შინაარსზე გადასვლა

ქრისტიანობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
რეფორმაცია
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ქრისტიანობაქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. ქრისტიანობა ყველაზე მრავალრიცხოვანი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიოში. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე. წ. აბრაამისეულ რელიგიებს. ქრისტიანულ მოძღვრებას და ღვთისმსახურებას სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის საზოგადოებებში აქვს ფესვები გადგმული. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი წელთაღრიცხვას იწყებს ქრისტეს დაბადებიდან.

ქრისტიანობა ჩაისახა I საუკუნეში პალესტინაში, როგორც იუდაიზმის ერთ-ერთი მცირე განშტოება, რომელსაც რამდენიმე ათეული მიმდევარი ჰყავდა. თავდაპირველად ქრისტიანობა ვრცელდებოდა პალესტინასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ებრაულ დასახლებებში. პავლე მოციქულის ქადაგებების წყალობით ქრისტიანობამ გაიჩინა მიმდევრები სხვა ხალხებშიც. V საუკუნემდე ის ვრცელდებოდა რომის იმპერიაში და მისი კულტურული გავლენის არეალში, მათ შორის სომხეთში, საქართველოში, სირიასა და ეთიოპიაში. I ათასწლეულის II ნახევარში ქრისტიანობა გავრცელდა ანგლოსაქსებსა და სლავებში, უფრო მოგვიანებით კი, XIII-XIV საუკუნეებში შეაღწია ბალტიისპირეთის და ფინეთის ხალხებში. ახალ და უახლეს პერიოდში ევროპის მიღმა ქრისტიანობის გავრცელება კოლონიზაციის და სამისიონერო მსახურების შედეგად გახდა შესაძლებელი. დღეს ქრისტიანობა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოშია წარმოდგენილი. ევროპაში 400-დან 550-მდე მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს, ლათინურ ამერიკაში 380 მილიონი, ჩრდილო ამერიკაში – 180-250 მილიონი, აზიაში – 300 მილიონი, აფრიკაში – 300-400 მილიონი, ავსტრალიაში – 14 მილიონი.

ისტორია

ქრონოლოგია

ქრისტიანობის წარმოშობა

სახარებისეული გადმოცემთ ქრისტიანობის დამაარსებელი იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემში, ისრაელის მეფე დავითის შორეული შთამომავლის, ნაზარეველი დურგლის იოსების და ასევე დავითის შთამომავლის, ქალწული მარიამისს ოჯახში. ქრისტე თორმეტ მოწაფესთან ერთად მიმოდიოდა გალილეასა და იუდეაში და ქადაგებდა მოახლოებულ ღვთის სასუფეველზე, სინაგოგებში რჯულის მასწავლებლებსა და მწიგნობრებს შეახსენებდა წმინდა წერილის წინასწარმეტყველებებს მესიაზე, თავს აშკარად აცხადებდა ღვთის ძედ და მესიად, რომელსაც უნდა ეხსნა ისრაელი. სახელი გაითქვა როგორც მკურნალმა და ყველგან, სადაც მივიდოდა, სნეულები, დავრდომილები და ბოროტი სულით შეპყრობილები მიჰყავდათ მასთან და ისიც კურნავდა მათ. ბოლოს ქრისტემ გააცოცხლა ოთხი დღის მკვდარიც. ქრისტეს ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა და საშიში ხდებოდა იერუსალიმის სამღვდელოებისთვის. მათ აიძულეს იუდეის პროკურატორი პონციუს პილატე, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა ქრისტესთვის, როგორც რომის ხელისუფლების მტრისთვის. 33 წლის ასაკში ქრისტე ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთმა ირწმუნა ქრისტესი და მასთან ერთად მოხვდა სამოთხეში.

ქრისტეს მორწმუნენი, რომლებიც ინახავდნენ ქრისტეს პიროვნების და საქმეების ცოცხალ ცოდნას და ქადაგებდნენ ხალხში იწოდნენ ქრისტიანებად. ეს პირველად მოხდა ანტიოქიაში. ამ დროს არ იყო დაწერილი არცერთი სახარება. მხოლოდ ქრისტიანული თემების გამრავლების შემდეგ გაჩნდა საჭიროება წერილობით აღნუსხულიყო ქრისტეს ცხოვრება. 48-63 წლებში გაჩნდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რომელთაც იგი სხვადასხვა ქრისტიანულ თემებს უგზავნიდა მათი დამოძღვრის და ჭეშმარიტ გზაზე დაყენების მიზნით. ჯვარცმიდან 40-ოდე წლის შემდეგ გამოჩნდა სახარებები, რომელთაგან საბოლოოდ ოთხი შეირჩა. ადრეული ქრისტიანები „ახალ ერად“ იწოდებოდნენ. ისინი თავიანთი ქცევით განსხვავდებოდნენ იმ ხალხისგან, სადაც უხდებოდათ ცხოვრება.

ბერძნული და ლათინური ენების წყალობით ქრისტიანობა იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრიაკავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზიეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

ქრისტიანობის გავრცელება.

ქრიასტიანები არიან ისინი ვინც აღიარეს იესო ნაზარეველი მესიად (ან ბერძნულად the Christ), ქრისტიანებს სწამთ შემოქმედი ღმერთის (მამა, ძე და სულიწმინდის) ძე ღმრთისა, რომელიც მამისგან იშვება იგია არქეტიპი ყველა შემოქმედებისა, რომელიც პიროვნება იესო ქრისტეა, სული წმინდა მამისაგან გამოდის, ეკლესიის დაარსებაც მას უკავშირდება. ქრისტიანებს სწამთ რომ შესაძლებელია ადამიანი შეიცვალოს დატოვოს ცოდვილი ცხოვრება და მოექცეს მართალი გზისაკენ, ღმერთის სიყვარულის საშუალებით. ქრისტე როდესაც დიდებით მოვა, მიაგებს მათ პატივს და მარადიულ ცხოვრებას მიანიჭებს, ქრისტე შეუნდობს მონანულ ადამიანებს ცოდვებს და დაამკვიდრებს სასუფეველში.

რომის პაპების აღზევება

თავდაპირველად ხუთივე პატრიარქის უფლება-მოვალეობები თანაბარი იყო და რომის პაპს არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა სხვა დანარჩენ პატრიარქებთან შედარებით. რაც შეეხება სიტყვა „პაპს“, ამ სახელს ყველა პატრიარქს უწოდებდნენ მამის, მოძღვრის გაგებით. შემდგომი ეს ტერმინი კონკრეტულად რომის პაპს დაუმკვიდრდა. რომის პაპების მიერ განსაკუთრებული მდგომარეობის მოპოვება ორმა გარემოებამ გამოიწვია. ყოფილი დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე რომის პაპებს მეტოქეები არ ჰყავდათ და ისინი ერთადერთი პატრიარქები იყვნენ. ამასთანავე, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიაში მოისპო საიმპერატორო ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვნად შეეზღუდა რომის პატრიარქების ძალაუფლება. 755 წელს, ფრანკთა მეფის პიპინ მოკლეს მიერ რომის პაპის ოლქის შექმნამ, რომის პაპები, რომლებიც დასავლეთ ევროპის უმაღლესი სასულიერო პირები იყვნენ, საერო ხელისუფლებითაც აღჭურვა.

ქრისტიანული სამყაროს გაყოფა

რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები — ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს — კათოლიკური. კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური — დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. XVI სუაკუნეში რეფორმაციის ხანაში კათოლიკურ ეკლესიას გამოეყო ლუთერანობა, კალვინიზმი, ანგლიკანიზმი, რომლებმაც თავ-თავის მხრივ სხვადასხვა დენომინაციები წარმოშვა. XIX-XX საუკუნეებში ევროპას სეკულარიზაციამ გადაუარა, რუსეთის იმპერიაში კი მოხდა კონმუნისტური რევოლუცია. ამ მოვლენებმა ქრისტიანობის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და კულტურული გავლენა შეასუსტა. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება), მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი — ეროვნულ ენებზე.

თანამედროვე ქრისტიანობა

ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. მსოფლიოში კათოლიკეთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდია, პროტესტანტებისა – 400 მილიონი, მართლმადიდებლების და სხვა აღმოსავლური ეკლესიებისა 240 მილიონი, ანგლიკანებისა კი 70 მილიონი. XX საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა ეკუმენიზმის მოძრაობას, რომელიც ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებას ისახავს მიზნად.

მოძღვრება

ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:

  • 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
  • 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
  • 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
  • 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
  • 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
  • 6. არა კაც-ჰკლა.
  • 7. არ იმრუშო.
  • 8. არ იპარო.
  • 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
  • 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ქრისტეს მთაზე ქადაგება იესოს მოძღვრების ბირთვს წარმოადგენს. მამა ღმერთის ათ მცნებასთან ერთად ქრისტეს სწავლება ქრისტიანთათვის წმინდათა-წმინდაა. სულიწმინდის შთაგონებით მას სრულყოფილად მათე მოციქული გადმოგვცემს წმინდა წერილში: მათე 5,1-48, მათე 6,1-34, მათე 7,1-29.

ერთარსება სამება

ქრისტიანობა აღიარებს ერთ ღმერთს, აბრაამის, ისააკის და იაკობის პიროვნულ ღმერთს. ამავდროულად ქრისტიანს სწამს, რომ ღმერთი არამხოლოდ ერთია, არამედ სამპიროვანიც არის. ამით განსხვავდება ქრისტიანობა სხვა მონოთეისტური რელიგიებისგან, მაგალითად იუდაიზმისა და ისლამისგან. ქრისტიანი თაყვანს სცემს მამა ღმერთს, ძე ღმერთს, ანუ იესო ქრისტეს და სულიწმინდას. ეს სამი შეადგენს სამებას. არსებობს არატრინიტარული მრწამსის ქრისტიანობაც, რომელიც სხვანაირად იაზრებს მამის, ძის და სულიწმინდის ურთიერთობას, მაგალითად იეჰოვას მოწმეები, მორმონები და სხვა. ქრისტიანობაში სამება არ არის სამი ღმერთი, არამედ ერთი ღმერთი სამ პიროვნებაში. სამი რომ ერთია ლოგიკურად ვერ შეიმეცნება, რადგან იგი აბსურდია. მისი შეცნობა მხოლოდ რწმენითააა შესაძლებელი. ქრისტიანობა აღიარებს სამებას, მაგრამ ამასთან აღიარებს მის შეუცნობლობას ადამიანის გონების შეზღუდულობის გამო. ღვთაებრივ სამებაში მამა ღმერთი შეუქმნელია, ძე ღმერთი – მარადიულად შობილი, ხოლო სულიწმინდა მამისაგან გამომავალი და ძის მეშვეობით ამქვეყნად მოვლენილი. კათოლიციზმის მიხედვით სულიწმინდა როგორც მამისაგან, ასევე ძისაგან გამომავალია.

ცოდვა და ხსნა

ქრისტიანობა ხსნის რელიგიაა. ქრისტიანობა ამქვეყნიურ ცხოვრებას უყურებს, როგორც დროებითსა და წარმავალ სატანჯველს. ის ადამიანს სთავაზობს ხსნას ამქვეყნიური სურვილებისაგან და ცოდვებისაგან, რომლებმაც ადამიანი მოსწყვიტეს ღმერთს. კაციობრიობის წინაპარი ადამი შექმნილი იყო ღვთის ხატად და მსგავსად. მან დაარღვია აღთქმა და იგემა აკრძალული ნაყოფი იმ იმედით, რომ ღმერთივით სრულყოფილი გახდებოდა. ადამი დაჰყვა გველისპირით მოლაპარაკე ეშმაკის ნებას და არად ჩააგდო ღვთის ნება. სანაცვლოდ ადამმა და მისმა მოდგმამ დაკარგა სამოთხე და მიიღო სატანჯველი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და საბოლოოდ სიკვდილი. ადამის მიერ თავისუფალი ნების პირველივე გამოყენებამ ის ცოდვაში ჩააგდო. ამრიგად, ქრისტიანული მოძღვრებით, ცოდვა ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ადამიანის ნებითაა გამოწვეული.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით პირველი ცოდვა ცოცხლობს ყველა ადამიანში, ყველა ადამიანი ნაზიარებია ადამის ცოდვას, რადგან ის ადამის სისხლი და ხორცია. მაგრამ ღმერთმა არ გაწირა სამოთხიდან განდევნილი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ სამოთხის მისადგომებს იცავს ცეცხლოვანი ხმლით შეიარაღებული ქერუბიმი, ადამიანებს აქვთ სამოთხის დაბრუნების საშუალება. ქრისტიანობის მიხედვით ეს გზაა ცოდვათა გამოსყიდვა. რაკი კაცობრიობაში ცოდვა ერთი ადამიანის, ადამის, გზით შევიდა, ხსნაც ერთი ადამიანის, ქრისტეს მეშვეობით უნდა მომხდარიყო. მაგრამ ქრისტე რომ მხოლოდ ადამიანი ყოფილიყო ის ვერ გამოისყიდდა ადამიანთა ცოდვებს. ამიტომ იესო ქრისტე განკაცდა ადამიანების ცოდვის გამოსასყიდად. ქრისტიანული სწავლების მიხედვით მამა ღმერთმა გაწირა მხოლოდშობილი ძე კაცთა მოდგმის გადასარჩენად. ქრისტიანობის მთავარი საუდუმლო ქრისტეს ღმერთკაცობაშია. ის თავის თავში ატარებს ორ ბუნებას, ღვთისას და კაცისას. არის სრული კაცი და სრული ღმერთი.

თავისი პირველად მოსვლით ქრისტემ კაციობრიობას მისცა ხსნის შესაძლებლობა, მეორედ მოსვლით კი ის ადამიანებს მოჰკითხავს ცოდვებს და მოაწყობს უკანასკნელ სამსჯავროს. ამ დროს ერთმანეთისგან გაიმიჯნება კეთული და ბოროტი. მეორედ მოსვლისას მოხდება ადამიანთა მკვდრეთით აღდგომა.

წმინდა წერილი

ქრისტიანობა მწიგნობრული რელიგიაა. მისი მთავარი ტექსტია ბიბლია, რომელიც შედგება ძველი და ახალი აღთქმებისგან. ისინი სხვადასხვა რელიგიურ და კულტურულ გარემოში იწეწრებოდა, მაგრამ მათ შორის მჭიდრო კავშირია. ძველი აღთქმა დაწერილია ებრაულ ენაზე ძვ. წ. I ათასწლეულში და მოიცავს 39 წიგნს. მასში გადმოცემულია ებრაელების ისტორიულ-რელიგიური თავგადასავალი, მონოთეისტური რელიგიის მრწამსი. ახალი აღთქმა დაწერილია ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეში და მოიცავს 24 წიგნს. ახალი აღთქმის წიგნები გადმოსცემენ იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებას შობიდან ჯვარცმამდე (ოთხი სახარება), იესო ქრისტეს მოციქულთა მოღვაწეობას და ეკლესიის დაარსებას (მოციქულთა საქმე), მოციქულთა მიერ გადმოცემულ მოძღვრებას (ეპისტოლეები) და მსოფლიოს საბოლოო ხვედრს (გამოცხადება იოანესი).

ქრისტეს ამქვეყნიური გზა

ქრისტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტებია:

ქრისტეს შობა: ბეთლემის მახლობლად ბაგაში მომხდარი ქრსტეს შობა ნაწინასწარმეტყველები იყო. ქალწულ მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზისაგან ეცნობა, რომ სულიწმინდისაგან ჩაესახებოდა ძე, რომელიც მიიღებდა მამის, დავითის ტახტს და მის მეფობას არ ექნებოდა დასასრული. ისრაელის მეფე დავითის შთამომვალი იყო როგორც მარიამი, ასევე მართალი იოსები, რომლის სახლშიც უნდა დაბადებულიყო იესო. ქრისტეს შობა დაემთხვა აღწერას, რომელიც ჩატარდა რომის იმპერიაში ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით. აღწერის წესის მიხედვით ყველა ადამიანი იმ ადგილზე უნდა აღწერილიყო, საიდანაც იყო წარმოშობით. ამიტომ ნაზარეთში მცხოვრები იოსები და მარიამი ჩავიდნენ ბეთლემში. რაკი ქალაქში ადგილი ვერ ნახეს, ღამის გათევა მოუწიათ ბაგაში, სადაც დაიბადა ქრისტე. ქრისტე, მიუხედავად მისი სამეფო წარმოშობისა, დაიბადა ბაგაში, პირუტყვებთან.

მირქმა: ებრაელთა ჩვეულებისამებრ, მას შემდეგ, რაც გასრულდა მარიამისა და ახალშობილის განწმენდის დღეები, ჩვილი მიიყვანეს იერუსალიმში სოლომონის ტაძარში, სადააც ჩვილი მიირქვა სვიმეონმა. მან ჩვილში იცნო ყრმა, რომელსაც ელოდა მრავალი ათეული წელი. სვიმეონს სულიწმინდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა უფლის ცხებულს.

ნათლისღება: ქრისტე მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, რომელიც იყო ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი. მდინარე იორდანეზე ნათლისღების დროს მოხდა სამების განცხადება მამა ღმერთის, მდინარეში ჩაფლული ძისა და ძის მხარზე ციდან გარდამოსული მტრედის სახით. იორდანეზე ამოიწურა იოანე ნათლისმცემლის მისია და მისი მოწაფეები გაჰყვნენ ქრისტეს.

ეშმაკის მიერ გამოცდა უდაბნოში: უდაბნოში, ეშმაკის პირისპირ, ქრისტე გამოჩნდა, როგორც სრული კაცი. მან, როგორც კაცმა, სძლია სამ საცთურს, რომელიც ეშმაკმა გაუმზადა მას. ეს იყო ნივთიერი საცთური, უფლის გამოცდის საცთური და ამქვეყნიური დიდების საცთური. საცთურების დაძლევით ქრისტემ დაამარცხა ეშმაკი, მაგალითი მისცა ადამიანებს და მოიპოვა ანგელოზების მხარდაჭერა.

ფერისცვალება: ქრისტე თავის სამ მოწაფეს, პეტრეს, იაკობსა და იოანეს თაბორის მთაზე გამოეცხადა როგორც სრული ღმერთი, რაც დაადასტურა მამა-ღმერთის სიტყვებმა.

უკანასკნელი სერობა: ქრისტე და მისი მოწაფეები იუდაური ჩვეულებისამებრ შეიკრიბნენ მთავარი დღესასწაულის, პასექის აღსანიშნავად, რათა დაეკლათ და ეჭამათ პასექი, ანუ კრავი. ეს იყო ქრისტეს უკანასკნელი პასექი, რომლის შემდეგ, მეორე დღეს თავად ქრისტე შეიწირა, როგორც საპასექო მსხვერპლი. სერობის დროს ქრისტემ პური აკურთხა საკუთარ ხორცად, ხოლო ღვინო – სისხლად. ამ აქტით დაწესდა ზიარების საიდუმლო. ამ დროს იუდა ისკარიოტელს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქრისტეს გაცემა.

უკანასკნელი ლოცვა: სერობის შემდეგ ქრისტეს სამი მოწაფე, რომლებიც ახლდნენ მას ფერისცვალების დროს, დაესწრო მის უკანასკნელ ლოცვას გეთსიმანიის ბაღში. ამ დროს წარმოთქვა ქრისტემ სიტყვები, რომლითად დაადასტურა, რომ მისი მსხვერპლი ნებაყოფლობითია.

ქრისტეს გაცემა: ქრისტეს გამცემი აღმოჩნდა მის თორმეტ მოწაფეს შორის ერთ-ერთი იუდა ისკარიოტელი.

ჯვარცმა: იუდას მიერ გაცემული ქრისტე სამღვდელოებამ და მწიგნობრებმა გადასცეს რომის იმპერიის ხელისუფლებას. პილატეს კითხვაზე, თუ ვისი გათავისუფლბა სურდათ, ხალხმაც გაწირა ქრისტე და ავაზაკ ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. ქრისტეს იმპერიის ხელისუფლებამ ხალხის სახელით გამოუტანა განაჩენიდა რომაული წესით, ჯვარზე გაკვით დასაჯა. ჯვარცმამდე ქრისტემ განიცადა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა.

აღდგომა: ქრისტიანობის პარადოქსია, რომ სახარებისეულ ფაქტებს შორის ყველაზე მეტ მტკიცებულებებს შეიცავს მკვდრეთით აღდგომის ფაქტი. ახალი აღთქმის ხანაში აღსგომის ფაქტი საეჭვო არ ყოფლა, მრავალმა იხილა ცარიელი საფლავი, ხოლო პავლე მოციქულის მიხედვით მის დროს ცოცხალი იყო 500-მდე ადამიანი, რომლებმაც აღმდგარი ქრისტე იხილეს. პავლე მოციქულისვე მიხედვით ქრისტეს აღდგომა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის გარანტიაა.

აღდგომის შემდეგ: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში, ამაღლებამდე, ქრისტე ეცხადებოდა მოწაფეებს. ემაუსის გზაზე მან მოწაფეებს აჩვენა ჭრილობები. ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობას სწამს, რომ ქრისტეს განვლილი გზა შობიდან გოლგოთამდე ამართლებს მის ორბუნებოვან დოგმატში ჩაწერილ სიტყვებს სრული კაცი. მას გადახდა ყველაფერი, რაც ადმაიანს შესაძლოა შეემთხვას, გარდა ცოდვისა.

ეკლესიის მოწყობა და იერარქია

ქრისტიანობა არ არსებობს ეკლესიის გარეშე. ქრისტიანული რელიგიის მრწამსი მიღებულ იქნა 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებაზე და 381 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე. მრწამსის მიხედვით ქრისტიანული ეკლესია არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო.

ეკლესია ერთია, რადგან ქრისტემ დააფუძნა მხოლოდ ერთი ეკლესია და როგოც ღმერთია ერთი, ასევე ეკლესიაც ერთია. ეკლესია წმინდაა, რაკი იგი ღმერთის მიერაა დაფუძნებული. ეკლესია ქრისტეს სხეულია და მასში ადამიანები ეზიარებიან სიწმინდეს. ქრისტიანული ეკლესია არის კათოლიკე, ანუ საყოველთაო და უნივერსალური. ის აერთიანებს ყველა ქრისტიანს მიუხედავად ეთნიკური, კულტურული თუ სოციალური კუთვნილებისა. ეკლესია სამოციქულოა, რადგან ინახავს მოციქულთა მოძღვრებას. ეკლესიის დაარსების დღედ მიიჩნება აღდგომიდან 50-ე დღე, როცა მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმინდის მადლი.

IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია — რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები — პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.

IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.

მონასტერი და ბერ-მონაზვნები

სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ-მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება ანტონი დიდი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ-მონაზვნურ თემს - მონასტერს.

საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეში, ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.

დასავლეთში ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს — აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ-თეოლოგიურ მოღვაწეობას.

ლოცვა

ქრისტიანობაში სამი ტიპის ლოცვა არსებობს: ვედრებითი, სამადლობელი და ქება-დიდების. ადამიანს მიერ პირადად წარმოსათქმელი ლოცვები შედგება კანონიკური და თავისუფალი ლოცვებისგან. კანონიკური ლოცვებია მამაო ჩვენო, იესოს ლოცვა, მეზვერის ლოცვა, ზოგიერთი ფსალმუნი და სხვა. თავისუფალში კი იგულისხმება ადამიანის მიერ წარმოთქმული ან ნაფიქრი ნებისმიერი აზრი და განწყობა, რომლითაც ის ღმერთს მიმართავს.

სოციალური სწავლება

პირველ ქრისტიანთა ცხოვრების წესი იყო დემოკრატიული. ისინი ირჩევდნენ რელიგიურ წინამძღოლებს, ჰქონდათ ნების თავისუფლება, საეკლესიო ცხოვრებაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა. მნიშვნელოვანი პრინციპი იყო კოლექტიურობა და თანასწორობა, სარჩო-საბადებლის ერთმანეთში განაწილება. ფუძემდებლურ ქრისტიანულ პრინციპებს ეფუძნება თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია, რომლის უპირველესი მონაპოვარია პიროვნების ნების თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა.

ქრისტიანობა სხვადასხვა ქვეყანაში

ქრისტიანობა საქართველოში

საქართველოში ქრისტიანული ეკლესია შეიქმნა იბერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე — დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა.

დაახლოებით IX-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია — აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.

XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრია პირველწოდებულს და სიმონ კანანელს მიაწერენ.

კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა XIX საუკუნეში.

იხილეთ აგრეთვე:

ქრისტიანობა აზერბაიჯანში

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 554-556.
  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წლისა“, გვ. 41
  • McManners, John,ed,The Oxford Illustrated History of Christianity. Oxford: Oxford Universiti Press

რესურსები ინტერნეტში

მართლმადიდებლური ეკლესიები

კათოლიკური ეკლესია

სომხური სამოციქულო ეკლესია

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია