გვიმრები
გვიმრები (ლათ. Psilotopsida) — უმაღლესი სპოროვანი მცენარეების ტიპი; აერთიანებს როგორც ბალახოვან, ისე ხემაგვარებს, აქვთ მეტწილად დიდი ფოთლები, ზოგს მარტივი, ზოგს მრავალჯერ ფრთართული; ნორჩი ფოთოლი ლოკოკინასავით არის დახვეული. უმეტესად ჩრდილის მცენარეები არიან. ბალახოვანი გვიმრების ღერო უფრო ხშირად მიწისქვეშა დატოტვილი ფესურაა. მასზეა განლაგებული მიწისზედა კვირტებიც. ტროპიკებში შემორჩენილია მეზოზოური ხანის ხისებრი გვიმრები, რომელთა ღერო 20 მ-მდე სიმაღლისაა. მერქანი უმეტესად კიბისებრტრაქეიდებიანია. გვიმრები მრავლდებიან ვეგეტატიურად მიწისქვეშა ფესურებით, ზოგჯერ ჩეკია კვირტებით. უსქესო გამრავლება ხდება სპორანგიუმებში განვითარებული სპორებით. სპორანგიუმის კედელი უჯრედების ერთ ან მრავალ შრეს მოიცავს და აქვს გამხსნელი რგოლი სქელგარსიანი უჯრედებით. სპორანგიუმების ჯგუფები ჩვეულებრივ ქმნიან სორუსებს, რომლებიც ხშირად დაფარულია საბურაველით (ინდუზიუმით). სპორის გაღივების შედეგად ვითარდება წინაზრდილი — ჰაპლოიდური სქესიანი თაობა — გამეტოფიტი. არის დიპლოიდური უსქესო თაობა — სპოროფიტი. ქინაზრდილზე განლაგებულია სასქესო ორგანოები — არქეგონიუმები და ანთერიდიუმები. კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ტენიან გარემოში, მოძრავი მრავალშოლტიანი მამრობითი სასქესო უჯრედებით — აპერმატოზოიდებით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან ვითარდება ახალი გვიმრები (დიპლოიდი).
გვიმრები გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმეტესად ტენიან ტროპიკებში. მათი მრავალგვარი სასიცოცხლო ფორმიდან ზოგიერთი ხავსებს წააგავს, ზოგი მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგი კი ნამდვილი ხეები. მცირეოდენი სახეობები წყალში იზრდება. ზოგი (ქსეროფიტები) მშრალ ადგილებზეც გვხვდება. მრავალი ტროპიკული გვიმრა ბინადრობს ხის ღეროებსა და ფოთლებზე (ეპიფიტები). გვიმრები იყოფიან სამ კლასად: პირველადი გვიმრები (Primofilices) ნამარხი ფორმებია. აქვთ დიქოტომიურად დატოტვილი ღერო და ტოტების ბოლოზე განლაგებული სპორანგიუმები. ტოლსპორიანები, იშვიათად განსხვავებულსპორიანები არიან; ეუსპორანგიუმიან გვიმრებს (Eufilices) უინდუზიუმო მრავალშრიანი სპორანგიუმის კედელი აქვთ. მათი რამდენიმე სახეობიდან ყველა ტოლსპორიანია. ლეპტოსპორანგიუმიან გვიმრებს (Leptofilices) აქვთ ერთშრიანი სპორანგიუმის კედელი, აგრეთვე ინდუზიუმი. ზოგი ფორმა ტოლსპორიანია, ზოგი — განსხვავებულსპორიანი. ეს გვიმრები ყველაზე ფართოდ არიან გავრცელებული. შეიცავენ 10 ათასამდე სახეობას. იყოფიან სამ რიგად: ნამდვილ გვიმრებად (Filicales), მარსილიასნაირებად (Marsiliales) და სალვინიასნაირებად (Salviniales).
საქართველოში გვხვდება როგორც ეუსპორანგიუმიანი, ისე ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრების ზოგიერთი სახეობა. ჭარბობს ნამდვილი გვიმრები, რომელთა 14 ოჯახის 54 სახეობა იზრდება ყველგან — დაბლობებიდან მოკიდებული ალპური სარტყლის ჩათვლით. სახეობათა უმეტესობა გავრცელებულია დასავლეთ სართველოს ტენიან ტყეებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლუხანოვი ა., მიქელაძე ი., Pteropsida, წგნ.: საქართველოს ფლორა, ტ. 1, თბ., 1971;
- კომარნიცკი ნ. ა., კუდრიაშოვი ლ. ვ., ურანოვი ა. ა., მცენარეთა სისტემატიკა, თბ., 1973;
- Криштофович А. Н., Палеоботаника, 4 изд., Л., 1957;
- Тахтаджян А. Л., Высшие пастения, т. 1, М.-Л., 1956;
- მიქელაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 143.