შინაარსზე გადასვლა

ხუანა I შეშლილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუანა I
ბურგუნდიის, ლუქსემბურგის, ნემურის, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგინია, ნევერის, არტუას, შაროლუას, ფლანდრიის, ჰოლანდიის, ფრიზიის, ზელანდიისა და ენოს გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 20 ოქტომბერი, 1496
მმართ. დასასრული: 25 სექტემბერი, 1506
წინამორბედი: მარგარეტ იორკელი
მემკვიდრე: ისაბელ პორტუგალიელი
არაგონის, ვალენსიის, მაიორკის, სიცილიის, სარდინიისა და ნეაპოლის დედოფალი, ბარსელონას გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 23 იანვარი, 1516
მმართ. დასასრული: 12 აპრილი, 1555
წინამორბედი: ფერდინანდ II
მემკვიდრე: კარლ I
კასტილიისა და ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 26 ნოემბერი, 1504
მმართ. დასასრული: 12 აპრილი, 1555
წინამორბედი: ისაბელ I
მემკვიდრე: კარლ I
სხვა წოდებები: ჯირონას პრინცესა
ასტურიის პრინცესა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1479
დაბ. ადგილი: ტოლედო, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 12 აპრილი, 1555, (75 წლის)
გარდ. ადგილი: ტორდესილასი, ესპანეთი
მეუღლე: ფილიპე I ლამაზი
შვილები: 1.ელეონორი, საფრანგეთის დედოფალი
2. კარლ I, ესპანეთის მეფე
3.იზაბელა, დანიის დედოფალი
4.ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
5.მარია, უნგრეთის დედოფალი
6.ეკატერინე, პორტუგალიის დედოფალი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ფერდინანდ II, არაგონის მეფე
დედა: ისაბელ I, კასტილიის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ხუანა I შეშლილი (ესპ. Joanna I la Locca; დ. 6 ნოემბერი, 1479 – გ. 12 აპრილი, 1555) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის დედოფალ ისაბელ I-ისა და მისი მეუღლის, არაგონის მეფე ფერდინანდ II-ის შუათანა ქალიშვილი. 1496 წლის 20 ოქტომბერს მიათხოვეს ბურგუნდიის ჰერცოგს, ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელ ფილიპე I-ს. 1497 წელს გარდაიცვალა მისი ძმა, ასტურიის პრინცი ხუანი, 1498 წელს კი გარდაიცვალა მისი უფროსი და ისაბელა, რის შემდეგაც ხუანა ასტურიის პრინცესა, ანუ კასტილიისა და არაგონის ტახტის მემკვიდრე გახდა. 1504 წელს, ისაბელ I-ის გარდაცვალებით ხუანა კასტილიის დედოფალი გახდა, თავის ქმართან ერთად, რითაც კასტილიაში ჰაბსბურგთა დინასტია გამეფდა. 1506 წელს ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ ხუანა ჭკუიდან შეიშალა. მან კუბოში ჩასვენებული მეუღლე მთელს ესპანეთს შემოატარა და მისი დამარხვის ნებას არავის რთავდა, პერიოდულად კი კუბოს ხსნიდა და მასთან წვებოდა. 1516 წლამდე ქვეყანას მამამისი მართავდა, მას შემდეგ კი რაც ფერდინანდიც დაიღუპა, ხუანა არაგონის დედოფალიც გახდა. ხუანა მისმა ვაჟმა კარლ I-მა მონასტერში გამოამწყვდია და მის ნაცვლად დაიწყო ქვეყნის მართვა. შეშლილმა ხუანამ სიცოცხლის ბოლო წლები სრულ სიმარტოვეში გაატარა და 75 წლის ასაკში გარდაიცვალა მონასტერში გამოკეტილი.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხუანა მშობლებთან ერთად

ხუანა დაიბადა 1479 წლის 6 ნოემბერს, კასტილიის დედაქალაქ ტოლედოში. იგი იყო კასტილიის დედოფალ ისაბელ I-ისა და მისი მეუღლის, არაგონის მეფე ფერდინანდ II-ის მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. მას მრგვალი სახე, თეთრი კანი, ცისფერი თვალები და ქერა-წითელი თმა ჰქონდა, ზუსტად ისე როგორც დედამისსა და მის დას, პრინცესა კატალინას. მისი უფროსი და-ძმა იყვნენ პორტუგალიის დედოფალი ისაბელა არაგონელი და ასტურიის პრინცი ხუან არაგონელი, ხოლო უმცროსი დები იყვნენ პორტუგალიის დედოფალი მარია არაგონელი და ინგლისის დედოფალი კატალინა არაგონელი.

ხუანა ჭკვიანი, გულმოდგინე შვილი და კარგი მოსწავლე იყო. იგი ბავშვობიდანვე ემზადებოდა საზღვარგარეთ გასათხოვებლად. მას პატარაობიდანვე ჩააგონებდნენ, რომ უნდა გათხოვილიყო რათა მისი ქორწინებით მის ოჯახს ალიანსი შეექმნა, რაც გააფართოვებდა მათ სამეფო ძალაუფლებას, მოუტანდათ მშვიდობას, უსაფრთხოებას და მეტ სიმდიდრეს. იგი არასდროს არ განიხილებოდა როგორც ტახტის მემკვიდრე, ვინაიდან მის მშობლებს ვაჟიც ჰყავდათ და ხუანაზე უფროსი ქალიშვილიც. მისი საგანმანათლებლო საგნები იყო სისხლისა და სამოქალაქო სამართალი, გენეოლოგია, ჰერალდიკა, ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენები, გრამატიკა, მათემატიკა, ფილოსოფია, რელიგია, წერა, კითხვა და მართლწერა. მას ძალიან უყვარდა კითხვა და ლიტერატურა, თუმცა მისი მშობლები მას მხოლოდ სასულიერო, ან კათოლიკეთა მიერ დაწერილი წიგნების წაკითხვის ნებას რთავდნენ.

გარდა ზემოთ აღნიშნული ზოგადი განათლებისა, ინფანტა ხუანა იღებდა სამეფო კარის განათლებას. ეს მოიცავდა სამეფო კარის ეტიკეტს, ცეკვას, ხატვას, ჯირითს, კარგ მანერებს, მუსიკას, ქარგვას, კემსვას და კერვას. მან იბერიის ნახევარკუნძულზე გავრცელებული ყველა ენა იცოდა, იცოდა ესპანური, გალისიური, ბასკური, არაგონული, კატალონიური, პორტუგალიური და ლეონური, ამას გარდა კარგად ფლობდა ფრანგულ და ლათინურ ენებსაც. იგი ასევე შესანიშნავი მონადირე და მუსიკოსი იყო, უკრავდა გიტარასა და კლავიკორდზე.

აჯანყება დედამისის კათოლიციზმის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა ხუანამ, სხვა და-ძმებისაგან განსხვავებით კათოლიკობის მიმართ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება გამოავლინა. ამან დედოფალი ისაბელი გააოცა, რომელიც ფანატიკოსი კათოლიკე იყო, 1478 წლიდან ესპანეთში ინკვიზიციას უმკაცრესად ასრულებდა და შვილებსაც ფანატიკოსებად ზრდიდა (რაც სხვა შვილების შემთხვევაში გამოუვიდა). ესპანეთში რელიგიისადმი ასე მკრეხელურად განწყობილი ადამიანები უკიდურესი სიმკაცრით ისჯებოდნენ. ხელ-ფეხს კვეთდნენ, შიშველს ეკლებიან სკამზე აბამდნენ, ნაწილებს აგლეჯდნენ, ცოცხლად მარხავდნენ და ა.შ. მხოლოდ ისაბელ I-ს მმართველობისას ამის გამო ესპანეთში 2 000-ზე მეტი ადამიანი დაწვეს ცოცხლად, კიდევ უფრო მეტი კი აწამეს და სამუდამოდ ციხეში გამოკეტეს. მხოლოდ ისინი გადაურჩნენ ინკვიზიციის რისხვას, რომლებმაც საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში დროულად გაქცევა მოახერხეს. ისაბელის აზრით, ღმერთი ყველა ქვეყანას მიწასთან გასწორებდა, რომელშიც ერთი ერეტიკოსი მაინც დააბიჯებდა. ხუანა ყოველივე ამის წინააღმდეგ სრულიად უშიშრად გამოდიოდა და ერეტიკოსთა შებრალებას მოითხოვდა.

1496 წელს გაფორმებული ხუანასა და ფილიპეს საქორწინო კონტრაქტი

1496 წელს ხუანა დანიშნეს ბურგუნდიის ჰერცოგ და ჩვიდმეტი პროვინციის მონარქ ფილიპე ჰაბსბურგზე, რომელიც საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი, იმ დროისათვის უკვე განსვენებული მეუღლის, ჰერცოგინია მარია ბურგუნდიელის ვაჟი იყო. ქორწინება ისტორიაში პირველი იყო, რომელიც ჰაბსბურგებსა და ტრასტამარებს შორის უნდა მომხდარიყო. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა ესპანელებისა და გერმანელების გაერთიანებას საფრანგეთის წინააღმდეგ.

თავდაპირველად ხუანა და ფილიპე მარიონეტულად დაქორწინდნენ, ფილიპეს როლი კი სხვა კაცმა მოირგო. მარიონეტული ქორწინების შემდეგ, 1496 წლის აგვისტოში ხუანა ჩრდილოეთ ესპანეთში, ლარენდოს პორტში ჩავიდა, საიდანაც ფილიპისკენ გაემგზავრა. მოგვიანებით სწორედ აქ, 1506 წელს შეხვდა თავის ქვრივ უელსის პრინცესა დას კატალინა არაგონელს.

ხუანა 1496 წელს

ხუანამ თავის ახალ სამფლობელოებში, ანუ ქვემო ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყო, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგის, ჩრ. საფრანგეთსა და დას. გერმანიას. მან ზემოთ ხსენებული მოგზაურობა 1496 წლის 22 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბრამდე განაგრძო. ამავე წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ლაირში შედგა ფილიპესა და ხუანას ქორწინება. 1498-1507 წლებში ხუანამ ფილიპესაგან ექვსი შვილი გააჩინა, ოთხი გოგონა და სამი ვაჟი, რომელთაგან ყველამ მიაღწია სრულწლოვანებამდე, მათგან ყველა მომავალში დედოფალი, მეფე ან იმპერატორი გახდა.

1496 წელს ხუანას უფროსი ძმა, ტახტის მემკვიდრე ხუან არაგონელი გარდაიცვალა, 1498 წელს კი მშობიარობას გადაჰყვა ხუანას უფროსი და ისაბელა არაგონელი, რის შემდეგაც ხუანა ყველა ესპანური და არა მხოლოდ ესპანური სამეფოს ტახტის მემკვიდრე გახდა. ხუანას მხოლოდ ორი და ჰყავდა — მარია და კატალინა — რომლებიც მასზე სამი და ექვსი წლით უმცროსნი იყვნენ. აქედან გამომდინარე, ხუანას ტახტზე მოცილე არ ეყოლებოდა.

1502 წელს კასტილიის პარლამენტმა აღიარა, რომ ისაბელ I-ის გარდაცვალების შემდეგ ხუანა კასტილიის სუვერენული დედოფალი, ხოლო ფილიპე მისი კონსორტი გახდებოდა. ასევე 1502 წელს ხუანამ არაგონის დედაქალაქ სარაგოსაში მემკვიდრის ფიცი დადო. სარაგოსას არქიეპისკოპოსმა იმედი გამოთქვა, რომ ხუანა მაინც აღმოფხვრიდა ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას.

1502 წელი ხუანამ და ფილიპემ მთლიანად ესპანეთში გაატარეს, თუმცა ფილიპეს დიდხანს არ შეეძლო თავისი სამმართველოს დატოვება, რის გამოც იგი მომდევნო წელს ბურგუნდიაში გაბრუნდა, ორსული ხუანა კი ესპანეთში დატოვა. მალე ხუანამ მათი მეოთხე შვილი გააჩინა. ბავშვი ვაჟი იყო, რომელსაც მამის პატივსაცემად ხუანამ ფერდინანდი დაარქვა, რომელიც შემდგომში საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ I გახდა.

დედოფალი ხუანა 1500 წელს ფლანდრიაში

კასტილიის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1504 წლის ნოემბერში ხუანას დედა, კასტილიისა და ლეონის დედოფალი ისაბელ I გარდაიცვალა, რის შემდეგაც ხუანა კასტილიისა და ლეონის დედოფალი, ხოლო ფილიპე ჯერჯერობით მისი მეფე-კონსორტი გახდა. ცოლის გარდაცვალებასთან ერთად ფერდინანდ II-მ კასტილიაში ყველანაირი გავლენა დაკარგა, თუმცა ხუანამ მამას ნება დართო, რომ მისი არ ყოფნისას ქვეყანა მას ემართა, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ სანამ ხუანას 20 წელი შეუსრულდებოდა, კასტილია ფერდინანდს უნდა ემართა.

ფერდინანდმა კასტილიის ერთპიროვნულ მმართველობაზე უარი თქვა და 1505 წლიდან ხუანას თანამმართველი გახდა. მათ გამოსცეს ახალი ოქროს მონეტები, რომლებზეც ხუანა და ფერდინანდი ერთად არიან გამოსახულები. ამავე წლის დასასრულს ხუანას ფსიქიკური აშლილობა დაეწყო, რის გამოც ფერდინანდმა განაცხადა, რომ ქალიშვილის ნაცვლად კასტილიას თავად მართავდა, როგორც ხუანას მეურვე.

ფერდინანდის ამგვარი გაძლიერება ხუანასა და ფილიპეს ძალიან აღიზიანებდათ, რის გამოც ხუანას დასახმარებლად ფილიპე ბურგუნდიიდან კასტილიაში გაემგზავრა. ამ ყოველივემ კასტილიაში სამოქალაქო ომის დაწყება განაპირობა, რის გამოც ხუანა და ფილიპე 1506 წლის 21 აპრილამდე ინგლისში გამგზავრნენ ხუანას დასთან, უელსის პრინცესა კატალინა არაგონელთან. ფერდინანდმა კი ამის საპასუხოდ საფრანგეთთან გააფორმა ალიანსი და ცოლად ლუი XII-ის დის შვილი, პრინცესა ჟერმენა დე ფუა შეირთო.

ფილიპემ აჯანყებული ანდალუსიელები მოისყიდა, მათ იარაღი დაურიგათ და ფერდინანდის წინააღმდეგ მიმართა. 26 აპრილს ხუანა კასტილიაში დააბრუნდა სადაც მას მთელი კასტილიური არისტოკრატია მიეგება, რომელთაც არაგონელი კაცის მმართველობა არ მოსწონდათ. მაგრამ ამ დროს კიდევ ერთი რამ მოხდა. ფილიპემ და ფერდინანდმა საიდუმლოდ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხუანა ჭკუიდან შეშლილი იყო და არ შეეძლო ქვეყნის მართვა, რის გამოც ამ ვალდებულებას თავის თავზე თავად იღებდნენ. თუმცა დადებული შეთანხმება ფერდინანდმა მეორე დღის შუადღესვე გააუქმა, რადგან განაცხადა, რომ ეს ხუანას ტახტი იყო და მისი წართმევა არაფრით არ შეიძლებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ფილიპეს თავად სურდა კასტილიაში გამეფება, რის გამოც ძალღონეს არ იშურებდა. საბოლოოდ ფილიპემ ხუანაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა და 1506 წლის 27 ივნისს ფილიპე I კასტილიისა და ლეონის მეფე გახდა.

ფილიპეს გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხუანა და ფილიპე კასტილიის სამეფო ტახტზე

ხუანა I-მა და ფილიპე I-მა ერთობლვი მეფობა დაიწყეს. ამიტომაც ფერდინანდი მათთვის უკვე აღარ იყო საჭირო. თუმცაღა მათი ეს შეხმატკბილებული მმართველობა სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა.

1506 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ბურგოსში ხუთდღიანი მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ ფილიპე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ტიფური ცხელება დასახელდა, თუმცა ძალიან ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი ფერდინანდმა მოწამლა, რომელსაც სძულდა ჰაბსბურგებიც და ყველა სხვა უცხოური დინასტია. ფილიპეს გარდაცვალებისას ხუანა მეექვსე ბავშვზე იყო ორსულად. მან 1507 წლის 14 იანვარს გოგონა გააჩინა, სახელად ეკატერინე, რომელიც შემდგომში პორტუგალიის დედოფალი გახდა.

საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ ფსიქიკურად ისედაც არამდგრად ხუანაზე დამღუპველი შედეგები იქონია. ისტორიკოსთა უმრავლესობა ირწმუნება, რომ ამის შემდეგ იგი საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან. მან კუბოში ჩასვენებული ფილიპე მთელს ესპანეთს შემოატარა და მისი დაკრძალვის ნებას არავის აძლევდა. პერიოდულად იგი ფილიპეს კუბოს ახსნევინებდა და მასთან ერთად წვებოდა. იგი კუბოს მთელს ქვეყანაში დაატარებდა და ხალხს მის გლოვას აიძულებდა. თუმცა იმდენად ეჭვიანობდა, უკვე გარდაცვლილ ფილიპეზეც, რომ არცერთ მანდილოსანს არ უშვებდა მის კუბოსთან. ასევე სასტიკად აკრძალა გარდაცვლილი ფილიპეს სხეულის ბალზამირება. როგორც ცნობილია, ხუანა ფილიპეს გვამს სამი წლის მანძილზე დაატარებდა ქალაქიდან ქალაქში. როგორც გამოკვლევებით დასტურდება, ხუანა ტიპური შიზოფრენიით იყო დაავადებული და ასევე ისტორიკოსთა მოსაზრებით იგი ნეკროფილიც იყო.

შეშლილ ხუანას ნათესავებმა შვილები გაარიდეს და ისინი ფილიპეს მშობლიურ მხარეში, ფლანდრიაში წაიყავნეს აღსაზრდელად. ხუანა კი ყველანაირად ცდილობდა თავისი უფლებები დაეცვა კასტილიის ტახტზე. ფერდინანდ II კი არაგონში რჩებოდა და შორიდან უყურებდა კასტილიაში მიმდინარე მოვლენებს.

დედოფლის არანორმალური ბრძანებების წინააღმდეგ გალაშქრება ცისნეროს არქიეპისკოპოსმა და მისმა თანამოაზრეებმა სცადეს, თუმცა დედოფლის სიტყვას ვერ აჯობეს. სწორედ ამიტომ მათ დასახმარებლად ფერდინანდ არაგონელს მიმართეს. 1507 წელს ფერდინანდი კასტილიაში ჩავიდა რათა ხელისუფლება ხელში აეღო. ფერდინანდის ჩასვლას დაემთხვა შავი ჭირისა და შიმშილობის გავრცელება კასტილიაში. თუმცა ვინაიდან ახლა ხელისუფლება ჯანმრთელი კაცის ხელში აღმოჩნდა, კასტილიელებს იმედი მიეცათ.

1507 წლის 30 ივლისს ხუანა და ფერდინანდი ერთმანეთს შეხვდნენ. ფერდინანდმა ხუანასაგან რეგენტის წოდება მიიღო. ახლა უკვე ფერდინანდი იყო კასტილიის მმართველი. მან სამკაციანი სამეფო საბჭო შექმნა, რომელთან ერთადაც მართავდა ქვეყანას. აქედან მოყოლებული გარდაცვალებამდე, ხუანას დედოფლის მხოლოდ სახელიღა შერჩა. მას აღარც ძალაუფლება ჰქონდა და აღარც ყველაფერი დანარჩენი. საბუთებზეც კი, სადაც ხუანას ხელისმოწერა იყო საჭირო, ყოველთვის ფერდინანდი აწერდა. 1510 წელს ფერდინანდმა ხუანა სანტა კლარას მონასტერში გაუშვა, იმ იმედით, რომ ღვთის წიაღში გამოჯანმრთელდებოდა და ფილიპეს დამარხვის ნებას დართავდათ, თუმცა ასე არ მოხდა. მალე ხუანა ერთად სანტა კლარადან ტორდესილასში გამოამწყვდიეს, ფილიპეს ცხედარს კი ქრისტიანული წესით დაკრძალვა ეღირსა.

ესპანეთის პირველი მონარქი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაგონის მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ II არაგონელი 1516 წელს გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლო თვეებში ძალიან დარდობდა, რადგან მეორე ქორწინებიდან ვაჟის გაჩენა ვერ შეძლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ არაგონს თავის შეშლილ ქალიშვილ ხუანას უტოვებდა. ხუანას გარდაცვალების შემდეგ, ან მის სიცოცხლეშივე, ცხადია ესპანეთის ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება კი მოხერხდებოდა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ხუანას ვაჟი კარლ I ავიდოდა, რომელიც მას ფილიპესგან ჰყავდა. ფერდინანდს კარლის ისევე ეზიზღებოდა, როგორც მამამისი ფილიპე. ფერდინანდს ერჩივნა კარლის უმცროსი ძმა, პრინცი ფერდინანდი ასულიყო ტახტზე, რომელიც ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა, განსხვავებით კარლისგან, რომელიც გერმანიაში იზრდებოდა.

ფერდინანდის ანდერძის მიხედვით, არაგონის ტახტი ხუანასთან ერთად მის ვაჟს, კარლ I-საც რჩებოდა. ამრიგად კასტილია, ლეონი, არაგონი და მათი მთელი კოლონიები ერთიან ესპანეთად ჩამოყალიბდა. თუმცა კარლ I იშვიათად იყო ესპანეთში, იგი უფრო ხშირად ფლანდრიაში ან გერმანიაში იმყოფებოდა. ფერდინანდ II-ის მცდელობა, რომ ტახტზე ფერდინანდი ასულიყო არ გამოვიდა.

ვაჟი თანამმართველად

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1517 წლის ოქტომბერში ბისკაის ყურიდან კარლ I ესპანეთში ჩავიდა. 4 ნოემბერს ის და მისი და, პრინცესა ელეონორი ერთმანეთს შეხვდნენ. ამ დროს ხუანა უკვე ტორდესილასში იყო გამოკეტილი. მიუხედავად ხუანას გულწრფელი თხოვნისა, რომ გაენთავისუფლებინათ კარლმა ეს არ გააკეთა. კასტილიის სამეფო საბჭოს შეკრებაზე კარლმა განაცხადა, რომ ხუანას, მართალია ფორმალურად, მაგრამ მაინც უნდა ჰქონოდა დედოფლის წოდება, რაც მისი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

1519 წელს კარლმა არაგონი, კასტილია და მათ დაქვემდებარებაში შემავალი ყველა კოლონია ერთიან სახელმწიფოდ შეკრა. ამავე წელს გარდაიცვალა კარლის ბაბუა, ანუ ფილიპეს მამა მაქსიმილიან I, რის შემდეგაც კარლი საღვთო რომის იმპერატორიც გახდა. კარლმა საღვთო რომის იმპერიის მართვა, როცა ესპანეთში იყო თავის ძმას ფერდინანდს ჩააბარა, ხოლო როცა გერმანიაში იყო ესპანეთს მისი ცოლი, დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი მართავდა. ამ დროს კი ხუანა უკვე აღარავის ახსოვდა.

კომუნეროსის აჯანყება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1520 წელს კასტილიაში უცხოელი ჰაბსბურგების წინააღმდეგ კომუნეროსის აჯანყება მოეწყო, რომლის ლიდერებიც კარლს მოსთხოვდნენ ჭეშმარიტი კათოლიკე მონარქი (ანუ ხუანა) გაენთავისუფლებინა. როგორც შემდგომში გაირკვა, ამ აჯანყების მოთავე თავად ხუანა იყო. როგორც აღმოჩნდა, მას საღი აზროვნების უნარი კიდევ შერჩენოდა, რადგან აჯანყების მოწყობა, რომელიც მთელს ქვეყანას ჩაითრევს არც ისე მარტივია და ამას ჭკუიდან შეშლილი ადამიანი ვერ გააკეთებდა. რეალურად, ხუანა იმას ითხოვდა რაც მისი იყო, ესპანეთის მემკვიდრეობას, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. აჯანყებულებიც სწორედ ამას ამბობდნენ, რომ ლეგიტიმური დედოფლის გამოკეტვა და მისთვის ძალაუფლების წართმევა დაუშვებელია.

სამეფო საბჭოზე სერიოზულად განიხილეს, რომ ხუანა გაენთავისუფლებინათ და მისთვის ხელში ქვეყნის მართვის სადავეები კვლავ ჩაეგდოთ. თუმცა ამას რამდენიმე მომხრე ჰყავდა, ხმათა უმრავლესობით ხუანა კვლავ ტორდესილასში დარჩა. ამის შემდეგ კარლმა ხუანას გარკვეული თავისუფლება და ბრძანებების გაცემის ნება დართო, თუმცა მას ქვეყნის მართვა მაინც არ შეეძლო.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტორდესილასი, ადგილი სადაც ხუანა წლების მანძილზე იყო გამოკეტილი

კარლმა ერთიანი ესპანეთის მეფობა იგემა და მის დათმობას აღარ აპირებდა. მან საკუთარი დედა, ხუანა I ტორდესილასში სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტა, რამაც ხუანას მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. როგორც შემდგომში გაირკა, ხუანას რამდენიმე მონაზონთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომელთაც მის მოკვლას სთხოვდათ. მონაზვნებმა განაცხადეს, რომ ხუანას გამუდმებულად რაღაცის ეშინოდა, სიკვდილს ითხოვდა, საჭმელს რთულად აჭმევდნენ, ვერ იძინებდა და ტანსაცმელსაც ძალიან იშვიათად იცვლიდა. კარლმა კი განაცხადა, რომ ტორდესილასი ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც დედამისი უსაფრთხოდ და უზრუნველად იქნებოდა.

ხუანას მოსანახულებლად ძალიან იშვიათად, თუმცა მაინც დადიოდნენ მისი ქალიშვილები ელეონორი და ეკატერინე, რომლებიც ხუანას ცოტა მაინც უხალისებდნენ ტანჯულ ყოველდღიურობას. ხუანასთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა უკანასკნელი წლები, როდესაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ხუანა I 1555 წლის 12 აპრილს, წითელ პარასკევს გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. იგი ტორდესილასში ორმოცდაათი წლის მანძილზე იყო გამოკეტილი. საბოლოოდ იგი გრანადაში, კაპილა რეალში დაკრძალეს.

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი მეუღლე(ები) ტიტულები
ელეონორი 15 ნოემბერი, 1498 25 თებერვალი, 1558 59 წლის
  1. მანუელ I
  2. ფრანსუა I
პორტუგალიისა და

საფრანგეთის დედოფალი

კარლ V 24 თებერვალი, 1500 21 სექტემბერი, 1558 58 წლის ისაბელ

პორტუგალიელი

საღვთო რომის იმპერატორი,

გერმანიის, იტალიის,

ესპანეთის მეფე, ავსტრიის

ერცჰერცოგი და ჩვიდმეტი

პროვინციის მონარქი

იზაბელა 18 ივლისი, 1501 19 იანვარი, 1526 24 წლის კრისტიან II დანიის, ნორვეგიისა და

შვედეთის დედოფალი

ფერდინანდ I 10 მარტი, 1503 25 ივლისი, 1564 61 წლის ანა უნგრელი საღვთო რომის იმპერატორი,

ავსტრიის ერცჰერცოგი,

გერმანიის, უნგრეთის,

ხორვატიისა და ბოჰემიის

მეფე

მარია 18 სექტემბერი, 1505 18 ოქტომბერი, 1558 53 წლის ლაიოშ II უნგრეთის, ხორვატიისა და

ბოჰემიის დედოფალი,

ესპანური ნიდერლანდების

შტატჰალტერი

ეკატერინე 14 იანვარი, 1507 12 თებერვალი, 1578 71 წლის ჟუან III პორტუგალიისა და

ალგარვის დედოფალი

  • Bethany Aram, Juana the Mad: Sovereignty and Dynasty in Renaissance Europe (Baltimore, Johns Hopkins UP, 2005)p.37
  • Bergenroth, G A, Introduction. Letters, Despatches, and State Papers to the Negotiations between England and Spain. Suppl. to vols 1 and 2. London: Longmans, Green, Reader and Dyerm 1868, p.xxxiii
  • Gelardi, Julia P. (2009). In Triumph's Wake: Royal Mothers, Tragic Daughters, and the Price They Paid for Glory. St. Martin's Griffin.
  • Gelardi, p. 61
  • Bergenroth, G A, Introduction. Letters, Despatches, and State Papers to the Negotiations between England and Spain. Suppl. to vols 1 and 2. London: Longmans, Green, Reader and Dyerm 1868, p.xlii. https://archive.org/details/bub_gb_9q8MAQAAIAAJ
  • Bergenroth, G A. Introduction, Part 1, Calendar of State Papers, Spain; vol. 1, 1485-1509, (London, 1862), p.xlvii. British History Online http://www.british-history.ac.uk/cal-state-papers/spain/vol1
  • Bergenroth, G A, Introduction. Letters, Despatches, and State Papers to the Negotiations between England and Spain. Suppl. to vols 1 and 2. London: Longmans, Green, Reader and Dyerm 1868, p.xxxii
  • Ibid. p.xxix-xxx
  • Colmeiro, Manuel (1883). Cortes de los antiguos reinos de León y de Castilla. Madrid: Rivadeneyra.
  • Francisco Olmos, Estudio documental de la moneda castellana de Juana la Loca fabricada
  • Aram, Bethany. (1998) "Juana 'the Mad's' Signature: The Problem of Invoking Royal Authority, 1505-1507" Sixteenth Century Journal, 29(2), 331-358. doi:10.2307/2544520
  • Francisco Olmos, Estudio documental de la moneda castellana de Carlos I
  • Elliott, JH, Imperial Spain
  • Seaver, Henry Latimer (1966) [1928], The Great Revolt in Castile: A study of the Comunero movement of 1520–1521, New York: Octagon Books, p. 359
  • Waldherr, Kris (28 October 2008). Doomed Queens: Royal Women Who Met Bad Ends, From Cleopatra to Princess Di. Crown Publishing Group. p. 113. ISBN 978-0-7679-3103-8.
  • María A. Gómez; Santiago Juan-Navarro; Phyllis Zatlin (2008), Juana of Castile: history and myth of the mad queen (illustrated ed.), Associated University Presse, pp. 9, 12–13, 85, ISBN 9780838757048
  • Felipe I el Hermoso: La belleza y la locura. Madrid: Fundación Carlos de Amberes. 2006. ISBN 84-934643-3-3. Retrieved 19 March 2013.
  • Menéndez-Pidal De Navascués, Faustino (1999) El escudo; Menéndez Pidal y Navascués, Faustino; O'Donnell, Hugo; Lolo, Begoña. Símbolos de España. Madrid: Centro de Estudios Políticos y Constitucionales.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]