბიკის წარმოების გაზრდას, ხოლო ხილის ხეების გამრავლების ფინანსირება ხილის წარმოების გაზრდას.[21]
ბრაკონიერობა სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში, კერძოდ სპილოების დახოცვა შემოსავლიანი სპილოს ძვლის წარმოებისათვის თვით ეროვნული პარკებში. მონადირეები სპილოებს ხშირად კლავენ ტაბუნებად ეროვნული პარკებში და მათ შემოგარენში ორგანიზებული ბრაკონიერობის სახით.[23] პრობლემა გართულებულია იმით, რომ ეროვნულ პარკებს არ ყოფნის პერსონალი და ზოგიერთ ინსპექტორს კლავენ თვითონ ბრაკონიერები.[24]
სახელმწიფო წყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფოს მეთაურია — პრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიცაა. კონსტიტუციის შესწორებებიდან გამომდინარე, რომელიც მიღებულია 2005 წლის 6 ივნისის რეფერენდუმზე, პრეზიდენტი ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით და მისი ხელახალი არჩევა შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით. პრეზიდენტს აქვს უფლება დანიშნოს ჩადის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი, იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსამართლეების, გენერლების და რეგიონალური მმართველების დანიშვნაზე.[25] ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტია — გენერალ-ლეიტენანტი იდრის დები, 1990 წლის დეკემბრიდან.
საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ჩადის პარლამენტს, რომელიც 2005 წლის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ერთპალატიანია და ეწოდება ეროვნული კრება და შედგება 188 დეპუტატისაგან, რომლებიც ირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. ეროვნული კრება ატარებს რეგულარულ სესიებს წელიწადში ორჯერ, რომლებიც იწყება მარტში და ოქტომბერში, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თხოვნით შეიძლება გაიმართოს სპეციალური სესიებიც. ეროვნული კრების უკანასკნელი არჩევნები ჩატარდა 2011 წლის 13-20 თებერვალს. შემდეგი არჩევნები რამდენიმეჯერ გადაიდო და ჯერაც არ ჩატარებულა.
ჩადის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ხასიათდება შეიარაღებული დაპირისპირებით აფრიკელ ხალხსა და არაბებს შორის და თვითონ ჯგუფებში ურთიერთშორისი შეჯახებებით სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მოტივებით. ქვეყანაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედებს რამდენიმე ანტისამთავრობო დაჯგუფება, რომლებიც პერიოდულად დებენ და არღვევენ სამშვიდობო შეთანხმებებს ხელისუფლებასთან; მყარი მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის ოპოზიციის მნიშვნელოვანი გადახრა ფრაქციონალიზმისკენ. მსხვილი ოპოზიციური მოძრაობების ჩამონათვალიდან „ძალების გაერთიანება დემოკრატიისათვის და განვითარებისათვის“, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან ითვლება ყველაზე მსხვილ და ძლიერ ოპოზიციურ ძალად, წარმოადგენს ჰისენ ჰაბრეს მხარდამჭერებს, „შეიარაღებული ძალები ფედერალური რესპუბლიკისთვის“ პრეტენზიას აცხადებს დაიცვას სამხრეთელთა ინტერესები, „ჩადის მოძრაობა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის“ აცხადებს თავის სურვილზე მიაღწიოს დიდ წარმომადგენლობას სახელმწიფო აპარატში ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისთვის. ჩადის აღმოსავლეთში მდგომარეობას აფუჭებს შეიარაღებული კონფლიქტი სუდანის დასავლეთის რეგიონ დარფურში, რის შედეგადაც ჩადში საცხოვრებლად გამოიქცა 200 ათასამდე დარფურელი დევნილი; ამას გარდა, ჩადის ტერიტორიას დარფურელი დევნილები იყენებენ, როგორც საკუთარი ზურგის ბაზას. ამავე დროს დარფურში ხშირად იმალებიან ჩადელი ამბოხებულები.
შეიარაღებული ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის შეიარაღებული ძალები (ფრანგ. Forces armées du Tchad) — ჩადის რესპუბლიკის სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა, პოლიტიკური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი იარაღი. შედგება სახმელეთო ჯარებისგან, ჟანდარმერიისგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან.
ჩადის შეიარაღებული ძალები კომპლექტირდება გაწვევის და ნებაყოფლობით საფუძველზე. გაწვევა ხორციელდება 20 წელს მიღწეული მამაკაცებისათვის. გაწვევის საფუძველზე მიმდინარე სამსახური შეადგენს 3 წელს. 18 წლის ასაკიდან დაშვებულია ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური; ნებაყოფლობითი მოსამსახურეებისთვის არ არსებობს ასაკის მინიმალური შეზღუდვა (მშობლების ან მეურვეების თანხმობით). 21 წელს მიღწეულ ქალებს ეძლევათ არჩევანი: ან 1 წელი სამხედრო სამსახური, ან სახელმწიფო სამოქალაქო სამსახური შესაბამისი ვადით (2004 წელი).
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადი დღეისათვის დაყოფილია 23 რეგიონად (არაბ. منطقة /ˈmintˤaqa/; მრავლობითში არაბ. مناطق manāṭiq /maˈnaːtˤiq/).
- 1962 წლიდან 1999 წლის ჩათვლით ჩადი დაყოფილი იყო 14 პრეფექტურად.
- 1999 წელს 14 პრეფექტურა შეიცვალა 28 დეპარტამენტით.
- 2002 წელს 28 დეპარტამენტი შეიცვალა 18 რეგიონით.
- 2008 წელს რეგიონების რიცხვი გაიზარდა 22-მდე, 1999—2002 წლებში არსებული დეპარტამენტების ადგილზე 4 ახალი რეგიონის შექმნის გზით.[26].
- 2012 წელს შეიქმნა კიდევ ერთი ახალი რეგიონი
თითოეულ რეგიონს ხელმძღვანელობს ჩადის პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორი. რეგიონები შედგება 61 დეპარტამენტისგან.[27] დეპარტამენტები დაყოფილია 200 სუბ-პრეფექტურებად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 446 კანტონად.[28][29], დედაქალაქ ნჯამენას გარდა, რომელიც იყოფა 10 რაიონად (arrondissements).
№ | რეგიონი (ქართ.) |
რეგიონი (ფრანგ.) |
ადმინ. ცენტრი (ქართ.) |
ადმინ. ცენტრი (ფრანგ.) |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2009) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ბათა | Batha | ატი | Ati | 88 000 | 527 031 | 5,99 |
2 | შარი-ბაგირმი | Chari-Baguirmi | მასენია | Massenya | 46 000 | 621 785 | 13,52 |
3 | ჰაჯერ-ლამისი | Hadjer-Lamis | მასაკორი | Massakory | 29 000 | 562 957 | 19,41 |
4 | უადი-ფირა | Wadi Fira | ბილტინი | Biltine | 51 000 | 494 933 | 9,70 |
5 | ბაჰრ-ელ-გაზელი | Barh El Gazel | მუსორო | Moussoro | 53 000 | 260 865 | 4,92 |
6 | ბორკუ | Borkou | ფაია-ლარჟო | Faya-Largeau | 241 000 | 97 251 | 0,40 |
7 | აღმოსავლეთი ენედი | Ennedi Est | ამ-ჯარასი | Am-Djarass | 113 862 | ||
8 | დასავლეთი ენედი | Ennedi Ouest | ფადა | Fada | 59 744 | ||
9 | გერა | Guéra | მონგო | Mongo | 62 000 | 553 795 | 8,93 |
10 | კანემი | Kanem | მაო | Mao | 75 000 | 354 603 | 4,73 |
11 | ლაკი | Lac | ბოლი | Bol | 23 000 | 451 369 | 19,62 |
12 | დასავლეთი ლოგონი | Logone Occidental | მუნდუ | Moundou | 9000 | 683 293 | 75,92 |
13 | აღმოსავლეთი ლოგონი | Logone Oriental | დობა | Doba | 24 000 | 796 453 | 33,19 |
14 | მანდული | Mandoul | კუმრა | Koumra | 17 000 | 637 086 | 37,48 |
15 | აღმოსავლეთი მაიო-კები | Mayo-Kebbi Est | ბონგორი | Bongor | 19 000 | 769 198 | 40,48 |
16 | დასავლეთი მაიო-კები | Mayo-Kebbi Ouest | პალა | Pala | 14 000 | 569 087 | 40,65 |
17 | შუა შარი | Moyen-Chari | სარჰი | Sarh | 41 000 | 598 284 | 14,59 |
18 | უადაი | Ouaddaï | აბეშე | Abéché | 30 000 | 731 679 | 24,39 |
19 | სალამატი | Salamat | ამ-ტიმანი | Am Timan | 66 000 | 308 605 | 4,68 |
20 | სილა (დარ-სილა) | Sila | გოზ-ბეიდა | Goz Beïda | 37 000 | 289 776 | 7,83 |
21 | ტანჯილე | Tandjilé | ლაი | Laï | 17 000 | 682 817 | 40,17 |
22 | ტიბესტი | Tibesti | ბარდაი | Bardaï | 130 000 | 21 970 | 0,17 |
23 | ნჯამენა | Ville de Ndjamena | ნჯამენა | Ndjamena | 1000 | 993 492 | 993,49 |
სულ | 1 284 000 | 11 175 915 | 8,70 |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა — 11 039 873 ადამიანი (2009 წელი)[30][31][32][33].
- წლიური ზრდა — 2,009 % (2011 წელი).
- ქალაქის მოსახლეობა — 2 399 965 ადამიანი 21,9 % (2009 წელი).[30]
- სოფლის მოსახლეობა — 8 541 717 ადამიანი 78,1 % (2009 წელი).[30]
- შობადობა — 36,6 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 4,55 დაბადებული ერთ ქალზე) (2015 წელი).
- სიკვდილიანობა — 14,28 % (2015 წელი).
- ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 88,69 % (2015 წელი).
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 48,33 წელი
- მამაკაცები — 47,28 წელი
- ქალები — 49,43 წელი (2011).
- საშუალი ასაკი — 16,8 წელი
- მამაკაცები — 15,6 წელი
- ქალები — 17,9 წელი (2011 წელი).
- ასაკობრივი ჯგუფები:
- 0-14 წელი: 45,4 %
- 15-64 წელი: 51,7 %
- 65 წელზე უფროსები: 2,9 % (2010 წელი).
- განათლება — 47,5 % (56,0 % მამაკაცებში, 39,3 % ქალებში (2003 წლის შეფასება)).
- შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 4,8 % (2003 წელი).
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]11 მილიონიანი ჩადის მოსახლეობა შედგება დაახლოებით 200 ეთნიკური ჯგუფისაგან, რომლებიც ლაპარაკობენ ბევრ ენებზე.[34] ქვეყნის სამხრეთი ნაწილი ისტორიულად მდებარეობდა საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე საქარავნო გზების გზაჯვარედინზე და ჩამოყალიბდა, როგორც დამაკავშირებელი რგოლი დასავლეთ აფრიკასა და არაბულ რეგიონს შორის, ასევე ჩრდილოეთ აფრიკასა და სუბსაჰარულ აფრიკას შორის.[34] მონათვაჭრობა სუბსაჰარულ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს შორის მიმდინარეობდა ჩადისა და დასავლეთ სუდანის ღია ბაზრებზე, იგი ასევე წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ჩადის ისტორიულ ეკონომიკაში,[35] რის გამოც ჩადში აღმოჩნდა ბევრი სხვადასხვა ეთნოსის ხალხი.[36] ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით 2009 წლის შეფასებით ჩადში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებია:[37]
- სარა – 25,9 %
- არაბები – 12,6 %
- კანემბუ – 8,3 %
- უადაი – 7
- გორანე – 6,8 %
- მუსგუმი – 4,7 %
- ბულალა – 3,6 %
- ბიდიო – 3,6 %
- მარბა – 2,9 %.
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადში ორი ოფიციალური ენაა – ფრანგული და სტანდარტული არაბული. არაბული ენის ჩადური დიალექტი ქვეყანაში წარმოადგენს ლინგვა ფრანკას. ამ ორი ოფიციალური ენიდან ჩადში ყველაზე უფრო გავრცელებული ფრანგული ენაა, თუმცა არაბული ენის ჩადური დიალექტი უფრო მეტად ზრდადია, ვიდრე ფრანგული და სტანდარტული არაბული ენა. მათ გარდა ქვეყნის მოსახლეობა ლაპარაკობს 130-ზე მეტ ადგილობრივ ენაზე, რომელთა შორის ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია:[38]
- 1 არაბული ენის ჩადური დიალექტი — 10,3 % (აფრაზიული ენები)
- 2 სარა — 10,3 % (ნილო-საჰარული ენები)
- 3 კანემბუ — 5,3 % (ნილო-საჰარული ენები)
- 4 დაზა — 3,8 % (ნილო-საჰარული ენები)
- 5 მაბა — 3,4 % (ნილო-საჰარული ენები)
- 6 ნაბა — 3,2 % (ნილო-საჰარული ენები)
- 7 მუსეი — 2,4 % (აფრაზიული ენები)
- 8 მუნდანგი — 2,2 % (ნიგერ-კონგოს ენები)
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის აღწერის მონაცემებით ჩადის მოსახლეობის უმრავლესობა — მუსლიმია (58,4 %[30]). ქვეყანაში ჭარბობს სუნიტური მიმდევრობის მალიქის და შაფი'ის მაზჰაბების ისლამი. ქვეყნის ჩრდილოეთში გავრცელებულია კადირიის ტარიკატის გავლენა, სამხრეთში — ტიჯანიის, ქვეყნის ზოგ რეგიონებში არსებობს სანუსიის ტარიკატი.
ამავე წლის აღწერით ქრისტიანები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 34,6 %-ს[30] (1970 წელს — 23 %[39]). ყველაზე უფრო დიდ ქრისტიანულ კონფესიას წარმოადგენენ კათოლიკები (2,5 მილიონი[40]), ევანგელური ქრისტიანები ჩადის ევანგელური ეკლესიიდან (437 ათასი), პლიმუტელი ძმები (300 ათასი) და ორმოცდაათიანელები (187 ათასი).
ადგილობრივი ტრადიციული სარწმუნოების მიმდევრების რაოდენობა განუხრელად მცირდება. ჩადში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ბაჰაიზმის სარწმუნოების მიმდევრებმა (98 ათასი[39]).
წელი | მუსლიმები | კათოლიკები | პროტესტანტები | აფრიკული ტრადიციული რელიგიების მიმდევრები | ათეისტები | სხვა რელიგიები |
---|---|---|---|---|---|---|
1993 წლის აღწერა | 53,1 % | 20,1 % | 14,2 % | 7,3 % | 3,1 % | 2,2 % |
2009 წლის აღწერა[30] | 58,4 % | 18,5 % | 16,1 % | 4,0 % | 2,4 % | 0,5 % |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დიდ გაჭირვებას განიცდის პოლიტიკური არასტაბილურობის, გვალვის, გეოგრაფიული დაშორების და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. მოსახლეობის დაახლოებით 85 % დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, მათ შორის შინაურ ცხოველებზე. ფინანსური დახმარება მსოფლიო ბანკიდან, აფრიკის განვითარების ბანკიდან და სხვა წყაროებიდან ძირითადად მიმართულია სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით მეცხოველეობის განვითარებაზე. დაფინანსების არარსებობის გამო, ნავთობსაბადოების დამუშავება დობასთან სიახლოვეს თავდაპირველად უნდა დამთავრებულიყო 2000 წელს, მაგრამ გადაიდო2003 წლამდე. საბოლოოდ მისი დამუშავება დაიწყო კომპანია „Exxon Mobil“-მა.
ნავთობის წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლის ბოლოს დობის ნავთობმა ჩადში სტიმული მისცა მნიშვნელოვან ინვესტიციებს. 2000−2006 წლების პერიოდში ნავთობის მოპოვება გაორმაგდა. ჩადის ნავთობი თავისი თვისებებით თითქმის არაბულის იდენტურია. ჩადის ნავთობის ძირითადი მომხმარებელია — აშშ. თავდაპირველად ძირითადი ნავთობმომპოვებელი კომპანიები იყვნენ „შევრონი“ და „ექსონ-მობილი“. 2006 წლის აგვისტოში ჩადის ხელისუფლებამ „შევრონის“ და „პეტრონასის“ კომპანიებს თავის ტერიტორიაზე აუკრძალა ნავთობის მოპოვება საგადასახადო კანონმდებლობის შეუსრულებლობის მიზეზით.
ჩადი-კამერუნის მილსადენის მშენებლობის დამთავრებიდან ბოლო 9 თვეში ჩადში არსებულ ნავთობსაბადოებზე მოპოვებული იქნა დაახლოებით 5 მილიონი ტონა ნავთობი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ცნობით დღე-ღამეში მოიპოვება 1492 ბარელი ნავთობი.
ნავთობი მილსადენებით გადააქვთ კამერუნის კრიბის პორტში. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ მონაცემებით, შეთანხმება, რომლითაც აშენდა 4,2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ნავთობსადენი ჩადი-კამერუნი, ანელებს ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების სურვილს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები. ნავთობსადენი აშენდა მსოფლიო ბანკის დახმარებით[41]. ნავთობის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლების 10 % უნდა შევიდეს ჩადის მომავალი თაობის განვითარების ფონდში. მაგრამ ეს 2006 წლის მდგომარეობით არ განხორციელებულა, რის შედეგადაც მსოფლიო ბანკმა 2006 წლის იანვარში შემოიღო სანქციები ამ აფრიკული სახელმწიფოს ხელისუფლების წინააღმდეგ. 2008 წელს ექსპერტების აზრით, ჩადი-კამერუნის ნავთობსადენის პროექტმა განიცადა სრული კრახი მისიის შესრულებისა და მსოფლიო ბანკის პოლიტიკის სფეროში. ამავე წელს მსოფლიო ბანკმა უარი თქვა ნავთობსადენის დახმარებაზე.
დღეისათვის ნავთობს ასევე მოიპოვებს ჩინეთის ეროვნული ნავთობაირის კორპორაცია. ის გეგმავს ნავთობის ტრანსპორტირებას სუდანის გავლით. 2011 წლის 29 ივნისს ქვეყნის დედაქალაქ ნჯამენაში მუშაობა დაიწყო ჩინეთის ეროვნული ნავთობაირის კორპორაციის მიერ აშენებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. 2011 წლის 10 ივლისს ქარხანამ გამოუშვა დიზელის საწვავის პირველი პარტია.
სამთომომპოვებელი მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთადერთი ჩადში მოპოვებული მინერალი, არის ნატრიუმის კარბონატი, ანუ სოდა, რომელსაც ასევე უწოდებენ სალ სოდას ანუ სარეცხ სოდას. ნატრონი ჯანდაცვის მიზნით გამოიყენება მარილის სახით, კონსერვანტის სახით ტყავისთვის, ხოლო როგორც ინგრედიენტი საპნის ტრადიციულ წარმოებაში; მენახირეები მას აჭმევენ საკუთარ ცხოველებს. ნატრონის საბადოები არსებობენ ჩადის ტბის ნაპირებზე და კანემის რეგიონის უადებში.
ნატრონი ბუნებაში გვხვდება ორი სახით: თეთრი და შავი. კომერციული თვალსაზრისით უფრო მეტად ფასიანი შავი ნატრონის მყარი ბლოკები ექსპორტზე გადის ნიგერიაში. თეთრი ნატრონი იყიდება ადგილობრივ ბაზრებზე, პირველ რიგში ნჯამენაში და ქვეყნის სამხრეთში. მიუხედავად იმისა, რომ 1960-იანი წლების ბოლოს ბევრი სამუშაო ჩატარდა ნატრონის კომერციული მართვისათვის ნახევრადსახელმწიფო ორგანიზაციების შექმნის გზით, 1970 წლისთვის ამ სამუშაოებმა ვერანაირი წარმატებები ვერ მოიტანა ტრადიციული ბელადებისა და ვაჭრების წინააღმდეგობის გამო, რომლებიც აკონტროლებდნენ ამ წარმოებას.
ქვეყანაში ცნობილია სხვა სასარგებლო წიაღისეულიც, მაგრამ არც ერთი მათგანის კომერციული ექსპლუატაცია არ მიმდინარეობდა 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე. ბოქსიტები იმყოფება სუდანის რეგიონში, ხოლო ოქროს და კვარცის საბადოები იმყოფება უადი-ფირის რეგიონში. ურანის საბადოები არსებობს აუზუს ზოლში, კალის და ვოლფრამის საბადოები ტიბესტის მთებში, მაგრამ 1971 წელს ჩატარებული დაზვერვის ცნობით ურანის, კალის და ვოლფრამის საბადოები დიდ და მდიდარ მარაგს არ შეიცავს. ქვეყანაში 1987 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის კონფლიქტები ხელს უშლის სასარგებლო წიაღისეულის შემდგომ კვლევებს.
ენერგეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანაში ყველა ელექტროსადგური მუშაობს სითბურ ენერგიაზე. ნჯამენაში ორი თბოელექტროსადგური გამოიმუშავებს ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის დიდ ნაწილს. 2002 წლის მდგომარეობით, ჩადში ოჯახების მხოლოდ დაახლოებით 2 %-ს აქვს შესაძლებლობა ელექტროენერგიის მიღებისა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს შეშით და საწვავით. ელექტროენერგიის წარმოება 1968 წელს არსებული 31 გიგავატიდან 2000 წლისთვის გაიზარდა 92 გიგავატამდე, ხოლო 2002 წელს 101 გიგავატამდე. ეს ყველა შედეგი მიღწეული იქნა სითბური ენერგიის ხარჯზე. 2002 წელს ჩადში ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 94 გიგავატი. დადგენილმა სიმძლავრეებმა 2002 წელს შეადგინა 29 მეგავატი.
ხის დამამუშავებელი წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც აფრიკული საჰელის სახელმწიფოების უმრავლესობა, ჩადმა განიცადა გაუდაბნოება და უდაბნოს ხელყოფა. ტრადიციულმა სამწყემსაო პრაქტიკამ, შეშის მოპოვების აუცილებლობამ და მშენებლობისთვის მერქნის გამოყენებამ კიდევ უფრო გაამძაფრა პრობლემა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ქვეყანა ფლობდა 135 000 კმ²-დან 160 000 კმ²-მდე ტყეს და ტყის მასივებს, რაც წარმოადგენს კლებას თითქმის 14 %-ით 1960-იანი წლების დასაწყისიდან. ამ კლებაში რა წილი მიუძღვის კლიმატის ცვლილებას და რა წილი ტყის გაჩეხვას და მწყემსვას დღეისათვის უცნობია. რეგულაცია გაძნელებული იყო, რადგანაც ადამიანთა ნაწილის ცხოვრებისეული შემოსავალი შეადგენდა ხე-ტყის და შეშის გაყიდვას გასათბობად და მერქნის გაყიდვას ქალაქებში მშენებლობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მაინც ცდილობდა შეეზღუდა დედაქალაქში შემოტანილი მერქნის და ხე-ტყის რაოდენობა, მოსახლეობის მთლიანი შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა და ტყეების გაჩეხვა მაინც დიდ პრობლენას წარმოადგენს.
თევზჭერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის ტბას, მისი ორი დიდი მდინარით და ბევრი ჩამავალი წყლებით, 1970-იან წლებში აფრიკის შიდა მტკნარი წყლის თევზების მწარმოებლებს შორის ეკავა მაღალი რეიტინგი. გვალვებისა და ზოგიერთი დიდი მდინარის წყლის დონის კლების გამო თევზჭერა შემცირდა 1980-იან წლებში. ტრადიციულად თევზი ცილების მთავარი წყაროა ადამიანებისათვის, რომლებიც ტბისა და მდინარეების სიახლოვეს ცხოვრობდნენ და მეთევზეობა იყო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო.
1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში თევზის წარმოების საერთო რაოდენობამ შეადგინა 60 000 ტონიდან 120 000 ტონამდე წელიწადში. მაგრამ ეს ციფრები ასახავს თევზის წარმოებას მდინარე ლოგონზე და ჩადის ტბაზე, რომლებიც საერთოა კამერუნისთვის, ნიგერისთვის და ნიგერიისთვის, ჩადის მიერ წარმოებული თევზის პროდუქცია შეადგენს საერთო მოცულობის დაახლოებით 70 %-ს. რეწვის დიდი ნაწილი – სავარაუდოდ ორი მესამედი – გამოიყენებოდა ქვეყნის შიგნით. 1976 წელსა და 1985 წელს შორის, გამომშრალი, დამარილებული ან შებოლილი თევზის წარმოებამ შეადგინა 20 000 ტონა წელიწადში, რაც შეადგენს ჩადის საერთო წლიური რეწვის 20 %-დან 25 %-მდე რაოდენობას. შენახული თევზით ვაჭრობის დიდი წილი მოდიოდა კამერუნის და ნიგერიის ბაზრებზე.
1980-იანი წლების შუა პერიოდამდე, ჩადის ხელისუფლებამ მიიღო თევზჭერის კონტროლირების, მოდერნიზების და თევზის კონსერვირების გარკვეული ზომები, თუმცა ზოგიერთი ნაბიჯები მანამდეც – 1960-იან და 1970-იან წლებშიც გადაიდგა. ჩადის მეთევზეების მიერ გამოყენებული ყველაზე უფრო მთავარი სიახლე მათ მიერ ნეილონის ბადის გამოყენება იყო, რომელიც მათ 1960-იანი წლებიდან დაიწყეს. კონფლიქტების პერიოდში ხელისუფლების მიერ თევზჭერის არანაირი კონტროლი არ განხორციელებულა.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩადში საკმაოდ ცუდადაა განვითარებული, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. სამდინარე ტრანსპორტი არსებობს მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთში. 2016 წელს ჩადში არ არსებობდა სარკინიგზე ტრანსპორტი, თუმცა იგეგმება ორი ხაზის მშენებლობა – დედაქალაქ ნჯამენიდან სუდანის და კამერუნის სახელმწიფო საზღვრებამდე.
ავტოგზები ძირითადად გრუნტიანია და წვიმიანი სეზონების დროს მისი დიდი ნაწილი გაუვალია, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნახევარში. ჩრდილოეთით ავტოგზები კვეთავენ უდაბნოებს და ბევრ ადგილას ჯერაც დანაღმულია, რაც დღესაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. გამწევი ძალა (ცხენები, ვირები და აქლემები) ქვეყნის დიდ ნაწილში ჯერ კიდევ საკმაოდ დიდ როლს ასრულებს.
საწვავის მიწოდება ხშირად არარეგულარულად მიმდინარეობს, თვით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთშიც კი, ხოლო მისი ღირებულება ძვირი არ არის. ქვეყნის სხვა ადგილებში ის პრაქტიკულად არ ხდება.
საერთო ჯამში ჩადში 33 400 კმ სიგრძის ავტოგზაა, რომლის დაახლოებით 500 კმ მყარი საფარითაა. დედაქალაქ ნჯამენაში ზოგიერთი ავტოგზა, მაგრამ არა ყველა, ასფალტირებულია. ნჯამენის გარდა არსებობს ერთი ასფალტირებული ავტოგზა, რომელიც ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მასაკორიდან ნჯამენის გავლით მიემართება სამხრეთისაკენ და ქალაქების – გელენგდანგეს, ბონგორის, კელოს და მონდუს გავლით შედის კამერუნის ქალაქ კუსერიში, რომელიც ნჯამენის მახლობლად მდებარეობს.
მდინარეების უმრავლესობა სანაოსნოა, მაგრამ დროგამოშვებით. მდინარე შარი, ნჯამენასა და ჩადის ტბას შორის, სანაოსნოა მთელი წლის განმავლობაში. სექტემბერში და ოქტომბერში მდინარე ლოგონი სანაოსნოა ნჯამენასა და მონდუს შორის, და მდინარე შარი ნჯამენასა და ქალაქ სარჰს შორის. სანაოსნოდ ვარგისი მდინარეების საერთო სიგრძეა 4800 კმ, რომელთაგან 2000 კმ სანაოსნოა მთელი წლის განმავლობაში.
მდინარეები შარი და ლოგონი სანაოსნოა მხოლოდ წვიმების სეზონის დროს (2002 წელი). ორივე მდინარე ჩადის სამხრეთიდან მიედინება ჩრდილოეთისკენ, ჩადის ტბისკენ.
2003 წლიდან 1070 კმ მილსადენი გამოიყენება ნავთობის ექსპორტისათვის დობის ირგვლივ არსებული ნავთობის საბადოებიდან ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ქალაქ კრიბის საზღვაო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.[42]
ჩადი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა და ამიტომ მას საზღვაო პორტები არ გააჩნია.
ზღვისკენ ჩადის ძირითადი მარშრუტებია:
- ნჯამენადან ჩადის სამხრეთ-დასავლეთით:
- ავტოგზით კამერუნის ქალაქ ნგაუნდერესკენ, ხოლო შემდეგ რკინიგზით დუალამდე
- ავტოგზით ნიგერიის ქალაქ მაიდუგურისკენ, ხოლო შემდეგ რკინიგზით პორტ-ჰარკორტიმდე
- ჩადის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით:
ასევე არსებობს ავტოგზა სუდანის გავლით წითელი ზღვისკენ, მაგრამ ნაკლები ვაჭრობის გამო ეს გზა საკმაოდ უმნიშვნელოდ გამოიყენება.
ჩადის ტბის ჩრდილოეთით ნიგერისკენ პრაქტიკულად არ მოქმედებს; გაცილებით უფრო პრაქტიკულია ნიგერის, კამერუნის და ნიგერიის მიმართულება.
2012 წლის მდგომარეობით ჩადში არსებობს დაახლოებით 58 აეროპორტი, რომელთაგან მხოლოდ 9-ის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი არის მყარსაფარიანი.[43] „Air Tchad“ (60 % ეკუთვნის სახელმწიფოს) უზრუნველყოფს შიდა მომსახურებას 12 ადგილამდე, მაგრამ მუდამ განიცდის საწვავისა და მოწყობილობების უკმარისობას. ნჯამენის საერთაშორისო აეროპორტი დაზიანდა საბრძოლო მოქმედებების დროს 1981 წელს, მაგრამ დღეისათვის მას იყენებს რამდენიმე საერთაშორისო გადამზიდავი, „Air Afrique“-ის ჩათვლით, რომელსაც ნაწილობრივ ეკუთვნის ჩადის გადაზიდვები. კიდევ ერთი დიდი აეროპორტი, რომელიც თავდაპირველად აშენდა სამხედრო დანიშნულებით, მდებარეობს ქალაქ სარჰში. 2003 წლის მონაცემებით შიდა და საერთაშორისო რეისებზე ჩადის ავიაკომპანიებმა გადაიყვანეს დაახლოებით 46 000 მგზავრი.
მყარი საფარის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მქონე აეროპორტების სტატისტიკა 2012 წლის მდგომარეობით:[43]
ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე | აეროპორტების რაოდენობა |
---|---|
3047 მეტრზე მეტი | 2 |
2438 მეტრიდან 3047 მეტრამდე | 4 |
1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე | 2 |
914 მეტრიდან 1524 მეტრამდე | 0 |
914 მეტრამდე | 1 |
ჯამი | 9 |
გრუნტიანი საფარის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მქონე აეროპორტების სტატისტიკა 2012 წლის მდგომარეობით:[43]
ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე | აეროპორტების რაოდენობა |
---|---|
2438 მეტრიდან 3047 მეტრამდე | 2 |
1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე | 16 |
914 მეტრიდან 1524 მეტრამდე | 20 |
914 მეტრამდე | 11 |
ჯამი | 49 |
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის მოსახლეობის 80 %-ზე მეტი დაკავებულია სოფლის მეურნეობით და მეცხოველეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ არსებობას.[44] ეკონომიკის ამ სექტორზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარი. ბამბის წარმოების, შაქრის ლერწმის მცირე რაოდენობის წარმოების და არაქისის მოსავლის ნაწილის გამოკლებით, ჩადის სოფლის მეურნეობა შედგება ნატურალური მეურნეობისაგან. შინაური საქონელი და მოყვანილი მოსავალი დამოკიდებულია ადგილობრივ კლიმატზე. სამხრეთის ტერიტორიების მხოლოდ 10 % წარმოადგენს ყველაზე უფრო ნაყოფიერ სახნავ-სათეს მიწებს, სადაც მოდის სორგოს და ფეტვის მდიდარი მოსავალი. საჰელის ზონაში ხარობს მხოლოდ ფეტვის გვალვაგამძლე ჯიშები, მაგრამ მათი მოსავლიანობა საკმაოდ დაბალია, ვიდრე სამხრეთში. სამაგიეროდ საჰელის ზონაში არსებობს იდეალური საძოვრები მსხვილი რქოსანი საქონლისათვის, თხებისათვის, ცხვრებისათვის, ვირებისათვის, ცხენებისათვის და აქლემებისათვის. საჰარის უდაბნოში გაფანტულია ოაზისები, სადაც მოჰყავთ მხოლოდ ზოგიერთი ფინიკის პალმის და პარკოსანი მცენარეების კულტურები.[45]
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურიზმი ჩადში ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდად განვითარებული დარგია ცენტრალური აფრიკის ამ სახელმწიფოში.
ტურისტული მიზნით ჩადის მოსანახულებლად აუცილებელია მოქმედი პასპორტისა და ვიზის თან ქონა, ასევე ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწმობა. 2000 წელს ჩადი მოინახულა 43 000 უცხოელმა ტურისტმა. ქვეყანაში არსებობს 677 სასტუმრო ნომერი, რომელშიც 1250 საწოლია. ტურისტების უმრავლესობას იზიდავს ნადირობა და ზაკუმის ეროვნული პარკი. 2002 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ნჯამენაში ცხოვრების დღიური ღირებულება შეადგენდა 239 ამერიკულ დოლარს. ყოველდღიური ხარჯები პატარა ქალაქებში მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე დედაქალაქში, დღეში დაახლოებით 50 ამერიკული დოლარის დონეზე[46].
საგარეო ვაჭრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ექსპორტი: $4,139 მილიარდი (2015 წელი)[47]
- ექსპორტის დარგები: ნავთობი, შინაური საქონელი, ბამბა, შირბახტი
- ძირითადი მყიდველები: აშშ — 77,6 %, იაპონია — 10,2 % (2014 წელი)
- იმპორტი: $3,331 მილიარდი (2015 წელი)[47]
- იმპორტის დარგები: მანქანები და მოწყობილობები, საკვები პროდუქტები, ტექსტილი
- ძირითადი მომწოდებლები: ალჟირი — 54,6 %, ჩინეთი — 11,2 %, იტალია — 6,2 %, საფრანგეთი — 5,4 % (2014 წელი)
სოციალური სფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის ჯანდაცვის სფეროს მდგომარეობა საკმაოდ ცუდია. გავრცელებულია ინფექციური და პარაზიტული დაავადებები.
სუფთა სასმელი წყლის უკმარისობა (მას მოიხმარს მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 27 %) იწვევს ნაწლავღრუს ინფექციური დაავადებების აფეთქებას. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 48 წელს.
2000 წელს სამედიცინო მომსახურება უტარდებოდა მოსახლეობის 29 %-ს, ჯანდაცვის სფეროს დანახარჯები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 3,1 %-ს. 2003 წელს არსებობდა 200 ათასი შიდსით დაავადებული და აიდ-ინფიცირებული, გარდაიცვალა 18 ათასი ადამიანი. 2003 წელს შიდსით დაავადებულთა ზრდის ტემპი შეადგენდა 4,8 %-ს წელიწადში. ექიმთა კადრები მზადდება უცხოეთში და ნჯამენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
სამკურნალო დაწესებულებები არსებობენ მხოლოდ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ნჯამენა და აბეშე, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ წითელი ჯვრის ორგანიზაციის დაწესებულებებს, სადაც ძირითადად მუშაობენ ფრანგი ექიმები. ნჯამენაში არსებობს მეორე დონის კერძო ჰოსპიტალი (hospital level 2 გაეროს კლასიფიკაციით).
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება ჩადში იმყოფება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში მცირე დაფინანსებისა და გარკვეული თვალსაზრისით მშობლების მიერ საკუთარი შვილების სკოლებში სასწავლებლად გაგზავნის გამო. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სკოლებში სწავლა აუცილებელია, დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ ბიჭების მხოლოდ 68 % აგრძელებს შემდგომ სწავლას. მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაუნათლებელია. ჩადის მოსახლეობას უმაღლესი განათლება შეუძლიათ მიიღონ ნჯამენის უნივერსიტეტში[48][49].
ჩადის კონსტიტუციის 35-ე თავი ითვალისწინებს, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება მიიღონ უფასო განათლება. განათლება სავალდებულოა ბავშვებისათვის დაწყებული 6 წლიდან და გრძელდება 15 წლამდე. მაგრამ ხელისუფლებას არ შეუძლია მთელი მოცულობით დააფინანსოს განათლების სფერო და რეალობაში მშობლები იხდიან ბავშვების სწავლის და მასწავლებლების ხელფასის საფასურს. 2002 წელს ჩადელი ბავშვების 76 % დადიოდა სკოლაში, მაგრამ ეს მონაცემები ემყარება დაწყებით სკოლებში ოფიციალურად დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობას და შესაბამისად, მთლიანად ვერ აღწერს სკოლებში მოსწავლეთა ფაქტობრივ დასწრებას. განათლების შესაძლებლობა გოგონებისათვის შეზღუდულია, პირველ რიგში კულტურული ტრადიციების გამო. უფრო ნაკლები გოგონები დადიან საშუალო სკოლებში, ვიდრე ბიჭები, ძირითადად ადრეული ქორწინებების გამო. 1999 წელს ბავშვების 54,0 % დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდნენ მეხუთე კლასში[50].
1983 წელს ჩადში გაიხსნა 3 ლიცეუმი Lycées techniques industrielles (სარჰში, ნჯამენაში და მუნდუში) და კოლეჯი Collège d’Enseignement Technique სარჰში. 1983 წელს მათში სწავლობდა 1490 სტუდენტი[51].
მოსწავლეები დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტექნიკური და პროფესიონალური მომზადებით, სწავლას განაგრძობენ ორი კურსის განმავლობაში. სტუდენტებს შეუძლიათ დაამთავრონ პირველი დონე (კოლეჯში სამწლიანი პროგრამა, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა 3 ტექნიკური ლიცეუმიდან ერთ-ერთში) ან მათ შეუძლიათ სწავლა განაგრძონ ერთ-ერთ ლიცეუმში და გაიარონ სწავლის მთელი კურსი, რომელიც 6 წელს გრძელდება. სტუდენტებმა, რომლებმაც დაამთავრეს სწავლის 3 წელი, იღებენ სერთიფიკატს, რომელიც ამტკიცებს მათ პროფესიონალურ უნარს. ექვსწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტები იღებენ დიპლომებს[51].
1980-იანი წლების დასაწყისში ლიცეუმებთან ერთად, მთელი რიგი სხვა დაწესებულებები ახორციელებდნენ პროფესიონალურ განათლებას ჩადში. მათ ეკუთვნის École Nationale d’Administration, რომელიც 1963 წელს გაიხსნა ნჯამენაში, საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სკოლები ქალაქ სარჰში; საზოგადოებრივ სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური განათლების სკოლა, ხოლო ვა-ილიში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა. ჩადის სხვა მოქალაქეები სწავლობდნენ უცხოეთის ტექნიკურ სასწავლო ცენტრებში[51].
1980-იანი წლების ბოლოს წამყვანი სამედიცინო განათლება ჩადში ჯერ შემოსული არ იყო. ქვეყნის ერთადერთ სამედიცინო სასწავლო დაწესებულებას ერქვა — ნჯამენის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამუშაოების ეროვნული ინსტიტუტი (École Nationale de Santé Publique et de Service Social—ENSPSS). 1982 წელს იქ სწავლობდა სულ 28 სტუდენტი[51].
როდესაც 1960 წელს ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, იქ უნივერსიტეტი არ არსებობდა. ქვეყნის დამოუკიდებლად ცხოვრების პირველ ათწლეულში, სტუდენტები, რომლებსაც უნდოდათ უმაღლესი განათლების მიღება — იძულებულები იყვნენ საზღვარგარეთ წასულიყვნენ. 1966-67 სასწავლო წლებში ჩადის 83 მოქალაქე სწავლობდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ; მომდევნო წელს ეს რაოდენობა გაიზარდა 200-მდე. პირველ წლებში, თითქმის ყველა ბავშვი, რომლებსაც სურდათ უმაღლესი განათლების მიღება იყო მამრობითი სქესის. სტუდენტთა ყველაზე უფრო მეტი რაოდენობა გაემგზავრა საფრანგეთში (30 % 1966-1967 სასწავლო წელს), მაგრამ ზოგიერთი ჩადელი სწავლობდა ბელგიაში, სენეგალში, კოტ-დ’ივუარში და კონგოს რესპუბლიკაში. იმ დროს სტუდენტთა უმრავლესობა სწავლობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, სოფლის მეურნეობას და მედიცინას[51].
საფრანგეთთან შეთანხმების საფუძველზე ჩადის უნივერსიტეტი გაიხსნა 1971-1972 სასწავლო წელს. ის თითქმის მთლიანად ფინანსდებოდა საფრანგეთის დახმარებით, 200 სტუდენტი მოხვდა იქ პირველ წელს. 1974-1975 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა 500-მდე. სტუდენტთა რაოდენობა 1976-1977 სასწავლო წელს არსებული 639 სტუდენტიდან გაიზარდა 1977-1978 სასწავლო წლის მაქსიმუმამდე, ანუ 1046 სტუდენტამდე, შემდეგ, 1978-1979 სასწავლო წელს ცოტათი დაიკლო 974 სტუდენტამდე. სამწუხაროდ, სამოქალაქო ომმა გავლენა იქონია უნივერსიტეტის ცხოვრებაზე 1979 და 1980 წლებში, როდესაც ქვეყნის დედაქალაქ ნჯამენისათვის მიმდინარეობდა დიდი ბრძოლები ამბოხებულებსა და სამთავრობო ჯარებს შორის. 1980-იანი წლების დასაწყისში შედარებით მშვიდი ცხოვრების დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტი კვლავ გაიხსნა. 1983-1984 წლებში უნივერსიტეტში იმყოფებოდა 141 მასწავლებელი და 1643 სტუდენტი[51].
უნივერსიტეტის გარდა, ჩადის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები მოიცავენ: მასწავლებლების მომზადების ერთ წამყვან დაწესებულებას, École Normale Supérieure (სადაც ამზადებდნენ საშუალო სკოლების მასწავლებლებს). 1982-1983 და 1983-1984 სასწავლო წლებში ამ დაწესებულებებში ჩარიცხვამ შეადგინა დაახლოებით 200 სტუდენტი. სასწავლო პროგრამები მოიცავენ: ისტორიას, გეოგრაფიას, თანამედროვე ლიტერატურას, ინგლისურ, ფრანგულ და არაბულ ენებს, მათემატიკას და ფიზიკას, ბიოლოგიას, გეოლოგიას და ქიმიას[51].
მასმედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მასმედია ჩადში იმყოფება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.
საფოსტო და სატელეფონო სამსახურს აკონტროლებს ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების სამინისტრო. მოქმედებს პირდაპირი სატელეფონო კავშირი ნჯამენასა და პარიზს, ასევე რამდენიმე აფრიკული ქვეყნის დედაქალაქებს შორის. 2003 წელს ყოველ 1000 ადამიანზე მოდიოდა დაახლოებით 2 ტელეფონის ნომერი. ამავე წელს ყოველ 1000 ადამიანზე აღირიცხებოდა დაახლოებით 8 მობილური ტელეფონის მოქმედი ნომერი.
რადიო ყველაზე უფრო მთავარი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებაა. სახელმწიფო „Radiodiffusion Nationale Tchadienne“ (RNT) ფრანგულ, არაბულ და 7 აფრიკულ ენაზე მაუწყებლობს ეროვნული და რეგიონალური რადიოსადგურებით. 2007 წლის მონაცემებით ჩადში მაღალი სალიცენზიო გადასახადის მიუხედავად ეთერში გადიოდა დაახლოებით ათი კერძო რადიოსადგური,[52] ზოგიერთ მათგანს ფლობს რელიგიური და სხვა არაკომერციული გაერთიანებები. „BBC World Service“ (FM 90.6) და „Radio France Internationale“ (RFI) მაუწყებლობს დედაქალაქ ნჯამენიდან. 2001 წლის მონაცემებით ქვეყანაში მაუწყებლობდა 2 AM, 4 FM და 5 მოკლეტალღიანი რადიოსადგური.[53] 1997 წლის მონაცემებით ჩადის მოსახლეობაში აღრიცხული იყო 1,7 მილიონი რადიომიმღები. 2003 წლის მონაცემებით ქვეყანაში ყოველ 1000 მაცხოვრებელზე მოდიოდა 233 რადიომიმღები. ერთადერთი ტელეარხი, „Télé Tchad“, იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში.[52][54][55] 1997 წლის მონაცემებით ქვეყანაში აღირიცხებოდა 10 000 ტელევიზორი, ხოლო 2003 წლის მონაცემებით ყოველ 1000 მაცხოვრებელზე მოდიოდა 2 ტელევიზორი.
სატელევიზიო და რადიო არხების უმრავლესობის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან იწვევს ჟურნალისტების აზრის კონტროლსაც.[54] ისინი განიცდიან დევნას და თავდასხმებს. ზოგიერთ შემთხვევებში ჟურნალისტები გაფრთხილებულები იყვნენ წერილობით ხელისუფლების მხრიდან, რომ ემუშავათ უფრო „საპასუხისმგებლო“ ჟურნალისტური ეთიკით, თორემ მათ მოუწევდათ ჯარიმების გადახდა. ზოგიერთი ჟურნალისტი და გამომცემელი იყენებს თვითცენზურის ფორმას.
2003 წლის მონაცემებით ქვეყანაში ყოველ 1000 ადამიანზე მოდიოდა 1,7 პერსონალური კომპიუტერი და ასევე ყოველი 1000 ადამიანიდან 2 სარგებლობდა ინტერნეტით.
სახელისუფლებო ბეჭვდითი სააგენტო გამოსცემს ყოველდღიურ საინფორმაციო ბიულეტენ „Info-Tchad“-ს (1999 წლის ტირაჟი დაახლოებით 1500). სხვა პუბლიკაციები მოიცავს ყოველკვირეულ „N’Djamena Hebdo“-ს (1999 წლის ტირაჟი 9500) და ყოველთვიურ „Tchad Et Culture“-ს (ტირაჟი 3500).
ჩადის კონსტიტუციით გარანტირებულია სიტყვის და პრესის თავისუფლება და ხელისუფლების თქმით ის პატივს სცემს ამ უფლებებს. ჩადის ტელეკომუნიკაციების უმაღლესი საბჭო ხელს უწყობს მასმედიის თავისუფალ მიღებას და გავრცელებას.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის ლიტერატურა (ფრანგ. Littérature tchadienne) — ჩადის ტერიტორიაზე დაწერილი ლიტერატურაა. ნამუშევრების უმრავლესობა დაიწერა ფრანგულ ენაზე, მაგრამ ასევე არსებობს არაბულ ენაზე შესრულებული ნამუშევრებიც.
ლიტერატურა ქვეყანაში საკმაოდ დაზარალდა ეკონომიკური და პოლიტიკური რყევებისაგან, რომლებმაც მოიცვა ეს ცენტრალური აფრიკის ქვეყანა. როგორც ბევრ კულტურებში, ჩადის ლიტერატურამ განვითარება დაიწყო ხალხური მონათხრობებიდან და თქმულებებიდან[56]. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავარი ენა ფრანგულია, არაბული ენა ასევე გამოიყენება ჩადის ზოგიერთი მწერლის მიერ. ჩადის ლიტერატურა უფრო მეტად მოთხოვნადია საფრანგეთში, ვიდრე ქვეყნის შიგნით[57].
ჩადში არსებობს ერთადერთი კრიტიკოსი ლიტერატურის დარგში — აჰმატ ტაბოიე (ფრანგ. Ahmat Taboye), ის ნჯამენის უნივერსიტეტში ლიტერატურის კათედრის გამგეა. 2003 წელს მან გამოაქვეყნა ანტოლოგია, სადაც მიმოიხილა ჩადის ლიტერატურის 40 წელი[58]. 2007 წლის მაისში აჰმატ ტაბოიე დაინიშნა ჩადის კულტურის სამინისტროსა და მხატვრული განვითარების ხელმძღვანელად[59].
ჩადში ცნობილი მწერლების რიცხვი ცოტაა, გამოირჩევიან: ჟოზეფ ბრაჰიმ სეიდი (ფრანგ. Joseph Brahim Seid), ბაბა მუსტაფა (ფრანგ. Baba Moustapha), ანტუან ბანგი (ფრანგ. Antoine Bangui) და კულსი ლამკო (ფრანგ. Koulsy Lamko).
კინემატოგრაფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის კინემატოგრაფი (ფრანგ. Cinema du Chad) — აფრიკული სახელმწიფო ჩადის კინემატოგრაფია. ფილმების უმრავლესობა გადაღებულია ფრანგულ ენაზე.
ჩადში ნაწარმოები პირველი ფილმი გახდა ედუარდ სეილის დოკუმენტური ფილმი — Largeau. ეს ფილმი გამოვიდა 1966 წელს. 1969 და 1972 წლებში გამოვიდა ამავე რეჟისორის ორი ფილმი — The Child of Chad (1969 წელი) და The Discovery of Chad (1972 წელი). შემდეგ იყო პირველი სამოქალაქო ომის მიერ გამოწვეული ხანგრძლივი შესვენება. 1994 წელს გადაღებული იქნა კიდევ ორი ფილმი: პირველი რეჟისორ ზარა მოჰამად იაკუბის Dilemme au Feminin და მეორე რეჟისორ ისა სერჯის — A Taxi for Aouzou. 1999 წელს გამოვიდა კიდევ ორი ფილმი — ზარა მოჰამად იაკუბის l’Enfance confisquée და რეჟისორ მოჰამად სალეჰ ჰარუნის (ჩადის პირველი რეჟისორი, რომელმაც გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი) Bye Bye Africa. 2003 წელს გამოვიდა მოჰამად სალეჰ ჰარუნის ფილმი Abouna.
2011 წელს ჩადში გაიხსნა რეკონსტრუირებული კინოთეატრი «Normandy», რომელიც დაიკეტა 30 წელზე მეტი ხნის წინ (თვითონ კინოთეატრი აშენდა 1950-იან წლებში[60]). რეკონსტრუქციის ღირებულებამ შეადგინა 1,8 მილიონი ევრო[61].
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის მუსიკა — ხალხური და პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებებია. ჩადისთვის დამახასიათებელია ქვეყანაში უძველესი დროიდან მცხოვრები სხვადასხვა ხალხის — არაბების, სარას, ტუბუს და სხვა მუსიკალური კულტურის რთული შეჯვარება.
La Tchadienne — ჩადის სახელმწიფო ჰიმნია 1960 წელს დამოუკიდებლობის მიღების მომენტიდან, დაიწერა ლუი გიდროლის (ფრანგ. Louis Gidrol) მიერ.
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩადმა, როგორც სხვა აფრიკული ქვეყნების უმრავლესობამ, სწრაფად დაიწყო სვლა პოპ-მუსიკის პოპულარიზაციისაკენ, სტილით ის ჰგავდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოუკოუსს[62]. პოპულარული მუსიკის სტილი ჩადში ასევე მოიცავს — საი-ს (რომელიც გავრცელებულია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ეს სტილი რეგიონში პოპულარული გახდა ჯგუფ Tibesti-ის დამსახურებით). სხვა მუსიკალური პოპ-ჯგუფებია: International Challal და African Melody[63].
ტუბუს ხალხი ცხოვრობს ტიბესტის მთების რაიონში. მათი ხალხური მუსიკისათვის დამახასიათებელია მამაკაცების დაკვრა სიმებიან საკრავებზე, ხოლო ქალების სიმღერა. სიმებიანი საკრავები, როგორიცაა keleli, გამოიყენება ამ ხალხის მხოლოდ მამაკაცების მიერ. სიმღერა მამაკაცების შესრულებით ითვლება უწესო საქციელად[64].
ჩადის ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები მოიცავს: ჰუ-ჰუს (ფრანგ. Hu hu), კაკაკის (ფრანგ. kakaki), მარაკასს (ფრანგ. maracas), ლუთს (ფრანგ. Luth) და სხვებს[65]. კანემბუს ტომის ხალხი მუსიკალური ინსტრუმენტების სახით იყენებს ფლეიტას და ბარაბანს. სარას ტომის ხალხში პოპულარულია ბალაფონი, სასტვენი და არფა[63].
სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადის სამზარეულო — ჩადის რესპუბლიკასთან დაკავშირებული კულინარული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, პროდუქტები და კერძებია. ჩადელები იყენებენ სხვადასხვა მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხილს და ხორცს. როგორც წესი მოხმარებული მარცვლეული მოიცავს ფეტვს,[66] სორგოს[66] და ბრინჯს, როგორც კვების პროდუქტების ძირითადი სახეობები. ჩადელები მიირთმევენ ბოსტნეულს, რომელშიც შედის ბამი და მანიჰოტი, ასევე სხვადასხვა სახეობის ხილს. ხორცეულში შედის ცხვრის, ქათმის, ღორის, თხის, თევზის და საქონლის ხორცი. დღის მთავარ კერძს, როგორც წესი, მიირთმევენ საღამოს დიდი საერთო თეფშით, მამაკაცები და ქალები, როგორც წესი, იკვებებიან განცალკევებით.[66] ჩვეულებრივ კერძი მიაქვთ მიწაზე გაშლილ ხალიჩაზე, სადაც ადამიანები საჭმლის ირგვლივ არიან დამჯდარნი.[66]
ჩრდილოეთ ჩადში მენიუს დიდ ნაწილს შეადგენს სხვადასხვა ჯიშის თევზი, მათ შორის ტილაპია (ლათ. Tilapia), ქორჭილა, გველთევზა, კობრა და ლოქო.[67] ჩადის სამხრეთში არ მოიხმარენ საქონლის რძისგან დამზადებულ ბევრ პროდუქტს და თევზს, მაგრამ ჩრდილოეთის მოსახლეობასთან შედარებით აქვთ მეტი შესაძლებლობა გამოიყენონ ახალი პროდუქტები და სანელებლები. ჩადის ჩრდილოეთში მოსახლე ხალხი შედგება მომთაბარე არაბებისაგან და ტუარეგებისგან, რომლებიც ძირითად საკვებ პროდუქტებად მოიხმარენ რძის პროდუქტებს და ხორცს.[68]
ჩაი — ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი სასმელია ჩადში.[66] ჩადის სამზარეულოში მიირთმევენ წითელ, შავ და მწვანე ჩაის. Karkanji/carcaje-ის,[66][67] გამომშრალი ჰიბისკუსის (ლათ. Hibiscus), ჯანჯაფილის ყვავილების, მიხაკის, დარიჩინის წითელ ჩაის შაქარს გემოვნების მიხედვით უმატებენ. ეს ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული სასმელია ჩადში.[66] ლიქიორი და ფეტვის ლუდი მოიხმარება ჩადის არამუსლიმი მოსახლეობის მიერ ქვეყნის სამხრეთის რაიონებში.[66] ხორბლის ლუდი ცნობილია, როგორც bili-bili.[68]
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადი მონაწილეობას იღებდა 12 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. ქვეყნის დებიუტი შედგა ტოკიოს 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და მას შემდეგ მონაწილეობას იღებდნენ ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, მონრეალის 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისა და მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გარდა, რომელთა ბოიკოტსაც ის შეუერთდა. სულ ჩადს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა 37 მამაკაცი და 8 ქალი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კრივის, ძიუდოს და მძლეოსნობის შეჯიბრებებში. ყველაზე უფრო მეტმა ჩადელმა სპორტსმენმა იასპარეზა (6 სპორტსმენი) 1988 წლის სეულისა და 1992 წლის ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩადელ სპორტსმენებს მონაწილეობა არასოდეს არ მიუღიათ. ჩადელ სპორტსმენებს არასდროს არ მოუპოვებიათ ოლიმპიური მედლები.
ჩადის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაარსდა 1963 წელს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა 1964 წელს.
ჩადში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული სპორტის სახეობებია — ფეხბურთი, კალათბურთი, მძლეოსნობა, საბრძოლო ხელოვნება, კრივი და თევზაობა (როგორც წესი, ჩადის ტბაზე). ქვეყნის ეროვნული სტადიონი მდებარეობს დედაქალაქ ნჯამენაში.
დღეისათვის ფეხბურთი ყველაზე უფრო მეტად პოპულარული სპორტის სახეობაა ჩადში. ჩადის ბევრი ფეხბურთელი თამაშობს საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიონალურ კლუბებში. ნაბატინგე ტოკო (ფრანგ. Nabatingue Toko) 1970-იან და 1980-იან წლებში თამაშობდა ცნობილ ფრანგულ საფეხბურთო კლუბ — პარი სენ-ჟერმენში. აბდულაი კარატეკა ასევე თამაშობდა პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში. იაფეტ ნ'დორამი (ფრანგ. Japhet N'Doram) 1990-იან წლებში თამაშობდა ნანტის და მონაკოს შემადგენლობაში. ჩადის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ერთ-ერთი ყველაზე უფრო სუსტი ნაკრებია მსოფლიოში, ვერც ერთხელ ვერ შეძლო გადაელახა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩადში სადღესასწაულო დღეებია:[69]
თარიღი | ქართული სახელწოდება | ინგლისური სახელწოდება |
---|---|---|
1 იანვარი | ახალი წელი | New Year's Day |
17 მარტი | ჩადის ეროვნული დღე | National Chad Day |
მარტი ან აპრილი | ნათელი ორშაბათი | Easter Monday |
1 მაისი | მშრომელთა საერთაშორისო დღე | Labour Day |
11 აგვისტო | დამოუკიდებლობის დღე | Independence Day |
1 ნოემბერი | ყველა წმინდანის დღე | All Saints Day |
28 ნოემბერი | რესპუბლიკის დღე | Republic Day |
1 დეკემბერი | თავისუფლების და დემოკრატიის დღე | Freedom and Democracy Day |
25 დეკემბერი | ქრისტეს შობა | Christmas Day |
გარდამავალი ისლამური დღესასწაულები | მავლიდი | Mawlid |
ურაზა-ბაირამი | End of Ramadan | |
ყურბან-ბაირამი | Feast of the Sacrifice |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკიმედია-ატლასი: ჩადი — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- ჩადი საიტზე Curlie
- Official presidency site დაარქივებული 2011-02-26 საიტზე Wayback Machine. (არაბული ენა) (ფრანგული)
- Chad country study from Library of Congress
- Chad profile from the BBC News
- Key Development Forecasts for Chad from International Futures
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Дробышевский С. В. გრაცილური ავსტრალოპითეკები
- ↑ ბაჰრ-ელ-გაზალი / Chad = Bahr el Ghazal = Koro Toro
- ↑ ჩადი / Chad
- ↑ Wood B. Palaeoanthropology: Hominid revelations from Chad // Nature, 2002, V.418, pp.133-135.
- ↑ Marc Haber et al. Chad Genetic Diversity Reveals an African History Marked by Multiple Holocene Eurasian Migrations, 2016.
- ↑ International Advisory Group, External Compliance Monitoring Group, Collège de Contrôle et de Surveillance des Revenues Pétroliers (CCSRP), World Bank Inspection Panel, Comité Technique National de Suivi et de Contrôle (CTNSC).
- ↑ Gary, Ian (Catholic Relief Services) and Nikki Reisch (Bank Information Center). Chad's Oil: Miracle or Mirage?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-08. ციტირების თარიღი: 2017-02-15.
- ↑ Chad in 'state of war' with Sudan by Stephanie Hancock, BBC News.
- ↑ Chad fightback 'kills 300 rebels', BBC News
- ↑ Al Jazeera
- ↑ „Chad denies rebel move on capital“. BBC. November 26, 2006.
- ↑ „Chad's leader asserts he is control“. AP. February 6, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 9, 2008. ციტირების თარიღი: თებერვალი 15, 2017.
- ↑ World Report 2011: Chad. Human Rights Watch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 6 June 2011.
- ↑ „Chad government foils coup attempt – minister“. Reuters. 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-03. ციტირების თარიღი: 2017-02-15.
- ↑ „Hissène Habré: Chad's ex-ruler convicted of crimes against humanity“. BBC. 2016.
- ↑ Chad Geology, The Extractive Industries Source Book დაარქივებული 2013-07-04 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, accessed 13 April 2013
- ↑ 17.0 17.1 Important Bird Areas in Africa and associated islands – Chad (pdf). Birdlife International Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 16 October 2013.
- ↑ The Flora of Chad: a checklist and brief analysis. Pensoft.net. ციტირების თარიღი: 17 October 2013.
- ↑ Plant and Animal Life. The Living Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 October 2013.
- ↑ "Crocodiles in the Sahara Desert: An Update of Distribution, Habitats and Population Status for Conservation Planning in Mauritania". PLOS ONE. 25 February 2011.
- ↑ 21.0 21.1 Our Africa. Our Africa organization. ციტირების თარიღი: 17 October 2013.
- ↑ Livestock-wildlife-environment interactions in Chad. Food and Agricultural Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 October 2013.
- ↑ African Elephants Slaughtered in Herds Near Chad Wildlife Park. National Geographic (30 August 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 October 2013.
- ↑ Rangers in Isolated Central Africa Uncover Grim Cost of Protecting Wildlife. The New York Times (31 December 2012). ციტირების თარიღი: 17 October 2013.
- ↑ Chad 1996 (rev. 2005). ციტირების თარიღი: 22 April 2015.
- ↑ Ordonnance n° 002/PR/08 portant restructuration de certaines collectivités territoriales décentralisées
- ↑ "Tableau des codes des circonscritions – Ministère de l'Intérieur", April 2008. (ფრანგული)
- ↑ "Chad". Country Reports on Human Rights Practices 2004, 28 February 2005. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor, U.S. Department of State.
- ↑ Ndang, Tabo Symphorien (2005) "A qui Profitent les Dépenses Sociales au Tchad? Une Analyse d'Incidence à Partir des Données d'Enquête დაარქივებული 2012-05-12 საიტზე Wayback Machine. " (PDF). (ფრანგული) 4th PEP Research Network General Meeting. Poverty and Economic Policy.
- ↑ 30.0 30.1 30.2 30.3 30.4 30.5 30.6 მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-02-22.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)
- ↑ 34.0 34.1 M. J. Azevedo (2005). The Roots of Violence: A History of War in Chad. Routledge, გვ. 9–10. ISBN 978-1-135-30080-7.
- ↑ Martha Kneib (2007). Chad. Marshall Cavendish, გვ. 20–21. ISBN 978-0-7614-2327-0. , Quote: "In the past, a key component of Chad's economy was the slave trade" (see photo's caption).
- ↑ Christopher R. DeCorse (2001). West Africa During the Atlantic Slave Trade: Archaeological Perspectives. Bloomsbury Academic, გვ. 131–139. ISBN 978-0-7185-0247-8.
- ↑ Chad: Society and People დაარქივებული November 24, 2016, საიტზე Wayback Machine. , CIA Factbook, US Government
- ↑ L'aménagement linguistique dans le monde: Situation linguistique au Tchad.
- ↑ 39.0 39.1 J. Gordon Melton, Martin Baumann, Religions of the World: A Comprehensive Encyclopedia of Beliefs and Practices, Oxford, England: ABC CLIO, 2002, ISBN 1-57607-223-1.
- ↑ Global Christianity. The Pew Forum on Religion & Public Life (2011-12-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-22. ციტირების თარიღი: 2013-05-13.
- ↑ ჩადში ირჩევენ პრეზიდენტს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-06. ციტირების თარიღი: 2017-02-24.
- ↑ Chad-Cameroon Pipeline: Project Overview. The World Bank Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2006.
- ↑ 43.0 43.1 43.2 Chad:Transport. The World Factbook. CIA (15 August 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2017.
- ↑ CIA, "Chad", 2009
- ↑ S. Collelo, Chad
- ↑ Chad - Tourism, travel, and recreation. ციტირების თარიღი: 2011-05-07.
- ↑ 47.0 47.1 The World Factbook: "Chad". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-24. ციტირების თარიღი: 2016-05-10.
- ↑ «Background Notes: Chad»
- ↑ «Chad»,Encyclopædia Britannica
- ↑ «Chad». 2005 Findings on the Worst Forms of Child Labor დაარქივებული 2006-12-01 საიტზე Wayback Machine. . Bureau of International Labor Affairs, U.S. Department of Labor (2006). This article incorporates text from this source, which is in the public domain
- ↑ 51.0 51.1 51.2 51.3 51.4 51.5 51.6 Chad country study. This article incorporates text from this source, which is in the public domain
- ↑ 52.0 52.1 "Communications: Chad" დაარქივებული 2013-04-24 საიტზე Wayback Machine. , World Factbook, U.S. Central Intelligence Agency, 28 January 2014. Retrieved 9 February 2014.
- ↑ "Communications: Chad" დაარქივებული 2013-04-24 საიტზე Wayback Machine. , World Factbook, U.S. Central Intelligence Agency, 19 June 2007. Retrieved 9 February 2014 via the Internet Archive
- ↑ 54.0 54.1 "Chad profile: Media", BBC News, 14 August 2012. Retrieved 9 February 2014.
- ↑ "Chad", Country Reports on Human Rights Practices for 2012, Bureau of Democracy, Human Rights and Labor, U.S. Department of State, 26 March 2013. Retrieved 10 February 2014.
- ↑ Chadian Literature, http://www.tchad.org/research/literature.html
- ↑ Abbink, Jon G., Culture of Chad, http://www.everyculture.com/Bo-Co/Chad.html
- ↑ "Portrait de la Littérature Tchadienne" დაარქივებული 2005-03-13 საიტზე Wayback Machine. by Guinngar S. Ngarta, sonpen.com, (ფრანგული)
- ↑ "Nomminations au Ministère du Développement Culturel et Artistique" დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine. , Ministry of Cultural and Artistic Development (ფრანგული)
- ↑ Chad`s only cinema dusts off its silver screen. AFP (2011-04-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2012-01-08.
- ↑ Chad: 1.8 m Euros spent on re-opening the Normandy cinema. Balancing Act (2011-02-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2012-01-08.
- ↑ The Search Engine that Does at InfoWeb.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-13. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
- ↑ 63.0 63.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-01. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
- ↑ Virtual Chad: A look beyond the statistics into the realities of life in Chad, Africa
- ↑ 66.0 66.1 66.2 66.3 66.4 66.5 66.6 66.7 Zuchora-Walske, Christine (2009). Chad in Pictures. Twenty-First Century Books. pp. 53-55. ISBN 1575059568
- ↑ 67.0 67.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 1 მარტი 2017.
- ↑ 68.0 68.1 Hitton, Shanti. Food in Chad, Africa. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2013-05-20.
- ↑ List
|
|