შინაარსზე გადასვლა

მცირე ცთომილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
04:59, 4 ივნისი 2024-ის ვერსია, Surprizi (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
253 მატილდა, C-ტიპის ასტეროიდი.

მცირე ცთომილები, იგივე ასტეროიდებიმზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომელთა ზომები მზის სისტემის პლანეტებთან შედარებით მცირეა. მაგ. ცერერას დიამეტრია 770 კმ, პალადასი — 490 კმ, ვესტასი — 385 კმ, სხვებისა — ბევრად ნაკლები.

ტერმინი ასტეროიდი (ვარსკვლავის მსგავსი) შემოღებული იყო ჰერშელის მიერ იმის საფუძველზე, რომ ისინი ტელესკოპში ვარსკვლავის მსგავსად დაიკვირვება წერტილოვან ობიექტებად, განსხვავებით პლანეტებისაგან, რომლებიც ტელესკოპში დაიკვირვებიან დისკოს სახით.

XX საუკუნეში აღმოჩენილია მხოლოდ 40 კმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მცირე ცთომილები. ყველა იმ მცირე ცთომილებს, რომელთა ორბიტა ზუსტადაა გამოთვლილი, საკუთარი სახელი და მუდმივი ნომერი აქვს. ასეთი ცთომილების რიცხვი 2500-ზე მეტია. მათზე ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში „მცირე ცთომილების ეფემერიდები“.

მცირე ცთომილების ორბიტები ძირითადად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა. მათ დიდი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ეკლიპტიკის სიბრტყისადმი საშუალო დახრილობა კი 9.54°-ია.

მათი ზედაპირი ძირითადად დაფარულია კრატერებით, რაც მცირე ზომის ციური სხეულების დაჯახებითაა გამოწვეული.

ცნობილი ასტეროიდების უმეტესობა განლაგებულია ასტეროიდთა სარტყელში, რომელიც მდებარეობს მზიდან 2.3-3.3 ა. ე.-ზე. მიუხედავად ასტეროიდთა სიმრავლისა (600 000-მდე), მათი საერთო მასა არ აღემატება დედამიწის მასის 1/2000-ს. ყველაზე კაშკაშა ასტეროიდი არის ვესტა. როდესაც ის მდებარეობს დედამიწიდან მინიმალურ მანძილზე, მისი სიკაშკაშე აღწევს 6.5 ვარსკვლავიერ სიდიდეს. ძალიან ბნელ ცაზე ვესტას დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც კი (ვესტა ერთადერთი ასტეროიდია, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი).

ათასობით ასტეროიდის ორბიტა კვეთს დედამიწის ორბიტას. დედამიწის ახლოს მდებარე ასტეროიდები იყოფა სამ ჯგუფად: ათენის, აპოლოს და ამორის ჯგუფის ასტეროიდები.

ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობენ ტრანსნეპტუნური ობიექტები, რომლებიც ქმნიან კოიპერის სარტყელს. კოიპერის სარტყელი მრავალ მცირე ზომის ობიექტს (მათ შორის ჯუჯა პლანეტებსაც) შეიცავს.

პირველი ტრანსნეპტუნური ობიექტი აღმოჩენილი იყო 1930 წელს (პლუტონი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]