ფუგუ (ლათ.Takifugu) — თევზების გვარი მუცელნემსასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 80 სმ-მდეა, დაფარულია ნემსებით. საფრთხის შემთხვევაში შეუძლიათ სხეულის ზომისა და ფორმის შეცვლა, რა დროსაც კუჭს წყლით ან ჰაერით ივსებს. ცნობილია 25 სახეობა. უპირატესად ბინადრობენ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გვხვდება ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონის მტკნარ წყლებშიც. ყოვლისმჭამელი თევზებია. საკვებად გამოიყენება უმთავრესად იაპონიაში. ყველაზე მეტად შესწავლილია მურა ფუგუ (Takifugu rubripes; სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ დაახლ. 40 სმ). მის ზურგის ფარფლში 16–19 რბილი სხივია, ანალურში — 13–16. ფუგუების ღვიძლი და საკვერცხეები, ასევე (მცირე რაოდენობით) კანი და სათესლეები შეიცავს შხამ ტეტროდოტოქსინს. ხორცი შხამიანი არ არის,[1] თუმცა მისი ჭამა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახლად დაჭერილ თევზს საგულდაგულო წესით გაწმენდს და გაასუფთავებს ფუგუს სპეციალისტი მზარეული.[2]