შინაარსზე გადასვლა

წყნარი ოკეანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „წყნარი ოკეანე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. წყნარი ოკეანე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
წყნარი ოკეანე
წყნარი ოკეანე
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი ოკეანე
გეოგრაფიული კოორდინატები 00°00′00″ ჩ. გ. 160°00′00″ დ. გ. / 0.00000° ჩ. გ. 160.00000° დ. გ. / 0.00000; -160.00000
ფართობი 178 684 000 კმ²
მოცულობა 710,36 ათ. კმ³
საშუალო სიღრმე 3984 
უდიდესი სიღრმე 10 994 
სიგრძე 15,8 ათ. კმ
სიგანე 19,5 ათ. კმ
კუნძულ(ებ)ი 10 ათ.
კუნძულების ფართობი 1,26 მლნ. კმ²
ნალექები ეკვატორთან 3000 მმ ანტარქტიდასთან 100 მმ
კლიმატი თითქმის ყველა კლიმატური ზონა
წყლის ტემპერატურა 19,37 °C
მარილიანობა მაქსიმალური 35,5-35,6 
წყნარი ოკეანე და კონტინენტები
წყნარი ოკეანე და კონტინენტები

წყნარი ოკეანედედამიწის უდიდესი და უღრმესი ოკეანე. მდებარეობს დასავლეთით — ევრაზიასა და ავსტრალიას, აღმოსავლეთით — ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას და სამხრეთით — ანტარქტიდას შორის. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით; ინდოეთის ოკეანესთან საზღვარი გადის მალაკის სრუტის ჩრდილო კიდეზე, გაუყვება კუნძულ სუმატრის დასავლეთ ნაპირს, კუნძულების იავის, ტიმორისა და ახალი გვინეის სამხრეთ ნაპირებს, ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის აღმოსავლეთ ნაპირს და წყალქვეშა შემაღლებით უერთდება ანტარქტიდის ოტსის ნაპირს, ატლანტის ოკეანესთან საზღვარი გადის სენტ-ჩარლზის კონცხიდან ცეცხლოვან მიწამდე.[1]

წყნარი ოკეანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 19,5 ათას კილომეტრზე. ფართობი ზღვებთან ერთად — 178,684 მლნ. კმ², საშუალო სიღრმე — 3984 მ. წყნარი ოკეანის მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 10 994 მ აღწევს. აღნიშნული სიღრმე დაფიქსირებულია მარიანას ღარში. წყნარი ოკეანის გავლით დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მლნ. კმ²-ით ჭარბობს მსოფლიო ხმელეთის საერთო ფართობს.[1]

წყნარი ოკეანე მოქცეულია ყველა ნახევარსფეროში. სანაპირო ხაზი ძლიერ არის დანაწევრებული დასავლეთით და გასწორებულია ამერიკის სანაპიროებთან. ყველაზე მეტად გადაჭიმულია ეკვატორულ-ტროპიკულ სარტყელში, — 19,5 ათ. კილომეტრზე, რაც განაპირობებს მის მზის ენერგიის გიგანტური აკუმულატორის როლს დედამიწაზე. ეკვატორი წყნარ ოკეანეს ანაწილებს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანედ და სამხრეთ წყნარ ოკეანედ.[2] მარიანას ღარი განფენილია ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და არის მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი.[3]

წყნარი ოკეანის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია ერთ ლითოსფერულ ფილაზე. საზღვრებზე სეისმური სარტყლებია. შელფი არც თუ ისე დიდია, განაპია მხარეებზე არის 25 ღრმა ზღვის ღარი. კუნძულთა რკალები და წყალქვეშა ქედები ოკეანეს გამოჰყოფენ განაპირა ზღვებისაგან და ოკეანის საგებს ყოფენ მრავალრიცხოვან დიდ და პატარა ქვაბულებად, რომელთა უმეტესობას აქვს ღრმაწყლიანი ღარი, რომელთა სიღრმე 6 ათ. მ აღემატება. წყნარი ოკეანის დამახასიათებელი თავისებურება სხვა ოკეანეებთან შედარებით არის მრავალრიცხოვანი კუნძულების არსებობა, განსაკუთრებით მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. სულ წყნარ ოკეანეში დაახლოებით 10 ათასი კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 1,26 მლნ. კმ².[4]

წყნარ ოკეანის ზღვებიდან აღსანიშნავია: არაფურის ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ბალის ზღვა, ბანდის ზღვა, ბერინგის ზღვა, ბისმარკის ზღვა, ვისაიანის ზღვა, იავის ზღვა, იაპონიის ზღვა, იაპონიის შიგა ზღვა, კამოტესის ზღვა, კოროს ზღვა, მარჯნის ზღვა, მინდანაოს ზღვა, მოლუკის ზღვა, ოხოტის ზღვა, სამარის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სავუს ზღვა, სერამის ზღვა, სიბუიანის ზღვა, სოლომონის ზღვა, სულავესის ზღვა, სულუს ზღვა, ტასმანის ზღვა, ფილიპინის ზღვა, ფიჯის ზღვა, ყვითელი ზღვა, ფლორესის ზღვა, ჩილეს ზღვა, ჰალმაჰერის ზღვა. ოკეანის დასავლეთ ნაწილში ბევრია განაპირა ზღვა.[5]

წყნარი ოკეანის კიდეებზე განლაგებულია მნიშვნელოვანი არქიპელაგები და კუნძულთა ჯგუფებიალეუტის, კურილის, სახალინის, იაპონიის, ფილიპინის, მოლუკის, ზონდის, ფიჯის, ტონგის, ახალი ზელანდიისა და სხვა. ღია ოკეანეში არის მარკიზის, ჰავაის, საზოგადოების, სამოის, გალაპაგოსისა და სხვა კუნძულები. ბევრია მარჯნისა და ვულკანური წარმოშობის კუნძული, რომელთა შორის აღსანიშნავია: მარშალის, გილბერტის, ტოკელაუ, ფენიქსი, ტუამოტუ და სხვა, აგრეთვე აზევებული რიფები — მარკუსი, უეიკი, ნაურუ, ბანაბა, პენრინი და სხვა. წყნარი ოკეანის ნაპირები უმთავრესად ფიორდული და აბრაზიულია ხასიათისაა, ტროპიკულ ზონაში — მარჯნული.[1]

მართალია აზიისა და ოკეანეთის ხალხი წყნარ ოკეანეში ისტორიამდელი ეპოქიდან მოყოლებული მოგზაურობდა, თუმცაღა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი პირველად ევროპელებმა შეამჩნიეს XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ესპანელმა მოგზაურმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ გადაკვეთა პანამის ყელი 1513 წელს და აღმოაჩინა დიდი „სამხრეთის ზღვა“, რომელსაც ესპანურად უწოდა „Mar del Sur“. ოკეანის ამჟამინდელი სახელწოდება დაამკვიდრა პორტუგალიელმა მოგზაურმა ფერნანდო მაგელანმა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობისას 1521 წელს, როდესაც წააწყდა ოკეანისკენ მიმავალ ხელსაყრელ ქარებს. მან ოკეანეს უწოდა „Mar Pacífico“, რომელიც პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე აღნიშნავს „წყნარ ზღვას“.[6]

ისტორია

Universalis Cosmographia, ვალდზეემიულერის რუკა (1507)
აბრაჰამ ორტელიუსის მარის პაციფიკი (1589)

წყნარ ოკეანეში ადამიანის მნიშვნელოვანი მიგრაციები პრეისტორიულ დროში განხორციელდა. ძვ. წ. დაახლოებით 3000 წელს ავსტრონეზიელმა ხალხებმა კუნძულ ტაივანზე დაეუფლეს კანოეზე გადაადგილების ხელოვნებას შორეულ მანძილებზე და ენობრივი თვალსაზრისით, გავრცელდნენ სამხრეთით ფილიპინებამდე, ინდონეზიამდე, აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირომდე; დასავლეთით მაგადასკარამდე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ახალ გვინეამდე და მელანეზიამდე და აღმოსავლეთით მიკრონეზიის, ოკეანეთისა და პოლინეზიის კუნძულებამდე.[7] შორეულ დისტანციებზე მოზამბიკიდან იაპონიის სანაპიროებამდე კარგად იყო განვითარებული ვაჭრობა. ვაჭრობა და შესაბამისად, ცოდნა გავრცელდა ინდონეზიის კუნძულებზე, თუმცა აშკარად არ იყო გავრცელებული ავსტრალიაში. ძვ. წ. 219 წელს სიუი ფუმ იმოგზაურა წყნარ ოკეანეში უკვდავების ელექსირის საძებნელად.

ევროპელი მოგზაურების პირველი კონტაქტი წყნარი ოკეანის დასავლეთ კიდესთან დამყარდა ანტონიუ დე აბრეუსა და ფრანსიშკუ სერანის წყალობით მცირე ზონდისა და მოლუკის კუნძულებს შორის 1512 წელს[8] და ჟორჟე ალვარეშის ექსპედიციით სამხრეთ ჩინეთში 1513 წელს და ორივე ექსპედიცია ალფონსო დე ალბუკერკეს მოთხოვნით იყო განხორციელებული.[9]

ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ 1513 წელს მას შემდეგ რაც მისმა ექსპედიციამ გადაკვეთა პანამის ყელი და მიაღწია ახალ ოკეანეს.[10] მან უწოდა ოკეანეს „Mar del Sur“ (სიტყვასიტყვით „სამხრეთის ზღვა“) ვინაიდან ოკეანე იმყოფებოდა ყელის სანაპიროდან სამხრეთით, სადაც მოგზაურმა პირველად ჩაატარა დაკვირვება ოკეანეზე.

მოგვიანებით, პორტუგალიელი მოგზაური ფერნანდო მაგელანი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილიდან გაეშურა დასავლეთისაკენ 1519 წელს, რითად დაიწყო პირველი მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანმა ოკეანეს უწოდა „Pacífico“ (ან „Pacific“ რაც ნიშნავს, „წყნარს“) ვინაიდან ქარიშხლიანი ზღვების გადაცურვის შემდეგ, ექსპედიციამ იპოვა წყნარი წყლები. XVIII საუკუნემდე მაგელანის პატივსაცემად ოკეანეს ხშირად ეწოდებოდა „მაგელანის ზღვა“.[11]

წყნარი ოკეანის რუკა, დაახლოებით 1702-1707 წწ.
წყნარი ოკეანის რუკა, დაახლოებით 1754 წ.

თუმცაღა თავად მაგელანი გარდაიცვალა ფილიპინებზე 1521 წელს ბასკმა მოგზაურმა ხუას სებასტიან ელკანომ ექსპედიცია მაინც დააბრუნა ესპანეთში, რითაც დაასრულა პირველი მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ 1522 წელს. მოლუკის კუნძულების ირგვლივ მოგზაურობისას 1525-1527 წლებში პორტუგალიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა კაროლინის კუნძულები,[12] კუნძული არუ[13] და პაპუა ახალი გვინეა.[14] 1542-43 წლებში პორტუგალიელებმა მიაღწიეს აგრეთვე იაპონიამდე.[15]

1564 წელს ხუთმა ესპანურმა გემმა, რომელიც შედგებოდა 379 მოგზაურისაგან გადაკვეთა ოკეანე მექსიკიდან მიგელ ლოპეს დე ლეგასპის მეთაურობით და გააგრძელა მოგზაურობა ფილიპინებისა და მარიანას კუნძულებისაკენ.[16] XVI საუკუნეში ესპანეთის გავლენა დიდი იყო: გემები გეზს იღებდნენ მექსიკიდან და პერუდან წყნარი ოკეანის პირდაპირ და აღწევდნენ ფილიპინებამდე გუამის გავლით, რითაც იქმნებოდა ესპანეთის ოსტ-ინდოეთი. მანილის გალიონები ორსაუკუნე ნახევარი მოქმედებდნენ, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე გრძელ სავაჭრო გზაზე ერთმანეთთან აკავშირებდნენ მანილასა და აკაპულკოს. ესპანურმა ექსპედიციებმა აგრეთვე აღმოაჩინეს ტუვალუ, მარკიზის კუნძულები, კუკის კუნძულები, სოლომონის კუნძულები და საადმირალოს კუნძულები სამხრეთ წყნაროკეანეში.[17]

მოგვიანებით, სამხრეთი უცნობი მიწის ძიებაში, XVII საუკუნის ესპანურმა კვლევებმა, პორტუგალიელი მოგზაურის პედრო ფერნანდეს კიროსის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა პიტკერნის კუნძულები და ვანუატუ და გაიარა ტორესის სრუტე ავსტრალიასა და ახალ გვინეას შორის, რომელსაც სახელი ეწოდა ზღვაოსნის ლუის ვაეს დე ტორესის პატივსაცემად. ნიდერლანდელი ზღვაოსნები მოგზაურობდნენ აფრიკის სამხრეთით და აგრეთვე დაკავებულები იყვნენ აღმოჩენებითა და ვაჭრობით; ვილემ იანსზონმა მოახერხა პირველი სრული დოკუმენტირებული ევროპული შემოსვლა ავსტრალიაში (1606) კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე, ხოლო აბელ ტასმანმა შეასრულა მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ და მიაღწია ავსტრალიის კონტინენტური სანაპიროს ნაწილს და აღმოაჩინა ტასმანია და ახალი ზელანდია 1642 წელს.[18]

XVI-XVII საუკუნეებში წყნარი ოკეანე ესპანეთის მიერ განიხილებოდა როგორც Mare clausum — დახურული ზღვა სხვა სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის. ატლანტის ოკეანიდან ერთადერთ ცნობილ შესასვლელს — მაგელანის სრუტეს ზოგჯერ ფლოტები იცავდნენ არაესპანური გემებისაგან. წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილის ბოლოში ნიდერლანდელები ესპანეთის ფილიპინებს ემუქრებოდნენ.[19]

პორტუგალიელ-ესპანელი მოგზაური ფერნანდო მაგელანი (1480-1521), რომელმაც დაამკვიდრა ოკეანის ამჟამინდელი სახელწოდება დედამიწის ირგვლივ მოგზაურობისას 1521 წელს. მოკლეს ადგილობრივებმა კუნძულ მაქტანზე

XVIII საუკუნეში ვიტუს ბერინგის ხელმძღვანელობით განხორციელდა რუსული ექსპედიციები ალასკასა და ალეუტის კუნძულებზე პირველი კამჩატკური ექსპედიციისა და ჩრდილოეთის დიდი ექსპედიციის ფარგლებში. აგრეთვე განხორციელდა ესპანური ექსპედიციები ამერიკის სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთისაკენ, რომელმაც მიაღწია კუნძულ ვანკუვერსა და ალასკას. ფრანგებმა პოლინეზია აითვისეს, ხოლო ინგლისელებმა განახორციელეს სამი მგზავრობა ჯეიმზ კუკთან ერთად წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ავსტრალიასა და ჰავაიზე და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში.

1768 წელს ახალგაზრდა ფრანგი ასტრონომი პიერ-ანტუან ვერონი, რომელიც თან ახლდა თავის მოგზაურობაში ლუი ანტუან დე ბუგენვილს ისტორიაში პირველმა დაადგინა სიზუსტით წყნარი ოკეანის სიგანე.[20] ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო მოგზაურობანი განახორციელა ესპანეთმა მალასპინის ექსპედიციის სახით 1789-1794 წლებში.[17]

პირველი ოკეანოლოგიური ექსპედიცია იყო ინგლისური გემის — „ჩელენჯერის“ ნაოსნობა (1872–1876), შემდეგ სტეპან მაკაროვის ნაოსნობა „ვიტიაზზე“ (1886–89), გემების „ალბატროსის“ (1888–1905), „პლანეტისა“ და სხვა. 1920 წელს იაპონიამ დაიწყო სისტემატური სამუშაოები კუროსიოს დინების რაიონში. წყნარი ოკეანის ღია ნაწილში დიდი კვლევითი ექსპედიციები ჩატარდა იაპონიის ხომალდებზე: „მანეიუ“ (1925–28), „სინტოკუ მარუ“ (1930–32), „სიუმპუ მარუ“ (1928–30, 1933–35), აშშ-ის ხომალდებზე: „კარნეგი“ (1928–29), „ოგლალა“ (1935), „ბუშნელი“ (1937–41), დიდი ბრიტანეთის ხომალდებზე: „დისკოვერი II“ (1932–33) და სხვა. XX საუკუნეში ხორციელდებოდა საბჭოთა ექსპედიციები „ვიტიაზზე“ (1949 წლიდან), „ა. ი. ვოეიკოვზე“ (1959 წლიდან), „ი. მ. შოკალსკიზე“ (1960 წლიდან), „აკადემიკოსი სერგეი კოროლიოვზე“ (1970 წლიდან), რომლებზედაც პირველად ჩატარდა ფართო კომპლექსური გეოფიზიკური კვლევები მიმართული ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს მაღალი ფენების შესასწავლად.[21]

ერთდროულად მიმდინარეობდა აშშ-ის მიერ წარმოებული კვლევები გემებზე: „ჰორაიზნი“ (1946 წლიდან), „ჰიუ მ. სმითი“ (1950 წლიდან), „სპენსერ ფ. ბერდი“ (1946 წლიდან) და სხვა, დიდი ბრიტანეთისა — „ჩელენჯერი II“ (1950–52), შვედეთისა — „ალბატროსი“ (1947–48), დანიისა — „გალატეია“ (1950–1952) და სხვა მრავალზე.[21]

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

კუნძული ტაჰუნა-მარუ

წყნარი ოკეანე იკავებს მსოფლიო ოკეანის 49,5 %-ს და ამასთან იტევს მისი წყლის მოცულობის 53 %-ს, რითად დედამიწის უდიდესი ოკეანის სტატუსს ატარებს. მეტწილად მისი წყლები განლაგებულია სამხრეთ განედებში.[22] მაქსიმალური და საშუალო სიღრმეებით იგი უღრმესია დედამიწაზე. 1951 წელს ინგლისურმა ექსპედიციამ სამეცნიერო-კვლევით გემ „ჩელენჯერზე“ ექოლოტის საშუალებით დააფიქსირა მაქსიმალური სიღრმე — 10 863 მ.[23] 1957 წელს საბჭოთა სამეცნიერო-კვლევით გემ „ვიტიაზის“ 25-ე რეისის დროს ჩატარებული გაზომვის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსი დობროვოლსკი, დაფიქსირდა ახალი სიღრმე — 11 023 მ, რომელიც იყო დაზუსტებული მონაცემი, ვინაიდან თავდაპირველად გამოცხადებული იყო 11 034 მ სიღრმე.[23][24] წყნარი ოკეანის სიღრმის გაზომვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ წყალში ბგერის სიჩქარე დამოკიდებულია მის თვისებაზე, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა სიღრმეზე, რის გამოც ეს თვისებები აგრეთვე უნდა იყოს დადგენილი სპეციალური ხელსაწყოებით რამდენიმე ჰორიზონტზე (როგორებიცაა ბარომეტრი და თერმომეტრი), ხოლო ექოლოტის მიერ ნაჩვენები სიღრმის მნიშვნელობაში შეტანილია ცვლილება.[25] 1995 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიღრმე დაახლოებით უდრიდა 10 920 მ-ს,[26] ხოლო 2009 წლის გამოკვლევამ დაადგინა 10 971 მ. 2011 წელს განხორციელებული უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, დაფიქსირებულია სიღრმე — 10 994 მ, სიზუსტით ±40.[27][28] წყნარი ოკეანის უღრმესი წერტილი მოქცეულია მარიანას ღარში, კერძოდ, მის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „ჩელენჯერის უფსკრული“.

წყნარი ოკეანე თავისი აღმოსავლეთი კიდით ესაზღვრება ჩრდილოეთ და სამხრეთი ამერიკის სანაპიროებს, თავისი დასავლეთი კიდით საზღვარავს ავსტრალიისა და ევრაზიის აღმოსავლეთ სანაპიროებს, ხოლო სამხრეთით — ანტარქტიდას. საზღვარი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან არის ხაზი ბერინგის სრუტეში დეჟნიოვის კონცხიდან უელსის პრინცის კონცხამდე. საზღვარს ატლანტის ოკეანესთან ატარებენ ჰორნის კონცხიდან დ. გ. 68°04’ მერიდიანზე ან სამხრეთ ამერიკიდან ანტარქტიდის ნახევარკუნძულის უმოკლეს მანძილზე დრეიკის სრუტის გავლით, ოსტეს კუნძულიდან შტერნეკის კონცხამდე.[29] საზღვარი ინდოეთის ოკეანეზე გადის: ავსტრალიის სამხრეთით — ბასოვის სრუტის აღმოსავლეთ საზღვარზე კუნძულ ტასმანიამდე, შემდეგ ა. გ. 146°55’ მერიდიანზე ანტარქტიდამდე; ავსტრალიის ჩრდილოეთით — ანდამანის ზღვასა და მალაკის სრუტეს შორის, შემდეგ კუნძულ სუმატრის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ზონდის სრუტესთან, კუნძულ იავის სამხრეთ ნაპირთან, ბალისა და სავუს ზღვების სამხრეთ საზღვრებამდე, არაფურის ზღვის ჩრდილო საზღვრამდე, ახალი გვინეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე და ტორესის სრუტის დასავლეთ საზღვრამდე.[30] ზოგჯერ ოკეანის სამხრეთ ნაწილს, ჩრდილო საზღვრიდან ს. გ. 35°-დან (წყლის ცირკულაციისა და ატმოსფეროს ნიშნებით) ს. გ. 60°-მდე (რელიეფის ფსკერის ხასიათის მიხედვით) მიაკუთვნებენ სამხრეთის ოკეანეს.

წყნარი ოკეანის ზღვების, ყურეებისა და სრუტეების ფართობი შეადგენს 31,64 მილიონ კმ²-ს (ოკეანის საერთო ფართობის 18 %), მოცულობა 73,15 მილიონი კმ³-ს (10 %). ზღვების დიდი ნაწილი მოქცეულია ოკეანის დასავლეთ ნაწილში ევრაზიის კონტინენტის გასწვრივ: ბერინგის ზღვა, ოხოტის ზღვა, იაპონიის ზღვა, იაპონიის შიგა ზღვა, ყვითელი ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ფილიპინის ზღვა; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებს შორის არსებული ზღვებია: სამხრეთ ჩინეთის ზღვა, იავის ზღვა, სულუს ზღვა, სულავესის ზღვა, ბალის ზღვა, ფლორესის ზღვა, სავუს ზღვა, ბანდის ზღვა, სერამის ზღვა, ჰალმაჰერის ზღვა, მოლუკის ზღვა; ავსტრალიის სანაპიროს გასწვრივაა: ბისმარკის ზღვა, სოლომონის ზღვა, მარჯნის ზღვა, ფიჯის ზღვა, ტასმანიის ზღვა; ანტარქტიდასთან მოქცეულია ზღვები (რომლებსაც ზოგჯერ სამხრეთის ოკეანესაც მიაკუთვნებენ): დიურვილის ზღვა, სომოვის ზღვა, როსის ზღვა, ამუნდსენის ზღვა, ბელინსგაუზენის ზღვა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის გასწვრივ ზღვები არ არის, თუმცა ვრცელდება დიდი ყურეები: ალასკის ყურე, კალიფორნიის ყურე, პანამის ყურე.[31]

რამდენიმე ათასი კუნძული, გაფანტული წყნარ ოკეანეში, ჩამოყალიბდა ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. ზოგიერთი კუნძული დაიფარა მარჯნით და საბოლოო ჯამში კუნძულები კვლავ ზღვაში ჩაიძირა, რომლებმაც დატოვეს მარჯნის რგოლები — ატოლები.[22].

კუნძულთა რაოდენობით და ფართობით წყნარი ოკეანე ოკეანეებს შორის პირველ ადგილს იკავებს. წყნარ ოკეანეში დაახლოებით 10 ათასი კუნძულია. ოკეანეში მდებარეობს სიდიდით მსოფლიოს მეორე და მესამე კუნძული: ახალი გვინეა (829,3 ათ. კმ²) და კალიმანტანი (735,7 ათ. კმ²); კუნძულთა დიდი ჯგუფებია: დიდი ზონდის კუნძულები (1485 ათ. კმ²). სხვა დიდი კუნძულები და არქიპელაგებია — აზიაში: კომანდორის კუნძულები, სახალინი, კურილის კუნძულები, იაპონიის კუნძულები (ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ, სიკოკუ, რიუკიუ), ტაივანი, ხაინანი, ფილიპინების კუნძულები (ლუსონი, მინდანაო, სამარი, ნეგროსი, პალავანი, პანაი, მინდორო),

მარჯანი წყნარ ოკეანეში

დიდი ზონდის კუნძულები (სუმატრა, კალიმანტანი, იავა, სულავესი, ბანგკა), მცირე ზონდის კუნძულები (ტიმორი, სუმბავა, ფლორესი, სუმბა, ბალი); ოკეანეთში: მოლუკის კუნძულები (სერამი, ჰალმაჰერა), ახალი გვინეა, ბისმარკის არქიპელაგი (ახალი ბრიტანეთი, ახალი ირლანდია), სოლომონის არქიპელაგი (ბუგენვილი), ახალი ჰებრიდები, ახალი კალედონია, ლუაიოტეს კუნძულები, ფიჯი (ვიტი-ლევუ, ვანუა-ლევუ), კაროლინის კუნძულები, მარიანას არქიპელაგი, მარშალის კუნძულები, გილბერტის კუნძულები, ტუვალუ, ტონგა, სამოას არქიპელაგი, კუკის კუნძულები, საზოგადოების კუნძულები, ტუამოტუ, ახალი ზელანდია (სამხრეთი კუნძული და ჩრდილოეთი კუნძული), ჰავაის კუნძულები (ჰავაი);

ჩრდილოეთ ამერიკაში: წმინდა ლავრენტის კუნძული, ალეუტის კუნძულები, ალექსანდრეს არქიპელაგი, ჰაიდა-გუაია, ვანკუვერი; სამხრეთ ამერიკაში: გალაპაგოსის კუნძულები, პატაგონიის არქიპელაგი, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი (ცეცხლოვანი მიწა); ანტარქტიდაში: ალექსანდრე I-ის მიწა, პალმერის არქიპელაგი, სამხრეთ შეტლანდის კუნძულები.[31]

ოკეანის ჩამოყალიბების ისტორია

გონდვანა და ლავრაზია. სწორედ მათი დაყოფის შედეგად დაიწყო შეძლებისდაგვარად ჩამოყალიბება წყნარმა ოკეანემ
წყნარი ოკეანის სიღრმეების რუკა

წყნარი ოკეანე წარმოიქმნა 750 მილიონი წლის წინ სუპერკონტინენტ როდინიის გაყოფის შედეგად.[32] მეზოზოურ ეპოქაში პროკონტინენტი პანგეა დაიშალა გონდვანისა და ლავრაზიის კონტინენტებად და შედეგად გარემომცველმა ოკეანემ — პანთალასამ განიცადა ფართობის შემცირება. მეზოზოურის ბოლოს გონდვანა და ლავრაზია გაიყო და მათი დაყოფის შეძლებისდაგვარად ჩამოყალიბება დაიწყო თანამედროვე წყნარმა ოკეანემ. წყნარი ოკეანის ღრმულის ფარგლებში იურულ პერიოდში განვითარდა ოთხი სრულიად ოკეანური ტექტონიკური ფილა: წყნაროკეანური, კულა, ფარალონი და ფენიქსი.[33]

ჩრდილო-დასავლური ფილა კულა იწეოდა აზიის კონტინენტის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეების ქვეშ. ჩრდილო-აღმოსავლური ოკეანური ფილა ფარალონი მიემართებოდა ალასკისკენ, ჩუკოტკისკენ და ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ კიდესთან. სამხრეთ-აღმოსავლეთის ოკეანური ფილა ფენიქსი იძირებოდა სამხრეთ ამერიკის დასავლეთ კიდესთან. ცარცულ ეპოქაში სამხრეთ-აღმოსავლეთის წყნაროკეანური ფილა მიიწევდა იმ დროს არსებული ერთიანი ავსტრალია-ანტარქტიკული კონტინენტის აღმოსავლეთ კიდესთან, რომლის შედეგად კონტინენტს გამოეყო ბლოკები, რომლებმაც წარმოქმნეს ამჟამინდელი ახალი ზელანდიის პლატო და წყალქვეშა მაღლობები ლორდ-ჰაუ და ნორფოლკი.[33]

გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დაიწყო ავსტრალია-ანტარქტიკული კონტინენტის დაშლა. ავსტრალიის ფილა გამოიყო და დაიწყო მოძრაობა ეკვატორის მიმართულებით. ამასთან, ოლიგოცენში წყნარი ოკეანის ფილამ შეიცვალა მიმართულება ჩრდილო-დასავლეთისაკენ. გვიანდელ მიოცენში ფარალონის ფილა გაიყო ორ ნაწილად: ქოქოსად და ნასკად. კულის ფილა მოძრაობდა ჩრდილო-დასავლეთისაკენ, მთლიანად დაიძირა (წყნაროკეანური ფილის ჩრდილო კიდესთან ერთად) ევრაზიისა და პროტო-ალეუტის ღარის ქვეშ. დღეისათვის, ტექტონიკური ფილების მოძრაობა გრძელდება. ამ მოძრაობის ღერძია შუა ოკეანური რიფტული ზონები სამხრეთ წყნაროკეანურ და აღმოსავლეთ წყნაროკეანურ ამაღლებებში. ამ ზონიდან დასავლეთით განლაგებულია ოკეანის ყველაზე დიდი წყნაროკეანური ფილა, რომელიც აგრძელებს მოძრაობას ჩრდილო-დასავლეთისაკენ წელიწადში 6-10 სმ სიჩქარით, რითაც უახლოვდება ევრაზიისა და ავსტრალიის ფილებს.[33]

წყნაროკეანური ფილა დასავლეთით აწვება ფილიპინების ფილას ჩრდილო-დასავლეთისაკენ ევრაზიის ფილის ქვეშ წელიწადში 6-8 სმ სიჩქარით. შუა ოკეანური რიფტული ზონის აღმოსავლეთით განლაგებულია: ჩრდილო-აღმოსავლეთით — ხუან-დე-ფუკის ფილა, რომელიც მიცოცავს ჩრდილოამერიკული ფილისკენ წელიწადში 2-3 სმ სიჩქარით; ცენტრალურ ნაწილში ქოქოსის ფილა მოძრაობს ჩრდილო-აღმოსავლური მიმართულებით კარიბის ლითოსფერული ფილისკენ წელიწადში 6-7 სმ სიჩქარით; სამხრეთისკენ მდებარეობს ნასკას ფილა, რომელიც აღმოსავლეთისაკენ მოძრაობს და რომელიც იძირება სამხრეთამერიკული ფილის ქვეშ წელიწადში 4-6 სმ სიჩქარით.[33]

გეოლოგიური აგებულება და ფსკერის რელიეფი

კონტინენტის წყალქვეშა კიდეები

კონტინენტის წყალქვეშა კიდე იკავებს წყნარი ოკეანის ტერიტორიის 10 %-ს. შელფის რელიეფზე გამოხატულია ტრანსგრესიული დაბლობების ნიშნები სუბაერალური რელიქტური რელიეფით. ასეთი ფორმები დამახასიათებელია იავის შელფზე წყალქვეშა მდინარეთა ხეობებისათვის და ბერინგის ზღვის შელფზე. კორეისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის შელფებზე გავრცელებულია დინებათა მოქცევებით წარმოქმნილი რელიეფის სერული ფორმები. ეკვატორულ-ტროპიკული წყლების შელფზე გავრცელებულია სხვადასხვა მარჯნული ნაგებობები. ანტარქტიკული შელფის დიდი ნაწილი გაწოლილია 200 მ-ზე მეტ სიღრმეზე, ზედაპირი მეტად დანაწევრებულია, ტექტონიკური ხასიათის წყალქვეშა ამაღლებები ენაცვლება ღრმა დეპრესიებს — გრაბენებს.[22]

ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტური კალთა ძლიერ არის დანაწევრებული კანიონებით. დიდი წყალქვეშა კანიონები ცნობილია ბერინგის ზღვის კონტინენტურ კალთაზე. დიდი სიგანით, მრავალმხრივობითა და რელიეფის დანაწევრებით გამოირჩევა ანტარქტიდის კონტინენტური კალთა. ჩრდილოეთ ამერიკის გასწვრივ კონტინენტის ძირი გამოიყოფა მღვრიე ნაკადების ძალიან დიდი გამოზიდვის კონუსებით, რომლებიც ერთიან დახრილ ვაკეს ერწყმიან. ახალი ზელანდიის წყალქვეშა კიდეს აქვს თავისებური კონტინენტური სტრუქტურა. მისი ფართობი 10-ჯერ აღემატება საკუთრივ კუნძულების ფართობს. ეს წყალქვეშა ახალი ზელანდიის პლატო შედგება კემპბელის ბრტყელმწვერვალიანი ამაღლებითა და ბაუნკის ღრმულით. ყველა მხრიდან იგი შემოზღუდულია კონტინენტური კალთით, რომელიც მასთან შემოვლებულია კონტინენტური ძირით. მასვე მიაკუთვნებენ გვიანდელ მეზოზოურ წყალქვეშა ამაღლებას — ლორდ-ჰაუს.[22]

გარდამავალი ზონა

წყნარი ოკეანის დასავლეთ კიდეზე განლაგებულია გარდამავალი მხარეები კონტინენტის კიდეებიდან ოკეანის საგებისკენ: ალეუტის, კურილ-კამჩატკის, იაპონიის, აღმოსავლეთ ჩინეთის, ინდონეზია-ფილიპინების, მარიანას, მელანეზიის, ვიტიაზის, ტონგა-კერმადეკისა და მაკუორისა. ეს გარდამავალი მხარეები შეიცავენ ღრმა ზღვის ღარებს, განაპირა ზღვებს, რომლებიც შემოზღუდულია კუნძულთა რკალებით. აღმოსავლეთ კიდეზე განლაგებულია გარდამავალი მხარეები: ცენტრალურამერიკული და პერუ-ჩილესი. ისინი მხოლოდ ღრმა ზღვის ღარების სახითაა გამოხატული, ხოლო კუნძულთა რკალების ნაცვლად ღარების გასწვრივ გადაჭიმულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდა კლდოვანი მთები.[22]

ყველა გარდამავალი მხარეებისათვის დამახასიათებელია ვულკანიზმი და მაღალი სეისმურობა, ისინი წარმოქმნიან განაპირა მიწისძვრის წყნაროკეანურ სარტყელსა და თანამედროვე ვულკანიზმს. გარდამავალი მხარეები წყნარი ოკეანის დასავლეთ განაპირა მხარეზე განლაგებულია ორი ეშელონის სახით, განვითარების სტადიის უფრო ახალგაზრდა მხარეები განლაგებულია ოკეანის საგების საზღვართან, ხოლო უფრო ძველი მხარეები ოკეანის საგებს გამოეყოფიან კუნძულთა რკალებითა და ხმელეთის კუნძულთა მასივებით.[22]

შუა ოკეანური ქედები და ოკეანის საგები

ჰავაის ქედი
წყნარი ოკეანის კოსმოსური ფოტოსურათი
აისი წყნარ ოკეანეზე
დაისი წყნარ ოკეანეზე

წყნარი ოკეანის ფსკერის 11 % უკავია შუა ოკეანურ ქედებს, რომლები წარმოდგენილია სამხრეთ წყნაროკეანური და აღმოსავლეთ წყნაროკეანური ამაღლებებით. ისინი წარმოადგენენ ფართო, სუსტად დანაწევრებულ ამაღლებებს. ძირითად სისტემას გამოეყოფა გვერდითი შტოქედები ჩილეს ამაღლებისა და გალაპაგოსის რიფტული ზონის სახით. წყნარი ოკეანის შუაოკეანური ქედების სისტემას მიეკუთვნება აგრეთვე გორდის, ხუან-დე-ფუკისა და ექსპლორერის ქედები ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ოკეანის შუაოკეანური ქედები წარმოადგენენ სეისმურ სარტყლებს ხშირი ზედაპირული მიწისძვრებითა და აქტიური ვულკანური მოქმედებით. რიფტულ ზონაში აღმოჩენილია ჩვეულებრივ ჰიდროთერმებთან დაკავშირებული ახალი ლავები და ლითონისშემცველი ნალექები.[22]

წყნაროკეანური ამაღლებების სისტემა წყნარი ოკეანის საგებს ჰყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი უფრო რთულად არის აგებული და უფრო წყალმარჩხია. აქ გამოყოფენ ჩილეს ამაღლებასა (რიფტული ზონა) და ნასკას, სალა-ი-გომესის, კარნეგისა და ქოქოსის ქედებს. ეს ქედები საგების აღმოსავლეთ ნაწილს ყოფენ გვატემალის, პანამის, პერუსა და ჩილეს ქვაბულებად. მათთვის დამახასიათებელია ფსკერის რთულად დანაწევრებული ბორცვიანი და მთიანი რელიეფი. გალაპაგოსის კუნძულების რაიონში გამოიყოფა რიფტული ზონა.[22]

საგების სხვა ნაწილი, რომელიც გაწოლილია წყნაროკეანური ამაღლების დასავლეთით, იკავებს წყნარი ოკეანის საგების დაახლოებით 3/4-ს და აქვს რელიეფის საკმაოდ რთული აგებულება. ათეულობით ამაღლებები და წყალქვეშა ქედები ოკეანის საგებს ყოფენ მრავალრიცხოვან ქვაბულებად. მეტად მნიშვნელოვანი ქედები ქმნიან გეგმაში რკალისებრ ამაღლებებს, რომლებიც საწყისს პოულობენ დასავლეთით და სრულდებიან სამხრეთ-აღმოსავლეთით. პირველ ასეთ რკალს წარმოქმნის ჰავაის ქედი, მის პარალელურად შემდეგ რკალს წარმოქმნის კარტოგრაფების მთები, მარკუს-ნეკერი, ლაინის კუნძულების წყალქვეშა ქედი, რკალი მთავრდება კუნძულ ტუამოტუს წყალქვეშა ძირით. შემდეგი რკალი შედგება მარშალის კუნძულების, კირიბატის, ტუვალუსა და სამოის წყალქვეშა ძირებით. მეოთხე რკალი შეიცავს კაროლინის კუნძულებსა და კაპინგამარანგის წყალქვეშა ამაღლებას. მეხუთე რკალი შედგება კაროლინის კუნძულების სამხრეთი ჯგუფისაგან და ეაურიპიკის ზვინულისაგან. ზოგიერთი ქედი და ამაღლება განსხვავდება თავიანთი გავრცელებით, ესაა საიმპერატორო ქედი, შატსკის, მაგელანის, ჰესისა და მანიჰიკის ამაღლებები, რომლებიც გამოირჩევიან მოსწორებული ზედაპირებითა და ზემოდან დაფარული მომატებული სიმძლავრის კარბონატული დანალექებით.[22]

ჰავაის კუნძულებსა და სამოის არქიპელაგზე არის მოქმედი ვულკანები. წყნარი ოკეანის საგებზე განლაგებულია მეტწილად ვულკანური წარმოშობის დაახლოებით 10 ათასი ცალკეული წყალქვეშა მთა, რომელთა უმეტესი ნაწილი წარმოადგენს გაიოტს. ზოგიერთი გაიოტის მწვერვალი იმყოფება 2-2,5 მ-ის სიღრმეზე, მათ ზევით საშუალო სიღრმეა დაახლოებით 1,3 ათასი მ. წყნარი ოკეანის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის კუნძულთა უმეტეს ნაწილს აქვს მარჯნული წარმოშობა. თითქმის ყველა ვულკანური კუნძული გარშემორტყმულია მარჯნული ნაგებობით.[22]

წყნარი ოკეანის შუაოკეანური ქედების საგებისთვის დამახასიათებელია რღვევის ზონები, რომლებიც ჩვეულებრივ რელიეფში გამოხატულია კომპლექსებისა და ხაზობრივად ორიენტირებული გრაბენებისა და ჰორსტების სახით. ყველა რღვევის ზონას აქვს საკუთარი სახელწოდება: სერვეიორი, მენდოსინო, მერეი, კლარიონი, კლიპერტონი და სხვა. წყნარი ოკეანის საგების ქვაბულებისათვის და ამაღლებებისათვის დამახასიათებელია ოკეანური ტიპის დედამიწის ქერქი; დანალექი ფენის სიმძლავრე იწყება 1 კმ-იდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-მდე შატსკის ამაღლებამდე და ბაზალტური ფენისა 5-იდან 13 კმ-მდე. შუაოკეანურ ქედებს აქვთ რიფტოგენული ტიპის დედამიწის ქერქი, რომელიც მომატებული სიმკვრივით ხასიათდება. აქ აღმოჩენილია ულტრაფუძე ქანები, ხოლო ელტანინის რღვევის ზონაში ამოწეული იყო კრისტალური ფიქლები. კუნძულთა რკალებთან აღმოჩენილია სუბკონტინენტური (კურილის კუნძულები) და კონტინენტური ქერქი (იაპონიის კუნძულები).[22]

ფსკერული დანალექები

აზიის დიდ მდინარეებს, როგორებიცაა ამური, ხუანხე, მეკონგი და სხვებს, წყნარ ოკეანეში შეაქვთ 1767 მლიონზე მეტი ტონა ნატანი წელიწადში. ეს ალუვიონი თითქმის მთლიანად რჩება განაპირა ზღებისა და ყურეების აკვატორიაში. ამერიკის დიდ მდინარეებს — იუკონს, კოლორადოს, კოლუმბიას, ფრეიზერს, გუაიასს და სხვებს გამოაქვთ დაახლოებით 380 მილიონი ტონა ნატანი წელიწადში და აწონილი მასალის 70-80 % გადის ღია ოკეანეში, რასაც ხელს უწყობს შელფის უმნიშვნელო სიგანე.[34]

წყნარ ოკეანეში ფართოდ არის გავრცელებული წითელი თიხები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ეს დაკავშირებულია ოკეანის ქვაბულების დიდ სიღრმეებთან. წყნარ ოკეანეში წარმოდგენილია ორი სარტყელი: სამხრეთი და ჩრდილოეთი და აგრეთვე მკვეთრად არის გამოხატული ეკვატორული სარტყელი. ოკეანის სამხრეთ-დასავლეთის ფსკერის ფართო არეები დაკავებულია მარჯნულ-წყალმცენარული ბიოგენური დანალექებით. ეკვატორის სამხრეთით გავრცელებულია ფორამინიფერებიანი ლამი. მარჯნის ზღვაში არის პტეროპოდული ლამის რამდენიმე ველი. წყნარი ოკეანის უფრო ღრმა ჩრდილოეთ ნაწილში და აგრეთვე სამხრეთში და პერუს ქვაბულებში შეინიშნება რკინამანგანუმიანი კონკრეციების ფართო ველები.[22]

კლიმატი

წყნაროკეანური ტაიფუნების მარშრუტების კრებსითი სქემა 1980-2005 წწ

წყნარი ოკეანის კლიმატი ყალიბდება მზის რადიაციის ზონალური გავრცელებისა და ატმოსფეროს ცირკულაციისა და აგრეთვე აზიის კონტინენტის მძლავრი სეზონური გავლენის ხარჯზე. ოკეანეში გამოიყოფა თითქმის ყველა კლიმატური ზონა. ჩრდილოეთ ზომიერ ზონაში ზამთრის პერიოდში ბარიულ ცენტრს წარმოადგენს ალეუტის წნევის მინიმუმი, რომელიც სუსტად არის გამოხატული ზაფხულის პერიოდში. უფრო სამხრეთით განლაგებულია ჩრდილო-წყნაროკეანური ანტიციკლონი. ეკვატორის გასწვრივ აღინიშნება ეკვატორული დეპრესია (დაბალი წნევის არე), რომელიც სამხრეთით ენაცვლება სამხრეთ-წყნაროკეანური ანტიციკლონით. შემდეგ, სამხრეთით წნევა კვლავ ეცემა და მერე კვლავ ენაცვლება მაღალი წნევის არეს ანტარქტიდაზე. ბარიული ცენტრების გავრცელების შესაბამისად, ყალიბდება ქარის მიმართულება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ განედებში ზამთარში ჭარბობს ძლიერი დასავლეთის ქარები, ხოლო ზაფხულში — სუსტი სამხრეთის ქარები. ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით ზამთრის პერიოდში ყალიბდება ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონური ქარები, რომლებიც ზაფხულში ენაცვლებიან სამხრეთის მუსონებს. ციკლონები, რომლებიც წარმოიქმნება პოლარულ ფრონტებზე, განსაზღვრავენ შტორმული ქარების დიდ განმეორებადობას ზომიერ და პოლარეთისპირა ზონებში (განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში).

ტროპიკული ციკლონები საომაი (მარჯვნივ) და ბოპჰა

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკებსა და ტროპიკებში ბატონობს ჩრდილო-აღმოსავლეთის პასატები. ეკვატორულ ზონაში მთელი წლის განმავლობაში შეინიშნება მეტწილად შტილური ამინდი. სამხრეთი ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში ჭარბობს ზამთარში ძლიერი და ზაფხულში სუსტი მდგრადი სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატი. ტროპიკებში წარმოიქმნება (უმეტესწილად ზაფხულში) მკაცრი ტროპიკული გრიგალი, რომელსაც აქ ტაიფუნს უწოდებენ. ჩვეულებრივ ტაიფუნი წარმოიქმნება ფილიპინების აღმოსავლეთით, საიდანაც მოძრაობს ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთით ტაივანისა და იაპონიის გავლით და ცხრება ბერინგის ზღვის მისადგომებთან. ტაიფუნების წარმოქმნის სხვა არეა წყნარი ოკეანის სანაპირო რაიონი, რომელიც ეკვრის ცენტრალურ ამერიკას. სამხრეთ ნახევარსფეროს მეორმოცე განედზე შეინიშნება ძლიერი და მუდმივი დასავლეთის ქარები. სამხრეთ ნახევარსფეროს მაღალ განედებში ქარი ექვემდებარება საერთო ციკლონურ ცირკულაციას.[35]

საერთო განედურ ზონალობას ექვემდებარება ოკეანეზე ჰაერის ტემპერატურის განაწილება, მაგრამ დასავლეთ ნაწილს აქვს უფრო თბილი კლიმატი, ვიდრე აღმოსავლეთს. ტროპიკულ და ეკვატორულ ზონებში ჭარბობს ჰაერის საშუალო

დაისი

ტემპერატურა 27,5 °C-დან 25,5 °C-მდე. ზაფხულის პერიოდში იზოთერმა 25 °C ფართოვდება ჩრდილოეთისაკენ ოკეანის დასავლეთ ნაწილში და მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით აღმოსავლეთში, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ძლიერად მიიწევს ჩრდილოეთისაკენ. ოკეანის დიდ სივრცეებზე გავლის შემდეგ, ჰაერის მასევი ინტენსიურად ჯერდება ტენით.

ეკვატორის ორივე მხარეს, ეკვატორისპირა ზონაში შეინიშნება ნალექების მაქსიმუმის ორი ვიწრო ზოლი, რომლებიც მოხაზულია 2000 მმ იზოჰიეტებით, ხოლო ეკვატორის გასწვრივ გამოხატულია შედარებით გვალვიანი ზონა. წყნარ ოკეანეში არ არის ჩრდილოეთ პასატების სამხრეთთან მსგავსების ზონა. წარმოიქმნება ორი დამოუკიდებელი ზონა ჭარბი დატენიანებით და მათი გამყოფი შედარებით გვალვიანი ზონით. ეკვატორული და ტროპიკული ზონების აღმოსავლეთით ნალექების რაოდენობა მცირდება. მეტად გვალვიანი არეები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ებჯინებიან კალიფორნიას, სამხრეთში — პერუსა და ჩილეს ქვაბულებს (სანაპირო რაიონებში წელიწადში მოდის 50 მმ-ზე ნაკლები ნალექი).[35]

ჰიდროლოგიური რეჟიმი

ზედაპირული წყლების ცირკულაცია

აღმოსავლეთ ავსტრალიის დინების თერმული პროფილი

წყნარი ოკეანის დინების საერთო სქემას განსაზღვრავს ატმოსფეროს ცირკულაციის ზოგადი კანონზომიერებანი. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ჩრდილო-აღმოსავლეთის პასატი ხელს უწყობს ჩრდილო პასატური დინების წარმოქმნას, რომელიც ოკეანეს კვეთს ცენტრალური ამერიკის სანაპიროდან ფილიპინების კუნძულებამდე. შემდეგ დინება იყოფა ორ ტოტად: ერთი იხრება სამხრეთისაკენ და ნაწილობრივ კვებავს ეკვატორულ უკუდინებას, ხოლო ნაწილობრივ იღვრება ინდონეზიის ზღვების აუზში. ჩრდილოეთი ტოტი გადის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში და მისგან გამოსვლისას დასაბამს აძლევს კუროსიოს მძლავრ დინებას. ეს დინება მიემართება ჩრდილოეთისაკენ იაპონიის სანაპირომდე, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს იაპონიის სანაპიროს კლიმატზე.[35]

ჩ. გ. 40°-სთან კუროსიო გადადის ჩრდილოწყნაროკეანურ დინებაში, რომელიც მიემართება აღმოსავლეთით ორეგონის სანაპიროსკენ. ჩრდილოეთ ამერიკასთან შეჯახებისას იყოფა ჩრდილოეთ — თბილ ალასკის დინებად და სამხრეთ — ცივ კალიფორნიის დინებად. სამხრეთ ნახევარსფეროში სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატი წარმოქმნის სამხრეთ პასატურ დინებას, რომელიც კვეთს წყნარ ოკეანეს კოლუმბიის სანაპიროდან მოლუკის კუნძულებამდე. ლაინისა და ტუამოტუს კუნძულებს შორის იგი წარმოქმნის განშტოებას, რომელიც მიემართება მარჯნის ზღვაში და შემდეგ სამხრეთისაკენ ავსტრალიის სანაპიროს გასწვრივ, სადაც წარმოქმნის აღმოსავლეთ ავსტრალიის დინებას. მოლუკის კუნძულების სამხრეთ პასატური დინების ძირითადი მასები ერწყმის ჩრდილო პასატური დინების სამხრეთ ტოტს და ერთობლივად წარმოქმნიან ეკვატორულ უკუდინებას.[35]

კუროსიოს დინება დასავლეთ მხარეს

აღმოსავლეთ ავსტრალიის დინება ახალი ზელანდიის სამხრეთით ერწყმის მძლავრ ანტარქტიკულ ცირკუმპოლარულ დინებას, რომელიც მოემართება ინდოეთის ოკეანიდან და კვეთს წყნარ ოკეანეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სამხრეთი ამერიკის სამხრეთ დაბოლოებასთან ეს დინება ჩრდილოეთისაკენ იტოტება პერუს დინების სახით, რომელიც ტროპიკებში ერწყმის სამხრეთ პასატურ დინებას, რითაც აბოლოებს დინების სამხრეთ წრეს. ანტარქტიკული ცირკუმპოლარული დინების სხვა ტოტი შემოუვლის სამხრეთ ამერიკას ჰორნის კონცხის დინების სახელწოდებით და გადის ატლანტის ოკეანეში. წყნარი ოკეანის წყლების ცირკულაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცივი ზედაპირისქვეშა კრომველის დინება, რომელიც მოძრაობს აღმოსავლეთისაკენ სამხრეთ პასატური დინების ქვეშ, დ. გ. 154°-150-იდან გალაპაგოსის კუნძულების რაიონამდე.[35]

ზაფხულში ოკეანის აღმოსავლეთ ეკვატორულ ნაწილში შეინიშნება ელ-ნინიო, როდესაც თბილი სუსტად მარილიანი დინება უკან ახევინებს ცივ პერუს დინებას სამხრეთ ამერიკის ნაპირებიდან. ამასთან, წყდება ჟანგბადის მიწოდება ზედაპირისქვეშა ფენაში, რასაც თან სდევს პლანქტონის, თევზებისა და ფრინველთა დაღუპვა, ხოლო ჩვეულებრივ გვალიან სანაპიროზე იწყება ძლიერი წვიმები, რომელიც კატასტროფულ წყალდიდობებს იწვევს.[36] გარდა ელ-ნინიოსი წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილს ახასიათებს წყლის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები, რომელიც ლა-ნინიას სახელწოდებით არის ცნობილი.[37]

მარილიანობა და ყინულწარმოქმნა

მაქსიმალური მარილიანობა ახასიათებთ ტროპიკულ ზონებს (მაქსიმალური 35,5-35,6 ‰-მდე), სადაც აორთქლების ინტენსივობა შეხამებულია ნალექების შედარებით მცირე რაოდენობასთან. აღმოსავლეთით ცივი დინებების გავლენით მარილიანობა მცირდება. ნალექების დიდი რაოდენობა აგრეთვე ამცირებს მარილიანობას, განსაკუთრებით, ეკვატორსა და ზომიერი და სუბპოლარული განედების დასავლეთ ცირკულაციის ზონებში. წყნარი ოკეანის სამხრეთით ყინული წარმოიქმნება ანტარქტიდისპირა რაიონებში, ხოლო ჩრდილოეთით — მხოლოდ ბერინგის, ოხოტისა და ნაწილობრივ იაპონიის ზღვებში.[35]

სამხრეთ ალასკის ნაპირებიდან წყდება ყინულების გარკვეული რაოდენობა აისბერგების სახით, რომლებიც მარტსა და აპრილში აღწევენ ჩ. გ. 48-42°-ს. ჩრდილოეთის ზღვებს, განსაკუთრებით ბერინგის ზღვას მოაქვს ოკეანის ჩრდილოეთ რაიონებში არსებული მოტივტივე ყინულების თითქმის მთელი მასა. ანტარქდიდულ წყლებში პაკის ყინულების საზღვარი აღწევს ს. გ. 60-63°-მდე, აისბერგები ვრცელდება შორს ჩრდილოეთისაკენ, ს. გ. 45°-მდე.[35]

წყლის მასები

წყნარ ოკეანეში გამოიყოფა ზედაპირული, ზედაპირისქვეშა, შუალედური, სიღრმული და ფსკერული წყლის მასები. ზედაპირულ წყლის მასას აქვს 35-100 მ სიმძლავრე და გამოირჩევა ტემპერატურის თანასწორობით, მარილიანობითა და სიმკვრივით, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია ტროპიკული წყლებისთვის, მახასიათებლების ცვალებადობით, განპირობებული კლიმატური მოვლენების სეზონურობით. ეს წყლის მასა განისაზღვრება თბომიმოცვლით ოკეანის ზედაპირზე, ნალექების თანაფარდობით, აორთქლებითა და ინტენსიური შერევით. იგივე, თუმცა ნაკლები რაოდენობით მიეკუთვნება ზედაპირისქვეშა წყლის მასებსაც. სუბტროპიკებსა და ცივ განედებში ეს წყლის მასები ნახევარი წლის განმავლობაში ზედაპირულია, ხოლო ნახევარი წელი ზედაპირისქვეშა. სხვადასხვა კლიმატურ ზონებში მათი საზღვარი შუალედურ წყლებს შორის მერყეობს 220-600 მ შორის. ზედაპირისქვეშა წყლები განსხვავდება მომატებული მარილიანობითა და სიმკვრივით, ტემპერატურით 13-18 °C-დან (ტროპიკებსა და სუბტროპიკებში) 6-13 °C-მდე (ზომიერ ზონაში). ზედაპირისქვეშა წყლები თბილ კლიმატში წარმოიქმნება უფრო მარილიანი ზედაპირული წყლების დაწევის გზით.[35]

ზომიერი და მაღალი განედების შუალედური წყლის მასებისთვის დამახასიათებელია 3-5 °C-იანი ტემპერატურა და 33,8-34,7 ‰-იანი მარილიანობა. შუალედური მასების ქვედა საზღვარი იმყოფება 900-1700 მ სიღრმეზე. სიღრმული წყლის მასები წარმოიქმნება გაციებული წყლების დაძირვის შედეგად ანტარქტიდისპირა წყლებსა და ბერინგის ზღვაში და მათი ქვაბულებში შემდგომი განღვრის გამო. ფსკერული წყლის მასები იმყოფება 2500-3000 მ-ზე მეტ სიღრმეზე. მათთვის დამახასიათებელია დადაბლებული ტემპერატურა (1-2 °C) და მარილიანობის ერთფეროვნება (34,6-34,7 ‰). ეს წყლები ყალიბდება ანტარქტიდულ შელფზე ძლიერი გაგრილების პირობებში. თანდათანობით ისინი ფსკერზე იღვრებიან, ავსებენ ყველა ღრმულს და იჭრებიან შუაოკეანური ქედების განივ გასასვლელებში სამხრეთსა და პერუს, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთის ქვაბულებში. სხვა ოკეანეების ფსკერულ წყლებთან და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილებთან შედარებით წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ქვაბულების ფსკერული წყლის მასები განსხვავდებიან გახსნილი ჟანგბადის შემცირებული შემცველობით. ფსკერული წყლები სიღრმულ წყლებთან ერთად შეადგენენ წყნარი ოკეანის მთელი მოცულობის 75 %-ს.[35]

ფლორა და ფაუნა

ზოლიანი ლაინა კუნძულ ტონგაზე
ზღვის კატების კოლონია

წყნარ ოკეანზე მოდის მსოფლიო ოკეანის საერთო ბიომასის 50 %-ზე მეტი. სიცოცხლე ოკეანეში უხვია და მრავალფეროვანი, განსაკუთრებით ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ზონებში აზიისა და ავსტრალიის სანაპიროებს შორის, სადაც დიდი ტერიტორიები უკავია მარჯნის რიფებსა და მანგროვიანებს. წყნარი ოკეანის ფიტოპლანქტონი ძირითადად შედგება მიკროსკოპული ერთუჯრედიანი წყალმცენარეებისგან, რომელიც დაახლოებით 1300 სახეობას მოიცავს. სახეობათა დაახლოებით ნახევარი მიეკუთვნება პიროფიტულ წყალმცენარეებს და შედარებით ნაკლები — დიატომეებს. წყალმარჩხ რაიონებსა და აპველინგის ზონაში თავმოყრილია მცენარეულობის დიდი ნაწილი. წყნარი ოკეანის ფსკერული მცენარეულობა ითვლის წყალმცენარეების დაახლოებით 4 ათას სახეობას და ყვავილოვანი მცენარეების 29 სახეობას.[35]

წყნარი ოკეანის ზომიერ და ცივ რეგიონებში მასობრივად არის გავრცელებული წაბლა წყალმცენარეები, განსაკუთრებით ლამინარიასნაირთა ოჯახიდან, ამასთან სამხრეთ ნახევარსფეროში გვხვდება ამ ოჯახის 200 მ სიგრძის გიგანტები. ტროპიკებში განსაკუთრებით გავრცელებულია ფუკუსი, დიდი მწვანე და ცნობილი წითელი წყალმცენარეები, რომლებიც მარჯნულ პოლიპებთან ერთად წარმოადგენენ რიფულწარმომქმნელ ორგანიზმებს.[35]

წყნარი ოკეანის ცხოველთა სამყარო შემადგენლობით სხვა ოკეანეებთან შედარებით 3-4-ჯერ მდიდარია, განსაკუთრებით ტროპიკულ წყლებში. ინდონეზიურ წყლებში ცნობილია 2 ათასზე მეტი სახეობის თევზი, ჩრდილოეთის ზღვებში დაახლოებით 300-მდე სახეობის თევზია. ოკეანის ტროპიკულ ზონაში გავრცელებულია მოლუსკების 6 ათასზე მეტი სახეობა, ხოლო ბერინგის ზღვაში მათი დაახლოებით 200-მდე სახეობა გვხვდება. წყნარი ოკეანის ფაუნისთვის ნიშანდობლივია მრავალი სისტემატიკური ჯგუფის სიძველე და ენდემიზმი. აქ დიდი რაოდენობით გვხვდება ზღვის ზღარბების უძველესი სახეობები, ხმალკუდების პრიმიტიული გვარები, ზოგიერთი უძველესი სახეობის თევზი, რომლებიც არ არიან შემორჩენილნი სხვა ოკეანეებში (მაგალითად, იორდანია და გილბერტიდია); ორაგულისებრთა ყველა სახეობის 95 % წყნარ ოკეანეში ბინადრობს. ძუძუმწოვრების ენდემური სახეობებია: დიუგონი, ზღვის კატა, ზღვის ძაღლი, ზღვის წავი.[35]

წყნარი ოკეანის ფაუნის მრავალი სახეობისთვის დამახასიათებელია გიგანტიზმი. ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ცნობილია გიგანტური მიტილუსი და ხამანწკასებრნი, ეკვატორულ ზონაშია ყველაზე დიდი ორსაგდულიანი მოლუსკი ტრიდაკნა, რომლის მასა 250 კგ აღწევს. წყნარ ოკეანეში ყველაზე უფრო ნათლად გამოხატულია ულტრააბისალური ფაუნა. დიდი წნევისა და 8,5 კმ-ზე მეტ სიღრმეზე წყლის დაბალი ტემპერატურის პირობებში ბინადრობს დაახლოებით 45 სახეობა, რომელთაგან 71 %-ზე მეტი ენდემურია. ამ სახეობებს შორის ჭარბობს ჰოლოთურიები, რომლებიც ნაკლებად მოძრავი, ფსკერული, მცოცავი ცხოველები არიან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით შეუძლიათ გაატარონ გრუნტის ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც კვების ერთადერთი წყაროა ამ სიღრმეებზე.[35]

ეკოლოგიური პრობლემები

ნაგვის არეალი მდებარეობს ჩრდილოწყნაროკეანური დინების სისტემაში

წყნარ ოკეანეში ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობამ განაპირობა მისი წყლების დაბინძურება და ბიოლოგიური სიმდიდრეების გამოფიტვა. ასე, XVIII საუკუნის ბოლოს ბერინგის ზღვაში მთლიანად იყო გამოფიტული ზღვის ძროხა. XX საუკუნის დასაწყისში გადაშენების პირას იმყოფებოდა ზღვის კატა და ვეშაპისნაირთა ზოგიერთი სახეობა, რომელთა რეწვა ამჟამად შეზღუდულია. ოკეანეში დიდ საფრთხეს წარმოადგენს წყლის დაბინძურება ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით (ძირითადი დამაბინძურებლებით), ზოგიერთი მძიმე ლითონებითა და ატომური მრეწველობის ნარჩენებით. მავნე ნივთიერებები დინებებით მიმოფანტულია მთელ ოკეანეზე. ანტარქტიდის ნაპირებთანაც კი ზღვის ორგანიზმების შემადგენლობაში აღმოჩენილია ეს ნივთიერებები.[38]

წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში პლასტსმასებისგან და სხვა ნარჩენებისგან წარმოიქმნა წყნარი ოკეანის ნაგვის დიდი ლაქა, შექმნილი ოკეანური დინებების მიერ, რომლებიც თანდათანობით ერთ არეში ოკეანეში გადაგდებული ნაგვის კონცენტრაციას ახდენენ. ეს ლაქა გადაჭიმულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში კალიფორნიის სანაპიროდან დაახლოებით 500 საზღვაო მილში ჰავაის გასწვრივ და თითქმის იაპონიამდე აღწევს. 2001 წელს ნაგვის კუნძულის

ზღვის ნაგავი ჰავაიზე

მასა შეადგენდა 3,5 მლნ. ტონაზე მეტს, ხოლო ფართობი 1 მლნ. კმ²-ზე მეტს, რაც ზოოპლანქტონის მასას 6-ჯერ ჭარბობდა. ყოველი 10 წელი ნაგავსაყრელის ფართობი იზრდება. ჟურნალ „Scientific Reports“-ის შეტყობინებით 2018 წელს ლაქის ზომამ მიაღწია 1,6 მლნ. კმ²-ს. მისი საერთო მასა შეადგენს 45-იდან 129 ათ. ტონამდე და შედგება 1,1-3,6 ტრილიონი ცალკეული ელემენტისაგან. ნაგავი ძირითადად წარმოდგენილია პლასტსმასით, თითქმის ნახევარი — სათევზაო ბადეა.[39]

1989 წლის 23 მარტს ალასკის სანაპიროს სიახლოვეს მოხდა ტანკერ „ექსონ ვალდეზის“ ავარია, რომელიც ეკუთვნოდა კომპანია „ExxonMobil“-ს. ოფიციალური მონაცემებით ტანკერში მოთავსებული იყო დაახლოებით 200 მლნ. ლიტრი ნავთობი, რომელთაგან 40 მლნ. ზღვაში დაიღვარა. ამგვარი ციფრი დაადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: ალასკის შტატის საბჭომ, „ექსონ ვალდეზის“ ავარიის საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის ჯგუფმა, როგორებიცაა სიერას კლუბი, გრინპისი და ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ. დაღვრილმა ნავთობმა წარმოქმნა 28 ათ. კმ²-იანი ლაქა.[40]

ეკონომიკა

ამჟამად წყნარი ოკეანის სანაპიროები და კუნძულები უკიდურესად არათანაბრად არის ათვისებული და დასახლებული. სამრეწველო ათვისების მნიშვნელოვანი ცენტრებია აშშ-ის სანაპირო (ლოს-ანჯელესის სანაპიროდან სან-ფრანცისკოს რაიონამდე), იაპონიისა და სამხრეთ კორეის სანაპიროები. მნიშვნელოვანია ოკეანის როლი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეკონომიკურ ცხოვრებაში. წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილი არის კოსმოსური ხომალდების „სასაფლაო“. აქ, სანაოსნო მარშრუტების მოშორებით, ექსპლუატაციიდან გამოსულ კოსმოსურ ობიექტებს ძირავენ.[41]

თევზჭერა და საზღვაო რეწვა

ყველაზე დიდი სარეწაო მნიშვნელობა გააჩნია წყნარი ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ განედებს. წყნარი ოკეანის აკვატორიაზე მოდის მსოფლიო თევზჭერის დაახლოებით 60 %. მათ შრისაა: ორაგულისებრნი (ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, სიმა), ქაშაყისნაირნი (ანჩოუსი, ქაშაყი, სარდინები), ვირთევზასებრნი (ვირთევზა, მინტაი), ქორჭილასნაირნი (სკუმბრიები, თინუსი), კამბალასნაირნი (ზღვის კამბალა). ხდება ძუძუმწოვრების მოპოვება: კაშალოტი, ზოლიანი ვეშაპები, ზღვის კატა, ზღვის წავი, მორჟი, ზღვის ძაღლი; უხერხემლოები: ცხრაფეხები, ნამდვილი კრევეტები, ხამანწკასებრნი, ზღვის სავარცხელა, თავფეხიანები.[42]

მოიპოვებენ რიგ მცენარეებსაც: ლამინარიას, ანფელციას, ზღვის ბალახს, ფილოსფადიქსს, რომლებსაც იყენებენ კვების მრეწველობასა და მედიცინაში. მეტად შედეგიანი რეწვა ხორციელდება წყნარი ოკეანის დასავლეთ-ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. წყნარი ოკეანის მეტად დიდი სარეწაო ადგილებია: იაპონია (ტოკიო, ნაგასაკი, სიმონოსეკი), ჩინეთი (ჯოუშანის არქიპელაგი, იანტაი, ცინდაო, დალიანი), რუსეთი (პრიმორიე, სახალინი, კამჩატკა), პერუ, ტაილანდი, ინდონეზია, ფილიპინები, ჩილე, ვიეტნამი, სამხრეთი კორეა, ჩრდილოეთი კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ.[42]

სატრანსპორტო გზები

კობეს ნავსადგური იაპონიაში
ზღვის ბორანი ფილიპინების სანაპიროსთან
ხომალდი MV Steve Irwin მელბურნის პორტში

წყნარი ოკეანის გავლით გადის მნიშვნელოვანი საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციები წყნაროკეანური აუზის ქვეყნებსა და სატრანზიტო გზები ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებს შორის. მნიშვნელოვანი ოკეანური გზები იწყება კანადიდან და აშშ-დან და გადის ტაივანზე, ჩინეთსა და ფილიპინებზე. წყნარი ოკეანის ძირითადი სანაოსნო სრუტეებია: ბერინგის, თათრის, ლაპერუზის, კორეის, ტაივანის, სინგაპურის, მალაკის, ცუგარუს, ბასის, ტორესის, კუკის, მაგელანის. წყნარი ოკეანე ატლანტის ოკეანესთან შეერთებულია ხელოვნური პანამის არხით, რომელიც გაყვანილია პანამის ყელზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის.

დიდი ნავსადგურებია: ვლადივოსტოკი (გენერალური ტვირთები, ნავთობპროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები, ტყე, ლითონის ჯართი, შავი და ფერადი ლითონი), ნახოდკა (ნახშირი, ნავთობპროდუქტები, კონტეინერები, ლითონი, ლითონის ჯართი, რეფრეჟერატორული ტვირთები), ვოსტოჩნი, ვანინო (ნახშირი, ნავთობი) (რუსეთი), პუსანი (კორეა), კობე—ოსაკა (ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მანქანები და მოწყობილობები, ავტომობილები, ლითონი და ლითონის ჯართი), ტოკიო—იოკოჰამა (ლითონის ჯართი, ნახშირი, ბამბა, მარცვლეული, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, კაუჩუკი, ქიმიკატები, მატყლი, მანქანები და მოწყობილობები, ტექსტილი, ავტომობილი, მედიკამენტები), ნაგოია (იაპონია), ტიანძინი, ცინდაო, ნინბო, შანხაი (მშრალი, ჩასასხმელი და გენერალური ტვირთის ყველა სახეობა), სიანგანი (ტექსტილი, ტანსაცმელი, ბოჭკო, რადიო და ელექტროსაქონელი, პლასტსმასის ნაკეთობები, მანქანები, მოწყობილობები), გაოსიუნი, შენჯენი, გუანჯოუ (ჩინეთი), ხოშიმინი (ვიეტნამი), სინგაპური (ნავთობპროდუქტები, კაუჩუკი, სურსათ-სანოვაგე, ტექსტილი, მანქანები და მოწყობილობები) (სინგაპური), კლანგი (მალაიზია), ჯაკარტა (ინდონეზია), მანილა (ფილიპინები), სიდნეი (გენერალური ტვირთი, რკინის მადანი, ნახშირი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მარცვლეული), ნიუკასლი, მელბურნი (ავსტრალია), ოკლენდი (ახალი ზელანდია), ვანკუვერი (ტყის ტვირთი, ნახშირი, მადანი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური და გენერალური ტვირთი) (კანადა), სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი (ნავთობი და ნავთობპროდუქტები, კოპრა, ქიმიური ტვირთი, ტყე, მარცვლეული, ფქვილი, ხორცისა და თევზის კონსერვი, ციტრუსები, ბანანი, ყავა, მანქანები და მოწყობილობები, ჯუთი, ცელულოზა), ოკლენდი, ლონგ-ბიჩი (აშშ), კოლონი (პანამა), უასკო (მადანი, თევზი, საწვავი, სურსათ-სანოვაგე) (ჩილე). წყნარი ოკეანის აუზში არის მნიშვნელოვანი რაოდენობის შედარებით მცირე მრავალფუნქციური ნავსადგურები.[34][43][44]

მნიშვნელოვან როლს თამაშობს საავიაციო გადაზიდვები წყნარი ოკეანის გავლით. პირველი რეგულარული ავიარეისი ოკეანეზე განხორციელდა 1936 წელს მარშრუტით: სან-ფრანცისკო (აშშ) — ჰონოლულუ (ჰავაის კუნძულები) — მანილა (ფილიპინები). ამჟამად ძირითადი ტრანსოკეანური მარშრუტები გადებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ავიახაზებს შიდა გადაზიდვებში კუნძულებს შორის. 1902 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ ოკეანის ფსკერზე გაყვანილი იქნა პირველი წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი (სიგრძე 12,55 ათ. კმ), რომელიც გადის ფანინგისა და ფიჯის კუნძულებს შორის და აკავშირებს კანადას, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას. ფართოდ და ოდითგანვე გამოიყენება რადიოკავშირი. ამჟამად კავშირისათვის წყნარი ოკეანის გავლით გამოიყენება დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს კავშირების არხების ტევადობას კუნძულებს შორის.[42]

სასარგებლო წიაღისეულები

წყნარი ოკეანის ფსკერი შეიცავს სხვადასხვა მინერალების საბადოს. ჩინეთის, ინდონეზიის, იაპონიის, მალაიზიის, აშშ-ის, ეკვადორის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის შელფებზე მოიპოვებენ ნავთობსა და ბუნებრივ აირს. შეფასების თანახმად, წყნარი ოკეანის წიაღი შეიცავს მსოფლიო ოკეანის ნავთობისა და აირის პოტენციური მარაგის 30-40 %-ს. მსოფლიოში კალის კონცენტრატების ყველაზე დიდი მწარმოებელია მალაიზია, ხოლო ცირკონის, ილმენიტისა და სხვებისა — ავსტრალია. ოკეანე მდიდარია რკინამანგანუმიანი კონკრეციებით, რომლის საერთო მარაგი ზედაპირზე 7,1•1010 ტონამდეა. მეტად დიდი მარაგი გვხვდება წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით, ღრმა ნაწილში, აგრეთვე სამხრეთისა და პერუს ქვაბულებში. ძირითადი მადნის ელემენტებზე გადაანგარიშებით ოკეანის კონკრეციებში მანგანუმის შემცველობაა 7,1•1010 ტ, ნიკელის 2,3•109 ტ, სპილენძის 1,5•109 ტ, კობალტის 1•109 ტ.[22] წყნარ ოკეანეში, კერძოდ, ორეგონის ღრმულში, კურილის მწკრივში, სახალინის შელფზე, ნანკაის ღარში, იაპონიის სანაპიროს ირგვლივ მდებარე რაიონებსა და პერუს ღრმულში აღმოჩენილია მდიდარი ღრმაწყლიანი აირის ჰიდრატების ბუდობები.[45]

რეკრეაციული რესურსები

წყნარი ოკეანის რეკრეაციული რესურსები ხასიათდება მრავალფეროვნებით. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული სანაპირო ქვეყნების ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ოკეანის რეკრეაციულ რესურსებს. წყნარი ოკეანის სანაპირო ხასიათდება ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლისათვის ნავარაუდევია საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების წილის გაზრდა აღმოსავლეთ აზიაში. ამ რეგიონში ტურიზმის ძირითადი ქვეყნებია: აშშ, ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია, სინგაპური, სამხრეთი კორეა, რუსეთი და კანადა. პოპულარული რეკრეაციული ზონებია: ჰავაის კუნძულები, პოლინეზიისა და მიკრონეზიის კუნძულები, ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო, ბოხაივანი და კუნძული ხაინანი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სანაპიროს საქალაქო აგლომერაციების რაიონები. დიდი ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით გამოიყოფა წყნარი ოკეანის რეგიონის შემდეგი ტერიტორიები (2010 წლის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში მლნ. ვიზიტორი): აშშ (60), ჩინეთი (55), მალაიზია (24), მექსიკა (22), ჰონგ-კონგი (20), კანადა (16), ტაილანდი (16), მაკაო (12), სინგაპური (9), სამხრეთი კორეა (9), იაპონია (9), ინდონეზია (7), ავსტრალია (6), ტაივანი (6), ვიეტნამი (5), ფილიპინები (4), ახალი ზელანდია (3), ჩილე (3), კამბოჯა (2), კოლუმბია (2), კოსტა-რიკა (2), პერუ (2), გვატემალა (1), გუამი (1), პანამა (1), სალვადორი (1), ეკვადორი (1).[46]

მოსაზღვრე ქვეყნები და ტერიტორიები

ქვეყნები

1 ტაივანის სტატუსი სადავო საკითხია.

ტერიტორიები

ლიტერატურა

რუსულენოვანი ლიტერატურა

  • Морской Атлас, т. 1—3, М., 1950—66;
  • Аварян В. Я., Борьба за Тихий океан, М., 1952;
  • Вышнепольский С. А., Мировые морские пути и судоходство, 2 изд., М., 1959;
  • Шилков А. М., Национально-освободительное движение в Океании, М., 1960;
  • Малаховский К. В., Система опеки — разновидность колониализма, М., 1963;
  • Му­ром­цев А. М. Ат­лас тем­пе­ра­ту­ры, со­ле­но­сти и плот­но­сти во­ды Ти­хо­го океа­на. М., 1963;
  • Еса­ков В. А., Пла­хот­ник А. Ф., Алек­се­ев А. И. Рус­ские океа­ни­че­ские и мор­ские ис­сле­до­ва­ния в XIX – на­ча­ле XX в. М., 1964;
  • Колониальная политика империалистических держав в Океании. Сб. ст., М., 1965;
  • Михайлов С. В., Экономика Мирового океана, М., 1966;
  • Менард Г. У., Геология дна Тихого океана, пер. с англ., М., 1966;
  • Ти­хий оке­ан. М., 1966–1974. Т. 1–9;
  • Де­рю­гин К. К. Со­вет­ские океа­но­гра­фи­че­ские экс­пе­ди­ции. Л., 1968;
  • Ма­ка­ро­ва Р. В. Рус­ские на Ти­хом океа­не во вто­рой по­ло­ви­не XVIII в. М., 1968;
  • Ефи­мов А. В. Из ис­то­рии ве­ли­ких рус­ских гео­гра­фи­че­ских от­кры­тий. 2-е изд. М., 1971;
  • Новые тенденции в развитии Австралии и Океании. Сб. ст., М., 1971;
  • Бур­ков В. А. Об­щая цир­ку­ля­ция вод Ти­хо­го океа­на. М., 1972;
  • Jearbook of Fishery Statistics, 1973, v. 35, Rome, 1974.
  • Ат­лас океа­нов. Ти­хий оке­ан. М., 1974;
  • Лисицын А. П., Осадкообразование в океанах, М., 1974;
  • Ти­хий оке­ан. М., 1982;
  • Фи­зи­че­ская гео­гра­фия ма­те­ри­ков и океа­нов / Под ред. А. М. Ряб­чи­ко­ва. М., 1988;
  • Бе­ре­га. М., 1991;
  • Пу­ща­ров­ский Ю. М., Ме­лан­хо­ли­на Е. Н. Тек­то­ни­че­ское раз­ви­тие Зем­ли: Ти­хий оке­ан и его об­рам­ление. М., 1992;
  • Фун­да­мен­таль­ные про­бле­мы об­щей тек­то­ни­ки. М., 2001.

ინგლისურენოვანი ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Тихий океан // Большая Советская энциклопедия.
  2. International Hydrographic Organization. (1953) Limits of Oceans and Seas. International Hydrographic Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 12 June 2010.
  3. Japan Atlas: Japan Marine Science and Technology Center. ციტირების თარიღი: 4 July 2007.
  4. Леонтьев, Олег Константинович, Тихий океан, Москва: Мысль, 1982. — გვ. 316.
  5. From the editors of the Encyclopedia Britannica, Britannica Concise Encyclopedia, Encyclopaedia Britannica, Inc.,, 2008. — 2114 გვ.
  6. CATHOLIC ENCYCLOPEDIA: Ferdinand Magellan. Newadvent.org (1 October 1910). ციტირების თარიღი: 31 October 2010.
  7. Stanley, David (2004). South Pacific. David Stanley, გვ. 19. ISBN 978-1-56691-411-6. ციტირების თარიღი: 13 June 2013. 
  8. Milton, Giles (1999). Nathaniel's Nutmeg. London: Sceptre, გვ. 5, 7. ISBN 978-0-340-69676-7. 
  9. Porter, Jonathan. [1996] (1996). Macau, the Imaginary City: Culture and Society, 1557 to the Present. Westview Press. ISBN 0-8133-3749-6
  10. Ober, Frederick Albion. Vasco Nuñez de Balboa. Library of Alexandria, გვ. 129. ISBN 978-1-4655-7034-5. ციტირების თარიღი: 12 June 2013. 
  11. Camino, Mercedes Maroto. Producing the Pacific: Maps and Narratives of Spanish Exploration (1567–1606), p.76. 2005.
  12. Galvano, Antonio [1563] (2004). The Discoveries of the World from Their First Original Unto the Year of Our Lord 1555, issued by the Hakluyt Society. Kessinger Publishing, გვ. 168. ISBN 0-7661-9022-6. ციტირების თარიღი: 16 June 2011. 
  13. Kratoska, Paul H. (2001). South East Asia, Colonial History: Imperialism before 1800, Volume 1 de South East Asia, Colonial History. Taylor & Francis, გვ. 52–56. [1]
  14. Whiteway, Richard Stephen (1899). The rise of Portuguese power in India, 1497–1550. Westminster: A. Constable. 
  15. Steven Thomas, Portuguese in Japan. Steven's Balagan. ციტირების თარიღი: 22 May 2015.
  16. Henderson, James D.; Delpar, Helen; Brungardt, Maurice Philip (January 2000) A Reference Guide to Latin American History. M.E. Sharpe, გვ. 28. ISBN 978-1-56324-744-6. ციტირების თარიღი: 12 June 2013. 
  17. 17.0 17.1 Fernandez-Armesto, Felipe (2006). Pathfinders: A Global History of Exploration. W.W. Norton & Company, გვ. 305–307. ISBN 0-393-06259-7. 
  18. (2008) Primary Australian History: Book F [B6 Ages 10–11]. R.I.C. Publications, გვ. 6. ISBN 978-1-74126-688-7. ციტირების თარიღი: 12 June 2013. 
  19. Lytle Schurz, William (1922), "The Spanish Lake", The Hispanic American Historical Review 5 (2): 181–194
  20. Williams, Glyndwr (2004). Captain Cook: Explorations And Reassessments. Boydell Press, გვ. 143. ISBN 978-1-84383-100-6. ციტირების თარიღი: 12 June 2013. 
  21. 21.0 21.1 Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-23. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2018.
  22. 22.00 22.01 22.02 22.03 22.04 22.05 22.06 22.07 22.08 22.09 22.10 22.11 22.12 Физическая география материков и океанов / Под общей ред. А. М. Рябчикова, М.: Высшая школа, 1988. — გვ. 516—521.
  23. 23.0 23.1 Кравчук П. А., Рекорды природы, Любешов: Эрудит, 1993. — გვ. 216, ISBN 5-7707-2044-1.
  24. Кравчук П. А. Географический калейдоскоп. — Киев: Радянська школа, 1988. ISBN 5-330-00384-9
  25. И. М. Белоусов, Совершенно неизвестные страны, За тайнами Нептуна, 1976, გვ. 179—185.
  26. Results of «Kaiko»'s Final Field Test. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-06. ციტირების თარიღი: 2018-02-02.
  27. Марианскую впадину «углубили». compulenta.ru (8 декабря 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-13. ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  28. РИА Новости. (14:34 08-02-2012) «Ученые обнаружили горы на дне Марианской впадины». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-31. ციტირების თარიღი: 2012-02-10.
  29. Большая Российская энциклопедия. Т. 2, М.: Большая Российская энциклопедия, 2005. — გვ. 445.
  30. Большая Российская энциклопедия. Т. 11, М.: Большая Российская энциклопедия, 2008. — გვ. 228.
  31. 31.0 31.1 Атлас океанов. Термины, понятия, справочные таблицы, Москва: ГУНК МО СССР, 1980. — გვ. 84—85.
  32. GEOL 102 The Proterozoic Eon II: Rodinia and Pannotia. Geol.umd.edu (5 January 2010). ციტირების თარიღი: 31 October 2010.
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 Ушаков С. А., Ясаманов Н. А., Дрейф материков и климаты Земли, М.: Мысль, 1984. — გვ. 142—191.
  34. 34.0 34.1 Каплин П. А., Леонтьев О. К., Лукьянова С. А., Никифоров Л. Г., Берега, М.: Мысль, 1991. — გვ. 355—356.
  35. 35.00 35.01 35.02 35.03 35.04 35.05 35.06 35.07 35.08 35.09 35.10 35.11 35.12 Физическая география материков и океанов, М.: Высшая школа, 1988. — გვ. 521—526.
  36. Явления Эль-Ниньо и Ла-Ниньо. Примпогода. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-19. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
  37. Ла-Нинья просыпается: что это означает для погодных условий в США. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2017.
  38. Тихий океан — самый большой и самый глубокий океан на Земле. Samogo.Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2012-02-01.
  39. Мусорный остров в Тихом Океане. lifeglobe.net.
  40. Questions and Answers. History of the Spill. Exxon Valdez Oil Spill Trustee Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-24. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  41. «Прогресс М-14М», пролетавший 9 суток по околоземной орбите, затопят на «кладбище» космических кораблей в Тихом океане. ИТАР-ТАСС. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-28. ციტირების თარიღი: 2012-04-28.
  42. 42.0 42.1 42.2 Брокгауз-Ефрон и Большая Советская Энциклопедия объединенный словник. gatchina3000.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-19. ციტირების თარიღი: 2012-02-09.
  43. Серебряков В. В., География морских путей, Транспорт, 1981, გვ. 9—30.
  44. WORLD PORT RANKING - 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-23.
  45. К вопросу скважинной подземной разработки газовых гидратов. Науковий Вiсник НГУ. 2011, №1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-19. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  46. UNWTO World Tourism Barometer. 2011 edition. Всемирная туристская организация ЮНВТО. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2012-02-10.