ქართველები

კავკასიური ეთნიკური ჯგუფი

ქართველებიერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქთონური) მოსახლეობა, საქართველოს მკვიდრი, უძველესი ადგილობრივი წარმოშობის ხალხი — 3,5 მილიონი ადამიანი, შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8 %-ს.

ქართველები
საერთო მოსახლეობა

დაახ. 5 - 7 მილიონი

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: საქართველო საქართველო 3 661 173[1]
დროშა: თურქეთი თურქეთი 100 000-1 000 000[2][3]
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 150 000 (დაახ.)
დროშა: რუსეთი რუსეთი 112 765[4]
დროშა: ირანი ირანი 60 000[5]
დროშა: უკრაინა უკრაინა 34 200[6]
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 22 875[7]
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი 9900[8]
დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი 4990
ბელარუსის დროშა ბელარუსი 2400
კანადის დროშა კანადა 2190
ლატვიის დროშა ლატვია 1155
არგენტინის დროშა არგენტინა 1050[9][10][11]
ესტონეთის დროშა ესტონეთი 430
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 385
დასავლეთი ევროპა 50 000 (დაახ.)
ენები ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური, წოვათუშური (ბაცბური), აფხაზური
რელიგიები მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი[12]

ქართველები საქართველოს ყველა გეოგრაფიულ ზოლში (მთა, ბარი, ზეგანი) ცხოვრობენ, დასახლების უკიდურეს ზღვარშიც: ერთი თემი სვანეთში, უშგულში, დასახლებულია ზღ.დ. 2250 მ. სიმაღლეზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე საშუალოდ 51 კაცს უდრის, დამუშავებული ფართობის მიხედვით — 255 კაცს 1 კვ. კმ-ზე.

ცნების განმარტება

რედაქტირება

ძველად ტერმინი „ქართველი“ ეთნოგრაფიული მხარის — „ქართლის“ მკვიდრს აღნიშნავდა. საუკუნეების განმავლობაში ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად წარმოქმნილ რეალურ კულტურულ-პოლიტიკურ ვითარებას აღარ შეესაბამებოდა ქვეყნის სახელწოდებას „ქართლის“ სახელწოდებით არსებობა. X საუკუნიდან მას საქართველო ეწოდება, მის მკვიდრს კი ქართველი. ეთნოგენეზის პროცესში ყალიბდება ქართული ეთნოსისათვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორც მატერიალურ და სულიერ კულტურაში, ისე ყოფასა და ეთნოფსიქიკაში. XI-XII საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებულია ქართველი ხალხი და ქვეყანა ერთიანი სახელმწიფო ენით, ტერიტორიით, ინტენსიური ეკონომიკური კავშირებით.

პირველად ტერმინი ქართველი დაფიქსირებულია V-VI საუკუნის ასომთავრულ წარწერაში, რომელიც იერუსალიმის ახლოს, სოფელ უმ-ლაისუნშია აღმოჩენილი. იგი ასე იკითხება: „ესე სამარხოჲ იოჰანე ფურტაველ ეპისკოპოსისაჲ ქართველისაჲ“.[13]

ქართველთა ანთროპოლოგია

რედაქტირება

საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული პალეოანთროპოლოგიური მასალა ენეოლითის ხანისაა. თავის ქალების შესწავლით ჩანს, რომ ენეოლითის მოსახლეობაში ადამიანის ორი ტიპი არსებობდა. კერძოდ, ფართოსახიანი (მეზოკრანული) და ვიწროსახიანი (დოლიქოკრანული). პირველ ტიპს არ აქვს ანალოგი კავკასიის თანამედროვე მოსახლეობაში, ხოლო მეორე ტიპი ფართოდ არის გავრცელებული მომდევნო ადრე ბრინჯაოს ხანაში. ეს იყო ერთი ანთროპოლოგიური ფენა, მკვეთრად გამოხატული დოლიქოკრანული ფორმის თავის ქალით, მაღალი ქალა-სარქველით, საშუალოზე ვიწრო და საშუალოზე მაღალი, მკვეთრად პროფილირებული სახით, წინ მკვეთრად წაზრდილი ვიწრო და საშუალო სიმაღლის ცხვირით. ასეთი იყო ძირითადი ტიპი, რომელიც საერთო სუბსტრატია კავკასიის აბორიგენული მოსახლეობისათვის.

მოსახლეობა წარმოადგენდა ძირითადად ერთ ანთროპოლოგიურ ტიპს. ეს სუბსტრატი იყო იმდენად დიდი და მძლავრი, რომ გაუძლო სხვადასხვა ინფილტრაციას, შესაძლოა შერევებს. ამ ტიპის ასეთი ხანგრძლივი დროით თითქმის უცვლელი სახით დაკონსერვება, ალბათ, მოხერხდა იმიტომაც, რომ საქართველოს მოსახლეობას კონტაქტი უხდებოდა ძირითადად ევროპეიდებთან, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრეცელებულნი სამხრეთით ტიგროსითა და ევფრატით დაწყებული, ირანის შიდა ოლქებით გაგრძელებული და ანატოლიით დამთავრებული.

საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული პალეოანთროპოლოგიური მასალები ცხადყოფს, რომ უძველესი მოსახლეობა ხასიათდებოდა გრძელი და ვიწრო თავით (დოლიქოკრანიით), ვიწრო სახით, ვიწრო და მაღალი ცხვირით, ცხვირისა და ცხვირის უნაგირის მკვეთრი პროფილირებით, სახის მცირე ჰორიზონტალური კუთხით და, საერთოდ, მიეკუთვნებოდა ხმელთაშუაზღვისპირულ მედიტერანულ ტიპს.

შემდგომმა მასალებმა დაადასტურა, რომ სამხრეთევროპეიდების ჩამოყალიბების არეალი, ასევე, მოიცავდა სამხრეთ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთისა და წინა აზიის ჩრდილო რეგიონებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მარტო კავკასიაში არის დაფიქსირებული სამხრეთევროპეიდული დიდი რასის სამივე განშტოების (ხმელთაშუაზღვისპირული, ინდო-პამირული, წინააზიური) არსებობა კავკასიური ლოკალური ვარიანტებით.

უძველესი დროიდან საქართველოს ტერიტორიაზე უმთავრესად დღევანდელი ქართველების უშუალო წინაპრები იმარხებოდნენ, რომლებიც არც თვითონ მოსულან ოდესმე სხვა ტერიტორიიდან და არც არავინ განუდევნიათ. ისტორიული საქართველოს ტერიტორია არის ადგილი ქართველების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებისა. ამ ტერიტორიაზე მოხდა მათი შინაგანი განვითარება, ტრანსფორმირების შედეგად აქ ჩამოყალიბდა წინააზიური რასის დღევანდელი ლოკალური ნაირსახეობანი (კოლხური, იბერიული, კავკასიონის).

ცხადია, რომ დღევანდელი სახით ქართველების ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესში ადგილი ჰქონდა მათ შეხებას სხვა ტომების წარმომადგენლებთან, აგრეთვე შიდა გადაადგილებებს, ინფილტრაციებს, რომლის შედეგია დღევანდელი ქართველების ანთროპოლოგიური ნაირსახეობა და გარდამავალი ტიპების არსებობა, მაგრამ მათ, როგორც სჩანს, დიდი გავლენა არ მოუხდენია ქართველთა ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური ნიშნების განაწილება განსახლების მთელ ტერიტორიაზე ცხადყოფს, რომ საქართველოს ტერიტორია არასდროს ყოფილა დიდი რასების კონტაქტის ზონა, საგრძნობი რომ ყოფილიყო შერევა მონღოლოიდური თუ ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან.

ყველა ნიშანი ნათლად გვიჩვენებს — სახის ჰორიზონტალური პროფილირება, პიგმენტაცია თუ სხვა, რომ ქართველები უდავოდ სამხრეთ ევროპეიდები არიან. საქართველოში ისევე, როგორც ევროპეიდების განსახლების მთელ ტერიტორიაზე გენთა კონცენტრაციაში განსხვავება მინიმალურია (ევროპაში), საქართველოსა და კავკასიაში დადგენილია ერთი ტიპის შეფარდება, გენი მ 1,5-3-ჯერ სჭარბობს ნ-ს. MN სისტემის მიხედვით ქართველები ამჟღავნებენ, ასევე, ახლო მსგავსებას ირანის, ერაყის, იორდანიის მოსახლეობასთან, მაგრამ ყველაზე ახლო მსგავსება აღინიშნება დაღესტნელებთან.

კანის რელიეფის ძირითადი ნიშნების განაწილება ქართველებს სამხრეთ ევროპეიდების რიგში აყენებს. პოპულაციებს შორის განსხვავება აიხსნება ამ შემთხვევაში სუფთა გენეტიკური პროცესებით, როცა პოპულაციური დონის ცვალებადობა უფრო მაღალია ეთნიკურზე. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ახლო კავშირები ამ მოსახლეობას აკავშირებს წინა და შუა აზიის მოსახლეობასთან და რაც ალბათ, გამოვლინებაა სუბსტრატისა, რომელიც უძველესი დროიდან აკავშირებდა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

ქართველთა ფიზიკური ტიპი დღეისათვის

რედაქტირება
 
ქართველები

ქართველები გარეგნულად ხასიათდებიან, როგორც საშუალოზე მაღლები, ან მაღლები, ათლეტური აღნაგობითა და სწორი აგებულებით. საშუალოზე ღია ფერის თმით (ქერა, მუქი ქერა, ღია წაბლისფერი, თავთუხისფერი-თეთრში გარდამავალი ღია ქერა თმა) და ღია ფერის თვალებით (ცისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ლურჯი, თაფლისფერი); ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციების ტაო-კლარჯეთის, შავშეთის, სამხრეთ აჭარის, ერუშეთისა და ჭანეთის არათურქიზებული ქართველობაც აგრეთვე ღია ფერის თვალებითა და თმით, ასევე მაღალი აღნაგობით გამოირჩევა.

ცნობილი ადამიანები ქართველთა აღნაგობის შესახებ

რედაქტირება

ვახუშტი ბაგრატიონი ქართველების შესახებ (საქართველო — ივერია — გიორგია) წერს:

 
„ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშჳთ შავგურემან და მოყვითან, იშჳთ თუალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ. ქალთა თმა გარდაშუებული და დაწნული. ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკუეცილნი; წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშჳთ სქელნი, მჴნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მჴედრობათა შინა კადნიერნი, მკჳრცხლნი, მსწრაფლნი,რამეთუ ვიეთნი ლ~გ და ი~დ ჟამს გაირბენს. სალაშკროთა შინა ახოვანნი, საჭრველთმოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თჳსთა სახელთთათჳს არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თჳსსა, სტუმართა და უცხოთ მოყუარენი; მხიარულნი, უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარაჲ შეიჭირვიან; უხუნი, არცა თჳსსა და არცა სხჳსაა კრძალავენ; საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ-მიმჴდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი. არამედ არს ჟამი რაოდენიმე, არღარა ისახელების ცოდნა, თჳნიერ წიგნის კითხვისა და წერისა, გალობა-სიმღერისა და სამჴედროსაგან კიდე, და ჰგონებენ დიდ-მცოდინარობად. ურთიერთის მიმყოლნი, სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი, სირცხვილის მდევარნი, კეთილ-ბოროტზედ ადრე მიმდრეკნი, თავჴედნი, დიდების მოყუარენი, თუალმგებნი და მოთაკილენი. ხოლო რომელნი მთათა შინა სცხოვრობენ, მგზავსნი ნადირთა, გარნა გონიერნი.[14] ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთცა იუწყე, გარნა უშუენიერისადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაჲთგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭუერველთა; ცქჳტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიენი, და არა სულგრძელნი მას შინა და სხუათა შინაცა, უხუნი და მომხუეჭნი, დღეისის მაძიებელნი, ხუალისის არა გამომკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილჴმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ უცქჳტესად მოუბარნი.“

[15]

კრისტოფორო დე კასტელი წერს:

 
„ქართველთა მხიარულება. ვჭამოთ და ვსვათ, იმ ქვეყანაში ვინ იცის რა გველის. ქართველები ღვინის დიდი მსმელები არიან და როცა დათვრებიან, იქ მყოფ ცოლებსა და მოქეიფეებთან უდიერად და თავაშვებულად იქცევიან. ასეთ ბიწიერებაში სცოდავენ აგრეთვე თავადები, მხედრები, მეფენი.

ბანკეტზე ღვინოს სვამენ ქალების წინ მუხლმოყრილნი, ეპისკოპოსებიც ასეთივე ცერემონიას ასრულებენ.

თავიანთი და სხვა ქალების წინაშეც სვამენ ღვინოს და ჭიქების მაგიერ ფეხსაცმელს იყენებენ.

ზოგჯერ მუხლმოყრილნი და ზოგჯერ ფეხზე წამომდგარნი სვამენ ქალების წინ.

ქართველები ძალიან ბევრს სვამენ ქალების სადღეგრძელოს“

[16]

 
„ქართველები ძალიან ვაჟკაცი ხალხია ისრის ტყორცნაში. ნანადირევზე ქეიფს აწყობენ მდელოზე. მოკლული ცხოველის თავზე ღვინის რამდენიმე წვეთს დააქცევენ და ამბობენ: „ასრე გამარჯვებული იყავი მე და ჩემი პატრონი ჩემსა და მის მტრებზე, როგორც მე დავამარცხე ეს ცხოველი და ჩემს ფეხებთან გდია““

[17]

ქართველთა ეთნოგენეზი

რედაქტირება

ქართველთა წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ქართველებს ინდოევროპელებად მიიჩნევს, სხვანი — უძველესი ხალხების: შუმერების, ხეთების, სუბარელებისა (ხურიტების) და ა. შ. შთამომავლებად.

ისტორიულ წყაროებში მრავალი აღმოსავლური თუ დასავლური ქართველური ტომის სახელწოდებაა შემონახული (იბერ-ივერიელები, გუგარები, შავშ-კლარჯები, ტაოელები, მაკრონები, ხალდ-ხალიბები, სკვითინები, მარგველები, მისიმინიალები, ჰენიოხები და სხვ.), რომლებიც მონაწილეობდნენ ქართველი ერის წარმოქმნაში. აღიარებული მოსაზრებით, ეთნოგენეზის მრავალსაუკუნოვან პროცესში, უძველეს დროშივე, მოხდა ცალკეულ ქართველ ტომთა მიგრაცია სამხრეთით — მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და სამხრეთ-აღმოსავლეთით — შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. ვარაუდობენ, აგრეთვე, რომ ქართველურმა ტომებმა მოახდინეს ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი, სამხრეთში მცხოვრები ხალხების (ხურიტების, ხეთებისა და სხვ.) გარკვეული ნაკადის, ადგილობრივი ჩეჩნურ-ვაინახური, დაღესტნური ტომების ნაწილისა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ინდოევროპული ეთნოსის ასიმილირება, რასაც ლინგვისტური მონაცემებიც უჭერს მხარს.

არქეოლოგიური მასალების საფუძველზე დგინდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ხალხებმა განვლეს კაცობრიობის განვითარების ყველა საფეხური, რადგან უძველესი დროიდან ნათლად ჩანს კულტურის განვითარების უწყვეტი ჯაჭვი. საქართველო უძველესი ადამიანის სამშობლოა. დმანისის ფეოდალური ხანის ნაქალაქარზე აღმოჩნდა უძველესი ადამიანების ნაშთები, რომლებიც მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება. დმანისელი ადამიანი, მორფოლოგიური მონაცემებით, აფრიკის ადამიანის ფორმებს უახლოვდებოდა. ვარაუდობენ, რომ წინარეისტორიული ადამიანი საქართველოს ტერიტორიის განვლით განსახლდა ევროპასა და აზიაში. ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში ამიერკავკასიაში ყალიბდება საერთო-ქართული ენის მატარებელი დიდი ეთნიკური ერთობა ინდივიდუალური სახით, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული ძველი აღმოსავლეთის კულტურულ წრეში.

წერილობითი წყაროების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები ძვ. წ. XII საუკუნიდან დასტურდება: დიაოხი, კოლხა და სასპერები. ძვ. წ. VII-VI საუკუნეებიდან დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ეგრისის სამეფო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე — ქართლის სამეფო (ძვ.წ IV-III სს.) სატახტო ქალაქით მცხეთა.

ქართული საისტორიო მწერლობა პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნას (ერთი ენითა და დამწერლობით, კულტით, სახელმწიფო-სამოხელეო აპარატითა და საგადასახადო სისტემით) მეფე ფარნავაზს უკავშირებს, რომელმაც სათავე დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას (ძვ. წ. III ს.) და გააერთიანა აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველო.

საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვახტანგ I-მა გორგასალმა (V ს-ის II ნახ.), რომლის სახელთან ქვეყნის გაძლიერებასთან ერთად დაკავშირებულია ქვეყნის დედაქალაქ თბილისის დაარსება.

X-XII საუკუნეები გარდამტეხი ეპოქაა ქვეყნის ისტორიაში — პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის ხანა. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობის პერიოდში დაწყებული ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა დასრულდა დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) მიერ საქართველოს გაერთიანებით, ქვეყნის განმტკიცებითა და სამეფო ხელისუფლების გაძლიერებით. სახელმწიფოებრივ და კულტურულ აყვავებას საქართველომ თამარ მეფის (1184-1213) მეფობის წლებში მიაღწია.

ძველად ტერმინი „ქართველი“ ეთნოგრაფიული „ქართლის“ მკვიდრს აღნიშნავდა. საუკუნეების განმავლობაში ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად წარმოქმნილ რეალურ კულტურულ-პოლიტიკურ ვითარებას აღარ შეესაბამებოდა ქვეყნის „ქართლის“ სახელწოდებით არსებობა. X საუკუნიდან მას საქართველო ეწოდება, მის მკვიდრს — ქართველი. ეთნოგენეზის პროცესში ყალიბდება ქართული ეთნოსისათვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორც მატერიალურ და სულიერ კულტურაში, ისე ყოფასა და ეთნოფსიქიკაში. XI-XII საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებულია ქართველი ხალხი და ქვეყანა ერთიანი სახელმწიფო ენით, ტერიტორიით, ინტენსიური ეკონომიკური კავშირებით.

IV საუკუნიდან საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებამ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, კულტურული და სამოქალაქო განვითარების საქმეში.

შუა საუკუნეებში, პოლიტიკურმა დაქუცმაცებულობამ და მცირე ფეოდალური სამთავროების წარმოშობამ ხელი შეუწყო ცალკეული ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორიული ერთეულების შექმნას, როგორიცაა აღმოსავლეთ საქართველოში — ქართლი, კახეთი, საინგილო, ქიზიყი; აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში — თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი-გუდამაყარი, ხევი; დასავლეთ საქართველოში — იმერეთი, გურია, სამეგრელო; დასავლეთ საქართველოს მთიანეთში — რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი; სამხრეთ საქართველოში — სამცხე, ჯავახეთი, აჭარა. ამ რეგიონებში მცხოვრები ქართველები იწოდებიან რეგიონის სახელწოდების მიხედვით: თუშეთში თუშები ცხოვრობენ, ხევსურეთში — ხევსურები, ფშავში — ფშავლები, სამეგრელოში — მეგრელები, სვანეთში — სვანები, კახეთში — კახელები და ა. შ.

XIX საუკუნის II ნახევარში კაპიტალიზმის განვითარების შედეგად წარმოიქმნა თანამედროვე ქართველი ერი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო ისტორიული ბედი, კულტურა, ეკონომიკა, ძირითადი ფსიქოლოგიური თვისებები და ხასიათი.

გენეტიკა

რედაქტირება

ეროვნული პოპულაციების დონეზე ჰაპლოჯგუფი G2 ყველაზე ხშირად გვხვდება საქართველოში და ქართველების 39 %-ზე მეტი ამ ჰაპლოჯგუფს მიეკუთვნება. ქართველების Y-დნმ ასევე მიეკუთვნება ჰაპლოჯგუფებს: J2 (32.5 %), R1b (8.6 %), L (5.4 %), R1a (4.2 %), I2 (3.8 %) და სხვა უფრო მცირე ჰაპლოჯგუფებს, როგორიცაა E, T და Q.[18]

ეთნოგრაფიული და სუბეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება
სახელი განსახლების არეალი დიალექტი ან ენა
აჭარლები აჭარა აჭარული დიალექტი
გურულები გურია გურული დიალექტი
იმერლები იმერეთი იმერული დიალექტი
ჯავახები ჯავახეთი ჯავახური დიალექტი
კახელები კახეთი კახური დიალექტი
ქართლელები ქართლი ქართლური დიალექტი
ხევსურები ხევსურეთი ხევსურული დიალექტი
ლეჩხუმელები ლეჩხუმი ლეჩხუმური დიალექტი
მეგრელები სამეგრელო მეგრული ენა
მესხები მესხეთი (სამცხე) მესხური დიალექტი
მოხევეები ხევი მოხევური დიალექტი
ფშაველები ფშავი ფშაური დიალექტი
რაჭველები რაჭა რაჭული დიალექტი
სვანები სვანეთი სვანური ენა
თუშები თუშეთი თუშური დიალექტი

თანამედროვე საქართველოს გარეთ

რედაქტირება
სახელი განსახლების არეალი დიალექტი ან ენა განმანსხვავებელი ნიშნები
ლაზები ლაზეთი (თურქეთი) ლაზური ენა მუსლიმები,

ასევე ქრისტიანები

ფერეიდნელები ფერეიდანი (ირანი) ფერეიდნული დიალექტი მუსლიმები
ჩვენებურები შავი ზღვის რეგიონი (თურქეთი) ქართული ენა მუსლიმები
ინგილოები/ჰერები საინგილო/ჰერეთი (აზერბაიჯანი) ინგილოური დიალექტი მუსლიმები,

ასევე ქრისტიანები

იმერხეველები შავშეთი/იმერხევი (თურქეთი) იმერხევული დიალექტი მუსლიმები
კლარჯები კლარჯეთი (თურქეთი) კლარჯული დიალექტი მუსლიმები

გამქრალი ან ასიმილირებული ჯგუფები

რედაქტირება
სახელი განსახლების არეალი დიალექტი ან ენა
დვალები დვალეთი (რუსეთი) დვალური დიალექტი
ტაოელები ტაო (თურქეთი) ტაოური დიალექტი

ენა და დამწერლობა

რედაქტირება

ქართული ენა ქართველურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება; იგი აერთიანებს ქართულს, მეგრულს, ლაზურსა და სვანურს. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ქართული ენა ერთადერთია, რომელსაც აქვს უძველესი დამწერლობა. ძველი ქართული ისტორიული ტრადიცია ქართული დამწერლობის შემუშავების თარიღად ძვ. წ. III საუკუნეს ასახელებს. ზოგიერთი მეცნიერი ანბანის შექმნის თარიღად IV საუკუნეს მიიჩნევს, რასაც საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირებენ. ქართული დამწერლობის განვითარებაში გამოიყოფა სამი საფეხური:

რომელნიც გენეტიკურად უკავშირდებიან ერთმანეთს.

ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში შემონახულია V საუკუნის ბოლნისის სიონის ბაზილიკაზე (492 წ.) და პალესტინაში (433 წ.).

დიალექტები

რედაქტირება

სამეცნიერო ლიტერატურაში წინააღმდეგობრივია საკუთრივ ქართული (სალიტერატურო) ენის დიალექტებად მიჩნეულ ერთეულთა კლასიფიკაცია; კერძოდ: გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კილოთა დაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ ჯგუფს: 1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთან — მოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3. ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური.

შოთა ძიძიგური ასახელებს 5 დიალექტურ ჯგუფს: 1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.

არნოლდ ჩიქობავა ქართულ ცოცხალ მეტყველებას მთისა და ბარის მეტყველებებად ყოფს; მთის კილოებია: ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულური (გუდამაყრული), მოხეური, რაჭული. მთისა და ნაწილობრივ ბარის კილოებს უკავშირდება მოზდოკისა და ყიზლარის ქართველთა მეტყველება; ბარის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურით), კახური (ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულით), იმერული (ლეჩხუმურითურთ), გურული, აჭარული, იმერხეული.

გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების ხასიათის მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს გამოყოფს: 1. გლოლური, მთარაჭული; 2. ქართლური, კახური, ქიზიყური, თიანური, ზ. აჭარული; 3. ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური, ინგილოური, ფერეიდნული; 4. ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური, ქვემორაჭული და იმერხეული; 5. ქვემო იმერული და თუშური; 6. გურული და აჭარული.

ბესარიონ ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა) მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი — მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა) ზემო ზონის დიალექტი — რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები — იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები — გურული და აჭარული.

ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად;

საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.

აღმსარებლობა

რედაქტირება

საქართველოს მოსახლეობას ძირითადად (84 %) მართლმადიდებლები წარმოადგენენ, აგრეთვე კათოლიკეები და მუსლიმები. მცირე რაოდენობით არიან პროტესტანტიზმის მიმდევრებიც.

საქართველოს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უმეტესობა თავს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებულად მიიჩნევს (2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 83,4 %[19]). აღიარებულია ისეთი რადიკალური ქართული მართლმადიდებლური ჯგუფების არსებობა, როგორებიცაა — „დავით აღმაშენებელი“ და „მართლმადიდებელი მშობლები“, მაგრამ საპატრიარქოს თანახმად, მათ არავითარი კავშირი არა აქვთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ქართველთა შორის გავრცელებულია ისლამი. ისინი საქართველოს გარეთ ცხოვრობენ, უმთავრესად, თურქეთსა და ირანში, სადაც ისტორიული კატაკლიზმების შედეგად აღმოჩნდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი მუსლიმები, ძირითადად აჭარაში ცხოვრებენ, ან მცირე რაოდენობით არიან განსახლებული ეკოლოგიური მიგრანტების სახით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

არიან ქართველი კათოლიკეები. საქართველოში მათი სავარაუდო რაოდენობა დაახლოებით რამდენიმე ათეული ათასია. ისინი გაბნეული არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა უმეტესად სამცხეში ცხოვრობენ.

პროტესტანტული და სხვა არატრადიციული კონფესიები, როგორებიც არიან ბაპტისტები, იეჰოვას მოწმეები და კრიშნაიტები, უფრო აქტიურები და შესამჩნევები გახდნენ XX საუკუნის ბოლოდან. საკუთრივ საქართველოში თითოეული ამ ჯგუფთაგანი მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენს.

ქართველები და მათი წინაპრები მსოფლიო მნიშვნელობის მონაპოვრის — მტკვარ-არაქსის, თრიალეთის, კოლხეთის უნიკალური კულტურის — შემქმნელები არიან. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, მთელი შუა საუკუნეების ჩათვლით, საქართველომ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მიიღო. მის ისტორიას ამშვენებს დიდებული ტაძრები: გელათი, იკორთა, ბეთანია, ყინწვისი, ოშკი, სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი, ბიჭვინთა და ა. შ., კლდეში ნაკვეთი ვარძიისა და უფლისციხის სამონასტრო კომპლექსები მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშებით. განვითარების მაღალ დონეზე ადის ხელოვნების მრავალი დარგი, მათ შორის მინანქარი, ოქრომჭედლობა. მსოფლიო ხელოვნების საგანძურშია შესული ბექა და ბეშქენ ოპიზართა შემოქმედება.

ფეოდალური საქართველოს წერილობითი მემკვიდრეობა მდიდარია როგორც ორიგინალური, ასე თარგმნილი ქრისტიანული ნაშრომებით, ასევე მხატვრული, ისტორიული, ფილოლოგიური, ფილოსოფიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურით. უძველესთა შორის შეიძლება დავასახელოთ V საუკუნის ლიტერატურული ძეგლი „შუშანიკის წამება“, VIII საუკუნის „აბო თბილელის წამება“, საგალობელთა კრებული „იადგარი“, X საუკუნის „სიბრძნე ბალავარისი“, XII საუკუნის „აბდულმესიანი“, ეფრემ მცირის ფილოლოგიური და გრამატიკული გამოკვლევები იოანე პეტრიწის ფილოსოფიური კომენტარები და მრავალი სხვა.

ქართული საერო ლიტერატურის მწვერვალია შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ (XII ს.), რომელსაც საპატიო ადგილი უკავია მსოფლიო ლიტერატურის გენიალურ ქმნილებათა შორის. ისტორიული აზროვნების მაღალი დონის ნიმუშია ქართლის ცხოვრების კრებული, ლეონტი მროველის, ჯუანშერის, სუმბატ დავითის ძის, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვარისა და სხვათა თხზულებები.

ქვეყანაში სამართლებრივი აზროვნების განვითარებაზე მეტყველებენ 1103 წლის რუის-ურბნისის კრების ძეგლისდება, XI-XII საუკუნეების ნომოკანონი არსენ იყალთოელისა, XIII-XIV საუკუნეების ბექასა და აღბუღას სამართალი, XIII საუკუნის ხელმწიფის კარის გარიგება, ვახტანგ VI-ის კანონთა კრებული და ა. შ.

მეცნიერების განვითარებას ადრევე ჩაუყარეს საფუძველი ეფრემ მცირემ, იოანე პეტრიწმა, არსენ იყალთოელმა. საქართველოში შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრები: ფაზისის, იყალთოსა და გელათის აკადემიები.

ქართველთა ყოფით და სულიერ კულტურაში შემონახულია უძველესი ტრადიციული ფორმები, რომელთაგან აღსანიშნავია ხალხური სპორტი, ხალხური ფესტივალები, ხალხური ცეკვები, ხალხური სიმღერები და სხვ. თუ ხელოვნების ზოგიერთ დარგში, კერძოდ, მრავალხმოვან სიმღერაში, ქართველმა ხალხმა უაღრესად მაღალმხატვრული და ორიგინალური გამომსახველობითი ფორმები შექმნა, სხვა დარგებში (ქორეოგრაფია, გამომსახველობითი ხელოვნება) კარგად ჩანს მისი ათასწლოვანი თანამშრომლობა და კულტურულ ნათესაური კავშირები ისტორიულ და თანამედროვე მეზობლებთან. ქართველების უძველესი კულტურის მონაპოვარი თანამედროვე სოციალური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ისტორიულ-არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევით დადგენილია, რომ ერთიანი ქართული კულტურის ჩამოყალიბების საფუძველი ბარისა და მთის რეგიონების ქართველთა ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული ერთგვაროვნება და თანაარსებობაა, რაც გამოიხატებოდა მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ხელოსნობის პროდუქციის ინტენსიური გაცვლით, ვენახების, საძოვრების, სამიწათმოქმდო არეალის ისტორიულად დადგენილი წესით სარგებლობის, ისტორიული პროცესებით გამოწვეული ბარისა და მთის მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციით, რის შედეგადაც მუდამ ივსებოდა ბარის დაცლილი ტერიტორია. აღნიშნული პროცესები ხელს უწყობდა, ერთი მხრივ, ეკონომიკური წონასწორობის დაცვას, მეორე მხრივ, ისტორიულ-გეოგრაფიული კარჩაკეტილობის დაძლევასა და ცალკეული ეთნოგრაფიული კულტურული პოტენციალის ზოგადქართულ ეროვნულ მოდელში გაერთიანებას.

ასეთი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობის პროცესში ყალიბდება ქართველის ეთნიკური სახე, ქცევისა და ზნეობის ინდივიდუალური, საკუთარი ნორმებითა და ორიგინალური უძველესი კულტურით, რომელშიც მჟღავნდება ხალხის ეროვნული თვისებები.

მასალები ქართველ ტომთა სულიერი კულტურის შესახებ წარმოდგენილია უძველესი საკულტო დანიშნულების ნივთებზე, საიდანაც ჩანს, რომ ამ ტომთა მითოლოგია და რელიგიური შეხედულებები მიწათმოქმედ ტომთა მსოფლაღქმას გამოხატავს. უძველეს მითებში წარმოდგენილია ბუნების სეზონური აღორძინებისა და კვდომის, მიწის ნაყოფიერებისა და ხვავის სიმბოლოები. საკულტო ნივთებზე გამოსახულია წრიული ფერხულები და ნაყოფიერების, გამრავლებისა და კეთილდღეობის ამსახველი საკრალური ქმედებანი. ცალკეული ელემენტები კი მიწათმოქმედთა სამეურნეო ციკლის ეტაპებს ავლენს. აღიარებული მოსაზრებით, ამ შეხედულებათა ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მეზობლად მცხოვრებმა ისტორიულმა, ძველი მსოფლიოს კულტურულმა ხალხებმა (ეგეოსური სამყაროს, მცირე აზიის, შუამდინარეთის მოსახლეობამ).

ეთნოგრაფიულ ყოფაში, გადმონაშთის სახით, დღემდე დასტურდება უძველესი ტრადიციული ფორმები, როგორიცაა რიტუალური პურობა, რიტუალური საჭმელი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასმელს, ღვინოსა და ლუდს, ასევე სამსხვერპლო ხორცეულსა და რძის პროდუქტებს.

უძველეს ცნობებზე დაყრდნობით, წინაქრისტიანულ საქართველოში არსებობდა ღვთაებათა უმცროს-უფროსობაზე აგებული პანთეონი, რომელსაც ციური სხეულები შეადგენენ. უფრო მოგვიანებით ჩანს გაცისა და გაიმის კულტები, რომელიც ფარნავაზ I-ის რელიგიური რეფორმით არმაზის კულტის წრეში ჩაეწერა. ქართულ წარმართულ ღვთაებათა პანთეონი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყალიბდებოდა. მის სათავეში არმაზი იდგა, შემდეგ მოდიოდნენ გაცი, გაიმი, აინინა, დაინინა, ზადენი. ამავე დროს ქართველები იცნობდნენ მითრას კულტს, ცეცხლთაყვანისმცემლობას, იუდაიზმს.

ერთიანი ქართველი ხალხის ფორმირებისა და ეროვნული თვითშეგნების განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქრისტიანობამ. ქრისტიანობას საქართველოში პირველი საუკუნეებიდანვე გამოუჩნდნენ მიმდევრები. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, აქ უქადაგიათ იესო ქრისტეს მოციქულებს — ანდრია პირველწოდებულსა და სიმონ კანანელს. ქართული საისტორიო ტრადიცია ქართლის განმანათლებლად ნინო კაპადოკიელს მიიჩნევს, რომელსაც მიაწერს ქართლის სამეფო სახლის მონათვლასა და ქართლის გაქრისტიანებას. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ქართველი ხალხის ცხოვრებაში ეს იყო უმნიშვნელოვანესი სოციალ-პოლიტიკური და კულტურულ-მსოფლმხედველობრივი მოვლენა. მან ხელი შეუწყო ეთნიკურ და სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას, ცალკეული კუთხეების შემომტკიცებას, ხელოვნების, დამწერლობის, წიგნიერების, მეცნიერების განვითარებას. შუა საუკუნეებში ქართული ქრისტიანული მონასტრები და საყდრები საქართველოში (გელათი, იყალთო, გრემი) და საქართველოს ფარგლებს გარეთ (ივერიის მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე სირიაში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში, ჯვრის მონასტერი იერუსალიმში და სხვ). იქცნენ საგანმანათლებლო და სამწერლობო კერებად, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული განვითარება.

ქართული ეკლესიის პირველი ორგანიზაცია მცხეთის საეპისკოპოსოს სახით ჩამოყალიბდა. V საუკუნეში შეიქმნა ქართლის ავტოკეფალური საკათალიკოსო ეკლესია. საქართველოს ეკლესიის მეთაურს თავდაპირველად ეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. XI საუკუნიდან ეკლესიის მესაჭის ტიტულს პატრიარქის წოდებაც მიემატა.

მთელი ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობის განმავლობაში ქართველი ხალხის გზა აღსავსე იყო თავდადებული ბრძოლებით დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მან არამარტო ფიზიკურად გაუძლო უმძიმეს ისტორიულ გამოწვევებს, არამედ გარკვეული წვლილიც შეიტანა როგორც საკაცობრიო მატერიალური და სულიერი კულტურის, ისე მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმოქმნისა და განვითარების საქმეში.

სამეურნო ყოფა

რედაქტირება

მიწათმოქმედება-მემინდვრეობა

რედაქტირება

საქართველო აღიარებულია კულტურული პურეულის სელექციისა და მიწათმოქმედების აღმოცენების ერთ-ერთ კერად. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია VI-V ათასწლეულის კულტურული მცენარეულის ნაშთი. დღემდე ცნობილი ხორბლის 16 სახეობიდან, საქართველოში წარმოდგენილია 11, აქედან 6 ენდემურია. ქართველებში დასტურდება საუკუნოებრივი დაკვირვების საფუძველზე მიღებული ცოდნა პურეული კულტურების სელექციის, შერეული კულტურების მიღების, საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბლის ჯიშების, შრომის ორგანიზაციის მრავალფეროვანი ფორმების შესახებ. ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავეს მემინდვრეობის თანმიმდევრული პროცესები — ნიადაგის სახნავ-სათესად გამოყენება, დატერასება, მოხვნა, განოყიერება, მორწყვა. ქართველი მეურნე ფლობდა სრულყოფილ ცოდნას ნიადაგის მოსავლისუნარიანობის, მისი ხარისხისა და რაობის, თვისებების შესახებ.

კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების შესაბამისად, მემინდვრეობა საქართველოში დაიხვეწა ზონალობის შესაბამისი კულტურებითა და სამიწათმოქმედო იარაღებით. მემინდვრეობის ტრადიციულობაზე მიუთითებს ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ხელით სამუშაო საფარცხსაოში, სამკალ-სათიბი, სალეწი და გამწევი ძალისათვის განკუთვნილი სახვნელები. სახვნელ იარაღთა მრავალფეროვნებას მათი ფუნქციური სხვაობა განაპირობებდა სამეურნეო პირობებსა და მიწათმოქმედების სისტემებთან ერთად. ქართველი მიწათმოქმედის პრაქტიკაში იყო ხვნის როგორც მარტივი, ისე რთული სახეობანი. ხვნის სახეობებს შესაბამისი სახვნელი შეეფარდებოდა. სხვადასხვა კუთხეში ჩამოყალიბდა კონკრეტული პირობების შესატყვისი იარაღი, რამაც საქართველო სახვნელი იარაღების სიმრავლით გამორჩეულ ქვეყნად აქცია. ყველაზე მარტივ სახვნელად მიჩნეულია თუშეთსა და ხევსურეთში გავრცელებული კავი//კავწერა, ყველაზე რთული კი დიდი გუთანია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული გუთნის სახელითაა ცნობილი.

მემინდვრეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასავლეთ საქართველომ, ასე რომ, სოფლის მეურნეობის ეს დარგი ისტორიული კოლხეთის სამეფოს ყოფიდან მიღებულ მემკვიდრეობად უნდა მივიჩნიოთ. აქ წარმოდგენილია მარცვლეული კულტურების ისეთი სახეობანი, რომლებიც გარდამავალ რგოლს ქმნიან ველურ და კულტურულ ხორბლეულებს შორის და ენდემური სახით მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება: ზანდური, კოლხური ასლი, მახა. შემონახულია უძველესი, მარტივი იარაღი — სამკალი — შნაკვი/შანკვი, რომლითაც ხდებოდა აღნიშნული პურეულის მოწევა.

დასავლეთ საქართველოს მემინდვრეობის სისტემაში ყველაზე გავრცელებული იყო ღომის კულტურა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მხარეში პურის შემცვლელად ითვლებოდა. XVII საუკუნის დასასრულამდე ღომი ძირითადი საკვები იყო, XVIII საუკუნიდან კი იგი თანდათან განდევნა სიმინდმა.

დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის ბოლომდე ითესებოდა ბრინჯი. მოჰყავდათ როგორც სველი, ისე მშრალი ბრინჯი და ბოჭკოვანი მცენარეები: სელი და კანაფი. ბერძენი მწერლები მიუთითებენ კოლხური სელის მაღალ ხარისხზე — მისგან კარგი თევზსაჭერი ბადეები, ჩინებული სანაოსნო იალქნები მზადდებოდა. ანტიკურ სამყაროში განთქმული იყო აქაური სელის ტილო, რომელიც მეტოქეობას უწევდა ეგვიპტის საუკეთესო სელის ქსოვილებს. სელისა და კანაფისაგან ზეთსაც ხდიდდნენ.

კანაფი, როგორც საზეთე მცენარე, გავრცელებული იყო სვანეთში. კანაფის ზეთს საკვებადაც იყენებდნენ და სამკურნალოდაც.

კანაფისაგან რბილი და მტკიცე ტილო იქსოვებოდა. XIX საუკუნის ბოლოს კანაფის ტრადიციულმა მეურნეობამ, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული სვანეთის საოჯახო მრეწველობაში, საგრძნობი ცვლილება განიცადა. სვანეთში სავაჭრო კაპიტალის შეჭრას და მზა პროდუქციის გავრცელებას ჯერ კანაფის ნაწარმზე მოთხოვნილების დაქვეითება მოჰყვა, შემდეგ — სათესი ფართობების საგრძნობლად შემცირება.

არქეოლოგიური მონაცემებით, საქართველოში მემინდვრეობას ნეოლითის ხანაში ეყრება საფუძველი. ძველი მსოფლიოს უდიდეს კულტურულ ერს, ბერძნებს, იმთავითვე შეუმჩნევიათ ქართველთა წინაპრების დამოკიდებულება მიწისმოქმედებასთან და მათი ტექნიკური ნიჭი. ამაზე მიუთითებს, თუნდაც, მსოფლიოს უძველეს ლეგენდაში აღწერილი კოლხეთის სამეფოს მეფის, აიეტის, სიმდიდრე, ღვინის შადრევნები და მტკიცე ფოლადისაგან გამოჭედილი გუთანი და კიდევ რამდენი მოგზაურის დაკვირვება ქართველი მეურნის საქმიანობაზე, რის გამოც ისინი ხოტბით ამკობენ ძველი იბერიისა თუ კოლხეთის მცხოვრებთა სამიწათმოქმედო კულტურას.

მევენახეობა-მეღვინეობა

რედაქტირება

ქართველებმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნეს მევენახეობა-მეღვინეობის მაღალი და ორიგინალური კულტურა, მრავალი ვაზის ჯიშისა და განთქმული ქართული ღვინოების სახით. მევენახეობა-მეღვინეობას ქართველების ყოფაში იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რომ თემურ ლენგმა XIV საუკუნის დამლევს და შაჰ-აბასმა XVII საუკუნის დამდეგს ქართველების ეკონომიკურად და სოციალურად დასაძაბუნებლად, საქართველოში შემოჭრილ თავის ლაშქარს, უპირველესად, ვენახების გაკაფვა უბრძანეს. მიუხედავად დაბრკოლებისა, ქართველებმა საუკუნეებს გამოატარეს ვაზის სიყვარული და ღვინის დაყენების ემპირიული კულტურა.

ვაზი ქართველი კაცის სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოა. მასზე შექმნილია საგალობელ-სადიდებელი სიმღერები, რომლებშიც გამოხატულია სიყვარული და პატივისცემა მეღვინეობის მფარველი ღვთაებისადმი (აგუნას გადაძახება კალანდა საღამოს გურიაში, ჩაგუნა სამეგრელოში, შიოობა — მარნის ზედაშის დღესასწაული — რაჭა — იმერეთში, ზედაშის კულტი — კახეთში, ღვთისმშობლის სადიდებელი ჰიმნი „შენ ხარ ვენახი“ და ა. შ.). ღვინის მონაწილეობის გარეშე არ სრულდებოდა არც ერთი რიტუალური ჩვეულება. ღვინის მეშვეობით ხორციელდებოდა ღვთაებრივთან ზიარება. ოჯახში ღვინით სავსე ჭური სიკეთის, ბარაქიანობის სიმბოლო იყო. არცერთი დღესასწაული ქართულ ოჯახში — ახალი ფუძის ჩაყრა, ძეობა, ნიშნობა, ქორწილი — უღვინოდ არ ჩატარდებოდა. ქართველმა სიყვარულით შექმნა ღვინის სმის მაღალი კულტურა, რიტუალური სასმისებითა და კოლორიტულ სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით, რომელიც მეღვინეობის კულტზე მიგვითითებს. ქართველი ხალხი ვაზის შესანიშნავი ჯიშების გამოყვანისა და ღვინის განვითარებული ტექნოლოგიის გვერდით სუფრის დახვეწილ წესებს იმუშავებდა და ნაირგვარ სასმისებს ქმნიდა, რაც ესთეტიკური ტკბობის საშუალებას წარმოადგენდა.

მეღვინეობა კარგად იყო განვითარებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით კახეთში. განთქმული იყო:

საქართველოში ვაზის მოშინაურება ენეოლითის ხანიდან იღებს სათავეს. მრავალსაუკუნოვანი შრომის შედეგია 500-მდე კულტურული ვაზის ჯიშის დადასტურება საქართველოს ტერიტორიაზე, ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მევენახეობის ფორმების შემუშავება (დაბლარი, მაღლარი, ოლიხნარი, ტალავერი), ვაზის მოვლა-მოშენების ემპირიული წესების, ღვინოების დამზადების ნაირგვარი ტექნოლოგიის მიგნება. ქართული ღვინის დაყენების ხელოვნება იცნობს არამარტო თეთრი (რქაწითელი) და წითელი (საფერავი), არამედ ბუნებრივად ტკბილი (ხვანჭკარა, ტვიში, უსახელოური, ქინძმარაული) და ცქრიალა (ატენური, ჩხავერი) ღვინოების დამზადება-შენახვის წესებს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილია საღვინე სახლის/მარნის ღია (დასავლეთ საქართველოში) და დახურული (აღმოსავლეთ საქართველოში) ტიპი. დახურული ტიპის მარანი ქვის ნაგებობაა და საცხოვრებლის კომპლექსში შედის. მასში თავსდება ყველა სახის იარაღ-ჭურჭელი, რომელიც მეღვინეობაში იხმარება. ღია მარანი / ჭურის თავი, ის ადგილია, სადაც ღია ცის ქვეშ თავმოყრილია მიწაში ჩაფლული სხვადასხვა ზომის ქვევრები ტალავერით ან ხეებით დაჩრდილულ საგანგებოდ შემოღობილ მიწის ნაკვეთზე. განვითარებულ მევენახეობას შეესაბამება ასევე განვითარებული საღვინე ჭურჭლისა და ინვენტარის მრავალსახეობა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღვინის დაყენების ურთიერთგანსხვავებული წესებია გამომუშავებული (ღვინის დაყენება ჭაჭაზე, დედით დაყენება, ღვინის დაყენება უჭაჭოდ და უკლერტოდ, ჭარმაგი ღვინის დაყენება, შუშხუნა ღვინის დაყენება და ა. შ.), მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ღვინის დაყენების კახური წესი. მისი სპეციფიკა ის არის, რომ თეთრი ღვინის დადუღება მთელ ჭაჭაზე ხდება, მაშინ როდესაც საქართველოს სხვა კუთხეებში ტკბილი დუღს უჭაჭოდ ან დაწურული ყურძნის ჭაჭის უმნიშვნელო რაოდენობაზე. სპეციალისტების აზრით, ჭაჭაზე ღვინის დაყენება ადგილობრივი ტექნოლოგიური წესია.

ყურძნის ჭაჭიდან აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ხდის სანაქებო არაყს — „ჭაჭას“. ყურძნის ნაყოფს ქართველები მრავალმხრივ იყენებენ და ოდითგან მისდევენ ყურძნის პროდუქტების დამზადება-გამოყენებას. ყურძნის წვენისგან თათარას ამზადებენ საჩურჩხელედ. ჩურჩხელა ოჯახის კვებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. იგი აუცილებელი და ყუათიანი საკვები იყო მონადირეების, მწყემსების, გზათმიმავლებისათვის. ჩურჩხელა სალაშქრო საკვებიც იყო. ცნობილია, ქართველი მეომარი ლაშქრობაში თავისი საგზლით — ჩურჩხელების მარაგით მიდიოდა.

საქართველოში ღვინო მარტო მოსალხენად და სარიტუალოდ კი არ გამოიყენებოდა, არამედ საკვებად და სამკურნალოდაც. ქართველებისთვის პურ-ღვინოს თანაბარი კვებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მოხუცებში. ასევე, ღვინით უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ ფიზიკურად მომუშავენი. ძველი ღვინო წამლად გამოიყენებოდა სისუსტის, სისხლნაკლულობის, უმადობის დროს. მზადდებოდა შეჭამანდები შავი ღვინისგან, „თხლისაგან“, „ისრიმისგან“, რომელიც ნიგვზით, ნივრითა და მარილით იკმაზებოდა და ა. შ.

ლუდის დაყენება

რედაქტირება

თუ საქართველოს ბარში მევენახეობა-მეღვინეობა განვითარების კლასიკურ ფორმებს აღწევს, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (ხევსურებში, ფშავლებში, თუშებში, მთიულ-გუდამაყრელებსა და მოხევეებში) „ნაციონალურ“ სასმელად გამოიყენებოდა ლუდი, როგორც საერო, ისე საკულტო-სარიტუალო მსახურების შესრულებისას. სარიტუალო ლუდის მომზადება, ძირითადად, ჯვარ-ხატების მოვალეობას შეადგენდა. ისინი ფლობდნენ საგანგებო სალუდე ნაგებობებს, ხოლო სალუდე მეურნეობას უძღვებოდა მთავარი მსახური — ხუცესი, სათანადო სამეურნეო პერსონალთან ერთად. კალენდარული დღეობების დროს ლუდის კოდის გახსნა უმნიშვნელოვანეს მომენტს წარმოადგენდა. სადღესასწაულო რიტუალში ლუდი წმიდა სასმელადაა გამოცხადებული. ლუდის სარიტუალო დანიშნულება კარგად ჩანს მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ დღეებში. ლუდი ფართოდ გამოიყენებოდა მთიელთა ყოველდღიურ ყოფაშიც. მთიელის ცხოვრების არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი (ძეობა, მოშუღლეთა შერიგება და მისთ.) ულუდოდ არ ჩაივლიდა. მთიელი ქართველისთვის ლუდი წმიდა სასმელია და ამიტომ მასთან დაკავშირებული ყველა ქმედება განწმენდილი ადამიანისგან უნდა შესრულდეს. წმინდადაა მიჩნეული საქვაბე, რაშიც ლუდი იხარშება, საკოდე, სადაც ის დუღდება და თას-განძი, რითაც მას სვამენ. საგანგებო სარიტუალო ჭურჭელს წარმოადგენდა „სახუცობო კოჭობი“, რომელსაც სხვადასხვა სამკაული ჰქონდა შებმული: ვერცხლის ფული, მასრები, შიბები, ძეწკვები. სახუცობო კოჭობი წმინდა ჭურჭელია და მხოლოდ იმითაა ნებადართული კოდიდან ლუდის ამოღება. ხატის ყმანი მუხლებზე დაჩოქილნი ხელმიუკარებლად სვამენ თასიდან ლუდს. სმის ეს წესი ხატთან ზიარების, ხატის ყმებისა და თემის ერთიანობის გამოხატულებაა. ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი, რომ ეს თასი, ხალხის რწმენით, ზეციური წარმოშობისაა, ღვთისშვილთა ნიშანს წარმოადგენს და მისგან აღმოცენდება ჯვარ-ხატი. თასს განსაკუთრებული ძალა ხევისბერის ხელში ენიჭება.

ლუდის დაყენების წესი, მის მიღებასთან დაკავშირებული რიტუალური ჩვეულებები, საქართველოში ძველთაგანვე ლუდის კულტურის არსებობაზე მეტყველებს.

მეხილეობა

რედაქტირება

ქართველები ოდითგან მისდევდნენ მეხილეობას და მიწათმოქმედების სხვა დარგებთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. VI-IV საუკუნეების უძველესი ბერძნული ცნობებიც მიუთითებს საქართველოში მეხილეობის ფართოდ გავრცელებაზე. ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში მთელი იმდროინდელი საქართველო, ველებიდან დაწყებული ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ადგილების ჩათვლით, ვენახ-ხილიან ზოლად არის წარმოდგენილი. ქართველმა ხალხმა თავის ბაღ-ხილნარს „მტილ-სამოთხეები“ და „ბაღ-წალკოტები“ უწოდა.

წმინდა ხილის ბაღები საქართველოში გავრცელებული იყო ქართლში, იმერეთში, სამცხეში. ქართველმა მეურნემ შემოქმედებითი ძიების გზით, „გლეხურ ლაბორატორიულ პრაქტიკაში“ შეძლო მიეღწია ხეხილის ჯიშთა მრავალფეროვნებისა და სიმრავლისათვის. ამაზე მეტყველებს ნიადაგის შერჩევის ცოდნა, უმცირესი მიწის ნაკვეთების მომზადება საშენად რამდენიმე წესის გამოყენებით: ტერასების მოწყობით, ჭაობის დაშრობით, შემობარვითა და ა. შ.; ხეხილის მოვლის წესები, მყნობის ტრადიციული წესები, ხილის საკრეფი ხელსაწყო-იარაღების მრავალფეროვნება და ა. შ. ქართული ხილის ცნობილი ჯიშებია: მეფის ვაშლი, თურაშაული, კალოს მსხალი, გოგრა ბალი, ხიდისთაური სახრავი, ალიბურახი და ა. შ. სამცხეში, განსხვავებით საქართველოს სხვა რეგიონებისაგან თუთის ხის გამოყენების მრავალმხრივი პრაქტიკაც დასტურდება.

ისტორიულად ქართველი ხალხი საოჯახო მეურნეობაში ფართოდ გამოიყენებდა ველურად მზარდ ტყის ხილეულს სამკურნალოდ, სამღებროდ და საკვებად. სხვადასხვა რეგიონში დასტურდება „ტყის მეხილეობის“ არსებობაც, რომლის ძირითადი ნიშანია უშუალოდ ტყეში, სანამყენე ხეზე, იმავე სახეობის შინაური ხეხილის ტოტის დამყნობა და ამით ამ ადგილის დასაკუთრება. აქვე მისდევდნენ მცენარეულის კულტივირებასა და სასარგებლო მცენარეების შერჩევა-დანერგვას.

სარწყავი სისტემები

რედაქტირება

სამიწათმოქმედო მეურნეობის განვითარებას თან სდევდა სარწყავი სისტემების მოწყობა, რომლის უძველესი ფორმების აღმოცენება დაკავშირებულია ინტენსიური მემინდვრეობის განვითარებასთან. საუკუნეების მანძილზე საქართველოში ირიგაციის მრავალი ფორმა შემუშავდა, რასაც ბუნებრივ-სამეურნეო პირობების სირთულე, ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარება განსაზღვრავდა. ეთნოგრაფიული კვლევით დასტურდება სარწყავი სისტემის კულტურა, რისთვისაც იყენებდნენ მთის ნაკადულებს, წყაროებს, მდინარეებს, აკეთებდნენ ჯებირებს, გაჰყავდათ დიდი და მცირე ზომის არხები, გამოიყენებოდა მერუეთა ინსტიტუტი და მზის საათი. მორწყვის მრავალფეროვანი სისტემა შედრებით მარტივია მთაში, სადაც, ძირითადად, სათიბები ირწყვებოდა, ბარში კი, სადაც იგი მთლიანად განაპირობებს მემინდვრეობის მოსავლიანობას, უფრო რთულია. სარწყავი მიწათმოქმედების განვითარებამ მყარი საფუძველი შეუქმნა ქვეყნის ეკონომიკას. საქართველოში შეიქმნა მძლავრი სამიწათმოქმედო ცენტრები.

მესაქონლეობა

რედაქტირება

ქართველი ხალხის სამეურნეო საქმიანობაში, მიწათმოქმედების კვალდაკვალ, მთავარი ადგილი უჭირავს მესაქონლეობას. ისტორიულად საქართველოში ცნობილია მრავალდარგოვანი მესაქონლეობის არსებობა, რაც გულისხმობდა როგორც წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი), ისე მსხვილფეხა მესაქონლეობის (ძროხა, კამეჩი, ცხენი, ჯორი, სახედარი) განვითარებას. საქართველოს ბარისაგან განსხვავებით, სადაც პრიორიტეტს მიწათმოქმედება ინარჩუნებს და მესაქონლეობა მიწათმოქმედების ხელშემწყობ მოვლენას წარმოადგენს (გამწევი ძალით უზრუნველყოფა), მთიანი მხარეების ეკონომიკაში მესაქონლეობა ჭარბობს სხვადასხვა ვარიაციით: სვანეთში, მთის რაჭასა და ხევსურეთში — მსხვილფეხა მესაქონლეობაა განვითარებული; თუშეთში, ფშავში, ხევსა და მთიულეთ-გუდამაყარში — მეცხვარეობა.

მესაქონლეობის განვითარების ინტენსიურ ხასიათზე მიუთითებს ქართველი ხალხის საჯიშე-სანაშენე საქმიანობაც, რომელმაც მოგვცა ცნობილი მეგრული ხარი, ხევსურული ძროხა, თუშური ცხვარი, მეგრული თხა, კახური ცხენი. ჯერ კიდევ კლასიკური ეპოქის ავტორები აღნიშნავდნენ უპირატესობას კოლხური დაბალტანიანი ძროხისა, რომელიც მაღალი წველადობით გამოირჩეოდა. საქართველოში ბუნებრივ ზონალობას ემორჩილება მესაქონლეობის ფორმები: მთური და ბარული. მესაქონლეობის ამ ორ ფორმას ბინადარი მოსახლეობა მისდევდა და აქედან გამომდინარეობდა მათი ცხოვრების წესიც (ფსიქიკა, სოციალური ინსტიტუტი, საწარმოო ჩვევები, შრომის ორგანიზაციის ფორმები, ადათობრივი სამართალი, სოციალური და მატერიალური კულტურა). ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რძის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიური ხერხების (ნაღების მიღების, კვეთის შემზადების, რძის შეყველების ტემპერატურის დაცვის, სიმჟავის ნორმალური დოზის შენარჩუნების...), სარძეო მეურნეობისათვის გამოსადეგი ჭურჭლის მასალის (ხე, თიხა, სპილენძი) ვარგისიანობის, ყველის შესანახი ჭურჭლის (გუდა, თიხა, ხე) მრავალსახეობისა და სხვ. მიგნება-გამოყენებაში. ქართველებმა კარაქის მისაღებად შექმნეს თიხის სადღვებელი, ნაპოვნია ძვ. წ-აღ IV ათასწლეულის დროინდელი მისი ნიმუში, და დღესაც, ეს სადღვებელი იმავე ფორმით განაგრძობს არსებობას აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (ქართლ-კახეთში), რაც მოსახლეობის ბინადარი წესის უტყუარი მატერიალური ნიშანია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ზოლში სადღვებლად გამოყენებულია მთლიანი ხის „ვარია“ და „ჩხუტბრუნელი“. ხევსურეთში ხის ვარიასთან ერთად სპილენძის ვარიასაც იყენებდნენ.

სარძევე მეურნეობის განვითარების მაღალი კულტურის შედეგია ისეთი მიღწევები მესაქონლეობაში, როგორიცაა თუშური ყველი, მეგრული სულგუნი, იმერული ყველი, ხევსურული ერბო, აჭარული კარაქი. მესაქონლეობის ცალკეული დარგების გავრცელება ზონალობასა და რელიგიურ რწმენებს ექვემდებარებოდა. ცხვარი ყველგან ჰყავდათ, მეთხეობა ძირითადად — გურია-სამეგრელოში, კამეჩი მხოლოდ საქართველოს ბარში იყო გავრცელებული, მეღორეობა — კახეთსა და სვანეთში. ღორს, რელიგიური მოსაზრებით, არ აშენებდნენ აჭარასა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. საკვებად არ გამოიყენებოდა უსურმაგის (ცხენის, ჯორის, ვირის) ხორცი.

მესაქონლეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართველი ხალხის რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში. მეურნეობის ამ დარგის ინტერესებს შეესატყვისებოდა უძველესი სამეურნეო კალენდარიც. საახალწლო რიტუალში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეჭირა მეკვლის მიერ ცეცხლში მუგუზლის „შეჩიჩხინებას“, ნაპერწკლების ასავარდნად, რასაც მოსდევდა საქონლის გამრავლების სურვილის გამომხატველი ფრაზა: „ამდენი ცხენი, ამდენი ძროხა“. იცოდნენ რიტუალური კვერების გამოცხობა, საახალწლოდ საქონელზე მილოცვა და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ციკან-ბატკნის ბეჭის ძვლით მკითხაობდნენ ოჯახის დოვლათიანობაზე. მთელი რიგი ცერემონიებისა დაკავშირებული იყო მეწველი და მუშა საქონლის, წველადღვების, გუთნის გატანისა და ა. შ. გათვალვის წინააღმდეგ.

საქართველოს ცალკეულ კუთხეებს შემორჩა სანახაობები ხარის მონაწილეობით: ბუღების ჭიდაობა (აჭარა), კურული (სამეგრელო).

მეთევზეობა

რედაქტირება

მეთევზეობას, როგორც სამეურნეო ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს, შორეულ წარსულში აქვს ფესვები გადგმული. არქეოლოგიური მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ ზედა პალეოლითის შემდგომ ეპოქაში მონადირეობასა და შემგროვებლობასთან ერთად განვითარებული ფორმით გვევლინება მეთევზეობაც. მეთევზეობის განვითარებაზე მიუთითებენ უძველესი ისტორიული წყაროები. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი (I ს.) აღნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართველ ტომთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო დარგი მეთევზეობაა. მეთევზეობა ძველი დროიდანვე განვითარებული იყო ტბებსა და მდინარეებში, რაც ლეონტი მროველის წმიდა ნინოს ცხოვრებიდანაც ჩანს. როცა წმ. ნინომ „მოაწია მთასა ჯავახეთისასა, სადა იგი მიემთხვა ტბასა დიდსა... რომელსა ჰქვიან ფარავნა... და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდეული მეთევზურთაგან“. საქართველოს მდინარეებში თევზის სიმრავლეზე მიუთითებენ უცხოელი მოგზაურებიც. ჟან შარდენის ცნობით, „მტკვარში მრავალ თევზს იჭერენ“. გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი აღნიშნავს, რომ მდ. მტკვარზე მეთევზეები ხის სათევზაო „გოდრებითა“ და „კალათებით“ იჭერდნენ თევზს. გვიანდელი ფეოდალური ხანის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ყველა ფეოდალს ჰყავდა ყმა-მეთევზეები, მეფეთა კარზე სპეციალური თანამდებობაც არსებობდა — მებადურისა. ცნობილია თევზის ჭერის სხვადასხვა წესი: კონით, ფაცერით, ოჩხით, გოდრით, ჩანგლით, ბადით, აგრეთვე ხელაობა, ყინულში თევზჭერა და ა. შ. მტკვრის ხეობაში თევზს, ძირითადად, ბადით იჭერდნენ, განსაკუთრებით გავრცელებული იყო სასროლი ბადე და ნავტიკი. ზღვაზე მასობრივი თევზაობის შემთხვევები არ გვხვდება, უფრო ინდივიდუალურად და მცირერიცხოვან ჯგუფებად თევზაობდნენ ნავებში მსხდარნი.

მეთევზეობის დაწინაურებაზე, ეთნოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, მიგვითითებს ქართული ზღაპრული ეპოსი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამირანის მამის სახელი სულკალმახი, საქართველოში ოდესღაც არსებული თევზის კულტის ნაშთია. იმერეთში დამოწმებულიაა თევზის მფარველი ღვთაება ლარსა. ქართველი ხალხის რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში თევზი ითვლება ნაყოფიერების სიმბოლოდ, რაც მრავალი ეთნოგრაფიული ფაქტითაა დადასტურებული, როგორიცაა საქორწინო თარფი თევზით, კალმახი, როგორც საკურთხის აუცილებელი ატრიბუტი სამეგრელოში, ლოცვა-ვედრება თევზისადმი შვილიერების შეთხოვნის მიზნით; გურიაში კალმახის დაკვლა საკალანდო ქვევრის თავზე, მაგიური დანიშნულება ჰქონდა წყლის აუზს ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიასა და თრიალეთის სოფ. ჰოლიანქში, სადაც ეკლესიაში სასულიერო პირებს მოშენებული ჰყავდათ კალმახები, რომელთაც, ადგილობრივთა რწმენით, სასწაულების მოხდენა შეეძლოთ.

ხალხური ტრანსპორტი

რედაქტირება

ქართული სინამდვილისათვის დამახასიათებელი ხალხური ტრანსპორტი, რომელშიც ცოცხალი გამწევი ძალაა გამოყენებული, სამ ჯგუფად იყოფა, რაც ქვეყნის სამეურნეო-გეოგრაფიული გარემოს თავისებურებებით არის განპირობებული: უბორბლო საზიდი მარხილი (მთის ზოლში), ბორბლიანი ურემი (ბარის ზოლში) და გარდამავალი — შერეული ტიპის საზიდი (ბოლოთრია, აჩაჩა ურემი, სელი, თუში). ეს უკანასკნელი საქართველოს პირობებშია წარმოშობილი და სპეციალურ ლიტერატურაში შეფასებულია, როგორც ქართული მატერიალური კულტურის ერთ-ერთი მონაპოვარი. ამ სახეობის კონსტრუქციულ თავისებურებას წარმოადგენს ორი სრულიად განსხვავებული სამოძრაო პრინციპის — ბარის ზოლის ურმის გორვა-ბრუნვისა და მთის ზოლის მარხილის თრევა-სრიალის მოწყობილობათა — კომბინირებული გამოყენება. მის დასამზადებლად საყურადღებო ტექნოლოგიური ხერხები გამოიყენება.

წყლის ტრანსპორტი

რედაქტირება

უძველესი დროიდან საქართველოში განვითარებული იყო წყლის ტრანსპორტი. ზღვის, ტბისა და დიდი მდინარის ათვისება სამეურნეოდ და სანაოსნოდ მხოლოდ ნავით იყო შესაძლებელი. აღმოსავლეთ საქართველოში სანაოსნოდ გამოიყენებოდა მდინარეები: მტკვარი და ალაზანი, დასავლეთ საქართველოში — რიონი. ერთადერთი ტბა, რომელიც სანავიგაციოდ ფართოდ იყო გამოყენებული, პალიასტომის ტბაა. წყლის ტრანსპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობა ხის მორი და ტივი იყო, რომელთაც მდინარეზე აცურებდნენ და ჭოკით აძლევდნენ მიმართულებას. საქართველოში ისტორიულად გავრცელებული იყო ნავის ორი სახეობა: დაჭედილი და დაუჭედავი (ცალფა ნავი), ერთი მთლიანი ხისაგან გამოთლილი, რაც წყლის ტრანსპორტის განვითარების ყველაზე ადრეულ სახეობაზე მიგვითითებს. დროთა განმავლობაში ხდებოდა ცალფა ნავის სანაოსნო თვისებების სრულყოფა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წყლებში უხდებოდა ცურვა. ცალფა ნავები განსხვავდებოდა ზომით და ზოგჯერ ფორმითაც, გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობისთვის, სათევზაოდ, სანადიროდ, ტვირთისა და მგზავრების გადასაყვანად. დასავლეთ საქართველოში თითქმის ყოველ მოსახლეს ჰყავდა პატარა ნავი, რომელიც დაჰყავდათ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსა და ბავშვებსაც.

ფიცრისგან შეკრული დაჭედილი ნავი მდინარეზეც გამოიყენებოდა და ზღვაზეც. დაჭედილი ნავის ოსტატებად ცნობილი იყვნენ მეგრელები და ქვემო იმერეთის მცხოვრებნი. სამდინარო ტრანსპორტის გავრცელებულ სახეობად ითვლებოდა ნავტიკები, ტივები. ტივი სატრანსპორტო საშუალებად გამოიყენებოდა მტკვარზე, ალაზანზე, ენგურზე, რიონზე, პალიასტომზე. ნავტიკი გამოიყენებოდა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად. ძველად ფართოდ იყენებდნენ ბორანსაც.

ძველი კოლხეთი ნაოსნობის ერთ-ერთ ძლიერ ცენტრად იყო ცნობილი მთელ შავ ზღვაზე, ხოლო მდიდარი წერილობითი წყაროები, რომლებიც ძვ. წ-აღ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან მოგვეპოვება, საქართველოში ნაოსნობის ხანგრძლივ ტრადიციებზე მიუთითებს.

მელითონეობა

რედაქტირება

ქართველებს მელითონეობის დარგშიც გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი მსოფლიო კულტურის საგანძურში. რკინის დამუშავებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს, ღრმა სიძველით ხასიათდება. ამ მხრივ, არქეოლოგიური კვლევა-ძიება მეტად მნიშვნელოვან მასალას იძლევა. ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე XIV საუკუნიდან საქართველოში იწყება რკინის მეტალურგიის ჩასახვა-განვითარება, რასაც ხელს უწყობდა რკინის საბადოების სიმრავლე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში (ჩათახის (აღმ. საქართველო), წედისის (რაჭა), კურსების (იმერეთი), ჯიშრის (აფხაზეთი), შხიბარის (სვანეთი), სარკინეთის (ქართლი) და სხვა საბადოები). ქართველებს ძველი კულტურული სამყარო თვლის განთქმულ მელითონეებად, ნაქებ რკინის მოხელეებად. ბერძენი ტრაგიკოსი ესქილე (ძვ. წ-აღ. V ს.) ხალიბებს (ზოგიერთ მკვლევარს ისინი ქართველთა წინაპრებად მიაჩნია) გამომგონებლად თვლის, ხოლო ხალიბების ქვეყანას „რკინის დედას“ უწოდებს. ქართველთა წინაპრები ფლობენ უჟანგავი რკინისა და მაღალი ღირსების ფოლადის მიღების თავისებურ ხერხებსა და საიდუმლოებას, რის გამოც მათი ნახელავი დიდად გამოირჩეოდა და შორს ჰქონდა სახელი გავარდნილი. ჯერ კიდევ ჰომეროსი ძველი ქართველი ტომების ალიბების (იგივე ხალიბების), ჭანების ქვეყანას იცნობდა, როგორც ლეგენდარულ „ვერცხლის ქვეყანას“ (თანამედროვე გიუმიშხანე). ხალიბები გვევლინებიან რკინის დამუშავების საუკეთესო ოსტატებად. ამ დროს წინა აზიისთვის კავკასია იყო ლითონის ნედლეულის მიმწოდებელი. ასურეთში ხალიბების რკინას „ხაბალკინუ“ რქმევია. სპეციალური კვლევით დადგენილია, რომ ქრისტეშობამდე, IX-VII საუკუნეებში, ამ ხალხთა მეტალურგიულმა ოსტატობამ მანამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. ამ ვითარებას კარგად ესადაგება ბერძნული მითიც, რომლის მიხედვითაც მჭედლობის ღვთაების — ჰეფესტოს — სამოქმედო არე კავკასიაა. საქართველოს მიწა-წყალზე მიმობნეული მრავალრიცხოვანი ნაშთი: დაგროვილი რკინაწიდა, რკინის საბადოები და სხვ. მოწმობენ, რომ რკინის წარმოებას ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. საქართველოს ეთნოგრაფიულმა სინამდვილემ შემოინახა ძველი მელითონეების საწარმოო გამოცდილება და რწმენა-წარმოდგენები, რაც ხალხური მჭედლობის სიძველეზე მიუთითებს. ამ მიმართებით, ქართული მეტალურგიის ტრადიციების მატარებლად და ტიპურ სახედ წარმოგვიდგა რაჭის სარკინეთი (ზემო რაჭა), რომელთა მცხოვრებთ „რკინის კაცებს“ ეძახდნენ. დადგენილია საუკეთესო ფოლადის მიღების საიდუმლოც, რკინის მადანში სადუღარი მიწის „ფაშას“ / პიროლუზიტის შერევის წესი, რომელიც ძველი ქართველი ტომების (ხალიბებისა და მოსინიკების) რკინის დამზადების წესის ანალოგიურია.

მელითონეობის ძველი კულტურის კვალი ატყვია არა მხოლოდ მატერიალურ წარმოებას, იგი ხალხის ცნობიერებამაც აღბეჭდა როგორც მაგიური ძალის შემცველი. მჭედლობას ჰყავდა თავისი მფარველი ღვთაება: სოლანი - სვანეთში, სოლომი — სამეგრელოში, შაშა — აფხაზეთში. ამასვე ადასტურებს რაჭული თქმულება „სირა მჭედელზე“, რომელიც ახლოს დგას მჭედლობის მფარველ ღვთაებებთან. თვითონ სამჭედლო წმიდა ადგილად იყო მიჩნეული, ხოლო მჭედელი — ზეკაცური ბუნების მქონე არსებად. საქართველოში დღემდე დადასტურებული მელითონეობის მდიდარი და მრავალფეროვანი ტერმინოლოგია, ამ ტერმინთა ქართული წარმოშობა, ძველი ქართული მელითონეობის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს.

საქართველოში გავრცელებული იყო სპილენძის ხელადი. სპილენძის მადნეულის დამუშავების ცენტრი იყო ჭოროხის ხეობა და ალავერდის საბადოები. სპილენძის მოხელეები ფლობდნენ მისგან არამარტო ჭურჭლის დამზადების ტექნიკას, არამედ ძველი სპილენძეულის გადამუშავების ხელოვნებას, რაც მელითონეობის მაღალ კულტურაზე მეტყველებს. საერთოდ, სპილენძის ჭურჭელი ქალის სამზითვო ნივთი იყო. იგი დიდ როლს თამაშობდა სხვადასხვა რიტუალებსა და საწესო ჩვეულებათა შესრულებისას.

საქართველოს ქალაქები ისტორიულად ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრებს წარმოადგენდნენ, სოფლად კი შინამრეწველობა იყო განვითარებული: ხის, ქვის, თიხის, რკინის დამუშავება ტრადიციული წესებით. მაღალ დონეზე იდგა ხალხური ფეიქრობა და ოქრომჭედლობა. არსებობდა შინამრეწველობის დარგების ოსტატთა გაერთიანებები — სახელოსნოები, ამქრული ორგანიზაციები. ისინი ამზადებდნენ სამხედრო იარაღს, თოფის წამალს, ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს, მუსიკალურ საკრავებს, ჭურჭელს, სამოსელს, ცხენ-აქლემის მოკაზმულობებს.

ვაჭრობდნენ პურით, ბამბით, აბრეშუმით, ბეწვეულით, ღვინით, მატყლით, სანოვაგით. უცხოეთში გაჰქონდათ კახური და ქართლური ღვინო, ენდრო, პური, მაღალხარისხოვანი მატყლი, ქსოვილი, ხალიჩები, სწრაფმავალი ცხენები და სხვ. XII საუკუნიდან მოკიდებული XVII საუკუნემდე ქართული აბრეშუმის ქსოვილები დიდად ფასობდა წინა აზიისა და ევროპის ბაზრებზე.

მზა საქონელი შემოჰქონდათ ირან-ოსმალეთიდან, ხოლო ევროპიდან — ფრანგული საქონელი. კავშირი იყო დამყარებული მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრებთან: ტრაპეზუნტთან, კონსტანტინოპოლთან, ბაღდადთან, ალექსანდრიასთან და სხვ.

ეროვნული სამოსი

რედაქტირება
 
ჩოხა

ქართული კულტურის უძველესსა და მნიშვნელოვან მონაპოვარს ეროვნული სამოსლის დამზადება-გამოყენება წარმოადგენს. საოჯახო მეურნეობაში ქსოვილების დამზადების ტრადიციული, შინამრეწველური წესით მზადდებოდა შალი, ბამბა, სელი, აბრეშუმი, კანაფი. ქსოვისა და ქსელვის რთულ და მრავალფეროვან ხალხურ ტექნიკას ფლობდა საქართველოს მთის ზოლის მოსახლეობა. ჰეროდოტეს ცნობით, მაშინდელ მსოფლიოში კოლხეთში წარმოებული სელის ქსოვილი, ეგვიპტურთან ერთად, საუკეთესოდ ითვლებოდა.

საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩაცმულობის სხვადასხვა ვარიანტი ყალიბდება, ხოლო მისი ძირითადი ტიპები — ქართული კაბა და ქართული ჩოხა — დაიხვეწა და თავისი საბოლოო სახე ბოლო საუკუნეებში მიიღო. ქართული ეროვნული კოსტიუმის ძირითადი მახასიათებელი ელემენტებია: ფორმის დახვეწილობა და სინატიფე, წელზე გაწყობა, ასაკთან, პირისახის, კანისა და თვალის გუგის ფერებთან სამოსლის ფერთა შეხამება, ტარების მანერა. ქართულ კაბას ესადაგება ქართული თავდახურვაც: ჩიხტი-კოპი, მანდილი, ლეჩაქი და ბაღდადი.

ქართველი მამაკაცის ეროვნული კოსტიუმის ძირითადი ტიპი ჩოხა-ახალუხის კომპლექსია, ვერცხლისთავიანი მასრებითა და ვერცხლის ქარქაშიანი ხანჯლით გაწყობილი.

საერთო ეროვნული ჩაცმულობის გარდა, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში კოსტიუმის თავისებური ტიპები გამომუშავდა: სამოსი სხვადასხვა წოდებისა და პროფესიის ხალხისთვის — ხელოსნისათვის, გლეხისათვის, მოქალაქისა და ვაჭრისათვის, სასულიერო პირისათვის, მგზავრისათვის, მხედრისათვის, ფალავნებისათვის, გათხოვილი და გაუთხოვარი ქალისათვის, აგრეთვე — სამუშაო, საზეიმო, საქორწილო, სამგლოვიარო, სამონადირეო და სხვა ტანსაცმელი.

ქართული კოსტიუმის ძირითადი ტიპები, ისტორიულად, სამეურნეო-ყოფითი, სოციალურ-წოდებრივი და ტერიტორიულ-ეთნიკური ნიშნების მიხედვით იქმნებოდა.

ქართული ეროვნული ტანსაცმლის პარალელურად არსებობას განაგრძობდა ძველი ქართული ეთნიკური წარმომავლობის ტანსაცმელიც. მათ შორის წარმოდგენილი იყო უნიკალური, ზოგჯერ სულ მცირე მიკრორაიონში გავრცელებული სამოსი, რომელიც ძველი ქართული ჩაცმულობის საწყის ფორმებს ენათესავება. ასეთია, მაგალითად, ხევსურული „ტალავარის“ ელემენტი პერანგი, რომელიც თარგით ძველი კოლხეთისა და მცირე აზიის კულტურულ სამყაროს უკავშირდება.

დასავლეთ საქართველოში, ქართული კოსტიუმის თავისებური სახეა რაჭული ტანსაცმელი, ასევე აჭარულ-გურული და ლაზური სამოსი ჩაქურა, რომლის შემადგენელი ელემენტია ყაბალახი. საერთო ქართული ჩაცმულობისათვის დამახასიათებელი იყო ნაბადი და ცხვრის ქურქისგან შეკერილი ჩასაცმელი. ეროვნული კოსტიუმის მრავალფეროვნებას კარგად შეესაბამება თავდახურვაც: თუშური, ხევსურული, სვანური, იმერული და მეგრული ქუდი, ყაბალახი, ფაფანაკი; საზამთრო ქუდებიდან: ყალმუხის ქუდი, გალიბანდი, ბუხრის ქუდი, დაბალი ბოხოხი.

XIX საუკუნიდან ტანსაცმლის ძირითად მასალად ფაბრიკული ქსოვილების გამოყენებამ დააკნინა შინამრეწველობა და კუსტარული შინარეწვა, რამაც ზეგავლენა მოახდინა ქართული ჩაცმულობის ტრადიციულ ფორმებზე. საქართველოში ვრცელდება ევროპული მოდა. სოფლის მოსახლეობა ჩოხას რუსულ მაზარაზე ცვლის, მაღალი კლასის წარმომადგენლები — ევროპულ ფრაკებსა და კოსტიუმებზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-16. ციტირების თარიღი: 2007-09-24.
  2. Levinson, David. Ethnic Groups Worldwide: A Ready Reference Handbook. Google Books. ციტირების თარიღი: 25 May 2014. 
  3. Milliyet. ციტირების თარიღი: 21 August 2015.
  4. Национальный состав населения. ციტირების თარიღი: 6 ივლისი 2024.
  5. CRS Brief for Congress: Armenia, Azerbaijan, and Georgia: Political Developments and Implications for US Interests
  6. 2001 უკრაინის აღწერა
  7. 2001 საბრძნეთის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-30. ციტირების თარიღი: 2011-01-22.
  8. „Population by ethnic groups“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის კომიტეტი
  9. [La migración reciente de Europa central y oriental a la Argentina. ¿Un tratamiento "especial"? por María José Marcogliese http://redalyc.uaemex.mx/pdf/269/26900104.pdf დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. ] Revista Argentina de Sociología, 2003.
  10. Brisa Varela en "Geografías de la memoria: lugares, desarraigos y reconstitución identitaria en situación de genocidio"(EDULP, 2008)
  11. [Los migrantes de Europa del Este y Central en el área metropolitana http://www.caref.org.ar/texto/europa_del_este.pdf დაარქივებული 2013-10-03 საიტზე Wayback Machine. ]INVESTIGACIÓN CAREF-OIM 1999-2002
  12. მეტწილად ირანში მცხოვრებ ქართველებში და აჭარის ნაწილში.
  13. Jon Seligman, A Georgian Monastery from the Byzantine Period at Khirbat Umm Leisun, Jerusalem
  14. ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ.44
  15. ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი (1696-1757 წწ). აღწერა სამეფოსა საქართველოსა. „აღწერა ეგრისის ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა“. გვ.745 თბილისი 1973.
  16. დონ კრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. თბილისი, 1977 წ, გვ.316
  17. დონ კრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. თბილისი, 1977 წ, გვ.151
  18. „FamilyTreeDNA - Georgian dna Proejct“ წაკითხვის თარიღი: 2022 წლის 19 დეკემბერი.
  19. georgia-religion 2014