ეპისტოლე წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი)
ეპისტოლე წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) – წმინდა პეტრეს პირველი ეპისტოლე, რომლითაც მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეს ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე.
ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს (ეპისტოლეს). პირველი ეპისტოლის ავტორად პეტრე მოციქულის აღიარება საეჭვოდ არ მიაჩნიათ (განსხვავებით მისი მეორე ეპისტოლისაგან). პეტრემ პირველმა აღიარა იესო ქრისტე ღვთის ძედ და მისი ეკლესიის დაფუძნების პირველი ბურჯიც იყო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პეტრე მოციქულმა თავისი პირველი ეპისტოლე დაწერა რომში, რომელსაც სიმბოლურად უწოდებს ბაბილონს უწოდებს (5,13), როგორც უღვთო ქალაქის საზოგადო სახელს. თავისი ეპისტოლით მოციქულს სურს, განუმტკიცოს რწმენა თანამოძმეებს ისრაელის 12 ტომიდან, რომლებიც მცირე აზიის ეკლესიებში იტანჯებიან ცრუმოძღვართა მიერ გაჩაღებული შინასაეკლესიო განხეთქილებით.
ეპისტოლე შედგება ხუთი თავისაგან. მასში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: რწმენის სიმტკიცე, უკეთურ ცოდვათაგან განშორება, იერარქიული მორჩილება, გულმოდგინება, მეუღლეთა ურთიერთობები და სხვ.
ეპისტოლეს შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თავი პირველი
1. პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ ხიზნებს,
2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, – მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!
3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
4. რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,
5. რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,
7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, – საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,
8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,
9. რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას.
10. სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს.
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.
12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.
13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
14. როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს.
15. არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი.
16. ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“.
17. თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა, მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი.
18. რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით – ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან,
19. არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის – ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
20. ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის,
21. რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ.
22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,
23. როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის – ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
24. ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა – მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
25. ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.
- თავი მეორე
1. მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
2. როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის.
3. ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი,
4. რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს.
5. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
6. რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
7. ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური“
8. მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.
9. ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
10. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.
11. საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.
12. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს.
13. ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,
14. გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად.
15. ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას.
16. როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები.
17. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.
18. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.
19. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს.
20. მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე.
21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.
22. არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს,
23. ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს;
24. ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ.
25. ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.
- თავი მესამე
1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,
2. როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას.
3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,
4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.
5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.
6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
8. და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარეაელნი და თავმდაბალნი იყავით.
9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
10. რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას;
11. ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას.
12. რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი – მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.
13. ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით?
14. მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.
15. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.
16. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.
17. ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის.
18. რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი – არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19. რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,
20. გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.
21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,
22. რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
- თავი მეოთხე
1. ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს.
2. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი.
3. რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი.
4. ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც.
5. მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს.
6. მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს.
7. თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.
8. უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს.
9. უდრტვინველად უმასპინძლეთ ერთურთს.
10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.
11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12. საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ.
13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.
14. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება.
15. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.
16. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
17. რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ?
18 თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს?
19. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული.
- თავი მეხუთე
1. ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს:
2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.
4. და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.
5. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.
7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.
8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.
9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
11. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.
13. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.
14. სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიბლია
- პირველი ეპისტოლე პეტრესი[მკვდარი ბმული]
- კათოლიკე ეპისტოლენი წმ. მოციქულისა პეტრესი
- აუდიო–ვერსია