შინაარსზე გადასვლა

ბიტლომანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯგუფის მსმენელები და მედია ხვდებიან The Beatles-ს ამსტერდამის შიპჰოლის აეროპორტში, 1964.

ბიტლომანია (ინგლ. Beatlemania) — ტერმინი, რომელიც წარმოიშვა 1960-იან წლებში და აღნიშნავდა ჯგუფ The Beatles-ს მიმართ განსაკუთრებულ და მანიაკალურ სიყვარულს.

ბიტლომანიის წარმოშობის დღედ ითვლება 1963 წლის 13 ოქტომბერი. ამ დღეს The Beatles კონცერტით წარდგა ლონდონის დარბაზ პალადიუმში (ინგ. Palladium). მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი ინგლისის მასშტაბით გადაიცემოდა პროგრამით «კვირა დღე ლონდონის ”პალადიუმში”» (ინგ. Sunday Night At The London Palladium), ათასობით თაყვანისმცემელმა (ძირითადად მოზარდებმა) დაიკავეს საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ქუჩები იმის იმედით, რომ თუ კონცერტზე ვერ მოხვდებოდნენ, საკუთარი თვალით მაინც დაინახავდნენ ”The Beatles-ის” წევრებს. მთელი კონცერტის მანძილზე დარბაზში ისმოდა გამაყრუებელი ხმაური, რომელიც მუსიკასაც კი ფარავდა. კანცერტის დასრულების შემდეგ, როდესაც მუსიკოსები ტოვებდნენ დარბაზს, ქუჩაში მყოფმა თაყვანისმცემელთა ბრბომ თავიანთ კერპთა ნახვის წყურვილით მოაწყო ჭყლეტვა. The Beatles-მა მანქანამდე მიაღწია მხოლოდ პოლიციის დაცვით. ორი დღის შემდეგ, 1963 წლის 15 ოქტომბერს, გაზეთ The Daily Mirror-ში დაიბეჭდა სტატია ”The Beatles-ის” მიერ ჩელტნემში ჩატარებული კონცერტის შესახებ. თაყვანისმცემელთა მოქმედების აღწერისას გამოყენებულ იქნა სიტყვა ”ბიტლომანია”. ეს ტერმინი აიტაცეს სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც.

თუმცა ბიტლომანია წარმოიშვა უფრო ადრე. „The Beatles-ის“ 1963 წლის საგაზაფხულო კონცერტებზე მათი თაყვანისმცემლები (უფრო მდედრობითი სქესის სიმრავლით) ჯგუფს ყიჟინითა და ისტერიული შეძახილებით ხვდებოდნენ, რომელიც ხშირად გულის წასვლითა და გონების დაკარგვითაც სრულდებოდა.

მას შემდეგ, რაც The Beatles 1964 წლის თებერვალში საგასტროლოდ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ბიტლომანიამ გადაკვეთა ოკეანე. მალე კი ბიტლომანიამ მოიცვა ევროპაც და საბჭოთა კავშირიც კი.

ბიტლომანიის გავლენა მსოფლიო კულტურაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტლომანიამ უდიდესი გავლენა იქონია როგორც მსოფლიო მუსიკალურ კულტურაზე, ასევე კონკრეტულ შემსრულებლებზეც. ჩამოყალიბდა ბევრი ჯგუფი, რომელიც განასახიერებს The Beatles-ს.[1][2]

ჯგუფის მოყვარულები იყვნენ ან არიან ცნობილი მუსიკოსები, მაგალითად, Queen-ის ლიდერი ფრედი მერკური, ჯგუფ ნირვანას ლიდერი კურტ კობეინი, ჯგუფ Electric Light Orchestra-ს ლიდერი ჯეფ ლინი და სხვები. აურაცხელია The Beatles-ის სიმღერების სხვა ცნობილ თუ არაცნობილ შემსრულებელთა მიერ ჩაწერილი და კონცერტებზე შესრულებული ვერსიების რაოდენობა. მრავლადაა გამოცემული ასევე სხვადასხვა შემსრულებლის მიერ მთლიანი ალბომებიც კი, გაჯერებული მხოლოდ The Beatles-ის სიმღერებით (ჯორჯ ბენსონის Abbey Road, ერიკ ფრემპტონისა და ბი ჯიზის „Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band“). ჯერ მარტო 1970-იანი წლების ბოლოსთვის არსებობდა სიმღერის „Yesterday“ ათასზე მეტი ვერსია, ჩაწერილი ამა თუ იმ შემსრულებლების მიერ.

  1. Beatles Tribute band at. Beatlemanianow.com. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  2. Jennifer Cantamessa, RJ Design. Welcome to The Cast of Beatlemania. Moptops.com. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  • ანდრე მილარი, Beatlemania: Technology, Business, and Teen Culture in Cold War America. ბალტიმორი, Johns Hopkins University Press, 2012.