შედუ
შედუ, შუმერულად ალადი, ლამა, აქადურად ლამასუ — ღვთაება შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში. აქადური ენაზე ლამასუ მცველ ღვთაებას ნიშნავს. ამ ტერმინით მესოპოტამიაში მოიხსენიებდნენ კართა მცველ სულს, რომელიც შენობებს იცავდა მტრული ბნელი ძალებისგან და იქ სიმშვიდეს უზრუნველყოფდა. კეთილმოსურნე მცველების გამოსახულებები ხარის ტანით, ფრინველის ფრთებითა და ადამიანის თავით წარმოადგენდა იმ თაღების ბურჯებს, რომლებზეც შებმული იყო მონუმენტური ჭიშკრები. ასეთი მორთულობები ასურულ ქალაქების სასახლეებს ამშვენებდა ძვ. წ. I ათასწლეულში.
ფრთების მქონე ცხოველისტანიანი ადამიანის მოტივი ახლო აღმოსავლეთის უძველესი ხელოვნების დამახასიათებელი ნიშანია. იგი პირველად ძვ. წ. III ათასწლეულში ჩნდება (აღმოჩენილია ებლის არქეოლოგიური გათხრების დროს). ნეო-ასურული ეპოქის დროს შედუს ფიგურები ფართოდ გავრცელდა მთელ ასურეთში. ყველა მნიშვნელოვანი შენობის და ქალაქის შესასვლელში მისი ქანდაკებები იდგა.
ძვ. წ. VIII საუკუნის დასასრულს მეფე სარგონ II-მ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ნიმრუდიდან ხორსაბადში, რომელიც უძველეს ქალაქ ნინევიასთან ახლოს მდებარეობდა. XIX საუკუნის არქეოლოგიური გათხრებისას ნინევიაში აღმოჩნდა სამეფო ციტადელი სასახლით, ზიკურატითა და სხვა ნაგებობებით. 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენებული სასახლე იკავებდა დასახლების სამხრეთ ნაწილს და შედგებოდა 200 ეზოსა და დარბაზისგან. ქალაქის, ციტადელისა და სასახლის კარიბჭეები ხორსაბადში ერთი და იმავე მოდელით იყო აგებული: მშენებლობაში იყენებდნენ გამოუწვავი თიხის აგურებს, რომელთა შიდა მხარეს თეთრად აბათქაშებდნენ. ჭიშკარი გადახურული იყო ფერად ბოძებს დაყრდნობილი სახურავით და მოკირწყლული ფერადი ქვებით. გარეთა ნაწილში კარიბჭეებს გვერდებზე მიდგმული ჰქონდათ ორი კოშკურა; მათთან ახლოს იდგა ადამიანისთავიანი ორი ხარი — კოლოსალური ქმნილებები, რომელთაც ღვთაებრივი წარმოშობის ნიშნად, თავზე რქებიანი ტიარა ეხურათ. შესრულების ტექნიკის ძირითადი მახასიათებელია კეთილმოსურნე დემონების ბარელიეფური წინა ნაწილები. წინ, ფეხებშუა და ზურგზე წარმოდგენილია ლურსმნული წარწერები, რომელიც გვაწვდის ცნობებს სასახლის აგების შესახებ და წყევლის მას, ვინც ასურეთის მეფის აშენებულს დაანგრევს. მსგავსი წარწერები სხვა შედუებზეცაა აღმოჩენილი.
შედუს ქანდაკებები დაცულია მსოფლიოს მრავალ მუზეუმში, მათ შორის ლუვრი (პარიზი), ბრიტანეთის მუზეუმი (ლონდონი), ერაყის ეროვნული მუზეუმი (ბაღდადი), მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი), აღმოსავლეთის უნივერსიტეტი (ჩიკაგო). მოსკოვში ა. ს. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია ღვთაების ფიგურების ასლები ნატურალურ ზომებში.
კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპიუტერულ თამაშებში — Might & Magic Heroes VI და Might & Magic Heroes VII ფრაქცია „ნეკროპოლისს“ აქვს იუნიტი „ლამასუ“. სიუჟეტის მიხედვით იგი აღმოჩენილი იქნა ვერცხლის ქალაქებში, როგორც ადამიანისა და მანტიკორის ჰიბრიდი. ლამასუ მცირე ხნით ჩნდება და მალევე იღუპება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავერიო ფ., „ხელოვნების საუკეთესო მუზეუმები“, ტ. I — ლუვრი, გამომც. „პალიტრა L“, თბ. 2017, ISBN 978-9941-24-850-4.
- М. Б. Ладыгин, О. М. Ладыгина. Краткий мифологический словарь — М.: Издательство НОУ «Полярная звезда», 2003.