ფობოსი
ფობოსი (ძვ. ბერძნ. φόβος — „შიში“) — პლანეტა მარსის უახლოესი თანამგზავრი (საშუალო მანძილი 9380 კმ). კრატერებით დაფარული არაწესიერი ფორმის სხეული. გარემოქცევის პერიოდია 7 სთ 39 წთ და 14 წმ, რაც მარსის ბრუნვის პერიოდზე მცირეა, რის გამოც ფობოსი ამოდის დასავლეთიდან და ჩადის აღმოსავლეთის მხარეს. ალბედო ≈5%. აღმოჩენილია 1877 წლის 11 აგვისტოს ამერიკელი ასტრონომის ასაფ ჰოლის მიერ.
ფობოსი ბრუნავს თავის ღერძის გარშემო იგივე პერიოდით რაც მარსის გარშემო, ამიტომაც, როგორც მთვარე, ერთი მხრით არის მიმართული ზედაპირისკენ. მისი ორბიტა მდებარეობს როშის ზღვრის შიგნით და არ იშლება მხოლოდ თავისი შიდა სიმაგრის გამო. ასეთი ორბიტის გამო მისი ზედაპირიდან ცვივა ქვები, რომლებიც ხშირად ტოვებენ შესამჩნევ ზოლებს ზედაპირზე. მარსის გრავიტაციული ზემოქმედება იწვევს ფობოსის სიჩქარის შენელებას, რაც 20 მილიონი წლის შემდეგ გამოიწვევს მის მარსთან შეჯახებას.
ფობოსის ზომებია 26.6×22.2×18.6 კმ, მის ზედაპირს აღენიშნება უამრავი კრატერი, რომელთაგან ყველაზე დიდია სტიკნი 9 კმ დიამეტრით. სავარაუდოდ, ამ კრატერის წარმოქმნამ გამოიწვია მის მიდამოებში პარალელური ზოლების შექმნაც. ეს ზოლები აღენიშნება 30 კმ მანძილზე და 100-200 მეტრის სიგანისა და 10-20 მეტრის სიღრმისაა.
ფობოსის შესწავლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფობოსის სურათები გადაიღეს რამდენიმე კოსმოსური აპარატის მეშვეობით, რომელთა მიზანს მარსის ფოტოგადაღება წარმოადგენდა. პირველი - Mariner 9 - 1971 წელს, შემდეგ 1 - 1977 წელს, ფობოსი (КА) - 1989 წელს, Mars Global Surveyor - 1998 და 2003 წლებში, Mars Express - 2004 წელს და Mars Reconnaissance Orbiter - 2007 და 2008 წლებში. ატმოსფეროს ნიშნები შემჩნეული არ არის.
წინასწარმეტყველება ორ თანამგზავრზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარსის ორი თანამგზავრის არსებობის ვარაუდი 1610 წელს იოჰან კეპლერმა გამოთქვა. ის ეფუძნებოდა იმ ლოგიკას, რომ თუ დედამიწას აქვს ერთი თანამგზავრი, ხოლო იუპიტერს — ოთხი (იმ დროს ცნობილი), ე.ი. მზისგან დაშორების გამო თანამგზავრთა რაოდენობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. ამ ლოგიკის მიხედვით მარსს უნდა ჰყოლოდა ორი თანამგზავრი.
ჯონატან სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“ წიგნის მე-3 თავში, რომელიც მფრინავ კუნძულ ლაპუტას აღწერს, ნათქვამია, რომ ლაპუტას ასტრონომებმა აღმოაჩინეს მარსის ორი თანამგზავრი, რომლებიც 3 და 5 მარსის დიამეტრის მანძილზე ბრუნავენ. სინამდვილეში კი ფობოსი და დეიმოსი მდებარეობენ 1.4 და 3.5 დიამეტრის მანძილზე მარსის ცენტრიდან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 350.
|