შინაარსზე გადასვლა

ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა — მოქალაქეთა ზედაფენებისა და ფეოდალთა ერთი ჯგუფის აჯანყება ცენტრალური სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის მეთაურობით XII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში.

ყუთლუ-არსლანის დასის პროგრამა მოითხოვდა სამეფო კარის გვერდით შექმნილიყო ახალი, სამეფო ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელი, დაწესებულება — „კარავი“. „კარაველები“ ითხოვდნენ მმართველობის სადავეების ხელში აღებას, იბრძოდნენ საკანონმდებლო უფლებებისთვის. საქართველოს მეფეს კარავის მუშაობაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. დასის მიერ წამოყენებული პოლიტიკური პროგრამა თამარს მხოლოდ აღმასრულებელ უფლებას უტოვებდა. ასეთი მკვეთრად რევოლიციური პროგრამა, რომელმაც ფატობრივად სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების საკითხი დააყენა, მანამდე უცხო იყო ფეოდალური საქართველოსთვის. თამარის ისტორიკოსი, „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანის“ ავტორი ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას უწოდებს «უცხო მოსაგონებელს», ხოლო თვით აჯანყების მეთაურს, ჯორის მსგავსად, ორბუნება პიროვნებად მიიჩნევს.

საქართველოს სამეფო ხელისუფლება აღშფოთებით შეხვდა ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას. ამ პროგრამის განხორციელება, სამეფო კარის აზრით, ხელმწიფობის დასასრულს მოასწავებდა. თამარმა თავის ერთგულ პირებთან მოთათბირებისა და მათი დასტურის შემდგომ შეიპყრო ყუთლუ–არსლანი, მაგრამ დასის წევრებმა(„თანაშეფიცულებმა“) ამ ფაქტს მძაფრი რეაქციით უპასუხეს — სამეფო სასახლეზე გასალაშქრად მოემზადნენ და მოითხოვეს დასის მეთაურის უვნებლად განთავისუფლება. თამარმა ანგარიში გაუწია ყუთლუ-არსლანის დასის სიძლიერეს და მათთან შებმას მშვიდობიანი მოლაპარაკება არჩია: აჯანყებულებს ორი საპატიო „დიოფალი“ — ქართლის ერისთავის რატის დედა ხუაშაქ ცოქალი და დიდგვაროვანი ფეოდალების — სიმძივართა დედა კრავაჲ ჯაყელი მიუგზავნა მოსალაპარაკებლად. მანდილოსნებმა თავიანთი მისია ღირსეულად შეასრულეს და მოლაპარაკებაც დადებითი შედეგით დასრულდა. აჯანყებულებმა დედოფლისგან მათი ხელშეუხებლობის ფიცი აიღეს. საქართველოს მეფემ, მართალია, საკანონმდებლო უფლებები ხელიდან არ გაუშვა, მაგრამ როგორც მიიჩნევენ, დარბაზსაც გაეზარდა უფლებები სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში.