სამსრის ქედი
სამსრის ქედი, აბულ-სამსრის ქედი — მერიდიანული ქედი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტებში.[1] გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 42 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 22 კმ. მწვერვალების აბსოლუტური სიმაღლეები იცვლება ზღვის დონიდან 2500–3300 მ-ის ფარგლებში, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე 900–1400 მ-ს უდრის. ქედის დასავლეთი კალთები მთელ სიგრძეზე ებჯინება ჯავახეთის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ხოლო აღმოსავლეთი კალთები წალკისა და ფარავნის ქვაბულებს. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მდინარე ქციის, ხოლო სამხრეთით მდინარე ფარავნის ხეობით. სამსრის ქედი ახალქალაქის პლატოს გამოყოფს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბის ტაფობისაგან. საქართველოს სამხრეთ მთიანეთში სამსრის ქედი უმაღლესი ოროგრაფიული ერთეულია.[2][3]
სამსრის ქედი | |
---|---|
მთები ყარათაში და ყარადაღი | |
კოორდინატები: 41°31′45″ ჩ. გ. 43°41′00″ ა. გ. / 41.529361° ჩ. გ. 43.683333° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | დიდი აბული |
სიმაღლე | 3301 მ |
სიგრძე | 42 კმ |
სიგანე | 20–22 კმ |
ამგებელი ქანები | ანდეზიტის, ანდეზიტ-დაციტის, ბაზალტისა და დიაბაზის ლავა, ტუფ-ბრექჩია და ტუფი |
სურათები ვიკისაწყობში |
სამსრის ქედი აგებულია ძირითადად ნეოგენური და მეოთხეული ასაკის ეფუზიური ქანებით, — ანდეზიტის, ანდეზიტ-დაციტის, ბაზალტისა და დიაბაზის ლავებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ნეოგენური გოდერძის წყება წარმოქმნის ქედის ძირითად ჩონჩხს — ყველა მის საფუძველსა და მასივების მნიშვნელოვან ნაწილს. მეოთხეული ლავებით აგებულია ნეოგენურ სუბსტრატზე დაშენებული ცალკეული ვულკანური კონუსები და გუმბათები.[4]
უმაღლესი მწვერვალია დიდი აბული (3301 მ). მაღალი მთებია: სამსარი (3284,7 მ), გოდორები (3189 მ), ყიზილდაღი (3098,6 მ), ყარადაღი (3046,9 მ), აბიხის ვულკანი (2933,4 მ), შავნაბადა (2929 მ), დასავლეთი ქეროღლი (2924 მ), სლობოდსკაია (2877,9 მ), ყარათაში (2857,4 მ), პატარა აბული (2799,8 მ), გრიგორი (2770 მ), აღმოსავლეთი ქეროღლი (2757,1 მ), ყარაყუზეი (2671,4 მ), თავკვეთილი (2582,7 მ), გოდორა (2566 მ), ბებერდაღი (2513,5 მ), ფუნღართეფე (2412 მ), პატარა თავკვეთილი (2340 მ), დიდისითეფე (2249,4 მ). აქ მდებარეობს აბულისა (2317 მ) და ტაბაწყურის უღელტეხილები (2100 მ).[5]
სამსრის ქედის მორფოლოგიაში გამოიყოფა ორი ძირითადი ელემენტი: ფართო პიედესტალი და მასზე დაშენებული ცენტრალურ-ვულკანური ნაგებობა. ქედის პიედესტალის აბსოლუტური სიმაღლეა ზღვის დონიდან 2200–2400 მ და ახასიათებს გარე მხრიდან უფრო ციცაბო კალთებით გაჭრილი დამრეცი ზედაპირი. ეს ზედაპირი მნიშვნელოვან ნაწილში ეროზიითაა გამომუშავებული და ტექტონიკურად ამაღლებულია. ცენტრალურ-ვულკანური ნაგებობების შეფარდებითი სიმაღლე 500–1000 მ-ია და წარმოქმნიან ერთი მხრივ, ძირითად საშუალომთიან ჯაჭვს, რომელიც გადაჭიმულია ქედის ღერძულ ხაზზე მთა თავკვეთილიდან მთა პატარა აბულამდე, ხოლო მეორე მხრივ, ცალკეულ მასივებსა და ამგვარ ჯგუფებს, რომლებიც პიედესტალზე ზიან აღნიშნული ჯაჭვიდან აღმოსავლეთით.[4] მთა სამსრის ძირშია სამსრის ქარიანი ხვრელი.[6]
ქედის მორფოლოგიაში შერწყმულია ტექტონიკური, ვულკანური, ეროზიული, ძველმყინვარული, პერიგლაციალური და ანთროპოგენური რელიეფის ფორმები. მორფოლოგიურად სამსრის ქედის ვულკანები დაყოფილია ხუთ ჯგუფად: თავკვეთილის, შავნაბადის, სამსრის, დიდი აბულის და პატარა აბულის. აღსანიშნავია ლავური ნაკადი პამპულე.[7]
სამსრის ქედმა წარსულში გამყინვარება განიცადა, რომელიც აქ მკაფიოდაა აღბეჭდილი. ის მასივები, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 2800 მ-ს აღემატება, ხოლო გეოლოგიური ასაკი საკმაოდ ძველია, ატარებენ ძველი გამყინვარების ზემოქმედების აშკარა ნიშნებს. ეს უკანასკნელი გამოხატულია ცირკებით, ტროგებით და მორენული დანაგროვებით. თანამედროვე ეტაპე ქედზე ნივალურ-გლაციალური ზონა არ გვაქვს. ცალკეულ მაღალ მწვერვალებზე ფრაგმენტის სახით სუბნივალური პროცესები ვითარდება. ვიურმული გამყინვარების დროს მაღალი მწვერვალების ფერდობებზე ხეობის, კარულ-ხეობის და კარული ტიპის მყინვარები იყო განვითარებული. მყინვარები ძირითადად მცირე ზომის იყვნენ. რელიეფში კარგად არის გამოხატული ქვების ზღვა, ქვის ნაკადები და სხვა ნივალურ-გლაციალური ფორმები.[7]
სამსრის ქედის ჰიდროგრაფიული ქსელი საკმაოდ თხელია. დასავლეთ კალთაზე მიედინება სამსრისწყალი და აბულისწყალი, ხოლო აღმოსავლეთ მხარეზე უმნიშვნელო ნაკადულებია; საყურადღებოა მდინარე შაორი, რომელიც მძლავრი ვოკლუზის სახით გამოდის. მყინვარების ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული ტბების სიმრავლე, რომლებიც მიმოფანტულია მთელ სივრცეზე ყარაყუზეიდან დიდ აბულამდე, ზღვის დონიდან 2400–2700 მ სიმაღლეზე. ტბებიდან მნიშვნელოვანია ლევანის ტბა, აბულის ტბა, ლამაზი ტბა და მრუდე ტბა. ქედის ჩრდილოეთ ნაწილშია ტაბაწყური.[8][9]
სამსრის ქედი საქართველოს სამხრეთი მთიანეთის „ოროგრაფიული კეფის” სახელითაა ცნობილი.[10]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 148.
- ↑ ლევან მარუაშვილი. კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია: ნაწილი 2: მეცნიერება, თბილისი, 1981, გვ. 23
- ↑ Джавахишвили А. Н. Геоморфологические районы Грузинской ССР. 1947. Ст. 44
- ↑ 4.0 4.1 Геоморфология Грузии: Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др. Тб.: Мецниереба, 1971. Ст. 363–369
- ↑ Лист карты K-38-88 Гандзани. Масштаб: 1 : 100 000. Состояние местности на 1982 год. Издание 1984 г.
- ↑ საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, გვ. 188
- ↑ 7.0 7.1 რამინ გობეჯიშვილი. საქართველოს რელიეფი. თბილისი, 2011, გვ. 230–234
- ↑ ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, 1964, გვ. 328–331
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. თბილისი, 1967. ტ. 9–10, გვ. 136–151
- ↑ სამცხე-ჯავახეთი, ცნობარი, თბილისი, 2016, გვ. 18