ალან მეთისონ ტიურინგი (ინგლ. Alan Mathison Turing; დ. 23 ივნისი, 1912, უესტმინსტერი — გ. 7 ივნისი, 1954) — ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების დარგის მოღვაწე. კომპიუტერული მეცნიერების შექმნა და ჩამოყალიბება, ალგორითმების ძირითადი კონცეფციების ფორმალიზაცია, გამოთვლები ტიურინგის მანქანით და თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში უმნიშვნელოვანესი წვლილი - ეს არის ალან ტიურინგის ნაშრომთა არასრული ჩამონათვალი.

ალან ტიურინგი

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტიურინგი მუშაობდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კრიპტოანალიკურ ცენტრში (Government Code and Cypher School at Bletchley Park). ამ დროისათვის იგი ხელმძღვანელობდა განყოფილება Hut 8-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გერმანული წყალქვეშა ნავების შიფროგრამების ანალიზზე. შეიმუშავა ამ შიფროგრამების კრიპტოანალიზის რიგი აპარატული საშუალებები, მათ შორის ე.წ. Bombe, ელექტრომექანიკური მანქანა, რომელსაც შეეძლო გერმანული შიფრაციის აპარატის ენიგმას შიფრაციის პარამეტრების გამოთვლა. ომის შემდგომ წლებში მუშაობდა ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც შექმნა თანამედროვე კომპიუტერის პირველი პროტოტიპის (ACE) არქიტექტურული დიზაინი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ტიურინგი დაინტერესდა მათემატიკური ბიოლოგიით. დაწერა ნაშრომი მორფოგენეზისის ქიმიურ საწყისებზე, და იწინასწარმეტყველა ცვალებადი ქიმიური რეაქციების არსებობა (მაგ. ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რეაქცია, რომელიც პირველად აღწერილ იქნა 1960-იან წლებში).

  • ალან ტიურინგის სახელობისაა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია ინფორმატიკის დარგში, რომელიც გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციამ დააწესა 1966 წელს
  • ტიურინგის სახელი დაერქვა № 10204 ასტეროიდს
  • 2001 წელს მანჩესტერში დაიდგა ალან ტიურინგის ძეგლი
  • 2002 წელს ტიურინგი შევიდა სიაში - „100 უდიდესი ბრიტანელი ისტორიაში“
  • GeForce 20 სერიის ვიდეოდაფებმა მიიღეს დასახელება „ტიურინგი“
  • ინგლისის ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლისთვის 50 ფუნტის ნომინალის ბანკნოტის უკანა მხარეზე ტიურინგის პორტრეტის დატანის შესახებ. 2022 წელს კი სამეფო ზარაფხანამ გამოუშვა სხვადასხვა სახის (ჩვეულებრივი, ვერცხლის და ოქროს) მონეტები ტიურინგის ხსოვნის აღსანიშნავად

ლიტერატურასა და ხელოვნებაში

რედაქტირება
  • 2014 წელს გამოვიდა ამერიკული ისტორიული ფილმი „იმიტაციის თამაში“, რომელიც ასახავს ტიურინგის მოღვაწეობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმში ალან ტიურინგის როლს ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს.
  • ტიურინგი ამერიკელი ფანტასტი მწერლის, ნილ სტივენსონის რომანის - „კრიპტონომიკონის“ (1999) ისტორიული ხაზის მთავარი პერსონაჟია
  • 2014 წელს ონლაინ ჟურნალმა „Tor.com“ ინტერნეტში გამოაქვეყნა ალან ტიურინგის ბიოგრაფია „იმიტაციის თამაში“ (ავტორები ჯიმ ოტავიანი და ლელანდ პერვისი). უფრო სრულყოფილი ვერსიით, 2016 წელს წიგნი დაიბეჭდა.

ლიტერატურა

რედაქტირება