შინაარსზე გადასვლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ქობულეთი
კოორდინატები 41°48′40″ ჩ. გ. 41°46′31″ ა. გ. / 41.81111° ჩ. გ. 41.77528° ა. გ. / 41.81111; 41.77528
მერი ლევან ზოიძე     
ფართობი 711.8 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 74 794 (2014),
99 800 (1994)[1] ,
96 725 (1995)[1] ,
92 988 (1996)[1]
სიმჭიდროვე 105,08 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,1 %
სომხები 0,9 %
რუსები 0,9 %
ბერძნები 0,4 %
ბოშები 0,2 %
უკრაინელები 0,2 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 65,1 %
მუსლიმები 28,8 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (426)
საფოსტო ინდექსი 6200
ოფიციალური საიტი http://kobuleti.gov.ge/
ქობულეთის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ხინოწმინდა

ქობულეთი განსაკუთრებით მდიდარია ქვის ხანის, ადრე ფეოდალური და ანტიკური ძეგლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის ორი არქეოლოგიური ძეგლი (ხუცუბნისა და ქობობულეთის არქეოლოგიური ძეგლები) და ერთი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი (ჩაისუბანი).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოადგენდა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, გურიის ნაწილს, ქვემო გურიას, ხოლო რელიგიური დაყოფით შედიოდა ხინოწმინდის საეპისკოპოსოში. ქვემო გურიაში იყო თავდგირიძეების, გუგუნავების და მანველიშვილების სათავადოები. XVIII საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო ქვემო გურიის თანდათანობითი დაპყრობა. 1703 წელს ოსმალეთმა დაიპყრო ბათუმისა და ჩაქვის მხარეები და უშუალოდ დაუმეზობლდა ქვემო გურიას, ხოლო 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ საბოლოოდ მიისაკუთრა ქვემო გურია. ოსმალებმა ჯერ 1769 წელს აიღეს ციხისძირი და ქობულეთი, ხოლო 1772 წლის მაისში ხინოწმინდა.[3]

საზღვარი ოსმალეთსა და გურიის სამთავროს შორის მდინარე ცხრაფონაზე გაივლო. დაიწყო ამ მხარის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც ერთი საუკუნე გაგრძელდა. ოსმალეთის შემადგენლობაში აღნიშნული ტერიტორია ქმნიდა ჩურუქ-სუს კაზას (ოლქს), რომელიც ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა. რუსეთის იმპერიას ჩურუქ-სუს მიერთება შეეძლო 1829 წელს, მაგრამ ადრიანოპოლის ხელშეკრულებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო პირიქით, საზღვარმა უფრო ჩრდილოეთით გადაიწია და მდინარე ჩოლოქზე გაიარა.[4]

1865 წლის მონაცემებით ჩურუქ-სუს კაზაში 16 სოფელი შედიოდა, სადაც იდგა 1403 სახლი, მოქმედებდა 17 მეჩეთი, ათი მედრესე 18 წისქვილი, 145 დუქანი და 5 ყავახანა, ცხოვრობდა 3592 ქართველი მუსლიმი და 538 ჩერქეზი მუჰაჯირი. მოსახლეობა აწარმოებდა სიმინდსა და სამშენებლო ხე-ტყეს.[5] 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა თურქული გვარები, მაგრამ ახსოვდათ ქართული წარმომავლობა და იყენებდნენ ქართულ გვარებსაც.[6]

ჩურუქ-სუს მითვისება რუსეთის იმპერიამ მოახერხა 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. რუსეთმა ის ბათუმის ოლქის ბათუმის ოკრუგის შემადგენლობაში შეიყვანა კინტრიშის უბნის სახით. 1930 წელს შეიქმნა ქობულეთის რაიონი. 1962-64 წლებში შედიოდა ჩაქვის რაიონის შემადგენლობაში ცენტრით დაბა ჩაქვში. 1964 წლის 7 აპრილს ჩაქვის რაიონი გაუქმდა და ისევ აღდგა ქობულეთის რაიონი ცენტრით ქალაქ ქობულეთში. 2006 წლიდან ქობულეთის რაიონს ეწოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი.[7]

კინტრიშის დაცული ტერიტორია

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზღვის დონიდან 10 მ. სიმაღლეზე, ფართობი — 711,8 კვ.კმ. საშუალო წლიური ტემპერატურა 13–15 °C. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000 მმ, კლიმატი — სუბტროპიკული.

მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ის მოქცეულია შავ ზღვას, მდინარე ჩოლოქსა და მესხეთის ქედს შორის. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 55 კმ.), სამხრეთ-დასავლეთით – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 24 კმ.), სამხრეთით – ქედის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 33 კმ.), სამხრეთ–აღმოსავლეთით – შუახევის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 21 კმ.). ზღვისპირა ზოლის სიგრძეა 24 კმ. მუნიციპალიტეტს უჭირავს 711,8 კმ² ფართობი. მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოიყენება 21 170 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რაც შეადგენს მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 29,4 %-ს. მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 30 252 ჰექტარს, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 42 %-ს. დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება: კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, თიკერის აღკვეთილი თავისი ფლორითა და ფაუნით. იშვიათი მცენარეებითაა სავსე ისპანის ჭაობი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტყის რესურსების საკმაო რაოდენობისაა და ტყიანობის კოეფიციენტი 65 %-ს აღემატება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია წიფელი, წაბლი და მურყანი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: ქობულეთ-ჩაქვის ქედის ჩრდილო-დასავლეთი კალთა, შავიზღვისპირა ვაკე-დაბლობები და გორაკ-ბორცვიანი ზოლი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილებია მწვერვალები ხინო (2599 მ) და პერანგა (2235 მ). არის აგრეთვე მწვერვალები: მორვილი (1728 მ), საყუდისთავი (1707 მ) და მტირალა (1381 მ).

რელიეფი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული, ძირითადად, ეოცენური ვულკანური ქანებით: ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ქედის კალთა დასერილია ხშირი მდინარული ქსელით. რელიეფში ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთახეობათა ფორმები. ქობულეთ-ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილსა და მიმდებარე ვაკე-დაბლობის მიჯნაზე მკვეთრად დანაწევრებული, ალაგ-ალაგ ზღვიური და მდინარეული ტერასებიანი გორაკ-ბორცვებია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავ ზღვამდე აღწევს და წარმოშობს ფლატეს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უჭირავს მეოთხეული ნალექებით – თიხებით, ქვიშებითა და კონგლომერატებით აგებულ ჭაობიან ქობულეთის ვაკე-დაბლობებს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით ვიწროვდება. მას ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნური სერები მიუყვება. მცირე ზომის ვაკე-დაბლობებია აგრეთვე დაბა ჩაქვთან და ჩაქვისწყლის შესართავთან.

მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულებით: ტორფი, ცეცხლგამძე თიხები, მაგნეტიტური ქვიშები. დიდი რაოდენობით მოიპოვება სამშენებლო ქვა, ქვიშა და ხრეში.

ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე ძირითადად გავრცელებულია ალვიური, ეწერი და ჭაობის ტორფიანი ნიადაგები, გორაკ-ბორცვებზე კი წითელმიწები ჭარბობს, ზოგან ჩამოყალიბებულია ყვითელმიწები. ქობულეთ-ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილში გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგები, ზემო ნაწილში – გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი, მაღალმთიან ზონაში – კორდიანი (ალაგ-ალაგ კორდიან-ტორფიანი) მთის მდელოს ნიადაგები. ხევ-ხეობების ციცაბო უბნებზე კი საკმაოდ სუსტად განვითარებული ნიადაგებია.

სტიქიურ-გეოლოგიური მოვლენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვულკანოგენური წარმონაქმნები უმეტეს შემთხვევაში ქიმიურად გამოფიტულია და ხასიათდება მკვეთრად დაქვეითებული ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით. ეს გარემოება ხელსაყრელ პირობას ქმნის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარებისათვის. ამ პროცესების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ასევე რელიეფის მორფოლოგია. გრავიტაციული პროცესები (ჩამოქცევა, მეწყერი, ჩამოშლა) უმეტესად ვითარდება ციცაბო რელიეფის პირობებში, რომლის დახრის კუთხე 25 %-ს აღემატება.

ფერდობების ამგები ქანების გაწყლიანება-გადამძიმებამ გამოიწვია ისედაც სუსტი სტატიკური წონასწორობის დარღვევა და გრავიტაციული პროცესების განვითარება. დაზიანებული ფართობების უმეტესობა გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს მეწყრული პროცესების აქტივიზაციაზე. სადრენაჟო არხები არ არის გაყვანილი სასოფლო გზების გასწვრივაც, რის გამოც წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადები უსისტემოდ მიედინება და ხელს უწყობს გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციას.

სტიქიური ბუნებრივი პროცესების განვითარებას ხელი შეუწყო XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მდინარეთა ხეობებიდან ინტენსიურად ქვებისა და ხრეშის ამოღებამ საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის, აგრეთვე საძირკვლისა და გზების მყარი გრუნტის შექმნისათვის. მთიან პირობებში, ტყეების გაჩეხვამ მშენებლობისა და შეშისათვის, აგრეთვე აფეთქებითა და მძიმეწონიანი ტრაქტორებით გზების გაყვანამ სოფლებში და ალპურ საძოვრებზე, ალპური საძოვრების გადატვირთვამ ჭარბი პირუტყვის ძოვებით.

მუნიციპალიტეტის ვაკე-დაბლობსა და გორაკ-ბორცვებზე ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მთებში სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ჯერ ზომიერად ნოტიო ხდება, შემდეგ – გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 13,50 °C-დან (ზღვისპირა ზოლში) - 30 °C-მდე (მთა ხინო). აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა - 17 °C, ხოლო აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა 42 °C. ნალექის საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000 მმ-ს შეადგენს. უხვნალექიანობით გამოირჩევა შემოდგომა და ზამთარი. ვაკე-დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ნაწილებში იშვიათად იქმნება თოვლის საფარი. მთებში თოვლის საბურველის სიგრძე ზოგჯერ 5–6 მეტრსაც აღწევს და 6–7 თვის განმავლობაში ჩერდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირია ნისლი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებითა და წყაროებით. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჩოლოქი, დეხვა, აჭყვა. ზემო და შუა დინებაში მთის ტიპის მდინარეებია. მდინარეებს ახასიათებს ღრმა და ვიწრო, ზოგან კანიონისებრი ხეობები. მდინარეები შერეული საზრდოობისაა და ძირითადად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ადგილი აქვს წყალდიდობას, წყალმოვარდნა მოსალოდნელია წლის ნებისმიერ სეზონში. ზღვისპირა დიუნების აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჭაობების ზოლი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 სოფელში (ხალა, შუაღელე, კვირიკე, ხუცუბანი, ჩაქვი, ქობულეთი, ჭახათი, ლეღვა) გამოვლენილია მინერალური და თერმული წყლები.

კინტრიშის ნაკრძალში, ხინოს მთის მიდამოებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზეა სარბიელის ტბა, ტბიყელის ტბა ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრზე მდებარეობს. ტბას გააჩნია ოვალური ფორმა, მისი მაქსიმალური სიღრმე 18-20 მეტრს აღწევს. ტბიყელის ტბა ატმოსფერული ნალექებით, გამდნარი თოვლითა და მიწისქვეშა წყლებით იკვებება. ტბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწისქვეშა არხის გავლით ტბიდან გამოედინება 4 წყარო და მათგან იქმნება პატარა მდინარე. ტბაში მცირე რაოდენობით არის წყლის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. მასთან ახლოსაა ასევე ტბიყელისა და სიძერძალის ტბები. სოფელ ხინოწმინდაში მდებარეობს შავი ტბა, რომლის ფართობი 21 648 კვადრატული მეტრია, მაქსიმალური სიღრმე კი 7 მეტრი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1600-მდე სახეობის მცენარეა, მათ შორის 20 % რელიქტური და ენდემურია. ხელოვნურადაა გაშენებული ფიჭვი. ისპანის ჭაობი კი ტორფის შემქმნელი ხავსებით, ისლით, ჭილით, ლერწმითა და სხვა მცენარეებით არის დაფარული. გორაკ-ბორცვებსა და მთისწინებზე გაბატონებულია მარადმწვანე ქვეტყიანი კოლხური ტყეები, სადაც ჭარბობს მუხა, ცაცხვი, იფანი, ქვეტყეში – შქერი, წყავი, ბზა, მოცვი, იელი, თხილი, ლიანებიდან – სურო, სვია, კატაბალახა, გარეული ვაზი და სხვ. ტყეებში დიდი რაოდენობით იზრდება გარეული ხეხილი – მაჟალო, პანტა, ლეღვი, ზღმარტლი. 600-700 მ-დან 1500-1600 მ-მდე შერეული ფართოფოთლოვანი ტყის ზონაა, სადაც ძირითადად წიფელნარი ტყეები გვხვდება. აქ იზრდება აგრეთვე რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ბოყვი და ნეკერჩხალი. 1600-1700 მ-დან ტყეში წიფელთან ერთად გვხვდება ნაძვი, სოჭი და იშვიათად ფიჭვიც. ტყის ზემო საზღვართან ტანბრეცილა წიფლის, არყისა და ციცრელისაგან შექმნილი სუბალპური ტყეებია. 1900-2000 მ ზემოთ სუბალპური მდელოებია, სადაც გავრცელებულია: ბასრისპირა, ნემსიწვერა, გერანიუმი, შვრიელა, წივანა, დიყი, დეზურა, შროშანა და სხვ. ბუჩქოვნებიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: დეკა, ისელი, მაჯაღვერი. მდელოებს მუნიციპალიტეტში იყენებენ საზაფხულო საძოვრებად.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრობს კურდღელი, შურთხი, მთის ტოროლა და სხვ. ტყის ზონაში გავრცელებულია ჭანური დათვი, მგელი, მელა, კვერნა, ტყის კატა, შველი და გარეული ღორი; ფრინველებიდან – ქორი, ძერა, ჯაფარა და შაშვი.

ბარში მცირე რაოდენობით არიან: ტურა, მაჩვი, ზღარბი. მდინარეებში ბევრია: წვერა, ღორჯო, კეფალი, კალმახი. ჭაობიანი უბნებისათვის დამახასიათებელია ჭაობის კუ, ბაყაყი, ტრიტონი, ტბორებში – ლიმეა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 70,7 ათას ადამიანს. აქედან საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 28,3 ათასი, ხოლო სასოფლო დასახლებაში 42,4 ათასი ადამიანი. საშუალო სიმჭიდროვე 1კმ² -ზე შეადგენს 126,5 ადამიანს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს 2173 იძულებით გადაადგილებული პირი. ცხრილში მოცემულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. 1929 წლამდე ნაჩვენებია კინტრიშის უბნის მოსახლეობის მონაცემები.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1865 4130
1888[8] 7257 3931 3326
1893[9] 7464 4038 3426
1901[10] 10 377 5664 4713
1910[11] 17 174 9408 7766
1959 54 401
1970 70 717
1979 78 382
1989 88 107
2002 87 968
2014 74 794
2021[12] 71 800

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 21 ტერიტორიული ერთეული.

# ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება სოფლები და დასახლებები მოსახლეობის რაოდენობა ფართობი (კმ²)
1 ქალაქი ქობულეთი ქალაქი ქობულეთი 16 546 16 546 14,99
2 დაბა ოჩხამური ოჩხამური 5355 5355 25,25
ცეცხლაური
ჯიხანჯური
3 დაბა ჩაქვი ჩაქვი 6720 8574 19,66
სოფ. ბუკნარი 1166
სოფ. სახალვაშო 688
4 ალამბარი სოფ. ალამბარი 1837 2145 11,1
სოფ. ზედა კონდიდი 308
5 აჭყვისთავი სოფ. აჭყვისთავი 1 057 1057 8,09
6 ბობოყვათი სოფ. ბობოყვათი 2 282 2 817 9,05
ქვედა დაგვა 545
7 გვარა სოფ. გვარა 1089 1409 5,23
სოფ. ქვედა კონდიდი 320
8 დაგვა სოფ. დაგვა 2032 2032 8,87
9 ზენითი სოფ. ზენითი 764 764 3,76
10 კვირიკე სოფ. კვირიკე 1921 4119 19,19
სოფ. ზედა კვირიკე 490
სოფ. ქვედა კვირიკე 1699
11 ლეღვა სოფ. ლეღვა 2081 3182 15,09
სოფ. სკურა 403
სოფ. ცხრაფონა 698
12 მუხაესტატე სოფ. მუხაესტატე 2045 2045 8,84
13 საჩინო სოფ. საჩინო 758 2931 8,96
სოფ. ზედა აჭყვა 1037
სოფ. ქვედა აჭყვა 1136
14 ქაქუთი სოფ. ქაქუთი 1211 1621 21,25
სოფ. აჭი 253
სოფ. გოგმაჩაური 53
სოფ. ნაცხავატევი 104
15 ქობულეთი სოფ. ციხისძირი 2 472 4 162 10,46
სოფ. სტალინისუბანი 956
სოფ. შუაღელე 734
16 ჩაისუბანი სოფ. ჩაისუბანი 2 847 2 847 12,32
17 წყავროკა სოფ. წყავროკა
18 ჭახათი სოფ. ჭახათი 390 610 26,92
სოფ. დიდვაკე -
სოფ. ვარჯანაული -
სოფ. კაკუჩა 0
სოფ. კეჭიეთი 78
სოფ. კობალაური -
სოფ. ოხტომი 121
სოფ. ტყემაკარავი -
სოფ. ხინოწმინდა -
19 ხალა სოფ. ხალა 1503 2861 18,73
სოფ. გორგაძეები 1298
სოფ. ჩაქვისთავი 60
20 ხუცუბანი სოფ. ხუცუბანი 3483 5084 16,87
სოფ. ნაკაიძეები 672
სოფ. ქვედა სამება 929

ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც შედგება 39 წევრისაგან. არჩევნები ტარდება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. ბოლო არჩევნები გაიმართა 2021 წლის ოქტომბერში.

პარტია 2017[13] 2021[14] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 29 24                                              
  ნაციონალური მოძრაობა 6 13                          
  საქართველოსთვის 1  
  დამოუკიდებელი 1[]  
  პატრიოტთა ალიანსი 1
  ევროპული საქართველო 1
სულ 37 39  

წამყვანი ეკონომიკის დარგებია ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. განვითარების სტადიაშია სოფლად ტურიზმი. სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებებია მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მებაღეობა, ასევე განვითარებულია მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში მოქმედებს გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის მცირე საწარმოები. ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაწინაურებულია მომსახურეობისა და ვაჭრობის სფერო.[16]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა – საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კილომეტრს. სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა 19 კმ, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 240 კმ. საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზები მთლიანად დაფარულია შავი საფარით, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მხოლოდ 67 კილომეტრია დაფარული შავი საფარით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 87 ხიდია, მათ შორის 5 საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, 10 - სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე და 72 - ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე.

მუნიციპალიტეტში მდებარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს აწვდის საჭირო ინფორმაციას ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების, დაცული ტერიტორიების, ტრანსპორტის და სხვა საკითხების შესახებ. ცენტრი ასევე ეხმარება ვიზიტორებს სასურველი ტურების დაგეგმვაში.

ტურიზმის სახეობები მუნიციპალიტეტში

  • საზღვაო ტურიზმი
  • ეკოტურიზმი
  • სამკურნალო ტურიზმი
  • კულტურული ტურიზმი
  • სპორტული ტურიზმი
  • სასოფლო ტურიზმი
  • სამეცნიერო ტურიზმი
  • პილიგრიმული ტურიზმი
  • სათავგადასავლო ტურიზმი
  • კულინარიული ტურიზმი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს 29 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო და 3 კერძო სკოლა. 2022 წლის მდგომარეობით, საბავშვო ბაღებში 3300 აღსაზრდელი ირიცხება, ხოლო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 12 500-ს შეადგენს.[16]

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, საბიბლიოთეკო განყოფილება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი და საზოგადოებრივი კოლეჯი.[16]

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ქობულეთის მუზეუმი, რომელიც აერთიანებს განათლების ისტორიის, კულტურის ისტორიის, ქობულეთის ისტორიისა და არქეოლოგიის და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს. აქვეა გამოფენილი მხატვრისა და მოქანდაკის, ვაჟა ვერულიძის ნამუშევრები.[17]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს:

  • სახალხო ფოლკლორული ანსამბლი „ქობულეთი“
  • ა (ა)იპ გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“
  • ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“
  • ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი ჯგუფი „ჩანგი“
  • რიტმული ცეკვების შემსწავლელი კლუბი „ახალი რიტმები“
  • სალოტბარო განყოფილება
  • ქაქუთის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ქაქუთი“
  • ქაქუთის კულტურის სახლთან არსებული ს. მამულაიშვილის სახელობის ანსამბლი „სულიკო“
  • ლეღვას სასოფლო კლუბთან არსებული ვოკალური ჯგუფი „ალილო“
  • დაგვას კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი „ვახტანგური“
  • ალამბრის სასოფლო კლუბთან არსებული ვოკალური ჯგუფი „ადილო“
  • ხალას კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი „შევარდენი“
  • ციხისძირის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ჯგუფი
  • ზედა აჭყვას სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიხარული“
  • ჩოლოქის სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩოლოქი“
  • სოფ. ქობულეთის სასოფლო კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩაქურა“
  • ცეცხლაურის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თაიგული“[18]

ქობულეთში ყოველწლიურად თებერვლის თვეში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის დღე.[19]

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, რომელთაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელება თარიღი აღწერა
„მზე სოფელში ანათებს“ ივლისი სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველი წლის ივლისში ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზაფხულო ფესტივალი იმართება.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ადგილობრივ კულტურასა და საგამოფენო ნივთებს. დააგემოვნოს ადგილობრივი სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძები, შეიძინოს აქ წარმოდგენილი პროდუქცია და სუვენირები. ფესტივალის ფარგლებში ტარდება სპორტული და კულინარული შეჯიბრებები და კონცერტები.[20]

ზაფხულის ფესტივალი ივლისი ყოველი წლის ზაფხულის დასაწყისში ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს მასპინძლობს, რომლის მთავარი მიზანია  ზაფხულის, ზღვაზე დასვენების და მხიარული განწყობის შექმნა. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სცენიდან  ადგილობრივი და მოწვეული ბენდები თუ დიჯეები  უწყვეტ რეჟიმში, მთელი დღის განმავლობაში ზრუნავენ ფესტივალის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.

კონცერტის პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა საზაფხულო აქტივობა. სპეციალური კუთხეა განკუთვნილი ბავშვებისთვის, სადაც ანიმატორები თამაშსა და გასართობს უმზადებენ ფესტივალის  პატარა სტუმრებს. სანაპიროზე ფუნქციონირებს სეზონური ღია ტიპის კაფე-ბარები, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის ქართული და ევროპული, ასევე ქობულეთური ტრადიციული სამზარეულოს და ტკბილეულის დაგემოვნება. შოუ-პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და განსხვავებულია, იმართება ცეცხლოვანი და ფრანების  შოუ, საღამოს, პლაჟზე სხვადასხვა ადგილას ინთება კოცონი, ცაში ეშვება ათასობით ფერადი ჰელიუმის ბუშტი. ღონისძიებას ფოიერვერკი ასრულებს.[21]

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი სექტემბერი-ოქტომბერი ფესტივალი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ორნითოლოგებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს, რომელთაც საშუალება აქვთ დააკვირდნენ მსოფლიოში სიდიდით მესამე მიგრაციის კორიდორში გადამფრენ მილიონზე მეტ მტაცებელ ფრინველს. პარალელურად ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ლექცია-სემინარები იმართება.[22]
„ჩაქვისთავობა“ სექტემბერი სახალხო ზეიმი „ჩაქვისთავობა“ სოფელ ჩაქვისთავში ყოველწლიურად აღინიშნება, სადაც იმართება კონცერტები, სპორტული შეჯიბრები ნარდსა და მკლავჭიდში და ეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ადგილობრივი მეწარმეები და სპორტსმენები.[23]
„მანდარინობა“ ნოემბერი ყოველი წლის ნოემბერში იმართება ფესტივალი მანდარინობა, რომელიც აერთიანებს ციტრუსის მოსავლის აღების ტრადიციასა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს. ფესტივალზე სტუმრებს შეუძლიათ დაკრიფონ მანდარინი ციტრუსის ბაღში, დაამზადონ ლიმონათი, დაესწრონ ქართული კერძების მასტერკლასებს და მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.[24]

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „ ქობულეთის სასპორტო სკოლა“, რომელსაც გააჩნია შემდეგი სპორტული ინფრასტრუქტურა:

  • ხელოვნურსაფარიანი, ღია მინი ფეხბურთის მოედანი
  • ორი საჭიდაო დარბაზი ქალაქ ქობულეთში და სოფელ კვირიკეში
  • ორი ველო კაბინეტი
  • ჭადრაკის კაბინეტი

სასპორტო სკოლის ორგანიზებით ტარდება სამი ტურნირი:

  • ვასო გაროზაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის.
  • როსტომ მელაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის.
  • რეზო ბასილიას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძალოსნობაში, ჭაბუკთა შორის.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქობულეთის მუზეუმი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მდიდარია კოლხური ბზისა და უთხოვარის კორომებით, არის პატარა ტბები და ჩანჩქერები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი.

კინტრიშის ხეობაში შემორჩენილია თაღოვანი ხიდები. შუა საუკუნეების ხიდებია ვარჯანაულის ხიდი, ცხემვანის ხიდი, ტყემაკარავის ხიდი, თემარკოფის ხიდი, ასევე სოფელ ქობულეთის XIX საუკუნის ხიდი, რომელიც ამჟამად ფუნქციურად დატვირთულია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:

ციხეები

ელიას ციხე, პეტრას ციხე, მამუკას ციხე.

ეკლესიები

ჩეხედანას ეკლესია, ხინოწმინდა, ზედა აჭყვის წმინდა გიორგის ეკლესია

ჯამეები

კვირიკეს ჯამე, დაგვას ჯამე, ხუცუბნის ჯამე, ხალას ჯამე.

მუზეუმები

ქობულეთის მუზეუმი.

გამოჩენილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტო სახელი და გვარი წლები აღწერა
დავით ხახუტაიშვილი 1924-1999 ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
ზურაბ გორგილაძე 1937-2006 ქართველი პოეტი
გურამ თამაზაშვილი 1953-2009 ქართველი მომღერალი. ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი
რევაზ ჩელებაძე 1955 ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი
ნინო ქათამაძე 1972 ქართველი ჯაზის მომღერალი და სიმღერების ავტორი
ირაკლი თურმანიძე 1984 ძალოსანი. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.
გიორგი თხილაიშვილი 1991 მორაგბე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი
ჯანო ანანიძე 1992 ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქი სახელმწიფო რეგიონი/რაიონი/ოლქი ფართობი მაცხოვრებელი საფოსტო კოდი ვებ-გვერდი
კელცე[25] პოლონეთის დროშა პოლონეთი სვიეტოკში 109,6 კმ² 199 475 25001-25900 http://www.um.kielce.pl დაარქივებული 2020-09-19 საიტზე Wayback Machine.
იუჟნი[25] უკრაინის დროშა უკრაინა ოდესა 10,42 კმ² 32,745 65481—65489 https://www.yuzhny.info
პალანგა[25] ლიეტუვის დროშა ლიეტუვა კლაიპედა 79 კმ² 17 632 00100-00103 https://palanga.lt/ დაარქივებული 2022-11-25 საიტზე Wayback Machine.
რივნე[25] უკრაინის დროშა უკრაინა რივნე 63.00 კმ2 245,289 33000 city-adm.rv.ua
ალავერდი[25] სომხეთის დროშა სომხეთი ლორე 18 კმ² 13,186 1701-1708 http://www.alaverdi.am/
ნარვა[25] ესტონეთის დროშა ესტონეთი იდა-ვირუმაა 84.54 კმ2 54,409 20001 to 21020 https://www.narva.ee
ვარნა[25] ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ვარნა 238 კმ2 332,686 9000 https://www.varna.bg/
პრიეკულე[25] ლატვიის დროშა ლატვია კურზემე 5.42 კმ2 1851 LV-3434 http://www.priekule.lv/
ტარტუ[25] ესტონეთის დროშა ესტონეთი ტარტუ 38.80 კმ2 91407 50050 to 51111 https://tartu.ee/en
ტერაჩინა[25] იტალიის დროშა იტალია ლატინა 136 კმ2 45,850 4019 https://comune.terracina.lt.it
პიეკარი შლონსკე[25] პოლონეთის დროშა პოლონეთი სილეზია 39.98 კმ2 54,226 41–940 to 41–949 http://www.piekary.pl/
ობორნიკი[25] პოლონეთის დროშა პოლონეთი ობორნიკი 14.08 კმ2 17,850 17,850 https://www.oborniki.pl
სელჩუკი[25] თურქეთის დროშა თურქეთი იზმირი 279.85 კმ2 37,689 35920 https://www.selcuk.bel.tr/
გურჯაანი[25] საქართველოს დროშა საქართველო კახეთი 846.0 კმ² 8024 1500 gurjaani.ge
დიმიტროვო[25] უკრაინის დროშა უკრაინა დონეცკი 23 კმ2 55800 85320-85326 http://dimitrov-rada.gov.ua
ბობრუისკი[25] ბელარუსის დროშა ბელარუსი მოგილევი 83.86 კმ2 209,675 213801-213830 bobruisk.by
ახტალა[25] სომხეთის დროშა სომხეთი ლორე 4.3 კმ² 2,092 1709-1711 www.akhtala.am დაარქივებული 2022-11-20 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. შოთა გოგიტიძე - გარიცხეს პარტიიდან „საქართველოსთვის“.[15]
  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური — 2010.
  2. georgia-religion 2014
  3. ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან // მაცნე, ტ. 4, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964. — გვ. 128-130.
  4. ნოზაძე ვ. „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, გვ. 8 — თბილისი, 1989
  5. Кавказский календарь на 1867 год : 22-й год. - 1866 გვ. 401
  6. ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 18-20.
  7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა, გვ.47 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
  8. Кавказский календарь на 1891 год გვ. 282
  9. Кавказский календарь на 1894 год გვ. 372
  10. Кавказский календарь на 1902 год გვ. 403
  11. Кавказский календарь на 1912 год
  12. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  13. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 95-97. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-06-21[მკვდარი ბმული]
  14. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 117-119. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-06-21[მკვდარი ბმული]
  15. გახარიას პარტიამ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა (2023-10-23). ციტირების თარიღი: 2024-06-21
  16. 16.0 16.1 16.2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, წერილი N114-1142225178 /დანართი/, 08/09/2022
  17. ქობულეთის მუზეუმი
  18. ფოლკლორი და ქორეოგრაფია
  19. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე
  20. „მზე სოფელში ანათებს“-ქობულეთის მუნიციპალიტეტი საზაფხულო ფესტივალს მასპინძლობს
  21. ქობულეთის ფესტივალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-20. ციტირების თარიღი: 2022-11-19.
  22. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-20. ციტირების თარიღი: 2022-11-19.
  23. “ჩაქვისთავობა”-სახალხო ზეიმი
  24. ფესტივალი "მანდარინობა 2022"
  25. 25.00 25.01 25.02 25.03 25.04 25.05 25.06 25.07 25.08 25.09 25.10 25.11 25.12 25.13 25.14 25.15 25.16 კატეგორია: დაძმობილებული ქალაქები