შინაარსზე გადასვლა

ფარდობითობის თეორია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარდობითობის თეორია — ფიზიკური თეორია, რომელიც შეისწავლის სივრცისა და დროის თვისებებს. ფარდობითობის თეორია კვანტურ მექანიკასთან ერთად თანამედროვე ფიზიკის საფუძველია. იგი ჩამოყალიბდა იმ ღრმა წინააღმდეგობათა გადალახვის შედეგად, რომლებიც წარმოიშვა კლასიკურ ფიზიკაში მექანიკური და ელექტრომაგნიტური მოვლენების თეორიების, როგორც ერთმანეთთან, ისე ექსპერიმენტთან შეთანხმების დროს. ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად აუცილებელი გახდა კლასიკური ფიზიკის ფუნდამენტური ცნებებისა და დებულებების შეცვლა. ეს ცვლილებები განსაკუთრებით შეეხო ჩვენს წარმოდგენებს სივრცესა და დროზე და მათთან მატერიის კავშირს. ფარდობითობის თეორიამ გამოააშკარავა მოძრავი ობიექტის სივრცული და დროითი მახასიათებლების დამოკიდებულება ათვლის სისტემის მიმართ ამ ობიექტის სიჩქარეზე და შემოიღო სივრცისა და დროის ერთიანი ოთხგანზომილებიანი კონტინუუმი – სივრცე–დრო. ყველა პროცესისათვის სივრცულ–დროითი კანონზომიერებანი ერთნაირია, რაც საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ სივრცე–დროის თვისებებზე. ფარდობითობის ზოგადი თეორია, ანუ გრავიტაციის თეორია, სივრცულ–დროით თვისებებს შეისწავლის გრავიტაციულ ველში. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამ თვისებებს ისეთი მიახლოებით იკვლევს, როდესაც შესაძლებელია გრავიტაციული ეფექტების უგულვებელყოფა. მაშასადამე, ეს თეორია ფარდობითობის ზოგადი თეორიის კერძო შემთხვევაა. ფარდობითობის სპეციალურ თეორიას ხშირად აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, ან მოკლედ ფარდობითობის თეორიას უწოდებენ.