შინაარსზე გადასვლა

ნოდარ ახალკაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნოდარ ახალკაცი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნოდარ ახალკაცი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნოდარ ახალკაცი
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1938
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
24 იანვარი, 1998 (60 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1955 ნორჩი დინამოელი
1956 ფშმ თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957 ოდო თბილისი
1958–1959 სკვო თბილისი
1960–1966 ლოკომოტივი
სამწვრთნელო კარიერა
1967–1970 ლოკომოტივი თბილისი
1976–1983 დინამო თბილისი
1985–1986 დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნოდარ ახალკაცი (დ. 2 იანვარი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 25 იანვარი, 1998, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის არმიის სპორტული კლუბისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას. 1971–1974 წლებში იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი. 1976–1983 და 1985–1986 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1963), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1981). 1990–1998 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. არჩეული იყო უეფას ტექნიკური კომიტეტის წევრად.[2]

ფიფას და უეფას ორდენოსანი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.[3] ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად და თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტად.

მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ ორჯერ საბჭოთა კავშირის თასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი.[4]

ნოდარ ახალკაცი თბილისში, კერძოდ ნაძალადევში, 1938 წლის 2 იანვარს, ფარსადან ახალკაცისა და ანა კიკნაძის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში, რომელიც 1955 წელს წარმატებით დაამთავრა. სწავლა იმდროინდელ პლეხანოვის პროსპექტზე არსებულ რკინიგზელთა ინსტიტუტში განაგრძო.

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1955 წელს თბილისის ნორჩ დინამოელთა სკოლაში მწვრთნელ გრიგოლ გაგუასთან. 1956 წელს თბილისის ფშმ-ს რიგებშია. 1957 წლიდან კი — თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდში (ოდო (ოსკ) თბილისი),[5] რომელსაც ცნობილი სპეციალისტი ნესტორ ჩხატარაშვილი წვრთნიდა.[6]

1958–1959 წლებში თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი — სამხედრო ოლქის სპორტული კლუბის (სკვო თბილისი)[7] სახელით გამოდიოდა, ხოლო 1960 წლიდან — თბილისის არმიის სპორტული კლუბის სახელით განაგრძო გამოსვლები (ასკ თბილისი)[8].

1960–1966 წლებში თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. სათამაშო კარიერაც ამავე კლუბში, 28 წლის ასაკში დაასრულა.

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო კარიერა 1967 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, რომელსაც 1970 წლის ნოემბრამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 166 მატჩიდან „ლოკომოტივმა“ — 65 მოიგო, 41 ფრედ დაამთავრა და 60 შეხვედრა დათმო.

1974–1975 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო გუნდის უფროსი, 1976–1983 და 1985–1986 წლებში მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 383 მატჩიდან თბილისის „დინამომ“ — 179 მოიგო, 102 ფრედ დაამთავრა და 102 შეხვედრა დათმო.

საკავშირო და საერთაშორისო ასპარეზზე — 1936–1989 წლებში, თბილისის „დინამოს“ სულ ხუთი ტიტული აქვს მოგებული და აქედან ოთხი — მისი მთავარი მწვრთნელობის დროს. ნოდარ ახალკაცის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოსვლამდე თბილისის „დინამოს“ არაერთი უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი ედგა სათავეში. მათ შორის საკმარისი იქნებოდა თუნდაც სამი მათგანის — ანდრო ჟორდანიას, მიხეილ იაკუშინისა და გავრილ კაჩალინის დასახელება. სამწვრთნელო გამოცდილებით, მიღწეული შედეგებითა და მოპოვებული ავტორიტეტით, — სამივე მათგანი ითვლებოდა და დღესაც საყოველთაოდ ითვლება საბჭოთა ფეხბურთის ყველა დროის უდიდეს მწვრთნელად და ფეხბურთის სპეციალისტად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველი თაობის ფეხბურთელებიდან, ანუ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე, — ყოველთვის ჰყავდა უმაღლესი კლასის შემსრულებლები.

ფეხბურთის სპეციალისტების შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ დინამოელები ყოველთვის თვითმყოფადობით გამორჩეულ, შემოქმედებით, კერძოდ კი, — სანახაობრივად მიმზიდველ, ინტელექტუალურ და არტისტულ ფეხბურთს თამაშობდნენ, — მათ სუსტ წერტილად და გადაულახავ პრობლემად წლების განმავლობაში, ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე, ყოველთვის რჩებოდა — ჩავარდნების გარეშე, სტაბილური ასპარეზობის პრობლემა, რაც მათივე მოსაზრებით, უპირველესად, გუნდში არსებული სუსტი დისციპლინისა და საქმისადმი არაპროფესიონალური მიდგომის საკითხს უკავშირდებოდა. გუნდში მოსვლისთანავე, ნოდარ ახალკაცისთვის მთავარ გამოწვევას, სწორედ ამ პრობლემების წარმატებით დაძლევა წარმოადგენდა. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სათამაშო კლასის, იმპროვიზაციის უნარისა და ტექნიკური მომზადების მხრივ დინამოელები საკავშირო პირველობის მონაწილე სხვა კლუბების მოთამაშეებს ისედაც საგრძნობლად აღემატებოდნენ, საჭირო იყო ყურადღების მობილიზება და უმთავრესი აქცენტის გაკეთება საერთო კოლექტიური დისციპლინის მკაცრად დაცვასა და თითოეული ფეხბურთელის მხრიდან დაკისრებული მოვალეობისადმი პროფესიონალური მიდგომის ამაღლებაზე, — რაც ქართული ტემპერამენტიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო და საგულისხმოა, თავად ნოდარ ახალკაცის პრინციპული დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამონარიდი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:

ვიკიციტატა
„...ერთ ზედმიწევნით სერიოზულ საკითხზე კი უთუოდ ცალკე უნდა ითქვას. მე ვგულისხმობ კოლექტივში დისციპლინის საკითხს. წლევანდელ სეზონში ჩვენ ალბათ ზედმეტი ლმობიერება გამოვიჩინეთ ცალკეული ფეხბურთელების მიმართ, რამაც უარყოფითად იმოქმედა არა მარტო საერთო დისციპლინაზე, არამედ გუნდის ბრძოლისუნარიანობასა და თამაშის ხარისხზეც. არ უნდა დაგვავიწყდეს, წინა წლებში „დინამოს“ გამარჯვებათა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი მტკიცე, შეგნებული დისციპლინა იყო. კარგად მესმის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ძნელია, იქნებ ძალზე ძნელიც კი, გუნდის ინტერესებისათვის დაივიწყოს ეგრეთ წოდებული ამქვეყნიური სიამენი და სრულიად აიღოს მათზე ხელი. მაგრამ თუ ახალგაზრდამ ნებაყოფლობით აირჩია ერთგვარად ასკეტური საფეხბურთო ცხოვრება, თუ იგი რესპუბლიკის პირველ გუნდში თამაშობს, რაც თავისთავად დიდი ეროვნული საქმეა, თუკი მას უდიდესი ნდობა გამოუცხადეს და ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა დააკისრეს, იგი ვალდებულია, იყოს ზედმიწევნით მობილიზებული, შეგნებული და, მეტსაც მოგახსენებთ, თავდადებულიც. არავის, არც ახალგაზრდას, არც გამოცდილ სპორტსმენს არ ეპატიება დისციპლინის უმნიშვნელო დარღვევაც კი, სულ ერთია, ვარჯიშზე იქნება ეს, მატჩის დროს თუ ცხოვრებაში. მსოფლიოში არ ყოფილა და არც არის გუნდი, რომელსაც მაღალი მიზნები დაესახოს და ამ მიზნებისთვის საერთო კოლექტიური დისციპლინის მკაცრად დაცვის გარეშე მიეღწიოს.“

სამწვრთნელო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნდი დაწყება დამთავრება მონაცემები
გბ მბ ბს მ %
ლოკომოტივი აპრილი 1967 ნოემბერი 1970 166 65 41 60 174 152 +22 39.16
დინამო თბილისი მარტი 1976 ოქტომბერი 1983 330 160 86 84 495 323 +172 48.48
დინამო თბილისი ივლისი 1985 ნოემბერი 1986 53 19 16 18 63 64 −1 35.85
ჯამში 1967 1986 549 244 143 162 732 539 +193 44.44

„პროფესიონალი არაპროფესიონალთა ქვეყანაში“ — ასე მოიხსენიებდნენ ნოდარ ახალკაცს უცხოელი ჟურნალისტები, რომლებმაც ქართველი მწვრთნელი 1970-იან წლებში გაიცნეს. 1981 წლის 13 მაისის ევროპული გამარჯვების შემდეგ კი ფეხბურთის დიდ სპეციალისტთა რიგებში ჩარიცხეს. გავლენიანი გერმანული ჟურნალის „კიკერის“ მთავარი რედაქტორი კარლ-ჰაინც ჰაიმანი დიუსელდორფის ფინალური მატჩის შეფასებისას, დინამოელთა ოსტატობასთან ერთად, განსაკუთრებით გამოყოფდა მწვრთნელის ალღოს და ერუდიციას. „კარგა ხანია ყურადღებით ვაკვირდები ახალკაცის საქმიანობას, — წერს ჰაიმანი, — ის ნამდვილი სტრატეგია, იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.“ ჰაიმანს კვერს უკრავენ მისი სხვა ცნობილი კოლეგები და ფეხბურთის ევროპელი სპეციალისტები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ახალკაცის დამსახურებას, კოლეგებზე მეტად, ფეხბურთის გულშემატკივრები და კულტურის მოღვაწეები აფასებდნენ. ბევრ მათგანთან ახალკაცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იხსენებს:

ვიკიციტატა
„...ძალზე განათლებული კაცი იყო, ნებისმიერ თემაზე დაგელაპარაკებოდათ — გნებავთ ხელოვნებაზე, მუსიკაზე, სულ ერთია... უნგრული ფეხბურთი, ესპანური ფეხბურთი, გერმანული ფეხბურთი... თავისი დაკვირვებები, თავისი ცნობები საქაღალდეებში ჰქონდა ჩალაგებული. უამრავი წიგნები... ჩვენ ვიცით, რომ მას ცოტა ეძინა, ღამეებს კითხვაში ატარებდა. ამ კაცმა იმდენი გააკეთა, არავის რომ არ გაუკეთებია, არც ერთ მწვრთნელს. დღეს ბატონი ნოდარი ლეგენდად იქცა, ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატებების სულის ჩამდგმელად.“

2008 წელს რეჟისორმა გოგი თორაძემ ნოდარ ახალკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი „ქართული ფეხბურთის მაესტრო“.[9]

2018 წლის 14 თებერვალს ლაგოდეხში გახსნილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას მისი სახელი მიენიჭა.[10][11]

2018 წლის 15 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, თბილისის მე-9 საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლაშივე დაიდგა ნოდარ ახალკაცის ბიუსტი.[12][13]

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა და მწვრთნელთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც ნოდარ ახალკაცი 1976 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[14]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ნოდარ ახალკაცი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[15][16]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ნოდარ ახალკაცს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[17]

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980[18][19][20][21]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979[22]
  • საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი: 1969
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი: 1976
  • საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი: 1981
  • სპორტის რაინდი: 2011
  • ღირსების ორდენის კავალერი: 2018

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ეპოქის დასასრული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-07. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
  2. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.– თბ., 1997.– გვ. 284
  3. ФИФА посмертно наградит Нодара Ахалкаци орденом Чести. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
  4. კონსტანტინე ბესკოვთან და ვალერი ლობანოვსკისთან ერთად.
  5. ოდო (რუს. ОДО (Окружной Дом офицеров))
  6. 1958. ODO Tbilisi - Stal Mielec Poland 3-2.
  7. სკვო (რუს. СКВО (Спортивный клуб военного округа))
  8. სკა (რუს. СКА (Спортивный клуб армии))
  9. От «Нахаловки» до Дюссельдорфа. Гиви Бакрадзе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
  10. ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა.
  11. ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა.
  12. „ესტაფეტა“ 28.12.17 ნოდარ ახალკაცი-80.
  13. თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-07. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
  14. საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
  15. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2022-04-20.
  16. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  17. თბილისის დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
  18. „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი
  19. Soviet Union Cup 1980 / Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi
  20. Сбылось и не сбылось // Еженедельник "Футбол-Хоккей"
  21. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
  22. Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1