ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია "კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამი წლის წინ ქართულ ბიზნესსივრცეში ახალი კომპანია - "ეპიზოდ ჯგუფი" გაჩნდა, რომელმაც თავისი პროექტებით, ხედვითა და მიზნებით მცირე დროში დიდ წარმატებას მიაღწია. "ეპიზოდ ჯგუფის" დამფუძნებელი 25 წლის გიორგი ჟორჟოლიანია. მისი წარმატების ისტორია ბევრი საინტერესო ეპიზოდისგან შედგება და მათ განსაზღვრეს "ეპიზოდ ჯგუფის" დღევანდელი იდეა და კონცეფცია.
გიორგი ჟორჟოლიანმა ბავშვობა ქუთაისში გაატარა და ბიზნესში წარმოუდგენლად პატარა ასაკიდან - 7 წლიდან ჩაერთო. ბევრისთვის ეს შესაძლოა დაუჯერებლადაც ჟღერდეს, თუმცა ჩვენი სტატიის გმირის ისტორია ბევრ მსგავს ისტორიას აერთიანებს.
გიორგი ჟორჟოლიანი, "ეპიზოდ ჯგუფის" დამფუძნებელი:
"ოჯახში მეოთხე შვილი ვიყავი. ჩემს ოჯახს ბიზნესი ჰქონდა და ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი მასში ჩართული. ყველა შეხვედრას ვესწრებოდი და ყველა დეტალი კარგად ვიცოდი. ბავშვობიდან საკმაოდ დამოუკიდებლად ვცხოვრობდი და ოჯახიც სრულ ნდობას მიცხადებდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ოჯახმა ბიზნესსაქმიანობაში ჩამრთო. დაახლოებით 10 წლის ვიყავი, როცა მამას მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და დედას უკვე იმდენად აღარ ეცალა ბიზნესისთვის. სწორედ ამ დროს ისე მოხდა, რომ ბევრი რამ გადმომაბარეს. ჩემი ასაკისთვის წარმოუდგენელი ცხოვრება მქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ქუთაისში სახელიც კი გამივარდა. იმ პერიოდის ერთ-ერთი შემთხვევა განსაკუთრებით ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ჩვენ გვერდით ერთ ადამიანს ობიექტი ჰქონდა. ის საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი იყო. მახსოვს, რომ არავის ენდობოდა და ყველაფერში თავად იყო ჩართული. ერთ დღეს, როცა ჩვენი საოჯახო ბიზნესის შესყიდვებისთვის მივდიოდი, ამ კაცმა დამიბარა. მან იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა გადმომცა და მთხოვა, საკუთარი გემოვნებით მისი ბიზნესისათვისაც შემეძინა საქონელი. მის დავალებას თავი იმდენად კარგად გავართვი, რომ სახელი კიდევ უფრო გავითქვი და უკვე საოჯახო ბიზნესთან ერთად, სხვა პროექტებზეც დავიწყე მუშაობა. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები ბიზნესის სფეროში".
გიორგი ჟორჟოლიანის საოჯახო ბიზნესში ასეთი ჩართულობა, პირველ რიგში, მისმა ხასიათმა განაპირობა. როგორც თავად იხსენებს, თანატოლებისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები ჰქონდა, რაც სწორედ ბიზნესის სფეროს უკავშირდებოდა. ადრეულ ასაკში მიღწეული წარმატებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ნიჭი და საქმის კეთების დიდი სურვილი ადამიანს თავისთავად აყენებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე და მომავალსაც განსაზღვრავს.
ამის შემდეგ გიორგი ჟორჟოლიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის ქუთაისიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მისი ცხოვრების ამ ეპიზოდს კარიერული წარმატებისკენ მიმავალი ახალი თავგადასავლები მოჰყვა. როგორც თავად ამბობს, იღბლიანი ადამიანია. ამბობს, რომ ხშირად აღმოჩნდა სწორ დროს სწორ ადგილას, თუმცა ამას მხოლოდ გამართლებად არ აღიქვამს.
გიორგი ჟორჟოლიანმა კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩააბარა. სწავლის პირველივე დღეებიდან პარალელურად მუშაობდა და სრულიად დამოუკიდებლად იკვალავდა საკუთარ კარიერულ გზას. ამ პერიოდში გიორგის ცხოვრებაში ბევრი ისეთი ეპიზოდი იყო, რომელმაც მისი ცხოვრების შემდგომი ეტაპებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრა.
გიორგი ჟორჟოლიანი:
"სწავლის დაწყებიდან მალევე გავიცანი უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, რომელიც ამ ინტერვიუში აუცილებლად მინდა ვახსენო. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. წლების განმავლობაში ერთხელ გავბედე და მასთან დაკავშირებული ამბავი საჯაროდ მოვყევი სოციალურ ქსელში, როცა დაბადების დღე მოვულოცე. სტუდენტობისას ფინანსურად სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობდი. ისე მოხდა, რომ სწავლის გადასახადს ვეღარ ვწვებოდი და სტუდენტური სტატუსის შეჩერება მიწევდა. ამ დროს კახა შენგელიას უკვე ვიცნობდი და ერთ დღესაც მისგან მეილი მოვიღე. მწერდა, რომ გამორიცხული იყო სტატუსის შეჩერება, სწავლას აუცილებლად გავაგრძელებდი და შემეძლო ჩამეთვალა, რომ სწავლის საფასური გადასახდელი არ მქონდა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს შევხვდი. ადრე ეს ჩემთვის რთული და ემოციური მოსაყოლი იყო, ახლა კი, წლების შემდეგ, ბედნიერი ვარ, როცა ამ ამბავს ვიხსენებ".
ჯერ კიდევ სტუდენტობისას გიორგი ჟორჟოლიანმა მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით დაიწყო მუშაობა და როგორც თავად ამბობს, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ამ პროფესიაში საკუთარი თავი იპოვა. იმისდა მიუხედავად, რომ ამ დროისთვის გიორგი სულ რაღაც 18 წლის იყო, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ის სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით დიდ პროექტებში ჩაერთო და ამ სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწია. დაახლოებით 20 წლის იყო, როცა გიორგი ჟორჟოლიანი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგის "ინნ ჯგუფის" გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. მისი საქმიანობა "ინნ ჯგუფში" ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რამაც გიორგი ჰოლდინგის ერთ-ერთ გამორჩეულ და სტრატეგიულ კადრად აქცია. კორპორაციულ სივრცეში ასეთმა წარმატებამ გიორგი იმ წერტილამდე მიიყვანა, რომ უკვე დრო იყო, თავისი მთავარი მიზანი განეხორციელებინა და საკუთარი კომპანია შეექმნა. სწორედ აქედან იწყება გიორგი ჟორჟოლიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეპიზოდი.
"ინნ ჯგუფში" ჩემმა ხედვამ კომპანიას იმდენად დიდი ცვლილებები და წარმატება მოუტანა, რომ ჩემი სამუშაო უნარ-ჩვევები სრულიად ახალი მასშტაბით გამოიკვეთა და ინდუსტრიაში ცნობადობაც მოვიპოვე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ როგორც კომპანიის თანამშრომელმა, ჩემს მაქსიმუმს მივაღწიე. პოზიციურადაც ამაზე წინ ვეღარ წავიდოდი, რადგან ჩემი მიმართულებით ყველაზე მაღალი პოზიცია მეკავა. სწორედ ამ პერიოდში უკვე ჩემი გუნდიც მყავდა, რომელთან ერთადაც სასტუმროებისა და რესტორნების გახსნაზე ვმუშაობდი. სწორედ ასე დაიწყო "ეპიზოდ ჯგუფის" ისტორია", - ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი.
როგორც გიორგი აღნიშნავს, კომპანიის სახელთან დიდი ემოციური კავშირი აქვს და ის მისთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. მიზნებზე, ახალ წამოწყებებზე, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი მისთვის სწორედ სიტყვა "ეპიზოდი" იყო.
"ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებულ ეტაპზე მივხვდი, რომ დიდი სიახლის დრო იყო და საკუთარი მიზნებისთვის უნდა მებრძოლა. დავტოვე საოცნებო სამსახური, გამოვედი კომფორტის ზონიდან და ასე დაფუძნდა "ეპიზოდ ჯგუფი", - ამბობს გიორგი.
ამ დროისთვის გიორგი ჟორჟოლიანს ჰქონდა კონკრეტული ხედვა, თუ რა მიმართულებით უნდა ემუშავა, რა თანმიმდევრობით მიჰყოლოდა ბიზნესს და როგორ განევითარებინა. როგორც თავად ამბობს, პირველი სფერო, რომელზეც მან ორიენტირი აიღო,, სამშენებლო მიმართულება იყო.
გიორგი ჟორჟოლიანი:
"ეს არის სფერო, სადაც ინვესტიციების მოზიდვის დიდი პერსპექტივებია. გარდა ამისა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ინდუსტრიის სპეციფიკას კარგად ვიცნობდი. ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ სხვა დეველოპერისგან განსხვავებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დიდმა გამოცდილებამ მომცა იმის აღქმა და შეგრძნება, თუ რა სჭირდებოდათ ადამიანებს, როგორი ბინა უნდოდათ, რას მოელოდნენ საცხოვრებელი სივრცისგან. შესაბამისად, ნათელი იყო, რომ კონკურენტუნარიანი დეველოპერი ვიქნებოდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა საწყისი საქმიანობა".
როგორც გიორგი იხსენებს, საკუთარი ბიზნესის დაწყების პირველი წელი უამრავი გამოწვევით, სირთულით იყო სავსე. ეს იყო უდიდესი შრომა, რომელიც მთელ მის რესურსს მოითხოვდა. ამბობს, რომ ადრეულ ასაკში მოუწია საქმისათვის ბევრი რამ შეეწირა, რადგან მისი წარმატების უკან უამრავი გათენებულ ღამე და სტრესული დღეა.
"ადრეულ ასაკში მომიწია, რომ ჩემს თავზე დიდი პასუხისმგებლობები ამეღო და უამრავი რამ დამეთმო. თუმცა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ ჩემმა საქმიანობამ შესაძლებლობა მომცა, უამრავი ადამიანი გამეხარებინა და ეს ამად ნამდვილად ღირდა", - აღნიშნავს გიორგი.
გიორგი ჟორჟოლიანი ინტერვიუს დროს ამბობს, რომ კარიერული ცხოვრების განმავლობაში ფული მისთვის მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა. ცხადია, ფინანსური სარგებელი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას, თუმცა ახალგაზრდა ანტრეპრენერისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა საქმისადმი სიყვარულია, რომელსაც თავისთავად მოჰყვება წარმატება.
აღსანიშნავია, რომ "ეპიზოდ ჯგუფი" გიორგი ჟორჟოლიანმა ქუთაისში დააფუძნა და მშობლურ ქალაქს დაუბრუნდა. "ეპიზოდ ჯგუფის", როგორც მშობელი კომპანიის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა მიმართულებაა. ერთ-ერთი არის სამშენებლო მიმართულება - "ეპიზოდ დეველოპმენტი", რომელიც მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეებზე მუშაობს. დიდ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ "ეპიზოდ დეველოპმენტმა" ქუთაისის პოტენციალი განსაკუთრებულად შეაფასა და ამ ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო. ამჟამად კომპანია ქუთაისში პირველ სამშენებლო პროექტზე მუშაობს, რომელიც ქალაქისთვის დიდი და მასშტაბური პროექტია. "ქუთაისი ეპიზოდი" - ასე ჰქვია წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს, რომელიც პრემიუმ კლასის კომპლექსის სტატუსს ატარებს.
"ეპიზოდ დეველოპმენტის" სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქალაქ ბათუმს, სადაც კომპანია სულ მალე ახალ პროექტებს დაიწყებს.
როგორც გიორგი აღნიშნავს, გარდა ფუნქციური ნაწილისა, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროექტების არქიტექტურულ ღირებულებას. "ეპიზოდ ჯგუფი" არქიტექტურულ კომპანია "არტიტექსთან" და მის მთავარ არქიტექტორთან, დადუნა შათაშვილთან თანამშრომლობს. "არტიტექსმა" სულ ახლახან დიზაინის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს, პრესტიჟულ და მნიშვნელოვან A' Design Award-ის კონკურსში გაიმარჯვა. სწორედ ასეთი თანამშრომლობითა და პროექტებისადმი ამგვარი მიდგომით "ეპიზოდ ჯგუფის" დეველოპერული პროექტები ქალაქის იერსახის შექმნაზეც ზრუნავს და სამომავლო გეგმებიც ამ მიმართულებით ვითარდება.
"ეპიზოდ ჯგუფის" კიდევ ერთი მიმართულება არის "კრეატივ ეპიზოდი", რომელიც ივენთ კომპანიაა. "კრეატივ ეპიზოდი" კომპანიებს ღონისძიებების სრულ ორგანიზებას სთავაზობს და დღესდღეობით ბაზარზე საკმაოდ მსხვილი დამკვეთები ჰყავს. როგორც გიორგი ჟორჟოლიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, "კრეატივ ეპიზოდი" მისთვის ჰობიც არის და ეს საქმე იმდენად უყვარს, რომ ყველა პროექტში აქტიურად ერთვება.
"კრეატივ ეპიზოდისთვის" ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომელშიც კომპანია მმართველი პარტნიორის სტატუსითაა ჩართული, არის რესტორანი LUMI. რესტორანი ბათუმის გასტრონომიული სივრცისთვის გამორჩეულია ადგილია, სადაც ყველა დეტალი მის ხარისხზე მიუთითებს. ადგილმდებარეობა, 360-გრადუსიანი ხედები, ინტერიერი, მენიუ, მუსიკალური ღონისძიებები - ეს LUMI-ს ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად აქცევს.
გიორგი ჟორჟოლიანი ჩვენთან საუბრისას სამომავლო გეგმებსაც ამხელს და ამბობს, რომ "კრეატივ ეპიზოდის" ქოლგის ქვეშ უნიკალური კონცეფციის რესტორნების ქსელის წარდგენას გეგმავს.
ჩვენი სტატიის გმირის, გიორგი ჟორჟოლიანის ნაამბობი და მისი საქმისადმი დამოკიდებულება ნათლად გვაჩვენებს, რომ ეს არის ლიდერობის უნარებით გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავის მიზნებს დიდ მასშტაბებში ხედავს და საკუთარ საქმეზე მართლაც უზომოდ არის შეყვარებული.
განსაკუთრებული ემოციით გიორგი ჟორჟოლიანი ბიზნესის მართვის საწყის ეტაპს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ეს დრო გარდამტეხი იყო. სირთულეებთან პირისპირ შეჯახების გარდა, იხსენებს პიროვნულ ურთიერთობებსაც, როცა უამრავ იმედგაცრუებას შეხვდა.
"ხდება ისეც, რომ ადამიანები ზოგჯერ შენს მარცხს ელიან. ამ დროს ისინი ბოლომდე ამჟღავნებენ თავს, თუმცა მთავარია, რომ ეს დანებების მიზეზი კი არა, პირიქით - მოტივაცია აღმოჩნდეს. ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასე მოხდა - იმ ფაქტმა, რომ არაერთი ადამიანი ელოდებოდა, როდის დავუშვებდი შეცდომას, გამაძლიერა. სწორედ ამ დროს მივხვდი იმას, რომ გარშემო მყოფებში არ უნდა ეძებო მამოძრავებელი ძალა. ეს ძალა საკუთარ თავში უნდა იპოვო", - გიორგი ჟორჟოლიანი, "ეპიზოდ ჯგუფის" დამფუძნებელი.