შინაარსზე გადასვლა

წყვდიადის მარცხენა ხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წყვდიადის მარცხენა ხელი“

ავტორი ურსულა კრებერ ლე გუინი[1]
ენა ამერიკული ინგლისური და ინგლისური ენა
გამომცემელი წიგნები ბათუმში
გამოცემის თარიღი მარტი, 1969[2]
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქართულად გამოიცა 2015
გვერდი 341 (ქართული გამოცემა, 2015)
წინამორბედი ილუზიების ქალაქი
მომდევნო The Word for World Is Forest

წყვდიადის მარცხენა ხელი (ინგლ. The Left Hand of Darkness) — ამერიკელი მწერლის ურსულა ლე გუინის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი, გამოქვეყნდა 1969 წელს. წიგნმა გამოცემისთანავე პოპულარობა მოიპოვა და ლე გუინს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი მოწინავე ავტორის სტატუსი დაუმკვიდრა.[3] „წყვდიადის მარცხენა ხელი“ ჰაინის ციკლის მეოთხე რომანია.

რომანი მოგვითხრობს დედამიწელი გენლი აის შესახებ, რომელიც პლანეტა გეთენზე ეკუმენის, პლანეტების პოლიტეკონომიკური კავშირის, ელჩის სტატუსით იმყოფება. აის მიზანია გეთენის ერები ეკუმენში გაწევრიანების გონივრულობაში დაარწმუნოს, თუმცა მისიის შესრულებაში გეთენელების კულტურასთან გაუცხოება უშლის ხელს. გეთენის მცხოვრებლები ამბისექსუალები არიან, მათ არ აქვთ ერთი კონკრეტული სქესი, რასაც ძლიერი გავლენა აქვს მათი პლანეტის კულტურაზე, რაც აისთვის მათთან ურთიერთობაში ბარიერს წარმოადგენს.

„წყვდიადის მარცხენა ხელი“ ფემინისტური სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი პირველი წიგნია და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ანდროგინიის ყველაზე ცნობილ კვლევად ითვლება.[4] რომანის მთვარა თემაა სქესისა და გენდერის გავლენა კულტურასა და საზოგადოებაზე, რასაც ავტორი ორი მთავარი პერსონაჟის აისა და ესტრავენის ურთიერთობის საშუალებით იკვლევს.

რომანი ხელახალი ტირაჟით 30-ზე მეტჯერ დაიბეჭდა.[5] 1970 წელს წიგნმა ჰიუგოსა და ნებულას პრემიები მიიღო, ხოლო 1975 წელს ჟურნალი Locus-ის გამოკითხვაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო რომანებს შორის ფრენკ ჰერბერტის „დიუნისა“ და არტურ კლარკის „ბავშვობის დასასრულის“ შემდეგ მესამე ადგილზე დასახელდა.[6] ამავე სიაში „წყვდიადის მარცხენა ხელი“ 1978 წელს მეორე ადგილზე მოექცა.[7] კრიტიკოსმა ჰაროლდ ბლუმმა დაწერა: „ლე გუინმა ფენტეზის მაღალი დონის ლიტერატურად ქცევა ტოლკინზე უფრო მეტად შეძლო.“[5]

ლე გუინის მამა ალფრედ კრებერი, რომლის ანთროპოლოგიურმა საქმიანობამ დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.

ლე გუინის მამა ალფრედ კრებერი ანთროპოლოგი იყო, რამაც მწერლის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა.[8] მისი არაერთი რომანის პროტაგონისტი ანთროპოლოგი ან გარკვეული სახის სოციალური მკვლევარია.[9] ლე გუინმა მამამისის მიერ შექმნილი ტერმინი, ეკუმენი, უწოდა ჰაინის ციკლის რომანებში არსებულ სამყაროთა ფიქციური გაერთიანებას. ეს ტერმინი მომდინარეობს ბერძნული ოიკუმენედან, რომელიც საერთო წარმოშობის ევრაზიული კულტურების აღსანიშნავად გამოიყენებოდა.[10]

ლე გუინის სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაშრომებზე დიდი გავლენა იქონია მისმა დაოსიზმისადმი ინტერესმა. ჰაინის ციკლის რომანებში ვხვდებით სინათლესა და წყვდიადს შორის ბალანსის თემას, რაც დაოსიზმის ცენტრალურ იდეას წარმოადგენს.[11] მწერლის წიგნებზე ასევე გავლენა მოახდინა მისმა ინტერესმა მითოლოგიისადმი და ადრეულ ასაკში კულტურულ მრალფეროვნებასთან ზიარებამ. მისი პროტაგონისტები დაინტერესებულები არიან იმ კულტურებით, რომლებსაც იკვლევენ, და არა მისი დაპყრობის, არამედ შენარჩუნების სურვილი ამოძრავებთ.[12] ლე გუინზე გავლენა მოახდინეს ისეთმა მწერლებმა, როგორებიც არიან ვიქტორ ჰიუგო, ლევ ტოლსტოი, ვირჯინია ვულფი, იტალო კალვინო და ლაო-ძი.[13]

ლე გუინი ფემინისტი იყო, ეწინააღმდეგებოდა ძალადობას და მხარს უჭერდა ეკოლოგიურ ცნობიერებას. იგი მონაწილეობდა ვიეტნამის ომისა და ატომური იარაღის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში. მწერლის ეს ინტერესები ნათლად მჟღავნდება მის შემოქმედებაში, მათ შორის ჰაინის ციკლის რომანებში.[13] მათში ავტორი სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური სისტემების შედეგებს იკვლევს. იგი უპირატესობას ანიჭებდა ისეთ საზოგადოებას, რომელიც „გარეგანი ხელისუფლების გარეშე, კონსესუსით, ერთიანი თანამშრობლობის საფუძველზე იმართებოდა .“[14] ლე გუინის წიგნები ასევე ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა რასისა და გენდერის საზოგადებრივად მიღებულ კონცეფციებს.[14]

რომანის 1976 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში ლე გუინმა დაწერა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ექსტრაპოლაციის მსგავსად „რაციონალურობასა და სიმარტივეს“ არ ექვემდებარებოდა. ნაცვლად ამისა, მან ჟანრს „აზრითი ექსპერიმენტი“ უწოდა, რომელიც სამყაროში გარკვეულ ცვლილებებს და მათი შედეგების კვლევას გულისხმობს.[15] მისთვის აზრითი ექსპერიმენტის მიზანს არა მომავლის წინასწარმეტყველება, არამედ „რეალობის, არსებული სამყაროს აღწერა“ წარმოადგენს.[15] ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მისი აზრითი ექსპერიმენტი იკვლევს საზოგადოებას მამაკაცებისა და ქალების გარეშე, რომელშიც ინდივიდებს ორივე სქესის ბიოლოგიური და ემოციური მახასიათებლები აქვთ.[14] ლე გუინმა ასევე აღნიშნა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი მეტაფორებისა და კომპლექსური სიუჟეტის საშუალებით „რეალური“ სამყაროს კვლევის, ადამიანების ქმედებებისა და მათი ურთიერთობების კომენტირების საშუალებას იძლევა.[13]

2017 წლის გამოცემაში ლე გუინმა დაწერა:

რომანი არ არის ჟურნალისტური სტილის, რაც მაშინ სამეცნიერო ფანტასტიკის მიღებულ სტანდარტად ითვლებოდა, მისი სტრუქტურა კომპლექსურია, სიუჟეტი კი ნელა ვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მამრობითი სქესის მესამე პირის ნაცვალსახელით მოიხსენიება, ეს არ არის წიგნი მამაკაცების შესახებ.[16]

რომანში მოქმედება ფიქციურ ჰაინის სამყაროში ვითარდება, რომელსაც პირველად ლე გუინის რომანში „როკანონის სამყარო“ (1966) ვეცნობით. ფიქციური ისტორიის მიხედვით, ადამიანთა მოდგმა არა დედამიწაზე, არამედ პლანეტა ჰაინზე წარმოიშვა და განვითარდა. ჰაინელმა ადამიანებმა მრავალი მეზობელი პლანეტარული სისტემა დაიპყრეს, მათ შორის დედამიწა და გეთენი. ჰაინის სამყაროს ზოგიერთ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგს წარმოადგენდნენ, მათ შორის გეთენელებიც.[15] ლე გუინი ერთიანად არ გვაწვდის ჰაინის სამყაროს შესახებ ცნობებს და მკითხველი მას მწერლის სხვადასხვა ნაშრომებიდან ნაწილ-ნაწილ ეცნობა.[17]

ჰაინის ციკლის თითოეულ რომანში ორ „აზრით ექსპერიმენტს“ ვხვდებით. პირველი, ესაა იდეა, რომ ყველა ჰუმანოიდი არსება საერთო წარმოშობისაა და ისინი ჰაინელი კოლონიზატორების შთამომავლები არიან; ხოლო მეორე იდეა უნიკალურია თითოეული რომანისთვის.[15]

ჰაინის ციკლის ნაწარმოებები გალაქტიკური ცივილიზაციის აღდგენის მცდელობებს ასახავს. მკვლევრები ჰაინიდან და ასევე სხვა პლანეტებიდან კოსმოსში გადასაადგილებლად სინათლის სიჩქარით მოძრავ ვარსკვლავთმფრენებს იყენებენ. პლანეტარულ სისტემებს შორის მოგზაურობა წლებს მოითხოვს, თუმცა მოგზაურობის ხანგრძლივობას დროის ფარდობითი გაფართოება ამცირებს. მოგზაურები იყენებენ ვარსკვლავთშორის საკომუნიკაციო აპარატს, ანსიბლს, რომელიც რომანში „განპყრობილები“ აღწერილი მოვლენების დროს შეიქმნა.[18] გალაქტიკური ცივილიზაცია, რომელიც ჰაინის ციკლის წინა ნამუშევრებში „სამყაროთა ლიგის“ სახელწოდებით გვხვდება, „წყვდიადის მარცხენა ხელში“ ეკუმენის სახელით მოქმედებს.[18] რომანში აღწერილი მოვლენების დროს ეკუმენში 83 პლანეტაა გაერთიანებული.[17]

„წყვდიადის მარცხენა ხელში“ მოქმედება შორეულ მომავალში ვითარდება. ზუსტი თარიღის შესახებ ცნობები არ გვაქვს, თუმცა მკვლევარები მწერლის სხვა ნაშრომებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ეს ჩვ. წ. 4870 წელია.[19] რომანის პროტაგონისტია ეკუმენის დესპანი, რომელიც ცდილობს პლანეტა ზამთრის (რომელსაც ადგილობრივთა ენაზე „გეთენი“ ეწოდება) მოქალაქეები ეკუმენში გაერთიანებაში დაარწმუნოს. ზამთარი, რაზეც მისი სახელიც მეტყველებს, მუდმივად ცივი პლანეტაა.[20]

გეთენის მკვიდრნი ამბისექსუალები არიან, მათ არ აქვთ კონკრეტული სქესი. ოცდაექვსდღიანი მთვარის ციკლიდან ოცდაოთხი დღის მანძილზე სექსუალურად არააქტიური ანდროგინები არიან, რასაც სომერის ფაზას უწოდებენ, სექსუალური აქტიურობის რამდენიმედღიან პერიოდს კი კემერი ეწოდება. კემერის დროს გეთენელები ან ქალის ან მამაკაცის სქესობრივ ნიშან-თვისებებს იძენენ, რაც წინასწარ არ არის გასაზღვრული[21] და ურთიერთობის კონტექსტზეა დამოკიდებული.[3] მთელი რომანის მანძილზე კემერში მათი როლის მიუხედავად, ავტორი გეთენელებს მამრობითი სქესის მესამე პირის ნაცვალსახელით მოიხსენიებს. გენდერისა და სექსუალობის, როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობებში განმსაზღვრელი ფაქტორის, არარსებობა გეთენზე მშვიდობასა და სოციალურ თანასწორობას განაპირობებს. ამ საზოგადოებაში ბავშვების აღზრდაში ყველა თანაბრად მონაწილეობს, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევები კი თითქმის არ გვხვდება.[20]

მთავარი პერსონაჟები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გენლი აი რომანის პროტაგონისტია. იგი წარმოშობით დედამიწელია და გეთენზე ეკუმენის მიერ დესპანადაა გაგზავნილი. მიუხედავად მათი კულტურისადმი დიდი ინტერესისა, გენლის თავდაპირველად უჭირს ამბისექსუალი გეთენელების ნდობა. დედამიწაზე შეძენილი მამაკაცური მახასიათებლები მისთვის გეთენელებთან ურთიერთობაში ბარიერს წარმოადგენს.[22] რომანის დასაწყისში, როცა მას გეთენზე ყოფნის ერთი წელი უსრულდება, იგი მეფესთან აუდიენციით კარჰაიდის მთავრობის ეკუმენში გაერთიანებაში დარწმუნებას ცდილობს.

კარჰაიდის მეფე უნდობლობას უცხადებს ეკუმენის დიპლომატიურ მისიას. დესპანი ორგორეინში გადადის, სადაც პოლიტიკური ლიდერები შედარებით დადებითად განწყობილნი ჩანან მის მიმართ, თუმცა მალევე გენლის აპატიმრებენ და შრომით ბანაკში გზავნიან.[22] მას კარჰაიდის გადაყენებული პრემიერ-მინისტრი, ესტრავენი, გადაარჩენს. ყინულოვან მხარეში ესტრავენთან ერთად 80-იანი ურთულესი მოგზაურობის მანძილზე აი გააცნობიერებს, რომ კულტურული განსხვავებები – როგორიცაა შიფგრეთორი, გენდერული როლები და გეთენელთა სექსუალობა – ხელს უშლიდა მათ ურთიერთგაგებაში. მოგზაურობის დროს აი ესტრავენის გაგებასა და სიყვარულს სწავლობს.[22]

რომანის დასაწყისში ესტრავენი კარჰაიდის პრემიერ-მინისტრია, თუმცა მეზობელ სახელმწიფო ორგორეინთან სასაზღვრო დავის მოგვარების მცდელობის გამო იგი ღალატის ბრალდებით კარჰაიდიდან გააძევეს. ესტრავენი იმ თითზე ჩამოსათვლელ გეთენელთა შორისა, რომლებიც ენდობიან აის. იგი დესპანის დახმარებას დასაწყისიდანვე ცდილობს, თუმცა გენლის მიერ შიფგრეთორის გაგების უუნარობა მათ შორის ურთიერთობას ართულებას.

აისგან გასხვავებით, ესტავენი, როგორც სტერეოტიპულ ქალურ, ასევე მამაკაცურ ნიშან-თვისებებს ატარებს. მისი საშუალებათ ავტორი წარმოგვიჩენს, რომ გადარჩენისთვის ორივე სქესის მახასიათებლები აუცილებელია.[5][20]

არგავენი რომანში აღწერილი მოვლენების დროს კარჰაიდის მეფეა. იგი აის აუდიენციაზე იწვევს, თუმცა უნდობლობას უცხადებს და ეკუმენში გაწევრიანებაზე უარს ამბობს.

საბოლოოდ არგავენი ეკუმენში გაერთიანებას ესტავენის სიკვდილითა და აის ორგორეინიდან გაქცევით გამოწვეული პოლიტიკური ვითარების გამო თანხმდება.

ტიბე არგავენის ბიძაშვილია. იგი ესტრავენის გაძევების შემდეგ კარჰაიდის პრემიერ-მინისტრი ხდება. ესტრავენისგან განსხვავებით, იგი ორგორეინთან სასაზღვრო დავის გამო ომის დაწყებას აპირებს, საზღვარზე სამხედრო ქმედებებს აწარმოებს და რადიოში საომარი მოწოდებებით გამოდის. იგი კატეგორიული წინააღმდეგია გენლის მისიისა. რომანის ბოლოს სწორედ იგი გასცემს ესტრავენის მოკვლის ბრძანებას, რაც მისთვის თავდაცვის უკანასკნელი აქტია, რამდენადაც ესტრავენისა და აის კარჰაიდში ყოფნა მის დაცემას მოასწავებდა. ტიბე ესტრავენის სიკვდილისთანავე გადადგება.[23]

„წყვდიადის მარცხენა ხელმა“ გამოქვეყნებიდანვე დადებითი შეფასებები მიიღო.[24] 1970 წელს ავტორს რომანისთვის ნებულასა და ჰიუგოს პრემიები მიენიჭა.[20][25][26] 1987 წელს ჟურნალი ლოკუსის სიაში „ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანები“ წყვიადის მარჯვენა ხელი მეორე ადგილზე მოხვდა.[7][] რომანი ავტორისთვის საეტაპო ნაშრომია, კრიტიკოსებმა მას ლე გუინის „ფემინიზმში შეტანილი პირველი წვლილი“ უწოდეს. გამოცემიდან არაერთი წლის მანძილზე იგი მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნი იყო.[20] 2014 წლისთვის რომანის მილიონზე მეტი ინგლისურენოვანი ეგზემპლარი იყო გაყიდული.[27]

რომანმა ჟანრის კომენტატორებისგან, აკადემიკოსი კრიტიკოსებისგან და რეცენზენტებისგან ფართო მოწონება დაიმსახურა.[24] სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალმა ელგის ბადრიუსმა რომანის „სრულად რეალიზებული ნარატივი და დამაჯერებელი თხრობა“ შეაქო. მან წიგნს უწოდა „საფრთხისა და ვნების ამბავი იმ გარემოებებში, რომელშიც სიყვარულისა და სხვა ადამიანური ღირებულებების ასახვა სრულიად ახლებურ კონტექსტშია შესაძლებელი.“[28] დარკო სიუვინმა, სამეცნიერო ფანტასტიკის მკვლევარმა ერთ-ერთმა პირველმა აკადემიკოსმა, „წყვიადის მარცხენა ხელს“ „წლის ყველაზე დასამახსოვრებელი რომანი“ უწოდა,[26] შარლოტ სპივეკმა კი აღნიშნა, რომ რომანმა ლე გუინს ჟანრის ერთ-ერთი მოწინავე ავტორის სტატუსი დაუმკვიდრა.[3] ჰაროლდ ბლუმმა „წყვდიადის მარცხენა ხელი“ შეიყვანა თავის წიგნში „დასავლური კანონი“ (1994), როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრული წიგნი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დასავლურ კულტურაზე.[29] ბლუმის აზრით, „ლე გუინმა ტოლკინზე უფრო მეტად შეძლო, რომ ფენტეზი ჟანრი მაღალი დონის ლიტერატურად ექცია.“[5]

კრიტიკოსები ასევე აღნიშნავდნენ „წყვდიადის მარცხენა ხელის“ ფართო გავლენას. ჟურნალში The Paris Review დაიწერა, რომ „ვერც ერთმა წიგნმა ვერ მოახერხა [სამეცნიერო ფანტასტიკის] ჟანრის წესდება იმდენად შეეცვალა, როგორც ეს „წყვდიადის მარცხენა ხელმა“ შეძლო.“[30] დონა უაიტი, ლე გუინის ლიტერატურის შემსწავლელი, აღნიშნავდა, რომ „წყვიადის მარცხენა ხელი“ ჟანრში ისევე მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო, როგორც მერი შელის „ფრანკენშტაინი“, რომელიც ჟანრის ერთ-ერთ პირველ ნაშრომად მიიჩნევა.[26] სიუზან რეიდმა აღნიშნა, რომ რომანის დაწერის პერიოდში ლე გუინის იდეები ანდროგინიის შესახებ უნიკალური იყო არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრისთვის, არამედ ზოგადად ლიტერატურისთვის.[20]

„წყვდიადის მარცხენა ხელი“ გამოქვეყნებისთანავე ფემინისტური დებატების ქარცეცხლში მოექცა.[31] ელექსეი პანშინი ანგროგინი პერსონაჟების მამრობითი სქესის მესამე პირის ნაცვალსახელებით აღწერას აკრიტიკებდა და რომანს ავტორის მარცხად მიიჩნევდა. სხვა ფემინისტები კი ფიქრობდნენ, რომ წიგნი საკმარისად ღრმად არ იკვლევდა გენდერის კონცეფციას.[26] ასევე ლე გუინი გააკრიტიკეს ანროგინი პერსონაჟების ასახვის გამო მხოლოდ ტრადიციულ „მასკულინურ“ და არა ოჯახურ როლებში.[32] სარა ლეფანუ აზრით, ლე გუინმა ზურგი აქცია საინტერესო ექსპერიმენტის შესაძლებლობას. მან დაწერა, რომ „ეს ლიბერალური ინდივიდუალიზმის სახრჩობელაზე მოხვედრილი მამაკაცი პერსონაჟები თავიანთი იდენტობის კრიზისით რომანში მკვდარი ხორცის ნაჭრებივით მოძრაობენ.“[33] ამას ლე გუინმა, რომელიც თავს ფემინისტად მიიჩნევდა, უპასუხა თავის ესეში „არის თუ არა გენდერი აუცილებელი“. ასევე მან თავისი მოთხრობის „ზამთრის მეფე“ უკანასკნელ გამოცემაში მამრობითი სქესის ნაცვალსახელები მდედრობითით შეცვალა, ნაწარმოებში მოქმედება გეთენზე ვითარდება, თუმცა მას რომანისგან დამოუკიდებელი სიუჟეტი აქვს.[32] ლე გუინმა აღიარა, რომ ვერ შეძლო ანდროგინების სტერიოტიპულ ქალურ როლებში ასახვა, თუმცა აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაზე, უარი ეთქვა გენდურულად ნეიტრალური ნაცვალსახელების გამოყენებაზე, რადგან ეს დაამახინჯებდა რომანის ენას.[26]

რომანის ტექსტი გენლი აის მოხსენების ნაწილია, რომელსაც იგი ეკუმენს გეთენზე ყოფნის შემდეგ წარუდგენს, რაც მისი მასალის წინასწარგანსაზღვრულ შერჩევასა და თანმიმდევრულობაზე მიგვითითებს.[34] აი ათი თავის მთხრობელად გვევლინება, ხოლო დანარჩენი თავები ესტრავენის დღიურს, ეკუმენის მკვლევრის ეთონოლიურ მოხსენებსა და გეთენელთა მითებსა და ლეგენდებს მოიცავს.[34] წიგნი აის შემდეგი სიტყვებით იწყება, რომლითაც იგი რომანში რამდენიმე სხვადასხვა მთხრობლის არსებობის აუცილებლობას ხსნის:[34]

ჩემი მოხსენება თხრობითი ხასიათისა იქნება, რადგან ჯერ კიდევ ბავშვობისას მშობლიურ პლანეტაზე მასწავლეს, რომ ჭეშმარიტება წარმოსახვის საკითხია. ყველაზე უდავო ფაქტის დამაჯერებლობა ან დაუჯერებლობაც კი თხრობის სტილზეა დამოკიდებული. ფაქტები რაღაცით მარგალიტებს ჰგავს, რომლებიც, შეიძლება, ერთი ქალის ყელზე გაცოცხლდნენ და ძალიან გაბრწყინდნენ, მეორისაზე კი – გამკრთალდნენ და ჩაქრნენ. ფაქტები მარგალიტებზე მყარი, თანმიმდევრული ან ნამდვილი როდია, მაგრამ ორივე ფაქიზი და დელიკატური რამაა. ეს მხოლოდ ჩემი ამბავი არაა, არც მხოლოდ მე ვყვები, სიმართლე ითქვას, არც კი ვიცი, ვისი ამბავია, განსჯა თქვენთვის მომინდია. თუმცა ერთი მთლიანი ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ფაქტები ურთიერთსაწინააღმდეგო მოგეჩვენებათ, ამბავს კი სხვადასხვა ვერსია აქვს. მათ შორის უკეთესი თქვენ თვითონ აირჩიეთ; მხოლოდ ამას ვიტყვი: არაფერი არ არის გამოგონილი და ყველა ვერსია, არსებითად, ერთსა და იმავეს მოგვითხრობს.[35][36]

ტექსტში მითებისა და ლეგენდების ჩართვა გეთენელთა კულტურის სპეციფიკური მახასიათებლებისა და მათი საზოგადოების ფილოსოფიური ასპექტების ახსნას ემსახურება. მათი უმრავლესობა რომანში წინ უსწრებს აის გამოცდილებას მსგავს სიტუაციაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Swartz A. Open Library — 2007.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 3.0 3.1 3.2 Spivack 1984, pp. 44–50.
  4. Reid 2009, pp. 9, 120.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Bloom 1987.
  6. Locus 1975.
  7. 7.0 7.1 Locus 1987.
  8. White 1999, pp. 60–65.
  9. White 1999, pp. 55–60.
  10. White 1999, pp. 70–77.
  11. White 1999, pp. 51–55.
  12. Reid 1997, pp. 3–8.
  13. 13.0 13.1 13.2 Reid 1997, pp. 10–17.
  14. 14.0 14.1 14.2 Reid 1997, pp. 49–55.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Cummins 1990, pp. 66–67.
  16. Le Guin 2017.
  17. 17.0 17.1 Reid 1997, pp. 19–21.
  18. 18.0 18.1 Cummins 1990, pp. 68–70.
  19. Watson 1975.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 Reid 1997, pp. 51–56.
  21. Cummins 1990, pp. 74–77.
  22. 22.0 22.1 22.2 Spivack 1984, pp. 48–51.
  23. Le Guin 1980, p. 201.
  24. 24.0 24.1 Stableford 1995.
  25. Locus 2012.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 White 1999, pp. 45–50.
  27. Freeman 2014.
  28. Galaxy 1970.
  29. Bloom 2014, p. 564.
  30. Wray 2016.
  31. White 1999, p. 5.
  32. 32.0 32.1 Cummins 1990, pp. 78–85.
  33. Pennington 2000.
  34. 34.0 34.1 34.2 Cummins 1990, pp. 76–81.
  35. Le Guin 1980, p. 1.
  36. ნიკა სამუშიას თარგმანი, „წყვდიადის მარცხენა ხელი“, წიგნები ბათუმში, 2015 წელი


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2