შინაარსზე გადასვლა

კამერუნის მთიანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამერუნის მთიანეთი, ასევე დასავლეთის მაღალმთიანი პლატო, ან დასავლეთის მაღალმთიანეთი, ან კამერუნის მთებიმთიან რელიეფიანი კამერუნის რეგიონი, ხასიათდება დაბალი ტემპერატურით, ძლიერი წვიმებით და სავანური მცენარეულობით. რეგიონი მდებარეობს კამერუნის მთიანი ნასხლეტის ხაზის გასწვრივ და შედგება კრისტალური და ვულკანური ჯიშის მთის ქედებისგან და ვულკანებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ რაიონი ესაზღვრება კამერუნის სამხრეთის პლატოს, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ადამავის პლატოს, ხოლო სამხრეთისკენ კამერუნის სანაპირო დაბლობს.

ტოპოგრაფია და გეოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მენჩამის ჩანჩქერი კამერუნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში

კამერუნის მთიანეთი მდებარეობს კამერუნის მთიანი ნასხლეტის ხაზის გასწვრივ, რომელიც წარმოადგენს ვულკანურ ამოზნექილ ჯაჭვს, გადაჭიმული მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ატლანტის ოკეანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მდებარე ადამავის პლატომდე. რაიონი ხასიათდება ქვის მასივებიანი და მთიანი ნაოჭა რელიეფით. კამერუნის მთიანეთი მოიცავს რამდენიმე ჩამქრალ და მძინარე ვულკანს, მათ შორის ბამბუტუს მთებს, ოკუს და კაპეს მთებს.[1] მთიანეთი თანდათან ზემოთ იწევა დასავლეთიდან. აღმოსავლეთისკენ ის გარშემორტყმულია მთებით, რომლებიც სამხრეთ კამერუნის მთიანეთში ამოწეულია ზღვის დონიდან 1000 მეტრიდან 2500 მეტრ სიმაღლემდე.[1] ჩრდილო-აღმოსავლეთში მთიანეთს ცვლის ადამავის პლატო, რომელიც უფრო დიდია, მაგრამ ნაკლებად დაზიანებულია.[2]

მთიანეთის ბირთვს შეადგენენ მაგმური ქანები, გარშემორტყმული ვულკანური წარმოშობის კლდეებით.[3] საფუძველს წარმოადგენს კრისტალური და მეტამორფული ქანები.[4] აქ კლდეები პირველ რიგში შედგებიან პრეკემბრიული პერიოდის გნაისებისგან და გრანიტებისგან. მათ ფარავს ბაზალტის ფენა.[2] ვულკანიზმმა შექმნა ხელსაყრელი პირობები შავი და ყავისფერი ნიადაგისთვის.[5]

ოკუს ტბა კამერუნის მთიანეთში კრატერული ტბაა.

კამერუნის მთიანეთი მდებარეობს კამერუნის ტიპის ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში. რეგიონში სჭარბობს ორი ძირითადი სეზონი: 9 თვემდე გაგრძელებული წვიმიანი სეზონი და მოკლე, სამთვიანი გვალვიანი სეზონი. წვიმიანი სეზონის დროს დასავლეთიდან ქრის ნოტიო, უპირატესად მუსონური ქარი და ამ რეგიონში მთებთან შეჯახების დროს კარგავს თავის სინოტივეს. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში მერყეობს 1000 მმ-დან 2000 მმ-მდე.[6] კამერუნის დანარჩენ ნაწილთან შედარებით სიმაღლეები რეგიონს აძლევს უფრო გრილ კლიმატს. მაგალითად, საშუალო ტემპერატურა დჩანგაში დასავლეთის რეგიონში შეადგენს 20 °С-ს.[7] ჩრდილოეთისაკენ ნალექების რაოდენობა კლებულობს იმ დონემდე, რამდენადაც მას საშუალებას აძლევს სუდანური კლიმატი.[8]

კამერუნის მთიანეთის რელიეფი და ნალექების დიდი რაოდენობა მას ხდის კამერუნის მთავარ წყალგამყოფად.[9] ამ რეგიონის მთავარი მდინარეებია მანიუ, რომლის სათავეც ბამბუტუს მთებში იმყოფება და ნიგერიაში, თავის ქვედა დინებაში, გადაიქცევა კროს-რივერად და მდინარე ნკამი, აგრეთვე ცნობილი როგორც მდინარე ვური თავის ქვედა დინებაში.[7] მთიანეთი ასევე სათავეს აძლევს მდინარე სანაგის მთავარ შენაკადებს. ეს მდინარეები მიეკუთვნება კამერუნის რეჟიმს, სხვა სამხრეთსუდანური მდინარეების ეკვატორული რეჟიმის ქვესახეობას. ეს ნიშნავს, რომ მდინარის რეჟიმი წვიმების სეზონის განმავლობაში შედგება ხანგრძლივი, წყალუხვი პერიოდისგან და გვალვების სეზონის განმავლობაში მცირე წყლის დონიანი მოკლე პერიოდისაგან.[10] საბოლოოდ რეგიონის მდინარეები ჩაედინებიან ატლანტის ოკეანეში.[9] ტერიტორიის ნაოჭა აგებულების გამო წყლის დინებების გასწვრივ აქ წარმოშობილია რამდენიმე ჩანჩქერი. ეკონის ჩანჩქერს ქალაქ ნკონგსამბასთან ახლოს დასავლეთის რეგიონში აქვს 80 მეტრი სიმაღლე.[11] მთიანეთში კრატერული ტბები ჩამქრალი ვულკანების წყლით შევსებული კრატერებია.[2]

ოდესღაც კამერუნის მთიანეთი ტყეებით იყო დაფარული. მაგრამ ადამიანების მიერ ტყის უკონტროლო გაჩეხვამ და გადაწვამ მოიტანა ტყის უკან დახევა წყლის დინების გასწვრივ და მისი ადგილი დაიკავა ბალახოვანმა მდელოებმა.[12] სუდანურმა სავანამ ჩამოაყალიბა უპირატესი მცენარეულობა. ის წარმოდგენილია ბალახოვანი მინდვრებით, რომელსაც ქალაქ ბამენდის შემოგარენში Bamenda grassfields ჰქვია და დაბალი ბუჩქებით და ხეებით, რომლებსაც თავიანთი ფოთლები გვალვიანი სეზონის დროს სცვივათ ხანძრისგან და გვალვისდან დაცვის სახით. ხეობებში და დაბლობებში იზრდება Raffia palms-ის ჯიშის პალმები.[13]

  1. 1.0 1.1 Gwanfogbe et al. 1983, pp. 8.
  2. 2.0 2.1 2.2 Neba 1999, pp. 17.
  3. Neba 1999, pp. 23–24.
  4. Gwanfogbe et al. 1983, pp. 12.
  5. Gwanfogbe et al. 1983, pp. 19.
  6. Gwanfogbe et al. 1983, pp. 16–17.
  7. 7.0 7.1 Gwanfogbe et al. 1983, pp. 17.
  8. Neba 1999, pp. 19.
  9. 9.0 9.1 Gwanfogbe et al. 1983, pp. 24.
  10. Gwanfogbe et al. 1983, pp. 25.
  11. Gwanfogbe et al. 1983, pp. 27.
  12. Gwanfogbe et al. 1983, pp. 18.
  13. Neba 1999, pp. 34.