შინაარსზე გადასვლა

ლუიზა ბრიტანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა ბრიტანელი
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 აგვისტო, 1746
მმართ. დასასრული: 19 დეკემბერი, 1751
წინამორბედი: სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი
მემკვიდრე: იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 დეკემბერი, 1724
დაბ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი: 19 დეკემბერი, 1751, (27 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, როსკილე, დანია
მეუღლე: ფრედერიკ V, დანიის მეფე
შვილები: სოფია მაგდალენა, შვედეთის დედოფალი
ვილჰელმინა კაროლინა, ჰესენის კურფიურსტი
კრისტიან VII, დანიისა და ნორვეგიის მეფე
ლუიზა, ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა: კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ლუიზა ბრიტანელი (ინგლ. Louisa of Great Britain, დან. Louise af Storbritannien, ნორვ. Louise av Storbritannia; დ. 18 დეკემბერი, 1724, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 19 დეკემბერი, 1751, კოპენჰაგენი, დანია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის ნაბოლარა ქალიშვილი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1746-51 წლებში როგორც ფრედერიკ V-ის პირველი ცოლი. დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ის დედა.

1727 წლის 30 აგვისტოს შემოღებული ლუიზას გერბი

პრინცესა ლუიზა დაიბადა 1724 წლის 18 დეკემბერს ლონდონის სამეფო სასახლეში. იგი იყო უელსის პრინც ჯორჯ ჰანოვერელისა და მისი ცოლის, პრინცესა კაროლინა ბრანდენბურგ-ანბახელის ნაბოლარა ქალიშვილი. მისი დაბადებიდან მალევე, 22 დეკემბერს იგი ლუთერანად მონათლეს და ლუიზა დაარქვეს. მისი ნათლიები იყვნენ: მისი უფროსი და, პრინცესა ამელია, მისი ბიძაშვილი ულრიხა პრუსიელი და ასევე მისი ბიძაშვილი, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდი.

1727 წლის 11 ივნისს, როდესაც ლუიზა სულ ორი წლის იყო, მისი ბაბუა, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ I გარდაიცვალა და შესაბამისად ტახტზე ლუიზას მშობლები ადიან. ვინაიდან იგი ახლა უკვე მეფის ასული იყო მრავალი პრივილეგია მიენიჭა, როგორიცაა მაგალითად გერბის ტარება.

ქორწინება და ტახტის მემკვიდრე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დანიის სამეფო ოჯახი 1744 წელს, მარცხნიდან მარჯვნივ: კრონპრინცი ფრედერიკი, მეფე კრისტიან VI, დედოფალი სოფია მაგდალენა და ფრედერიკის ცოლი, კრონპრინცესა ლუიზა ბრიტანელი

დინასტიური ქორწინებით, პრინცესა ლუიზა 1743 წლის 11 დეკემბერს კოპენჰაგენში დაქორწინდა დანიისა და ნორვეგიის პრინც ფრედერიკზე. მათი ნიშნობა 1743 წლის 10 ნოემბერს შედგა ჰანოვერში, სადაც ლუიზას მისი უფროსი ძმა, კამბერლენდის ჰერცოგი ახლდა თან. ფრედერიკისა და ლუიზას პირველი შეხვედრა კი ქალაქ ალტონაში, ჰოლშტაინის მხარეში შედგა. პრინცესა ლუიზამ დანიაში მხოლოდ ორი თანამემამულე წაიყვანა — თავისი პირადი მოძღვარი და საყვარელი ფრეილინა კრისტინა ჰენრიეტა ლუიზა იუელი. ჰოლშტაინიდან კოპენჰაგენამდე წყვილმა ერთად ბედნიერად იმოგზაურეს, რაც დედაქალაქში მათი საზეიმო შესვლით დაგვირგვინდა.

მათი ქორწინების იდეა ბრიტანული მხარიდან იყო წამოსული. ბრიტანელებს სურდათ დანია-ნორვეგიასთან კავშირის შექმნით გაპარპაშებული ფრანგების დამარცხება, თუმცა თავის მხრივ დანიელებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ ამ ქორწინებაზე. ფრედერიკის მამა, მეფე კრისტიან VI იმედოვნებდა, რომ ბრიტანელებთან კავშირი დაეხმარებოდა თავისი ვაჟისათვის შვედეთის გვირგვინიც მიეღო, უფრო პირადულ დონეზე კი მეფეს იმედი ჰქონდა, რომ ცოლის შერთვა გამოასწორებდა მისი ვაჟის სასმელისა და ქალებისაკენ მიდრეკილებას, რაც ტახტის მემკვიდრისთვის შეუფერებელი საქციელი იყო.

წყვილს არც თუ ისე დიდხნიან ქორწინებაში ხუთი შვილი შეეძინათ, რომელთაგან პირველი სულ ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინება წმინდა წყლის პოლიტიკური გარიგება იყო, ფრედერიკი და ლუიზა მაინც კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და მათ ქორწინების პირველი წლები საკმაოდ ბედნიერად განვლეს. ფრედერიკი იმითაც იყო ბედნიერი, რომ ლუიზა მას არ უშლიდა მრუშობას მის საყვარელ ელზა ჰანსენთან. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ფრედერიკი მეუღლეს ყოველთვის დიდ პატივს სცემდა და საოცრად კეთილშობილ ქალად მოიაზრებდა, მაგრამ მათ ერთმანეთი არ ჰყვარებიათ. ლუიზამ ჩასვლისთანავე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა დანიის სამეფო კარზე, განსაკუთრებით კი თავის მამამთილზე, რომლის აზრითაც იგი საოცრად კეთილი და სასიამოვნო გოგონა იყო.

დედოფალი ლუიზა 1745 წელს, კარლ გუსტავ პილოს ნახატი.

როდესაც 1746 წლის 6 აგვისტოს მისი ქმარი ტახტზე ავიდა, ლუიზა დანიისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა, რომელშიც საკუთრივ დანიისა და ნორვეგიის გარდა მოიაზრებოდა ჩრდილო გერმანული სამთავრო ჰოლშტაინი, სამხრეთ შვედური მიწები, ისლანდია, გრენლანდია და ასევე ფარერის კუნძულები.

დედოფალი ლუიზა ხალხში მალევე გახდა ძალიან პოპულარული. ცხადია ამან დანიელ ხალხში მეფისა და დედოფლისადმი უფრო მეტი მოწიწებისა და პატივისცემის გაჩენა გამოიწვია. იგი დაინტერესებული იყო მუსიკით, ცეკვითა და თეატრით. ამასთან მან სამეფო კარის ცხოვრება უფრო იოლი და თავისუფალი გახადა, რაც ძლიერ განსხვავდებოდა იმ სამეფო კარისგან, რომელიც მისი მამამთილის დროს ათასგვარ დოგმებში იყო მოქცეული. ლუიზას ძალიან ცოცხალი და კომუნიკაბელური ხასიათი ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა მას, რომ ძალიან მარტივად გაეცნო და დაახლოვებოდა საჭირო პიროვნებებს. 1747 წელს სამეფო კარზე მან გამოჩენილი იტალიელი საოპერო მომღერლები ჩაიყვანა და დიდი წარმოდგენა დადგა. ამას მოჰყვა 1748 წელს ფრანგული სამსახიობო დასის ჩაყვანა და რამდენიმე ცნობილი პიესის დანიის სამეფო კარზე გაცოცხლება.

ლუიზა 1751 წელს

ამ პერიოდისათვის დანიის სამეფო კარის სალაპარაკო ენას არა დანიური, არამედ გერმანული ენა წარმოადგენდა. ყოველივე ეს დედოფალს ძალიან აღიზიანებდა, რის გამოც მან დიდი დრო, ძალისხმევა და ენერგია ჩადო იმაში, რომ დანიის სამეფო კარი და არა მხოლოდ ის კვლავ დანიურ ენაზე აელაპარაკებინა. მისი ბრძანებით მკაცრად აიკრძალა საჯარო თავშეყრის ადგილებში გარდა რომელიმე ენაზე საუბარი, გარდა დანიურისა. ამისათვის მან დაიქირავა სპეციალური რეპეტიტორები, რომლებიც სრულიად არისტოკრატიასა და მის შვილებს ასწავლიდნენ მათ მშობლიურ ენას. აგრეთვე წირვა-ლოცვისა და ზოგადად საღვთისმეტყველო ენადაც სწორედ დანიური გამოცხადდა. იგი აღწერილი იყო როგორც ძალიან განათლებული და დახვეწილი, კარგი მოსაუბრე, სილამაზით დიდად გამორჩეული არ ყოფილა, თუმცა ხალხისა და მისი თანამედროვე მემატიანეების აზრით სწორედ რომ დედოფლობისთვის იყო დაბადებული. დედოფალ ლუიზას დანიაში ჩასული შვედი დიპლომატი ამგვარად აღწერს:

ვიკიციტატა
„მას აქვს კარგი აზროვნება და იცის მარტივი სიტყვებით საუბარი, მეტად მეგობრულ ტონში, იცის თუ როგორ უნდა ილაპარაკოს მრავალ თემაზე და შეუძლია რამდენიმე უცხო ენაზე საუბარი. როდესაც სამეფო კარზე შემოდის, იგი არავის არ ტოვებს ისე, რომ რაიმე სასიამოვნო არ უთხრას. მას ძალიან უყვარს ცეკვა, რაც მშვენივრად გამოსდის. მას ასევე აქვს კარგი ხასიათი და ხალხშიც ცნობილია, როგორც საოცარი პიროვნული თვისებების მქონე პიროვნება. იგი დიდ სიამოვნებას პოულობს კითხვასა და მუსიკაში, მან კარგად იცის კლავიჩორდზე დაკვრა და საკუთარ ქალიშვილებს სიმღერასაც ასწავლის...“

1751 წელს ლუიზამ სრულიად უშედეგოდ სცადა თავისი ქალიშვილის, პრინცესა სოფია მაგდალენას მითხოვებით შვედეთის გვირგვინის მითვისება. ამის მიზეზი იყო ის, რომ მისმა ქალიშვილმა თავი ვერ მოაწონა დანიის დედოფალ ულრიხა პრუსიელს. ულრიხა საზოგადოდ ცნობილი იყო, როგორც ანტი-დანიური შეხედულებების მატარებელი ქალბატონი და განსხვავებით ლუიზასგან, ქვეყანასა და სამეფო კარს თავად მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით ლუიზამ ულრიხას დაყოლიება სცადა მათი შვილების ქორწინებაზე, მაგრამ ამაოდ.

ნაადრევი გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც დედოფალი ლუიზა მეექვსედ დაფეხმძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეირყა. საბოლოოდ ზემოთ ხსენებული ორსულობა 1751 წლის 19 დეკემბერს მუცლის მოშლით დასრულდა, რამაც ამავე დღეს თვითონ ლუიზას სიცოცხლეც კი შეიწირა 27 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში. სულ რამდენიმე წელიწადში კი ფრედერიკი მეორედ დაქორწინდა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა.

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
კრისტიანი 7 ივლისი,

1745

3 ივნისი,

1747,

(1 წლის)

დანიისა და ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე, გარდაიცვალა მცირეწლოვანი
სოფია

მაგდალენა

3 ივლისი,

1746

21 აგვისტო,

1813,

(67 წლის)

1766 წელს ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე გუსტავ III-ს, რომელთანაც შეეძინა შვედეთის მომავალი

მეფე გუსტავ IV ადოლფი

ვილჰელმინა

კაროლინა

10 ივლისი,

1747

14 იანვარი,

1820,

(72 წლის)

1785 წელს ცოლად გაჰყვა ჰესენისა და კასელის ლანდგრაფ ვილჰელმ I-ს, რომელთანაც შეეძინა

ოთხი შვილი

კრისტიან VII 29 იანვარი,

1749

13 მარტი,

1808,

(59 წლის)

დანიისა და ნორვეგიის მეფე. იყო ჭკუიდან შეშლილი. ცოლად შეირთო ქეროლაინ მატილდა

ბრიტანელი, რომელსაც მოგვიანებით ღალატის გამო გასცილდა და გააძევა, თუმცა ქორწინებაში

მათ ორი შვილი შეეძინათ, მათ შორის დანიის მომავალი მეფე ფრედერიკ VI

ლუიზა 20 იანვარი,

1750

12 იანვარი,

1831,

(80 წლის)

ცოლად გაჰყვა ჰესენისა და კასელის ლანდგრაფ კარლს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი,

მათ შორის დანიისა და ნორვეგიის მომავალი დედოფალი მარია ჰესენ-კასელელი

  • Bregnsbo, Michael (2004). "Danish Absolutism and Queenship: Louisa, Caroline Matilda, and Juliana Maria". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 344–367. ISBN 0-521-81422-7.
  • Henry Churchyard "Royal Genealogies, Part 10.
  • Sam Sloan "Big Combined Family Trees (pafg752).