შინაარსზე გადასვლა

გრავიმეტრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრავიმეტრია (ლათ. gravis, „მძიმე“, + ბერძ. metreō, „ვზომავ“) — მეცნიერება გრავიტაციული ველის მახასიათებელი სიდიდეების გაზომვისა და მათი გამოყენების შესახებ გეოდეზიურ, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ პრობლემათა შესასწავლად. გრავიმეტრია სწავლობს სიმძიმის ძალის განაწილებას დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა წერტილში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მთამადნეულის საბადოების ძიებისათვის.

სიმძიმის ძალის ცვლილება დედამიწის ზედაპირზე დამოკიდებულია დედამიწის ფიგურაზე, ზომაზე და მისი შინაგანი მასების სიმკვრივეთა განაწილებაზე. ამიტომ, თუ ცნობილია სიმძიმის ძალის განაწილება დონებრივ ზედაპირზე, შეიძლება ვიმსჯელოთ დედამიწის ფიგურის, შინაგანი აგებულების, სასარგებლო წიაღისეულის განლაგებისა და ზოგიერთი სხვა საკითხის შესახებ. გრავიმეტრიულ ამოცანათა ამოხსნისას გამარტივების მიზნით სიმძიმის ძალის აჩქარების ველს წარმოადგენენ ნორმალური ველისა და ანომალიური ველის ჯამის სახით. ნორმალურ ველს ქმნის ელიფსოიდური ფორმის სხეულის მიზიდულობა, რომლის შიგნით დედამიწის მთელი მასა გარკვეული კანონზომიერებითაა განაწილებული, ხოლო ანომალიურს — დედამიწის შრეების, ქერქისა და მანტიის მასების სიმკვრივის არაერთგვაროვნება. არსებობს სიმძიმის ძალის აჩქარების გაზომვის აბსოლუტური და ფარდობითი მეთოდები. აბსოლუტური მეთოდი დამყარებულია სხეულის თავისუფალი ვარდნის კანონზე. სიმძიმის ძალის აჩქარების აბსოლუტური მნიშვნელობა განისაზღვრა XIX საუკუნის დასაწყისში პოტსდამის გეოდეზიის ინსტიტუტში (გერმანია), რომელიც საერთაშორისო საყრდენ გრავიმეტრიულ პუნქტად ითვლება. ფარდობითი მეთოდით განსაზღვრავენ სიმძიმის ძალის აჩქარების სხვაობას საყრდენ პუნქტსა და მოცემულ პუნქტს შორის. უკანასკნელ პერიოდში სიმძიმის ძალის აჩქარების განსაზღვრის სიზუსტე მკვეთრად ამაღლდა და ამჟამად მისი ძირითადი დანიშნულებაა გრავიმეტრების საეტალონო პოლიგონების შექმნა.