აჰმეთ თევფიქ-ფაშა
აჰმეთ თევფიქ-ფაშა | |
---|---|
Ahmet Tevfik Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 აპრილი, 1909 |
მმართ. დასასრული: | 5 მაისი, 1909 |
წინამორბედი: | ჰუსეინ ჰილმი-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰუსეინ ჰილმი-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 ნოემბერი, 1918 |
მმართ. დასასრული: | 3 მარტი, 1919 |
წინამორბედი: | აჰმედ იზეთ-ფაშა |
მემკვიდრე: | დამატი ფერიდ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 ოქტომბერი, 1920 |
მმართ. დასასრული: | 4 ნოემბერი, 1922 |
წინამორბედი: | დამატი ფერიდ-ფაშა |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 თებერვალი, 1845 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 8 ოქტომბერი, 1936 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | აფიფე ჰანიმი |
შვილები: |
ისმაილ ჰაქი ოქდაი ალი ნური ოქდაი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | ფერიქ ისმაილ-ფაშა |
რელიგია: | ისლამი |
აჰმეთ თევფიქ-ფაშა (თურქ. Ahmet Tevfik Paşa; დ. 11 თებერვალი 1845, სტამბოლი — გ. 8 ოქტომბერი 1936, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1909, 1918-1919 და 1920-1922 წლებში. აგრეთვე, 1899-1909 წლებში იყო ოსმალეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჰმეთ თევფიქ-ფაშა დაიბადა 1845 წლის 11 თებერვალს, სტამბოლში. მამამისი, ფერიქ ისმაილ-ფაშა იყო ყირიმელი თათარი, გირაის დინასტიის შთამომავალი. აჰმეთი შევიდა სამხედრო სამსახურში, მაგრამ ეს საქმიანობა მიატოვა უმცროს ოფიცრად გახდომის შემდეგ. ამის შემდეგ, იგი სხვადასხვა დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა რომში, ვენაში, სანქტ-პეტერბურგში და ათენში. იყო ოსმალეთის ელჩი გერმანიაში 1885-1895 წლებში. სტამბოლში დაბრუნების შემდეგ, ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 1899-1909 წლებში. მეორე კონსტიტუციური ეპოქის დაწყების შემდეგ, 1908 წელს აჰმეთ თევფიქ-ფაშა გახდა ოსმალეთის სენატის წევრი.
აჰმეთ თევფიქ-ფაშა პირველად დიდი ვეზირი გახდა 1909 წელს. 31 მარტის ინცინდენტის შემდეგ, როცა სულთანი აიძულეს თანამდებობიდან მოეხსნა ჰუსეინ ჰილმი-ფაშა. მას შემდეგ, რაც ინგლისის არმია შევიდა სტამბოლში და გადააყენეს სულთანი აბდულჰამიდ II, აჰმეთიც გადადგა თანამდებობიდან და დიდი ვეზირის პოსტზე დაბრუნდა ჰუსეინ ჰილმი-ფაშა.
მეორედ აჰმედ თევფიქ-ფაშა დიდი ვეზირი გახდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რაც აჰმედ იზეთ-ფაშა გადადგა, 1918 წლის 11 ნოემბერს. მოვალეობის შესრულების დაწყებიდან ორ დღეში, მოკავშირე ძალებმა დაიწყეს სტამბოლის ოკუპაცია და აიძულეს მეჰმედ VI პარლამენტი დაეთხოვა. 1919 წლის 12 იანვარს აჰმეთ თევფიქ-ფაშამ თავიდან ჩამოაყალიბა პარლამენტი, თუმცა იგი იძულებული გახდა კიდევ ერთხელ დაეთხოვა პარლამენტი. აჰმეთი 3 მარტს გადადგა დიდი ვეზირის პოსტიდან.
დიდი ვეზირის პოსტიდან გადადგომის შემდგომ, აჰმეთ თევფიქ-ფაშა გახდა ოსმალეთის იმპერიის სენატის მეთაური. აგრეთვე, იგი სათავეში ედგა ოსმალეთის დელეგაციას პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე. მისმა დელეგაციამ უარი განაცხადა შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ოსმალეთისთვის მძიმე პირობებს შეიცავდა, მაგრამ შემდეგ გაგზავნილმა ოსმალეთის მეორე დელეგაციამ, რომელსაც სათავეში ედგა დიდი ვეზირი დამატი ფერიდ-ფაშა, მიიღო შემოთავაზებული პირობები და ხელი მოაწერეს სევრის სამშვიდობო ხელშეკრულებას.
1920 წლის 21 ოქტომბერს აჰმეთ თევფიქ-ფაშა მესამედ დაინიშნა დიდი ვეზირის პოსტზე და ჩაანაცვლა დამატი ფერიდ-ფაშა. იმავდროულად, თურქეთის ეროვნულმა კონგრესმა ანკარაში გამოაცხადა, რომ რეალურად თვითონ იყო ქვეყნის ერთადერთი მთავრობა და უარყოფდა მონარქიას. აჰმეთ თევფიქ-ფაშამ შესთავაზა კონგრესის წევრებს, რომ შემოერთებოდნენ მონარქიულ მთავრობას და ერთი ორგანო შეექმნათ, მაგრამ კონგრესის ლიდერმა, მუსტაფა ქემალმა უარი განაცხადა ამ შემოთავაზებაზე. 1921 წელს ლონდონში გამართულ კონფერენციაზე ქვეყანას ორი დელეგაცია ჰყავდა — სტამბოლის დელეგაციას აჰმეთი მეთაურობდა, ხოლო ანკარისას — ბექირ სამი კუნდუჰი. ლონდონში აჰმეთ თევფიქ-ფაშამ ყველასათვის გასაკვირად გამოაცხადა, რომ ანკარის მთავრობა მართლაც ერთადერთი კანონიერი მთავრობა იყო თურქეთისთვის და ბექირ სამი იყო ერთადერთი წარმომადგენელი კონფერენციაზე.
1922 წლის 1 ნოემბერს, მონარქიის გაუქმების შემდეგ, აჰმედი მხოლოდ სამი დღე იყო დიდი ვეზირი. 4 ნოემბერს იგი გადადგა. აჰმეთ თევფიქ-ფაშა გარდაიცვალა 1936 წლის 8 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში.