მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.
ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია ვიკიპედიის სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 177 026 სტატიაა, მათ შორის კი მხოლოდ 257 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ.
თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.
სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.
კურთხეული გაზაფხული (რუს. Весна священная; ფრანგ. Le Sacre du printemps; ინგლ. The Rite of Spring „გაზაფხულის რიტუალი“) — იგორ სტრავინსკისბალეტი და საორკესტრო საკონცერტო ნაწარმოები. დაიწერა სერგეი დიაგილევის საბალეტო კომპანიის „რუსული ბალეტის“ (ფრანგ.Ballets Russes) 1913 წლის პარიზული სეზონისთვის. თავდაპირველი ქორეოგრაფიის ავტორი იყო ვასლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენის დიზაინი და კოსტიუმები ნიკოლაი რერიხს ეკუთვნოდა. მისი პრემიერა 1913 წლის 29 მაისს, ელისეს მინდვრების თეატრში (Théâtre des Champs-Élysées) შედგა. მუსიკისა და ქორეოგრაფიის ავანგარდულმა ხასიათმა სენსაცია გამოიწვია. ბევრმა პირველი საღამოს რეაქციას „ამბოხი“ ან „თითქმის ამბოხი“ უწოდა, თუმცა, მხოლოდ 1924 წლის დადგმის განხილვებში, პრემიერიდან ათზე მეტი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო სასცენო ნაწარმოებად, რომელშიც კონკრეტული პასაჟები პერსონაჟების და სიუჟეტის თანხლებას წარმოადგენს, მუსიკამ არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, აღიარება მოიპოვა, როგორც საკონცერტო პიესამ და ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები. როცა დიაგილევმა „რუსული ბალეტისთვის“ ნაწარმოებები შეუკვეთა, სტრავინსკი ახალგაზრდა, თითქმის უცნობი კომპოზიტორი იყო. „კურთხეული გაზაფხული“ მათი ერთობლივი პროექტებიდან მესამე იყო, წარმატებული „ფასკუნჯის“ (1910) და „პეტრუშკას“ (1911) შემდეგ. კონცეფცია, რომელიც „კურთხეულ გაზაფხულს“ უდევს საფუძვლად, სტრავინსკის იდეის მიხედვით რერიხმა განავითარა და იგი ასახულია ქვესათაურში „სურათები წარმართული რუსეთიდან ორ ნაწილად“. სცენარი აღწერს სხვადასხვა წარმართულ რიტუალს, რომელიც გაზაფხულის დადგომის აღნიშვნას უკავშირდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლად შესაწირად ირჩევენ და იგი ცეკვით იკლავს თავს. არაერთგვაროვანი კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, რომელიც მის თავდაპირველ შესრულებას და მოკლე ლონდონურ ტურნეს მოჰყვა, ბალეტი 1920 წლამდე აღარ შესრულებულა. ამ წელს ნიჟინსკის ქორეოგრაფია ლეონიდ მასინის ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ რვაჯერ დაიდგა.
სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 წელს აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.