შინაარსზე გადასვლა

ბაქარ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქარი
ბაქარ I, ასფაგურ II[1]

ბაქარი, სვეტიცხოვლის ფრესკა
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 342-364[2]
363–365[1]
წინამორბედი: მირიან III
მემკვიდრე: მითრიდატე V/მირდატ III
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: მირიან III
დედა: ნანა

ბაქარ I, ბაქარ მირიანის ძე — ოცდამეხუთე მეფე ფარნავაზის შემდეგ. უფლისწული ბაქარი ბავშვობაში მძევლად ჰყავდა წაყვანილი კონსტანტინე დიდს, საბერძნეთის იმპერატორს, მაგრამ როცა მირიან მეფე გაქრისტიანდა, კონსტანტინე დიდმა ბაქარი საქართველოში დააბრუნა, თან წერილიც გამოატანა მირიან მეფესთან, რომელშიც სხვა ამბავთა შორის ეწერა: „აღარ მჭირდება მე შენგან მძევალი, არამედ კმარა ჩვენ შორის შუამდგომლად ქრისტე და შუამდგომლობითა ღმრთისა დამბადებელისა, ვიყოთ ჩვენ ურთიერთის ძმურ სიყვარულში.“

მირიან მეფემ ასეთი ანდერძი დაუბარა ბაქარს:

სადაცა იპოვო იგი ცეცხლთაყვანისმცემლობის კერპი, ცეცხლითვე დაწვი; თავი შენი შეავედრე ძესა ღმრთისასა და წინ წარმძღვანებითა პატიოსნისა ჯვარისათა სძლიო მტერთა, პატივი ეცი სვეტსა ცხოველსა, ღმრთივაღმართებულსა და როდესაც მიიძინებ შენ საუკუნოდ, იყავი მტკიცე მორწმუნე სამებისა.

შემდეგ მირიან მეფემ მოატანინა წმ. ნინოს ჯვარი და ჩამოჰკიდა მასზე სამეფო გვირგვინი, მოიყვანა ძე თვისი ბაქარი და გამოსახა მის თავზე ჯვარი, აიღო ნინოს ჯვრისგან გვირგვინი და დაადგა თავზე ძეს. ამ პროცედურით მირიან მეფემ დასაბამი მისცა ქრისტიან მეფეთა კურთხევას.

ბაქარ მეფეც ისეთივე ქრისტესმოყვარე იყო, როგორც მამამისი. მან ქრისტიანობაზე მოაქცია ის მთიელები, რომლებიც მირიან მეფის დროს არ გაქრისტიანდნენ.

ბაქარის უფროსი ძმა რევი კარგახნის გარდაცვლილი იყო. მას ცოლად ჰყავდა სომეხთა მეფის თრდატის ასული - სალომე (უჯარმელი), რომლისგანაც დარჩა ერთი ძე თრდატი. სომხები მის გამეფებას ლამობდნენ. ამიტომ დიდი ლაშქრით შემოესია საქართველოს სომეხთა მეფე თრდატი (რევ მეფის სიმამრი). მაგრამ ბაქარ მეფემ ბერძენთა და სპარსთა მეფის დახმარებით სძლია სომხებს და თავის ძმისწულებს დააწერინა ხელწერლი, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა ბაქარ მეფის შთამომავალი, მანამ რევის მემკვიდრეები მეფობას არ მოითხოვდნენ. ამის შემდეგ ძმისშვილებს სამფლობელოდ მისცა კუხეთი და რუსთავში ერისთავად დასვა.[3]

მცირეწლოვანი ბაქარი მირიან მეფემ იმპერატორ კონსტანტინესთან დაზავებისას მძევლად გააგზავნა (ლეონტი მროველი, „მეფეთა ცხოვრება“). მირიანის მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგ ბაქარი სამშობლოში დააბრუნეს.

ბაქარის ტახტზე ასვლას თან ახლდა დაძაბულობა მირიანის მემკვიდრეებს შორის. ჯერ კიდევ მირიანის სიცოცხლეში რევს, მირიანის უფროს ვაჟს, რომელიც დაქორწინებული იყო სომეხთა მეფის თრდატის ასულ სალომეზე („მოქცევაი ქართლისაი“ს სალომე უჯარმელი), სამემკვიდრეო წილად ხვდა ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციები, კახეთ-კუხეთი. რევის გარდაცვალების შემდეგ სალომეს სომხეთის სამეფო კარის დახმარებით უცდია ქართლის ტახტზე თავისი ძის დასმა. ბაქარს დიდი ბრძოლის გადახდა მოუწია ტახტის დასაუფლებლად. მეტოქის ჩამოსაცილებლად ბაქარმა კავშირი შეკრა სპარსეთთან და თავის ირანელ სიძესთან (დის ქმარი), რანის გამგებელ ფეროზთან. მათი დახმარებით სომხებს სძლია.[4] ბიზანტიელთა და სპარსელთა შუამავლობით ბაქარმა თავის მეტოქე ძმისწულს სამფლობელოდ დაუტოვა მხოლოდ კუხეთი და „დასხნა რუსთავს ერისთავად“. ამასთანავე ჩამოართვა წერილობითი პირობა, რომლის თანახმად, რევის შთამომავლები სამუდამოდ ამბობდნენ უარს ქართლის ტახტზე.

როგორც ცნობილია, ქართლის გაქრისტიანებას (ამ დროს ირანის შაჰი იყო შაპურ II (309-379)), ირანის მხრიდან მოკლე ხანში რაიმე საომარი მოქმედებები არ მოჰყოლია. ბაქარი ახერხებდა რომთანაც და ირანთანაც მშვიდობიანი ურთიერთობა შენარჩუნებინა. (ვახუშტის მიხედვით მან 22 წელს იმეფა). 338 წელს შაჰს დაუწყია ხანგრძლივი ომი სომხეთთან, დაუმორჩილებია ალვანეთი, მაგრამ ქართლამდე აღარ მოსულა, რადგან შუამდინარეთში ჰქონია მთავარი ფრონტის ხაზი გახსნილი. 363 წელს ირანსა და რომს შორის ახალი ზავი დაიდო. ამ ზავით მხარეები ისევ ნიზიბისის ზავის პირობებს უბრუნდებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართლი კვლავ რომის გავლენის სფეროდ რჩებოდა.

მშვიდობიანობის პერიოდი ბაქარმა გამოიყენა ქრისტიანობის განსამტკიცებლად. ლეონტი მროველი მას მიაწერს ქართველ მთიელთა მოქცევას და წილკნის ეკლესიის აშენებას. მემატიანე გადმოგვცემს, რომ იგი გამოირჩეოდა მორწმუნეობით, სწყალობდა სამღვდელოებას, მის დროს მღვდელნი და დიაკონნი დიდად გამრავლებულან.

  • ლეონტი მროველი, მეფეთა ცხოვრება/ ქართლის ცხოვრება. ტ. I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955. გვ. 130-131.
  • ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ქართულ-სომხური ტექსტი გამოკვლებვითა და ლექსიკონით გამოსცა ი. აბულაძემ. თბილისი, 1953. გვ. 130-131.
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ/ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედაქციით. თბილისი, 1963.
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის, იბერიის სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები. ტ. IV, ნაკვ. I. 1958. გვ. 162.
  • ნ. ჯანაშია, ქართლი IV ს. პირველ ნახევარში, ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო სარწმუნოებად/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები II. 1973. გვ. 71, 82.
  • ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. თბილისი, 1990. გვ. 334-334.
  1. 1.0 1.1 CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Chosroids: 24. Aspacures II ([Varaz]-Bakurl). p. 26.
  2. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. დ.
  3. ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  4. „ქართლის ცხოვრება“. ტ. I, გვ. 131.
წინამორბედი:
მირიან III
იბერიის მეფე
342–364
შემდეგი:
მირდატ III