მთავარიაზიაისრაელი„ჰეზბოლა" ისრაელს აფრთხილებს

„ჰეზბოლა” ისრაელს აფრთხილებს

ისრაელი და „ჰამასი“ კვლავ ვერ თანხმდებიან ტყვეთა გათავისუფლების საკითხზე. ისრაელი პოზიციას არ ცვლის და ნეთანიაჰუ კვლავ აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ „ჰამასის” მიერ გატაცებული ყველა ისრაელელი არ გათავისუფლდება. თავის მხრივ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოზიციას პერიოდულად იცვლის. ბოლო ცნობით, ზავზე უარის მიზეზად „ჰამასმა“ ისრაელის „არასერიოზული დამოკიდებულება“ დაასახელა.

ისრაელ-„ჰამასის” ომში ამ ორი მხარის გარდა სხვა დაჯგუფებებიც არიან ჩაბმულნი. სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს „ჰეზბოლაც“. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე ქალაქში „ჰეზბოლას“ პოზიციებიც დაბომბეს. სწორედ ამ შეტევის შემდეგ მოუწია „ჰეზბოლას“ ლიდერ ჰასან ნასრალას ბეირუთში, აშურას დღესასწაულზე, მოსახლეობის წინაშე გამოსვლა. ჰასან ნასრალამ ისრაელი გააფრთხილა, რომ „ჰეზბოლა“ მათ პოზიციებს შეუტევს, თუკი ისრაელი არ შეწყვეტს ღაზის სექტორში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას.

„ფრონტზე ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ ნებისმიერი ფორმით გაგრძელდება თავდასხმები ღაზის სექტორსა და მის მოსახლეობაზე. ომის საფრთხეს არ შევუშინებივართ 10 თვის განმავლობაში. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება წინააღმდეგობას უბიძგებს, რომ რაკეტები იმ დასახლებების მიმართულებით გაუშვას, რომელიც ადრე სამიზნეებს არ წარმოადგენდა. თუ თქვენი ტანკები ლიბანსა და მის სამხრეთ ნაწილს მოუახლოვდებიან, თქვენ აღარ გექნებათ ტანკების სიმცირის პრობლემა, რადგან არც ერთი მათგანი აღარ დაგრჩებათ“, – განაცხადა ჰასან ნასრალამ.

„ჰეზბოლას“ ლიდერის მუქარის პარალელურად ისრაელმა ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილის მისამართით რაკეტები გაუშვა და 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა. დაბომბვამ სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. პალესტინის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მხოლოდ ორ დღეში ისრაელის შეტევებმა 60-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა.

ნეთანიაჰუს ხელისუფლების ქმედებებს კვლავ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი. მეთიუ მილერის თქმით, ღაზაზე გახშირებული იერიშების მიუხედავად ისრაელს კვლავ შეუძლია მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა ვაშინგტონი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას გმობს.

„ყველა ამ თავდასხმაზე ისრაელი საჯაროდ აცხადებდა, რომ უტევდა სამხედრო პოზიციებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიგებდით ცნობებს სამხედროების დაღუპვაზე, მათ შორის, ზოგიერთი შეტევისას „ჰამასის“ ლიდერების. ჩვენ ასევე ვიღებთ ცნობებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თაობაზე. ეს არის მიზეზი, რატომაც ვცდილობთ ასე მტკიცედ დავითანხმოთ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ერთადერთი რეალური გზაა ღაზაში მიმდინარე ძალადობის შესაჩერებლად. აშკარაა, რომ რომელიმე მხარეს შეუძლია მოლაპარაკებებიდან გასვლა პირადი მიზეზების გამო. ვიმედოვნებთ, ეს არ მოხდება. აქამდე ასეთი ფაქტი ჯერ არ გვინახავს. რაც ვნახეთ, გვაძლევს იმედს, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობებს“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ისრაელ-ღაზის 2014 წლის კონფლიქტის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ გაიმეორა ისრაელის პოზიცია და აღნიშნა, რომ მისი მეთაურობით ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს როგორც ტყვეთა გათავისუფლების, ისე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურების მიმართულებით. ტყვეების შესახებ პირობების დაკმაყოფილებამდე ისრაელი დაზავებას არ თანხმდება და ამას სახელმწიფო ინტერესებით ხსნის.

„„ჰამასი” წნეხის ქვეშაა. ჩვენ ხელმძღვანელ პირებს ხელს ვუშლით, ათასობით ტერორისტს ვანადგურებთ, ეს მათ ასუსტებს. ისინი წნეხის ქვეშ არიან, რადგან ჩვენ მტკიცე და ერთგულნი ვართ ჩვენი პრინციპებისადმი. ახლა ზუსტად წნეხის გაზრდის დროა ყველა დატყვევებულის შინ ცოცხლად დასაბრუნებლად და ომის ყველა მიზნის მისაღწევად. ჩვენ გავზრდით წნეხს „ჰამასზე“ და თითოეულ ადამიანს დავაბრუნებთ სახლში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ხელისუფლების ნაბიჯებით გამოწვეული უკმაყოფილება მზარდია ისრაელშიც, სადაც პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის გამოსვლისას მოქალაქემ ის ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ პროცესებში დაადანაშაულა.

სამოქალაქო პროტესტი საკონფერენციო დარბაზებს დიდი ხანია გასცდა. ივლისის დასაწყისიდან თელ-ავივისა და იერუსალიმის ქუჩები ყოველკვირეული, ხალხმრავალი დემონსტრაციებით ივსება. მოქალაქეები მთავრობას მოუწოდებენ, გადადგან ნაბიჯები ტყვეთა შინ დასაბრუნებლად, დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და დანიშნონ ვადამდელი არჩევნები. დემონსტრანტთა მოთხოვნებს ისრაელის ხელისუფლება პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმის ქუჩებში გამოყვანითა და საპროტესტო აქციების დაშლით პასუხობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend