მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის მოსახლეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ემხრობა, თუმცა არა მოსკოვის პირობებით

უკრაინის მოსახლეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ემხრობა, თუმცა არა მოსკოვის პირობებით

დასავლეთიდან სამხედრო შეიარაღების აქტიური მიწოდების მიუხედავად, უკრაინის ცაზე რუსული რაკეტების ნაკლებობა ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. ქვეყნის ხელისუფლებას აგრესორის დარტყმების მოგერიება კვლავ უწევს, მათ შორის, ფრონტის ხაზიდან საკმაოდ დაშორებული დედაქალაქის თავზეც. უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს აგრესორის მიერ კიევისკენ გაშვებული „შაჰიდის“ დრონები ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მფრინავი ტექნიკის ნამსხვრევები კერძო ეზოში ჩამოვარდა და არასაცხოვრებელი შენობები დააზიანა, თუმცა შემთხვევას დაშავებულები არ ჰყავს.

რუსული ჯარების კიდევ ერთი სამიზნე ხერსონში მდებარე ბაზარიც გახდა. სავაჭრო ზონა გამთენიისას დაიბომბა, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებში, სადაც მოსახლეობის 44% მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, კვლევითი ორგანიზაცია ხაზს უსვამს გარემოებას, რომ გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო პირებისგან შედგება. ამ გარემოების გათვალისწინებით, მაჩვენებლები ზოგადია და ვერ გამოდგება უკრაინის მთლიანი მოსახლეობის რეალური ნების ინდიკატორად.

„ამჟამად შეუძლებელია არმიის აზრის შესწავლა, რომელიც ატარებს ომის ტვირთს და აქვს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება რუსეთთან მოლაპარაკებებზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია კვლევის შედეგები მთელი ქვეყნის აზრად მივიჩნიოთ“, – ხაზგასმულია სოციოლოგიურ კვლევაში.

კვლევის გავრცელებიდან მალევე რუსეთის ხელისუფლებამ და მის მიერ კონტროლირებადმა მედიამ „რაზუმკოვის ცენტრის“ გამოკითხვის შედეგების მოშველიება დაიწყო ომის შესახებ პროპაგანდისტული გზავნილების გასამყარებლად. თუმცა მოსკოვში გამორჩათ მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის მიხედვითაც, ყველა რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება უკრაინაში მშვიდობის დამყარების პუტინისეულ ვერსიას. მოსკოვისთვის ტერიტორიულად და პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია ვლადიმირ პუტინმა 14 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

„რუსეთი უკრაინაში ცეცხლს შეწყვეტს და მზად იქნება, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, როგორც კი უკრაინა მთლიანად გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან და უარს იტყვის ნატოში გაწევრებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

ცეცხლის შეწყვეტისა და ორ ქვეყანას შორის უკრაინის ტერიტორიული და სუვერენული ინტერესების გათვალისწინებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე არა მხოლოდ დასავლეთი საუბრობს, არამედ თავად უკრაინის პრეზიდენტიც. 15 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნოემბრისთვის ქვეყნის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები შეიმუშავებენ მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობის გეგმას. კიევის პოზიციას არ იზიარებს მოსკოვი.

„ჩვენ ვიხილავთ ომის დასასრულს, თუმცა ეს არაა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. სამართლიანობის აღდგენა არც მხოლოდ უკრაინის მოსახლეობის ნებაზეა დამოკიდებული, არამედ ფინანსურ მდგომარეობაზე, შეიარაღებაზე, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და საკითხის ირგვლივ ევროკავშირისა და ნატოს ერთიანობაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სანამ ორი ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ინტერესებზე მორგებული სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებაზე ფიქრობს, უკრაინა ოკუპანტების მასობრივ შეტევებს იგერიებს და როგორც თავდაცვისთვის, ისე კონტრშეტევისთვის, დასავლეთისგან გაზრდილ სამხედრო დახმარებას ელოდება. შეიარაღების მიწოდების აუცილებლობაზე უკრაინის პრეზიდენტმა 15 ივლისს გამართულ კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას 25 ერთეული „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა და F-16-ების გაზრდილი რაოდენობა სჭირდება. ეს ყველაფერი რუსული იერიშებისგან თავის დასაცავად, განსაკუთრებით კიევზე, თვის დასაწყისიდან გახშირებული თავდასხმების ფონზე. მაშინ რუსების სამიზნედ ბავშვთა საავადმყოფო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იქცა, რამაც, სულ მცირე, 38 ადამიანი იმსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend