შინაარსზე გადასვლა

უხილავი ხელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამ სმიტი, ადამიანი, რომელმაც მეტაფორა „უხილავი ხელი“ პირველად გამოიყენა.

უხილავი ხელიადამ სმითის ცნობილი მეტაფორა, რომელიც გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანი მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებით, საკუთარი კეთილდღეობისათვის, ხოლო ამ ქმედებებით „უხილავ ხელს“ იგი მიჰყავს ისეთი შედეგებისკენ, რომლებიც საერთოდ არ შედიოდა მის განზრახვაში და შესაბამისად, მისდაუნებურად განაპირობებენ საზოგადოების კეთილდღეობას.[1] ეს მეტაფორა ადამ სმიტს ზუსტად ამ სახით თავის ნაშრომებში სულ სამჯერ აქვს გამოყენებული.

მეტაფორა ადამ სმიტმა პირველად 1759 წელს თავის ნაშრომში გამოაქვეყნა, რომელსაც „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ ჰქვია.

დღეისათვის საყოველთაოდ გავრცელებული ტერმინი „უხილავი ხელი“ XX საუკუნემდე ფაქტობრივად არ გამოიყენებოდა. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ უხილავი ხელის მეტაფორა არ არის მოხსენიებული როგორც სმითის თანამედროვე, ისე შემდგომი პერიოდის ცნობილ მოაზროვნეთა შრომებში. იგი არ გვხვდება ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის თომას პაუნელის (1722-1805) ადამ სმითისადმი გაგზავნილ წერილებში, არც თომას მალთუსის, დეივიდ რიკარდოს, ჯონ სტიუარტ მილის, კარლ მარქსის. „უხილავი ხელთან“ მიმართებით არანაირი მინიშნება არ ყოფილა 1876 წელსაც, როდესაც აღინიშნა წიგნის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ გამოქვეყნებიდან 100 წლის ზეიმი. „უხილავი ხელს“ ციტირებს ინგლისელი ისტორიკოსი ჰენრი თომას ბაკლი თავის ცნობილ შრომაში „ცივილიზაციის ისტორია ინგლისში“[2], „უხილავი ხელი“ ნახსნები აქვს აუგუსტ ონკენსაც, თუმცა ორივე ზემოთაღნიშნულს — ყოველგვარი კომენტარის გარეშე.[1]

ფრაზა „უხილავ ხელი“ პოპულარულ მეტაფორად იქცა მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან.[3] თანამედროვე ეკონომისტები უდიდეს როლს ანიჭებენ „უხილავი ხელის“ თეორიას.[4] ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში კენეტ ეროუ თვლის, რომ მეტაფორამ „უხილავი ხელი“:

ვიკიციტატა
„ჭეშმარიტად ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური წვლილი შეიტანა ეკონომიკურ აზროვნებაში[5].“

ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმზ ტობინის მიხედვით, იგი:

ვიკიციტატა
„ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გავლენიანი იდეაა ისტორიაში.“

„უხილავი ხელი“ ადრეულ ცნობებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტაფორა „უხილავი ხელი“ ადამ სმიტის შექმნილი არაა. ის ჯერ კიდევ ჰომეროსის ილიადაში (ძვ. წ. VIII საუკუნე) არის მოიხსენიებული:

ვიკიციტატა
„და უკნიდან ზევსმა ჰკრა მას [ჰექტორს] მეტად ძლიერი ხელით და გამოიწვია მასპინძელი მასთან ერთად.[6]

სმითი კარგად იცნობდა ჰორაციუსის (ძვ. წ. 65-8) ოდებს, სადაც გვხვდება „მეხთამტეხელი იუპიტერის ძლიერი ხელი“ (ოდები 3.3.6). „უხილავი ხელი“ მოიხსენიება აგრეთვე რომაელი პოეტის ოვიდიუს ნაზონის (ძვ. წ. 43-17) მეტამორფოზებში.[1]

„უხილავი ხელი“ სმითის ნაშრომებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ასტრონომიის ისტორია“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამ სმიტის ნაშრომებიდან მეტაფორა „უხილავი ხელი“ პირველად „ასტრონომიის ისტორიაში“ გვხვდება, რომელიც 1751-1758 წლებში დაიწერა (გამოქვეყნდა 1795 წელს). შრომაში ადამ სმითს მოჰყავს „იუპიტერის უხილავი ხელი“. იუპიტერს, როგორც ღვთაებას, თაყვანს სცემდნენ რომის მოქალაქენი. ისინი აღიარებდნენ იუპიტერის უხილავ ხელს, რომელიც წარმართავდა და წესრიგს ინარჩუნებდა სამყაროში, ერთმანეთს უხამებდა კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს. რომაელები იუპიტერს ქანდაკებებში, ნახატებზე, მონეტებზე ხშირად გამოსახავდნენ ელვის მეხთამტეხელი ღმერთის სახით. მას ხელში ეჭირა მეხთამტეხელი, რომლის გასროლით უნდა დამარცხებულიყვნენ რომის მტრები, ან იმპერატორის წინააღმდეგ ამბოხებული შეთქმულები.[1]

რომაული ღვთაების, იუპიტერის უხილავი ხელი საბაზრო ეკონომიკის კონტექსტში შეიძლება შემდეგნაირად ავხსნათ: ადამიანებს ისევე არ ესმით საბაზრო მექანიზმების მუშაობის, როგორც ბუნების მოვლენების მიზეზები. შესაბამისად, როგორც აუხსნელი ბუნების მოვლენების მიმართ უვითარდებათ ცრურწმენები, ასევე გარკვეული შიშს განიცდიან ბაზარზე განვითარებული შესაძლო შედეგების მიმართ (მაგ., უმუშევრობა). შედეგად, საბაზრო მექანიზმებში ხედავენ განგების უხილავ ხელს, ისევე როგორც ბუნების მოვლენებში იუპიტერის ღვთაების უხილავი ხელის გამოვლინებას.[7]

„ზნეობრივი გრძნობების თეორია“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ნაშრომი, რომლშიც „უხილავ ხელს“ შევხვდებით „ზნეობრივი გრძნობების თეორიაში“ (1759 წელი). ნაშრომის ისტორიული კონტექსტია შუა საუკუნეების ევროპის მემამულეები, მოსამსახურეები, გლეხები და ძირითადად, ფეოდალური პოლიტიკური წყობის სტრუქტურები. სმითი გვიჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს სიმდიდრისა და ფუფუნებისადმი ადამიანთა მისწრაფება მათ შრომისმოყვარეობასა და მწარმოებლურობას. ნაშრომში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„საერთო მასიდან მხოლოდ მდიდრები ირჩევენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასი და იშვიათია. ფაქტობრივად, ისინი იმაზე მეტს არ მოიხმარენ რასაც ღარიბები. მიუხედავად თავიანთი გაუმაძღრობისა და ეგოიზმისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი (მდიდრები – თ.ვ.) მხოლოდ პირად სარგებელს ესწრაფვიან, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ დაიკმაყოფილონ მხოლოდ საკუთარი, ცარიელი და გაუმაძღარი სურვილები, რისთვისაც იყენებენ ათასობით ადამიანთა შრომას, მაგრამ ისინი უკანასკნელ ღარიბთან ერთად იზიარებენ მათი ბრძანებებით წარმოებული სამუშაოების შედეგებს. როგორც ჩანს, რაღაც უხილავი ხელი აიძულებს მათ მონაწილეობა მიიღონ სიცოცხლისათვის აუცილებელი საგნების გადანაწილებაში… ამდენად, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, მდიდარი ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და ადამიანთა მოდგმის გამრავლებას… განგებამ, გადაანაწილა რა მიწა რამდენიმე მესაკუთრეს შორის, არ დავიწყებია ისინიც, რომლებსაც არ გააჩნიათ მემკვიდრეობა. ასე, რომ ისინიც ღებულობენ თავიანთ წილს იმისგან, რასაც აწარმოებს მიწა.“

„გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

900 გვერდიან წიგნში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ტერმინი „უხილავი ხელი“ მხოლოდ ერთგან, მეოთხე თავში გვხვდება. სმითი წერს:

ვიკიციტატა
„ყოველი ინდივიდი ცდილობს ისეთნაირად აამოქმედოს საკუთარი კაპიტალი, რომ მან მაქსიმალური მოგება მოიტანოს. ჩვეულებრივ მას განზრახვა არა აქვს ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებრივ ინტერესებზე და არ იცის რამდენად ზემოქმედებს იგი მათზე. ინდივიდი მიისწრაფვის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და სარგებლობისაკენ, და მას უხილავი ხელი წარმართავს, რათა ბოლოს და ბოლოს ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რაც მის განზრახვაში არ შედიოდა. საკუთარი ინტერესების დაცვით იგი (ინდივიდი) ხშირ შემთხვევაში დიდად უწყობს ხელს საზოგადეობის აყვავებას, ვიდრე იმ შემთხვევაში თუკი ამას შეგნებულად შეეცდებოდა.“

„უხილავი ხელის“ კონცეფცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამ სმითის ეკონომიკური შეხედულებები ემყარება დაკვირვებას, რომლის მიხედვით ადამიანის მამოძრავებელი მხოლოდ პირადი ინტერესებია. სმითი წერს:

ვიკიციტატა
„ჩვენ საკუთარ პურს ვიღებთ არა პურის მცხობელის (ხაბაზის) მოწყალებით, არამედ მისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე.“

სმითის აზრით, ისევე როგორც ისააკ ნიუტონის ფიზიკაში მიზიდულობის კანონი იყო მოძრაობის მიზეზი, ასევე პირადი ინტერესი წარმოადგენს საზოგადოების ფუნქციონირების მამოძრავებელ ძალას. ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს საზოგადოების ცხოვრების მარეგულირებელი ნებისმიერი კანონები, სმითის აზრით, არ ესმის ადამიანის ბუნების ძირითადი თვისებები. სმითისვე აზრით, საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით ადამიანი, საბოლოო ანგარიშით, ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სწორედ პირადი მისწრაფებები განაპირობებენ ადამიანთა ყველა ქმედებას და როგორც ამ ქმედებათა შედეგი, აყალიბებენ სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში.

სმითი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის პირადი ინტერესები მხოლოდ მაშინ განაპირობებენ საზოგადოებრივ სიკეთეს, როდესაც იგი კეთდება კონკურენტულ ბაზარზე და რომ საზოგადოებას ამისგან სარგებელი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიმდიდრე ინახება ქვეყნის შიგნით. ეს ორი პირობა ყოველთვის არ არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, სმიტის მიხედვით, ადამიანები ყოველთვის არ მოქმედებენ საკუთარი ინტერესით.[8]

უხილავი ხელი წარმოადგენს ფასისმიერ მექანიზმს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უხილავ ხელს ფასის მექანიზმის მეშვეობით ბაზრები ჰარმონიამდე მიჰყავს, საერთო წონასწორობის მდგომარეობაში, ხოლო ეკონომიკას წარმართვას ისე, რომ ზრდის ხალხთა სიმდიდრეს.[9] მყიდველები და გამყიდველები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის, ბაზარზე ახდენენ გაცვლა-გამოცვლას იმ პირობით, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება.[10] ამ ყველაფრის გამო ბაზარზე მყარდება წონასწორობა, ამისათვის კი აუცილებელია საბაზრო საქმიანობა კონკურენტულ ბაზრებზე მიმდინარეობდეს.

სმითი აცხადებს, რომ უხილავი ხელი ყოველთვის წარმართავს ინდივიდუალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგები მისდაუნებურად ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობას, ისე რომ ეს არც არის წინასწარ განზრახული. მაგრამ არსად არსებობს მინიშნება, რომ ინდივიდუალური კერძო ინტერესები ყოველთვის, ყველა შემთხვევაში განაპირობებენ საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. სმითი არასოდეს თვლიდა, რომ არსებობს ბაზრის უნივერსალური კეთილი წესრიგი.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 თენგიზ ვერულავა — „უხილავი ხელის“ მეტაფორა და ადამ სმითი
  2. Buckle 1885 vol 1, 218-219
  3. Rothschild 2001, 117-18
  4. Stiglitz 2002, 460, 477; Stiglitz 2000, 1448, 1457
  5. Arrow 1987, 71; Arrow & Hahn 1971, 1
  6. ილიადა. ქება XV. 695
  7. Peukert, 2002
  8. Wealth of Nations, გვ. 346, 123, 907
  9. Grampp 1948, გვ. 334; Gordon 1968 წ. 8: 548; Hahn 1982; Coase 1994, გვ. 82-83
  10. Wealth of Nations, გვ. 26-27
  11. Kennedy. 2008; Fleischacker 2004, 139