სამცხე
სამცხე | |
---|---|
ხერთვისის ციხე | |
კუთხის ცენტრი | ახალციხე |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | 3 |
ფართობი | 2 336 |
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში | |
სამცხე — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით — არსიანის მთები, ჩრდილოეთით — ფერსათის მთები, სამხრეთით — ერუშეთის მთები, კასრისსერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით — ჭობისხევი.
სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყურის ციხე (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის — სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა — ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი. მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266 წელს მთავარი სარგის ჯაყელი „ხასინჯუს“ სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII—XIV საუკუნეები სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექას და აღბუღას სამართალი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო — აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.
სამცხე XIV—XVII საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-1829 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები — ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის წლებამდე), თბ., 1975;
- ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 47-48.