შინაარსზე გადასვლა

ნასაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნასაუ (მრავალმნიშვნელოვანი).
დედაქალაქი
ნასაუ
Nassau

სასტუმრო ატლანტისი
გერბი

ქვეყანა ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
კოორდინატები 25°04′00″ ჩ. გ. 77°20′00″ დ. გ. / 25.06667° ჩ. გ. 77.33333° დ. გ. / 25.06667; -77.33333
დაარსდა 1695
ფართობი 207 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
კლიმატის ტიპი ტროპიკული
მოსახლეობა 248 948 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 242
ოფიციალური საიტი http://www.nassauparadiseisland.com/
ნასაუ — ბაჰამის კუნძულები
ნასაუ

ნასაუბაჰამის კუნძულების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის კომერციული, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 248 948 ადამიანს, რაც მთლიანი ბაჰამის კუნძულების მოსახლეობის 70 %-ია. ქალაქის ცენტრიდან 16 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს ლინდელ-პინდლინგის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უდიდესია მთლიან ბაჰამაში. აეროპორტიდან ხორციელდება საერთაშორისო რეისები აშშ-ის ძირითადი ქალაქების, გაერთიანებულ სამეფოსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებით. დედაქალაქი მდებარეობს კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე, რომელიც ფინანსურ რაიონს წარმოადგენს. ნასაუში მდებარეობს ქვეყნის ასამბლეა და სასამართლო დეპარტამენტები. ისტორიულად, ქალაქი მეკობრეების მთავარ საყრდენად მიიჩნეოდა.[1]

ნასაუ დააარსეს ესპანელებმა 1695 წელს. ქალაქზე უდიდესი გავლენა მოახდინა ნიდერლანდელებისა და ფრანგების მცირეხნიანმა მმართველობამ. 1776 წელს ნასაუსთან გაიმართა ბრძოლა აშშ-ის ცამეტ კოლონიასა და ბრიტანეთის იმპერიას შორის, ეს ბრძოლა აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რიგითი ნაწილია.

ნასაუს ზრდა-განვითარება XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ ბაჰამებს მოაწყდა ათასობით ამერიკელი ლოიალისტი და აფრიკელი მონა. მრავალი მათგანი ნასაუში დასახლდა და ბოლოს მათ რაოდენობით ადგილობრივებსაც კი გადააჭარბეს.

ნასაუს მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება დასახლების არეალიც. დღეისათვის, ქალაქი ყველაზე დასახლებულია მთლიან კუნძულზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ნასაუს გარეუბნები სულ მცირედ იყო დასახლებული.

ბაჰამის დედაქალაქი მოქცეულია ტროპიკულ კლიმატურ სარტელში. ნასაუ საზღვაო გზებით უკავშირდება მაიამის, კუბასა და კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს. ქალაქში ყოველწლიური ნალექების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და 56,9 მმ-ს შეადგენს.

ვესლეიანის სამლოცველო და მისიის შენობები.[2]

წარსულში ნასაუს ჩარლზტაუნი ერქვა, რომელიც 1684 წელს ესპანელებმა გაანადგურეს. 1695 წელს ის აღადგინეს და ჰოლანდიელი შტატჰალტერისა და მომავალში ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის - უილიამ III-ის პატივსაცემად ნასაუ ეწოდა, რომელიც ორან-ნასაუს სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო.[3] 1703 წელს ესპანელთა და ფრანგთა გაერთიანებულმა ძალებმა ნასაუ მცირე ხნით დაიპყრეს.

1713 წლისთვის, მეჩხრად დასახლებული ბაჰამის კუნძულები მეკობრეთა ნამდვილი სამოთხე გახდა მათი მეთაურების - თომას ბაროუსა და ბენჯამინ ჰორნიგოლდისათვის. მათ ნასაუს მეკობრეთა რესპუბლიკა გამოაცხადეს, თავიანთ თავს კი „გუბერნატორებს“ უწოდებდნენ. მათ შეუერთდა ჩარლზ უეინი, ჯეკ რეკჰემი და ედუარდ ტიჩი, ზედმეტსახელად „შავწვერა“; მათთან იყვნენ ასევე ქალი მეკობრეები - ენ ბონი და მერი რიდი.

1718 წელს ბრიტანელებმა კუნძულების დაბრუნება და სამეფო გუბერნატორად კაპიტან ვუდს როჯერსის დანიშვნა განიზრახეს. მან წარმატებით დაამარცხა მეკობრეები, გაატარა რეფორმები და ააღორძინა ვაჭრობა. როჯერსმა გაასუფთავა ნასაუ და აღადგინა ციხესიმაგრე, რომელსაც პირად საკუთრებად იყენებდა. 1720 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა ესპანელების მიერ ნასაუს აღების მცდელობა.

1776 წელს ნასაუს ბრძოლა ამერიკელთა მიერ მისი ოკუპაციით დასრულდა, რამაც მცირე ხანს გასტანა და მხოლოდ ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდი მოიცვა. 1778 წელს, წინა ღამით განხორციელებული შეჭრის შემდეგ, ამერიკელებმა გემებით, დენთითა და სხვა სამხედრო არსენალით ნასაუ დატოვეს. 1782 წელს ესპანელებმა ნასაუ აიღეს, როდესაც კუბის გენერალ-გუბერნატორი დონ ხუან კახიგალი კუნძულ ნიუ-პროვიდენს 5 000 კაცით დაესხა თავს. მოგვიანებით, კუნძულზე ჩასახლებულმა ამერიკელმა ლოიალისტმა ენდრიუ დევომ 220 კაცითა და 150 მუშკეტერით 600 გაწვრთნილ ჯარისკაცთან დაპირისპირებით სცადა ნასაუს დაპყრობა. 17 აპრილს დევომ ესპანელებს იარაღის დაყრა აიძულა ისე, რომ არ მომხდარა ერთი გასროლაც კი.

1787-1796 წლებში კოლონიას მართავდა გრაფი ჯონ მიურეი.

ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ნასაუ კონტრაბანდისტთა პორტი იყო, როდესაც ისინი სამხრეთ ატლანტიკისაკენ მიცურავდნენ.

პრინც ჯორჯ ვარფის ნავმისადგომი ნასაუს პორტში.

ნასაუ მდებარეობს კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე და გააჩნია საკმაოდ მიმზიდველი ნავმისადგომი, ძველი მსოფლისა და კოლონიური არქიტექტურის ნარევით. ბაჰამის კუნძულების ტროპიკული კლიმატისა და ბუნების სილამაზის წყალობით, ნასაუ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ნასაუ უშუალოდ პორტს მიღმა არსებულ ტერიტორიაზე განვითარდა. კუნძულ ნიუ-პროვიდენსის ფართობი 200 კმ²-ია, რელიეფი ვაკის ტიპისაა, რომელიც ზოგან დასერილია დაბალი ქედებით. კუნძულის ცენტრში რამდენიმე წყალმარჩხი ტბა მდებარეობს.

აშშ-სთან სიახლოვის გამო (მაიამიდან 290 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით), ქალაქი პოპულარული დასასვენებელი ადგილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1963 წელს აშშ-მ კუბაში გამგზავრება აკრძალა. ყველაზე მეტი ტურისტი მოდის კუნძულ პარადაისის სიახლოვეს მდებარე სასტუმრო ატლანტისზე. აღნიშნული მეგა-მოსასვენებელი ადგილი 6 000 ბაჰამელს ასაქმებს და უდიდესი დამსაქმებელია მთავრობის შემდეგ.

ნასაუს კლიმატი ტროპიკულ-მუსონურია, შედარებით მდგრადი ამინდით მთელი წლის მანძილზე. ზაფხულში ტემპერატურა +32 °C-ს აღწევს, ზამთრის თვეებში კი 21 - 26 °C -ია, თუმცა იშვიათად ეცემა 10 °C-მდე.[4][5]

წლიური ამინდი — ნასაუ
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °F 78 78 80 82 85 88 90 90 89 86 82 79
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 63 63 64 67 71 74 75 75 75 73 69 65
ნალექი დუიმი 1.9 1.9 2.1 2.7 4.2 8.6 6.3 9.3 6.5 6.4 3.2 2
საშუალო მაღალი °C 25.4 25.5 26.6 27.9 29.7 31.0 32.0 32.1 31.6 29.9 27.8 26.2
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C 17.3 17.3 17.9 19.6 21.4 23.3 24.0 24.0 23.7 22.5 20.6 18.3
ნალექი მმ 47.2 49.5 54.4 69.3 105.9 218.2 160.8 235.7 164.1 161.8 80.5 49.8
წყარო: მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (გაერო),[6] ჰონგ-კონგის ობსერვატორია[7] {{{accessdate}}}
ზღვის საშუალო ტემპერატურა
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
73 °F

23 °C

73 °F

23 °C

75 °F

24 °C

79 °F

26 °C

81 °F

27 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

81 °F

27 °C

79 °F

26 °C

75 °F

24 °C

ურბანული განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გემები ნასაუს პორტში

XIX საუკუნის მანძილზე ნასაუმ მიიზიდა სოფლის მაცხოვრებლები და ურბანიზებული გახდა. 1950-იანი წლებიდან ზრდამ ქალაქის გარეუბნებში გადაინაცვლა. 1788 წლის ნასაუს შუაგულში, მთავრობის სახლსა და ნავმისადგომს შორის, განლაგებული იყო მხოლოდ შენობათა რამდენიმე კვარტალი, მაგრამ ქალაქი თანდათან გაიზარდა აღმოსავლეთით მალკოლმის პარკის, სამხრეთით ვულფ-როუდის გზისა და დასავლეთით ნასაუ-სტრიტის მიმართულებით. სამხრეთით მდებარე ორი პატარა ქალაქი შავკანიანთა მთავარ სამოსახლოდ იქცა და ჯერ კიდევ 30 წლის წინ ეს არეალი ქალაქის ყველაზე დასახლებული ნაწილი იყო.

თეთრკანიანების საცხოვრებელი ძირითადად იყო სანაპიროს გასწვრივ, აღმოსავლეთით ფორტ-მონტაგუმდე, დასავლეთით საუნდერსის პლაჟამდე და ქალაქის განაპირა ქედის გასწვრივ. XX საუკუნეში ქალაქი გაფართოვდა აღმოსავლეთით სასოფლო გზამდე, დასავლეთით კი შარლოტის ციხესიმაგრემდე და მუხების მინდვრამდე. საცხოვრებელი ტერიტორიის განვითარების ეს ნახევარწრე დასახლების მთავარ არეალს წარმოადგენდამდა. შედარებით მდიდარი მაცხოვრებლები აღმოსავლეთით და დასავლეთით გაფართოებას განაგრძობდნენ.

ბოლო 40 წლის მანძილზე, სამოსახლო არეალის განვითარება განსხვავებულად წარიმართა. იგი ძირითადად გათვლილი იყო საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებზე. 1960-იანი წლებიდან მთავრობამ დაიწყო დაბალფასიანი სახლების მშენებლობის დაფინანსება ქალაქის გარე ნაწილში - იელოუ-ელდერში, ელიზაბეთ-ესტეიტსა და პაინვუდის ბაღებში.

ბაჰამის კუნძულების პარლამენტის შენობა.

ნასაუს ცენტრი ყველანაირი საქმიანობის კვანძია. მას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს სავაჭროდ, სასადილოდ, ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებისა თუ ტროპიკული კლიმატით თავშესაქცევად. ცენტრის ყველაზე დატვრითული ნაწილია ბეი-სტრიტის ფართო ქუჩა და ვუდს-როჯერს-უოლკის ბულვარი, რომლებიც პორტიდან მომავალი ქუჩის კვეთასა და უბის პარალელურად მდებარეობს. ეს არეალი ყველა მიმართულებით რამდენიმე კვარტლად იშლება. იგი იწყება უესტ-ბეისთან, ჯუნჯანუს პლაჟის ირგვლივ. აქვე მდებარეობს რამდენიმე სასტუმრო და რესტორანი.

სხვა ღირსშესანიშნაობაა ბრიტანული კოლონიური სასტუმრო, რომელიც ბეი-სტრიტის დასასწყიში მდებარეობს. ნასაუს მეკობრეთა მუზეუმის ჯვარედინად მდებარეობს სასტუმრო ბრიტიშ კოლონიალ ჰილტონი. ბეი-სტრიტის სხვა რამდენიმე კვარტალში ჩამწკრივებულია ტანსაცმლის მაღაზიები, რამდენიმე რესტორანი და კლუბი.

მიმდებარე არეალში ასევე განლაგებულია ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის აუქციონის სახლი და ქრისტეს საკათედრო ტაძარი.

კეიბლ-ბიჩი აღიარებულია ნასაუს სასტუმროების რაიონად. ხმელეთის ამ ვიწრო ზოლზე მდებარეობს ხუთი უზარმაზარი სასტუმრო, კრისტალ-პალას კაზინოთი და ოქროს ქვიშებით. რესტორნების უდიდესი ნაწილი ან თავად სასტუმროებშია განთავსებული, ან ქუჩის გასწვრივ. ღამის ცხოვრება ნაკლებად განვითარებულია. ასევე მცირეა სავაჭრო ობიექტების რაოდენობა. კეიბლ-ბიჩის კომერციული მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული მოსასვენებელ და სამორინეს პროექტ ბაჰა-მარის განვითარებაზე, რომელსაც 2000-ზე მეტი სასტუმრო ოთახი და უდიდესი სათამაშო არეალი ექნება კარიბის ზღვის კუნძულ ნიუ-პროვიდენსის მონაკვეთში. მისი გახსნა 2014 წლის ბოლოსათვის იგეგმება.

ნასაუს ლინდელ-პინდლინგის საერთაშორისო აეროპორტი.

ლინდელ-პინდლინგის საერთაშორისო აეროპორტი (ძველი სახელი ნასაუს საერთაშორისო აეროპორტი) ნასაუდან 16 კილომეტრში მდებარეობს. 1999 წელს დაიხურა კუნძულ პარადაისზე მდებარე ნიუ-პროვიდენსის აეროპორტი, მოიხსნა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და ის კუნძულზე არსებულ გამაჯანსაღებელ ცენტრს შეერწყა.

მიმდებარე კუნძულებთან ნასაუ დაკავშირებულია ბორნებით. ქალაქის მთავარი პორტია პრინც ჯორჯ ვარფის ნავმისადგომი, რომელიც მრავალ საკრუიზო გემს ემსახურება.

ნასაუს მიდამოებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს იაფფასიანი საზოგადოებრივი ავტობუსები და ტაქსები. უშუალოდ ქალაქსა და აეროპორტთან შესაძლებელია მანქანების დაქირევება.

ნასაუს ძირითადი გზებია: უესტ-ბეი-სტრიტი, ისტერნ-როუდი, საუთ-უესტ-როუდი, ადელაიდ-სტრიტი, კარმიჩილ-როუდი, პრინს-ჩარლზ-დრაივი, ჯონ-კენედი-დრაივი.

ნასაუს გზატკეცილებზე მიმოსვლა კონტროლირებადი არაა. ბრიტანეთის მსგავსად, მოძრაობა მარცხნივია, თუმცა ბევრი ავტომობილი აშშ-დანაა იმპორტირებული და მარცხენასაჭიანია.

2010 წლის აღწერის მონაცემებით, ნასაუს მოსახლეობა 248 948 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან შედარებით დედაქალაქის მოსახლეობის მაღალი რიცხვი განპირობებულია დანარჩენი კუნძულებიდან იმიგრანტების დიდი რაოდენობით შემოსვლით. ამ ტენდენციის შედეგად ნაკლებგანვითარებული კუნძულების მოსახლეობა მცირდება, ნასაუსი კი იზრდება.[8][9]

ქალაქის მთავარი ფესტივალია ჯუნკანუ - ქუჩის მსვლელობა, რომელშც მონაწილეობას იღებს ბრჭყვიალა კოსტიუმებში გამოწყობილი, ზარების, დასარტყმელ ინსტრუმენტებისა და სასტვენების აკომპანიმენტით რიტმში მოცეკვავე ხალხი. სახელი „ჯუნკანუ“ ფესტივალს ეწოდა მისი დამფუძნებლის, კონ კანუს პატივსაცემად. დღესასწაული 26 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით გრძელდება, ღამის 1 საათიდან დილის 10 საათამდე.

ჯუნკანუს ფესტივალის მონაწილე

რამდენიმე ფილმში, ნასაუ წარმოჩენილია მნიშვნელოვან მოქმედების ადგილად, მათ შორისაა The Beatles-ის ფილმი „მიშველე!“ და ჯეიმზ ბონდის ფილმები სფერული ელვა (1965), აღარასოდეს თქვა არასოდეს (1983), ასევე ნაწილობრივ კაზინო როიალი (2006). 1981 წელს ქალაქში გადაიღეს ოკეანის სცენა ფილმისთვის მხოლოდ თქვენი თვალებისათვის.[10]

ნასაუ წარმოჩენილია სტენლი მორგანის რომან „ტობინი სამოთხეში“. მოქმედება ხდება მთავარი პერსონაჟის რუს ტობინის ნასაუსა და კუნძულ პარადაისზე ვიზიტის ირგვლივ.

ნასაუში ხდება მოქმედება გვიანდელი XX საუკუნისა და XXI საუკუნის რამდენიმე ფილმშიც, მათ შორისაა: მზის ჩასვლის შემდეგ, Into the Blue (2005) და Flipper (1996).

2004 წელს ბაჰამის კუნძულების დედაქალაქმა უმასპინძლა შეჯიბრებას „World's Strongest Man“. 2009 წელს, „Atlantis Paradise Island“ კომპლექსმა უმასპინძლა სილამაზის კონკურს მის სამყაროს.

ნასაუ შეტანილია „Gameloft“-ის 2010 წლის თამაშ „Asphalt 6: Adrenaline“-ის გადალახვად დონეში.

ფილმ კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა, პერსონაჟი ელიზაბეთ სუეინი ამბობს, რომ „ერთხელ კაპიტანმა ჯეკ ბეღურამ ნასაუს პორტი ყოველგვარი გასროლის გარეშე აიღო“.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო მასშტაბით ნასაუს ხუთი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს:

  • Louis Diston Powles: The Land of the Pink Pearl or Recollections of Life in the Bahamas. Media Publishing, Nassau 1996, ISBN 0-9643786-3-9 (Nachdruck der 1888 in London erschienenen Erstausgabe) und weitere Nachdrucke.
  • Michael Craton: A History of the Bahamas. Collins, London 1962.
  • Albury, Paul. (1975) The Story of the Bahamas. MacMillan Caribbean. ISBN 0-333-17131-4
  • Johnson, Howard. (1996) The Bahamas from Slavery to Servitude, 1783–1933. University Press of Florida. ISBN 0-8130-1858-7
  • Keegan, William F. (1992) The People Who Discovered Columbus: The Prehistory of the Bahamas. University Press of Florida. ISBN 0-8130-1137-X
  • Carr, J. Revell. (2008) Seeds of Discontent: The Deep Roots of the American Revolution 1659–1750. Walker & Company. ISBN 978-0-8027-1512-8
  • Craton, Michael. (1986) A History of the Bahamas. San Salvador Press. ISBN 0-9692568-0-9
  • Michael Craton, Gail Saunders: Islanders in the stream. A History of the Bahamian People.
    • Bd. 1: From aboriginal times to the end of slavery. University of Georgia Press, Athens 1992, ISBN 0-8203-1382-3.
    • Bd. 2: From the ending of slavery to the twenty-first century. University of Georgia Press, Athens 1998, ISBN 0-8203-1926-0.
  • Granberry, Julius and Gary S. Vescelius. (2004) Languages of the Pre-Columbian Antilles. The University of Alabama Press. ISBN 0-8173-5123-X
  • Albury, Paul. (1975) The Story of the Bahamas. MacMillan Caribbean. ISBN 0-333-17131-4
  • Craton, Michael. (1986) A History of the Bahamas. San Salvador Press. ISBN 0-9692568-0-9
  • Keegan, William F. (1992) The People Who Discovered Columbus: The Prehistory of the Bahamas. University Press of Florida. ISBN 0-8130-1137-X
  • Woodard, Colin. (2007) The Republic of Pirates. Harcourt, Inc. ISBN 978-0-15-603462-3
  • State Dept Country Study - Includes information on the Bahamas including history.
  • Rulers.org — Bahamas List of rulers for Bahamas

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Klausmann, Ulrike; Meinzerin, Marion; Kuhn, Gabriel (1997) Women Pirates and the Politics of the Jolly Roger, 1st, C.P. 1258 Succ. Place du Parc Montreal, Quebec, Canada H2W2R3: Black Rose Books Ltd., გვ. 192. ISBN 1-55164-058-9. 
  2. „Wesleyan Chapel and Mission Premises. In the Eastern District of New Providence, Bahamas (p.6, 1849)“. Wesleyan juvenile offering. London: Wesleyan Mission-House. VI. 1849. ციტირების თარიღი: 9 November 2015.
  3. Marley, David (2005). Historic Cities of the Americas: An Illustrated Encyclopedia. ABC-CLIO, გვ. 6. ISBN 1-57607-027-1. 
  4. Nassau, The Bahamas Köppen Climate Classification (Weatherbase). ციტირების თარიღი: 2018-11-24
  5. Muller, M. J. (2012-12-06). Selected climatic data for a global set of standard stations for vegetation science (en). Springer Science & Business Media. ISBN 9789400980402. 
  6. Weather Information for Nassau.
  7. "Climatological Information for Nassau, Bahamas" (1961-1990) დაარქივებული 2019-10-26 საიტზე Wayback Machine. - Hong Kong Observatory
  8. By SAM ROBERTS, Population Growth in New York City Is Outpacing 2010 Census, 2011 Estimates Show, April 5, 2012, Retrieved December 1, 2013
  9. By SAM ROBERTS, Democratic Lock Seen on 2013 Albany Senate, June 28, 2009, Retrieved December 1, 2013
  10. Movie Locations. BondMovies.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-18. ციტირების თარიღი: 2012-12-10.
  11. Sister Cities Program. Sister Cities Program | City of Detroit. www.detroitmi.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-29. ციტირების თარიღი: 2012-12-10.