შინაარსზე გადასვლა

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე
ისტორია
დაფუძნდა 21 მაისი, 1978
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აფილაცია ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი
საერთაშორისო აფილაცია ლიბერალური ინტერნაციონალი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
1 / 150
საკრებულოები
0 / 2 068
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები          
შტაბ-ბინა სოფიკო ჭიაურელის 13, 0108, ტელეფონი: 92 00 58
თბილისი
republicans.ge
პარტიის დროშა

საქართველოს რესპუბლიკური პარტიალიბერალური მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში. რესპუბლიკური პარტია 1978 წელს დაფუძნდა და ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პარტიაა საქართველოში. 1993-1995 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში. 2003 წელს ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იყო ვარდების რევოლუციის თანაავტორი. 2011-2016 წლებში იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი. საქმიანობდა 4 მოწვევის საქართველოს პარლამენტში.

რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს და იყო იმ დროისთვის ერთადერთი არაკომუნისტური პარტია. ამ დროისათვის მოქმედი დისიდენტური ჯგუფებისაგან განსხვავებით, რომელთა ყურადღება ძირითადად ეთმობოდა საბჭოთა კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების რეალურ დაცვას, რესპუბლიკური პარტიის საპროგრამო მიზანი იმთავითვე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება. რესპუბლიკელებმა თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში შექმნეს არალეგალური ჯგუფები. ამ პერიოდში დაიბეჭდა და გავრცელდა თვითგამოცემითი ჟურნალ „სამრეკლოს“ ორი ნომერი.

1983-84 წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა პარტიის ოთხი დამფუძნებელი და ლიდერი – ვახტანგ ძაბირაძე (პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე 1979-95 წ.წ.), ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი და ვახტანგ შონია. პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ფრიდონ ჯაჯანიძე მოგვიანებით დააპატიმრეს. 1984 წლის 20 აპრილის განაჩენით საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ პარტიის დამაარსებლები ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისა და ანტისაბჭოთა ორგანიზაციის შექმნისათვის გაასამართლა. მათ სრულად მოიხადეს სასჯელი პერმისა და მორდვეთის საბჭოთა ბანაკებში. დაპატიმრებულთა სიმტკიცის გამო პარტიის წევრთა დიდი უმრავლესობა სუკ-ის თვალთახედვის მიღმა დარჩა.

უკვე 80-იანი წლების ბოლოდან რესპუბლიკური პარტია ღიად მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში. 1990 წლის არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელებმა 3 ადგილი მოიპოვეს უზენაეს საბჭოში, სადაც იყვნენ ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანადამფუძნებლები. 1991 წლის ივნისში რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 20% მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, სადაც ჩამოაყალიბა ოპოზიციური ფრაქცია „აჭარა“. რესპუბლიკელები წარმოდგენილნი იყვნენ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების დროებით ორგანოებში - საკონსულტაციო და სახელმწიფო საბჭოებში.

1991-1992 წლებში რესპუბლიკური პარტია გაერთიანდა „თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან“ და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან „დემოკრატიული არჩევნები საქართველოში (დას-ი)“. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ჩამოყალიბდა 10-კაციანი ოპოზიციური ფრაქცია „რესპუბლიკელები“, რომელმაც საზოგადოების სამსჯავროზე გაიტანა კონცეფციები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, აფხაზეთისა და აჭარის სტატუსების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების რეფორმების შესახებ, გამოვიდა დსთ-ში საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგ. რესპუბლიკურმა პარტიამ შეიმუშავა საქართველოს კონსტიტუციის საკუთარი პროექტი, რომელიც საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკის და დეცენტრალიზებული მმართველობის მოდელს ემყარებოდა. ამავდროულად პარტიის რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო.

1994 წელს რესპუბლიკური პარტიის, სახალხო ფრონტისა და „ქარტია-91“-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა „გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია“, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება.

1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ რესპუბლიკური პარტია აღდგა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია. პარლამენტს მიღმა დარჩენილი რესპუბლიკური პარტიის წევრები აგრძელებდნენ მუშაობას სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, და მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში. 1996 წლის თებერვალში გამართულ ყრილობაზე ეროვნულმა კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ ივლიანე ხაინდრავა აირჩია. 1997 წლის აგვისტოში რესპუბლიკურმა პარტიამ გამოაქვეყნა კონცეფცია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზის შესახებ. მომდევნო წლებში შემუშავდა ახალი წინადადებები ამ მიმართულებით.

1999 წლის მაისში რესპუბლიკურმა პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მრეწველთა პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიტიკური ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა ამ დროისათვის უკვე 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში .

2000 წლის მარტში გამართულ პარტიის ყრილობაზე მიიღეს პარტიის წესდების ახალი რედაქცია. პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ბერძენიშვილი. 2001 წლის ოქტომბრის მიწურულს პარლამენტის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა ლოზუნგი „საქართველო შევარდნაძის გარეშე“, რომელიც გაიზიარა 2002 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბებულმა სამსუბიექტიანმა საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი“ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ ძალთა გაერთიანება-კონსერვატორები და რესპუბლიკური პარტია). 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა თბილისში მიიღო ხმების 24%. მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო დავით ბერძენიშვილი - ერთიანი ფრაქციის თავმჯდომარე.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტ-პოლებითა და პარალელური დათვლის მიხედვით ბლოკი გავიდა პირველ ადგილზე.[1] რესპუბლიკური პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგოდ დაწყებული აქციებისა, რაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომით დამთავრდა. რესპუბლიკური პარტია, ასევე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ასლან აბაშიძის წინააღმდეგ გამართული აქციებისა, რაც 2004 წლის 6 მაისს აბაშიძის მოსკოვში გაქცევით დასრულდა.

ბლოკმა გამარჯვება მოიპოვა 2004 წლის მარტის არჩევნებში ხმათა 67.02%-ით.[2] საქართველოს პარლამენტში რესპუბლიკური პარტია 5 წარმომადგენლით შევიდა.

უკვე 2004 წლიდან რესპუბლიკელები დაუპირისპირდნენ მიხეილ სააკაშვილის გუნდს. უთანხმოების მიზეზები გახდა 2004 წლის თებერვალში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, და 2004 წლის ივნისში მიღებული კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. 2004 წლის ივნისში რესპუბლიკელები გაემიჯნენ სახელისუფლო პარტიასა და მის ლიდერს. 2004 წლის 20 ივნისს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მთავარი კონკურენტები ყოფილი პარტნიორები - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია აღმოჩნდნენ. რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალური ამომრჩეველთა ხმების 13,5% და სამი მანდატი (30-დან) მიიღო.

2005 წლის 27 ივნისს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის მორიგი ყრილობა, რომელმაც პარტიის თამჯდომარედ აირჩია დავით უსუფაშვილი. 2005 წლის შემოდგომაზე რესპუბლიკელებმა კონსერვატორებთან და პარლამენტის უპარტიო წევრებთან ერთად ჩამოაყალიბეს ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“.

2005 წლის ივლისში რესპუბლიკელი დეპუტატი ვალერი გელაშვილი შეიარაღებულმა ნიღბოსნებმა თბილისის ცენტრში სიკვდილის პირას მიიყვანეს; 2006 წლის აპრილში კი გელაშვილს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა.

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში რესპუბლიკელები მონაწილეობდნენ კონსერვატორებთან ერთად ბლოკით „დავითაშვილი - ხიდაშელი - ბერძენიშვილი“. ბლოკმა საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 8,6% და გავიდა მეორე ადგილზე მმართველი პარტიის შემდეგ. ბლოკმა საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა ამ არჩევნებში:

2006 წლის მდგომარეობით რესპუბლიკური პარტია იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ჰყავდა დეპუტატები ქვეყნის სამივე დონის (სახელმწიფო, ავტონომიური და თვითმმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოები.

2007 წლის შემოდგომაზე რესპუბლიკური პარტია გაწევრიანდა ეროვნულ საბჭოში და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი. პარტია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა. არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმათა 3.8% და ვერ გადალახა ბარიერი.

2009 წლის 8 ივლისს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის მორიგი – მე-13 ყრილობა. ყრილობამ მიიღო პარტიის წესდების ახალი რედაქცია, აირჩია ეროვნული კომიტეტი 35 წევრის და სარევიზიო კომისია 5 წევრის შემადგენლობით. ეროვნულმა კომიტეტმა პირველ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ აირჩა დავით უსუფაშვილი. 2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით პარტიაში ირიცხებოდა 4000-მდე წევრი, ფუნქციონირებდა პარტიის 58 რაიონული (საქალაქო) ორგანიზაცია და 9 საინიციატივო ჯგუფი, 42 ადგილობრივი ოფისი.

2008 წლის 8 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ახალი მემარჯვენეები“ გააფორმეს შეთანხმება პოლიტიკური ალიანსის შექმნის თაობაზე. 2009 წლის 23 თებერვალს კი, რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდა „ალიანსი საქართველოსთვის“ რესპუბლიკური პარტიის, ახლებისა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების, შემადგენლობით და ამ უკანასკნელის თავმჯდომარეობით.[3] ალიანსი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გაზაფხულის საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე.[4]

ალიანსი მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც გავიდა თბილისის მასშტაბით მეორე (18%), ხოლო ქვეყნის მასშტაბის მესამე ადგილზე (10%). 2010 წლის ივლისში ალიანსი დაიშალა, რის შემდეგაც რესპუბლიკურმა პარტიამ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა. 2011 წლის 5 ნოემბერს პარტიამ მე-14 ყრილობა გამართა და ეროვნული კომიტეტის ახალი შემადგენლობა აირჩია.

2011 წ. ოქტომბერში, რესპუბლიკური პარტია ბიძინა ივანიშვილმა ნომერ პირველ პარტნიორად მიიწვია და იგი შევიდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“.[5][6] საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა. პარტიამ საქართველოს პარლამენტში 9-წევრიანი ფრაქცია შექმნა, პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა დავით ბერძენიშვილი. 2013 წელს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი ეროვნული კომიტეტი. პარტიის ახალ თავმჯდომარედ ხათუნა სამნიძე აირჩიეს. 2015 წ გაზაფხულიდან პარტია სამი მინისტრით იყო წარმოდგენილი მთავრობაში. 2015 წ. დეკემბერში პარტიის მომდევნო ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი. თავმჯდომარედ კვლავ ხათუნა სამნიძე აირჩიეს. 2016 წ. მაისში პარტია მასპინძლობდა ლიბერალური ინტერნაციონალის საბჭოს სხდომას თბილისში.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიღებული გადაწყვეტილებით პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი. არჩევნების შემდეგ პარტია დატოვეს დავით უსუფაშვილმა და ლიდერების ნაწილმა. პარტიაში აგრძელებდნენ საქმიანობას დამფუძნებლები: ლევან და დავით ბერძენიშვილები. 2017 წლის 24 დეკემბერს პარტიის XVII ყრილობამ ცვლილებები შეიტანა წესდებაში და აირჩია ახალი ეროვნული კომიტეტი 11 წევრის შემადგენლობით. პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ხათუნა სამნიძე აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილე-პოლიტიკურ მდივნად კი — თამარ კორძაია.

2018 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია მხარს უჭერდა ყოფილი პარტნიორის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს.

2019-2020 წლებში პარტია აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო მოძრაობაში.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტია გაწევრიანდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიების მიერ დაფუძნებულ ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. არჩევნების შემდეგ ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია გახდნენ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები, შესაბამისად რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო ოპოზიციაში დაბრუნდა. არჩევნების გაყალბების მოტივით სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად მათ უარი თქვეს მანდატებზე, თუმცა პარლამენტს მათი დეპუტატობის უფლებამოსილება არ გაუუქმებია.

პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე 2021-ის მარტში მონაწილეობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორგანიზებულ შეხვედრებში ოპოზიციასთან და პრემიერ-მინისტრთან. ალდეს და ლიბერალური ინტერნაციონალის სახელით, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელი ჰანს ვან ბაალენი აქტიურად ეხმარებოდა მის წევრ ორგანიზაციას - რესპუბლიკურ პარტიას დემოკრატიისთვის ბრძოლაში საქართველოში. ალდეს (ევროპელი ლიბერალების ფრაქცია ევროპარლამენტში) წევრია შარლ მიშელიც.

2021 წ. აპრილში პარტიამ ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და შევიდა პარლამენტში. ხათუნა სამნიძე „შარლ მიშელის რეფორმების“ ფრაქციის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიუროს წევრია.

რესპუბლიკური პარტიის ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებული მიდგომის გამო ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ დატოვეს პარტია.

2021 წ. 10 ივლისს ჩატარდა პარტიის მე-18 ყრილობა, რომელმაც ცვლილებები შეიტანა წესდებაში. ეროვნული კომიტეტი შემცირდა და განისაზღვრა 7-11 კაცის შემადგენლობით. ერკომმა ხათუნა სამნიძე აირჩია კვლავ პარტიის თავმჯდომარედ, პოლიტიკურ მდივნად - თავმჯდომარის მოადგილედ კი დავით ბერძენიშვილი.

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[7]

პოლიტიკური პლატფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის პირველი წესდება და პოლიტიკური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპები გამოქვეყნდა 1979 წელს არალეგალურად გამოცემულ ჟურნალ „სამრეკლოში“. 1996 წელს შემუშავებულ იქნა პარტიის განახლებული წესდება. რესპუბლიკურ პარტია ლიბერალური პარტიაა და მის უზენაეს პოლიტიკურ ღირებულებას პიროვნების თავისუფლება და ინდივიდუალიზმი წარმოადგენს. ის გამოდის დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის, სეკულარიზაციის, კერძო საკუთრების და უმცირესობების უფლებების დაცვის მოთხოვნებით. პარტია მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას.

2006 წლის თებერვალში პარტიამ გამოაქვეყნა საპროგრამო ხასიათის დოკუმენტი „რესპუბლიკური არჩევანი“, რომელშიც მოცემული იყო აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ახალი ვრცელი კონცეფცია; თვითმმართველობის მოწყობის მოდელი; საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; საკონსტიტუციო მოწყობის რეფორმის მოდელი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ გამოდიოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდასაჭერად. პარტიამ 2016 წელს მოითხოვა უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება, გამოვიდა აშშ-ს სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსების ინიციატივით. 2017 წელს პარტიამ შეიმუშავა და გამოაქვეყნა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კონცეფცია, ერთნაირსქესიანი ადამიანების სამოქალაქო პარტნიორობის კონცეფცია, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა.

ორგანიზაციული სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის შიდა ურთიერთობებს წესდება არეგულირებს. ის პარტიის დაარსებისთანავე მიიღეს, მაგრამ შესწორებები შევიდა 1990, 1996, 2005, 2009 და 2021 წლებში.

პარტიის უმაღლესი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებებიც ყველა წევრისა და სტრუქტურული ერთეულისთვის სავალდებულოა, არის ყრილობა. ყრილობებს შორის კი უმაღლესი ორგანო ეროვნული კომიტეტია, რომელიც განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკურ კურსს. ამჟამად ის შედგება 11 წევრისგან.

2005 წლიდან არსებობს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო ლიბერალური გაერთიანებების აქტიური წევრია. მის წევრებს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრობასთან ერთად ძირითადი პარტიის სტრუქტურის წევრობის უფლებაც ენიჭებათ. ორგანიზაციაში სხვადასხვა თემატური ჯგუფია შექმნილი: იურიდიული, ეკონომიკური, საგარეო ურთიერთობების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და სახელმწიფო სტრუქტურების ალტერნატიული კაბინეტები.

რესპუბლიკურ პარტიას სხვა პარტიებთან შედარებით ქართულ არასამათავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ყველაზე ხანგრძლივი და შედეგიანი გამოცდილება აქვს. თავად პარტიის ლიდერები წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებლები/თანამშრომლები იყვნენ.

პარტია დიდი ხანია თანამშრომლობს ამერიკულ ორგანიზაციებთან: საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან. პარტია სტრატეგიულად თანამშრომლობს გერმანიის თავისუფალი დემოკრატების ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან. 2007 წლიდან ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის ნამდვილი წევრია.[8] 2006 წლიდან პარტია გახდა ლიბერალური ინტერნაციონალის ასოცირებული წევრი, ხოლო 2014 წელს - ნამდვილი წევრი. 2016 წლიდან პარტიასთან აქტიურად თანამშრომლობს შვედი ლიბერალების ორგანიზაცია „სილქი“.

შედეგები არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
1990 40 769 1,76
3 / 250
ახალი ოპოზიცია დემოკრატიული საქართველო
1992 277 496 12,06
7 / 235
4 ოპოზიცია 11 ოქტომბრის ბლოკი
1995 35 051 1,75
1 / 235
6 ოპოზიცია დამოუკიდებელი
1999 95 039 4,74
0 / 235
1 გარესაპარლამენტო ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი
2004 992 275 67,75
5 / 150
5 მთავრობა ნაციონალური მოძრაობადემოკრატები
2008 67 037 3,78
2 / 150
3 ოპოზიცია დამოუკიდებელი
2012 1 181 862 54,97
10 / 150
8 მთავრობა ქართული ოცნება
2016 27 264 1,55
0 / 150
8 გარესაპარლამენტო დამოუკიდებელი
2020 523 127 27,18
2 / 150
2 ოპოზიცია ძალა ერთობაშია
2024 229 161 11,03
1 / 150
1 ოპოზიცია კოალიცია ცვლილებისთვის
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2017 11 121 0,74
0 / 2 043
ახალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი: «საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები» CIPDD, 2006 ISBN 90-5972-113-6