მთავარიმსოფლიოისრაელმა ლიბანის სასაზღვრო ტერიტორიაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის სასაზღვრო ტერიტორიაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

25 აგვისტოს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ინტენსიურ სარაკეტო დაპირისპირებას კიდევ ერთი დარტყმა მოჰყვა.

ადგილობრივი მედიისა და თვითმხილველების ინფორმაციით, ნაშუადღევს თავდასხმები ლიბანის სასაზღვრო სოფელ ტაირ ჰარფას და სანაპირო ქალაქ სიდონის მიდამოებში განხორციელდა. მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ისრაელის მორიგ თავდასხმას, ჯერ უცნობია.

კვირას, 25 აგვისტოს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ასამდე ავიაგამადგურებლის გამოყენებით იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაახლოებით ასმა თვითმფრინავმა „ჰეზბოლას“ ათასობით სამიზნეს ერთდროულად დაჯგუფების მიერ მომზადებული მასობრივი თავდასხმის აღკვეთის მოტივით შეუტია.

ლიბანის სამხრეთი ქალაქი სიდონი – Copyright AP

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პრევენციულმა დარტყმებმა, რომლებიც სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე განხორციელდა, ტერორისტულ ორგანიზაციას საშუალება არ მისცა, თავად გადმოსულიყო მასშტაბურ შეტევაზე. ისრაელის ე. წ. პრევენციული ოპერაციის მიუხედავად, „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მაინც წამოიწყო და ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა.

დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს თავდასხმა დაჯგუფების მეთაურის, ფუად შუკრის მკვლელობისთვის შურისძიების „პირველი ფაზა“ იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა კვირას, 25 აგვისტოს განაცხადა, რომ ჰეზბოლამ ვერ შეძლო, მიზანში ამოეღო ისრაელის ვერცერთი სამხედრო ბაზა:

„ჰეზბოლას მტკიცების საპირისპიროდ ვამბობ, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების ბაზებს არც ჩრდილოეთში და არც ცენტრში თავს არ დასხმიან. ვიცით ექვსი ტერორისტის შესახებ, რომლებიც თავდასხმების დროს მოკლეს. უახლოეს დღეებში შეიძლება მეტი გავიგოთ. მხოლოდ ბოლო ორ კვირაში დაახლოებით 30 ტერორისტი გავანადგურეთ. მათ შორის არიან „ჰეზბოლას“ მეთაურებიც. სამიზნეთა დაახლოებით 90% ქვეყნის ჩრდილოეთით მიმართული მცირე რადიუსის რაკეტები იყო… ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰეზბოლას ტექნოლოგიური საშუალებებითა და საჰაერო პატრულირების გზით მივყვებოდით. თავდასხმის განზრახვის შესახებ სწორედ ამგვარად შევიტყვეთ“ –

ისრაელის მიერ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე დარტყმის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე სატელევიზიო მიმართვის ფორმატში ისაუბრა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერმა, ჰასან ნასრალამ.

ჰასან ნასრალა – Copyright AP

„ეს არა პრევენციული ქმედება, არამედ აგრესია იყო და მას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ჩვენს სამხედრო ოპერაციაზე… მტრის საუბარი იმის შესახებ, რომ მათ გადაარჩინეს თელავივი, დაიცვეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და გაანადგურეს ჩვენი რაკეტები სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ ამ რაკეტების ახლა გამოყენება განზრახული არ გვქონდა, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, ისინი მომავალში გამოვიყენოთ“, – განაცხადა ჰასან ნასრალამ.

მოვლენათა განვითარებამ ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხე გაზარდა.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ინტენსიურ სარაკეტო დაპირისპირებას თეთრი სახლი გამოეხმაურა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 25 ივნისს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და  მოკავშირეები თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ კონფლიქტის მასშტაბების გაზრდა თავიდან აიცილონ.

„ჩვენ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან შეშფოთებულები ვართ იმით, რომ კონფლიქტი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს. მთელი ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდით პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, გადავიტანეთ სამხედრო აქტივები, ჩართული ვიყავით დიპლომატიურ პროცესებში როგორც საჯაროდ, ისე კულისებს მიღმა. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის რეგიონულ ომში გადაზრდა ავიცილოთ თავიდან. მუშაობას ამავე მიზეზით ვაგრძელებთ და იმედია, გუშინდელი მოვლენები რეგიონული ომის გამომწვევ ესკალაციაში არ გადაიზრდება“ – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ისრაელისა და ჰეზბოლას დაპირისპირების ფონზე ჩრდილოეთ ისრაელი ათასობით ადამიანმა დატოვა. ეს თავდასხმები ღაზაში ომის დაწყების შემდეგ გახშირდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend