შინაარსზე გადასვლა

ნოდარ დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ნოდარ დუმბაძე
დაბადების თარიღი 14 ივლისი, 1928(1928-07-14)[1] [2]
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 1984(1984-09-04)[3] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პროზაიკოსი, პოეტი, სცენარისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, მწერალი[4] , რომანისტი და ნოველისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი მოკლე რომანი, სცენარი, მოთხრობა და პოემა
Magnum opus მე, ბებია, ილიკო და ილარიონი, მე ვხედავ მზეს, ნუ გეშინია, დედა!, მზიანი ღამე, თეთრი ბაირაღები, მარადისობის კანონი, კუკარაჩა და Hellados
ჯილდოები რუსთაველის პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინური პრემია, ლენინური კომკავშირის პრემია, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი და Golden Calf
მეუღლე ნანული გუგუნავა[5]
შვილ(ებ)ი მანანა, ზაზა, ქეთევანი

ნოდარ დუმბაძე (დ. 14 ივლისი, 1928, თბილისი — გ. 14 სექტემბერი, 1984, თბილისი) — ქართველი მწერალი და სცენარისტი, სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დახვრიტეს, ხოლო დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს და ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ 1946 წელს გაათავისუფლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 8 წლის ასაკში დეიდებმა საცხოვრებლად წაიყვანეს აფხაზეთში, სოხუმში, სადაც სამი წელი გაატარა. ბიძების დაპატიმრებისა და დახვრეტის შემდეგ საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში.[6]

1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაამთავრა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა დროს, მუშაობდა ასისტენტად უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, ასევე ახლად დაარსებულ ჟურნალ „ცისკარში“ ლიტ-მუშაკად და კინოსტუდია „ქართულ ფილმში" სასცენარო კოლეგიის წევრად. იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956–1957 წლებში, ჟურნალ „ნიანგში“ ბიბლიოთეკის სერიით, მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული — „ყურადღება, ვიწყებთ ვარჯიშს“, „გაუმარჯოს გიგილოს“, და „გლადიატორი“. 1957 წელს წამოვიდა სამსახურიდან, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. მის პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილმა სპექტაკლებმაც და კინოფილმებმაც. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული და საბავშვო მოთხრობებიც, ასევე ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები.

1951 წელს დაქორწინდა ნანული გუგუნავაზე, ჰყავდათ სამი შვილი: მანანა, ზაზა (გარდაიცვალა 5 წლის ასაკში) და ქეთევანი. 1967–1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი, 1972 წლიდან იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, ჟურნალ „მოლოდაია გვარდიას“ რედკოლეგიის წევრი.

თვითმფრინავის ბიჭების საქმის დროს ერთ-ერთი იყო ქართველ ინტელექტუალთა შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა. გარდაიცვალა 1984 წლის 14 სექტემბერს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

ვიკიციტატა
„ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“

ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1960) და „მე ვხედავ მზეს“ (1962) მოუტანა. ორივე რომანისთვის, რომლებიც ეხებოდა ქართველების ცხოვრებას მეორე მსოფლიო ომის დროს, 1966 წელს მიიღო საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემია. 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია.

ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა — როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროში, საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.

დუმბაძის ოთხი რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინოფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 წ. რეჟისორი თენგიზ აბულაძე); „მე ვხედავ მზეს“ (1965 წ. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე); „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“; („ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით (1972 წ. რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი).

დუმბაძის შემოქმედებაში ხშირად მეორდება რამდენიმე მოტივი. ერთ-ერთი ასეთი მოტივია დედის მონატრება. დუმბაძის მთავარი პროტაგონისტები ხშირად ობლები არიან. მთავარი პერსონაჟის დედას თითქმის ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა, სახელად ჰქვია ანიკო დუმბაძის დედის, ანა ბახტაძის მსგავსად. კიდევ ერთი ხშირად განმეორებული მოტივია გარდაცვლილთა მიმართ დადებული ფიცი ან ანგარიშგება. ეს მოტივი მეორდება რომანებში „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“, „ნუ გეშინია, დედა!“, „ძაღლი“. დუმბაძის ყველა რომანში აღწერილია სიკვდილი, მისი ყველაზე მეტად იუმორისტული ნაწარმოები, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სრულდება სიკვდილის სცენით. დუმბაძის ნაწარმოებების პერსონაჟები ხშირად არიან ფსიქიკური დაავადების მქონე პირები ბეჟანა („მე ვხედავ მზეს“), მარგო („მარადისობის კანონი“), მერაბია („ნუ გეშინია, დედა!“), დიდრო („დიდრო“). დუმბაძის პერსონაჟები ასევე არიან დამნაშავეები: ტიგრანა, ლიმონა, თავერა, ვახტანგ ამბოკაძე. დუმბაძის ნაწარმოებებში ჩნდება რელიგიური მოტივებიც, მოთხრობაში „კუკარაჩა“ მილიციელი კითხულობს სახარებას, რომანში „მარადისობის კანონი“ მომაკვდავი პერსონაჟი სიზმარში ხედავს ქრისტეს, ამავე რომანში ერთ-ერთი პერსონაჟი რელიგიად იხსენიებს მარქსიზმ-ლენინიზმს. დუმბაძის ნაწარმოებები გამსჭვალულია იუმორით. საგანგებოდ სასაცილო სიტუაციებს ავტორი იშვიათად ქმნის, იუმორი გამოყენებულია დრამატულ სიტუაციებში და ის გაჭირვებისასთან გამკლავების მექანიზმია.

  • „კუკარაჩა“
  • „ჰელადოს“
  • „ბოშები“
  • „ხაზარულა“
  • „ძაღლი“
  • „დიდრო“
  • „კორიდა“
  • „უმადური“
  • „ნუ გააღვიძებ“
  • „მონატრება“
  • „დედა“
  • „ჩიტი“
  • „სისხლი“
  • „ყანწი“
  • „თემურ ლენგი“
  • „მზე“

იუმორისტული მოთხრობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“
  • „ბავშვის როლი მშობლების აღზრდის საქმეში“
  • „რას გვეკითხება ამოცანა“
  • „37,50“
  • „გენერალური რეპეტიცია“
  • „საუბარი ღმერთთან“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]