შინაარსზე გადასვლა

ეკატერინე პავლეს ასული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინე პავლეს ასული
ვიურტემბერგის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 ოქტომბერი, 1816
მმართ. დასასრული: 9 იანვარი, 1819
წინამორბედი: შარლოტა ბრიტანელი
მემკვიდრე: პაულინა ვიურტემბერგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 მაისი, 1788
დაბ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გარდ. თარიღი: 9 იანვარი, 1819, (30 წლის)
გარდ. ადგილი: შტუტგარტი, გერმანია
მეუღლე: გეორგი, ოლდენბურგის ჰერცოგი
(ქ. 1809 - გარდ. 1812)
ვილჰელმ I, ვიურტემბერგის მეფე
(ქ. 1816)
შვილები: პეტერ გეორგი, ოლდენბურგის ჰერცოგი
კონსტანტინ ფრიდრიხი, ოლდენბურგის ჰერცოგი
სოფია, ნიდერლანდების დედოფალი
დინასტია: რომანოვები
მამა: პეტრე I, რუსეთის იმპერატორი
დედა: სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ეკატერინე პავლეს ასული (რუს. Екатерина Павловна, გერმ. Katharina Pawlowna; დ. 10 მაისი, 1788, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 9 იანვარი, 1819, შტუტგარტი, ვიურტემბერგის სამეფო) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისა და იმპერატრიცა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის ქალიშვილი. რუსეთის ორი იმპერატორის: ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის და. ვიურტემბერგის რიგით მეორე დედოფალი 1816-1819 წლებში როგორც ვილჰელმ I-ის მეუღლე. ნიდერლანდების დედოფალ სოფია ვიურტემბერგელის დედა.

ეკატერინე პავლოვნა დაიბადა 1788 წლის 10 მაისს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ერთადერთი ვაჟის, დიდ მთავარ პავლე პეტრეს ძისა და მისი მეორე ცოლის, სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის შუათანა ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, ეკატერინე II-ის პატივსაცემად დაარქვეს.

ეკატერინე პავლოვნა

იგი განსაკუთრებულად ახლოს იყო თავის ძმასთან, დიდ მთავარ ალექსანდრესთან. 1796 წელს ეკატერინე II გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მამამისმა, იმპერატორმა პავლე I-მა დაიკავა, რომელიც 1801 წელს მოკლეს შეთქმულებმა. სწორედ ამის შემდეგ დაიკავა ტახტი ეკატერინეს ძმამ, ალექსანდრე I-მა, რომელმაც ნაპოლეონის წინააღმდეგ ალიანსის შესაქმნელად მისი გათხოვება განიზრახა.

1809 წლის 3 აგვისტოს ეკატერინე პავლოვნა დააქორწინეს ოლდენბურგის ჰერცოგ გეორგზე, ჰერცოგ პეტერ I-ისა და ფრედერიკა ვიურტემბერგელის ვაჟზე. ამით იგი ოლდენბურგის ახალი ჰერცოგინია გახდა და თავის მეუღლესთან ერთად გერმანიაში გადასახლდა. ოლდენბურგში დასახლებიდან სულ მალე, 1810 წელს მან პიველი ვაჟი გააჩინა, თუმცა გეორგისა და ეკატერინეს ბედნიერება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

1812 წლის მაისში ეკატერინემ მეორე ვაჟი გააჩინა, იმავე წლის დეკემბერში კი 28 წლის გეორგი გარდაიცვალა. ეს საშინელი დარტყმა იყო ეკატერინესათვის, რომელსაც ვაჟების ქონების შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევდა.

ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, ეკატერინე პავლოვნა ძმის გავლენით იძულებული გახდა მეორე ქორწინებაზე დათანხმებულიყო. იგი 1816 წლის 30 ოქტომბერს ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ს, მეფე ფრიდრიხ I-ისა და დედოფალ შარლოტა ბრიტანელის ვაჟს. აღსანიშნავია, რომ მისი დედამთილი დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის ასული და მეფე ჯორჯ IV-ის და იყო.

ვილჰელმისათვის, ისევე როგორც ეკატერინესთვის, ეს მეორე ქორწინება იყო, თუმცა მისგან განსხვავებით ვილჰელმი თავის პირველ ცოლს, პრინცესა კაროლინა ავგუსტა ბავარიელს 1814 წელს უშვილობის გამო გაეყარა. აღსანიშნავია, რომ კაროლინა ავგუსტა მოგვიანებით ცოლად გაჰყვა ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც II-ს, რომელიც იყო ეკატერინეს დის, ალექსანდრა პავლოვნას მაზლი.

ეკატერინემ ვილჰელმს ორი გოგონა გაუჩინა. ბოლო მშობიარობამ მის ჯანმრთელობაზე საშინლად იმოქმედა, რის გამოც იგი 1819 წლის 9 იანვარს, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქალაქ შტუტგარტში. მოგვიანებით ვაჟის გასაჩენად მისი ქმარი მესამედ დაქორწინდა პაულინ ვიურტემბერგელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე კარლ I.

პირველი ქორწინებიდან:

  1. პეტერ გეორგი (1810-1829), ოლდენბურგის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. კონსტანტინ ფრიდრიხი (1812-1881), ოლდენბურგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ტერეზა ნასაუ-ვაილბურგელზე, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი. აღსანიშნავია, რომ მისმა ვაჟმა კონსტანტინემ ცოლად შეირთო ქართველი დიდებული აგრაფინა ჯაფარიძე, გრაფინია ფონ ზარნეკაუ;

მეორე ქორწინებიდან:

  1. მარია (1816-1887), ნაიპერგის გრაფინია;
  2. სოფია (1818-1877), ცოლად გაჰყვა ლუქსემბურგის, ლიმბურგისა და ნიდერლანდების მეფე ვილემ III-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • Catharina Pawlowna, Königin von Württemberg 1816–1819. Einflüsse – Leben – Leistungen. Ausstellungskatalog Hohenheim 1993.
  • Otto-Heinrich Elias: Bemerkungen zur Biographie Königin Katharinas von Württemberg. In: Wolfgang Schmierer u. a.: Aus südwestdeutscher Geschichte. FS Hans-Martin Maurer. Stuttgart 1994, S. 595–615.
  • Eberhard Fritz: König Wilhelm und Königin Katharina von Württemberg. Studien zur höfischen Repräsentation im Spiegel der Hofdiarien. In: Zeitschrift für Württembergische Landesgeschichte. 54/1995, S. 157–177.
  • Detlef Jena: Katharina Pawlowna. Großfürstin von Russland – Königin von Württemberg. Regensburg 2003.
  • Sabine Thomsen: Die württembergischen Königinnen. Charlotte Mathilde, Katharina, Pauline, Olga, Charlotte – ihr Leben und Wirken. Silberburg 2010, ISBN 978-3-87407-714-9.