შინაარსზე გადასვლა

ერეკლე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერეკლე.
ერეკლე I
ნაზარ ალი-ხანი
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1688
მმართ. დასასრული: 1703
წინამორბედი: გიორგი XI
მემკვიდრე: გიორგი XI
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1703
მმართ. დასასრული: 21 აპრილი, 1709
წინამორბედი: არჩილ II
მემკვიდრე: დავით II (კახეთის მეფე)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1642
გარდ. თარიღი: 1709 წლის 21 აპრილი
მეუღლე: ანა ჩოლოყაშვილი
შვილები:

ვაჟები: დავით II, კონსტანტინე II, ისმაილი, როსტომი , ვახტანგი , დიმიტრი, გიორგი, თეიმურაზ II, რეზე ყული ხანი, მუსტაფა მირზა

ქალიშვილები: ელენე-ბეგუმი, მარიამ–მაკრინა , ქეთევანი (გ. 1718)
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დათუნა ბატონიშვილი
დედა: ელენე დიასამიძე
ხელმოწერა:

ერეკლე I, ნაზარ ალი-ხანი, ნიკოლოზი (დ. 1642 — გ. 1709) — ქართლის (1688-1703) და კახეთის (17031709) მეფე, თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერეკლე იყო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, დავით (დათუნა) ბატონიშვილისა და ელენე დედოფლის (დიასამიძე) უმცროსი ვაჟი. სრულიად ყმაწვილი ერეკლე თეიმურაზმა რუსეთის ერთგულებაზე დადებული „ფიცის წიგნის“ პირობების თანახმად, დედასთან, ელენესთან ერთად ამალით მოსკოვში გააგზავნა (1653). აქ იგი დიდი პატივით მიიღეს. რუსეთში მას ნიკოლოზ დავითის ძის სახელით იცნობდნენ. 1658 წლის ივნისში მოსკოვში ჩასულმა თეიმურაზ I-მა რუსეთის მეფეს ბატონიშვილისადმი მზრუნველობა და სახელმწიფო საქმეებში მისი გაწვრთნა სთხოვა. ამ პერიოდში გარდაიცვალა ერეკლეს უფროსი ძმა ლუარსაბ ბატონიშვილი. თეიმურაზმა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-თან ერთად მეფე ალექსი მიხეილის ძეს სთხოვა, ერეკლე, როგორც ტახტის ერთადერთი მემკვიდრე, საქართველოში დაებრუნებინა. 1660 წლის აგვისტოში უფლისწული დედასთან ერთად ასტრახანში, 1662 წელს კი საქართველოში ჩავიდა. ქართლში იმ დროს სპარსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებაში მყოფი ვახტანგ V (შაჰნავაზი) მეფობდა, კახეთი კი შაჰის მიერ დანიშნული ხანის ხელში იყო.

ერეკლეს, როგორც კახეთის ბაგრატიონების კანონიერ მემკვიდრეს, სამეფოს დაუფლებაში მხარს უჭერდნენ თუშ-ფშავ-ხევსურნი და სპარსელთა ბატონობით უკმაყოფილო კახი დიდებულების ნაწილი. ვახტანგ V-მ და კახეთის ხანმა ეს ამბავი ირანის შაჰს შეატყობინეს. შაჰმა ერეკლეს შეპყრობა ან განდევნა ბრძანა. ერეკლე თავს დაესხა ვახტანგს, მაგრამ დამარცხდა და თორღვას ციხეში ჩაიკეტა. ერეკლეს დედის, ელენეს თხოვნითა და გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით 1664 წელს ვახტანგ V-მ იგი ციხიდან გააპარა, ხოლო კახეთის მეფედ თავისი ძე არჩილი დასვა. ერეკლემ კვლავ სცვადა ტახტის ხელში ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდა და 1666 წელს ისევ რუსეთში დაბრუნდა.

რუსეთის სამეფო კარზე ერეკლე პატივით მიიღეს. მეფე ალექსი მიხეილის ძის ნატალია ნარიშკინაზე მეორედ ქორწინების დროს ის ცერემონიალის ხელმძღვანელად („ტისიაცკი“) და ამასთან სასიძოს მეჯვარედაც მიიწვიეს. 1674 წელს ერეკლე კიდევ ერთხელ სცადა ესარგებლა აღმოსავლეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობებით და კახეთის ტახტი ჩაეგდო ხელთ. 1674 წელს ერეკლე კახეთში ჩავიდა. იგი იქ თავისმა სიძემ (დის ქმარი) — არჩილმა პატივით მიიღო, ტახტის გადაცემას შეპირდა და ირანში გაისტუმრა. შაჰს ქართლის ტახტზე მისი დამტკიცება სურდა, მაგრამ ბოლოს, 1677 წელს, არჩევანი გამაჰმადიანებულ გიორგი XI-ზე შეაჩერა, თუმცა ირანის კარზე არც გიორგის დამოუკიდებლობისაკენ მიმართული პოლიტიკა მოეწონათ. იგი გადააყენეს და ერეკლეს გამაჰმადიანების სანაცვლოდ ქართლის მეფობას შეპირდნენ.

ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ერეკლე გამაჰმადიანდა, ნაზარალი-ხანად მოინათლა და შეპირებული ქართლის მეფობა მიიღო. აქედან დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ტახტისათვის ერეკლე I-სა და გიორგი XI-ს შორის. ერეკლემ თავისი პოზიციის განსამტკიცებლად დაიწყო ერთგული საერო და სასულიერო პირების დაწინაურება, კერძოდ, ვეზირად დანიშნა თათარი ყიასა, მსაჯულთუხუცესად — არაგვის ერისთავის ძმა ბარძიმი, სახლთუხუცესად — კახელი ბებურიშვილი, ყულარასად — ლუარსაბი, კათოლიკოსად — თავისი ბიძა იოანე (დიასამიძე). უცხოეთში გაზრდილი ერეკლე სრულად არ იცნობდა ქართულ ზნე-ჩვეულებებს, სახელმწიფო საქმეების მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენდა და ქვეყნის მართვა თავისი გარემოცვისთვის ჰქონდა მინდობილი. ერეკლეს მთავარი დასაყრდენი სამხედრო ძალა იყვნენ თბილისის ყიზილბაში მეციხოვნეები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამასთანავე, ერეკლე დედის — ელენეს რჩევით, ყურადღებას აქცევდა ეკლესია-მონასტრებს; მრავალ ეკლესიას აღუდგინა ყმა-გლეხები, მამულები, შეაკეთებინა ეკლესიები და მონასტრები; მოაწესრიგა საქალაქო ცხოვრება, განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვ.

ერეკლეს გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო და შეურაცხყოფილი იყვნენ მსხვილი წარჩინებული თავადები: გიგი ამილახვარი, თამაზ ყაფლანიშვილი, დავით ქსნის ერისთავი, აშოთან მუხრანბატონი. ამასთანავე, მძიმე პირობებში ჩავარდნილმა მოსახლეობამ ქართლიდან აყრა და კახეთში ჩასახლება დაიწყო, სადაც შედარებით სიმშვიდე იყო. ამ პროცესს ხელს უწყობდა თვით ერეკლეც, რადგანაც მისი სურვილი საბოლოოდ კახეთში გაბატონება იყო. უკმაყოფილო თავადებმა გადაწყვიტეს ისევ გიორგი XI-ის გამეფება. ერეკლემ იძულებული გახდა შაჰისათვის დახმარება ეთხოვა. მან ქალბალი ხანის სარდლობით ჯარი გამოგზავნა, რამაც აჯანყებული გიორგი XI-ის პოზიციები დაასუსტა. ერეკლემ მთელი ქართლის დამორჩილება მოახერხა, მაგრამ 1703 წელს, შაჰმა გიორგი XI-ის შემორიგებისა და ავღანეთში სალაშქრო ჯარის სარდლად დანიშვნის შემდეგ, ქართლის მეფობა მას უბოძა, ხოლო ერეკლე კახეთის მეფედ დაამტკიცა, ყულარაღასობა (გვარდიის სარდალი) უბოძა და თავისთან დაიბარა. შაჰის თანხმობით ერეკლემ კახეთი თავის გამაჰმადიანებულ შვილს დავით II-ს (იმამ ყული-ხანს) ჩააბარა, თავად კი სპარსეთში გაემგზავრა და მალე იქვე გარდაიცვალა.

  • კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810 წწ.), ტფ., 1922.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
  • ტატიშვილი ვ., ქართველები  მოსკოვში, თბ., 1975.
წინამორბედი:
გიორგი XI
ქართლის მეფე
1688 - 1703
შემდეგი:
გიორგი XI
წინამორბედი:
განაგებენ ირანელი მოხელეები
კახეთის მეფე
1703 - 1709
შემდეგი:
დავით II