მარი ანტუანეტი
მარი ანტუანეტი (დაბ. მარია ანტონია იოზეფა იოჰანა ჰაბსბურგელ-ლოთარინგელი, გერმ. Maria Antonia Josepha Johanna von Habsburg-Lothringen, ფრანგ. Marie Antoinette Josèphe Jeanne de Habsbourg-Lorraine; დ. 2 ნოემბერი, 1755, ვენა, ავსტრია — გ. 16 ოქტომბერი, 1793, პარიზი, საფრანგეთი) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის დედოფალი, იმპერატორი ფრანც I-ისა და მარია-ტერეზიის უმცროსი ქალიშვილი. საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის მეუღლე.
მარი ანტუანეტი | |
---|---|
საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 მაისი 1774 |
მმართ. დასასრული: | 10 აგვისტო 1792 |
წინამორბედი: | მარია ლეშჩინსკა |
მემკვიდრე: | მარია ჯუზეპინა სავოიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ნოემბერი 1755 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 16 ოქტომბერი 1793 (37 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი XVI |
შვილები: |
მარი ტერეზ შარლოტი, საფრანგეთის დედოფალი ლუი XVII, საფრანგეთის მეფე |
სრული სახელი: | მარია ანტონია იოზეფა იოჰანა ჰაბსბურგელ-ლოთარინგიელი |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგია |
მამა: | ფრანც I შტეფანი |
დედა: | მარია ტერეზია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
1770 წელს იქორწინა საფრანგეთის დოფინ ლუი ავგუსტზე, რის შემდგომაც იგი საფრანგეთის დოფინი გახდა. 1774 წლის 10 მაისს მისი ქმარი საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ე გახდა, აქედან მოყოლებული 1792 წლის ჩათვლით, მარია ანტუანეტა ატარებდა საფრანგეთის და ნავარის დედოფლის ტიტულს. ტიტული დაკარგა 1792 წლის 10 აგვისტოს, მას შემდგომ რაც ის მის ქმართან ერთად ტახტიდან ჩამოაგდეს.
ქორწინებიდან 8 წლის შემდგომ მარია ანტუანეტამ ქალიშვილი გააჩინა, რომელიც შემდგომში საფრანგეთის დედოფალი გახდა (სულ რაღაც 20 წუთით). ამის შემდემ მარია ანტუანეტამ კიდევ 4 შვილი გააჩინა. დედოფალი მარია ანტუანეტა ხალხში დიდი ზიზღით სარგებლობდა, რაც გამოწვეული იყო მისი გულცივი, მფლანგველი და ხისტი ხასიათით. საბოლოოდ მისი რეპუტაცია დიუბარის ყელსაბამის ინცინდენტმა გაანადგურა, რაც ფრანგებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ დედოფალი საფრანგეთის ეკონომიკური კრიზისის დროს საოცრად დიდ თანხებს ფლანგავდა, ამასთან სწორედ მას მიეწერება ცნობილი ფრაზა "თუ მათ არ აქვთ პური, მიირთვან ფუნთუშები!", რაც მაშინ განაცხადა როცა აცნობეს, რომ პარიზში შიმშილი მძვინვარებდა.
1789 წელს დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია. 1791 ოქტომბერში აბობოქრებული ბრბო შეიჭრა მეფის სასახლეში, თუმცა მარია ანტუანეტამ და ლუი XVI-მ გაცქცევა სცადეს, მაგრამ საფრანგეთიდან გაქცევის დროს საზღვარზე დაიჭირეს . 1792 წლის ზაფხულში მარია ანტუანეტა დაატყვევეს, თუმცა ცნობილია, რომ ის მაინც ახერხებდა თავის მულთან, საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტა ბურბონთან მიმოწერას და კავშირების დამყარებას საფრანგეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. 1792 წლის 10 აგვისტოს მარია ანტუანეტას საფრანგეთის დედოფლის ტიტული ჩამოერთვა. 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI-ს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს. ამავე წლის 16 ოქტომბერს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს მარია ანტუანეტასაც.
ადრეული ცხოვრება (1755-1767)
მარი ანტუანეტი დაიბადა 1755 წლის 2 ნოემბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. მამამისი იყო საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I, ხოლო დედა, ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზა.
მას დაბადებიდან ანტუანეტი დაარქვეს, თუმცა ნათლობის შემდგომ მარი ანტუანეტი დაერქვა და ისტორიაშიც ამ სახელითაა ცნობილი. როდესაც ორი წლის იყო, მას საშინელი სენი შეეყარა, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა და ამ დაავადებას მის გარეგნობაზე კვალი არ დაუმჩნევია. მარი ანტუანეტა ავსტრიის სამეფო კარზე მკაცრად იზრდებოდა, მას ასწავლიდნენ ქცევის ნორმებს, ეტიკეტს, ჩაცმის სტილს, ლაპარაკის მანერებს და ა.შ., მისთვის ყოვლად დაუშვებელი იყო სპონტანური ქვევები, ვინაიდან ნახევარი ევროპის პრინცესას ეტიკეტის დარღვევა არაფრით არ ეპატიებოდა.
მისი წარმომავლობიდან და სტატუსიდან გამომდინარე, მარი ანტუანეტს მშვიდი, მდიდრული, საინტერესო და მხიარული ბავშვობა ჰქონდა. მარი ანტუანეტი მშობლებს ძალიან უყვარდათ, ამიტომაც მას სხვა შვილებისაგან განსხვავებით უფრო თბილად ეპყრობოდნენ და მეტ თავისუფლებასაც აძლევდნენ. მარი ანტუანეტი მშობლებმა ბრწყინვალე განათლებით უზრუნველყვეს, ასევე ცნობილია ისიც, რომ მას საათის ცნობა თვით იმპერატრიცა მარია ტერეზამ ასწავლა, ასევე ცნობილია ისიც, რომ მარი ანტუანეტი ძალიან მორწმუნე იყო და უყვარდა წიგნების კითხვა. უკვე 12 წლის მარი ანტუანეტს საოცრად შეეძლო იტალიურად ლაპარაკი, თუმცა მას გამართულად არც ფრანგულ და არც გერმანულ ენაზე არ შეეძლო საუბარი. მარი ანტუანეტს მუსიკასა და ხელოვნებას ევროპის საუკეთესო პედაგოგები ასწავლიდნენ. მას უნაკლოდ შეეძლო ხატვა, ცეკვა და არაერთ საკრავზე დაკვრა. მარი ანტუანეტი სულ 13 წლის იყო როცა იგი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ნიჭიერ და გემოვნებიან ქალად იქცა, აქედან გამომდინარე მასზე ქორწინება არაერთი ქვეყნის მეფესა თუ ტახტის მემკვიდრეს სურდა.
1765 წლის 18 აგვისტოს, ქალაქ ინსკბურგში, არქიეპისკოპოს პიერ ლეოპოლდის საქორწინო დღესასწაულის დროს იმპერატორ ფრანც I-ს ინსულტმა დაარტყა და იქვე გარდაიცვალა. მთელი სამეფო ოჯახი მწარედ გლოვობდა იმპერატორს, განსაკუთრებით კი მარია ტერეზა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, მთელი ცხოვრება გლოვობდა და შავ ტანისამოსს ატარებდა. ტახტზე მარი ანტუანეტის ძმა იოზეფ II ადის. მარია ტერეზა შვილს ყოველთვის ეხმარებოდა ამ უდიდესი სახელმწიფოების მართვაში, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის თავისი ვაჟით ყოველთვის უკმაყოფილო იყო.
1767 წელს ავსტრიაში საშინელი ეპიდემია გავრცელდა რომელმაც სულ მალე სამეფო ოჯახშიც შეაღწია. სასახლეში კარანტინი გამოაცხადეს, (თუმცა მარი ანტუანეტს კარგი იმუნიტეტი ჰქონდა და ეპიდემიას გადაურჩა) იოზეფმა დის დასაცავად (იგულისხმება მარი ანტუანეტის და - მარი კაროლინა) ის მიათხოვა ნეაპოლის მეფე ფერდინანდ IV-ს. მარი კაროლინა მარი ანტუანეტის ტყუპისცალი და იყო, ამიტომაც ერთმანეთთან განშორება ძალიან გაუჭირდათ.
პოლიტიკური ქორწინება (1767-1770)
1770-იან წლებში ძალიან დაიძაბა ურთიერთობები ავსტრიასა და პრუსიას შორის. ამის გამო, იოზეფ II-მ დაიწყო მოკავშირის ძებნა და იპოვნა კიდეც საფრანგეთის სახით. საფრანგეთს, ავსტრიის მსგავსად პრუსიასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. იოზეფ II-მ და საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ გადაწყვიტეს, რომ ეს ალიანსი დინასტიური ქორწინებით გაემარებინათ. ამ პირობების გათვალისწინებით მარი ანტუანეტი დანიშნეს საფრანგეთის დოფინ ლუი ავგუსტზე. 1769 წელის 13 ივნისს ეს აქტი ოფიციალურად გაფორმდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში მარი ანტუანეტი საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო. 14 წლის მარი ანტუანეტს სასწრაფოდ მიუჩინეს აღმზრდელები და მასწავლებლები, მისთვის რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა შეესწავლებინათ ფრანგული ენა, ქცევის ნორმები, კულტურა, ცეკვა და ა.შ., მოკლედ ყველაფერი ის რაც საფრანგეთის დედოფლისთვის იყო საჭირო.
1770 წლის 21 აპრილს მარი ანტუანეტმა დატოვა მშობლიური ვენა, ოჯახი, ნათესავები და საფრანგეთში გაემგზავრა, 340 კაციანი ამალითა და მზითვით, რომელიც 2 000 000 ოქროს კრონას შეადგენდა. დადებული შეთანხმების მიხედვით, დათქმულ დროს ანუ 1770 წლის 7 მაისს საფრანგეთ-ავსტრიის საზღვარზე უნდა განხორციელებულიყო მარი ანტუანეტის ფრანგებისათვის გადაცემა. ფრანგებსა და ავსტრიელებს შორის შეხვედრა ქალაქ სტრასბურგთან ახლოს, ელზასის რეგიონში მოხდა. დადგენილი წესის თანახმად იგი თავის მხლებლებსა და ავსტრიელ მეგობრებს სწორედ იქ უნდა გამომშვიდობებოდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ როდესაც მარი ანტუანეტი საფრანგეთის საზღვარზე გადავიდა სრულიად გააშიშვლეს, რადგან ფრანგული წესის მიხედვით საფრანგეთის მომავალ დედოფალს ყველაფერი მშობლიური ქვეყნის გარეთ უნდა დაეტოვებინა და საფრანგეთში ისე შესულიყო. ამიტომაც მარი ანტუანეტს ავსტრიელმა სეფექალებმა გახადეს ავსტრიული ტანისამოსი და დედიშობილა გადასცეს ფრანგებს, რათა მათ თავიანთი ეროვნული ტანსაცმლით შეემოსათ მომავალი დედოფალი. ამ რიტუალის შესრულების შემდეგ, მარი ანტუანეტი ოფიციალურად გახდა საფრანგეთის დოფინი.
ამ დროს მარი ანტუანეტიცა და ლუი ავგუსტიც 15 წლისანი იყვნენ. საინტერესოა ისიც, რომ ლუი ავგუსტმა რომელსაც მომავალი მეუღლე ნანახიც კი არ ჰყავდა, ერთ-ერთ თავის ქვეშემდგომს ჰკითხა როგორი განვითარებული მკერდი ჰქონდა მის საცოლეს. ქვეშემდგომმა მარი ანტუანეტის სილამაზეს ხოტბა შეასხა, თუმცა ამ დროს ის ლუიმ გააჩერა და კითხვა გაუმეორა : "მე მისი სილამაზის შესახებ არ გეკითხები. მე მაინტერესებს მისი მკერდი".
1770 წლის 19 მაისს მარი ანტუანეტი და ლუი ავგუსტი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაქორწინდნენ. ამ მომენტიდან მარი ანტუანეტი ოფიციალურად გახდა საფრაგეთის დოფინი. მარი ანტუანეტი მთელი გულითა და სულისკვეთებით ცდილობდა ფრანგების სიმპათია დაემსახურებინა, რაც დედამისს ძალიან არ მოსწონდა. ყოველ კვირად ვერსალში ავსტრიიდან გამოგზავნილი წერილები მიდიოდა, სადაც მარია ტერეზა ქალიშვილს მის მოვალეობებს შეახსენებდა და მოუწოდებდა "იყავი ნამდვილი გერმანელი!". თუმცა ქორწინების შემდეგ ლუი ნადირობასა და გასაღებების დამზადებას უფრო დიდ დროს უთმობდა, ვიდრე საკუთარ მეუღლეს. მიუხედავად ამისა, მარი ანტუანეტს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მეფე ლუი XV-სთან, რითაც მარია ტერეზა ერთობ კმაყოფილი იყო.
მადამ დოფინი (1770-1774)
საფრანგეთის სამეფო კარზე მარი ანტუანეტი მაინც და მაინც კარგად არ იქცეოდა. მას მალევე გამოუჩნდა უამრავი მოწინააღმდეგე, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ ის ავსტრიელი იყო. მარი ანტუანეტს სძულდა მეფე ლუი XV-ის საყვარელი - მადამ დიუბარი, რომელიც პარიზის ბორდელიდან იყო წამოყვანილი, ამიტომაც ის მას ყოველთვის საშინლად ექცეოდა (ისევე როგორც სამეფო კარის სხვა მანდილოსნები), ერთხელაც დიუბარმა მეფეს ამ ამბავზე შესჩივლა რის გამოც მარი ანტუანეტსა და მეფეს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ამ ამბავმა მარია ტერეზას ყურამდეც მიაღწია, რის გამოც იგი საშინლად განრისხდა და ქალიშვილს მოუწოდა მეფესთან და მის საყვარელთან ურთიერთობები დაეთბო. მარი ანტუანეტს ამის გაგონებაც კი არ სურდა. თუმცა სამეფო კარზე მისი პრობლემები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა.
1770 წლის 24 დეკემბერს ლუი XV-მ თანამდებობიდან გადააყენა მინისტრი რომელის წყალობითაც გახდა მარი ანტუანეტი საფრანგეთის დოფინი, ერთად-ერთი ადამიანი რომელიც მის მხარს იჭერდა. ამას გარდა პრობლემა იმასაც წარმოადგენდა, რომ ლუი ავგუსტი მეუღლის მიმართ ძალიან დიდ გულგრილობას და უყურადღებობას იჩენდა, რაც ფრანკო-ავსტრიულ ალიანსს უფრო არამყარს ხდიდა. ამას ემატებოდა მარია ტერეზას საშინელი წერილები.
საინტერესოა ის გარემოება, რომ მარი ანტუანეტსა და ლუი ავგუსტს შორის მრავალი თვის მანძილზე სექსუალური კავშირი არ ჰქონიათ. ეს არ იყო მარი ანტუანეტის ბრალი რადგან იგი ყველაფერს აკეთებდა მეუღლის დაინტერესებისათვის, ამასთან იგი ძალიან ლამაზი იყო და იმ პერიოდის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა. ლუი XV-ის ბრძანებით სამეფო კარის ექიმმა გასინჯა ლუი ავგუსტი და დაადინა, რომ მას არც იმპოტენცია სჭირდა, არც სექსუალური გადახრები აწუხებდა და არც ჯანმრთელობას უჩიოდა. თუმცა ამავე ექიმის დასკვნით ლუი ავგუსტს ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა და სწორედ ამიტომაც არ ეკარებოდა მის უმშვენიერეს მეუღლეს.
ვერსალის სასახლეში ეს ჭორი მალე გავრცელდა და ყველა ძალიან დაინტერესდა დოფინების თანაცხოვრებით. ამასთან ვენიდან თითქმის ყოველდღე მოდიოდა წერილები.მარია ტერეზა თავის ქალიშვილს გამუდმებით იმას უჩიჩინებდა, რომ მისი ასეთი მდგომარეობა ალიასს არამყარს ხდიდა, ამასთან კაცის გულის მოგების ხრიკებსაც ასწავლიდა მაგრამ ამაოდ. ამავდროულად მარია ტერეზამ მარი ანტუანეტის მსახურს დაავალა თვალყური ედევნებინა მარი ანტუანეტის ზეწრებისათვის და ყოველთვიურად მიეწერა ინფორმაცია ქალიშვილის მენსტრუაციული ციკლის შესახებ. მარი ანტუანეტამ კი არაფერი არ იცოდა იმის, შესახებ რომ დედამისმა მისი ყოველი ნაბიჯი იცოდა კარგი ჯაშუშების მეშვეობით.
თვეები გადიოდა და სიტუაცია კი არ იცვლებოდა. ამდენი ადამიანის ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ მარი ანტუანეტი ხანგრძლივ დეპრესიაში ჩააგდო. მარი ანტუანეტი გამუდმებით ცდილობდა ქმრის პროვოცირებას ამასთან ხშირად ეძინა მის ოთახში. მოგვიანებით მარი ანტუანეტმა პირდაპირ პირში მიახალა თავის მეუღლეს სიმართლე, შეურაცყოფა მიაყენა მას, ამასთან უდიერად მოიხსენია მისი გაუთავებელი ნადირობა და გასაღებების დამზადება. თუმცა ლუი ავგუსტმა მეუღლეს ყველაფერი აპატია და კვლავ ისე გაგრძელდა ყველაფერი როგორც მანამდე იყო. დედის რჩევებითა და უდიდესი მოთმინებით დოფინმა ლუის გული მოინადირა. ლუის ამ წლების მანძილზე პირველად გაუჩნდა სიმპათია მარი ანტუანეტის მიმართ, ერთხელ მან განაცხადა, რომ ძალიან ამაყობდა თავისი მშვენიერი მეუღლით.
ამავდროულად მარი ანტუანეტის მაზლს ვაჟი შეეძინა რამაც ძალიან დაამძიმა მისი მდგომარეობა, რადგან წლების მანძილზე მას შვილი არ გაუჩენია, ტახტის მემკვიდრეს კი ვაჟი სჭირდებოდა. ამ მოვლენის შემდეგ ლუი XV-ს ყურადღება მარი ანტუანეტის რძალზე გადაიტანა, ის კი ჩრდილში მოექცა. პირველად სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მასთან ერთად საფრთხეში ფრანკო-ავსტრიული ალიანიც იყო, რასაც შეიძლებოდა მძიმე შედეგები მოეტანა ავსტრიისათვის. საბოლოოდ მარი ანტუანეტი ძალიან დაღალა დედამისის კრიტიკულმა წერილებმა ამიტომაც მისი იგნორირება დაიწყო.
ქალიშვილის ასეთმა საქციელმა მარია ტერეზა აღაშფოთა. მალევე ვერსალში ვენიდან გამოგზავნილი დიდი წერილი მოვიდა, რომელიც თავად მარია ტერეზას ხელით იყო ნაწერი. მან პირდაპირ, ყოველგვარი შეფარვის გარეშე მიაყენა შეურაცყოფა მარი ანტუანეტს, რამაც ის შოკში ჩააგდო. მარია ტერეზამ ისიც აღნიშნა, რომ მისი ამგვარი ქცევებით დიდ საფრთხეს უქადდა ფრანკო-ავსტრიულ ალიანსს. ამასთან მოუწოდა დაუყოვნებლივ მოეწესრიგებინა ურთიერთობა მადამ დიუბართან და ამ გზით დაებრუნებინა მეფის გული. მარი ანტუანეტმა დიუბარს ერთ დილას უთხრა : "დღეს, სასახლეში ხალხმრავლობაა" და ამით დაასრულა მასთან ურთიერთობა, არც მანამდე და არც მის შემდეგ ის დიუბარს არ დალაპარაკებია, თუმცა როგორც თავად განაცხადა მისთვის ამგვარ ქალთან ასეთი ხანმოკლე ურთიერთობაც კი ძალიან დამამცირებელი იყო. ამავე საღამოს მან თავის ქმარს უთხრა –" მე ერთხელ ველაპარაკე მას, ამის შემდეგ ძალიან მტკიცედ ვიდგები, ამიტომ აღარავინ აღარ მაიძულოთ მასთან ურთიერთობა, რადგან ის ქალი ვეღარასდროს ვეღარ მოისმენს ჩემს ხმას" – რის შემდგომაც პირობა შეასრულა და დიუბართან აღარასდროს ჰქონია ურთიერთობა.
1774 წელს მარი ანტუანეტმა სიხარულით მიიღო მისი ძველი მუსიკის მასწავლებელი, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იყო და გადაწყვიტა თავისი ნამოწაფარი დოფინიც მოენახულებინა. 19 აპრილს მარი ანტუანეტმა დააფინანსა ეს ცნობილი მუსიკოსი და პარიზის ოპერაში მისი წარმოდგენები დადგეს, რომელსაც არამხოლოდ მთელი ფრანგული არისტოკრატია, არამედ სამეფო ოჯახიც დაესწრო. ოპერის შემდეგ მეფემ ნადირობა მოისურვა და რამდენიმე დღეში მთელი სამეფო ოჯახი სანადიროდ წავიდა. ნადირობის დროს მეფე ცუდად გახდა, ივარაუდება რომ მან ყურძნის მოწამლული მარცვალი შეჭამა. ამ მოვლენიდან რამდენიმე დღეში მეფე ლუი XV გარდაიცვალა. სულ რაღაც 11 დღეში კი მარი ანტუანეტი საფრანგეთის დედოფალი გახდა, ხოლო ლუი ავგუსტი, საფრანგეთის მეფე ლუი XVI. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მარია ტერეზამ კომენტარი გააკეთა : "ჩემი ქალიშვილის ბედი ასეთი ყოფილა, ის არც ძალიან ბედნიერია და არც ძალიან უბედური. მე ვფიქრობ, რომ მისი ბედნიერი დღეები დასრულდა!".
საფრანგეთის დედოფალი (1774-1792)
მმართველობის პირველი წლები (1774-1777)
მარია ტერეზას პროგნოზი გამართლდა, რაც მარი ანტუანეტმა თავზე დედოფლის გვირგვინი დაიდგა, მისი პრობლემატური ცხოვრებაც დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ის უკვე დედოფალი იყო, ჰაერივით ესაჭიროებოდა ვაჟი, რათა მათი გარდაცვალების შემდგომ მას გაეგრძელებინა მართვა და შიდა ომი არ დაწყებულიყო. გარდა ამისა კორონაციის დღიდან ის ყველას ყურადღების ცენტრში მოეცქა. მარი ანტუანეტი თანდათან უფრო პოპულარული ხდებოდა, თუმცა არა კარგი კუთხით, არამედ მთელს საფრანგეთში ჭორაობდნენ რომ უნაყოფო იყო, რომ მეუღლეს ძალიან ხშირად ღალატობდა, იყო გულცივი და ხალხის ბედი არ ადარდებდა, ამასთან მას ძალიან უყვარდა ფულის ფლანგვა. სულ რამდენიმე თვეში მარი ანტუანეტი უამრავ სკანდალში გაეხვა.
მარი ანტუანეტს ბრალი ედებოდა ქმრის საქმეებში ჩარევაში და მასზე გავლენის მოხდენაში, რადგანაც ის ლუი XVI-ს ყველაფერს აკეთებინებდა რაც სურდა. ამან რათქმაუნდა ფრანგ მინისტრთა საბჭოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა თავისი პირადი ცხოვრებით დედოფალი ერთობ უკმაყოფილო იყო. ქორწინებიდან 5 წელი იყო გასული, მას კი ბავშვი არ უჩნდებოდა. როგორც ხშირად ხდებოდა ძველ დროში, მარი ანტუანეტს უნაყოფოს იარლიყი მიაკერეს. სამეფო კარზე გამუდმებით აწყდებოდა ირონიას, ცინიზმსა და ზოგჯერ პირდაპირ შეურაცყოფას ეგრეთ წოდებული „ნაყოფიერი“ ქალბატონებისაგან. რათქმაუნდა დედოფალი მათ საკადრისად პასუხობდათ, თავიც ისე მოჰქონდა თითქოს ძალიან ბედნიერი და მხიარული ქალი იყო, თუმცა გულის სიღრმეში ძალზედ სევდიანი და უბედური იყო. როგორც სამეფო კარის მემატიანეები გვაუწყებენ მისი ოთახიდან ხშირად გამოდიოდა ხმამაღალი ტირილის ხმაც. ამ დროს მარი ანტუანეტმა იგრძნო, რომ ცხოვრებით მაქსიმალურად უნდა დამტკბარიყო, ამიტომაც დაიწყო უძვირფასესი კაბების, ფეხსაცმელების, პარიკების, სამკაულებისა და სხვადასხვა ავეჯის შეძენა, დაიქირავა ძვირადღირებული მხატვრებიც და მისი პორტრეტების შექმნა უბრძანათ. ასევე ხშირად დადიოდა გასართობ საღამოებზე, თეატრებსა და ოპერაში, თუმცა ასევე ყოველდღიურად ესწრებოდა მესას და ღმერთს შვილის ყოლას შესთხოვდა.
1775 წელს ფინანსთა მინისტრმა ჟაკ ნეკერმა გამოაცხადა, რომ სამეფო ოჯახის განუზომელმა მფლანგველობამ საფრანგეთი გაკოტრებამდე მიიყვანა. მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით პარიზსა და მის მსგავს სხვა დიდ ქალაქებში, სადაც არავითარი დასამუშავებელი მიწის რესურსი არ არსებობდა, შიმშილი დაიწყო. მალევე ხალხი აბობოქრდა და რამდენიმე თვეში მეფის არმიასა და აჯანყებულებს შორის მოხდა ფქვილის ომი, რომელშიც მართალია მეფემ გაიმარჯვა, თუმცა ხალხში უკმაყოფილება ერთი ორად გაიზარდა. სწორედ ამ დროს წარმოთქვა მარი ანტუანეტმა თავისი სახელ განთქმული ფრაზა "თუ მათ არ აქვთ პური, მიირთვან ფუნთუშები!". ამავე წლის 11 ივნისს ლუი XVI-ის ინაუგურაცია მოხდა, რასაც უკვე მსახიობობაში გაწაფული დედოფალი სიხარულის ცრემლებით შეხვდა.
ამავე წლის 6 აგვისტოს ანჟულემის ჰერცოგინიას (მარი ანტუანეტის მაზლის ცოლს) შეეძინა მეორე ვაჟი, რამაც დედოფალი საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა. მეფემ ეს ბავშვი პროვანსის ჰერცოგად აკურთხა და მის მემკვიდრედ დაასახელა (იმ შემთხვევაში თუ თავად შვილი არ ეყოლებოდა). იმ დღეს იქ მყოფმა ყველა ადამიანმა საშინლად დაამცირა მარი ანტუანეტი, რომელმაც ძლივს გადააბიჯა თავმოყვარეობას და რძალთან მისალოცად მივიდა. აქედან მოყოლებული ხალხი აჭორავდა რომ მეფე იმპოტენტი იყო, ხოლო დედოფალი სექსუალურ მოთხოვნილებებს სხვადასხვა მამაკაცებთან იკმაყოფილებდა.
ამ უდიდესი დამცირების კომპენსირების მიზნით, მეფემ მარი ანტუანეტს წლების წინ მადამ დე პომპადურისათვის აშენებული ულამაზესი სასახლე აჩუქა, რომელიც საოცარი გემოვნებით იყო აგებული, თანაც საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას. ცოტა ხნის შემდეგ საფრანგეთში კვლავ ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. სწორედ ამ დროს, ამერიკელებმა რომლებიც დიდი ბრიტანეთისაგან გამოყოფას ლამობდნენ, ფრანგებს ფინანსური დახმარება სთხოვეს, რათა ბრძოლისათვის საჭირო შეიარაღება დაემზადებინათ. ლუი XVI-ს მინისტრებმა ურჩიეს, რომ ამერიკელებს დახმარებოდა და ამით მოეღო ბოლო ბრიტანელების თავგასულობისათვის, ხოლო ისინი გადასახადებს გაზრდიდნენ და ამით აღადგენდნენ ფინანსურ დანაკარგს. ასეც მოხდა და 1776 წლის გაზაფხულზე საფრანგეთიდან დიდი რაოდენობით თანხა გაემგზავრა ამერიკაში. ამავე წლის 4 ივლისს მართლაც გახდა ამერიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დახმარების გამო ფრნაგებს ძლიერ ემადლიერებოდა, თუმცა თავად საფრანგეთში სიტუაცია ძალზედ მძიმე იყო. ფინანსთა მინისტრი ჟაკ ნეკერი უშედეგოდ ცდილობდა ამ უზარმაზარი თანხების აღდგენას და ქვეყნის კრიზისიდან ამოთრევას. საბოლოოდ 1776 წელს საფრანგეთი გაკოტრების პირამდე მივიდა. ჟაკ ნეკერმა სამეფო ოჯახს ხარჯების შემცირებისაკენ მოუწოდა, თუმცა ამაოდ.
1777 წლის 18 აპრილს ავსტრიის იმპერატორი იოზეფ II საფრანეთში ჩავიდა, რათა თავისი უმცროსი და მოენახულებინა, თანაც რამდენიმე საკითკი გაერკვია. იმპერატორს დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ და დიდი ბანკეტიც მოაწყვეს მისი ჩამოსვლის პატივსაცემად.
როდესაც მარი ანტუანეტი საყვარელ ძმასთან მარტო დარჩა, თავის პრობლემებზე გული გადაუშალა. მან აღნიშნა, რომ მეუღლესთან სექსუალური კავშირი არ ჰქონია და სწორედ ამის ბრალია უშვილობა და არა მისი უნაყოფობის. ასევე ცნობილია, რომ ამ დროს მარი ანტუანეტმა ძმას სპეციალურად ჩინეთიდან ჩამოტანილი ჟასმინის ჩაი გაასინჯა, რამაც იმპერატორის გაოცება გამოიწვია. ძმას მარი ანტუანეტი ძალიან შეეცოდა და გადაწყვიტა ლუი XVI-ს ამ თემაზე გასაუბრებოდა. იოზეფ II-ს ღრმად სჯეროდა, რომ მისი სიძე იმპოტენციისაგან იტანჯებოდა. თუმცა იოზეფისა და ლუის საუბრის შემდეგ ბევრი რამ ნათელი გახდა. მეფისა და დედოფლის დაწოლის ცერემონიალს უამრავი ადამიანი ესწრებოდა (რაც ყოველთვის ასე იყო, როგორც საფრანგეთში ისე სხვა სამეფო კარზე) ამიტომაც მორიდებულ მეფეს ცოლთან დაწოლის ყოველგვარი მადა უქრებოდა, თუმცა არც მარი ანტუანეტი ყოფილა ამ საქმის მიმართ დიდად ენთუზიაზმით განწყობილი. იოზეფი სწორედ მიხვდა რომ მის დასაც და სიძესაც აღგზნებადობას სწორედ მათ საძინებელში მყოფი უამრავი თვალი უკარგავდათ. ეს იოზეფმა თავის დღიურშიც აღნიშნა, ასევე წერს რომ ისინი ნამდვილად კარგი პარტნიორები და შესაფერისი წყვილი იყვნენ.
მას შემდეგ რაც იოზეფმა სიმართლე გაიგო, მეფეს ურჩია ის ადამიანები დაეთხოვა და მეუღლესთან განმარტოვებულიყო. ამასთან იოზეფი თავის ძმა ლეოპოლდთან წერილში აღნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ ძალიან ინფანტილურები, სათნო და სუფთა ადამიანები არიან.
ბავშვების გაჩენა (1778-1781)
XVIII საუკუნეში უამრავ ევროპულ სახელმწიფოში მოხდა ომი მემკვიდრეობისათვის, რაც მონარქთა უშვილობით იყო გამოწვეული. ასე მოხდა ესპანეთში, ავსტრიაში, პოლონეთ-ლიტვაში და ჩეხეთში. ამ საშიშროების ქვეშ იმყოფებოდა საფრანგეთიც, თუმცა მანამდე დაიწყო ომი ბავარიის ტახტის მემკვიდრეობისთვის. ამ ომში იბრძოდა ავსტრია და მისი მოწინააღმდეგე პრუსია-საქსონია. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთის ავსტრიის მოკავშირე იყო, თავისდაუნებურად ამ ომში ჩაითრიეს. პრუსია-საქსონიის ჯარები ფრიდრიხ II პრუსიელის და პრინც ჰაინრიხის მეთაურობით ჩეხეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაგრამ ვერ დაძლიეს ავსტრიის ჯარის წინააღმდეგობა და 1778 წლის სექტემბერში უკან დაიხიეს. რუსეთმა, საფრანგეთის მხარდაჭერით მეომარი მხარეები აიძულა საზავო მოლაპარაკება დაეწყოთ. 1779 წლის ტეშენის ზავით ავსტრიამ მიიღო ბავარიის ნაწილი – ინის ოლქი.
1779 წელს მეფესა და დედოფალს სექსუალური კავშირი ჰქონდათ, რის შემდგომაც დედოფალი დაფეხმძიმდა. ამით მარი ანტუანეტის მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. 1779 წლის 19 დეკემბერს დედოფალმა გოგონა გააჩინა. სამეფო ეტიკეტის მიხედვით მშობიარობას თითქმის მთელი სამეფო ოჯახი დაესწრო. გოგონას მარია ტერეზა შარლოტა დაარქვეს, ანუ მარი ანტუანეტისა და ლუის დედების სახელები. დედოფალს მშობიარობა ძალიან გაუჭირდა და ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე საათი გონებადაკარგული იწვა. ხოლო როცა აცნობეს, რომ მან ჯანმრთელი გოგონა გააჩინა ძალიან გაუხარდა და შვილი ხელში აიყვანა. პატარა პრინცესა მალევე მონათლეს კათოლიკედ.
მარი ანტუანეტმა მართალია ბავშვი გააჩინა, მაგრამ მას ვაჟი მაინც სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, მის დამცირებას ვეღარავინ ბედავდა, ამასთან მეფის ავტორიტეტმაც აიწია, რადგან როგორც აღმოჩნდა იმპოტენტი არ იყო. ამ პერიოდში მარი ანტუანეტი ინტერესდება მხატვრობით და თავადაც იწყებს სასახლის ბაღებისა და შიდა ინტერიერის ხატვას. ამავე პერიოდში მარი ანტუანეტი ძალიან დაუმეგობრდა ჰერცოგინია იოანდე დე პოლასტრონს. ისინი იმდენად დამეგობრდნენ, რომ მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ და ზოგჯერ შუაღამემდეც ერთად იყვნენ. ბოროტ ხალხს რათქმაუნდა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენიათ და დედოფალს ახალი სკანდალი აუგორეს, რომ ის იოანდეს საყვარელი იყო და ვითომ დედოფალიცა და ჰერცოგინიაც ლესბოსელები იყვნენ. ამ ამბავმა დედოფლის უსაზღვრო მრისხანება გამოიწვია და ბრძანება გასცა, რომ ის ვინც ეს აფსურდი მოიგონა დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო მასთან. მალევე გაიგეს იდეის ავტორი და დედოფლის ბრძანებით სასახლის ყველაზე ღრმა და ბნელ ჯურღმულში ჩააგდეს.
ამ პერიოდში დედოფალი საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს, რაც სამეფო ხაზინაზე დადებითად აისახა. მარი ანტუანეტმა მის ცხოვრებაში ყველაზე ეკონომიურად 1780 წლის ოქტომბერში იცხოვრა. ამასთან დედოფალმა გრაფი დე პოლიგნაკის მეუღლეს მისცა უფლება დედოფლის გვერდით, დასაკეც სკამზე დამჯდარიყო, რაც მხოლოდ სამეფო ოჯახის ნათესავებს შეეძლოთ.
ვენაში, იმპერატრიცა მარია ტერეზა გამუდმებით გაბრაზებული იყო თავის ქალიშვილზე, რადგან იგი ჰერცოგინიებთან და გრაფინიებთან მეგობრობდა და მათთან დიდ დროს ატარებდა. იგი ცდილობდა განემარტა თავისი ქალიშვილისათვის, რომ დედოფლისთვის შეუსაბამო იყო მასზე დაბალი ტიტულის მქონე ადამიანებთან მეგობრობა. მარი ანტუანეტი როგორც ყოველთვის დედას დამორჩილდა და მინიმუმამდე შეამცირა სამეგობრო წრე და მხოლოდ უმაღლესი რანგის ქალბატონებთან განაგრძო ურთიერთობა.
1780 წლის 29 ნოემბერს ვერსალში მოვიდა ცნობა, რომ იმპერატრიცა მარია ტერეზა გარდაიცვალა. მარი ანტუანეტმა დედის გარდაცვალება ძლიერ განიცადა და მადლობა გადაუხადა თავის მეუღლეს, რომ ასეთ მძიმე წუთებში მის გვერდით იყო. ხოლო 1781 წლის თებერვალში მარი ანტუანეტმა ლუის მეორე ბავშვზე ფეხმძიმობა ახარა.
1781 წლის 22 ოქტომბერს დედოფალმა ვაჟი გააჩინა სახელად ლუი ჟოზეფი, რომელიც დაბადებიდანვე დოფინი გახდა. სამეფო ოჯახის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ამის აღსანიშნავად ვერსალში გრანდიოზული ზეიმი მოეწყო. მემკვიდრის გაჩენის შემდეგ ხალხი მარი ანტუანეტს უკვე სრულყოფილ დედოფლად აღიარებდა. თუმცა ბედნიერების ტალღამ გადაირადა და ბოროტმა ადამიანებმა ახალი ჭორები ააგორეს. ისინი ამბოდნენ რომ დედოფალი ლუის ღალატობდა და ბავშვები სხვა კაცისგან ჰყავდა, ასე რომ ისინი მემკვიდრეებად არაფრით არ უნდა ჩათვლილიყვნენ. ამან დედოფლის რეპუტაცია საგრძნობლად შეარყია, თანდათან უფრო უარესი ჭორები ვრცელდებოდა რაც დედოფალსა და მის შვილებს დიდ საფრთხეს უქადდა.
პოპულარული მტერი (1782-1786)
ამ პერიოდში იოზეფ II-მ თავის დას მისწერა რათა მისი ქმარი დაარწმუნოს და ავსტრიას ოსმალეთთან ომში დაეხმაროს. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, მეფე ფრანსუა I-მა (საფრანგეთის მეფე 1515-1547 წლებში) ოსმალეთის იმპერიასთან ალიანსი დაამყარა, ხოლო მის შემდეგ ეს ალიანსი არ დარღვეულა და ოსმალთა სულთნებიც და საფრანგეთის მეფეებიც მოკავშირეები იყვნენ, ახლა კი იოზეფი ითხოვდა ლუის დაერღვია ეს შეთანხმება და ავსტრიის მხარეს გადასულიყო, რომელიც ოსმალების დაუძინებელი მტერი იყო. მესამე ბავშვზე ორსული მარი ანტუანეტმა ყველა ღონე იხმარა რათა მეუღლე როგორმე ავსტრიის მხარეს გადაეყვანა, თუმცა ლუი XVI კატეგორიულ უარს აცხადებდა. 1783 წლის 1 ნოემბერს დედოფალმა სპონტანურად გადაწყვიტა და აბორტი გაიკეთა. რადგან ექიმებმა გააფრთხილეს, რომ მისი იმჟამინდელ მდგომარეობაში ორსულობა დამღუპველი იყო და აუცილებლად გადაჰყვებოდა მშობიარობას. ამან დედოფალი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მიატოვა საყვარელი საქმიანობები და თვეების მანძილზე კარჩაკეტილად ცხოვრობდა და ლოცულობდა რათა ღმერთს ეს ცოდვა მიეტევებინა. სწორედ ამ პერიოდში გამოუჩნდა დედოფალს ძალიან დიდი და საშიში მტერი დეპუტატი ალექსანდრ დე კელონი, რომელიც მალე მარი ანტუანეტის ყველაზე საშიშ და დაუძინებელ მოწინააღმდეგედ იქცა.
დედოფალმა და მისმა ახლო წრემ არაერთი საჩივარი მისწერა მეფეს ალექსანდერთან დაკავშირებით, თუმცა ამაოდ. ასევე ამ პერიოდში მარი ანტუანეტმა გამოააშკარავა შვედეთის მეფე გუსტავ III-ის ჯაშუში, რომელიც ფარულად მუშაობდა სამეფო კარზე და სწორედ მისი აგორებული იყო ის უამრავი ამაზრზენი ჭორი. ამ უკანასკნელმა გააფრთხილა დედოფალი, რომ თუ მეფეს რაიმეს ეტყოდა ყველაფერი ცუდად წავიდოდა. დედოფალს შეეშინდა რომ ამას შეიძლებოდა შვედეთთან ომი მოჰყოლოდა რომელშიც საფრანგეთი უთუოდ დამარცხდებოდა, ამიტომაც გაჩუმება ამჯობინა. აქედან მოყოლებული დედოფლის ძალაუფლება შესუსტებას იწყებს და ხალხში დიდი ზიზღის ობიექტი ხდება.
იმავე პერიოდში იოზეფ II მოითხოვს რომ ლუი XVI დაეხმაროს მას ჰოლანდიასთან ომში, თუმცა ლუიმ უარი განაცხადა. ამ პერიოდის წერილებში მარი ანტუანეტი თავის ძმასთან განმარტავს, რომ მას მეფეზე და მის პოლიტიკაზე არანაირი გავლენა აღარ აქვს. მაგრამ ძალიან მალე მარი ანტუანეტმა თავისი ძველი გავლენები კვლავ აღიდგინა და ლუი XVI აიძულა დახმარებოდა ავსტრიას. დამყოლი ხასიათის ლუი დათანხმდა და ავსტრიას ჰოლანდიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის იარაღი და დიდძალი თანხა გაუგზავნა. მარი ანტუანეტის ამგვარმა ქმედებამ ფრანგები შოკში ჩააგდო, რამაც მისდამი ზიზღი და უკმაყოფილება ერთი ორად გაზარდა. თუმცა დედოფლისადმი ზიზღი ეფუძნებოდა მისი მტრების მიერ გამოგონილი ჭორებს, რაც რეალურად ძალიან იშვიათად ემთხვეოდა სიმართლეს. ხალხს რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა როგორ გამოიყურებოდა დედოფალი, ძალიან მარტივად სჯეროდა ყველა ისტორია და ამიტომაც სძაგდათ მარი ანტუანეტი.
ამ ამბიდან მალევე დედოფალი კიდევ დაფეხმძიმდა და ექიმების რჩევით ბავშვი დაიტოვა. 1785 წლის 27 მარტს დედოფალმა ვაჟი გააჩინა რომელსაც ლუი შარლი დაარქვეს.
დიუბარის ყელსაბამი
ლუი XV-მ თავის საყვარელ მადამ დიუბარს უამრავი უძვირფასესი რამ აჩუქა, თუმცა მათგან გამორჩეულია ერთი ყელსაბამი. სიკვილამდე რამდენიმე თვით ადრე, მეფემ პარიზში სახელგანთქმულ იულველირს უბრძანა, რომ დიუბარისათვის ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ყელსაბამი დაემზადებინა და მანაც ბრძანების შესრულება დაიწყო. იულველირი ყელსაბამს თვეების მანძილზე ამზადებდა და როდესაც დაასრულა და მეფესთან მიტანა დააპირა, ლუი XV გარდაიცვალა.
მადამ დიუბარი სასახლიდან გააძევეს და იმდენად გაღარიბდა, რომ ასეთი ძვირადღირებული სამკაულების შეძენას ვეღარ ახერხებდა, გარდა ამისა რაც ჰქონდა თავის რჩენის მიზნით ისიც გაყიდა.
ეს იმდენად ძვირადღირებული ყელსაბამი იყო, რომ იულველირი ამას უმაღლესი რანგის ჰერცოგინიას და გრაფინიასაც კი ვერ მიჰყიდდათ, ვინაიდან ამის სახსრები მათნაირ მდიდარ ქალებსაც კი არ ჰქონდათ. ყელსაბამი 80 კარატზე მეტია, მასში 500 სხვადასხვა უძვირფასესი ქვაა და მისი ღირებულება მილიონ ნახევარს აჭარბებს. ამიტომაც საბრალო იულველირმა ყელსაბამის ყიდვა ჯერ პრინცესა ელიზაბეტას შესთავაზა (რომლისგანაც უარი მიიღო, რადგან ამის თანხები არ ჰქონდა), ხოლო მისგან უარის მიღების შემდგომ ტახტზე ახლად ასულ დედოფალ მარი ანტუანეტს სთხოვა ეყიდა. ფუფუნებისა და სიმდიდრის მოყვარულ დედოფალს ძალიან მოუნდა ყელსაბამის ყიდვა, თუმცა ეს იმდენად ძვირი იყო რომ თავად საფრანგეთის დედოფალმაც კი ვერ მისცა თავს უფლება აეღო. ვინაიდან დედოფალს ყოველთვიურად 250 000 ფრანკი ერიცხებოდა, ყელსაბამი კი მასზე 6-ჯერ უფრო ძვირადღირებული იყო.
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ შუაღამისას, იულველირის კარზე დააკაკუნეს, როცა კარი გააღო შავებში ჩაცმული უცნობი ქალი დახვდა, რომელმაც უთხრა რომ იქ დედოფლის ბრძანებით იყო მისული. ქალის თქმით დედოფალს გადაეწყვიტა რომ ყელსაბამი ეყიდა, სამი ფულით გატენილი ქისა მისცა და ყელსაბამი წაიღო. იულველირი სიხარულიც ცას ეწია რადგან როგორც იქნა გაყიდა ყელსაბამი.
ეს ამბავი ხალხში მალევე გავრცელდა. ამ პერიოდში საფრანგეთში ეკონომიკური კრიზისი იყო და ხალხი შიმშილობდა, ხოლო როცა გაიგეს, რომ დედოფალმა ასეთის ძვირიანი სამკაული იყიდა საშინლად გაცეცხლდნენ და აჯანყებული პარიზელები ვერსალისაკენ დაიძრნენ. სამეფო არმიამ აჯანყება ძლივს ჩაახრშო.
როგორც შემდგომში აღმოჩნდა დედოფალს ეს ყელსაბამი არ უყიდია. რეალურად არავინ იცის ვინ იყო ის ქალი, საიდან ჰქონდა ამდენი ფული, ვისი ბრძანებით მუშაობდა, ან რატომ თქვა, რომ ყელსაბამი დედოფალს უნდოდა. ქალი ყელსაბამთან ერთად ვერსად იპოვეს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ვიღაც ისეთმა გააკეთა ვისაც დედოფალი ეზიზღებოდა და მისი მმართველობის დასრულება სურდა.
პოლიტიკური საქმიანობა (1786-1789)
1783 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისი იმდენად გაუარესდა, რომ მეფემ გადაწყვიტა მოეწვია კონსულები, რომელთან ერთადაც ახალი რეფორმები შემოიღეს და ხაზინის შესავსებად გადასახადები საგრძნობლად გაზარდეს. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მესამე ფენა ჩავარდა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 98 %-ს შეადგენდა. მმართველთა მიმართ უმაყოფილება ყოველდღიურად იზრდებოდა. დედოფალი (ფორმალურად) აუცილებლად უნდა დასწრებოდა კონსულთა სხდომას, თუმცა მარი ანტუანეტი არ მივიდა. ამან კიდევ უფრო გააღრმავა დედოფლისადმი უპატივცემულობა.
მარი ანტუანეტი განაგრძობდა მეუღლეზე ზეწოლას და გამუდმებით ავსტრიის დახმარებისაკენ მიექაჩებოდა, რაც საფრანგეთისათვის სულ უფრო და უფრო სავალალო ხდებოდა. საფრანგეთს არ შესწევდა იმის უნარიც კი რომ თავისი მოსახლეობა გამოეკვება, დედოფალი კი გამუდმებით სხვა ქვეყანას ეხმარებოდა, ეს რათქმაუნდა დამღუპველი იყო ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა მარი ანტუანეტი ჯიუტად ერეოდა ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.
ლუი XVI მთლიანად დედოფლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მისი რჩევით საფრანგეთი ჩაერთო უამრავ ომში, რომელთაგან თითქმის ყველაში დამარცხდა და დაკარგა უამრავი ფული და ცოცხალი ძალა. დედოფალი არა საფრანგეთის, არამედ ავსტრიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და იგივეს აკეთებინებდა მეფეს. ხალხში დღითიდღე იზრდებოდა მეფე-დედოფლისადმი ზიზღი. მალე მარი ანტუანეტს იზაბელა ბავარიელი (საფრანგეთის დედოფალი 1385-1422 წლებში) შეარქვეს, რომელსაც სძაგდა საფრანგეთი და ყველაფერს აკეთებდა მის დასაღუპად.
25 მაისს კონსულები დაიშალნენ. მარი ანტუანეტი რომელიც თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობას გაურბოდა, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პარლამენტი არ მოწვეულიყო, რადგან იცოდა რომ პარლამენტარები საფრანგეთისათვის სასიკეთო და ავსტრიისთვის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მისი ბრძანებით დააპატიმრეს და ბასტილიაში გამოკეტეს მადამ ვიგე დე ბუნმა, რომელიც ნამდვილი პატრიოტი ქალი იყო და მარი ანტუანეტის მოსისხლე მტერი. თუმცა ვიგე დე ბუნმა ლონდონში გაქცევა მოახერხა, სადაც მან მარი ანტუანეტის რეალურ სახეზე მემუარები დაწერა და გამოაქვეყნა კიდეც.
მეფის ამგვარმა მარიონეტულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ თავად მისი ძმიშვილი, ორლეანის ჰერცოგი პარლამენტში გაწევრიანდა და თავისი ოჯახის წინააღმდეგ წავიდა. პარიზში, სამეფო რეზიდენციის წინ დაიწყო ცილისმწამებლური გამოსვლები, რომლებიც უმეტესწილად მარი ანტუანეტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამგვარმა სტრესმა და ნერვიულობამ ლუი XVI-ს ჯანმრთელობა შეურყია, რომელსაც ერიფსების მწვავე შეტევები აწუხებდა. ასევე უჩიოდა მუდმივ დაღლილობას და თავის ტკივილებს. ასეთი მრავალრიცხოვანი არეულობის გამო მეფე იძულებული გახდა 8 ივლისსა და 8 აგვისტოს მოეწვია პარლამენტი, რომელიც 1614 წლის შემდეგ პირველად მოიწვიეს.
მეფის პოლიტიკის გამო, 11 ნოემბერს პარლამენტმა მისი მეამბოხე ძმიშვილი თანამდებობიდან მოხსნა. დედოფალი რათქმაუნდა პირდაპირ არასდროს დაპირისპირებია პარლამენტს, თუმცა ფარულად იგი პარლამენტარებს გამუდმებით დევნიდათ და ავიწროვებდათ. 1788 წლის ბოლოს დოფინს ტუბერკულოზი შეეყარა, ამას დაერთო მისი ხერხემლის გამრუდებაც. თუმცა სამეფო ოჯახს ბევრად უფრო დიდი პრობლემები ჰქონდა. ფინანსთა მინისტრმა ჟაკ ნეკერმა განაცხადა, რომ ამ ფინანსურ მდგომარეობაში, დაახლოებით ზამთარში მთელს ქვეყანაში შიმშილი დაიწყებოდა. მისი წინასწარმეტყველება ახდა, ვინაიდან იმ ზაფხულს მთელს საფრანგეთში საშინელი მოსავალი მოვიდა, ამასთან არც ხარჯები ჰქონდათ, რომ საჭირო პროდუქტები სხვა ქვეყნისაგან შეეძინათ. 1788 წლის ზამთარში მართლაც შიმშილობა დაიწყო. ხალხს რომ სხვა გზა აღარ დარჩათ, დაიწყეს თონეების, საკონდიტროების და არისტოკრატების ძარცვა. სიტუაცია კი თანდათან უფრო და უფრო უკონტროლო ხდებოდა.
1789 წლის 4 მაისს, გაიმართა გენერალური შტატების მოწვევის აღლუმი. გენერალური შტატების შეკრება ვერსალში დებატებით დაიწყო. სადავო კენჭისყრისა და სხდომათა ჩატარების წესი გახდა. ძველი ტრადიციით წოდებები ცალ–ცალკე თათბირობდნენ, გადაწყვეტილების მიღებისას კი თითოეულ წოდებას მხოლოდ ერთი ხმის უფლება ჰქონდა. მესამე წოდების წარმომადგენლებმა ამ ტრადიციული წესის ნაცვლად სამივე წოდების საერთო სხდომის გამართვა და გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება მოითხოვეს. რადგან აშკარა გახდა, რომ მეფე მესამე წოდებისათვის დათმობას არ აპირებდა და ძველი წესის დაცვას დაბეჯითებით მოითხოვდა, დეპუტატმა სიეიესმა ამ საკითხის გადასაწყვეტად გენერალური შტატების ყველა წევრი, განურჩევლად წოდებრივი კუთვნილებისა, საერთო სხდომაზე მიიწვია.
ამავე წლის 4 ივნისს გარდაიცვალა მარი ანტუანეტის ვაჟი, დოფინი ლუი ჟოზეფი, 7 წლის ასაკში. დედოფალი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. დედოფალმა პირველად თავის სიცოცხლეში დაარღვია ეტიკეტი, რომელიც გულსიხმობდა რომ საღამოს 11 საათზე ყველა თავის ოთახში უნდა ყოფილიყო. იგი მთელი კვირები თავისი ვაჟის ოთახში იჯდა და ქვითინებდა. ასევე მისი მოთხოვნით დოფინი სენ-დენის ბაზილიკაში დაკრძალეს. მის გარდა ამაზე არავინ დარდობდა, ვინაიდან ამ დროს საფრანგეთის ბედი წყდებოდა, გენერალური შტატები და მეფე ჩვეულებრივ მუშაობდა. ამაზე გამწარებულმა მარი ანტუანეტმა განაცხადა :"ჩემი შვილი მკვდარია, და როგორც ჩანს, ამას არავისთვის არ აქვს მნიშვნელობა !". ასევე ცნობილია, რომ დედოფალი ერთ-ერთ გენერალური შტატების სხდომაზე გამოცხადდა შავებში ჩაცმული და თავისი გარდაცვლილი შვილის სათამაშოთი ხელში. როგორც ჩანს დედოფალი გულწრფელად გლოვობდა ვაჟს.
რევოლუცია (1789-1792)
ქვრივი (1793)
დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა (1793)
"მოწამებრივი დედოფალი"
მარი ანტუანეტის სტილი
მარი ანტუანეტის დაწყევლილი ყელსაბამი
"თუ მათ არ აქვთ პური, მიირთვან ფუნთუშები !"
ურთიერთობა ლუი XVI-სთან
შვილები
მარი ანტუანეტის წინაპრები
ნიკოლა II | ||||||||||||||||
შარლ V | ||||||||||||||||
კლაუდია ფრანსუაზა | ||||||||||||||||
ლეოპოლდ I | ||||||||||||||||
ფერდინანდ III | ||||||||||||||||
ელეონორ ავსტრიელი | ||||||||||||||||
ელეონორა გონძაგა | ||||||||||||||||
ფრანც I | ||||||||||||||||
ლუი XIII | ||||||||||||||||
ფილიპ I | ||||||||||||||||
ანა ავსტრიელი | ||||||||||||||||
ელიზაბეტ შარლოტა დ'ორლეანელი | ||||||||||||||||
კარლ I | ||||||||||||||||
ელიზაბეტ შარლოტა | ||||||||||||||||
შარლოტა ჰესენ-კასელი | ||||||||||||||||
მარი ანტუანეტი | ||||||||||||||||
ფერდინანდ III | ||||||||||||||||
ლეოპოლდ I | ||||||||||||||||
მარია ანა ავსტრიელი | ||||||||||||||||
კარლ VI | ||||||||||||||||
ფილიპ უილიამი | ||||||||||||||||
ელეონორ მაგდალენა ნოებურგელი | ||||||||||||||||
ელისაბედ ამალია ჰესენ-დარმსტადი | ||||||||||||||||
მარია ტერეზა ავსტრიელი | ||||||||||||||||
ანტონი ულრიხი | ||||||||||||||||
ლუი-რუდოლფი | ||||||||||||||||
ელისაბედ ჯულიანა შლეზვიგ-ჰოლსტეინი | ||||||||||||||||
ელიზაბეტ კრისტინა ბრუნსვიკელი | ||||||||||||||||
ალბერტ ერნესტ I | ||||||||||||||||
კრისტინა-ლუიზა | ||||||||||||||||
კრისტინა ფრედერიკა ვუტენბერგი | ||||||||||||||||
გერბი
დოფინის გერბი (1770-1774)
მარი ანტუანეტის პირველი გერბი შეიქმნა 1770 წელს, საფრანგეთის დოფინ ლუი ავგუსტთან ქორწინების შემდგომ, მეფე ლუი XV-ის მოთხოვნით. გერბი შექმნილია ტრადიციული ევროპული წეს-ჩვეულებების მიხედვით. ის შედგება ორი ფარისა და ერთი გვირგვინისაგან. მარჯვენა ფარზე გამოსახულია შემდეგი ინიციალები: ცენტრში გამოსახულია პატარა ფარი რომელიც ორადაა გაყოფილი და მის მარჯვენა მხარეს წარმოდგენილია ლოთარინგიის, ხოლო მარცხენა მხარეს ავსტრიის გერბი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მარი ანტუანეტი მამის ხაზით ლოთარინგიელია, ხოლო დედის ხაზით ავსტრიელი. ფარის მარჯვენა ქვედა კუთხეში გამოსახულია მედიჩთა დინასტიის გერბი, რაც იმაზე მიუთითებს რომ ამ პერიოდში მედიჩების ნაცვლად ტოსკანას ავსტრია მართავდა. ფარის მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია უნგრეთისა და ტრანსილვანიის გერბები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ დროისთვის ეს ორი სახელმწიფო ავსტრიის დაქვემდებარებაშია და მარი ანტუანეტი მათი პრინცესაა. ფარის მარცხენა ქვედა კუთხეში კი გამოსახულია ბურგუნდიის სამეფოს გერბი, რომელსაც იგივე დატვირთვა აქვს, რაც სხვა გერბებს. რაც შეეხება მარჯვენა ზედა კუთხეში გამოსახულ ფიგურას, ისიც ავსტრიის ძველი სიმბოლოა.
რაც შეეხება მარცხენა ფარს. მის ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა კუთხეებში გამოსახულია საფრანგეთის სამეფოს გერბი, ხოლო ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა კუთხეებში გამოსახულია საფრანგეთის დოფინთა ემბლემა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მარი ანტუანეტი დაქორწინებულია საფრანგეთის სამეფო ოჯახის წევრზე, რომელიც დოფინია.
საბოლოოდ ამ გერბის მარჯვენა მხარე მიგვანიშნებს მარი ანტუანეტის წარმომავლობაზე, ხოლო მარცხენა გათხოვების შემდგომ შეძენილ ტიტულებზე. ამ ორ ფარს კი ზემოდან გვირგვინი ადგას, რაც იმას აღნიშნავს, რომ მარი ანტუანეტი ამ ქვეყნების სამეფო ოჯახთა წევრია.
დედოფლის გერბი (1774-1792)
1774 წელს, მას შემდეგ რაც მარი ანტუანეტი საფრანგეთის დედოფალი გახდა, თავისთვის ახალი გერბის დამზადების ბრძანება გასცა.
დოფინის გერბის მსგავსად, დედოფალ მარი ანტუანეტის გერბის მარჯვენა ფარზე წარმოდგენილია ავსტრიის, ლოთარინგიის, ტოსკანის, ბურგუნდიის, უნგრეთისა და ტრანსილვანიის გერბები, რაც მის წარმომავლობაზე მიუთითებს. რაც შეეხება მარცხენა ფარს, მასზე გამოსახულია საფრანგეთის გერბი, ანუ სამი ფრანგული ჯვარი ლურჯ ფონზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მარი ანტუანეტი უკვე საფრანგეთის დედოფალია. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ფარები მოთავსებულია სფეციალურ დაფაზე, რომლის გერბზე გამოყენების უფლება, მხოლოდ დედოფალს ჰქონდა. ამას გარდა დაფის ზემოდან გამოსახულია საფრანგეთის დედოფლის გვირგვინი, რაც ასევე მარი ანტუანეტის დედოლობაზე მიუთითებს.
ამ გერბს მარი ანტუანეტი მხოლოდ საფრანგეთის დედოფლობის დროს იყენებდა, ანუ 1774 წლიდან 1792 წლამდე. მას შემდგომ რაც ის და მისი მეუღლე ტახტიდან ჩამოაგდეს, ამ გერბის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.
ტიტულები
მემკვიდრეობით მიღებული ტიტულები
- ავსტრიის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
- უნგრეთის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
- ჩეხეთის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
- ხორვატიის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
- ტრანსილვანიის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
- საღვთო რომის იმპერიის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
- ლოთარინგიის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
- ტოსკანის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
- ბურგუნდიის პრინცესა : 2 ნოემბერი 1775 - 16 ოქტომბერი 1793
ქორწინებით მიღებული ტიტულები
მარი ანტუანეტის სახე ხელოვნებაში
ლიტერატურა
ფილმები
მუსიკა
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 441.
- Bonnet, Marie-Jo (1981). Un choix sans équivoque: recherches historiques sur les relations amoureuses entre les femmes, XVIe-XXe siècle (French). Paris: Denoël. OCLC 163483785.
- Castelot, André (1957). Queen of France: a biography of Marie Antoinette. New York: Harper & Brothers. OCLC 301479745.
- Cronin, Vincent (1989). Louis and Antoinette. London: The Harvill Press. ISBN 978-0-00-272021-2.
- Dams, Bernd H.; Zega, Andrew (1995) La folie de bâtir: pavillons d'agrément et folies sous l'Ancien Régime, trans. Alexia Walker, Flammarion. ISBN 978-2-08-201858-6.