მარი ანტუანეტი
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Rezo1515. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: ივნისი 14, 2020. სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1617 დღე. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
მარი ანტუანეტ ავსტრიელი (ფრანგ. Marie-Antoinette d'Autriche), დაბადების სახელია მარია ანტონია იოზეფა იოჰანა ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგია (გერმ. Maria Antonia Josefa Johanna von Österreich-Lothringen; დ. 2 ნოემბერი, 1755, ვენა, ავსტრია — გ. 16 ოქტომბერი, 1793, პარიზი, საფრანგეთი) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის პირველი თაობის წარმომადგენელი. რევოლუციონამდელი საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი 1774-1792 წლებში. ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით, როგორც ერცჰერცოგინია მარია ტერეზიასა და მისი ქმრის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის უმცროსი ქალიშვილი. 14 წლის ასაკში, 1770 წლის მაისში, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის შვილიშვილ ლუი ავგუსტზე ქორწინებით იგი საფრანგეთის დოფინი გახდა. 1774 წლის 10 მაისს მისი მეუღლე საფრანგეთის მეფე გახდა ლუი XVI-ის სახელით, რითაც მარი ანტუანეტი დედოფლად გვევლინება.
მარი ანტუანეტი | |
---|---|
Marie Antoinette | |
დედოფალი მარი ანტუანეტი 1783 წელს, შესრულებულია ელიზაბეტ ვიგე ლე ბრონის მიერ | |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 მაისი, 1774 |
მმართ. დასასრული: | 21 სექტემბერი, 1792 |
წინამორბედი: | მარია ლეშჩინსკა |
მემკვიდრე: |
ჟოზეფინ ბოარნე (როგორც იმპერატრიცა) მარია ჯუზეპინა სავოიელი (როგორც ტიტულარული დედოფალი) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ნოემბერი, 1755 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 16 ოქტომბერი, 1793, (37 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ლუი XVI, საფრანგეთის მეფე (ქ. 1770 - გარდ. 1793) |
შვილები: |
მარი ტერეზი, საფრანგეთის დედოფალი ლუი XVII, საფრანგეთის მეფე |
სრული სახელი: | მარია ანტონია იოზეფა იოჰანა |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
მამა: | ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ტერეზია ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
მარი ანტუანეტის პოზიცია საფრანგეთის სამეფო კარზე მხოლოდ მას შემდეგ განმტკიცდა, რაც ათწლიანი ქორწინების შემდეგ ბავშვების გაჩენა დაიწყო. ამასთან, ფრანგებში იგი არაპოპულარული იყო, რადგან მას განსაკუთრებულ მფლანგველობასა და ქვეყნის მტრების, მაშასადამე მისი მშობლიური ავსტრიის ერთგულებაში ადანაშაულებდნენ. საქმე განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა ხალხმა შეიტყო, რომ მარი ანტუანეტმა ბრილიანტის ძვირფასი ყელსაბამი შეიძინა, რაც მას არ გაუკეთებია, თუმცა ამ ფაქტმა სერიოზულად შელახა მისი, როგორც დედოფლის რეპუტაცია. რევოლუციონერები მას ქვეყნის გაკოტრებაში პირდაპირ ადანაშაულებდნენ, რის გამოც იგი ამ წრეში ცნობილი იყო, როგორც „მადამ დეფიციტი“. აღსანიშნავია, რომ ამის გამო მას ხარჯების შემცირებისაკენ არაერთხელ მოუწოდა ფინანსთა მინისტრმა ჟაკ ნეკერმა, თუმცა ამაოდ.
რევოლუციის დროს მარი ანტუანეტის სახელს ბევრია ამორალური ქმედება მიეწერა, რამაც კარგად იმუშავა მონარქიის დამხობის მომხრეთა რაოდენობის ზრდის საქმეში. 1789 წლის ოქტომბერში დამშეული პარიზელები ვერსალში შეიჭრნენ და სამეფო ოჯახი დაატყვევეს, რის შემდეგაც ისინი ტიუილრის სასახლეში გადაიყვანეს. 1791 წლის ივნისში მარი ანტუანეტმა და ლუი XVI-მ დიდ ბრიტანეთში გაქცევა სცადეს, თუმცა საზღვარზე იცნეს. ამან სავალალო შედეგები იქონია და ფრანგი ხალხის თვალში უკიდურესად დაამდაბლა მონარქები. 1792 წლის 10 აგვისტოს ტიუილრის სასახლეზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც სამეფო ოჯახი დაატყვევეს, ერთმანეთს დააშორეს და სხვადასხვა ციხეში გამოკეტეს. 1792 წლის 21 სექტემბერს საფრანგეთში მონარქია გაუქმდა. 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI სიკვდილით დასაჯეს. მარი ანტუანეტის სასამართლო სხდომა 1793 წლის 14 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც იგი რევოლუციურმა ტრიბუნალმა სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა და სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ორ დღეში, 16 ოქტომბერს 37 წლის მარი ანტუანეტს რევოლუციის სასახლის წინ, გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი.
მიუხედავად ყველაფრისა, მარი ანტუანეტის ისტორიულმა ფიგურამ შემდგომ საუკუნეებში დიდი გამოხმაურება და ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში, რის გამოც მის ცხოვრებაზე დაიწერა არაერთი სიმღერა, ოპერა, წიგნი და გადაიღეს მრავალი ფილმიც.
ადრეული ცხოვრება
მარია ანტონია დაიბადა 1755 წლის 2 ნოემბერს ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში. იგი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასა და მისი ქმრის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის უკანასკნელი ქალიშვილი და უმცროსი შვილი. იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ, მისი ნათლიები კი იყვნენ: პორტუგალიის მეფე ჟუზე I, მისი ცოლი, დედოფალი მარიანა ვიქტორია ესპანელი, ერცჰერცოგი იოზეფი და ერცჰერცოგინია მარია ანა, რომლებიც მარია ანტონიას უფროსი და-ძმანი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მარია ანტონიას დაბადება ერთ-ერთ კათოლიკურ დღესასწაულს, მიცვალებულთა სულების ხსენების დღეს დაემთხვა.
დაბადებიდან მალევე იგი აღსაზრდელად ძიძებს მიაბარეს, მისი მთავარი აღმზრდელი კი გრაფინია ფონ ბრანდაისი იყო. მარია ანტონია თავის უფროს დასთან, მარია კაროლინასთან ერთად იზრდებოდა, რომელიც მასზე სულ სამი წლით უფროსი იყო. ამის გამო დებს მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მარია ანტონიას, ისევე, როგორც მის დანარჩენ და-ძმებს, რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, იმპერატრიცა მარია ტერეზიასთან, რომელიც მას ყოველთვის „პატარა ქალბატონ ანტუანს“ უწოდებდა.
მარია ანტონიამ მთელი თავისი ბავშვობა ჰოფბურგისა და შერნბურის სასახლეებში[1] გაატარა. სწორედ შერნბურში ყოფნისას, 1762 წლის 13 ოქტომბერს იგი შეხვდა იოჰან ვოლფგანგ მოცარტს, რომელიც მასზე სულ ორი თვით უმცროსი იყო. აღსანიშნავია, რომ მარია ანტონიას სწავლა ყოველთვის უჭირდა, რის გამოც მშობლებმა მას ინდივიდუალური რეპეტიტორები დაუქირავეს, თუმცა მისი შედეგები დედისათვის დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა. 10 წლის ასაკში მას გამართულად წერა მშობლიურ გერმანულშიც კი არ შეეძლო, ხოლო სამეფო კარზე ჩვეულებრივ სალაპარაკო ენებად ქცეულ ფრანგულსა და იტალიურს საერთოდ ვერ ფლობდა. ამის გამო, ცნობილია, რომ სამეფო კარის არისტოკრატებს ხშირად უჭირდათ მასთან კონტაქტი.
კრისტოფ ვილიბალდ გლუკის სწავლების შედეგად მარია ანტონია კარგი მუსიკოსი გახდა. მან კარგად იცოდა არფასა და ფლეიტაზე დაკვრა. როგორც ცნობილია, მას კარგი ხმაც ჰქონდა, რის გამოც საღამოობით, ოჯახური შეკრებებისას იგი ყოველთვის მღეროდა. ანტონიას ასევე კარგად გამოსდიოდა ცეკვა, რადგან „დახვეწილი“ მოძრაობები ჰქონდა. ამასთან, მას ძალიან უყვარდა თოჯინებით თამაში.
საფრანგეთის დოფინი
შვიდწლიანი ომისა და 1756 წლის დიპლომატიური რევოლუციის შემდეგ, იმპერატრიცა მარია ტერეზიამ გადაწყვიტა თავის მთავარ მტერთან, საფრანგეთის მეფე ლუი XV-თან დაზავებულიყო. ფრანგებსა და ავსტრიელებს სურდათ, რომ დიდი ბრიტანეთისა და პრუსიის ამბიციები თავიანთი კავშირით გაენადგურებინათ, რაც კარგად აისახებოდა დინასტიურ ქორწინებაში. 1770 წლის 7 თებერვალს ლუი XV-მ ოფიციალურად ითხოვა ერცჰერცოგინია მარია ანტონიას ხელი თავისი შვილიშვილის[2], საფრანგეთის დოფინ ლუი ავგუსტისათვის.
გათხოვებამდე მარია ანტონიამ ოფიციალურად უარი განაცხადა თავის მემკვიდრულ უფლებებზე ავსტრიისა და ჰაბსბურგთა მონარქიის სხვა სახელმწიფოებზე, რითაც მემკვიდრეობის უფლება ავტომატურად ჩამოერთვა მის ყველა ჯერ არ დაბადებულ შთამომავალსაც. ამ გზით მარია ტერეზიამ თავი დაიზღვია ბურბონთა სამომავლო ამბიციებისგან. 1770 წლის 19 აპრილს ვენის წმინდა ავგუსტინეს სახელობის საკათედრო ტაძარში მარია ანტონია მარიონეტულად დაქორწინდა დოფინ ლუი ავგუსტზე, სადაც სიძე პატარძლის ძმამ, ერცჰერცოგმა ფერდინანდმა განასახიერა. ამის შემდეგ მარია ანტონია საფრანგეთისაკენ დაიძრა. 14 მაისს იგი კომპიენის ტყეში მივიდა. საფრანგეთში შესვლისთანავე მას სახელი შეუცვალეს და მარი ანტუანეტი[3] უწოდეს. მისი საფრანგეთში შესვლისას ჩატარდა ტრადიციული ფრანგული რიტუალი, რომლის მიხედვითაც სამეფო პატარძალს სამშობლოდან საერთოდ არაფერი უნდა დარჩენოდა. რის გამოც მარი ანტუანეტს საზღვარზე გახადეს კაბა, ჩამოართვეს სამკაულები და საყვარელი ძაღლიც კი, შემდგომ შესაბამისად, ფრანგულ კაბაში გამოაწყვეს და ასე წარუდგინეს დოფინს. 1770 წლის 16 მაისს ვერსალის სამეფო სასახლეში მარი ანტუანეტი და ლუი ავგუსტი დაქორწინდნენ, რის შემდეგაც იგი საფრანგეთის მადამ დოფინი გახდა. ქორწილს წყვილის მიერ „საწოლის რიტუალის“ შესრულება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა სიძემ პატარძალთან სარეცელი არ გაიყო. ასე გრძელდებოდა შემდგომი წლების განმავლობაშიც, რაც დოფინსა და მის მეუღლეს ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა.
მარი ანტუანეტის საფრანგეთში ჩასვლას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ერთი მხრივ იგი ლამაზი და დახვეწილი იყო, რის გამოც თავიდან უბრალო ხალხში დიდი სიმპათიით სარგებლობდა, თუმცა, მეორეს მხრივ, ავსტრიასთან დაახლოვების მოწინააღმდეგეებს რთული ურთიერთობა ჰქონდათ მარი ანტუანეტთან. ამის გამო ისინი მშვენივრად ახერხებდნენ დოფინის გაკრიტიკებას ყველა წვრილმანი დეტალის გამო.
მარი ანტუანეტს განსაკუთრებით რთული და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ლუი XV-ის სამეფო საყვარელ მადამ დიუ ბართან[4], რომელიც მინისტრებმა პირდაპირ ბორდელიდან წამოიყვანეს, თუმცა იმ პერიოდში უკვე პოლიტიკაზეც ჰქონდა გავლენა, რის გამოც სამეფო კარზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. სამეფო კარის ქალებს არ მოსწონდათ დიუ ბარი, ისევდაისევ მისი წარმომავლობისა და წარსულის გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად მეფემ სწორედ დიუ ბარის გავლენით დანიშნა ჰერცოგი შუაზელი, რომლის მოწყობილიც იყო ლუი ავგუსტისა და მარი ანტუანეტის ქორწინება. ვერსალში მარი ანტუანეტი თავისი ქმრის გაუთხოვარ მამიდებთან[5] მალევე დაახლოვდა. მათ ცხადია, არ მოსწონდათ მამის ურთიერთობა დიუ ბართან, ამიტომაც მარი ანტუანეტიც დაარწმუნეს, რომ მასთან ურთიერთობა არ ჰქონოდა. თუმცაღა, ეს მხოლოდ საფრთხეს უქმნიდა ავსტრიის პოზიციას საფრანგეთის სამეფო კარზე, ვინაიდან მარი ანტუანეტის, როგორც ავსტრიის წარმომადგენლის მხრიდან საფრანგეთის მეფის ფავორიტების იგნორირება ცუდი ტონი იყო. ავსტრიის ელჩი, გრაფი დე მერსი-არგენტო იმპერატრიცა მარია ტერეზიას მარი ანტუანეტის მოქმედებების შესახებ ფარულად აწვდიდა ცნობებს. ამის შემდეგ, დედის ზეწოლის შემდეგ მადამ დოფინი იძულებით დასთანხმდა მოწოდებას. 1772 წლის ახალი წლის დღეს მარი ანტუანეტი მივიდა დიუ ბართან და უთხრა: „დღეს ვერსალში ხალხმრავლობაა“. ეს საკმარისი აღმოჩნდა მადამ დიუ ბარისათვის, რომელიც დიდად კმაყოფილი დარჩა, თუმცა მარი ანტუანეტმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ მას აღარ დაელაპარაკებოდა, თუმცაღა კრიზისმა გადაიარა. 1774 წელს, ლუი XV-ის გარდაცვალებიდან ორ დღეში, ლუი XVI-მ მადამ დიუ ბარი გააძევა სამეფო კარიდან, რითაც დიდად ასიამოვნა ცოლსა და მამიდებს. იგი იძულებით გამოკეტეს მონასტერში, თუმცა 1776 წლიდან მეფემ იგი გაათავისუფლა და ნება დართო ლუვესიენის შატოში დაბინავებულიყო, თუმცა ვერსალში მისვლა მისთვის სამუდამოდ აიკრძალა.
საფრანგეთის დედოფალი
პირველი წლები
ლუი XV-ის გარდაცვალების შემდეგ, 1774 წლის 10 მაისს საფრანგეთის ტახტი მისმა შვილიშვილმა ლუი XVI-მ დაიკავა, რითაც მარი ანტუანეტი საფრანგეთის ახალი დედოფალი გახდა. მმართველობის დასაწყისში დედოფალს მეფეზე პოლიტიკური გავლენა არ ჰქონია. ამ პერიოდში ლუი ორი მინისტრის: პრემიერ-მინისტრ მორეპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვერგენესის გავლენის ქვეშ იყო. მათი გავლენით მეფემ თანამდებობიდან მოხსნა არაერთი მინისტრი, მათ შორის შუაზელიც. დედოფალმა მარი ანტუანეტამ მთავარი როლი ითამაშა ლუი XV-ის მთავარი მინისტრის, ჰერცოგ დ'ეგილონის გადასახლებაში.
1774 წლის 24 მაისს, ლუი XV-ის გარდაცვალებიდან ორ კვირაში ახალმა მეფემ თავის ცოლს ვერსალიდან მოშორებით მდებარე პეტიტ-ტრენონის შატო აჩუქა, რომელიც ლუი XV-მ თავის დროზე მადამ დე პომპადურს აუშენა. ლუი XVI-მ მარი ანტუანეტს საშუალება მისცა, რომ შატო საკუთარი გემოვნებისამებრ ხელახლა გაერემონტებინა. მალევე გავრცელდა ჭორი, რომ მან კედლები ოქროთი და მარგალიტებით დაფარა, რაც დედოფლის იმიჯის შესალახად გამოგონილი სიცრუე იყო.
დედოფალი მარი ანტუანეტი მალე მიეჩვია მოდას, ფუფუნებასა და აზარტულ თამაშებს. მისმა მფლანგველურმა ხასიათმა ფაქტობრივად დააცარიელა სამეფო ხაზინა, რის გამოც ქვეყანა გაკოტრების პირას აღმოჩნდა და მოსახლეობამ შიმშილობა დაიწყო. მას ასევე ძალიან უყვარდა პომპეზურად გამოწყობა. მარი ანტუანეტს სპეციალურად ჰყავდა დაქირავებული დიზანიერები და თმის სტილისტები. მის პერიოდში მოდაში შემოვიდა განსაკუთრებით მაღალი ვარცხნილობები და განიერი კაბები. ცნობილია, რომ მისი ვარცხნილობა საშუალოდ 90 სანტიმეტრ სიმაღლის იყო, რასაც ემატებოდა თმაში ჩამაგრებული გრძელი ბუმბულებიც. სამეფო კარზე დამკვიდრდა ინგლისური მოდის ფართო კაბები, რომელთათვისაც საჭირო იყო სპეციალურად ინდოეთიდან ჩამოტანილი ძვირფასი ნაჭრები. 1775 წლის „ფქვილის ამბოხისას“[6] დედოფლის რეპუტაცია ძლიერ დაზარალდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მარი ანტუანეტს ფრანგებისთვის წინამორბედ მეფეთა საყვარლების ეკვივალენტური რეპუტაცია ჰქონდა. ხალხი მას პირდაპირ ადანაშაულებდა არსებულ კრიზისსა და ეკონომიკის განადგურებაში. იმპერატრიცა მარია ტერეზიას მიწერილ წერილებშიც ჩანს, რომ იგი აღშფოთებული იყო ქალიშვილის ხარჯებით და ისიც მას ადანაშაულებდა სამოქალაქო არეულობაში.
მარია ტერეზიასა და ხალხის აღშფოთებას იწვევდა მარი ანტუანეტის სამეგობრო წრეც. მათ არ მოსწონდათ მისი „თავისუფალი სტილისა“ და „ცუდი რეპუტაციის“ მქონე არისტოკრატ ქალბატონებთან ახლო ურთიერთობა. მისი ასეთი მეგობრებიდან აღსანიშნავია პრინცესა დე ლამბალი მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი, რომელიც სამეფო ოჯახს პენტიევრის ჰერცოგზე[7] ქორწინების შემდეგ დაუნათესავდა. ნაადრევი დაქვრივების შემდეგ ლამბალი ერთობ თავისუფალ და მდიდრულ ცხოვრებას მისდევდა, რაც ხალხისგან განსხვავებით მარი ანტუანეტს მოსწონდა. 1774 წლის 19 სექტემბერს დედოფალმა პრინცესა ლამბალი სამეფო სასახლის დიასახლისად დანიშნა, მოგვიანებით ეს წოდება თავის ახალ რჩეულს, პოლინიაკის ჰერცოგინია იოლანდ დე პოლასტრონს გადაულოცა.
1774 წელს მარი ანტუანეტმა ვერსალში უმასპინძლა თავის მუსიკის მასწავლებელს, გერმანელ კომპოზიტორ კრისტოფ ვილიბალდ გლუკს, რომელიც საფრანგეთში 1779 წლამდე დარჩა.
დედობა, სამეფო კარის ცვლილებები და პოლიტიკაში ჩარევა
პოპულარობის შემცირება
რევოლუციამდელი წლები: სკანდალები და წარუმატებელი რეფორმები
ბრილიანტის ყელსაბამის სკანდალი
პოლიტიკური და ფინანსური რეფორმების წარუმატებლობა
რევოლუციის დასაწყისი
მირაბო
კლერგის სამოქალაქო კონსტიტუცია
გაქცევა, დაპატიმრება და პარიზში დაბრუნება
რევოლუციის რადიკალიზაცია
მონარქიის გაუქმება
ლუი XVI-ის სასამართლო და სიკვდილით დასჯა
მარი ანტუანეტი ტაძარში
კონსიერჟი
სასამართლო და სიკვდილით დასჯა
მემკვიდრეობა
კულტურული ასახვა
ფილმები
ტელევიზია
მარი ანტუანეტის სახე მედიაში
ისტორიული ლიტერატურა
მუსიკა
ვიდეო თამაშები
მოდა
შვილები
სახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
მარი ტერეზი | 19 დეკემბერი, 1778, | 19 ოქტომბერი, 1851,
(72 წლის) |
დაობლების შემდეგ იგი რევოლუციონერებმა გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის
ევროპის მრავალ ქვეყანაში იმყოფებოდა. რუსეთში ყოფნისას დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, ანგულემის ჰერცოგ ლუი ანტუანზე. ბურბონთა რესტავრაციისა და ლუი XVIII-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე მისი მამამთილი, შარლ X გახდა. 1830 წელს მისი ტახტიდან გადადგომის შემდეგ დამხობამდე, მარი ტერეზი და მისი ქმარი 20 წუთით იყვნენ საფრანგეთის მეფე-დედოფალი. დამხობის შემდეგ ისინი კვლავ ევროპაში გადაადგილდებოდნენ, გარდაიცვალა უშვილოდ. | |
ლუი ჟოზეფი | 22 ოქტომბერი, 1781, | 4 ივნისი, 1789,
(7 წლის) |
საფრანგეთის დოფინი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ტუბერკულოზით. | |
ლუი XVII | 27 მარტი, 1785, | 8 ივნისი, 1795,
(10 წლის) |
ძმის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის დოფინი, მამის დაღუპვის შემდეგ
კი საფრანგეთის ტიტულარული მეფე. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მარტომ გაატარა, ციხეში, სადაც იგი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. | |
სოფი ელენა | 9 ივლისი, 1786, | 19 ივნისი, 1787,
(11 თვის და 10 დღის) |
საფრანგეთის პრინცესა და „საფრანგეთის ქალიშვილი“. გარდაიცვალა ჩვილი,
ტუბერკულოზით. |
წინაპრები
ჰერალდიკა
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ შერნბურის სასახლე ავსტრიის საიმპერატორო ოჯახის საზაფხულო რეზიდენცია იყო
- ↑ ამ დროს თავად ლუი XV-ის ერთადერთი ვაჟი, დოფინი ლუი უკვე ხუთი წლის გარდაცვლილი იყო
- ↑ მარი ანტუანეტი (ფრანგ. Marie Antoinette) გერმანული მარია ანტონიას (გერმ. Maria Antonia) ფრანგული ეკვივალენტია, ენის ნორმებიდან გამომდინარე კი ევროპელ მონარქებს ხშირად ეცვლებოდათ სახელები, მაგალითად მარი ლუიზი
- ↑ ამ პერიოდში მეფის ცოლი, დედოფალი მარია ლეშჩინსკაც და მარი ანტუანეტის დედამთილიც, მარია იოზეფა საქსონიელიც გარდაცვლილნი იყვნენ, რის გამოც დიუ ბარს დედოფლის ძალაუფლება ჰქონდა
- ↑ ლუი XV-ს სულ ექვსი ასული ჰყავდა: ლუიზა ელიზაბეტი, ანა ანრიეტა, მარი ადელაიდა, ვიქტორია, სოფი და ლუიზა, რომელთაგან მხოლოდ პირველი ქალიშვილი გათხოვდა, დანარჩენები კი ვერსალში ცხოვრობდნენ და უარი თქვეს ქორწინებაზე.
- ↑ ასე ეწოდა ფრანგების აჯანყებას, რომელიც ფქვილსა და პურზე ფასების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია
- ↑ პენტიევრის ჰერცოგი მეფე ლუი XIV-ის უკანონო ვაჟის შთამომავალი იყო და შესაბამისად ლუი XVI-ის ბიძაშვილიც