ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
ამალია ჰესენ-დარმშტადტელი | |
---|---|
სრული სახელი
ფრედერიკა ამალია | |
წოდებები
ბადენის ჰერალდიტარული პრინცესა | |
დაიბადა |
20 ივნისი, 1754 პრენცლაუ, გერმანია |
გარდაიცვალა |
21 ივნისი, 1832, (78 წლის) კარლსრუე, გერმანია |
საგვარეულო | ჰესენ-დარმშტადტი |
მეუღლე(ები) |
კარლ ლუდვიგ ბადენელი (ქ. 1774 - გარდ. 1801) |
შვილ(ებ)ი |
კაროლინა, ბავარიის დედოფალი ლუიზა, რუსეთის იმპერატრიცა ფრედერიკა, შვედეთის დედოფალი მარია, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია კარლი, ბადენის დიდი ჰერცოგი ვილჰელმინა, ჰესენის დიდი ჰერცოგინია |
მამა | ლუდვიგ IX, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი |
დედა | კაროლინა ცვაიბრიუკენელი |
რელიგია | ლუთერანობა |
ამალია ჰესენ-დარმშტადტელი (გერმ. Amalie von Hessen-Darmstadt; დ. 20 ივნისი, 1754, პრენცლაუ, გერმანია ― გ. 21 ივნისი, 1832, კარლსრუე, გერმანია) ― ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ IX-ისა და კაროლინა ცვაიბრიუკენელის ასული. ბადენის პრინც კარლ ლუდვიგის მეუღლე. ბავარიის დედოფალ კაროლინას, შვედეთის დედოფალ ფრედერიკასა და რუსეთის იმპერატრიცა ელიზაბეტა ალექსეევნას დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამალია დაიბადა 1754 წლის 20 ივნისს პრენცლაუში. იგი იყო ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ IX-ისა და მისი ცოლის, კაროლინა ცვაიბრიუკენელის ქალიშვილი. იგი დარმშტადტში იზრდებოდა დებთან ერთად და იღებდა სტანდარტულ განათლებას.
1772 წელს ამალია თავის დებთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გააგზავნეს, რათა ერთ-ერთი მათგანი იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ერთადერთ ძეზე, ცარევიჩ პავლეზე დაქორწინებულიყო. ცარევიჩმა თავის საცოლედ ამალიას და, ვილჰელმინა აარჩია, დანარჩენები კი უკან დაბრუნდნენ, დარმშტადტში.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკვე 1775 წლის 15 ივლისს ამალია მიათხოვეს მის მამიდაშვილს, პრინც კარლ ლუდვიგ ბადენელს, რომელიც იყო ბადენის დიდ ჰერცოგ კარლ ფრიდრიხისა და კაროლინა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელის უფროსი ვაჟი. ამალია ქორწინებით არც ისე კმაყოფილი იყო, თუმცა 1783 წლიდან, დედამთილის გარდაცვალების შემდეგ იგი ბადენის სამეფო კარის პირველი ქალბატონი გახდა.
1801 წელს ამალია მეორედ ეწვია რუსეთს, თუმცა ამჯერად უკვე თავისი ქალიშვილის, იმპერატრიცა ელიზაბეტა ალექსეევნას (ქალიშვილობაში ლუიზა ბადენელი) მოსანახულებლად, იქიდან კი შვედეთში გადავიდა, რომლის დედოფალიც ასევე მისი ასული ფრედერიკა იყო. ამალია შვედეთში დიდი ხნით დარჩა, სადაც იგი დროტინგჰოლმის სასახლეში დააბინავეს. ამ ვიზიტისას იგი ერთობ დაუახლოვდა მეფის ბიცოლას, ჰერცოგინია ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელს, რაც მის სიძეს დიდად არ მოეწონა, რამეთუ ბიძასა და ბიცოლასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
უკვე 1801 წლის დეკემბერში ამალიას მეუღლე გარდაიცვალა, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა შვედეთი, მაგრამ მის დაკრძალვას ვერ ჩაუსწრო და ბადენში მხოლოდ 1802 წელს ჩავიდა. უკვე 1803 წელს თავად ამალიამ უმასპინძლა ბადენში შვედეთის სამეფო ოჯახს.
როგორც ნაპოლეონ ბონაპარტის დიდი მოწინააღმდეგე, ამალია ეწინააღმდეგებოდა თავისი ერთადერთი ვაჟის ქორწინებას ნაპოლეონის ცოლის, იმპერატრიცა ჟოზეფინას ნათესავ სტეფანია დე ბოარნეზე. მას შემდეგ, რაც 1806 წელს მათი ქორწინება მაინც შედგა, ამალიამ პროტესტის ნიშნად დატოვა კარლსრუეს სამეფო კარი და კრაიხგაუში გადავიდა. იმავდროულად იგი ყველანაირად ცდილობდა თავისი ქალიშვილი ფრედერიკა დაერწმუნებინა და შვედეთი რუსეთის მსგავსად ნაპოლეონის წინააღმდეგ ჩაეთრია ომში.
1809 წელს ფრედერიკაცა და მისი ქმარიც დაამხეს შვედებმა, რის შემდეგაც ისინი ამალიამ შეიფარა ბადენში. 1811 წელს ამალია დიდად ცდილობდა ხელი შეეშალა ფრედერიკასა და გუსტავ ადოლფის განქორწინებისათვის, თუმცა ამაოდ. მათი განქორწინების შემდეგ კი მათი შვილების აღზრდა თავად ამალიამ იკისრა. იგი გამუდმებით ჩააგონებდა თავის შვილიშვილებს, რომ შვედეთის ტახტი მათ ეკუთვნოდა და უნდა ებრძოლათ მის დასაბრუნებლად, რამაც მართლაც იმოქმედა მათ შემდეგ ნაბიჯებზე გავლენა. 1815 წელს გამართულ ვენის კონგრესზე ამალიამ მოახერხა თავის სიძეზე, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ზე გავლენის მოხდენის გზით ბადენისათვის მიწები შეენარჩუნებინა.
ამალია გარდაიცვალა 1832 წლის 21 ივნისს კარლსრუეში, 78 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Eckhart G. Franz (Hrsg.): Haus Hessen. Biografisches Lexikon. (= Arbeiten der Hessischen Historischen Kommission N.F., Bd. 34) Hessische Historische Kommission, Darmstadt 2012, ISBN 978-3-88443-411-6, Nr. HD 53, S. 324–325 (Eckhart G. Franz).
- Anna Schiener: Markgräfin Amalie von Baden (1754–1832). Verlag Friedrich Pustet, Regensburg 2007, ISBN 978-3-7917-2046-3.
- Ilona Scheidle: "Einziger Mann Badens" in Auseinandersetzung mit Napoleon. Markgräfin Amalie von Baden (1754–1832). In: Heidelbergerinnen, die Geschichte schrieben. München 2006, S. 51–63