ნინო ნაკაშიძე
ნინო ნაკაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 (13) იანვარი, 1872 |
დაბადების ადგილი | ბახვი |
გარდაცვალების თარიღი | 2 ივლისი, 1963 (91 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი, საზოგადო მოღვაწე და მთარგმნელი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
მეუღლე | ილია ნაკაშიძე |
ნინო ნაკაშიძე (ქალიშვილობის გვარია ანთაძე) (დ. 1 იანვარი, 1872, ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 2 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გლეხის, იოსებ ანთაძის, ოჯახში. პირველად სოფლის დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო და გიგო შარაშიძეები. შემდეგ ოჯახი გადასახლდა ოზურგეთში და ნინო შეიყვანეს ოზურგეთის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია. 1892 წელს დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი. ამავე წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშიძე. 1893 წელს დაამთავრა კერძო ერთწლიანი საფერშლო სკოლა. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისში კერძო კლინიკაში ფერშლად. გარდა ძირითადი სამსახურისა, საკვირაო სკოლაში ასწავლიდა არითმეტიკასა და ქართულს. 1894 წელს დაქორწინდა ილია ნაკაშიძეზე და მიიღო მისი გვარი და გადავიდა პეტერბურგში.
1895 წელს ნაკაშიძეები დაბრუნდენ თბილისში და ნინო ჩაერთო სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეში, ასწავლიდა საკვირაო სკოლებში, იყო სახალხო თეატრის გამგეობის წევრი, ასრულებდა სხვადასხვა როლებს ამავე თეატრში, თარგმნიდა რუსულიდან ქართულად მოთხრობებსა და ზღაპრებს. 1897 წელს ილია ნაკაშიძე ლევ ტოლსტოის აზრების გავრცელებისა და რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის გამო კავკასიიდან გადაასახლეს. ტოლსტოის დახმარებით 1898 წელს ნაკაშიძეები პატარა ბავშვით მოსკოვში დასახლდნენ. მოსკოვში ყოფნისას სწავლობდა ქალთა უმაღლეს კურსებზე ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო.
1902 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „იმედი“ ჟურნალ „კვალში“[1]. მოსკოვიდან აგზავნიდა მასალებს „კვალსა“ და „სახალხო გაზეთში“. გამოაქვეყნა ნაწარმოებები „შობა“, „დამნაშავე“, მათ შორის პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა „ძიძა“. 1903 წელს ოჯახი დაბრუნდა თბილისში. 1904 წელს გახდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი, სადაც ირიცხებოდა 1920 წლამდე. ამავე წელს მარიამ დემურიამ და ნინო ნაკაშიძემ საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა დაიწყეს. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი საბავშვო მოთხრობა. 1905 წელს 1905 წლის რევოლუციის დროს „სახალხო გაზეთის“ მიერ წარგზავნილი იყო კორეპონდენტად გურიის გლეხთა მოძრაობის გასაშუქებლად და აქვეყნებდა წერილებს „დამსწრეს“ ფსევდონიმით. ამავე წელს მონაწილეობდა ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებლების აღწერასა და ქალაქის რევოლუციური გამგეობის არჩევნებში. არჩეული იყო ამ გამგეობის წევრად. ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ დაინიშნა გადამწვარი სოფლების დამხმარე კომიტეტის ხაზინადრად. 1906 წელს ორჯერ დააპატიმრეს, ჯერ პოლკოვნიკ კრილოვის, შემდეგ ივანე ტოლმაჩოვის ბრძანებით და საბოლოოდ მეუღლესთან ერთად გაასახლეს გურიიდან.
ნაკაშიძეები დამკვიდრდნენ თბილისში. 1908 წელს დაწერა პიესა „ვინ არის დამნაშავე?“ ამავე წელს დაიჭირეს და ერთი წლით გადასაახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1910 წელს გახსნა ქართული საბავშვო ბაღი, ამავე წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ნაკადულს“. 1914 წელს აირჩიეს კავკასიელ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ. საზოგადოება მოღვაწეობდა მუშა ქალების ემანსიპაციისთვის, საზოგადოებას ჰქონდა ქალთა კლუბი, ასწავლიდა წერა-კითხვას, ხელობას, ჰქონდა სასადილო. 1914-1918 წლებში ნაკაშიძის თაოსნობით მოქმედებდა პირველი მსოფლიო ომის გამო ლტოლვილი 500 ბავშვისთვის განკუთვნილი სამი სასადილო. 1918 წელს გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1918 წელს არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრად.
1924 წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრად. 1921-1928 წლებში ხელმძღვანელობდა საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობას. 1925-1926 წლებში მუშაობდა თბილისის აღმასკომში განათლების ხაზით. 1927 წელს ექვსი თვით ასრულებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობას. 1928-1933 წლებში იყო სახელგამის საბავშვო გამომცემლობის რედაქტორის მოადგილე. 1933 წლის 15 აპრილს ავადმყოფობის გამო დატოვა სამსახური. 1933-1937 წლებში იყო მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის მდივანი. შემდგომ წლებში მუშაობდა საბავშვო ჟურნალ „პიონერის“ რედკოლეგიაშ, წერდა მოთხრობებს როგორც „პიონერში“, ასევე „დილაში“, „მნათობსა“ და „ლიტერატურა და ხელოვნებაში“.
დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაკაშიძის შემოქმედების ძირითადი თემა იყო გურული გლეხის მძიმე სოციალური მდგომარეობა (მოთხრობები „გურიის სოფელში“ 1907; „ასპიროზის დახვრეტა“, 1909; პიესა „ჩვენ გავიმარჯვებთ“ და სხვა.), ქალის მძიმე ხვედრი (მოთხრობა „ძიძა“, 1903; პიესა „ვინ არის დამნაშავე?“, 1908), ქალების რევოლუციური საქმიანობა („მოვალეობა“, 1905). განსაკუთრებული აღიარება მოუპოვა პიესამ „ვინ არის დამნაშავე?“, რომლის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. 1919 წელს დაწერა პიესა „კაცის სამართალი“.
ნაკაშიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო მწერლობის და ჟურნალისტიკის განვითარებაში. დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო წიგნების გამოცემის საქმეს. ის ასევე იყო ქართული საბავშვო თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელი. პირველ მნიშვნელოვან საბავშვო მოთხრობაში „საწყალი ლევანა“ (1908) გამოააშკარავა აღზრდის მახინჯი სისტემა. პირადად იცნობდა ლევ ტოლსტოის და იზიარებდა მის პედაგოგიურ შეხედულებებს. მისი საბავშვო თხზულებანი ეხება ბუნების დაცვას („ბავშვები და ბეღურები“, 1905; „ბოჩოლა“, 1921), მორალის საკითხებს (პიესა „კოტეს დანაშაული“), საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ფორმაციას („პასუხად პატარა მეხრეს“ 1909; „უღუ და თეთ“, 1940), ისტორიულ წარსულს („თბილისი“, 1945; „შურისძიება“, 1946). 1946 წელს გამოსცა „მოგონებანი“ („ლევ ტოლსტოის ახლოს“, „ილია ჭავჭავაძის გარშემო“, „ჟურნალ ნაკადულის ირგვლივ“).
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რჩეული, ტ. 1-3 — თბილისი, 1961-1963
- მოთხრობები, თბილისი, 1973
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცისკარიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 302.
- ნინო ნაკაშიძე // მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. I, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 213-221, ISBN 978-99940-28-84-9.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 52, თბ., 1994
- გვარამაძე ლ., ნინო ნაკაშიძე — თბილისი, 1962
- ხომერიკი ნ., ნინო ნაკაშიძე — თბილისი, 1953
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურნალი „კვალი“ N22 — 1902 წ.
|
- დაბადებული 13 იანვარი
- დაბადებული 1872
- გარდაცვლილი 2 ივლისი
- გარდაცვლილი 1963
- თბილისში გარდაცვლილები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ქართველი მწერლები
- ქართველი საბავშვო მწერლები
- ბახვში დაბადებულები
- ფემინისტი მწერლები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- დაბადებული 1 იანვარი
- ქართველი ფემინისტები
- ქალი საბავშვო მწერლები
- ქართველი რევოლუციონერები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეები
- ნაკაშიძეები
- საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრები