შინაარსზე გადასვლა

გრძელი დანების ღამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გრძელი დანების ღამე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გრძელი დანების ღამე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
გრძელი დანების ღამე

მარცხნიდან: კურტ დალიუგე, ჰაინრიხ ჰიმლერი და ერნსტ რემი
დრო 30 ივნისი2 ივლისი, 1934
მიზეზი კონფლიქტი SA-ს და ჰიტლერს შორის
მონაწილეები Schutzstaffel (ჰიტლერის მხარეზე)
Sturmabteilung (რემის მხარეზე)
მსხვერპლი
ერნსტ რემი
კურტ ფონ შლაიხერი
გუსტავ ფონ კარი
გარდაცვალებები ოფიციალურად 85 (სხვადასხვა მონაცემებით 150 — 200)
ნაციონალ-სოციალიზმი
იდეოლოგია

ფიურერპრინციპი სოციალ-დარვინიზმი ევგენიკა რასიალიზმი არიანიზმი ანტისემიტიზმი ლებენსრაუმი უბერმენშენი გროსრაუმი ათასწლოვანი რაიხი სისხლი და მიწა მილიტარიზმი მესამე გზა

ლიტერატურა

„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ „ჩემი ბრძოლა“ „მეოცე საუკუნის მითი“

ისტორია

ტულეს საზოგადოება პოლიტიკური მუშათა წრე გერმანელ მუშათა პარტია ლუდის პუტჩი მესამე რაიხი გრძელი დანების ღამე დამსხვრეული ვიტრინების ღამე მეორე მსოფლიო ომი საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი ევროპელი ებრაელობის კატასტროფა ჰოლოკოსტი პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ ნიურნბერგის პროცესი

პერსონები

ადოლფ ჰიტლერი ჰაინრიხ ჰიმლერი ჰერმან გერინგი იოზეფ გებელსი ალბერტ შპეერი რუდოლფ ჰესი ალფრედ როზენბერგი

ორგანიზაციები

ნსდაპ შტურმაბტაილუნგი შუცშტაფელი ჰიტლერიუგენდი გესტაპო ვერვოლფი გოგონათა კავშირი Deutsche Glaubensbewegung ანენერბე გერმანული სამუშაო ფრონტი Kraft durch Freude რწმენა და სილამაზე მექანიზირებული კორპუსი ავიაკორპუსი სახალხო ქველმოქმედება ქალბატონთა ორგანიზაცია სტუდენტთა კავშირი ექიმთა კავშირი მასწავლებელთა კავშირი იურისტთა კავშირი ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი

ნაცისტური პარტიები და მოძრაობები

უნგრეთი ჩრდილოეთი კავკასია ბელგია ნიდერლანდები დანია ჩეჩნეთი ნორვეგია ლატვია ბელარუსი ჩილე

ნათესაობრივი იდეოლოგიები

ფაშიზმი ინტეგრალური ნაციონალიზმი რასობრივი ნაციონალიზმი ეზოთერული ჰიტლერიზმი შტრასერიზმი ნაციონალ-ბოლშევიზმი

გრძელი დანების ღამე (გერმ. Nacht der langen Messer ), ასევე ცნობილია, როგორც ოპერაცია კოლიბრი (გერმანიაში რემის პუტჩი, ან კიდევ, დამცინავად, „რაიხის მკვლელობების კვირა“ (Reichsmordwoche[1])) — მესამე რაიხში ჩატარებული პოლიტიკური წმენდა, რომლებმაც ადგილი იქონია 1934 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისამდე. მათი მიზანი იყო ჰიტლერის აბსოლუტური ძალაუფლების განმტკიცება. ამ მოვლენების მსხვერპლნი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააპატიმრეს და დახვრიტეს. ყველაზე ცნობილი მსხვერპლი იყო Sturmabteilung-ის ხელმძღვანელი ერნსტ რემი. რეპრესიებს ვერ გადაურჩნენ ვერც ნაცისტური პარტიის მემარცხენე ფრაქციის წევრები და ცნობილი ანტი-ნაცისტები, როგორებიც იყვნენ კურტ ფონ შლაიხერი და გუსტავ ფონ კარი.

Sturmabteilung-ს შესაძლო დამოუკიდებლობას, ერნსტ რემს და ორგანიზაციის წევრების მიდრეკილებას ქუჩური არეულობებისკენ ადოლფ ჰიტლერი განიხილავდა როგორც საფრთხეს მისი ხელისუფლებისათვის. ფიურერს ასევე სურდა რაიხსვერის ლიდერების თავის მხარეზე გადმოყვანა — მათ ერნსტ რემი და SA ეზიზღებოდათ. გარდა ამისა, ჰიტლერს არ მოსწონდა რემის გამოსვლა, სადაც იგი მხარს უჭერდა მეორე რევოლუციას კეთილდღეობის გადანაწილებისათვის (რემი თვლიდა, რომ 1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერის კანცლერად დანიშნვის შემდეგ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ნაციონალისტურ რევოლუციას, თუმცა, უყურადღებოდ დარჩა ნაციონალ-სოციალიზმის სოციალისტური ასპექტი). გარდა ამისა, წმენდების წყალობით ჰიტლერმა შეძლო ძველ მტრებთან ანგარიშის გასწორება, მისი ხელისუფლების კრიტიკოსების და ვიცე-კანცლერის, ფრანც ფონ პაპენის ერთგული ადამიანების ლიკვიდაცია.[კომ. 1]

რეპრესიებს ემსხვერპლა მინიმუმ 85 ადამიანი (თუმცა, შესაძლოა, გარდაცვლილთა საბოლოო რაოდენობა ასობით ადამიანს შეადგენდეს),[კომ. 2][კომ. 3] დააპატიმრეს კი ათასზე მეტი.[2] ძირითადად, დაპატიმრებებს და მკვლელობებს ახორციელებდა შუცშტაფელი (SS) და გესტაპო (Geheime Staatspolizei — საიდუმლო პოლიცია). გრძელი დანების ღამემ გააძლიერა ჰიტლერის მიმართ რაიხსვერის ერთგულება და „დააკანონა“ ნაცისტური ხელისუფლება — გერმანულმა სასამართლოებმა ერთგულების გამოხატვის მიზნით მოხსნეს აკრძალვა სასამართლოს მიერ არასანქცირებულ სიკვდილით დასჯაზე.

წმენდების დაწყებამდე მისი ორგანიზატორები იყენებდნენ კოდურ სიტყვა Hummingbird-ს (ქართ. კოლიბრი), რომელსაც დანიშნულ დღეს შუცშტაფელის და გესტაპოს რაზმები უნდა აემოქმედებინა.[3] თვითონ კოდური სიტყვა, როგორც ჩანს, შემთხვევით იქნა არჩეული. გერმანულ ენაში ფრაზა გრძელი დანების ღამე ხოცვა-ჟლეტვის მომასწავლელია და როგორც წესი, შურისძიების აქტს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზაციის დამტკიცება ვერ მოხერხდა, გერმანიაში მოვლენები მაინც ცნობილია როგორც „რემის პუტჩი“. გერმანელი ავტორები ამ სახელს ხშირად ან ბრჭყალებში სხვამენ, ან კიდევ, ეგრედ წოდებულად მოიხსენიებენ.[4]

ადოლფ ჰიტლერი და SA

ვაიმარის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად 1933 წლის 30 იანვარს დანიშნა. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ჰიტლერმა უკიდურესი ძალაუფლება მიიღო და რაიხსტაგის დახმარების გარეშე კანონიერი გზით ყველა მტრული პარტიის ლიკვიდაცია მოახდინა, რის შედეგადაც უკვე 1933 წელს გერმანია ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელსაც პირადად ჰიტლერი აკონტროლებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰიტლერი აბსოლუტურ ძალაუფლებას არ ფლობდა — იგი მხოლოდ რაიხსკანცლერი იყო, რის გამოც ჯარი ჯერ კიდევ პაულ ფონ ჰინდენბურგის ფორმალური კონტროლის ქვეშ რჩებოდა და ნაცისტური ხელისუფლების პირველ წლებში ტრადიციულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა (თუმცა, ბევრი ოფიცერი მოხიბლული იყო ჰიტლერით, რადგანაც ის ჯარის გაფართოების და უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკის მომხრე იყო).

იმ დროისთვის გარკვეულად დამოუკიდებელი იყო ნაცისტურ პარტიაში შემავალი სამხედრო ორგანიზაცია Sturmabteilung (აგრეთვე ცნობილი როგორც „მოიერიშე რაზმები“ ან SA)[კომ. 4]. ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი წევრები იყვნენ „ფრაიკორის“ (1919 წლის იანვარში ვაიმარის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელშიც შედიოდნენ განრისხებული და იმედგაცრუებული ომის ვეტერანები. ორგანიზაციის მიზანი იყო კომუნისტური რევოლუციის დამარცხება იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ფიქრობდა, რომ მისი ერთგული ჯარისკაცების ნაკლებობა იყო) წევრები, რომლებიც ამა თუ იმ ასპექტებში ეთანხმებოდნენ ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიას — მათი უმრავლესობა თვლიდა, რომ 1918 წელს მომხდარმა ნოემბრის რევოლუციამ უღალატა გამარჯვების ზღვარზე მყოფ გერმანიის იმპერიას. ამგვარად, ფრაიკორი ვაიმარის რესპუბლიკის და მისი ხელისუფლების სასტიკი წინააღმდეგი იყო (ხელისუფლების წევრებს მოიხსენიებდნენ, როგორც „ნოემბრის დამნაშავეებს“). ერნსტ რემს მჭიდრო კავშირები ჰქონდა ფრაიკორთან: რაიხსვერის კაპიტანის რანგში იგი ორ ორგანიზაციას შორის დამაკავშირებელი ჯაჭვი იყო, 1920-იან წლებში მან მიიღო ფსევდონიმი „ბავარიის ტყვიამფრქვევთა მეფე“ (იგი პასუხისმგებელი იყო ფრაიკორისთვის განკუთვნილი ტყვიამფრქვევების არალეგალურ გადაცემაზე და შენახვაზე). რემმა რაიხსვერი 1923 წელს დატოვა და მოგვიანებით SA-ს ხელმძღვანელი გახდა. ორგანიზაციას ევალებოდა ჰიტლერის ბრძანებების შესრულება — ისინი აშინებდნენ ჰიტლერის პოლიტიკურ ოპონენტებს და ხელს უშლიდნენ მათი შეხვედრების ჩატარებას (განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატებს და კომუნისტებს). მალევე, Sturmabteilung-ი ცნობილი გახდა კომუნისტებთან გამართული ქუჩური დაპირისპირებების გამო.[5] 1932 წლის ივნისში, პოლიტიკური ძალადობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ თვეში ჩატარდა დაახლოებით 400 ბრძოლა, გარდაიცვალა 82 ადამიანი.[6]

ჰიტლერის რაიხსკანცლერად და ყველა პოლიტიკური პარტიის შეზღუდვის შემდეგ SA-ს ძალადობა მაინც არ შეწყდა. მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტია თავის ყრილობებს აღარ ატარებდა, SA-ს ნასვამი წევრები ქუჩაში საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და თავს ესხმოდნენ როგორც გამვლელებს, ისევე ადგილზე მისულ პოლიციელებს.[7] 1933 წლის შუა თვეებში უკვე ნორმალური გახდა „SA“-ის მბრძანებლურ და „ბრიყვ“ წევრებზე ჩივილი. იყო შემთხვევები, როდესაც „SA“-ს წევრები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ან უხეშად ექცეოდნენ უცხოელ დიპლომატებს.[8]

ჰიტლერს სურდა თავისი პოზიციები გაემყარებინა გერმანულ ჯარში, რის გამოც ჯარის უდიდესი მტერის და თავისი ორგანიზაციის, SA-ს წინააღმდეგ წავიდა.[9] 1933 წლის 6 ივლისს ნაცისტური პარტიის მაღალჩინოსანთა შეკრებაზე ჰიტლერმა ნაციონალ-სოციალისტური, ნაცისტური, ან ყავისფერი რევოლუციის წარმატების შესახებ განაცხადა და დაამატა, რომ ხელისუფლების მოპოვების შემდეგ იგი თავისი კონტროლის გაძლიერებას აპირებდა და შეკრებილ თანაპარტიელებს უთხრა, რომ „რევოლუციის დინებას დამბა მოშორდა, თუმცა, ახლა უნდა მოხდეს მისი გადამისამართება ევოლუციის დაცულ შრეში“.[10]

ჰიტლერის გამოსვლა SA-ს შესაძლო „მოთვინიერების“ მომასწავლებელი ნიშანი გახდა, თუმცა, ჰიტლერის წინაშე გარკვეული სირთულეები იდგა — SA-ს რიგები დიდი დეპრესიის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა — იმ დროისთვის ბევრმა გერმანელმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ისევე როგორც რწმენა ტრადიციულ ინსტიტუტებში და ნაციონალ-სოციალისტებს შეუერთდა. ახალწვეულების უდიდესი ნაწილი მუშათა კლასის წარმომადგენელი იყო, ნაციზმი კი პირველ რიგში მათი ინტერესების დაცვისთვის გამოდიოდა. შესაბამისად, SA-მ მათი დაკმაყოფილება მოახერხა, თუმცა, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა, რადგანაც ნაცისტურმა პარტიამ არ განახორციელა სოციალური და ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც მათი დიდი ნაწილი ელოდა.

დაპირისპირება მოიერიშეებსა და ჯარს შორის

ერნსტ რემი 1934 წელს

ერთადერთი, ვინც SA-ში „გერმანული რევოლუციის გაგრძელებაზე“ საუბრობდა მისი ლიდერი, ერნსტ რემი იყო. იგი პარტიის ვეტერანი იყო, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ლუდის პუტჩში და პირველ მსოფლიო ომშიც. რემი საკმაოდ სასტიკი ადამიანი იყო: ტრაბახობდა, რომ ერთი მოკლული მოერიშეს გამო 12 ადამიანს დახვრეტდა[11], ძალადობას კი პოლიტიკური მიზნების მისაღწევ საშუალებად განიხილავდა. პარტიის ელიტისგან რემი სოციალური დაპირებების შესრულებას და გერმანიაში ფართომასშტაბიანი სოციალისტური რეფორმების გატარებას ითხოვდა.

რემი არ იყო კმაყოფილი მარტო „მოიერიშეების“ ლიდერობით და ჰიტლერისგან თავდაცვის მინისტრის პოსტს ითხოვდა. იმ დროს ეს პოსტი ეკავა კონსერვატორ გენერალს ვერნერ ფონ ბლომბერგს.[12] ბლომბერგის კრიტიკოსების აზრით იგი ჰიტლერის ერთგული იყო, თუმცა, ბლომბერგი ნაცისტური იდეოლოგიის მიმართ დიდი სიმპატიას არ განიცდიდა და პარტიასა და ჯარს შორის ერთგვარ „ხიდს“ წარმოადგენდა. ის თავის ახლო გარემოცვასთან ერთად პრუსიის თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო და „მოიერიშეების“ მიმართ მხოლოდ ზიზღს განიცდიდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ისინი ემუქრებოდნენ გერმანული ჯარის ტრადიციულ მაღალ სტატუსს საზოგადოებაში.[13]

დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ჯარის და SA-ს წევრებსაც. საკმარისი იყო ჯარისკაცებს ოდნავი ზიზღი გამოევლინათ „მოიერიშეების“ მიმართ, უკანასკნელნი უბრუნდებოდნენ აზრს, რომ ჯარი არ იყო საკმარისად ერთგული ნაციონალ-სოციალისტური რევოლუციის მიმართ. მაგალითად, ბერლინ-რამელსბურგის „მოიერიშეთა“ ლიდერმა, მაქს ჰაიდერბრექმა, თავის დაქვემდებარებულებს მიმართა: „ჯარის ზოგიერთი ოფიცერი ღორია. ბევრი ოფიცერი კი მოხუცია და ახალგაზრდამ უნდა შეცვალოს“. ჩვენ მხოლოდ პაპა ჰინდენბურგის სიკვდილს ველოდებით. ამის შემდეგ ჯარის წინააღმდეგ გავილაშქრებთ.[14]

მიუხედავად მტრობისა, ბლომბერგი და მისი კოლეგები SA-ს განიხილავდნენ, როგორც ვერსალის შეთანხმებით შეზღუდული ჯარის აღორძინების შანსს. რემს, თავის მხრივ, პრუსიული გენერალიტეტის განადგურება და გერმანული ჯარის ბირთვად SA-ს ხილვა სურდა, რომელზეც, ჯარისგან განსხვავებით, შეზღუდვება არ მოქმედებდა („მოიერიშეების“ რიგებში 1934 წლისთვის 3 მილიონი ადამიანი იყო, ჯარში კი შეიძლებოდა მაქსიმუმ 100 000 ჯარისკაცი ყოფილიყო).[15] 1934 წლის იანვარში რემმა ბლომბერგს მემორანდუმი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც „მოიერიშეებს“ ჯარი უნდა ჩაენაცვლებინათ და ქვეყნის სახმელეთო ძალები გამხდარიყვნენ, რაიხსვერი კი მათი „დამხმარე რაზმი“ უნდა გამხდარიყო.[16]

მემორანდუმის საპასუხოდ, ჰიტლერი შეხვდა „დაპირისპირებულ“ მხარეებს: ბლომბერგს, SA-ს და SS-ის ლიდერებს; ადოლფ ჰიტლერის ზეწოლის ქვეშ რემმა მოაწერა ხელი ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც იგი აღიარებდა რაიხსვერის უპირატესობას SA-ს მიმართ. გარდა ამისა, ვალდებულებაში ეწერა, რომ SA იყო რაიხსვერის დამხმარე ძალა და არა პირიქით. მიუხედავად თავდაპირველი თანხმობისა, ჰიტლერის და სხვა ოფიცრების წასვლის შემდეგ რემმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ბრძანებების მიღებას „სასაცილო კაპრალისაგან“.[17][კომ. 5] მიუხედავად იმისა, რომჰიტლერმა იმ დროისთვის რემთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება მიიღო, მათი ურთიერთობა მაინც საგრძნობლად გაუარესდა.

ზეწოლის ზრდა მოიერიშეებზე

მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, რემი მაინც თავის აზრზე რჩებოდა და უნდოდა შეექმნა ახალი გერმანული ჯარი, რომლის ბირთვიც SA უნდა გამხდარიყო. 1934 წლის დასაწყისისთვის მისი გეგმები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ნაცისტთა ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის გეგმებს, რომელსაც სურდა რაიხსვერის გაზრდა და ხელისუფლების განმტკიცება. ჰიტლერის და რემის გეგმები ჯარზე რადიკალურად განსხვავდებოდა, რის გამოც ერთს წარმატება მხოლოდ მეორის მოშორების ხარჯზე შეეძლო. მტრულად განწყობილი რაიხსვერის გარდა რემის ძალაუფლების და რეპუტაციის ეშინოდა თვითონ ჰიტლერსაც, ისევე როგორც მის ლეიტენანტებს. ამან შიდაპარტიული ბრძოლის გამწვავება განაპირობა. ჰიტლერის მხარეზე იყვნენ ნაცისტური პარტიის ვეტერანები (ჰერმან გერინგი (მას აღელვებდა „მოიერიშეების“ მიერ ჩადენილი ძალადობრივი აქტები), იოზეფ გებელსი, ჰაინრიხ ჰიმლერი, რუდოლფ ჰესი (იგი უკმაყოფილო იყო რემის უარყოფითი შეხედულებებით პარტიულ ბიუროკრატიაზე)), რომლებიც რემისგან განსხვავებით არც ცდილობდნენ დამოუკიდებლობად მოქმედებას და ჰიტლერის მიმართ თავის ერთგულებას გამოხატავდნენ.[18] 1934 წლის გაზაფხულისთვის ჩამოყალიბებულმა სიტუაციამ და ნაცისტურ სახელმწიფოში SA-ს გაურკვეველმა როლმა, რომელზეც ჰიტლერი და რემი ვერ თანხმდებოდნენ, ექს-კანცლერს, კურტ ფონ შლაიხერს პოლიტიკაში დაბრუნებისკენ უბიძგა.[19] შლაიხერი აკრიტიკებდა ჰიტლერის იმდროინდელ კაბინეტს, მაშინ როდესაც მასთან მიახლოებული პირები, როგორებიც იყვნენ გენერალი ფერდინანდ ფონ ბრედო და ვერნერ ფონ ალვენსლებენი, განიხილავდნენ ჰიტლერის ახალ კაბინეტს, სადაც შლაიხერი უნდა გამხდარიყო ვიცე-კანცლერი, რემი — თავდაცვის მინისტრი, ჰაინრიხ ბრიუნინგი — საგარეო საქმეთა მინისტრო, გრეგორ შტრასერი კი ეროვნული ეკონომიკის მინისტრი. [19] ბრიტანელი ისტორიკოსი, სერ ჯონ ვალერ-ბენეტი, რომელიც კარგად იცნობდა შლაიხერს და მის გარემოცვას, წერდა, რომ გენერალი ბრედო ამბობდა, რომ „მოქმედებები შეზღუდული“ იყო და აღშფოთებას გამოხატავდა იმის გამო, რომ შესაძლო კაბინეტის სიის ხილვა შესაძლებელი ყოფილიყო ყველა დაინტერესებული პირისათვის.[20] მიუხედავად იმისა, რომ 1934 წლისთვის შლახიერს თითქმის არანაირი პოლიტიკური გავლენა არ ჰქონდა, ჭორებმა მისი და რემის დაახლოვების შესახებ თავისი წვლილი შეიტანა სიტუაციის გამწვავებაში. [21]

რემის იზოლაციისათვის 1934 წლის 20 აპრილს გერინგმა პრუსიის პოლიტიკური პოლიციის (გესტაპო) კონტროლი ჰიმლერს გადააბარა, რომელზეც, გერინგის აზრით, დაყრდნობა შეიძლებოდა.[22] ჰიმლერი იმ დროისთვის შუცშტაფელის (SS) რაიხსფიურერი იყო. მას შურდა „მოიერიშეების“ ძალაუფლების და დამოუკიდებლობის. ამავე დროს, ის თავის მოადგილე რაინჰარდ ჰაიდრიხთან ერთად ამზადებდა შუცშტაფელის რეორგანიზაციას გეგმას, რომლის მიხედვითაც ნაცისტური პარტიის ლიდერთა დამცავი ორგანიზაცია უნდა გამხდარიყო მხოლოდ ჰიტლერის და ჰიმლერის ერთგული ელიტური შენაერთი. ამგვარად, ჰიმლერი თავის შუცშტაფელთან ერთად რემის ადგილის დაკავებას აპირებდა. ჰიმლერის აზრით, როდესაც ჰიტლერი რემის წინააღმდეგ გალაშქრებას დააპირებდა, შუცშტაფელის ერთგულება მისთვის გამოსადეგი იქნებოდა. მაისისთვის მომავალი რეპრესიების „სალიკვიდაციო სიამ“ დაიწყო ცირკულაცია გერინგის და ჰიმლერის ხალხს შორის — ისინი ჩაერთნენ ერთგვარ ვაჭრობაში: სიაში ამატებდნენ ერთის მტრებს მეორის მეგობრების შეწყალების სანაცვლოდ.[21] მაისის ბოლოს ორმა ექს-კანცლერმა, ჰაინრიხ ბრუნინგმა და კურტ ფონ შლაიხერმა რაიხსვერელი მეგობრებისგან მიიღეს გაფრთხილება, სადაც ეწერა, რომ მათი სიცოცხლეები საფრთხეში იყო და რომ მათ გერმანია დაუყონლებივ უნდა დაეტოვებინათ.[21] ბრუნინგი ნიდერლანდებში გადავიდა, კურტ ფონ შლაიხერმა კი გაფრთხილება გასულელების მცდელობად ჩათვალა.[21] ივნისის დასაწყისისთვის რეპრესიების დასაწყებად ყველაფერი მზად იყო. საჭირო იყო მხოლოდ ჰიტლერის თანხმობა.[21]

სულ უფრო და უფრო იზრდებოდა კონსერვატორთა უკმაყოფილება, რომლებიც ითხოვნდენ „მოიერიშეების“ და რემის დაშოშმინებას, რომლის პოლიტიკური ამბიციებიც კონსერვატორებს დიდ პრობლემად მიაჩნდათ. მიუხედავად მათი ზეწოლისა, ჰიტლერის აზრი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო. 15 ივნისს იგი გაემგზავრა ვენეციაში იტალიელ დიქტატორთან, ბენიტო მუსოლინისთან შესახვედრად. ჰიტლერის გამგზავრებამდე საპრეზიდენტო სახელმწიფო მდივანმა, ოტო მაისნერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კონსტანტინ ფონ ნოირათმა (რომელიც იტალიაში გერმანიის ელჩი ადრე იყო და მუსოლინის კარგად იცნობდა) იტალიაში გერმანიის ელჩს, ულრიხ ფონ ჰასელს „დუჩესთან“[კომ. 6] ლაპარაკი სთხოვეს: მათ სურდათ, რომ მუსოლინის ჰიტლერზე გავლენა მოეხდინა და ეთქვა, რომ „მოიერიშეები“ გერმანიას არცხვენდნენ.[23] „დუჩე“ დათანხმდა[24] და ვენეციაში ჰიტლერს საყვედური უთხრა SA-ს ძალადობის, ჰულიგანიზმის და ჰომოსექსუალიზმის მოთმენის გამო და აღნიშნა, რომ „მოიერიშეები“ ჰიტლერის სახელს მთელ მსოფლიოში არცხვენდნენ. მუსოლინიმ ასევე მოიყვანა ჯაკომო მატეოთის მკვლელობა[კომ. 7], როგორც იმის მაგალითი, თუ რა ზიანის მიყენება შეეძლო დაუმორჩილებელ ადამიანს დიქტატორისათვის.[24] მართალია, მუსოლინიმ ჰიტლერი SA-ს წინააღმდეგ საბოლოოდ ვერ განაწყო, თუმცა, მისმა რჩევებმა მაინც იქონია გარკვეული გავლენა.[24]

17 ივნისს კონსერვატორებმა ჰიტლერისგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს მოქმედება: ფრანც ფონ პაპენმა მარბურგის უნივერსიტეტში გამოსვლისას „მეორე რევოლუციის“ საფრთხეებზე ისაუბრა.[25] თავის მემუარებში პაპენი წერდა, რომ გადადგებოდა, თუ ჰიტლერის რამეს არ გააკეთებდა.[26]

ჰაიდრიხი და ჰიმლერი

რაინჰარდ ჰაიდრიხი

კონსერვატორთა ზეწოლის საპასუხოდ ჰიტლერი ჰინდენბურგს და ბლომბერგს შეხვდა. ბლომბერგმა არაერთხელ უსაყვედურა ჰიტლერს იმის გამო, რომ იგი რემის წინააღმდეგ არ მიდიოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ ჰინდენბურგი აპირებდა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას და ხელისუფლების რაიხსვერისთვის გადაცემას, თუ ჰიტლერი რემის და „მოიერიშეების“ წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებდა.[27] მართალია, თვეების განმავლობაში ჰიტლერი ყოყმანობდა, თუმცა, ჰინდენბურგისგან წამოსულმა საფრთხემ (რაიხსპრეზიდენტი იყო ერთადერთი, ვისაც ჰიტლერის ხელისუფლებისგან ჩამოშორების შანსი ჰქონდა) მას მოქმედებისკენ უბიძგა. ჰიმლერი და გერინგი მის გადაწყვეტილებას მხოლოდ დადებითად შეხვდნენ, რადგან ორივე მათგანი მხოლოდ სარგებელს იღებდა რემის მოშორებიდან — ჰიმლერის შუცშტაფელი (SS) დამოუკიდებელი გახდებოდა და უფრო დიდ გავლენას შეიძენდა, ხოლო გერინგს გაუჩნდებოდა შანსი თავში ჩასდგომოდა გერმანულ ჯარს.[28]

„წმენდისათვის“ მომზადების ფარგლებში ჰიმლერმა და ჰაიდრიხმა მოამზადეს დოსიე, რომლის მიხედვითაც საფრანგეთმა რემს ჰიტლერის გადაყენებისათვის 12 მილიონი რაიხსმარკა გადაუხადა (2016 წლისთვის — 48.2 მილიონი ევრო).[29] შუცშტაფელის მაღალი რანგის ოფიცრებმა მისცეს ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც 24 ივნისს რემი SA-ს დახმარებით აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების დაწყებას („რემის პუტჩი“; „Röhm-Putsch“). გერინგმა, ჰიმლერმა, ჰაიდრიხმა და ვიქტორ ლუცემ, ჰიტლერის ბრძანებით, ჩამოწერეს მომავალი წმენდის მსხვერპლთა სახელები და გვარები. 25 ივნისს, გენერალმა ვერნერ ფონ ფრიჩმა რაიხსვერი განგაშის ბოლო დონეზე გადაიყვანა.[30] 27 ივნისს ადგილსამყოფელი შეიცვალა ჰიტლერმა,[31] ხოლო ბლომბერგმა და გენერალმა ვალტერ ფონ რაიხენაუმ რემი „გერმანელი ოფიცრების ლიგიდან“ გარიცხეს.[32] 28 ივნისს ჰიტლერი ქორწილზე დასასწრებად გაემგზავრა ქალაქ ესენში, საიდანაც დაურეკა რემის ადიუტანტს და უბრძანა, რომ SA-ს ლიდერები მას 30 ივნისს შეხვედროდნენ.[28] 29 ივნისსს ნაცისტური პარტიის გაზეთში „Völkischer Beobachter[en] დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ბლომბერგი აცხადებდა, რომ რაიხსვერი ჰიტლერის გვერდით იდგა.[33]

წმენდები

აუგუსტ შნაიდჰუბერი

1934 წლის 30 ივნისის 04:30-ზე ჰიტლერი თავის ახლო გარემოცვასთან ერთად მიუნხენში ჩაფრინდა და აეროპორტიდანვე გაემგზავრა მიუნხენის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც შეხვდა წინა ღამეს SA-ს მიერ მოწყობილი არეულობის ორგანიზატორებს. გაბრაზებულმა ჰიტლერმა მიუნხენის პოლიციის უფროსს,ობერგრუპენფიურერ აუგუსტ შნაიდჰუბერს (შნაიდჰუბერმა ვერ შეძლო წესრიგის შენარჩუნება) ფორმიდან სამხარეები მოაძრო და დაიწყო ყვირილი, რომ იგი მას დახვრიტავდა. შნაიდჰუბერი იმ დღესვე დახვრიტეს.[34] შეხვედრაზე მყოფი „მოიერიშეების“ დაპატიმრების შემდეგ ჰიტლერი შუცშტაფელის და რეგულარული პოლიციის თანხლებით გაემართა ბად-ვისზეეს ჰანსელბაუერის (Hanselbauer) სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა მთავარი სამიზნე ერნსტ რემი.[35]

როდესაც ჰიტლერი ბად-ვისზეეში ჩავიდა, SA-ს ლიდერებს ჯერ კიდევ ეძინათ. შუცშტაფელის წევრებმა სასტუმრო შტურმით აიღეს, ხოლო რემი და „მოიერიშეთა“ სხვა ლიდერები ჰიტლერმა პირად დააპატიმრა. ერიხ კემპკაზე[en] დაყრდნობით, ჰიტლერმა რემი გადასცა „ორ შეიარაღებულ დეტექტივს, რომლებსაც ხელში ეჭირათ უდამცავო პისტოლეტები“. ბრესლაუს SA-ს ლიდერი, ედმუნდ ჰაინსი, შუცშტაფელის წევრებმა საწოლში იპოვეს 18 წლის არაიდენტიფიცირებულ მამაკაცთან ერთად.[36] პროპაგანდისტულ მიზნებში იოზეფ გებელსი დიდ ყურადღებას აქცევდა ბოლო ფაქტს, რათა გაემართლებინა რეპრესიები, როგორც მორალური დეგრადაციის განადგურება.[37] ჰაინსი და ამოუცნობი პირიც ჰიტლერის პირადი ბრძანებით დახვრიტეს.[34] ამავე დროს, შუცშტაფელის წევრებმა დააპატიმრეს „მოიერიშეთა“ სხვა ლიდერებიც.[38]

მართალია, ჰიტლერს რემის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მტკიცებულებები არ ჰქონდა, თუმცა, მან მაინც გაკიცხა და დაგმო SA-ს ლიდერები.[37] მიუნხენში პარტიის შტაბში მისვლისას ჰიტლერმა სიტყვით მიმართა შეკრებილ ადამიანებს და გაბრაზებულმა განაცხადა, რომ ეს იყო „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცუდი ღალატი“ და განაცხადა, რომ „არადისციპლინირებული და ურჩი ადამიანები, ისევე როგორც ასოციალურნი და დაავადებულნი, განადგურებას ექვემდებარებოდნენ“. პარტიის და SA-ს წევრები, რომლებიც „წმენდებს“ გადაურჩნენ, ჰიტლერს დაეთანხმნენ. შტაბში იმყოფებოდა რუდოლფ ჰესიც, რომელიც მოღალატეთა დასახვრეტად მოხალისეებს ეძებდა.[38] ამის შემდეგ იოზეფ გებელსმა „წმენდების“ ბოლო ფაზის განხორციელება დაიწყო და ბერლინში დაბრუნებისას, 10:00-ზე, დაურეკა გერინგს და კოდური სიტყვით „კოლიბრი“ იმ დროისთვის ცოცხალი სამიზნეების განადგურების ბრძანება გასცა.[37]

კონსერვატორები და ჰიტლერის ძველი მტრები

კურტ ფონ შლაიხერი (1932)

„მოიერიშეების“ გარდა ნაცისტებმა გადაწყვიტეს სოციალ-დემოკრატების და კომუნისტების მსგავსად სხვა ოპონენტების მოშორებაც. მათ შორის იყო ვიცე-კანცლერი ფრანც ფონ პაპენი და მისი უახლოესი გარემოცვა. გერინგის პირადი ბრძანებით, შუცშტაფელის შენაერთმა შტურმით აიღო ვიცე-კანცელარია. გესტაპოს ოფიცრების ბრძანებით, შუცშტაფელის წევრებმა დაპატიმრების გარეშე დახვრიტეს პაპენის მდივანი, ჰერნეტ ფონ ბოსე, ხოლო თვითონ გესტაპოს წევრებმა დააპატიმრეს და მოკლეს პაპენის მალბურგის უნივერსიტეტის გამოსვლის სიტყვების ავტორი და ახლო მეგობარი, ედგარ უნგი.[39] გესტაპოელებმა ასევე მოკლეს პაპენის ახლო მეგობარი და კათოლიკური მოძრაობის ლიდერი ერიხ კლაუზენერი.[34] თვითონ პაპენი ვიცე-კანცელარაიში დააპატიმრეს, მიუხედავად მისი პროტესტისა იმის თაობაზე, რომ მისი დაპატიმრება, როგორც ვიცე-კანცლერის, არ შეიძლებოდა. მას სხვებისგან განსხვავებით გაუმართლა: იგი ჰიტლერის ბრძანებით რამდენიმე დღეში გაანთავისუფლეს. ამ შემთხვევის შემდეგ იგი ვენაში გადავიდა, სადაც გააგრძელა მოღვაწეობა როგორც ავსტრიაში გერმანიის ელჩმა.[40]

უილი შმიდი (1930)

გესტაპოს ვერ გადაურჩნენ ვერც ჰიტლერის, გერინგის და ჰიმლერის ძველი მტრებიც. კურტ ფონ შლაიხერი, ჰიტლერის წინამორბედი კანცლერის თანამდებობაზე, მის ცოლთან ერთად სახლშივე დახვრიტეს. მოკლეს ასევე გრეგორ შტრასერი, რომელმაც 1932 წელს პარტია დატოვა, რითიც ჰიტლერი გააბრაზა. ვერ გადარჩა ვერც გუსტავ ფონ კარი — ადამიანი, რომელმაც 1923 წელს ლუდის პუტჩის ჩაშლაში (და, შესაბამისად, ჰიტლერის დაპატიმრებაში) უდიდესი წვლილი შეიტანა.[41] მისი გვამი, რომელიც მიუნხენის ფარგლებს გარეთ მდებარე ტყეში იპოვეს, წერაქვით იყო დაჩეხილი. „გრძელი დანების ღამეს“ ჰყავდა ერთი „შემთხვევითი მსხვერპლიც“ — უილი შმიდი, მუსიკის კრიტიკოსი. გესტაპოელებმა იგი მიიღის გრეგორ შტრასერის ძმის, ოტო შტრასერის ყოფილ მხარდამჭერ ლუდვიგ შმიდად.[42] მოგვიანებით ჰიმლერის ადიუტანტმა, კარლ ვოლფმა მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეგობრობა და პირადული ერთგულება გზაზე ვერ დადგებოდა:

ვიკიციტატა
„სხვათა შორის, იყო მომხიბვლელი ტიპი კარლ ფონ სპრეტი — რემის პირადი ადიუტანტი. რემთან იგი ისევე იყო, როგორც მე ჰიმლერთან. გარდაცვალებისას მის ტუჩებზე სიტყვები „ჰაილ ჰიტლერ“ ეკერა. ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით, ხშირად ერთად ვსადილობდით ბერლინში. მან აწია თავისი ხელი ნაცისტური მისალმებისთვის და დაიყვირა „ჰაილ ჰიტლერ, მე მიყვარს გერმანია“.[43]

„გრძელი დანების ღამეს“ შეეწირნენ უკვე დაშლილი კათოლიკური ცენტრისტული პარტიის ყოფილი ლიდერები. ნაციზმის აღზევების პერიოდში პარტია ძირითადად სოციალ-დემოკრატებს და კათოლიკურ ეკლესიას ემხრობოდა და შესაბამისად ნაცისტურ იდეოლოგიას აკრიტიკებდა, თუმცა, 1933 წელს მიღებულ „უკიდურესი ძალაუფლების აქტს“ მხარი კი დაუჭირა.[44]

რემის ბედი

დაპატიმრების შემდეგ რემი მიუნხენის სტადელჰეიმის ციხეში იმყოფებოდა. ამავე დროს მის ბედზე ფიქრობდა ადოლფ ჰიტლერი. საბოლოოდ, ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ რემი უნდა მოეკლათ. 1 ივლისს, ჰიტლერის ბრძანებით, თეოდორ ეიკემ (რომელიც მოგვიანებით დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტი გახდა) და შუცშტაფელის ოფიცერმა, მიხელ ლიპერტმა, რემი მოინახულეს და გადასცეს ერთტყვიანი პისტოლეტი და უთხრეს, რომ იგი ან 10 წუთის განმავლობაში თვითონ გამოესალმებოდა სიცოცხლეს, ან კიდევ, ისინი ამას მის მაგივრად გააკეთებდნენ. რემმა თვითმკვლელობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ „თუ უნდა მოვკვდე, მიეცით ადოლფს საშუალება ეს თვითონ გააკეთოს“.[34] დანიშნულ დროში გასროლის ხმა არ გაისმა, რის შემდეგაც ლიპერტი და ეიკე რემთან შევიდნენ. ლიპერტმა რემის სასიკვდილო განაჩენი შეასრულა.[45] 1957 წელს გერმანიის ხელისუფლებამ ლიპერტს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. იქამდე იგი იყო ერთ-ერთი, ვინც „გრძელი დანების ღამეში“ მონაწილეობისათვის არ გაასამართლეს.

მოგვიანებით, რემი გაქრა ყველა ნაცისტური ფილმიდან, როგორიც, მაგალითად, ლენი რიფენშტალის მიერ 1933 წელს გადაღებული „რწმენის გამარჯვება“[en] იყო. მრავალი წლის შემდეგ ამ ფილმის ასლი, რომელშიც რემიც იყო, გაერთიანებულ სამეფოში იპოვეს.

შემდგომი მოვლენები

მოვლენებმა ბევრი გერმანელის ცხოვრებაზე იქონია გავლენა, რის გამოც მათი საიდუმლოდ შენახვა შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მოვლენების ორგანიზატორებს მათი გასაჯაროების თაობაზე სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ. გერინგმა პოლიციას „ბოლო ორ დღესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის დაწვა“ უბრძანა,[46] მაშინ, როდესაც გებელსი ხელს უშლიდა გაზეთებს გარდაცვლილთა სიის გამოქვეყნებაში და ამავე დროს რადიოში საუბრობდა, თუ როგორ არ დაუშვა ჰიტლერმა ერნსტ რემის და კურტ ფონ შლაიხერის ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების შესრულება და ქვეყნის ქაოსში გადაშვება.[42] ამის შემდეგ, 13 ივლისს, რაიხსტაგში გამოსვლისას ჰიტლერმა „წმენდების“ აუცილებლობა დაასაბუთა:[47]

მაშინ მე ვიყავი პასუხისმგებელი გერმანელი ხალხის ბედზე და, შესაბამისად, ვიყავი გერმანელი ხალხის უმაღლესი მოსამართლეც. მე გავეცი ბრძანება დაეხვრიტათ ამ ღალატის მოთავეები. მე ასევე გავეცი ბრძანება უმ ხორცამდე მიეწვათ ჩვენი საშინაო ცხოვრების მომწამვლელი წყლულები. ერმა უნდა იცოდეს, რომ მისი არსებობა დამოკიდებულია შინაგან წესრიგზე და უსაფრთხოებაზე, ხოლო ვინც მათ დაემუქრება, დაუსჯელი არ დარჩება! დაე იცოდეს ყველამ, რომ თუ ვინმე გადაწყვეტს სახელმწიფოზე თავისი ხელი აღმართოს, მისი ბედი მხოლოდ სიკვდილი იქნება.

3 ივლისს ჰიტლერის კაბინეტმა „გრძელი დანების ღამე“ დააკანონა: „30 ივნისს, 1 ივლისს, 2 ივლისს მიღებული ზომები, რომლის მიზანიც იყო თავდასხმების ჩახშობა, არის სახელმწიფოს თავდაცვის ლეგალური აქტი.“[48] რაიხის იუსტიციის მინისტრმა, კონსერვატორმა ფრანც გიურტნერმა, ერთგულების დემონსტრაციის მიზნით, შეადგინა კანონთა კრებული, რომელმაც „წმენდებს“ გარეგნული ბრწყინვალება შესძინა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვილჰელმ ფრიკის, გიურტნერის და ჰიტლერის მიერ მიღებულმა უკუ ძალის მქონე კანონმა („სახელმწიფოს თავდაცვის ზომების პატივსაცემი კანონი“) დააკანონა არასანქცირებული მკვლელობებიც.[49] ნაცისტების ერთგული გამოდგა გერმანიის წამყვანი იურიდიული მეცნიერი, კარლ შმიტი, რომელმაც დაიცვა ჰიტლერის 13 ივლისის გამოსვლა და დაწერა სტატია „ფიურერი მხარში ამოუდგა კანონს“.

რეაქცია

ჯარში „გრძელი დანების ღამეს“ თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლთა სიაში გენერლები კურტ ფონ შლაიხერი და ფერდინანდ ფონ ბრედო იყვნენ. პირველი მსოფლიო ომის გამოჩენილმა ფელდმარშალმა და პრეზიდენტმა ჰინდენბურგმა ჰიტლერს ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც „ღრმა მადლობა“ გამოხატა და მიულოცა „ღალატის ჩანასახშივე ბწკენა“.[50] ნაცისტების ვერსიას სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით დაუჯერა გენერალმა ფონ რაიხენაუმაც და თავისი პოზიცია საზოგადოდ დააფიქსირა. 13 ივლისს, რაიხსტაგში გამოსვლისას, ჰიტლერმა კიდევ ერთხელ გაამართლა „წმენდები“, გაკიცხა შლაიხერი რემთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გამო და განაცხადა, რომ ორივე მოღალატე საფრანგეთიდან მიღებული ფულით მოქმედებდა.[51] ბევრმა გერმანელმა დაიჯერა ჰიტლერის ვერსია — კურტ ფონ შლაიხერი საფრანგეთის ელჩის, ანდრე ფრანსუა-პონსეს ახლო მეგობარი იყო, თანაც, ცნობილი იყო ისიც, რომ მას იატაკქვეშა მუშაობაც უყვარდა.[51] მიუხედავად შლაიხერთან ურთიერთობისა, და შესაბამისად, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობისა, ფრანსუა-პონსე არ გამოაცხადეს პერსონა ნონ გრატად. ჯარის მიერ გამოვლენილი მხარდაჭერამ უწყებას „შორეული“ შედეგები მოუტანა. SA-ს განადგურებამ გაათავისუფლა ჯარი იმ საფრთხისგან, რომელიც მათ „მოიერიშეთა“ მხრიდან ემუქრებოდათ, თუმცა, ამავე დროს, ნაცისტურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო დააახლოვა.[52] ასე, გადამდგარმა კაპიტანმა ერვინ პლანკმა თავის მეგობარს, გენერალ ვერნერ ფონ ფრიჩს უთხრა: „თუ ამ ყველაფერს უბრალოდ დააკვირდებით და თითსაც არ გაანძრევთ, ადრე თუ გვიან, იგივე ბედს გაიზიარებთ“.[53] 1935 წლის იანვარში ჰიტლერმა მოახდინა შლაიხერის და რემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ, 1935 წლის თებერვალში, გენერალური შტაბის საზოგადეობის შეხვედრაზე, ფელდმარშალმა აუგუსტ ფონ მაქენზენმა მათ მკვლელობაზე ისაუბრა.[54]

ჰინდენბურგის საარჩევნო პლაკატი, 1932 (თარგმანი: „მასთან ერთად“)

„გრძელი დანების ღამემ“ გერმანულ საზოგადოებაში ბევრნაირი გამოუხმაურება გამოიწვია: პირველი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა სახელმწიფო გადატრიალების ოფიციალურ ვერსიას, მეორე ნაწილი კი ოფიციალურ ვერსიას სრულად უჯერებდა და ფიქრობდა, რომ ჰიტლერმა გადაარჩინა გერმანია ქაოსისაგან. ასე, ლუისე სოლმიცმა, ჰამბურგელმა მასწავლებელმა, თავის პირად დღიურში ხაზი გაუსვა ჰიტლერის „პირად ვაჟკაცობას, შეუპოვრობასა და ქმედითობას“. მან იგი პრუსიის მეფეს, ფრიდრიხ დიდსაც კი შეადარა.[2] სხვა გერმანელები შეძრწუნებულნი იყვნენ „წმენდების“ მასშტაბებით და მათი თანამოქალაქეების დიდსულოვნებით. ვიქტორ კლემპერერი თავის დღიურში წერდა: „არა ნაციონალ-სოციალისტება უბრალოდ თქვეს, რომ მან მათ განაჩენი გამოუტანა.“ მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსხვერპლთა შორის იყვნენ ისინიც, ვინც ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. კლემპერერი წერდა: „კანცლერს განაჩენი გამოაქვს და კლავს თავისი პირადი ჯარის წევრებს!“[55] რეპრესიების მასშტაბების და გესტაპოს „ყველგან ყოფნის“ გამო მოვლენებით უკმაყოფილონი თავის პოზიციას მალავდნენ. მოვლენებზე საუბარს, მიუხედავად გარკვეული საფრთხისა, არ ერიდებოდნენ ფელდმარშალი აუგუსტ ფონ მაქენზენი და გენერალი კურტ ფონ ჰამერშტაინი. მათ წამოიწყეს კამპანია, რომლის მიზანიც კურტ ფონ შლაიხერის რეაბილიტაცია იყო.[56] ჰამერშტაინი, შლაიხერის ახლო მეგობარი, შეურაცხყოფილი იყო იმის გამო, რომ შუცშტაფელმა მას უფლება არ მისცა დაკრძალვას დასწრებოდა. გარდა ამისა, შუცშტაფელმა მოახდინა მოტირალეების მიერ მიტანილი გვირგვინების კონფისკაცია.[56] შლაიხერის და ბრედოს რეაბილიტაციაზე მუშაობასთან ერთად ჰამერშტაინმა და მაქენზენმა 18 ივლისს ჰინდენბურგს გაუგზავნეს მემორანდუმი, სადაც დეტალურად აღწერეს ორი გენერალის მკვლელობის ვითარება და აღნიშნეს, რომ პაპენი მათი ბედის გაზიარებას ძლივს გადაურჩა.[57] მემორანდუმში ისინი ითხოვდნენ, რომ მკვლელობებზე პასუხისმგებელი პირები დაესაჯათ. მათ ასევე გააკრიტიკეს ბლომბერგი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს შლაიხერის და ბრედოს მკვლელობას.[57] მემორანდუმში ორი გენერალის საბოლოო მოთხოვნა იყო ხელისუფლების რეორგანიზაცია და მინისტრთა კაბინეტიდან კონსტანტინ ფონ ნოირათის, რობერტ ლაის, ჰერმან გერინგის, ვერნერ ფონ ბლომბერგის, იოზეფ გებელსის და ვალტერ დარეს გაძევება.[57] ორ გენერალს სურდა, რომ ჰინდენბურგს შეექმნა დირექტორატი გერმანიის სამართავად. დირექტორატი უნდა შემდგარიყო კანცლერისგან (რომლის სახელიც არ იყო დასახებელებული), ვიცე-კანცლერისგან (ვერნერ ფონ ფრიჩი), თავდაცვის მინისტრისგან (ჰამერშტაინი), ეროვნული ეკონომიკის მინისტრისგან (ასევე არ იყო დასახელებული) და საგარეო საქმეთა მინისტრისაგან (რუდოლფ ნადოლნი[en]).[57] ნეურათის ნადოლნით შეცვლის მოთხოვნამ აჩვენა, რომ ჰამერშტაინს და მაქენზენს სურდათ დაებრუნებინათ სსრკ-გერმანიის 1933 წლამდე არსებული ურთიერთობები.[კომ. 8][57] თავიანთი მემორანდუმი მათ შემდეგი სიტყვებით დაასრულეს:

თქვენო აღმატებულებავ! მომენტის სერიოზულობამ გვაიძულა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს. ჩვენი ქვეყნის ბედი საფრთხეშია. თქვენმა აღმატებულებამ აქამდე სამჯერ გადაარჩინა გერმანია: ჯერ ტანენბერგში, შემდეგ ომის დასასრულს, მესამედ კი მაშინ, როდესაც თქვენ რაიხსპრეზიდენტად აგირჩიეს. თქვენო აღმატებულებავ, გადაარჩინეთ გერმანია მეოთხედ! გენერლები და ოფიცრები, რომლებიც ქვემოთ აწერენ ხელს, გპირდებიან ბოლო ამოსუნთქვამდე შეინარჩუნონ თქვენი და სამშობლოს ერთგულება![57]

ჰინდენბურგს მემორანდუმისთვის არ უპასუხია. შესაძლოა, ოტო მაისნერმა, სახელმწიფო საპრეზიდენტო მდივანმა, რომელიც თავის მომავალს ნაცისტებს უკავშირებდა, უბრალოდ არ გადასცა მემორანდუმი ჰინდენბურგს.[58] აღსანიშნავია, რომ ჰამერშტაინს და მაქენზენიც კი „წმენდებში“ ჰიტლერს არ ადანაშაულებდნენ. მათ სურდათ, რომ ჰიტლერს შეენარჩუნებინა კანცლერის თანამდებობა, თუმცა, უნდოდათ, რომ მის ყველაზე რადიკალურ თანაპარტიელებს მინისტრთა კაბინეტი დაეტოვებინათ.[59]

ვერნერ ფონ ბლომბერგი 1934 წელს

1934 წლის ბოლოს და 1935 წლის დასაწყისში ჰამერშტაინის და მაქენზენის „სარეაბილიტაციო კამპანიამ“, რომელსაც ვერნერ ფონ ფრიჩი და ვერნერ ფონ ბლომბერგიც შეუერთდნენ, (1934 წლის ბოლოს მათ განაცხადეს, რომ როგორც ოფიცრებს, არ შეეძლოთ 1934 წლის ივლისიდან დაწყებული პრესის მიერ განხორციელებული შეტევების ატანა, სადაც შლაიხერს და ბრედოს მოიხსენიებდნენ როგორც საფრანგეთის მიერ დაფინანსებულ სამშობლოს წინააღმდეგ მომუშავე მტრებს[60]) შედეგი გამოიღო — ჰიტლერმა შლაიხერის და ბრედოს რეაბილიტაცია მოახდინა.[60] 1935 წლის 3 იანვარს, ბერლინის სახელმწიფო ოპერაში გამოსვლისას, ჰიტლერმა განაცხადა, რომ შლაიხერი და ბრედო „შემთხვევით“, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით დახვრიტეს. მან აღნიშნა, რომ მათი სახელები უნდა აღდგენილიყო მათივე ხსოვნის პატივსაცემად.[61] ჰიტლერის გამოსვლაზე პრესაში არ დაუწერიათ, თუმცა, გამოსვლით კმაყოფილი დარჩა ჯარი.[61] მიუხედავად რეაბილიტაციისა, ნაცისტები შლაიხერს მაინც სდებდნენ ბრალს სახელმწიფო ღალატში. 1935 წლის იანვარში ვარშავაში ვიზიტის დროს გერინგმა პოლონელ დიპლომატ იან შემბეკს[en] უთხრა, რომ 1933 წლის იანვარში შლაიხერი მოუწოდებდა ჰიტლერს შეთანხმება მიეღწია საფრანგეთთან და საბჭოთა კავშირთან და უკანასკნელთან ერთად პოლონეთი გაეყო. გერინგის თქმით, საბჭოთა კავშირთან დაახლოების იდეის გამო ჰიტლერმა შლაიხერი მოაკვლევინა.[51] 1935 წლის 22 მაისს, პოლონეთის ელჩთან, იოზეფ ლიპსკისთან შეხვედრისას ჰიტლერმა მას უთხრა, რომ „შლაიხერის მკვლელობა სწორი იყო, მარტო იმიტომაც კი, რომ მას სურდა რაპალოს ხელშეკრულების შენარჩუნება.[51] განცხადებები, რომლის თანახმადაც შლაიხერი მოკლეს მისი პოლონეთის გაყოფის სურვილის გამო, შევიდა „პოლონეთის თეთრ წიგნში“ (1939). წიგნში შესული იყო დიპლომატიური დოკუმენტების კოლექცია, რომელიც ასახავდა გერმანია-პოლონეთის ურთიერთობებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.[51]

ყოფილი კაიზერი, ვილჰელმ მეორე, რომელიც გადასახლებული იყო ნიდერლანდებში, „წმენდებმა“ შეაშფოთა; მან კითხვა დასვა: „რას იტყოდა ხალხი, მეც რომ ამგვარი რამ გამეკეთებინა?“[62] კურტ ფონ შლაიხერის და მისი ცოლის მკვლელობის ამბავის გაგების შემდეგ მან აღნიშნა: „ჩვენ შევწვიტეთ კანონით არსებობა და ყველა უნდა მოემზადოოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ ნაცისტები შეეცდებიან ბიძგი მისცენ ასეთ ყოფაქცევას და უნდა მოვემზადოთ მათთვის პრობლემების შესაქმნელად.“[63]

SA-ს ბედი

ერნსტ რემის მემკვიდრედ ადოლფ ჰიტლერმა ვიქტორ ლუცე დანიშნა, რომელსაც „მოიერიშეთა“ რიგებში მძვინვარე „ჰომოსექსუალიზმის, გარყვნილების, ლოთობის და ცხოვრების მაღალი დონის“ განადგურება დაავალა.[64] ჰიტლერს ასევე სურდა, რომ „მოიერიშეთა“ სასხრებიდან არ დახარჯულიყო ფული ლიმუზინებზე და ბანკეტებზე — ამას მომავალი ფიურერი SA-ს მფლანგველობის მტკიცებულად მიიჩნევდა.[64] მომავალ წლებში, ახალ ლიდერთან ერთად, SA-მ კრახი განიცადა და გერმანიაში თავისი გავლენა თითქმის სრულად დაკარგა. ორგანიზაცია ბევრმა წევრმაც დატოვა: თუ 1934 წელს „მოიერიშეთა“ რიგებში 2,9 მილიონი ადამიანი ირიცხებოდა, 1938 წლის აპრილისთვის მხოლოდ 1,2 მილიონი „მოიერიშე“ იყო დარჩენილი.[65]

კომენტარები

  1. მიუხედავად რეპრესიებისა, ფრანც ფონ პაპენი ცოცხალი დარჩა და თანამდებობაც კი შეინარჩუნა
  2. რამდენადაც ცნობილია, მინიმუმ 85 ადამიანი მოკლეს ყველანაირი სამართლებრივი გარჩევის გარეშე. მარტო გერინგის ბრძანებით დაახლოებით ათასი ადამიანი დააპატიმრეს.
  3. 85 გარდაცვლილი ადამიანიდან SA-ს წევრი მხოლოდ 50 იყო. სხვადასხვა შეფასებებით, მოკლულთა მთლიანი რაოდენობა 150-დან 200-მდე მერყეობს.
  4. Sturmabteilung (ქართ. მოიერიშე რაზმები) ამ სტატიაში მოხსენიებულია როგორც „'SA“, Sturmabteilung ან „მოიერიშე რაზმები“.
  5. ადოლფ ჰიტლერმა პირველი მსოფლიო ომი კაპრალის ჩინით დაასრულა და სიცოცხლის ბოლომდე კაპრალად დარჩა.
  6. დუჩე (იტალ. Duce; ბელადი, წინამძღოლი) — ფიურერის მსგავსი წოდება, რომელსაც 1925—1943 წლებში ატარებდა ბენიტო მუსოლინი.
  7. იტალელი სოციალისტი, რომელმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაგმო ფაშისტების მოქმედებები. გამოსვლიდან 11 დღის შემდეგ იგი გაიტაცეს და მოკლეს
  8. ნადოლნი საბჭოთა კავშირში გერმანიის ელჩი იყო. 1934 წლის დასაწყისში, ჰიტლერის ანტი-საბჭოთა პოლიტიკური კურსის გამო, პროტესტის ნიშნად, მან თანამდებობა დატოვა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • რიჩარდ ბესელი –, Political Violence and the Rise of Nazism: The Storm Troopers in Eastern Germany 1925–1934 (პოლიტიკური ძალადობა და ნაციზმის აღზევება: მოიერიშე რაზმები აღმოსავლეთ გერმანიაში 1925–1934), New Haven: Yale University Press, 1984, ISBN 978-0-300-03171-3.
  • ალან ბალოკი –, Hitler: A Study in Tyranny (ჰიტლერი: სწავლა ტირანიაში), New York: Harper, 1958.
  • მარტინ კოლიერი; ფილიპ პედლი –, Hitler and the Nazi State (ჰიტლერი და ნაცისტური სახელმწიფო), New York: Harcourt, 2005, ISBN 978-0-435-32709-5.
  • რიჩარდ ევანზი –, The Third Reich in Power, New York: Penguin Group, 2005, ISBN 978-0-14-303790-3.
  • იოახიმ ფესტი –, Hitler (ჰიტლერი), New York: Harcourt, 1974, ISBN 978-0-15-602754-0.
  • ნორბერტ ფრაი –, National Socialist Rule in Germany: The Führer State 1933–1945 (ნაციონალ-სოციალისტების მმართველობა გერმანიაში: ფიურერის სახელმწიფო 1933–1945), Oxford: Oxford University Press, 1987, ISBN 978-0-631-18507-9.
  • ჰაინც ჰონე –, The Order of the Death's Head: The Story of Hitler's SS (მკვდარი თავის ორდენი: ჰიტლერის SS-ის ისტორია), New York: Coward-McCann, 1970, ISBN 978-0-14-139012-3.
  • ერიხ კემპკა –, Library of Congress: Adolf Hitler Collection, C-89, 9376-88A-B (კონგრესის ბიბლიოთეკა: ადოლფ ჰიტლერის კოლექცია), 1971.
  • იან ქერშოუ –, Hitler: 1889–1936 Hubris (ჰიტლერი: 1889–1936 წლების მედიდურობა), New York: W. W. Norton & Company, 1999, ISBN 978-0-393-32035-0.
  • იან ქერშოუ –, The "Hitler Myth": Image and Reality in the Third Reich („ჰიტლერის მითი“: მესამე რაიხის წარმოსახვა და რეალობა), Oxford: Oxford University Press, 2001, ISBN 978-0-19-280206-4.
  • ვიქტორ კლემპერერი –, I Will Bear Witness: The Diaries of Victor Klemperer (მე დავამოწმებ: ვიქტორ კლემპერერის დღიურები), New York: Random House, 1998, ISBN 978-0-679-45696-4.
  • რობერტ ო'ნილი –, The German Army and the Nazi Party 1933–1939 (გერმანული ჯარი და ნაცისტური პარტია 1933–1939), New York: James H. Heineman, 1967, ISBN 978-0-685-11957-0.
  • ერიკ რაიხე –, The Development of the SA in Nürnberg, 1922–1934 (SA-ს განვითარება ნიურნბერგში, 1922–1934), Campbridge: Campbridge University Press, 2002, ISBN 978-0-521-52431-5.
  • დეივიდ შენბაუმი –, Hitler's Social Revolution: Class and Status in Nazi Germany, 1933–1939 (ჰიტლერის სოციალური რევოლუცია: კლასი და სტატუსი ნაცისტურ გერმანიაში, 1933–1939), W. W. Norton & Company, 1997, ISBN 978-0-393-31554-7.
  • თეო შვარცმიულერი –, Zwischen Kaiser und "Führer": Generalfeldmarschall August von Mackensen, eine politische Biographie (კაიზერსა და ფიურერს შორის: გენერალფელდმარშალი აუგუსტ ფონ მაქენსენი, პოლიტიკური ბიოგრაფია), Paderborn, 1995, ISBN 978-3-423-30823-6.
  • უილიამ შირერი –, The Rise and Fall of the Third Reich (მესამე რაიხის აღზევება და კრახი), New York: Simon and Schuster, 1960, ISBN 978-0-671-72868-7.
  • ჯექსონ სპილვოგელი –, Hitler and Nazi Germany: A History (ჰიტლერი და ნაცისტური გერმანია: ისტორია), New York: Prentice Hall, 1996, ISBN 978-0-13-189877-6.
  • ჯონ ტოლანდი –, Adolf Hitler: The Definitive Biography (ადოლფ ჰიტლერი: ზუსტი ბიოგრაფია), New York: Doubleday, 1976, ISBN 978-0-385-42053-2.
  • ჯონ უილერ-ბენეტი –, The Nemesis of Power: The German Army in Politics 1918–1945 (ძალაუფლების ნემეზიდა: გერმანული ჯარი პოლიტიკაში 1918–1945 წწ.), 1967.
  • ჯონ უილერ-ბენეტეტი –, The Nemesis of Power: The German Army in Politics 1918–1945 (მე-2 რედ.) (ძალაუფლების ნემეზიდა: გერმანული ჯარი პოლიტიკაში1918–1945 წწ.), Palgrave Macmillan, 2005, ISBN 978-1-4039-1812-3.
  • ფრანც ფონ პაპენი, Memoirs (მემუარები), London: Dutton, 1953.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Ferber, Christian (1996) Ein Buch könnte ich schreiben: die autobiographischen Skizzen Georg Seidels (1919–1992). Mit einem Nachwort von Erwin Wickert (German). Göttingen: Wallstein Verlag, გვ. 68. ISBN 3-89244-227-4. ციტირების თარიღი: 7 August 2015. 
  2. 2.0 2.1 ევანზი 2005, p. 39.
  3. ქერშოუ 1999, p. 515.
  4. Röhm-Putsch.
  5. რაიხე 2002, pp. 120–121.
  6. შირერი 1960, p. 165.
  7. ევანზი 2005, p. 23.
  8. ქერშოუ 1999, p. 501.
  9. ქერშოუ 1999, p. 435.
  10. ევანზი 2005, p. 20.
  11. ფრაი 1987, p. 13.
  12. ევანზი 2005, p. 24.
  13. უილერ-ბენეტი 2005, pp. 712–739.
  14. ბესელი 1984, p. 97.
  15. ევანზი 2005, p. 22.
  16. უილერ-ბენეტი 2005, p. 726.
  17. ევანზი 2005, p. 26.
  18. კოლიერი & პედლი 2005, p. 33.
  19. 19.0 19.1 უილერ-ბენეტი 1967, pp. 315–316.
  20. უილერ-ბენეტი 1967, p. 316.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 უილერ-ბენეტი 1967, p. 317.
  22. ევანზი 2005, p. 29.
  23. Wheeler-Bennett 1967, p. 318.
  24. 24.0 24.1 24.2 უილერ-ბენეტი 1967, p. 318.
  25. ფონ პაპენი 1953, pp. 308–312.
  26. ფონ პაპენი 1953, p. 309.
  27. უილერ-ბენეტი 2005, pp. 319–320.
  28. 28.0 28.1 ევანზი 2005, p. 31.
  29. ევანზი 2005, p. 30.
  30. უილერ-ბენეტი 1967, p. 321.
  31. ო'ნილი 1967, pp. 72–80.
  32. ბალოკი 1958, p. 165.
  33. უილერ-ბენეტი 1967, p. 322.
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 შირერი 1960, p. 221.
  35. ბალოკი 1958, p. 166.
  36. კემპკა 1971.
  37. 37.0 37.1 37.2 ქერშოუ 1999, p. 514.
  38. 38.0 38.1 ევანზი 2005, p. 32.
  39. ევანზი 2005, p. 34.
  40. ევანზი 2005, pp. 33–34.
  41. სპილვოგელი 1996, pp. 78–79.
  42. 42.0 42.1 ევანზი 2005, p. 36.
  43. The Waffen-SS 2015.
  44. "The German Churches and the Nazi State". ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი (აშშ). Retrieved 6 June 2015.
  45. ევანზი 2005, p. 33.
  46. ქერშოუ 1999, p. 517.
  47. ფესტი 1974, p. 469.
  48. ფესტი 1974, p. 468.
  49. ევანზი 2005, p. 72.
  50. ფესტი 1974, p. 470.
  51. 51.0 51.1 51.2 51.3 51.4 უილერ-ბენეტი 1967, p. 327.
  52. კოლიერი & პედლი 2005, pp. 33–34.
  53. ჰონე 1970, pp. 113–118.
  54. შვარცმიულერი 1995, pp. 299–306.
  55. კლემპერერი 1998, p. 74.
  56. 56.0 56.1 უილერ-ბენეტი 1967, p. 328.
  57. 57.0 57.1 57.2 57.3 57.4 57.5 უილერ-ბენეტი 1967, p. 329.
  58. უილერ-ბენეტი 1967, p. 330.
  59. უილერ-ბენეტი 1967, pp. 329–330.
  60. 60.0 60.1 უილერ-ბენეტი 1967, p. 336.
  61. 61.0 61.1 უილერ-ბენეტი 1967, p. 337.
  62. Macdonogh 2001, გვ. 452–52
  63. Macdonogh 2001, გვ. 452–52.
  64. 64.0 64.1 ქერშოუ 1999, p. 520.
  65. ევანზი 2005, p. 40.