ამერიკული ისტორია X
„ამერიკული ისტორია X“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
რეჟისორი | ტონი კეი |
პროდიუსერი | ჯონ მორისისი |
სცენარის ავტორი | დეივიდ მაკკენა |
როლებში |
ედვარდ ნორტონი ედვარდ ფარლონგი ბევერლი დ'ანჯელო ევერი ბრუკსი სტეისი კიჩი |
კომპოზიტორი | ენ დადლი |
სტუდია | New Line Cinema |
გამოსვლის თარიღი | 1998 |
ხანგრძლივობა | 119 წუთი (1 საათი, 59 წუთი) |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 20 მილიონი $[1] |
შემოსავალი | 23,87 მილიონი $[1] |
ამერიკული ისტორია X (ინგლ. American History X) — 1998 წელს გადაღებული ამერიკული კინოდრამა 1990-იანი წლების ნაციონალ-სოციალისტ სკინჰედებზე. ფილმი სადებიუტო ნამუშევარია რეჟისორ ტონი კეი და სცენარისტი დეივიდ მაკკენასთვის.[2] კრიტიკოსები აღნიშნავდნენ მთავარი როლის შემსრულებლის, ედვარდ ნორტონის ოსტატურ საშემსრულებლო ხელოვნებას,[3][4] რომლისთვისაც იგი ნომინირებული იყო რამდენიმე კინოპრემიაზე, მათ შორის ოსკარზეც.[5] ფილმის ნაკლად ითვლება სცენებში ძალადობის ზედმეტად უხეში გამოვლინება,[5][6] თუმცა, კრიტიკოსთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ამგვარმა სცენებმა ფილმს მხოლოდ დამაჯერებლობა შესძინა.[7] ჟურნალ Empire-მა ფილმი ყველა დროის 500 საუკუთესო ფილმების რეიტინგში 311-ე ადგილზე დააყენა.[8] IMDb-ის ვერსიით 250 საუკეთესო ფილმის რეიტინგში კინოსურათი 33-ე ადგილზეა.[9]
ფილმის სლოგანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იხილე რეალობა შენი თვალებით მაშინ, როდესაც ზიზღი გაბრმავებს (ინგლ. See reality in your eyes when hate makes you blind)[10]
- მამამისი მას ზიზღს ასწავლიდა. მისი მეგობრები მას გააფთრებას ასწავლიდნენ. მისმა მტრებმა მას იმედი მისცეს (ინგლ. His father taught him to hate. His friends taught him rage. His enemies gave him hope)[10]
- ზოგიერთი მემკვიდრეობა უნდა დასრულდეს (ინგლ. Some Legacies Must End)[10]
- ძალადობა, როგორც ცხოვრების სტილი (ინგლ. Violence as a way of life)[10]
- გაერთიანებულნი ზიზღით, გაყოფილნი სიმართლით (ინგლ. United by hate, divided by truth)[10]
ფილმის სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინოსურათის დასაწყისში სკოლის შავკანიანი დირექტორი ბობ სუინი თავის მოსწავლე დენი უინიარდს, ნაციონალ-სოციალისტი სკინჰედების ჯგუფის წევრს აძლევს დავალებას, რათა შეცვალოს მისი მსოფლთმხედველობა. დენი თავის თემას არქმევს American History X-ს. სიტყვათშეწყობა American History (ამერიკული ისტორია) წარმოიშვის სასკოლო საგნისგან, რომელსაც ამერიკული ისტორია ჰქვია. არსებობს სიტყვათშეწყობის მეორე თარგმანიც — ამერიკის ისტორია (მსგავსად სახელმწიფოს ისტორიისა); ამგვარი თარგმანი უფრო გავრცელებული იყო.
ქართულენოვან ინტერნეტ სივრცეში ფილმი ცნობილია, როგორც ამერიკული ისტორია X.[კომ. 1]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმში მოვლენები ვითარდება 1990-იან წლებში. მთელი კინოსურათის განმავლობაში სიუჟეტური ხაზი მიმდინარეობს ორ სხვადასხვა დროს: აწმყოში მიმდინარე მოვლენები ფერადად არის ნაჩვენები, ხოლო წარსულის (დერეკ და დენი უინიარდების მოგონებები) — შავ-თეთრად. ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია წარსულში მომხდარი სცენა — დერეკი, ნს-სქინჰედების (ნაციონალ-სოციალისტი სქინჰედების) დაჯგუფების მეთაური, კლავს შავკანიან ბანდიტებს, რომლებიც მისი მანქანის მოპარვას ცდილობდნენ. დერეკს დანაშაულის ადგილზე პოლიცია აპატიმრებს თავისი უმცროსი ძმის, დენის თვალწინ. ამის შემდეგ მოვლენები აწმყოში ვითარდება. დენი სკოლაში თემას წერს ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნის, ჩემი ბრძოლის მიხედვით, რაც აწუხებს ისტორიის მასწავლებელს (წარმოშობით ებრაელ). მასწავლებელი მომხდარის შესახებ ატყობინებს სკოლის შავკანიან დირექტორ ბობ სუინის. სუინი აძლევს დენის დავალებას: მის მიერვე მოგონილი საგნის, ამერიკული ისტორია X-ისთვის დაწეროს თავისუფალი თემა მის უფროს ძმაზე, რათა დამოუკიდებლად გააანალიზოს მოვლენები, რომლებმაც განსაზღვრეს მისი ცხოვრება. სუინი დენის ატყობინებს, რომ თუ იგი მეორე დღეს თემას არ მიიტანს, სკოლიდან გაირიცხება. გარდა ამისა, სუინი პირდება დენის, რომ მისი თემა სხვა ადამიანის ხელში არ მოხვდება. მოგვიანებით, დენი იცავს თეთრკანიან მოსწავლეს, რომელსაც შავკანიანები ჩაგრავდნენ სკოლის საპირფარეშოში.
ბობ სუინი ესწრება საქმის გამომძიებელთა შეხვედრას. გამომძიებლებს აქვთ საქმე ნს-სქინჰედების დაჯგუფებასთან, ქრისტეს მოციქულებთან (რომლის წევრებიც არიან დერეკი და დენი) დაკავშირებით. სუინი ამ შეხვედრას დაესწრო იმის გამო, რომ დერეკი ადრე მისი მოსწავლე იყო. შესაბამისად, სუინის საშუალება ჰქონდა ედევნებინა თვალი დერეკის იდეების განვითარებისთვის მისი ადრეული ასაკიდან. შეხვედრაზე გამომძიებლები უყურებენ ვიდეოს, რომელშიც დერეკი ინტერვიუს აძლევს ადგილობრივ ტელეარხს. ეს ყველაფერი ხდება დერეკის მამის მკვლელობის შემდეგ, რომელიც მეხანძრე იყო და შავკანიანთა კვარტალში ცეცხლის ჩაქრობისას ადგილობრივმა ნარკომოვაჭრემ მოკლა. გამოძიების აზრით, ეს ფაქტი გახდა ძირითადი მიზეზი დერეკისთვის ნს-სქინჰედი გამხდარიყო.
სკოლიდან სახლში წასვლისას დენი ჩერდება საკალათბურთო მოედანთან, რომელზეც შავკანიანები თამაშობენ. იგი იხსენებს, რომ თავის დროზე სკინჰედებმა დერეკის მეთაურობით ეს მოედანი სამოყვარული თამაშში „მოუგეს“ შავკანიანებს. დერეკის ციხეში წასვლის შემდეგ მოედანს კვლავ შავკანიანი ბანდიტები (როგორც მათ დენი მოიხსენიებს) დაეპატრონნენ. ამის შემდეგ დენი მიიჩქარის სახლისკენ, რათა ნახოს იმ დილით ციხიდან გამოსული ძმა. იგი მას ხვდება. ამავე დროს, დერეკთან მოდის მისი ძველი ნაცნობი, სეტ რაიანი. მოკლე საუბრის შემდეგ ისინი მიდიან სკინჰედების წვეულებაზე, ხოლო დენი თემის წერას იწყებს, რომელშიც პოზიტიურად აფასებს ძმის მსოფლთმხედველობას და მოქმედებებს. დენის ძველ დროს იგონებს: კორეელი მეწარმის მაღაზიის დარბევას, იქ მომუშავე არალეგალური იმიგრანტების (შავკანიანები, კორეელები, მექსიკელები) ცემასა და დამცირებას, მათი დედის მიერ ვახშამზე მიწვეული ზემოთხსენებული ებრაელი მასწავლებლის შეურაცხყოფას და შავკანიანების მკვლელობას.
ეს არ არის ჩვენი წყეული რაიონი — ეს ბრძოლის ველია! დღეს საღამოს ჩვენ ყველანი ბრძოლის ველზე ვართ! ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ: გვერდზე გავდგებით და წყნარად ვუყურებთ, თუ როგორ აუპატიურებენ ჩვენ ქვეყანას, თუ წავალთ იქ და ამის წინააღმდეგ რამეს მოვიმოქმედებთ.
— დერეკის გამოსვლა მაღაზიის დარბევამდეორიგინალი ტექსტი (ინგლისური)This isn't our f*cking neighborhood, it's a battlefield, we're on a battlefield tonight. Make a decision: are we gonna stand by the sidelines, quietly standing while our country gets raped? or are we gonna stand up and do something about it?
დენისთან მისული მეგობრები მას თემის წერას აწყვეტინებენ. მათთან ერთად იგი მიდის სკინჰედების წვეულებაზე, სადაც უკვე არის დერეკი. დერეკი წვეულაბზე თავის შეყვარებულს ხვდება და ეუბნება, რომ უარი თქვა ნაცისტურ იდეებზე და სურს მასთან ერთად სხვა ქალაქში გამგზავრება. ამ წინადადებაზე იგი უარს იღებს. ამის შემდეგ იგი შედის ორგანიზაციის მთავარ იდეოლოგთან, კემერონ ალექსანდრთან. სანამ დერეკი ციხეში იჯდა, ალექსანდრმა საკმაოდ დიდი დაჯგუფების შექმნა მოახერხა. დერეკი, თავის მხრივ, ატყობინებს მას, რომ წარსულთან „გამომშვიდობებას“ აპირებს. ალექსანდრი მის გადარწმუნებას ცდილობს, დერეკს ნერვები უმტყუნებს, რის შემდეგაც იგი ალექსანდრს სცემს და დიდ აყალ-მაყალს აწყობს. დერეკის მეგობარი, სეტ რაიანი მას იარაღს უმიზნებს, თუმცა, არ ისვრის. დერეკი მას ამ იარაღს ართმევს და უმცროს ძმასთან ერთად ადგილს ტოვებს.
უკაცრიელი ადგილის პოვნის შემდეგ, დერეკი დენის უყვება, თუ რა სერიოზული გამოცდის გავლა მოუწია მის მსოფლთმხედველობას ციხეში. იგი იხსენებს, თუ როგორ ყიდულობდა ერთ-ერთი ნაცისტი ნარკოტიკებს მექსიკელისგან, ყიდდა მას თეთრკანიანებზე და ამის გამო კრიტიკასაც კი არ ექვემდებარებოდა; თანამებრძოლებში იმედგაცრუებული დერეკი დაუპირისპირდა მათ, რის გამოც შემდგომში „ფასსაც“ იხდის — მას ციხის აბაზანაში აუპატიურებენ ნეონაცისტები, რომლებსაც იგი აქამდე „მეგობრებად“ თვლიდა. დერეკის ერთადერთი მეგობარი ხდება შავკანიანი პატიმარი, რომლმაც დაიცვა იგი სხვა ბანდების თავდასხმისგან. ციხეში დერეკს ხშირად სტუმრობდა და მორალურ თანადგომას უცხადებდა დირექტორი სუინი. დირექტორი ასევე სასამართლოზე დერეკის მხარდასაჭერად გამოვიდა და მას დროზე ადრე გათავისუფლებაში დაეხმარა. ძმა არწმუნებს დენის, რომ კარგი ადამიანები როგორც თეთრკანიანების, ასევე შავკანიანების რიგებში მოიძებნებიან . არ არსებობს კარგი და ცუდი რასები, არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები.
სახლში დაბრუნების შემდეგ დენი თავისი თემის წერას აგრძელებს და აღწერს კიდევ ერთ თავის მოგონებას, რომელმაც აგრეთვე იმოქმედა დერეკის მსოფლთმხედველობაზე: საოჯახო სადილის დროს მამა არწმუნებდა ოჯახის წევრებს, რომ ამერიკაში თეთრკანიანების დისკრიმინაცია მიდის, შავკანიანებს კი უფრო ბევრი უფლებები აქვთ.
შემდეგ დილას დენი და დერეკი კაფეში საუზმობენ, რის შემდეგაც დენი სკოლაში, დერეკი კი გასაუბრებაზე მიდის. სკოლის საპირფარეშოში დენის კლავს შავკანიანი, რომელთანაც მას ფილმის დასაწყისში ჰქონდა კონფლიქტი. დერეკი, რომელმაც დენი გააცილა, სროლის ხმას იგებს, მირბის სკოლისკენ და შესვლის შემდეგ მოკლული ძმის გვამს ნახულობს. ფილმი დენის თემის ბოლო სიტყვებით (ციტატა აბრაჰამ ლინკოლნის საინაუგურაციო გამოსვლიდან) მთავრდება[11]:
ჩვენ მტრები კი არა, მეგობრები ვართ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მტრები. მართალია, ჩვენი მეგობრული კავშირები სულ მყარი არ არის, მაგრამ, ისინი არ უნდა გაწყდეს. მოგონებები ამ მეგობრობაზე თავისას გაიტანს, როდესაც ჩვენ გულებში, გარდაუვლად, საუკეთესო გრძნობები გაიმარჯვებს.
ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)We are not enemies, but friends. We must not be enemies. Though passion may have strained, it must not break our bonds of affection. The mystic chords of memory will swell when again touched, as surely they will be, by the better angels of our nature.
მსახიობები და პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ედვარდ ნორტონი — დერეკ უინიარდი. წარსულში — ნს-სქინჰედების ჯგუფის ცივსისხლიანი და დაუნდობელი ლიდერი.[4] ორი შავკანიანის მკვლელობისთვის (რომელიც სასამართლომ წინასწარ გულუზრახად და თავდაცვად მიიჩნია) აპატიმრებენ. სასჯელის მოხდის შემდეგ რადიკალურად იცვლის თავის შეხედულებებს. არის საკმაოდ ინტელექტუალური,[12] აქვს ორატორული ნიჭი.
- ედვარდ ფარლონგი — დენი უინიარდი, დერეკის უმცროსი ძმა. აღტაცებულია ნაციონალ-სოციალისტური შეხედულებებით და დერეკის სიმამაცით. აგრძელებს ძმის მოღვაწეობას უკანასკნელის პატიმრობის დროს. კინოსურათის ბოლოს დერეკი არწმუნებს მას, უარი თქვას თავის შეხედულებებზე. ფილმის ბოლოს დენის შავკანიანი კლავს.
- ბევერლი დ'ანჯელო — დორის უინიარდი. დერეკის და დენის დედა. დაავადებულია ტუბერკულოზით, თუმცა, მოწევას თავს მაინც არ ანებებს. მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობს გადაარწმუნოს დერეკი. ქმრის სიკვდილის შემდეგ ცდილობს დაალაგოს პირადი ცხოვრება და იწყებს ურთიერთობას ებრაელ სკოლის მასწავლებელთან, მიურეისთან, თუმცა, დერეკი მის გეგმებს ანგრევს.
- ევერი ბრუკსი — დოქტორ ბობ სუინი. იმ სკოლის შავკანიანი დირექტორი, სადაც სწავლობს დენი და ადრე სწავლობდა დერეკი. თანამშრომლობს გამოძიებასთან საქმე ქრისტეს მოციქულებთან დაკავშირებით. არწმუნებს დერეკს უარი თქვას ნაციონალ-სოციალისტურ შეხედულებებზე; ეხმარება დროზე ადრე გამოვიდეს ციხიდან. ცდილობს „თავიდან აღზარდოს“ დენი.
- სტეისი კიჩი — კემერონ ალექსანდრი. ნს-სქინჰედების ხელმძღვანელი და იდეოლოგი. დაჯგუფების სხვა წევრებზე შედარებით უფროსია. პირადად არ იღებს მონაწილეობას აქციაში, თუმცა, აკონტროლებს სკინჰედების არმიას და დაკავებულია აგიტაციით.
- ჯენიფერ ლენი — დავინა უინიარდი. დერეკის და. ეკამათება და ჩხუბობს ძმებთან განსხვავებული შეხედულებების გამო.
- იტენ საპლი — სეტ რაიანი. დერეკის და დენის მეგობარი. სხვა სკინჰედებისგან განსხვავდება სიმსუქნით და მიდრეკილებით ფასტ-ფუდის მიმართ. არც თუ ისე ჭკვიანია და ხშირად ეუხეშება სხვა ადამიანებს.
- ელიოტ გალდი — მიურეი. დენის მასწავლებელი, წარმოშობით — ებრაელი. ხვდებოდა დერეკის დედას, თუმცა, მოუწია შეეწყვიტა მასთან ურთიერთობა დერეკის აგრესიული დამოკიდებულის გამო.
- ფაირუზა ბალკი — სტეისი. დერეკის შეყვარებული მანამდე, სანამ უკანასკნელმა არ უთხრა მას ნს-სქიჰედების რიგებიდან წასვლაზე.
- უილიამ რასი — დენის უინიარდი. დენის და დერეკის გარდაცვლილი მამა. მუშაობდა მეხანძრედ. მოკლა შავკანიანმა ხანძრის ჩაქრობის დროს.
- ტორი გაი — ლეიმონტი. ციხის სამრეცხაოს შავკანიანი თანამშრომელი. გამოირჩევა იუმორის გრძნობით და ლაპარაკის სიყვარულით.
მსახიობთა შემადგენლობა | |||||
---|---|---|---|---|---|
ედვარდ ნორტონი | ედვარდ ფარლონგი | იტენ საპლი | ფაირუზა ბალკი | ევერი ბრუკსი | სტეისი კიჩი |
დერეკ უინიარდი | დენი უინიარდი | სეტ რაიანი | სტეისი | ბობ სუინი | კემერონ ალექსანდრი |
იდეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ ფილმი მკაფიოდ ხსნის რასიზმის და დისკრიმინაციის საკითხს.[7][13][14] ყოველკვირეული Variety აღნიშნავდა, რომ მაშინ, როცა ამერიკული ფილმების უმრავლესობა ასეთ რთულ კითხვებს გაურბის და უბედური დასასრულის თავიდან აცილებას ცდილობს, ამერიკული ისტორია X საკმაოდ დამაჯერებლად ხსნის ნაციზმის პრობლემას თანამედროვე საზოგადოებაში.[14]
ნს-სქინჰედების დაჯგუფების ხელმძღვანელი, დერეკ უინიარდი ყველა შესაძლებლობისას თავის პოლიტიკურ შეხედულებებს აგიტირებს — შავკანიანებთან კალათბურთის თამაშის დაწყებამდე, სუპერმარკეტის დაბერვამდე; თუმცა, მისი პოლიტიკური რადიკალიზმი, დაფუძნებული ანტისემიტიზმზე, მხოლოდ მიურეისთან სადილობის დროს ვლინებდა. დერეკი აგრეთვე ხაზს უსვამს იმას, რომ პატივს სცემს ხელისუფლებას და პოლიციას. დეტექტივები, რომლებიც სკინჰედების საქმეს იძიებენ, თვლიან, რომ დერეკის სქინჰედად გახდომის მიზეზია მამამისის, დენისის მოკვლა შავკანიანის მიერ. ფილმის ბოლოს დენი იხსენებს, რომ სადილის დროს მამამისი რასისტულ პროპაგანდას ეწეოდა, ხოლო ამ საკითხით დაინტერესებული დერეკი მას ყველაფერში ეთანხმებოდა.[13] სადილის და ინტერვიუს დროს, დერეკი ნაჩვენებია, როგორც ტიპური ამერიკელი მოზარდი, გრძელი თმებით და ქუდით, თუმცა, მამამისის სიტყვებმა, ხოლო შემდეგ მისი მკვლელობით გამოწვეულმა ემოციებმა „თავისი საქმე“ გააკთეს: დერეკის შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა — იგი გახდა რასისტი, რომელსაც შავკანიანები და ებრაელები ეზიზღება.
კინოსთვის მიძღვნილ ჟურნალ Lumiere-ში კრიტიკოსი ა.იშონინი წერდა:[15]
„ამერიკული ისტორია X — ფილმი პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახის გავლენაზე“
|
კრიტიკოსები აღნიშნავდნენ დერეკის ორატორულ ნიჭსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც არაერთხელ გამოვლინდა ფილმის დროს. ყველაზე მეტად დერეკის ამ თვისებებმა კრიტიკოსებს თავი დაამახსოვრა სადილის სცენაში, როდესაც დერეკის არგუმენტებს მისმა დამ და ებრაელმა მასწავლებელმა ვერაფერი დაუპირისპირეს. ფილმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ იმის წარმოჩენაა, თუ როგორ აბრმავებს ადამიანს სიძულვილი და არ აძლევს მას საშუალებას მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია დადებითი მიმართულებით.
ფილმში მოქმედ სკინჰედების დაჯგუფებას Disciples of Christ (ქართ. ქრისტეს მოციქულები), შემოკლებით D.O.C. ეწოდება. დაჯგუფების ზოგიერთი წევრი ამ ინიციალებთან ერთად ატარებს კელტების ჯვრის ტატუს.[16] მიუხედავად იმისა, რომ სახელის მიხედვით დაჯგუფებას რადიკალური ქრისტიანული იდეოლოგია უნდა ჰქონდეს, მათ საუბრებში ქრისტიანობა თითქმის არ ფიგურირებს: სახუმარო ინტერვიუში, რომელსაც სეტ რაიანი უძღვება, დენი ამბობს, რომ ეზიზღება ყველა, გარდა თეთრკანიანი პროტესტანტებისა. თუმცა, მიურეისთან სადილის დროს მისი ძმა დერეკი პროტესტანტებსაც ნეგატიურად იხსენიებს. სეტი კი თვლის, რომ თეთრი რასის დისკრიმინაციაში ჩარეულია ყველა, მათ შორის პროტესტანტებიც.[17]
საკალათბურთო თამაშის დროს სეტ რაიანს აცვია მაისური ნომრით 88. ლათინური ანბანის მე-8 ასოა H, ორი 8 აღნიშნავს HH-ს, ანუ, ნაციონალ-სოციალისტური მისალმებას, Heil Hitler.[11] ფილმის მეორე ნახევარში სეტს აცვია მაისური წარწერით Skrewdriver (ბრიტანული ჯგუფი, რომელიც მისდევს სკინჰედების იდეოლოგია White Power-ს (ქართ. თეთრკანიანების ძალაუფლება).[11]
პანკ-ჯგუფმა Anti Heroes, რომელიც მიეკუთვნება ამერიკელი სკინჰედების ტრადიციულ მოძრაობას, სასამართლოში უჩივლა სტუდია New Line Cinema-ს იმიტომ, რომ ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს ჰქონდა კოლექტივის სახელის ტატუ. მუისკოსებს არ სურდათ, ჰქონოდათ რამენაირი ასოციაცია ნაციონალ-სოციალისტებთან.[11]
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სცენარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის სცენარი დაწერა დეივიდ მაკკენამ; მისთვის ეს ნამუშევარი სადებიუტო გახდა. მაკკენა ამბობდა, რომ ამერიკული ისტორია X შეზღუდვების გარეშე აქცევს ყურადღებას რასიზმის მოწყვლად ადგილებს და რომ ეს ფილმი არის არა სკინჰედებზე და რასისტებზე, არამედ, სერიოზულ თანამედროვე ტრაგედიაზე, რომელიც იპყრობს მუშათა რიგით ოჯახს. თვითონ სცენარისტი გაიზარდა მშფოთვარე 1980-იანი წლების პერიფერიაზე, რომლებიც გამოირჩეოდა ძალადობის „აფეთქებებით“ პანკ-როკ სცენაზე, მოძრაობა Oi!-ს განვითარებით. ამავე წლებში ტრადიციული და ჰარდკორ-სკინჰედების გარდა დაიწყეს გამოჩენა ბონჰედებმა, რომლებსაც პირველთათვის მიუღებელი ნაციონალ-სოციალისტური შეხედულებები ჰქონდათ. მაკკენა იცნობდა ნაცისტი პანკების ვიწრო ჯგუფს. ეს ნაცნობობა გახდა მისთვის შთაგონება სცენარის დაწერისთვის.[2] იგი ამბობდა:
მე ბევრნაირი ველური ფანატიზმი მინახავს. მან დამაფიქრა და დამაწერინა რაღაც სიძულვილის სამყაროზე. სცენარიში ვცადე აღმენიშნა, რომ ადამიანი რასისტად არ იბადება. ის იგებს ამის შესახებ გარშემომყოფი ადამიანებისაგან. მე დამაინტერესა კითხვამ: რატომ ეზიზღებათ ადამიანებს და როგორ შეიძლება ამის შეცვლა? ჩემი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ ზიზღი წარმოიქმნება ოჯახში
ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)I saw a lot of bigotry growing up, and it made me think about writing something about the world of hate-mongers. The point I tried to make in the script is that a person is not born a racist. It is learned through environment and the people that surround you. The question that intrigued me is: why do people hate and how does one go about changing that? My premise was that hate starts in the family
მაკკენა ასევე იღებდა ინტერვიუებს სკინჰედებისგან, ატარებთა მათთან ბევრ დროს და ჟურნალისტის როლში მათ მოქმედებებს აკვირდებოდა. მან აღმოაჩინა, რომ დაჯგუფების ბევრი წევრი მდიდარი ოჯახის წევრი იყო, თუმცა, „ცუდ კამპანიასთან“ დაკავშირების შემდეგ ნაცისტი გახდა. მაკკენამ დაასკვნა, რომ მათ გადაწყვეტილებაში ძირითადი როლი ითამაშა ოჯახმა, რომელმაც სათანადოდ არ მიიღო მონაწილეობა ბავშვების აღზრდაში. ოჯახის ზოგიერთმა წევრმა მათზე, თავიანთი მაგალითებით, ცუდი გავლენაც მოახდინა. მაკკენას კვლევის შედეგებმა იპოვეს სრული გამოხატულება სცენარიში.
ფილმის სცენარმა დააინტერესა ჯონ მორისისი, რომელიც დაფიქრების გარეშე დათანხმდა კინოსურათის პროდიუსირებაზე. სიუჟეტური ხაზის გარდა, იგი დაინტერესებული გახდა იმით, რომ ფილმს შეუძლია არაერთი კამათი გამოიწვიოს, რაც ფილმს დამატებით „დაწინაურებას“ (Promotion) მისცემს.[2]
მაკკენა ნომინირებული Satellite Award-ზე „საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის“.[5]
გადაღების პროცესი და სკანდალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინოსურათის გადაღება მიდიოდა შტატ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში.[18] რეჟისორ ტონი კეისთვის ამერიკული ისტორია X პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოდგა — იქამდე მას მხოლოდ რეკლამები და ვიდეოკლიპები ჰქონდა გადაღებული. მთავარი როლის სათამაშოდ მიიწვიეს ახალგაზრდა, თუმცა, ცნობილი მსახიობი და კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასებული ედვარდ ნორტონი.[19] ავტორიტეტული და დამაშინებელი დერეკ უინიარდის როლის შესასრულებლად ედვარდ ნორტონს „ცვლილებების განხორციელებაც“ მოუწია: მან 13,6 კგ. კუნთოვანი მასით მოიმატა.[11] დენი უინიარდის როლი ითამაშა კიდევ უფრო ახალგაზრდა მსახიობმა, ედვარდ ფარლონგმა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ნათამაშები რამდენიმე როლი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ჯონ კონორის როლი ფილმ ტერმინატორი 2: განკითხვის დღეში.[20]
კომპანია New Line Cinema კეის რეჟისორობას ფილმში ნორტონის მონაწილეობის გამო დათანხმდა. თვითონ კეიმ ნორტონს თავის თავზე შეყვარებული დილეტანტი უწოდა და მოგვიანებით, როცა ფილმი უკვე კინოთეატრებში იყო, აღიარებდა, რომ ფილმში ნორტონის მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, რადგანაც მას ცხოვრებით ზედმეტად განებივრებულად თვლიდა, თუმცა, არ ჰქონდა საშუალება ეპოვნა სხვა მსახიობი დროის უკმარისობის გამო.[21] ამის შემდეგ, ნორტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:
„მას რომ არ ნდომებოდა ფილმის ჩემთან გაკეთება, სტუდიას არ მოუნდებოდა ფილმის გაკეთება მასთან“
|
კეი, თავის მხრივ, ამბობდა, რომ გადასაღებ მოედანზე ხშირად კამათობდა ნორტონთან და ამტკიცებდა, რომ უკანასკნელი მას უხეში ტონით ელაპარაკებოდა.[22]
მონტაჟის შემდეგ კეიმ სტუდიას ფილმის პირველი, ორსაათიანი ვერსია წარუდგინა,[23] რომელიც სტუდიას მოეწონა, თუმცა, თვითონ კეის — არა, რის გამოც მან კიდევ ერთხელ ჩაატარა მონტაჟი და ქრონომეტრაჟი 87 წუთამე შეამცირა. ამჯერად უკმაყოფილო დარჩა სტუდია — ფილმის საბოლოო მონტაჟი ნორტონს მიანდეს.[21] სწრაფი და უხეში სურათი, როგორც კეი ამბობდა, გააფუჭა კადრებმა, რომლებშიც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ტირის.[15] მისი სიტყვებით, ნორტონმა დამონტაჟებისას თავის გმირს უფრო მეტი ეკრანული დრო მისცა, რამაც ჩანაფიქრი დაამახინჯა. კეი ამბობდა, რომ ამ ფაქტით განრისხების გამო მან კედელს ხელი დაარტყა, რაც მოტეხილობად დაუჯდა. ნაწყენმა, მან ტიტრებიდან თავისი სახელის ამოღება და ფსევდონი ალან სმიტით ჩანაცვლება მოითხოვა. აშშ-ს რეჟისორების გილდიამ მისი მოთხოვნა უარყო, რის შემდეგაც კეიმ გილდიას მეორე ფსევდონიმი, Humpty Dumpty შესთავაზა, თუმცა, ამჯერადაც უარი მიიღო.[24][25][26] ეს განპირობებული იყო იმით, რომ ფსევდონიმის გამოყენება გილდიის წესებს არღვევდა (რეჟისორები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ, არ უნდა ასაჯაროებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს ტიტრებიდან თავიანთი სახელების წაშლა). კეიმ თავის მიზნებზე ფილმის „დაწინაურების“ (Promotion) დროს განაცხადა, ხოლო შემდეგ სასამართლოში უჩივლა რეჟისორების გილდიას და სტუია New Line Cinema-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევისთვის და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 200 მილიონი დოლარი მოითხოვა. ცნობილია, რომ New Line Cinema-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს მან მიიწვია რავინი, კათოლიკე მღვდელი და ბუდისტი ბერი და მათი მხარდაჭერის მოპოვება სცადა.[11][22] ყოველკვირეულ Variety-ში კეიმ თავის ფილმზე ნეგატიური გამოხმაურება დატოვა,[24] თუმცა, 2007 წელს აღიარა, რომ იმ მომენტისთვის უხაროდა, რომ მას არ მისცეს ტიტრებიდან თავისი სახელის ამოშლის ნება.[24]
ფილმის გამოსვლის შემდეგ კეიმ გადაწყვიტა „შური ეძია“. როგორც რეჟისორს, მას უფლება ჰქონდა ფილმი ტორონტოს კინოფესტივალის პროგრამიდან მოეხნსა, რაც მან გააკეთა კიდეც:
გერმანიაში სარეკლამო კლიპს ვიღებდი, როდესაც გავიგე, რომ ამერიკული ისტორია X მასში [ტორონტოს კინოფესტივალი] მონაწილეობისთვის დაუშვეს, ამიტომ, ჩავჯექი თვითმფრინავში, რომელიც კანადაში მიფრინავდა, ფესტივალის ორგანიზატორის ოფისში მივედი და მოვითხოვე, რომ ფილმი პროგრამიდან მოეშორებინათ, რადგან მე მითი უკმაყოფილი ვიყავი. New Line უბრალოდ გაგიჟდა — ეს ხომ კინოსურათისთვის ასეთი იღბლიანი დასაწყისი იყო, მე კი ყველა მათი იმედი გავანადგურე. New Line-სთვის მე კოშმარი ვიყავი. მათთან მე მხოლოდ საქმიან პრესაში განცხადებებით ვურთიერთობდი.
ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)I was shooting a commercial in Germany when I heard American History X had been accepted, so I jumped on a plane to Canada, marched into the office of the festival organiser and demanded that the film be withdrawn because I wasn't happy with it. New Line went nuts. It would have been a perfect launchpad for the movie, and I shot it down in flames. I was being a nightmare to New Line. I had started communicating exclusively through advertisements in the trade papers
ფილმში არაერთი უცენზურო სიტყვაა: მაგალითად, სიტყვა fuck კინოსურათის მსვლელობისას 205-ჯერ თქვეს.[11][24]
გამოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბილეთო სალარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკის კინოთეატრების ეკრანებზე ფილმი 1998 წლის 30 ოქტომბერს გავიდა[27] და 17 კინოთეატრში, უიქენდის განმავლობაში, 156,076$ შეაგროვა და შესაბამისად, წარმოების ხარჯის 2,3% აანაზღაურა.[28] სამი დღის შემდეგ, გამომუშავებული თანხის მიხედვით, ფილმი ამერიკაში 29-ე ადგილზე იყო.[28] ყველაზე მეტი ფული კინოსურათმა 1998 წლის 20 ნოემბრისთვის გამოიმუშავა (1,340,166$).[28] იმ მომენტისთვის ამერიკული ისტორია X ყველაზე მომგებიანი ფილმების რეიტინგში 12-ე ადგილს იკავებდა.[29]
1998 წლის 23 ნოემბრისთვის ფილმი რეიტინგში მე-9 ადგილზე იდგა.[30]
ამერიკულ კინოთეატრებში ფილმი 1998 წლის 30 ოქტომბრიდან 1999 წლის 26 მარტამდე გადიოდა.[28] ამერიკული ჩვენებისას კინოსურათმა 6,719,864$ გამოიმუშავა, რითიც წარმოების ხარჯის 28,1% დაფარა.[27] მსოფლიოში ფილმის ჩვენება დაიწყო 1999 წლის 12 თებერვალს, ევროპული პრემიერა კი დანიაში შედგა.[31] მსოფლიოში ამერიკულმა ისტორიამ 17,155,263% გამოიმუშავა. მთლიანობაში, შემოსავალმა 23,875,127$ შეადგინა.[27]
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატიის ეს განყოფილება ჯერ დაწერილი არ არის. ვიკიპედიის ერთ-ერთი მომხმარებლის აზრით, ამ ადგილას უნდა იყოს სპეციალური განყოფილება. |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- „ამერიკული ისტორია X“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ამერიკული ისტორია X — allmovie.com
- „ამერიკული ისტორია X“ — Metacritic-ზე
- ამერიკული ისტორია X — Rotten Tomatoes
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Google-ში ძიებისას ყველა საიტზე ფილმის სახელია ამერიკული ისტორია X
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 American History X (1998) — Box Office Mojo
- ↑ 2.0 2.1 2.2 American History X. About the Production დაარქივებული 2012-04-08 საიტზე Wayback Machine. (англ.). edward-norton.org. Проверено 19 апреля 2012..
- ↑ American History X (1998) (англ.). rottentomatoes.com. Проверено 19 апреля 2012.
- ↑ 4.0 4.1 Janet Maslin. American History X (1998). FILM REVIEW; The Darkest Chambers of a Nation's Soul (англ.). nytimes.com (28 октября 1998 года). Проверено 20 апреля 2012.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Awards for American History X (1998) (англ.). imdb.com. Проверено 14 апреля 2012. .
- ↑ American History X: Critic Score (англ.). metacritic.com. Проверено 23 апреля 2012..
- ↑ 7.0 7.1 James Berardinelli. American History X. A Film Review by James Berardinelli (англ.). reelviews.net. Проверено 24 апреля 2012. .
- ↑ 500 Greatest Movies of All Time(англ.). empireonline.com. Проверено 19 апреля 2012..
- ↑ Top 250 movies as voted by our users (англ.). imdb.com. Проверено 26 апреля 2012. .
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Taglines for American History X (англ.). imdb.com. Проверено 26 апреля 2012. .
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 IMDb — American History X (1998) — Trivia (англ.). imdb.com. Проверено 26 апреля 2012..
- ↑ 500 Greatest Movies of All Time (англ.). empireonline.com. Проверено 19 апреля 2012.Архивировано из первоисточника 3 июня 2012.
- ↑ 13.0 13.1 Roger Ebert. American History X დაარქივებული 2012-11-05 საიტზე Wayback Machine. (англ.). rogerebert.suntimes.com (30 октября 1998 года). Проверено 19 апреля 2012.
- ↑ 14.0 14.1 Todd McCarthy. American History X (Drama) (англ.). webcitation.org (22 октября 1998 года). Проверено 5 мая 2012.
- ↑ 15.0 15.1 Головная боль Тони Кэя | Журнал о кино Lumiere. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-21. ციტირების თარიღი: 2017-02-22.
- ↑ Racist Acronyms: DOC - From A Visual Database of Extremist დაარქივებული 2012-08-15 საიტზე Wayback Machine. (англ.). adl.org. Проверено 5 мая 2012..
- ↑ American History X - David McKenna (англ.). generationterrorists.com. Проверено 5 мая 2012..
- ↑ American History X Filming Locations (англ.). movielocationsguide.com. Проверено 15 апреля 2012.
- ↑ Edward Norton Biography დაარქივებული 2012-06-03 საიტზე Wayback Machine. (англ.). edward-norton.org. Проверено 20 апреля 2012. .
- ↑ Edward Furlong (англ.). imdb.com. Проверено 20 апреля 2012. Архивировано из первоисточника 3 июня 2012.
- ↑ 21.0 21.1 Актеры против режиссёров: самые громкие голливудские скандалы. aif.ru (29 июля 2011 года). Проверено 15 апреля 2012. .
- ↑ 22.0 22.1 Tony Kaye. Film:Losing it - Tony Kaye falls out with Hollywood (англ.). guardian.co.uk (25 октября 2002 года). Проверено 5 мая 2012. .
- ↑ Sheila Johnston. History lessons. Time Out, March 24-31, 1999 დაარქივებული 2012-04-21 საიტზე Wayback Machine. (англ.). edward-norton.org. Проверено 24 апреля 2012. .
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 Адекватные переводы: American History X დაარქივებული 2014-07-24 საიტზე Wayback Machine. . zavgorodny.com.ua. Проверено 15 апреля 2012..
- ↑ Scott Tobias. American History X: The New Cult Canon (англ.). avclub.com (22 июля 2010 года). Проверено 19 апреля 2012. .
- ↑ Mitchell Warren. Urban Legends of Cinema #2: The 4 Best Alan Smithee Films დაარქივებული 2011-02-15 საიტზე Wayback Machine. (англ.). miamipoetryreview.com (7 апреля 2008 года). Проверено 15 апреля 2012. .
- ↑ 27.0 27.1 27.2 American History X — Box Office Mojo (англ.). boxofficemojo.com. Проверено 27 апреля 2012..
- ↑ 28.0 28.1 28.2 28.3 American History X — Box Office Data (англ.). the-numbers.com. Проверено 27 апреля 2012..
- ↑ Weekend Domestic Box Office Chart for November 20th, 1998 (англ.). the-numbers.com. Проверено 27 апреля 2012. .
- ↑ Daily Domestic Box Office Chart for Monday November 23rd, 1998 (англ.). the-numbers.com. Проверено 27 апреля 2012. .
- ↑ Release dates for American History X (англ.). imdb.com. Проверено 20 апреля 2012. .