შინაარსზე გადასვლა

ასღარ ფარჰადი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასღარ ფარჰადი

ფარჰადი სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2018 წელს
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1972 (1972-05-07) (52 წლის)
ისპაჰანის ოსტანი, ირანი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1997-დღემდე
ცნობილი ნაშრომები „კომივოიაჟორი“

ასღარ ფარჰადი (სპარს. اصغر فرهادی; დ. 7 მაისი, 1972 — ირანელი კინორესიჟორი და სცენარისტი.

ფარჰადიმ ორჯერ მიიღო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ფილმებისთვის „განქორწინება“ და „კომივოიაჟორი“. რეჟისორი 2012 წლის ტაიმის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.

ფარჰადი 1972 წელს ისპაჰანის ოსტანში დაიბადა.[1] იგი კინემატოგრაფიით მოზარდობის ასაკიდანვე დაინტერესდა და 1986 წელს ისპაჰანის ახალგზარდულ კინოსაზოგადოებას შეუერთდა.[2] ფარჰადმა უმაღლესი განათლება თეატრის განხრით მიიღო. 1986 წელს მან თეირანის უნივერსიტეტის დრამის ხელოვნების ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა,[2] ხოლო მაგისტრის ხარისხი დრამის რეჟისურაში აიღო.

ფარჰადის პირველი ნამუშევრები ირანის ახალგაზრდულ კინოსაზოგადოებაში 8 და 16 მილიმეტრიან ფირებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმებია. მოგვიანებით იგი ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობისთვის პიესებსა და სცენარებს წერდა. მისი სარეჟისორო დებიუტი 2003 წელს ფილმით „მტვერში ცეკვა“ შედგა.[3] მას მოჰყვა „ლამაზი ქალაქი“ 2004 წელს. ფარჰადის მესამე ფილმმა „ოთხშაბათის ფოირვერკები“ 2006 წლის ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი „ოქროს ჰიუგო“ მოიპოვა.

2009 წელს რეჟისორმა მეოთხე ფილმი „ელის შესახებ“ გადაიღო, რომლისთვისაც ბერლინის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის დაიმსახურა. ფილმმა ტრიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო სურათის ნომინაციაში გაიმარჯვა. „ელის შესახებ“ ირანელთა ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მოგზაურობენ, რაც ტრაგიკილად მთავრდება. კინოკრიტიკოსმა და თეორიტიკოსმა დევიდ ბორდველმა ფილმს შედევრი უწოდა.[4]

ფარჰადის მომდევნო ფილმის, სახელწოდებით „განქორწინება“, პრემიერა 2011 წლის 9 თებერვალს თეირანში, ფაჯრის 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა ირანის კინოკრიტიკოსთა საზოგადოების აღიარება დაიმსახურა. კინოფესტივალზე „განქორწინებამ“ ოთხი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისურისთვის. ამავე წლის თებერვალში ფილმმა ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც ოქროს დათვი მიიღო და ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ირანული ფილმი გახდა. 2011 წლის ივნისში „განქორწინებამ“ სიდნეის კინოპრემია მოიპოვა.[5]

2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ფარჰადი ბერლინის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიური იქნებოდა, რომელიც 2012 წლის თებერვალში ჩატარდა.[6]

2012 წლის 15 იანვარს „განქორწინებამ“ მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.[7] ოსკარის 84-ე დაჯილდოებაზე „განქორწინება“ საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციებში იყო წარდგენილი, რომელთაგანაც ამ უკანასკნელში მოიპოვა გამარჯვება.[8] 2012 წლის 26 თებერვალს „განქორწინება“ პირველი ოსკაროსანი ირანული ფილმი, ხოლო ფაჰრადი პირველი ოსკაროსანი ირანელი რეჟისორი გახდა.[9] 2012 წლის ივნისში იგი კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში მიიწვიეს.[10] „განქორწინებამ“ ასევე მიიღო სეზარი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის.

სოციალური და კლასობრივი სტრუქტურები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარჰადის ფილმები თანამედროვე ირანის მიკროკოსმოსს ასახავს და სოციალურ კლასთან, გენდერთან და რელიგიურ დიფერენციაციასთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებს იკვლევს. მაგალითისთვის, 2011 წლის ფილმში „განქორწინება“ რეჟისორი წარმოაჩენს სხვადასხვა გარდაუვალ კონფლიქტებსა და უთანხმოებებს, რომლებიც პერსონაჟებს საკუთარი გადაწყვეტილებების ზნეობრივი საფუძვლების გააზრებას აიძულებენ.

ფაჰრადის ფილმებში ირანი ასახულია, როგორც მდგრადი კლასობრივი სისტემის მქონე ქვეყანა, რომელიც სიმტკიცე რევოლუციამაც ვერ შეარყია. რეჟისორის ფილმები თანამედროვე ირანის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს ასახავს. ფაჰრადი ფოკუსირებას სოციალურ სტრუქტურებთან დაკავშირებით არსებულ მრავალფეროვან პერსპექტივებზე ამახვილებს.

ფარჰადის ფილმებში ხშირად ვხვდებით სოციალური კლასის, გენდერისა და რელიგიის მიხედვით ირანულ საზოგადოებაში არსებული დაყოფის კრიტიკას, თუმცა ეს არ გულისხმობს რეჟისორის მიერ სამშობლოს უარყოფას. მისი ფილმების უმეტოსება ირანული საზოგადოების ფესვებიდან მომდინარეობს. თავის შემოქმედებაში ფაჰრადი მუდმივად გამოხატავს ერთგულებას და თავდადებას ირანისა და ირანელი ხალხის მიმართ. პირველი ოსკარის ჯილდო მან სწორედ ირანელ ერს მიუძღვნა.

ფაჰრადის ფილმებში ირანში არსებული რელიგიური სტანდარტების ფარული კრიტიკა შეიმჩნევა. მაგალითისთვის, მისი სადებიუტო ფილმი „მტვერში ცეკვა“ ალაჰისადმი მიმართვის ფონზე იწყება, როცა კადრში მანქანის ფანჯარაში არეკლილი კვარცხლბეგზე მდგარი მამაკაცის სკულპტურა ჩნდება, რაც ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ცოცხალი არსების ნებისმიერი ფორმით გამოსახვა, იქნება ეს მხატვრობა თუ ქანდაკება. ასეთივე კინემატოგრაფიული ხრიკი გვხვდება რეჟისორის მეორე ფილმში „ლამაზი ქალაქი“, სადაც ალაჰისადმი მიმართვის შემდეგ ჩნდება კადრი, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი ადამიანების ფიგურებს ძერწავს.[11]

2012 წელს ფარჰადმა მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ ჟურნალ Sight & Sound-ის გამოკითხვაში, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფილმების გამოსავლენად ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ტარდება. გამოკითხვაში თანამედროვე რეჟისორები მათთვის გამორჩეულ 10 საუკეთესო ფილმს ასახელებენ. წარმოგიდგენთ ფარჰადის არჩეული ფილმების ჩამონათვალს:[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Harvey, Giles (2019-01-31). „How Iran's Greatest Director Makes Art of Moral Ambiguity“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2019. ციტირების თარიღი: 2019-04-02.
  2. 2.0 2.1 Asghar Farhadi en-US. ციტირების თარიღი: 2019-04-02
  3. NESHANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2006. ციტირების თარიღი: 13 August 2006
  4. A masterpiece, and others not to be neglected. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2015.
  5. 2011 SFF Official Competition winner is.... News. Sydney Film Festival (19 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  6. Berlinale 2012: International Jury. berlinale.de (19 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 2011-12-21.
  7. Golden Globes: 'A Separation' wins best foreign language film. Los Angeles Times (15 January 2012). ციტირების თარიღი: 16 January 2011.
  8. "A Separation" nominated for foreign-language film Oscar“. Tehran Times. 25 January 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2012.
  9. Ronald Grover. Iran wins first Oscar with "A Separation. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 27 February 2012.
  10. Academy Invites 176 to Membership. The Academy of Motion Picture Arts and Sciences (29 June 2012). ციტირების თარიღი: 19 July 2013.
  11. Asghar Farhadi: Life and Cinema by Tina Hassannia, Critical Press, 2014
  12. Asghar Farhadi's Top 10 Director's Poll. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 27 May 2020.