მთავარიაზიაისრაელიდაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი ირანის მუქარის აღსრულების მოლოდინშია

დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში – ისრაელი ირანის მუქარის აღსრულების მოლოდინშია

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ახლო აღმოსავლეთი რჩება. ახლა ყველა დასავლელი და აღმოსავლელი ლიდერის ყურადღება ისრაელისკენაა მიმართული, რომელიც ირანის სამხედრო მუქარის აღსრულების მოლოდინშია. ბოლო კვირაა, ნეთანიაჰუს ხელისუფლებას მხოლოდ სიტყვიერი მუქარის მოსმენა უწევდა, თუმცა 6 აგვისტოს „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელს დრონებით დაესხა თავს.

დასავლელი პარტნიორები ისრაელს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გამუდმებით აფრთხილებენ. პარალელურად ისრაელის თავდაცვის სამინისტრო „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ კიდევ ორი მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ისრაელი ადასტურებს ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის, ჯაბერ აზიზის ლიკვიდაციას, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდა. პალესტინური მხარე კი აცხადებს, რომ იერიშის მიტანის შედეგად მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.

სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა ლიბანის სამხრეთიც. ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური ალი ჯამალ ალდინ ჯავადი. ისრაელის თავდაცვის ძალები ვარაუდობდნენ, რომ ამ ნაბიჯით ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთზე ტერაქტების რაოდენობა შემცირდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და 6 აგვისტოს შეტევა ისევ გაგრძელდა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას სხვადასხვანაირად აღიქვამენ რეგიონის სახელმწიფოები. ისრაელის პოზიცია ურყევია. მათი მტკიცებით, ისინი ებრძვიან მხოლოდ ტერორისტებს და არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი. მოწინააღმდეგე მხარე კი, ისრაელს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს და მშვიდობიან მოქალაქეებზე მიზანმიმართულ თავდასხმას ედავება. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში ნეთანიაჰუს ხელისუფლების ქმედებები „ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფების მიერ იეზიდთა წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს შეადარა.

„დღეს აქ შეკრებილები ვართ იმისთვის, რომ გავიხსენოთ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებები იეზიდი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ ღაზის სექტორში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, სიონისტური საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილ მძიმე პირობებზე, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დღეს ისინი იმავე დანაშაულებს სჩადიან, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იეზიდების წინააღმდეგ. ეს ადასტურებს ერთ რამეს – მკვლელებს ერთი ხელწერა აქვთ, ანტაგონიზმი კაცობრიობისადმი და მორალისა და შეგნების ნაკლებობა“, – განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ალ-სუდანმა.

ისრაელისადმი ისლამური სახელმწიფოების ბრალდებების მიუხედავად და ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის ფონზე ვაშინგტონში კვლავ სჯერათ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები შესაძლებელია.

„ახლო აღმოსავლეთში დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანი ესაუბრა კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი მხრიდან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევა. ამ ჩართულობით სახელმწიფო მდივანმა ნათლად აჩვენა, რომ ამერიკა გააგრძელებს მცდელობას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, ასევე დეესკალაციის უზრუნველსაყოფად და, გარდა ამისა, როგორც ტყვეთა გასათავისუფლებლად, ისე ღაზაში პალესტინელი ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის მსგავსად ფიქრობს ექსპერტთა ნაწილიც. მათი ვარაუდით, ირანის არაერთი სერიოზული მუქარის მიუხედავად, თეირანის რიტორიკა შერბილდება და მხოლოდ აპრილის მსგავსი მცირე ესკალაციით შემოიფარგლება.

„„ჰეზბოლასთვის“ ეკონომიკური კრიზისი, გარკვეულწილად, პოლიტიკურ კრიზისზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სიტუაციამ აჩვენა, რომ არავის სურს ფართომასშტაბიანი ომი და ლიბანში ამჟამინდელი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. ყველა ადამიანს ესმის, დაჯგუფება „ჰეზბოლასაც“ ესმის, რომ 2006 წლის ომისგან განსხვავებით, ახლა ლიბანში მცხოვრებთაგან ბევრი „ჰეზბოლას“ დასდებს ბრალს ომის დაწყებაში, რომელიც არც ლიბანსა და არც ისრაელს სურს“, – ამის შესახებ ექსპერტმა მეთიუ ლევიტმა ისაუბრა.

ერთმანეთისადმი სიტყვიერი და სამხედრო მუქარის ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, სადამდე მივა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი როგორც ტერიტორიული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე დიპლომატიურ არხებს უგულებელყოფს, თუმცა დასავლეთი მოლაპარაკებების მაგიდის გარდა სხვა ქმედით ალტერნატივას ვერ ხედავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend