შინაარსზე გადასვლა

ელიზაბეთ ლუქსემბურგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეთ ლუქსემბურგელი
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი
კორონაცია: 1 იანვარი, 1438, სეკეშფეჰერვარი
მმართ. დასაწყისი: 9 დეკემბერი, 1437
მმართ. დასასრული: 27 ოქტომბერი, 1439
წინამორბედი: ბარბარა ცელიელი
მემკვიდრე: კატარინა პოდებრადელი
გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 მარტი, 1438
მმართ. დასასრული: 27 ოქტომბერი, 1439
წინამორბედი: ბარბარა ცელიელი
მემკვიდრე: ელეანორა პორტუგალიელი
ბოჰემიის დედოფალი
კორონაცია: 29 ივნისი, 1438, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 6 მაისი, 1438
მმართ. დასასრული: 27 ოქტომბერი, 1439
წინამორბედი: ბარბარა ცელიელი
მემკვიდრე: იოანა როჟმიტალი
ავსტრიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 19 აპრილი, 1422
მმართ. დასასრული: 27 ოქტომბერი, 1439
წინამორბედი: იოჰანა სოფია ბავარიელი
მემკვიდრე: ელეანორა პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ოქტომბერი, 1409
დაბ. ადგილი: ვიშეგრადი, უნგრეთი
გარდ. თარიღი: 19 დეკემბერი, 1442, (33 წლის)
გარდ. ადგილი: დიორი, უნგრეთი
დაკრძ. ადგილი: სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი
მეუღლე: ალბრეხტ II, გერმანიის მეფე
(ქ. 1422 - გარდ. 1439)
შვილები: ანა, თიურინგიის ლანდგრაფინია
ელიზაბეთი, პოლონეთის დედოფალი
ვლადისლავი, უნგრეთის მეფე
დინასტია: ლუქსემბურგები
მამა: სიგიზმუნდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ბარბარა ცელიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელიზაბეთ ლუქსემბურგელი (გერმ. Elisabeth von Luxemburg, უნგრ. Luxemburgi Erzsébet, ჩეხ. Alžběta Lucemburská; დ. 7 ოქტომბერი, 1409 — გ. 19 დეკემბერი, 1442) — ლუქსემბურგების დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ისა და დედოფალ ბარბარა ცელიელის ერთადერთი შვილი. უნგრეთის, გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი 1437-1439 წლებში როგორც ალბრეხტ II-ის მეუღლე.

ელიზაბეთი დაიბადა 1409 წლის 7 ოქტომბერს ვიშეგარდში, უნგრეთში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორის, უნგრეთის, ხორვატიის, გერმანიისა და ბოჰემიის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ბარბარა ცელიელის პირველი და უკანასკნელი შვილი. როგორც ევროპის ყველაზე გავლენიანი მონარქის ერთადერთი შვილი, ელიზაბეთი საოცარ ფუფუნებაში გაიზარდა.

1422 წლის 28 სექტემბერს ქალაქ ბრატისლავაში (ბრატისლავა და სრულიად სლოვაკეთი იმ დროისათვის უნგრეთის შემადგენლობაში იყო) შედგა ელიზაბეთისა და ავსტრიის ჰერცოგ ალბრეხტ II-ის ქორწინება. იგი მამამისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირე და ჰაბსბურგთა ძლევამოსილი დინასტიის წარმომადგენელი იყო. 1437 წელს, სიგიზმუნდის გარდაცვალების შემდეგ ალბრეხტი გახდა გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე, ელიზაბეთი კი დედოფალი. მათი მეფე-დედოფლად კორონაცია 1438 წელს შედგა ჯერ სეკეშფეჰერვარში, ხოლო შემდეგ პრაღაში. კორონაციის შემდეგ, ალბრეხტმა დაიწყო ელიზაბეთისა და დედამისის უფლებების შევიწროვება უნგრეთის ტახტზე. მან ბარბარა ცელიელს მთელი მისი უზარმაზარი მამულები ჩამოართვა და თავად მიისაკუთრა, რის გამოც ბარბარა იძულებული გახდა თავშესაფარი პოლონეთის მეფისთვის ეთხოვა. ამ ამბიდან მალევე, 1439 წელს ალბრეხტი გარდაიცვალა.

დედოფალ ელიზაბეთის ქანდაკება ინსბრუკის მუზეუმში, ავსტრია

ალბრეხტსა და ელიზაბეთს მხოლოდ ორი გოგონა დარჩათ, მაგრამ მისი დაღუპვისას დედოფალი კვლავ ორსულად იყო. ხალხი იმედოვნებდა, რომ ამჯერად ვაჟი გაჩნდებოდა, თუმცა უნგრეთის ტახტის დაცარიელებამ მალევე მიიპყრო გაუმაძღარი ოსმალების ყურადღება. თურქული ჯარების უნგრეთის საზღვართან განლაგებამ ევროპელ მონარქებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თავად უნგრეთში კი აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. უნგრელთა ერთი ნაწილი მხარს ორსულ დედოფალს უჭერდა და მემკვიდრის გაჩენას იმედოვნებდა, ხოლო მეორე ნაწილი ტახტს პოლონეთის მეფე ვლადისლავ III-ს სთავაზობდა, რომელიც უნგრეთის მეფე ლუი I-ის შვილთაშვილი იყო, ისევე, როგორც ელიზაბეთი. ყველასათვის გასაკვირად, ვლადისლავმა უნგრულ გვირგვინზე უარი თქვა.

ვიშეგარდის სამეფო კარზე დაუცველობის შეგრძნების გამო, ორსულმა ელიზაბეთმა სასწრაფოდ დატოვა იქაურობა და ქალაქ კომრობში წავიდა თავისი ახლობლებითურთ. აღსანიშნავია, რომ იგი იმდენად სწრაფად „გაიქცა“ ვიშეგარდიდან, რომ უნგრეთის მეფის გვირგვინი სასახლეში დარჩა, ამიტომაც მის წამოსაღებად თავისი სეფექალი, ელენა კოტნერი გააგზავნა, რომელმაც მისიას თავი წარმატებით გაართვა. ელენა ღამით ჩუმად შეიპარა ვიშეგარდის სასახლეში, სამეფო გვირგვინი ბალიშში გაახვია და ისე ჩაიტანა დანიშნულების ადგილამდე.

1440 წლის 22 თებერვალს, კომრობში ელიზაბეთმა ვაჟი გააჩინა, რომელსაც პოლონეთის მეფის პატივსაცემად ვლადისლავი გახდა. იგი დაბადებისთანავე იქნა ავსტრიის, უნგრეთისა და ხორვატიის მეფედ, რომელსაც ხალხმა „მამის სიკვდილის შემდეგ დაბადებული“ შეარქვა. ელიზაბეთმა თავისი ჩვილი ვაჟი სასწრაფოდ აკურთხა მეფედ, თავად კი მისი რეგენტი გახდა.

რომის პაპ ევგენი IV-ს არ მოსწონდა უნგრეთში ელიზაბეთის ლიბერალური მმართველობა, რის გამოც მან დედოფალს რეგენტობა ჩამოართვა და ამ თანამდებობაზე თავისი ნდობით აღჭურვილი უნგრელი კარდინალი დიონისიო შესკი დანიშნა. შექმნილი მძიმე ვითარების გამო, ელიზაბეთი იძულებული გახდა თავისი ქმრის ტახტი დაეთმო და ავსტრიის ერცჰერცოგად საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ III ეღიარებინა, რომელიც მისი ქმრის მსგავსად, ასევე ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი იყო. აღსანიშნავია, რომ ელიზაბეთთან დიდი ხნის მანძილზე მსახურობდა გამოჩენილი ჩეხი რეფორმატორი იან ჟიჟკა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიერ იდევნებოდა. სწორედ იანის დაქირავებული ჩეხური არმიების წყალობით მოახერხა ელიზაბეთმა ჩრდილო უნგრეთის ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის კვლავ აღდგენა.

ამ ამბიდან მალევე, 1442 წლის 19 დეკემბერს, ელიზაბეთი მოულოდნელად გარდაიცვალა ქალაქ დიორში. იგი ამ დროს მხოლოდ 33 წლის იყო. ელიზაბეთ ლუქსემბურგელი დაკრძალულია სეკეშფეჰერვარის კათედრალში, უნგრეთში.

  1. ანა (1432-1462), ცოლად გაჰყვა საქსონიისა და თიურინგიის ლანდგრაფ ვილჰელმ III-ს, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა;
  2. ელიზაბეთი (1436-1505), ცოლად გაჰყვა ლიტვისა და პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  3. ვლადისლავი (1440-1457), უნგრეთის, ხორვატიის, ავსტრიისა და ბოჰემიის მეფე დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ხასიათდებოდა ჰომოსექსუალური მიდრეკილებებით, თუმცა აპირებდა საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ქალიშვილ მადლენ დე ვალუაზე ქორწინებას, მაგრამ ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაიღუპა უშვილოდ, რის გამოც უნგრეთის ტახტი მისი დის, ელიზაბეთის ვაჟმა, ვლადისლავ II-მ დაიკავა.
  • Baranyai, Béla: Zsigmond király un. Sárkány-rendje (The so-called Order of the Dragon of King Sigismund), Századok (Periodical Centuries), 59–60, 561–591, 681–719, 1925/1926 = Zsigmond király úgynevezett Sárkányrendje (The so-called Order of the Dragon of King Sigismund), offprint, Budapest, 1926
  • Mályusz, Elemér: Zsigmondkori oklevéltár (Collection of Charters of the Age of King Sigismund) II. (1400–1410), Második rész (Part Two) (1407–1410), Akadémiai Kiadó, Budapest, 1958. = Magyar Országos Levéltár Kiadványai (Publications of National Archives of Hungary) II., Forráskiadványok (Source publications) 4.
  • Borsa, Iván (ed.): Zsigmondkori oklevéltár (Collection of Charters of the Age of King Sigismund) III. (1411–1412) (Based on the Manuscript of Elemér Mályusz), Akadémiai Kiadó, Budapest, 1993. = János Varga (ed.-in-chief): A Magyar Országos Levéltár Kiadványai (Publications of National Archives of Hungary) II., Forráskiadványok (Source publications) 22.
  • Van Antwerp Fine, John (2007). The Bosnian Church: Its Place in State and Society from the Thirteenth to the Fifteenth Century. Saqi. ISBN 978-0863565038.
  • Bak, János M. (1992). The Laws of the Medieval Kingdom of Hungary: 1301-1457. C. Schlacks.
  • Setton, Kenneth M.; Hazard, Harry Williams; Zacour, Norman P. (1990). A History of the Crusades: The Impact of the Crusades on Europe. University of Wisconsin Press. ISBN 0299107442.
  • Higgins, Sophia Elizabeth (1885). Women of Europe in the fifteenth and sixteenth centuries. Hurst and Blackett.