შინაარსზე გადასვლა

ცხოველების ფერმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ცხოველების ფერმა“
Animal Farm

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯორჯ ორუელი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი სატირა
გამომცემელი Secker and Warburg (ლონდონი)
გამოცემის თარიღი 17 აგვისტო 1945
მთარგმნელი დავით აკრიანი
მედია რბილი და მაგარი ყდები
გვერდი 112 გვერდი (პირველი ბრიტანული გამოცემა)
oclc 53163540
წინამორბედი Coming Up for Air
მომდევნო 1984
ISBN ISBN 0-452-28424-4 (ამჟამად) ISBN 978-0-452-28424-1
ერთ-ერთი ქართული გამოცემის გარეკანი.

ცხოველების ფერმა“ (ინგლ. Animal Farm) — ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე. გამოიცა 1945 წელს. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე[1]. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი[2] და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ორუელის ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალული იყო ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონი“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან.

რევოლუციის შემდეგ ღორებმა კედელზე დიდად დაწერეს შვიდი კანონი, რომლებიც ფერმის ყველა ბინადარს უნდა დაეცვა. როდესაც ღორებმა თავად დაიწყეს წესების დარღვევა, პარალელურად კანონებმაც დეფორმაცია განიცადა. მიუხედავად ამისა, ღორები მაინც აჯერებდნენ დანარჩენ ცხოველებს, რომ კანონებში არაფერი არ იყო შეცვლილი და მათ მუდამ ახლანდელი სახე ჰქონდათ.

  • ყველა, ვინც ორ ფეხზე დადის, ცხოველის მტერია.
  • ყველა ვისაც ოთხი ფეხი ან ფრთები აქვს, ცხოველის მეგობარია.
  • არც ერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი.
  • არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს საწოლში (შემდგომ დაემატა: თეთრეულიანში).
  • არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი (შემდგომ დაემატა: უზომო რაოდენობით).
  • არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი (შემდგომ დაემატა: უმიზეზოდ).
  • ყველა ცხოველი თანასწორია (შემდგომ დაემატა: მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები).
  • ბებერი მეიჯერი – მოხუცი ტახი, რომელმაც ცხოველებს თავისუფლებისკენ მოუწოდა, რამაც გააღვივა ცხოველთა აჯანყების სურვილი. იგი წარმოადგენს კარლ მარქსის, ვინც კომუნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო, და ვლადიმერ ლენინის ალეგორიულ კომბინაციას. მისი თავის ქალა გამოფენილი ყველა ცხოველის თვალსაჩინოებად გვახსენებს ლენინს, რომლის სხეულიც მავზოლეუმშია მოთავსებული.
  • ნაპოლეონი – დიდი, სასტიკი გარეგნობის მქონე ღორი. იგი რეპუტაციას დახმარების გარეშე იმყარებს. იგი ალეგორიაა საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინისა. ფრანგულ ვერსიაში მას კეისარი ეწოდება, თუმცა თარგმნისას იგი შეიცვალა ნაპოლეონით.
  • სნოუბოლი – ნაპოლეონის მეტოქე და „ცხოველების ფერმის“ პირველი მმართველი. მისი პერსონაჟი ლევ ტროცკის პროტოტიპია, აგრეთვე ნაწიობრივ ლენინსაც წააგავს.
  • სქუილერი – პატარა, მსუქანი ღორი, ნაპოლეონის ერთგული მსახური. მისი თანამდებობით მასში მკითხველი მალევე ამოიცნობს ვიაჩესლავ მოლოტოვს.
  • მინიმუსი – ღორი პოეტი, რომელიც ავტორია „ცხოველების ფერმის“ რესპუბლიკის მეორე და მესამე ჰიმნებისა. იმის შემდგომ, რაც პირველი ჰიმნი „ინგლისის ცხოველები“ (რომელიც ბებერმა მეიჯერმა გააცნო და შეაყვარა ცხოველებს) აიკრძალა.
  • პატარა გოჭები – მინიშნებულია, რომ ისინი ნაპოლეონის შვილები არიან და ასევე ცხოველთა უთანასწორობის მომსწრე პირველი თაობაა.
  • ახალგაზრდა გოჭები – ნაპოლეონის ფერმაში სიკვდილით დასჯილი პირველი ცხოველები, რომლებმაც ღალატი აღიარეს. დაფუძნებულია გრიგორი ზინოვიევის, ლევ კამენევის, ნიკოლოზ ბუხარინის და ალექსეი რიკოვის დიდ რეპრესიებზე.
  • პინკაი – ნაწარმოებში ნახსენებია მხოლოდ ერთხელ. მას ასინჯებს ნაპოლეონი თავის საკვებს, რათა თავიდან აირიდოს მოწამვლით სიკვდილი.
ცხოველთა ფერმის დროშა. გადაჯვარედინებული ჩლიქი და რქა ალეგორიულად საბჭოთა სიმბოლოებს — ნამგალსა და უროს უკავშირდება
ვიკიციტატა
„ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები“
(ციტატა ნაწარმოებიდან)

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები ცხოველები არიან. ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს 1945 წლის 17 მარტის წერილში გამომცემელთან.

ნაპოლეონი ცხოველების ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მისი პერსონაჟი დაფუძნებულია იოსებ სტალინის პიროვნებაზე. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ. ნაპოლეონი დიქტატორად იქცევა და ცხოველების საზოგადოების თავდაპირველ კონცეფციას ცვლის. ცხენები ნაწარმოებში სიმბოლურად სამ სოციალურ კლასს განასახიერებენ. ქათმები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათი ყველა კვერცხი უნდა გაიყიდოს, ალეგორიულად კულაკებსა და გლეხებს წარმოადგენენ, რომლებსაც საბჭოთა კავშირში პირადი საკუთრება ჩამოართვეს. გაუნათლებელი და დაბრიყვებული დაბალი ფენის სახით ნაწარმოებში გამოყვანილნი არიან ცხვრები, ხოლო კატები კი კრიმინალური სამყაროსა და რუსული მაფიის წარმომადგენლები არიან.

ცხოველების გარდა ნაწარმოებში სხვა სიმბოლოებიცაა, რომლებიც ალეგორიულად საბჭოთა კავშირს უკავშირდება. მაგალითად ასეთია ცხოველთა დროშა, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული რქა და ჩლიქი — საბჭოთა სიმბოლოების, ნამგალისა და უროს მსგავსად.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ცხოველების ფერმამ“ გავლენა იქონია როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომზე Animals. ღორები, ძაღლები და ცხვრები, რომელთა შესახებ სიმღერებიც მთავარია ამ ალბომში, არიან „ცხოველების ფერმის“ მთავარი პერსონაჟები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. GCSE English Literature – Animal Farm – historical context (pt 1/3). BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2012.
  2. ორუელი, ჯორჯ „რატომ ვწერ“ (1936) (The Collected Essays, Journalism and Letters of George Orwell Volume 1 – An Age Like This 1945–1950 გვ. 23 (Penguin))