შინაარსზე გადასვლა

ცეცხლოვანი სარტყელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცეცხლოვანი სარტყელი
ქვეყნები
იაპონია, რუსეთი, ფილიპინები, ინდონეზია, ბრუნეი, სინგაპური, პაპუა - ახალი გვინეა, ახალი ზელანდია, ოკეანეთის კუნძულები, კანადა, აშ.შ. მექსიკა, გვატემალა, ბელიზი, ელ-სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, პანამა, კოსტა-რიკა, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩილე, არგენტინა
მონაცემები
სიგრძე 40000 კმ.
ფართობი 800000 კვ. კმ. (საშუალოდ)
ტექტონიკური ფილების რუკა

ცეცხლოვანი სარტყელი — 40000 კმ. სიგრძის ნალისებრი ტერიტორია წყნარი ოკეანის მოსაზღვრე ქვეყნებში, რომლებშიც ძალიან ხშირია ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორებიცაა მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევა. ცეცხლოვანი სარტყელის ქვეყნებში მოხვედრილია: იაპონია, რუსეთი, ფილიპინები, ინდონეზია, ბრუნეი, სინგაპური, პაპუა-ახალი გვინეა, ახალი ზელანდია, ოკეანეთის კუნძულები, კანადა, აშ.შ., მექსიკა, გვატემალა, ბელიზი, ელ-სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, პანამა, კოსტა-რიკა, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩილე და არგენტინა[1]. მსოფლიოში მომხდარი მიწისძვრებისა (შესაბამისად ცუნამების) და ვულკანების ამოფრქვევის 90% სწორედ ამ ქვეყნების წყნაროკეანოვან ნაწილზე ხდება. აღსანიშნავია, რომ 1900 წლიდან, მსოფლიოს 12 ყველაზე ძლიერი მიწისძვრიდან 11 სწორედ ცეცხლოვანი სარტყლის ქვეყნებში მოხდა.

1973 წლიდან 2017 წლამდე ხანგრძლივი, დამანგრეველი მიწისძვრების რაოდენობას ცეცხლოვან სარტყელზე 11 წარმოადგენდა, ხოლო 2018 წელს, 9 მიწისძვრა დაფიქსირდა 7.0-სა და 8.0 მაგნიტუდის შუალედში. ყველაზე ძლიერი, 8.2 მაგნიტუდიანი 19 აგვისტოს მოხდა ფიჯისა და ტონგას კუნძულების მახლობლად, ოკეანეთში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მიწისძვრა კერა წყნარი ოკეანის ძალიან დიდ სიღრმეში (560 კმ) იყო, მსხვერპლი არ ყოფილა.ცეცხლოვანი სარტყელი შედგება წყალქვეშა ვულკანებისგან.

ტექტონიკური ფილების ზეგავლენა ცეცხლოვან სარტყელზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტექტონიკური ფილების მსოფლიო რუკა

ცეცხლოვანი სარტყლის სეისმურ აქტიურობას მეცნიერები ხსნიან მის ტერიტორიაზე არსებული უამრავი ოკეანური ღრმულითა და ვულკანით. გარდა ამისა, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექტონიკური ფილების ხშირ მოძრაობას, ანუ ლითოსფეროზე არსებული ფილების ერთმანეთისგან დაშორებას, ან პირიქით, გაერთიანებას, მაგალითად, სარტყლის აღმოსავლეთ ნაწილზე მრავალი ვულკანის ამოფრქვევის, მიწისძვრისა თუ ცუნამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი კოკოსა და ნაცკას ფილების დასავლეთით მოძრავი სამხრეთ ამერიკის ფილის ქვეშ შეცოცებაა. კოკოს ფილის გარკვეული ნაწილი  კარიბის ფილის ქვეშ, წყნარი ოკეანისა და მცირე ზომის ხუან დე ფუკას ფილები ჩრდილოეთ ამერიკის ფილის ქვეშ, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მოძრავი წყნარი ოკეანის ფილის ნაწილი ალეუტის არხის ქვეშ ცოცდება.

როგორც ცეცხლოვანი სარტყლის, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ სეისმურად ყველაზე აქტიურ ქვეყნად იაპონია მიიჩნევა, რომლის ტერიტორიაზეც მსოფლიოში არსებული აქტიური ვულკანების 10%-ზე მეტი მდებარეობს. ამის მთავარი მიზეზი მის გარშემო არსებული 4 ტექტონიკური ფილაა (ფილიპინების ფილა, წყნარი ოკეანის ფილა, სუნდას ფილა, ევრაზიის ფილა), რომლების ქვეშეცოცებისა და ურთიერთშეცოცების შედეგად სხვადასხვა სახის ვულკანები წარმოიქმნება. იაპონიაში წელში საშუალოდ 1500 მიწისძვრა ხდება, რაც მსოფლიო მიწისძვრების 20%-ია, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი (7.9 მაგნიტუდა) 1923 წლის 1 სექტემბრის დილას მოხდა კუნძულ ჰონსიუზე. რყევა ზოგიერთ ადგილებში 10 წუთზე ხანგრძლივი გამოდგა. განადგურდა ტოკიო და 2 მილიონი ადამიანის სახლი. გარდაიცვალა 142800 ადამიანი.

იაპონიის ყველაზე ძლიერი, 9.0 მაგნიტუდიანი მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს მოხდა, რომელსაც ცუნამი მოყვა. მას 29000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და გარდა ამისა, რამდენიმა ატომური რეაქტორი დაზიანდა.  [2]

ჩილეს მიწისძვრა, რომელმაც მთელ ცეცხლოვან სარტყლამდე მიაღწია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა (9.5 მაგნიტუდა) ცეცხლოვანი სარტყლის ერთ-ერთ სეისმურად აქტიურ ქვეყანაში - ჩილეში მოხდა 1960 წლის 22 მაისს[3]. მისი კერა 32 კმ. სიღრმეში იყო, გამოწვეული ნაცკას ფირფიტის სამხრეთ ამერიკის ფირფიტის ქვეშ შეცოცებით, რამაც 804 კმ. სიგრძის ნაპრალი წარმოშვა ტალკადან კილოეს არქიპელაგამდე.  მან უსახლკაროდ დატოვა 2 მილიონი ადამიანი. გარდაცვალებების უმეტესობის მიზეზი იყო მიწისძვრით გამოწვეული ცუნამების სერია. დაზიანებები 400-800 მლნ$-ს წარმოადგენდა, რაც დღეისთვის 3-6 მლრდ$-მდე ავიდა ინფლაციიდან გამომდინარე.

ლაიმას ვულკანი, ჩილე

მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიჩქარე 322 კმ/სთ-ს აღწევდა, რომელმაც ფაქტობრივად ცეცხლოვანი სარტყლის ყველა ქვეყნამდე მიაღწია, ზღვის დონის ცვლილებები კი მთელი წყნარი ოკეანის აუზში აღინიშნებოდა. 15 საათის შემდეგ 10 მეტრი სიმაღლის ცუნამი დაატყდა ჰავაის, რამაც უამრავი შენობა გაანადგურა და 61 ადამიანი მოკლა.         22 საათის შემდეგ ტალღებმა იაპონიას მიაღწია, რამაც 1600 სახლი დაანდგრია და 185 სიცოცხლე შეიწირა.                                      24 საათის შემდეგ, ცუნამის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა ფილიპინებში. დაზიანებები ასევე აღინიშნა აღმოსავლეთის კუნძულებსა და სამოაზე. აღსანიშნავია, რომ ფილიპინებში მთებარი თაალის ვულკანი 1572 წლის შემდეგ 33-ჯერ ამოიფრქვა, მათგან ყველაზე დამანგრეველმა 1911 წელს კი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იგი ყველაზე აქტიური 1965-1977 წლებში იყო, რის მიზეზადაც მაგმისა და ტბის წყლის ურთიერთქმედებას ასახელებენ. 1977 წლამდე ფიქრობდნენ, რომ მან მიიძინა, თუმცა 1991 წელს ძლიერი სეისმური აქტივობებისა და მცირე ზომის ტალახის გეიზერების წარმოქმნის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ იგი კვლავ აქტიური იყო.

ჩილეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და დიდი ზომის ვულკანი - ლიაიმა ქალაქ ტემუკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 82 კილომეტრში და სანტიაგოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 663 კმ-ში მდებარეობს. მის აქტიურობას მე-17 საუკუნიდან მოყოლებული აწარმოებენ. უკანასკნელად 1994 წელს ამოიფრქვა. გარდა ამისა, ლასკარი ყველაზე აქტიური ვულკანია ჩილეს ჩრდილოეთ ანდებში. იგი უძლიერესად 26500 წლის წინ ამოიფრქვა, ხოლო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მისი ამოფრქვევების აღწერა მიმდინარეობს და ყველაზე ძლიერი 1993 წელს იყო, რომლის კვამლმაც არგენტინამდეც კი მიაღწია. უკანასკნელად 2006 წლის 18 აპრილს დაიწყო ამოფრქვევის სერიები და 2011 წელს დასრულდა.

1964 წლის 27 მარტს, 5 საათსა და 36 წუთზე 9.2 მაგნიტუდიანი ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა ალასკის პრინც უილიამის რეგიონზე. იგი ა.შ.შ-ს ყველა შტატში დაფიქსირდა კონექტიკუტის, როდ აილენდისა და დელავერის გარდა. მისი ხანგრძლივობა 4 წუთი და 38 წამს შეადგენდა მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამის ტალღებმა 131 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ალასკის ტერიტორიაზე ისეთი 50 ვულკანია, რომლებიც 1760 წლიდან მოყოლებული ერთხელ მაინც ამოიფრქვა. სწორედ ამ შტატზე მოხდა ცეცხლოვანი სარტყელის ამერიკულ ნაწილზე უკანასკნელი ვულკანური ამოფრქვევა 2009 წელს.

ვულკანი კრაკატაუ

მსოფლიოს ყველაზე აქტიური ვულკანების უმეტესობა ცეცხლოვანი სარტყელის დასავლეთ ნაწილზეა განთავსებული, მაგალითად კრაკატაუ - რაკატას კუნძულზე მდებარე ვულკანი. მდებარეობს ინდო-ავსტრალიისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილას, რომელიც მაღალი ვულკანური და სეისმური აქტიურობით ხასიათდება. მსოფლიოში ყველაზე გრძელი (9000 კმ) მთათა სისტემა - ანდები სამხრეთ ამერიკის ფაქტობრივად მთელ დასავლეთ საზღვარზე ვრცელდება. მისი ვულკანური სარტყელი ოთხ ვულკანურ ზონად იყოფა და სწორედ მათ შემადგენლობაშია ისეთი აქტიური ვულკანები, როგორებიცაა კოტოპახი, კერო აზული და მსოფლიოში ყველაზე მაღალი (აქტიური) ვულკანი - ოხოს - დელ სალადო. ცეცხლოვან სარტყელში, მექსიკაში ასევე არის ვულკანი პოპოკატეპეტი, რომელიც ბევრი ადამიანისა და ვულკანოლოგის აზრით, ყველაზე სახიფათოა, ვინაიდან ამოფრქვევის შემთხვევაში, მილიონობით ადამიანს მოკლავს (იგი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოსთან ახლოსთანაა, რომელიც ფართოდ დასახლებულია).

ა.შ.შ-ს ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან, ცეცხლოვანი სარტყელის აღმოსავლეთით, კასკადის მთებში გვხვდება 1300 კმ-იანი კასკადის ვულკანური თაღი, რომელშიც 13 მნიშვნელოვანი, აქტიური ვულკანია, ხოლო 3000 ვულკანური წარმონაქმნი. უკანასკნელად, 1980 წელს ამოიფრქვა სენტ-ჰელენზი. გარდა ამისა, ალასკის ალეუტის კუნძულები, რომლებიც 14 დიდი და 55 პატარა კუნძულებისგან შედგება, 52 ვულკანს მოიცავს.

კამჩატკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რუკა

რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მრავალი სხვადასხვა სახის კუნძულებია განთავსებული. მის ფართობს შეადგენს 472300 კვ. კმ. და მდებარეობს წყნარ ოკეანესა და ოხოცკის ზღვას შორის. კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 10500 მეტრი სიღრმის კურილ-კამჩატკას ღრმული მდებარეობს, რომელშიც ფილების სწრაფი ქვეშეცოცება ან ურთიერთშეცოცება იწვევს მაღალ ვულკანურ აქტიურობას, რაც ცეცხლოვან  სარტყელზე მდებარე ტერიტორიების დიდი ნაწილის აქტიურობის მიზეზია. 30-ზე მეტი აქტიური და ასობით ვულკანური წარმონაქმნია კამჩატკის ორ მთავარ ვულკანურ სარტყელზე.

  • Volcanoes and Earthquakes/Britannica Illustrated Science Library/2008/Jacob E. Safra, Jorge Aguilar-Cauz, Michael Ross, Dale H. Hoiberg, Marsha Mackenzie/China/ISBN 978-1-59339-800-2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2020-05-13.
  2. https://www.livescience.com/39110-japan-2011-earthquake-tsunami-facts.html
  3. https://www.usgs.gov/natural-hazards/earthquake-hazards/science/20-largest-earthquakes-world?qt-science_center_objects=0#qt-science_center_objects