შინაარსზე გადასვლა

ბიშვეშვარ პრასად კოირალა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიშვეშარ პრასად კოილარა
ბიშვეშარ პრასად კოილარა
ბ. პ. კოირალა 1950 წ.
ნეპალის დროშა ნეპალის 23-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მაისი 1959  – 15 დეკემბერი 1960
მონარქი  მაჰენდრა
წინამორბედისუბარნა შამშერ რანა
მემკვიდრეტულსი გირი

დაბადებული8 სექტემბერი 1914
ვარანასი აგრა და აუდის გაერთიანებული პროვინციები
ბრიტანეთის ინდოეთი
ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვლილი21 ივლისი, 1982 (67 წლის)
კატმანდუ, ნეპალი
პოლიტიკური პარტიანეპალის კონგრესი
მამაკრიშნა პრასად კოირალა
დედადივია კუმარი კოირალა
მეუღლესუშილა კოირალა
შვილებიპრაკაშ კოირალა
შაშანკა კოირალა
შრი ჰარშ კოირალა
ჩეტანა კოირალა
განათლებაშოტლანდიის საეკლესიო კოლეჯი
კალკუტის ბენარესის უნივერსიტეტი
ინდუისტური უნივერსიტეტი
Harish Chandra
Postgraduate College
რელიგიაათეიზმი
ხელმოწერა

ბიშვეშვარ პრასად კოირალა (ვიშვეშვარ პრასად კოირალა (ნეპალ. विश्वेश्वरप्रसाद कोइराला; დ. 8 სექტემბერი 1914, ვარანასი, ბრიტანეთის ინდოეთი  — გ. 21 ივლისი, 1982, კატმანდუ), უფრო ცნობილია, როგორც ბ.პ. კოირალა — ნეპალელი რევოლუციონერი, პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი. 19591960 წლებში ნეპალის პრემიერ-მინისტრი, ნეპალის სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის  — ნეპალის კონგრესის ლიდერი.[1] [2]

ბ.პ. კოირალა გახლდათ ნეპალის პირველი დემოკრატიულად არჩეული (და 22-ე) პრემიერ მინისტრი. მას ეს თანამდებობა 18 თვის განმავლობაში ეკავა, რის შემდეგაც მეფე მაჰენდრას ბრძანებით გადააყენეს და ციხეში ჩასვეს. მან სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ძირითადად გისოსებს მიღმა ან ემიგრაციაში გაატარა, რამაც საგრძნობლად შეარყია პოლიტიკოსის ჯანმრთელობა. ამავდროულად, მისი პარტიისთვის "ბ.პ. კოირალას ეპოქა" 1950-1990-იან წლებში არსებული ფრაქციული განხეთქილებების ფონზე,  შედარებით ერთიანობის პერიოდად იქცა.

ცნობილი, როგორც ნეპალის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, ბ.პ. კოირალა იყო დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერი. ის ამტკიცებდა, რომ მარტო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები პიროვნული თავისუფლების გარანტიებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც ნეპალია, საკმარისი არ არის და დემოკრატიულმა სოციალიზმმა შეიძლება შეასრულოს გადამწყვეტი როლი მისი ჩამორჩენილობის პრობლემის დაძლევაში.[3][4]

მაჰათმა განდის მიმდევარ კრიშნა პრასად კოირალას  მეორე ვაჟი, ბიშვეშვარ პრასადი გაიზარდა ბენარასში (ვარანასი). 14 წლამდე დადიოდა მამის მიერ დაარსებულ სკოლაში. შემდეგ შევიდა ჰარიშჩანდრას სკოლაში. კოირალა სწავლობდა ეკონომიკას, ლოგიკას, ლიტერატურას და სამართალს. გულმოდგინედ კითხულობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ჰინდურ, ბენგალურ და ნეპალურ ლიტერატურას. მეცხრე კლასში სწავლის დროს თავად დაიწყო ლიტერატურული ნაწარმოებების წერა.

1930 წელს ბრიტანეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ ის და მისი ძმა მატრიკა პრასადა კოირალა დაადანაშაულეს ექსტრემისტებთან კონტაქტში, დააპატიმრეს და გაათავისუფლეს სამი თვის შემდეგ. ამის შემდეგ ბიშვეშვარი მამის დაჟინებული მოთხოვნით  კალკუტაში შოტლანდიის საეკლესიო კოლეჯში შევიდა, მაგრამ ორჯერ მიატოვა ხსენებული კოლეჯი და დაბრუნდა ბენარასში, სადაც 1934 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და პოლიტიკაში ბენარას ინდუისტური. უნივერსიტეტიდან. ამას მოჰყვა კალკუტის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ხარისხი 1937 წელს. ბ.პ. კოირალა რამდენიმე წლის განმავლობაში დაკავებული იყო საადვოკატო პრაქტიკით დარჯლინგში.

ჯერ კიდევ სტუდენტობისას გახდა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი. 1934 წელს შეუერთდა ინდოეთის ეროვნულ კონგრესს. მეორე მსოფლიო ომის დროს ორი წლის განმავლობაში (1942-1944 წწ.) იგი ინგლისელებმა  დააკავეს დჰანბადში.

ნეპალის შინაგან საქმეთა მინისტრი ბ.პ. კოირალა დელიში, 1951

განთავისუფლების შემდეგ, როდესაც ინდოეთის დამოუკიდებლობა უკვე გარანტირებული იყო, ბ.პ. კოირალამ გადაწყვიტა, რომ ნეპალისთვისაც დადგა ცვილებების დრო. 1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიაზე მან დააარსა ნეპალის ეროვნული კონგრესი, რომელიც 1950 წელს გახდა პარტია ნეპალის კონგრესი. 1947 წლის 9 მარტს ბიშვეშვარი გადავიდა სამშობლოში, რათა დახმარებოდა თავის ძმას გირიჯა პრასად კოირალას ბირათნაგარში ჯუთის ქარხანაში გაფიცვის ორგანიზებაში. ის, მისი ძმა და ეროვნული კონგრესის ოთხი სხვა ლიდერი დააკავეს და თავიანთ თანამემამულე აგიტატორებთან ერთად გაგზავნეს დედაქალაქ კატმანდუში. დაკავებულები  21-დღე ფეხით მიდიოდნენ ნეპალის ბორცვებზე.  პატიმრების მსვლელობამ დიდი ყურადღება მიიპყრო, რამაც ხელი შეუწყო გზადაგზა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების რადიკალიზაციას. კოირალები და მათი ამხანაგები გაათავისუფლეს 27-დღიანი შიმშილობის, სახალხო პროტესტის და მაჰათმა განდის პირადი მოთხოვნის წყალობით 1947 წლის აგვისტოში.

შეხვედრა ბენ-გურიონთან ისრაელში ვიზიტის დროს, 1960 წ.

ბ.პ. კოირალა დაბრუნდა ინდოეთში და დაიწყო მზადება ნეპალში რანას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისთვის. საბოლოოდ, მან შეძლო სათავეში ჩადგომოდა  1951 წლის რევოლუციას, რომელმაც დაამხო რანას კლანის 104-წლიანი მმართველობა. რანას ბოლო პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს 1951 წლის ოქტომბერში, როდესაც დაიშალა კოალიციის კაბინეტი ნეპალის კონგრესის მონაწილეობით (რომელშიც ბ.პ. კოირალა იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ცხრა თვის განმავლობაში). კოირალამ შემდეგ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურის განვითარებაზე. ოპოზიციის, მათ შორის კონგრესმენებისა და კომუნისტების ზეწოლის ქვეშ, მეფე მაჰენდრა იძულებული გახდა მიეღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც საშუალებას იძლეოდა 1959 წელს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო. მოსალოდნელი იყო პარლამენტის დაქსაქსვა, მაგრამ კოირალას ნეპალის კონგრესმა დიდი უმრავლესობა მოიპოვა (ქვედა პალატაში მანდატების ორი მესამედი). რამდენიმე კვირის ყოყმანის შემდეგ, მეფემ  ბ.პ.კოირალას მინისტრთა კაბინეტის  ფორმირება დაავალა.  ახალი მთავრობ საქმიანობას  1959 წლის 27 მაისს შეუდგა.[5]

კოირალა ხელმძღვანელობდა თავისი ქვეყნის დელეგაციას გაეროში. განახორციელა დეტალური ვიზიტები ჩინეთსა და ინდოეთში, რომელთა შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო იძაბებოდა ტერიტორიული დავების გამო.

ამავდროულად, ახალ მთავრობას საშინაო პოლიტიკაში მძლავრი მტერი დაუპირისპირდა. კოირალას მიერ ინიცირებული მიწის რეფორმის განხორციელების მცდელობები, განსაკუთრებით იჯარის კანონების გადასინჯვა, პარლამენტმა ადვილად მიიღო, მაგრამ წინააღმდეგობას შეხვდა მიწათმოქმედი ფეოდალური არისტოკრატიის მხრიდან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა არმიაში.

მეფე მაჰენდრამ 1960 წლის 15 დეკემბერს მოაწყო გადატრიალება, შეაჩერა კონსტიტუცია, შემოიღო პირდაპირი მმართველობა, დაარბია პარლამენტი და კაბინეტი, კოირალა და მისი უახლოესი მთავრობის წევრები ციხეში გაუშვა. ბევრი მათგანი რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ კოირალა, რომელიც ყელის კიბოთი იყო დაავადებული, 1968 წლამდე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ციხეში რჩებოდა.

1968 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სურია ბაჰადურ თაპამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კოირალას ციხიდან გამოყვანაში, მაგრამ მან ასევე უზრუნველყო, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური სიცოცხლის ბოლომდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილიყო. კოირალა გადასახლებაში იმყოფებოდა ინდოეთის ქალაქ ბანარასში 1976 წლის დეკემბრამდე. იგი თითქმის ათწლიანი გადასახლებიდან დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და დაადანაშაულეს შეიარაღებული აჯანყების მცდელობაში, რაც ისჯებოდა სიკვდილით. კიორალა ჩაბახილის რეზიდენციაში  იმყოფებოდა შინაპატიმრობაში.

ახალი მეფის ბირენდრას დროს, რომელმაც განათლება მიიღო ინგლისსა და შეერთებულ შტატებში, პოლიტიკური კლიმატი თანდათან გაუმჯობესდა. ბირენდრამ ჰკითხა ახალ პრემიერ-მინისტრს, ტულსი გირის, კოირალას მწვავე პოლიტიკურ ანტაგონისტს,  გაეთავისუფლებინა თუ არა ეს უკანასკნელი და  აშშ-ში მკურნალონის საშუალება მისცემოდა.  შესაბამისად, მოიწვიეს გაერთიანებული კრება, რომელმაც მეფე ბირენდრას რეკომენდაცია მისცა  კოირალა გაეთავისუფლებინა და მისსთვის საჭირო ხარჯები უზრუნველყო ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკურნალოდ.[6]

ბიშვეშარ პრასად კოირალას ყველა ბრალდება მას მხოლოდ  1978 წლის მარტში მოუხსნეს. 1981 წელს ნება დართეს, გამგზავრებულიყო სამკურნალოდ აშშ-ში.  ნეპალის მთავრობამ დაფარა მისი მკურნალობის ხარჯების ნაწილი აშშ-ში, ხოლო დანარჩენი ხარჯების გადახდა  საკუთარ თავზე აიღეს მისმა ძმისშვილმა შაილ უფდაიამ, დოქტორ შუკდევ შაჰმა, ოჯახმა და მეგობრებმა.

სუსტი ჯანმრთელობისა და დევნის მიუხედავად, კოირალა მაინც სარგებლობდა დიდი სახალხო მხარდაჭერით.  ის გამოვიდა სიტყვით 1982 წლის იანვარში კატმანდუში, რატნას პარკში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახალხო შეკრებაზე. გარდაიცვალა 1982 წლის 21 ივლისს. მის დაკრძალვას დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაესწრო.[7][8][9]

კოირალა ითვლება არა მხოლოდ ნეპალის ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ პოლიტიკურ ლიდერად, არამედ ნეპალური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ნაკითხ და მოაზროვნე მწერალად. იგი წერდა მოთხრობებს, ნოველებს. მოთხრობების წერა ჰინდიზე დაიწყო, შემდეგ — ნეპალურზე.

პოლიტიკაში კოირალა სოციალ-დემოკრატი იყო; ლიტერატურაში ეგზისტენციალისტი. 1950-იან წლებში აქტიური პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად, მან გამონახა დრო რომანისთვის „ჰიტლერი და ებრაელები“ ​​(მოგზაურობის სახით), თუმცა, ნაწარმოები დაუმთავრებელი დარჩა. კოირალას ციხეში გატარებული მომდევნო ათწლეული (1960-1968) ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი ლიტერატურული მოღვაწეობის თვალსაზრისით: ციხეში ყოფნისას მან დაწერა მრავალი რომანი და მოთხრობა, მათ შორის „სამი შემობრუნება“ (1968); „ძმა ნარენდრა“ (1969); „სუმნიმა“ („კირატის პირველი ქალის ისტორია“, 1969 წ.); „სასურსათო მაღაზიის გამყიდვლის ცოლი“ (1980); „საშინელების თეთრი ქალღმერთი“ (1983); „მამა, დედა და შვილები“ ​​(1989); არასრული ავტობიოგრაფია "ჩემი ამბავი" (1983).[10][11]

  1. Bischweschwar P. Koirala // Munzinger Personen (გერმ.)
  2. https://thehimalayantimes.com/kathmandu/obituary-sushila-koirala-a-ae%cb%9ccourteousae-lady-who-was-also-ae%cb%9cbeautifulae
  3. Bhuwan Lal Joshi; Leo E. Rose (1966). Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation. University of California Press. p. 63. GGKEY:5N30S3HU9BC.
  4. A commentary prepared by Bhola Chatterjee, a close friend of B. P. Koirala and renowned Indian journalist from Kolkata, India
  5. "B.P. Koirala Institute of Health Science".
  6. "Last Days with BP Koirala". Nepal Times. Retrieved 15 December 2021.
  7. A commentary prepared by Bhola Chatterjee, a close friend of B. P. Koirala and renowned Indian journalist from Kolkata, India
  8. "B.P. Koirala Institute of Health Science".
  9. "B.P. Koirala remembered Indian ambassador Rae highlighted B.P. Koirala's contribution". SpotlightNepal.com.
  10. "B. P. KOIRALA: A MAJOR FIGURE IN MODERN NEPALI LITERATURE".
  11. "विश्वेश्वरप्रसाद कोइरालाको कहानी". विश्वेश्वरप्रसाद कोइरालाको कहानी. დაარქივებული 2022-11-06 საიტზე Wayback Machine. Retrieved 15 December 2021.(ნეპალ.)