პერუ

სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკა

პერუ (ესპ. Perú; კეჩ. Perú; აიმარ. Piruw; ოფიციალურად პერუს რესპუბლიკა (ესპ. República del Perú) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ეკვადორი და კოლუმბია, აღმოსავლეთით — ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბოლივია, სამხრეთით — ჩილე. ქვეყნის ფართობი შეადგენს 1 285 220 კმ²-ს.

პერუს რესპუბლიკა
República del Perú
პერუ
პერუს
დროშა გერბი
დევიზი: Firme y Feliz por la Unión (სიმტკიცე და ბედნიერება ერთობისათვის)
ჰიმნი: Himno Nacional del Peru!   (ესპანური)
„პერუს სახელმწიფო ჰიმნი“


პერუს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ლიმა
12°02′ ს. გ. 77°01′ დ. გ. / 12.0433° ს. გ. 77.0283° დ. გ. / -12.0433; -77.0283
ოფიციალური ენა ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ფრანსისკო საგასტი
 -  პრემიერ–მინისტრი ვიოლეტა ბერმუდესი
ფართობი
 -  სულ 1 285 220 კმ2 (მე-20)
 -  წყალი (%) 0,41
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 30 135 875 (40-ე)
 -  2007 აღწერა 28 220 764 
 -  სიმჭიდროვე 23 კაცი/კმ2 (191-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $325 434 მილიარდი[1] (40-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $10,588[1] (85-ე)
აგი (2011) 0,725 (მაღალი) (80-ე)
ვალუტა ახალი სოლი (PEN)
დროის სარტყელი UTC-05:00
ქვეყნის კოდი PER
Internet TLD .pe
სატელეფონო კოდი 51

პერუს ტერიტორიაზე არაერთი ამერიკული ცივილიზაცია ყვაოდა, მათ შორისაა ნორტე-ჩიკოს კულტურა — ერთ-ერთი ყველაზე ძველი კულტურაა მსოფლიოში. პერუს ტერიტორიაზე კოლუმბამდელ ამერიკაში უმნიშვნელოვანეს რომლის ასრულებდა ინკების იმპერია. ინკებმა უდიდესი კულუტურლი და პოლიტიკური ცვლილებები მოახდინეს არა მარტო პერუში, არამდე მთელს სამხრეთ ამერიკაში. XVI საუკუნეში ესპანეთის იმპერიამ მოახერხა ინკების იმპერიის დაპყრობა, პერუში შეიქმნა პერუს ვიცე-სამეფო, რომელიც ესპანეთის რიგითი კოლონია იყო. 1821 წელს პერუმ დამოუკიდებლობისათვის ომში მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება. ამის შემდეგ ქვეყანამ გადაიტანა არეულობის წლები, ფისკალური კრიზისები, თუმცა იყო სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის წლებიც.

თანამედროვე პერუ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა, მისი ტერიტორია იყოფა 25 რეგიონად. პერუს გეოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია, ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი უკავია ანდების მთათა სისტემას, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს მდინარე ამაზონის ხეობას. ქვეყანას ადამიანის განვითარების ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გააჩნია, სიღარიბის დონე კი 31 პროცენტს შეადგენს. ძირითად ეკონომიკურ აქტივობებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება, მანუფაქტურული მრეწველობა (ძირითადად ტექსტილი).

პერუს მოსახლეობა დაახლოებით 30,4 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ინდიელები, ევროპელები, აფრიკელები და აზიელები შეადგენენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს ესპნაურ ენაზე, თუმცა ასევე დიდი ნაწილი საუბრობს კეჩუასა და სხვა ადგილობრივ ენებზე. კულტურული ტრადიციების ასეთი ნაერთის წყალობით, პერუ გამოირჩევა უნიკალური და განსხვავებული კულტურით, ხელოვნებით, ტრადიციებით, მუსიკითა და ლიტერატურით.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა პერუ მომდინარეობს ბირუდან, ადგილობრივი მმართველის სახელიდან, რომელიც სან-მიგელის უბის მახლობლად, პანამის ტერიტორიაზე ცხოვრობდა XVI საუკუნის ადრეულ წლებში.[2] როდესაც მის სამფლობელოს 1522 წელს ესპანელი მკვლევრები ეწვივნენ, ისინი იმ დროისათვის ევროპელთათვის ცნობილ ახალი სამყაროს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში იმყოფებოდნენ.[3] როდესაც ფრანსისკო პისარო უფრო სამხრეთ რეგიონებს იკვლევდა, მათ ბირუს ან პერუს სახელით აღნიშნავდა.[4]

ესპანეთის სამეფომ სახელს ლეგალური სტატუსი 1529 წელს მისცა ტოლედოს კაპიტულაციის დოკუმენტით, ახლად აღოჩენილი ინკების იმპერია გამოაცხადა პერუს პროვინციად.[5] ესპანური მმართველობის დროს, ქვეყანამ მიიღო სახელწოდება „პერუს ვიცე–სამეფო“, რომელიც პერუს დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ „პერუს“ რესპუბლიკით შეიცვალა.

პერუს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციები განვითარდა დაახ. 6000 ძვ.წ. წყნარი ოკეანის სანაპირო რეგიონებში — ჩილკაში, პარაკასში და კალეხონ-დე-ჰუალას მაღალმთიან რაიონში. შემდგომი 3 000 წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა მომთაბარე ცხოვრებიდან მიწათმოქმედებაზე გადავიდა, რაც დადასტურდა ხისკაირუმოკოს, კოტოშის და უაკა-პრიეტას არქეოლოგიური გათხრებისას. ამ პერიოდიდან ფართოდ ვრცელდება სიმინდისა და ბამბის კულტურები. მოსახლეობამ დაიწყო ცხოველების - მათ შორის ალპაკას და ზღვის გოჭის მოშინაურება. გავრცელდა ქსოვილების და თიხის ჭურჭლის წარმოებაც.

დაახ. ძვ. წ. 3000 წლისთვის ვითარდება მონათესავე ნორტე-ჩიკოს ცივილიზაცია, ხოლო 900 ძვ.წ. — ჩავინის კულტურა. ამ ცივილიზაციებს უკავშირდება უძველესი მონუმენტური ტაძრების მშენებლობა სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე.

 
მაჩუ-პიქჩუ, ინკების დაკარგული ქალაქი

პერუს სამხრეთ სანაპიროზე დაახ. 300 ძვ. წ. აღმოცენდა პარაკასის კულტურა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ პერიოდიდან დაიწყო ვიკუნიას ბეწვის ქსოვილს ფართო გამოყენება.

მოჩეს და ნასკას კულტურების აყვავების ხანა იყო 100 ძვ.წ. - 700 ახ. წწ. მოჩეს კულტურის დროს მნიშვნელოვნად დაიხვეწა მეტალის დამუშავება და სამეთუნეო წარმოება. ნასკას კულტურა გამოირჩეოდა ქსოვილების განვითარებული წარმოებით. განსაკუთრებით ცნობილია ნასკას ხაზები, რაც მსოფლიო მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანას წარმოადგენს.

სანაპირო კულტურები ელ-ნინიოს წყალდიდობების და გვალვების შედეგად თანდათანობით დაკნინდა. შემდგომ პერიოდში ანდებში განვითარდა უარისა და ტიუანაკოს კულტურები, რომლებიც მოგვიანებით შეცვალა მძლავრმა ქალაქ-სახელმწიფოებმა ჩანკაიმ, სიპანმა და კახამარკამ. ამავე ტერიტორიაზე მოგვიანებით წარმოიშვა და განვითარდა ჩიმორისა და ჩაჩაპოიას იმპერიები, სადაც მაღალ დონეზე განვითარდა მიწათმოქმედება, ოქრომჭედლობა, მეთუნეობა, მეტალურგია და ტექსტილური წარმოება. დაახ. 700 ახ. წ. განვითარდა სოციალური ორგანიზების სისტემა, რამაც დასაბამი მისცა ინკების ცივილიზაციას.

დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან მიიღო 1824 წელს. ჰქონდა სასაზღვრო დავები ბოლივიასთან (1902), კოლუმბიასთან (1927), ეკვადორთან (1942 და 1981). 1948 წლიდან, პერუში ერთმანეთს ენაცვლებოდა სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება. 1990 წელს, იაპონური წარმოშობის ალბერტო ფუხიმორი აირჩიეს პრეზიდენტად, რომელმაც სამხედროების დახმარებით შეაჩერა მთავრობის მუშაობა და დაითხოვა მთავარ მოსამართლეთა დიდი ნაწილი. 2001 წელს მას ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 

ბუნებრივი პირობების თავისებურებათა მიხედვით, პერუში გამოიყოფა: დასავლეთით – სანაპირო ზოლი ანუ კოსტა, ცენტრში მთიანი, უმთავრესად სტეპური მხარე ანუ სიერა და აღმოსავლეთით ნოტიო-ტყიანი, მთისწინეთისა და ვაკეთა მხარე – სელვა. კოსტას უჭირავს ქვეყნის ტერიტორიის 12,5%; სიერას – პერუს ანდების სისტემას, რომელიც წყნარი ოკეანის პარალელურადაა გადაჭიმული, – 30,2%. აქ გამოიყოფა დასავლეთ კორდილიერა (უმაღლესი მწვერვალი მთა უასკარანი 6768 მ), ცენტრალური კორდილიერა და აღმოსავლეთ კორდილიერა. დასავლეთ კორდილიერას აღმოსავლეთით ეკვრის მთათაშუა პლატოები და ზეგნები (სიმაღლე 3000 -4000 მ), რომელთა სამხრეთით მდებარეობს ვრცელი, დახშული ზეგანი პუნა. სელვას უჭირავს პერუს ტერიტორიის 1/2-ზე მეტი.

პერუს საერთო ფართობი 1.286.216 კვ.კმ-ია, საიდანაც 1,280,085 კმ² უკავია ხმელეთს, ხოლო 5,129 კმ² - წყალს.

საზღვრის საერთო სიგრძეა 5536 კმ (მათ შორის: ბოლივიასთან - 900 კმ, ბრაზილიასთან - 1560 კმ, ჩილესთან 160 კმ, კოლუმბიასთან - 1496 კმ, ეკვადორთან - 1420 კმ). სანაპირო ზოლის სიგრძე: 2414 კმ.

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია უასკარანი (Huascaran) 6768 მ.

 
ტიტიკაკას ტბა პერუში.
 
მთები ანდებში.

პერუს, ეკვატორის მახლობლად მდებარე სხვა ქვეყნებისგან განსახვავებით, არ აქვს მკვეთრად გამოხატული ტროპიკული კლიმატი. ანდების გავლენით, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შეიმჩნევა კლიმატის მნიშვნელოვანი განსხვავებულობა. კოსტაში კლიმატი ზომიერია, საშუალო თვიური ტემპერატურა 15–25 გრადუსი. რეგიონი მაღალი ტენიანობით გამოირჩევა. სიერაში სუბეკვატორული ჰავაა (ნალექები 1000მმ წელიწადში) ეს რეგიონი გამოირჩევა კოკისპირული წვიმებით, განსაკუთრებით ზაფხულში. სიმაღლის მატებასთან ერთად, ანდებში ტენიანობა და ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს. ანდების აღმოსავლეთ კალთებზე და სელვაში ეკვატორული, მუდმივნოტიო ჰავაა. ტემპერატურა ბარში მთელი წლის განმავლობაში 24-27 გრადუსია, ნალექები – 3000 მმ.

ჰიდროლოგია

რედაქტირება

პერუს მდინარეთა უმეტესი ნაწილი სათავეს იღებს ანდებში და მიეკუთვნება ამაზონის სისტემას. აქ მიედინება პერუს უგრძესი მდინარეები, მარანიონი და უკაიალი, რომელთა შეერთების შედეგად წარმოიქმნება მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარე ამაზონი. ასევე მნიშვნელოვანი მდინარეებია: პუტუმაიო, ჟავარი, უალიაგა, ურუბამბა, მანტარო. მიიჩნევა, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეა რიო-რიმაკი, ვინაიდან ის ამარაგებს წყლითა და ელექტროენერგიით დედაქალაქ ლიმასა და მის შემოგარენს. პერუს და მთლიანად სამხრეთ ამერიკის უდიდესი ტბაა ტიტიკაკა, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთით. ეს ტბა ბევრი რამითაა გამორჩეული და უნიკალური, იგი მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა (3 812 მ). ტიტიკაკას ტბას პერუ ბოლივიასთან იყოფს. სხვა მნიშვნელოვანი ტბა ქვეყანაში არაა.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

უაღრესად ცვალებადი კლიმატისა და რელიეფის მრავალფეროვანების წყალობით, პერუს ფლორა და ფაუნა ძალიან მრავალფეროვანია. მსოფლიოში არსებული ფლორით და ფაუნით უნიკალური 117 ბუნებრივი ზონიდან, 84 პერუში მდებარეობს. აქ შეხვდებით 5872 ენდემურ სახეობას, რომელთა შორის 118 სახეობა ფრინველისაა, 113 რეპტილიის და ა.შ. პერუს ბინადარი ცხოველებიდან აღსანიშნავია იაგუარი, ლამა, პუმა, მელა, მაიმუნი, ჭიანჭველაჭამია, ტაპირი, პეკარი, ზარმაცასებრნი.

ანდების დასავლეთ კალთებზე მეჩხერი ბუჩქნარები და კაქტუსებია, აღმოსავლეთ კალთებზე კი მარადმწვანე ტყეები. ტროპიკული ტყის მასივის ფართობით, პერუ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ბრაზილიას, კონგოს და ინდონეზიას ჩამორჩება.

სახელმწიფო

რედაქტირება

ამჟამად პერუ საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ქვეყანაში მოქმედებს 1993 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით. 2011 წლის 28 ივლისიდან პერუს პრეზიდენტია ოლიანტა უმალა. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ეროვნული კონგრესი, რომელიც შედგება 120 წევრისაგან.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
მოსახლეობის რუკა რეგიონების მიხედვით (2007 წ.)

პერუს მოსახლეობა შეადგენს 29 მილიონს (2009 წლის მონაცემებით), ამ მხრივ ის მსოფლიოში 41-ე ადგილზეა. სიმჭიდროვე – 22 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე, ამ მხრივ პერუ ბევრად ჩამორჩება ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებს. პერუს მოსახლეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ ესპანურენოვანი პერუელები, დანარჩენს უმთავრესად ინდიელები (ძირითადად კეჩუას და აიმარას ხალხები) და მეტისები. 2 მილიონამდე პერუელი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ესპანეთში. ურბანიზაციის დონე შეადგენს 71%-ს (2007)

ქვეყნის დედაქალაქია ლიმა 7,97 მილიონი მცხოვრებით (2007). სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: არეკიპა (749 291), ტრუხილიო (682 834), ჩიკლაიო (524 442), კალაო (480 ათასი, 2007)

პერუს მოსახლეობის 89% კათოლიკეა. კეჩუასა და აიმარას ხალხებში ქრისტიანობას ერწყმის ძველი რწმენები (მზის კულტი და ა.შ.)

  • მოსახლეობა - 27,925,628 (2005). რასობრივი შემადგენლობა: ინდიელი 49%, მეტისი 37%, კრეოლი 13%.
  • სახელმწიფო ენა: ესპანური და კეჩუა. სხვა ენები - აიმარა.
  • რელიგია: კათოლიციზმი (95%).
  • დედაქალაქი: ლიმა (8,113 ათასი).
  • ქალაქები: არეკიპა (837), ტრუხილიო (725), ჩიკლაიო (598), იკიტოსი (401).

1993 წლის კონსტიტუციით, პერუს ოფიციალური ენაა ესპანური, რომელიც მოსახლეობის 84%-თვის მშობლიური ენაა. ასევე განსაკუთრებული სტატუსი აქვთ ენებს – კეჩუასა და აიმარას, სხვა ინდიელების ენებთან ერთად, ოღონდ მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც მასზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა

რედაქტირება

2002 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, პერუ დაყოფილია 25 რეგიონად და განსაკუთრებული სტატუსის მქონე ლიმას რეგიონად, რომელშიც შედის დედაქალაქი ლიმა და მისი შემოგარენი. ლიმა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. რეგიონებს მართავენ რეგიონის პრეზიდენტები და რეგიონული საბჭოები. რეგიონის პრეზიდენტებს, ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით.

რეგიონები:

პროვინცია:

ეკონომიკა

რედაქტირება

ტრანსპორტი

რედაქტირება

პერუში განვითარებულია ტრანსპორტის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სახეობა. ჯამში 80 000 კილომეტრის სიგრძის გზები თითქმის მთელი პერუს ტერიტორიას სერავენ. პერუს უკიდურესი ჩრდილოეთიდან უკიდურეს სამხრეთამდე გაყვანილია 2700 კილომეტრის სიგრძის გზა, რომელსაც „პანამერიკულ ტრასას“ ეძახიან. წყალუხვი მდინარეების წყალობით, საკმაოდ კარგადაა განვითარებული საწყალოსნო ტრანსპორტიც, მაგალითად პერუს ჩრდილოეთით მდებარე სამდინარო პორტი პაიტა დაკავშირებულია ბრაზილიის სამდინარო პორტ მანაუსთან. პერუში 210 აეროპორტია, რომელთაგან უმრავლესობა ძალიან მცირე ზომის და მხოლოდ შიდა მოხმარებისაა. უდიდესი აეროპორტია ლიმას ხორხე ჩავესის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა მთელს კონტინენტზე. მნიშვნელოვანი აეროპორტებია ასევე ქალაქებში – ტრუხილიოსა და არეკიპაში.

ქვეყნის ეროვნული ვალუტაა პერუს ახალი სოლი (PEN). 1 აშშ დოლარი – 3,40 ახალი სოლი. მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 207, 9 მლრდ აშშ დოლარს (2007) 51-ე მსოფლიოში, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 7,4 აშშ დოლარი (2007) 79-ე მსოფლიოში.

თანამედროვე პერუს ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო ინდიელი ტომებით, XV საუკუნეში, პერუს ტერიტორიაზე ყვაოდა ინკების ცივილიზაცია, მათ ჰქონდათ განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზე მყოფი კასტური სახელმწიფო ტაუანტინსუიუ, რომელსაც შემდეგ ესპანელმა კოლონიზატორებმა მოუღეს ბოლო. ინდიელთა ცივილიზაციის გრანდიოზული ნაშთები, რომლებსაც განცვიფრებაში მოყავს მთელი მსოფლიო და პერუს თვალწარმტაცი და მდიდარი ბუნება განაპირობებს ქვეყანაში ტურისტების მოძალებას მთელი მსოფლიოდან. პერუში შეგვიძლია ვნახოთ მაჩუ-პიკჩუინკების საოცარი ქალაქის ნანგრევები, ნასკას უდაბნო თავის უცნაური, გიგანტური ნახატებით, ქალაქი კუსკო – ინკების ძველი დედაქალაქი, პუნოს ულამაზესი რეგიონი, სადაც მდებარეობს ტიტიკაკას ტბა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო წლებში პერუში ჩასული საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა: (1000)

2006 წ – 1,721, 2007 წ – 1,916, 2008 წ – 2,058. პერუს წილი ტურისტთა რაოდენობის მხრივ ამერიკის ტურისტულ რეგიონში 2008 წელს შეადგენდა 1,4%-ს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, პერუს შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან: (მლნ აშშ დოლარი)

2006 წ – 1,570, 2007 წ – 1,723, 2008 წ – 1,991. პერუს წილი ამერიკის ტურისტულ რეგიონში შემოსავლების მხრივ 2008 წელს შეადგენდა 1,1%-ს

ტურიზმის საქმეებს პერუში განაგებს პერუს ტურიზმის სამინისტრო. 1975 წლიდან ქვეყანა არის ასევე მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Peru. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: April 20, 2012.
  2. Raúl Porras Barrenechea, El nombre del Perú, გვ. 83.
  3. Raúl Porras Barrenechea, El nombre del Perú, გვ. 84.
  4. Raúl Porras Barrenechea, El nombre del Perú, გვ. 86.
  5. Raúl Porras Barrenechea, El nombre del Perú, გვ. 87.