საპრეზიდენტო რესპუბლიკა
საპრეზიდენტო სისტემა — რესპუბლიკური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთი ფორმა. ისტორიულად საპრეზიდენტო სისტემა შეიქმნა, როგორც მონარქიის, ისე პარლამენტარიზმის ალტერნატივა. საპრეზიდენტო მმართველობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1787 წელს წარმოიშვა. საპრეზიდენტო სისტემის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელ თვისებას ძალაუფლების გამიჯვნა წარმოადგენს. საპრეზიდენტო სისტემა თითოეულ შტოს თითო ძირითად ფუნქციას გადასცემს. პარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციითაა აღჭურვილი, პრეზიდენტი — აღმასრულებელი ხელისუფლებით, სასამართლო კი — სამართალშეფარდებითი ფუნქციით. პრეზიდენტი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას ფიქსირებული ვადით. პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ხალხის მიერ პირდაპირ ან საარჩევნო კოლეგიის მიერ, ანუ მას დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის წყარო აქვს და იგი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის ნებას არ უკავშირდება.
საპრეზიდენტო სისტემები თავის მხრივ მრავალ ქვესახეობად იყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნახევრად საპრეზიდენტო სიტემაა. ასევე ცნობილია სხვადასხვა ჰიბრიდული სისტემები, რომლებშიც ფიგურირებენ პრეზიდენტები.
ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა, იგივე პრემიერ-საპრეზიდენტო, შერეული სისტემა ანუ დუალისტური აღმსრულებლის სისტემა არის სისტემა, სადაც პრეზიდენტი თანაცხოვრობს პრემიერ მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ხოლო ეს უკანასკნელნი (პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად) საკანონმდებლო ორგანოს წინაშე არიან პასუხისმგებლები. ეს სისტემა საპარლამენტო რესპუბლიკისგან განსხვავდება, ძირითადად სახელმწიფოს მეთაურის არჩევითი ხასიათის გამო, რომელსაც ცერემონიალურ ფიგურაზე მეტი დანიშნულება გააჩნია.
პრეზიდენტის ინსტიტუტის ისტორიული განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა „პრეზიდენტი“ ლათინური ტერმინის „Praesiedens“-ისგან წარმოსდგება და სიტყვა სიტყვით, „წინ მჯდომს“ ნიშნავს. შესაძლოა, აშშ-ის მამა-დამფუძნებლებმა, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკურ ლიდერს - მონარქის „მემკვიდრეს“ მართვა-გამგეობის რესპუბლიკურ ფორმაში უმაღლესი თანამდებობის პირს, სწორედ აქედან გამომდინარე შეუფარდეს ეს სახელწოდება 1787 წლის კონსტიტუციით შემოღებულ სახელმწიფოს მეთაურს. აშშ-ის შემდეგ, 1848 წელს პრეზიდენტი ერთდროულად ინსტიტუციონალიზებული იქნა მხოლოდ ორ ევროპულ სახელმწიფოში - საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ისინი არ იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტის კოპირებული ვერსიები და პრაქტიკულად იმთავითვე დამკვიდრდა პრეზიდენტის ევროპული მოდელი. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ინსტიტუტი დამკვიდრდა მრავალ ევროპულ ქვეყანაში თურქეთის, ავსტრიის, ვაიმარის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, ლიეტუვის, ლატვიის, და ესტონეთის რესპუბლიკებში. პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების ახალი ტალღა აითვლება XX საუკუნის 30-40-იანი წლებიდან, როდესაც მან მოიცვა აზიის ქვეყნებიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ამ ქვეყნების ჯგუფს მიემატნენ ისლანდია, პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა. პრეზიდენტის ინსტიტუტის დამკვიდრების უახლესი ტალღა წამოვიდა პოსტსოციალისტურ სივრცეში. პირველად 1989 წლის 7 აპრილის კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტის თანამდებობა დამკვიდრებულ იქნა პოლონეთში. უნგრეთში 1989 წლის ოქტომბერში აღდგა 1949 წლის კონსტიტუციით გაუქმებული პრეზიდენტის თანამდებობა. 1990 წლის 14 მარტის კონსტიტუციური ცვლილებებით ეს ინსტიტუტი დამკვიდრდა სსრკ-შიც. არადა ამ დრომდე, საბჭოთა პოლიტიკის მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტი უგულებელყოფილი იყო.
დღეისათვის ფუნქციონირებს კონკრეტული ნაციონალური ელემენტებით გამდიდრებული მმართველობის სისტემის შესაბამისი სხვადასხვა საპრეზიდენტო მოდელი, რადგანაც მისმა იურიდიულმა ბუნებამ დროთა განმავლობაში ევოლუციის გარკვეული ეტაპები გაიარა. დღეისათვის არსებული პრეზიდენტის კონსტიტუციურ - სამართლებრივი სტატუსის ფორმირება კვლავ განიცდის გარკვეულ განვითარებას. ასე მაგალითად, აღმოცენებიდან დღემდე ცვლილება განიცადა უკრაინის, სლოვაკეთის, ხორვატიის, მოლდოვის, საბერძნეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პრეზიდენტების სტატუსმა.
ამჟამად, პრეზიდენტალიზმი უმეტესწილად ამერიკის კონტინენტებზე გვხვდება. 22 სუვერენული სახელმწიფოდან 19-ში საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, გამონაკლისი მხოლოდ კანადა, ბელიზი და სურინამია (სამხრეთ ამერიკა მსოფლიოს ერთადერთი კონტინენტია, სადაც მონარქია არ გვხვდება). მსგავსი ტიპის მმართველობის სისტემა მიღებული ფორმაა ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკისთვის, ასევე ცენტრალური აზიისთვის. ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ბელორუსიდა კვიპროსია საპრეზიდენტო რესპუბლიკები, ხოლო წყნარ ოკეანეთში საპრეზიდენტო რესპუბლიკები არ არსებობენ.
საპრეზიდენტო ინსტიტუციური კრიტერიუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტი სხვადასხვა მმართველობის სისტემაში, მიუხედავად მეთაურის სტატუსისა, განსხვავებული უფლებრივი მდგომარეობით სარგებლობს. პრეზიდენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემდეგი ნიშნებით:
- პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ფუნქცია და უფლებამოსილებანი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში;
- პიროვნების სტატუსის ზოგიერთი საკითხის რეგულირების სფეროში;
- საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ურთიერთობებში პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივები;
- მთავრობასთან ურთიერთობაში პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივები;
- სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობებში პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივებში;
- პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილებანი;
- პრეზიდენტის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.
საპრეზიდენტო სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპრეზიდენტო მმართველობის (ან „წმინდა“ საპრეზიდენტო სისტემა) ფორმა თავის თავში მოიაზრებს მკვეთრად გამოხატულ ნიშნებს:
- აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირის სრული, სახალხო არჩევნების გზით არჩევას;
- აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირისა და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ფიქსირებულ ვადას, რომელიც ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის.
- არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლება ნიშნავს მთავრობას და განსაზღვრავს მის შემადგენლობას;
ზემოაღნიშნული, სამსაფეხუროვანი დეფინიცია, იმ ფაქტთან ერთად, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ან პირდაპირ მოქალაქეების მიერ არჩეული ან დამოუკიდებელი სპეციალური სამოქალაქო კოლეგიების მიერ, მიუთითებს საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელ ფორმირებაზე და დამოუკიდებელ ლეგიტიმაციის წყაროებზე.
ასევე შესაძლებელია გამოვყოთ მეოთხე კრიტერიუმიც, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს დანარჩენი სამი კრიტერიუმიდან:
- პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს, კონსტიტუციით განსაზღვრული საკანონმდებლო ფუნქციაც.
მეოთხე კრიტერიუმი არ ეხება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტს არ ექნებოდა საკანონმდებლო უფლებამოსილება (თუნდაც ვეტოს მაგალითზე), მაშინ მას მოუწევდა „აღმასრულებელი ხელისუფალის“ როლის პირდაპირი მნიშვნელობით მორგება, მას მოუწევდა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ნების აღსრულება. საკანონმდებლო უფლებამოსილება კი არის გარკვეულწილად გარანტი იმისა, რომ პრეზიდენტს შეეძლება წინასაარჩევნო დანაპირებების აღსრულება.
ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტი მიიჩნევა სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდლად, უფლებამოსილია დანიშნოს უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები, მიანიჭოს სხვადასხვა სამხედრო წოდება და ჯილდო, გამოსცეს სამხედრო ხასიათის აქტები და სხვ. პრეზიდენტი უფლებამოსილია შეიარაღებული ძალების გამოყენებისა და განლაგების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა მას არ შეუძლია დაიწყოს საომარი მოქმედებები საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე. იგი უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში, ნიშნავს მოსამართლეებს და ა.შ.
ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურაში ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა სხვადასხვაგვარად მოიხსენიება, თუმცა შინაარსი უცვლელია. ის შეიძლება შეგვხვდეს, როგორც პრემიერულ-საპრეზიდენტო სისტემა, როგორც ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა, როგორც შერეული სიტემა და ა. შ. თითოეულ მათგანში შინაარსი ერთგვარია: პრემიერულ-საპრეზიდენტო რეჟიმებში, მოიაზრება როგორც პრეზიდენტის ისე პრემიერის (პრემიერ მინისტრის) არსებობა. ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის კონცეფცია დიუვერჟეს მიერ შემდეგნაირადაა განმარტებული:
- პრეზიდენტი აირჩევა ხალხის მიერ;
- პრეზიდენტს ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობა;
- არსებობს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანო უცხადებს ნდობას.
შერეული მმართველობის სახელმწიფოებში პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე, პირდაპირი არჩევნების გზით, რაც ხელისუფლების შტოებს შორის მის მაღალ ლეგიტიმაციას განაპირობებს. პრეზიდენტი დამოუკიდებელია პარლამენტისგან, თუმცა აღმასრულებელ ძალაუფლებას პრემიერ-მინისტრთან იყოფს.
პრეზიდენტი საპარლამენტო მოდელში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპარლამენტო რესპუბლიკებში სახალხო წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი ხარისხია მოცემული. საპარლამენტო მოდელს საპრეზიდენტო მმართველობისგან ძირითადად მთავრობის ფორმირებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხები განასხვავებს.
მმართველობის საპარლამენტო მოდელის მიხედვით, სახელისუფლებო ვექტორი საკანონმდებლო ორგანოს სასარგებლოდ არის გადახრილი, რაც პრეზიდენტის შედარებით ნომინალურ სტატუსსა და უფლებამოსილებებს განაპირობებს. პრეზიდენტი, ძირითადად ახორციელებს წარმომადგენლობითი ხასიათის ფუნქციებს.
საპარლამენტო და საპრეზიდენტო მმართველობის მოდელებს შორის ძირითადი განსხვავება აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევაში მდგომარეობს. საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფოს მეთაური აირჩევა არა ხალხის, არამედ საკანონმდებლო ორგანოს მიერ. როგორც წესი, საკანონმდებლო ორგანოების უმრავლესობა, ასევე, ირჩევს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს — პრემიერ-მინისტრს. ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლება არის კოლეგიურად პასუხისმგებელი ორგანო და პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი, ძირითადად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შორს არბიტრის ფუნქციას ასრულებს.
პრეზიდენტი სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ძალზედ პოპულარული მმართველობის სისტემაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ბელარუსი, უკრაინა და შუა აზიის რესპუბლიკები), სადაც ყველა რეფორმის განხორციელება პრეზიდენტის მტკიცე ნებასთან ასოცირდება. ამ სისტემისათვის ერთგვარი წინაპარი გახდა თანამედროვე ფრანგული კონსტიტუციონალიზმის წიაღიდან წამოსული საპრეზიდენტო ძალაუფლების მოდელი. ამ სისტემაში პრეზიდენტის მკვეთრად მზარდი როლის მახასიათებლებია სახელმწიფოს მეთაურის ფართო შინაარსობრივი გაგება, რაც გამოიხატება აღმასრულებელი ხელისუფლების ფაქტობრივ მეთაურობაში; პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებათა შემცირებასა და შესაბამისად პარლამენტთან პრეზიდენტის ურთიერთობების თავისუფლებაში (მისი დათხოვნის უფლების უმნიშვნელო შეზღუდვებით); პრეზიდენტის ფართო სამართალშემოქმედებითი უფლებამოსილებანი და პარლამენტის საკანონმდებლო სუვერენიტეტის შეზღუდვა; ვეტოსა და საკანონმდებლო ინიციატივის ფართო უფლებები; პრეზიდენტის პასუხისმგებლობის (იმპიჩმენტის) რთული პროცედურები. ანუ პრეზიდენტი კონსტიტუციებში წარმოჩენილია როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ვერტიკალი. შესაბამისად, ამგვარმა მიდგომებმა რიგ ქვეყნებში მმართველობის სუპერსაპრეზიდენტო სისტემის დამკვიდრება გამოიწვია.
პრეზიდენტის არჩევნების ფორმები და წესები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტის არჩევის წესის განსაზღვრა უშუალო კავშირშია პრეზიდენტის როლთან სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოთა სისტემაში. პრეზიდენტის არჩევნების წესი შესაბამისი მმართველობის სისტემიდან იღებს სათავეს.
საპრეზიდენტო სისტემაში, სადაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თავისებურებებიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის პრეზიდენტს, მისი არჩევის წესი და ბუნება სწორედ მის კონსტიტუციურ სტატუსში ვლინდება და მისგან იღებს სათავეს. ა. ლეიფხარტის თქმით, „საარჩევნო ოლქში გასანაწილებელი მანდატი M=1, რადგანაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთპიროვნული მეთაურია.“ ამ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო მთლიანად არის ერთი ოლქი და არჩევნებიც მაჟორიტარულია. მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკას თუ გადავხედავთ აშკარაა, რომ „ძლიერი“, იგივე აღმასრულებელი ხელისუფლების მფლობელი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა, თუმცა იშვიათად ვხვდებით საპირისპირო გამონაკლისებსაც. მაგალითად, ირლანდიის, ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, სლოვაკეთისა და ავსტრიის საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები პირდაპირი წესით აირჩევიან.
საარჩევნო ცენზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა რესპუბლიკაში მოქმედებს ცენზები ანუ პირობების განსაზღვრა პრეზიდენტობის კანდიდატობისათვის. ფართო გავრცელებით სარგებლობს და ერთგვარი კანონზომიერების დონეზეა მოქალაქეობრივი, ასაკობრივი და ბინადრობის ცენზები.
მოქალაქეობრივი ცენზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საარჩევნო უფლება, როგორც წესი, კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს. ხანდახან მხოლოდ მოქალაქეობა არ არის საკმარისი საარჩევნო უფლების მიღებისათვის, მაგ. როცა ნატურალიზებულ მოქალაქეებს პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეობასთან ერთად პირისთვის დადგენილია აღნიშნულ ქვეყანაში ცხოვრების გარკვეული სტაჟი.
ბინადრობის ცენზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბინადრობის ცენზი გულისხმობს იმას, რომ კანდიდატი გარკვეული დროის განმავლობაში საცხოვრისით უნდა იყოს დაკავშირებული შესაბამის ქვეყანასთან. ეს ცენზი არცთუ ისე ფართოდაა გავრცელებული, ზოგიერთი ქვეყნის ლიბერალური მიდგომა პრეზიდენტის არჩევნებისადმი საერთოდ გამორიცხავს მის არსებობას, ბინადრობის ცენზი უფრო მეტადაა გავრცელებული პოსტსოციალისტურ ქვეყნებში.
ასაკობრივი ცენზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასაკობრივი ცენზი ერთ-ერთი გავრცელებულია მსოფლიოში. აქტიურთან შედარებით, პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისას, როგორც წესი, გაცილებით მაღალი ასაკობრივი ზღვარი დგინდება. ეს ცენზი ძირითადად განისაზღვრება 35 ან 40 წლით, მაგრამ, მაგალითად იტალიაში 50 წლით.
სხვა ცენზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისას შესაძლოა სხვა სახის ცენზებიც დადგინდეს. თითოეული სახელმწიფო თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ე. წ. ტრადიციული ცენზების გარდა არსებობს პასიური უფლების შეზღუდვის სხვადასხვაგვარი ცენზები: განათლების, ქონებრივი, რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური, ასევე ფართოდაა გავრცელებული აურჩევლობისა და შეუთავსებლობის ცენზებიც.
პრეზიდენტის არჩევის წესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნებში მოქმედებს პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი და არაპირდაპირი წესები.
პირდაპირი წესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირდაპირი წესით არჩევნებისას, ამომრჩევლები უშუალოდ, პირდაპირ აძლევენ ხმას მათთვის სასურველ კანდიდატს. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები ყველგან ეფუძნება საყოველთაობის, თანასწორობის და ფარულობის პრინციპებს. კონსტიტუციები პრეზიდენტის არჩევნებთან მიმართებაში ადგენენ მხოლოდ იმ ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ ძირითად პროცედურებს. არჩევნების წარმართვის თითოეული სამართლებრივი პროცედურა კი განისაზღვრება მიმდინარე კანონმდებლობით.
არაპირდაპირი არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაპირდაპირი არჩევნების ორი ნაირსახეობა არსებობს ირიბი და მრავალსაფეხურიანი.
ირიბი არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაპირდაპირი თუმცა საყოველთაო არჩევნების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის კლასიკური ნიმუშიც აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებია. ამ საარჩევნო წესის თავისებურება ისაა, რომ ამომრჩეველთა კოლეგია ერთადერთი ფუნქციის განსახორციელებლად - პრეზიდენტის ასარჩევად იქმნება.
მრავალსაფეხურიანი სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მრავალსაფეხურიან სისტემაში პრეზიდენტის არჩევა ხდება იმ პირთა მიერ, რომლებიც პირდაპირი წესით არჩეულნი არიან საკანონმდებლო და სხვა წარმომადგენლობით ორგანოში.
პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობის საკითხის კონსტიტუციური რეგულირება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აქ ყალიბდება ის მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტის უწყვეტობის პრინციპი. კონსტიტუციები გამოყოფენ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ორ საფუძველს, როდესაც დგება პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა.
უფლებამოსილების განხორციელების დროებითი შესაძლებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტის უფლებამოსილების სრული ციკლის წყვეტილობა დროებითია და შესაბამისად მისი უფლებამოსილების განხორციელებაც დროებითი კონსტიტუციური ღონისძიებაა. პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის გამომწვევი ფაქტორების დაძლევის შემდეგ უბრუნდება თავის თანამდებობას. უფლებამოსილების განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევების საფუძვლების კონსტიტუციური განსაზღვრების სრულყოფილების მიხედვით ქვეყნები ძირითადად შედარებით განსაზღვრას ახდენენ.
პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შესრულების მეორე საფუძველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტა. ეს შეიძლება გამოიხატოს გადადგომაში, გარდაცვალებაში, ან იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელებაში. საპრეზიდენტო რესპუბლიკის კლასიკურ სისტემაში აშშ-ში პრეზიდენტის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში გამორიცხულია რიგგარეშე არჩევნები და დარჩენილი ვადით პრეზიდენტის პოსტს ავტომატურად იკავებს ვიცე-პრეზიდენტი.
იმპიჩმენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიგი ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის, კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ბრალდებით მათი საქმეების პარლამენტში სასამართლო განხილვის განსაკუთრებული წესი – პროცედურა. იმპიჩმენტი გათვალისწინებულია აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობით. მაგალითად შეიძლება გამოდგეს იმპიჩმენტის საფრთხე, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტ რ. ნიქსონს ემუქრებოდა. 1974 წელს იგი ე.წ. „უოთერგეითის საქმის“ გამო თანამდებობიდან გადადგა.
აშშ-ს ისტორიაში წარმომადგენლობითმა პალატამ სულ რამდენიმე პრეზიდენტის მისამართით განახორციელა იმპიჩმენტის პროცედურა. უკანასკნელად ის 2019-2020 წლებში ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენეს, თუმცა წარუმატებლად. მხოლოდ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საკმარისი არ არის.
პრეზიდენტის თანამდებობა და საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის 14 აპრილს კონსტიტუციური რეფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის 9 აპრილის დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო წყობილების სრულყოფის, ქვეყნის სუვერენიტეტის, მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და უშიშროების განმტკიცების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკაში დაწესდა პრეზიდენტის თანამდებობა. 1991 წლის 14 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ზვიად გამსახურდია.
1990-1991 წლების მმართველობის ფორმის ანალიზი რთულია. გასათვალისწინებელია იმ პერიოდის არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა და პრეზიდენტის ინსტიტუტის ხანმოკლე არსებობა. 1991 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ წარმოდგენას ქმნის პრეზიდენტის, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობების შესახებ. იმ პერიოდში საქართველო არ ყოფილა არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო მმართველობა. ის უფრო შერეულ მოდელს უახლოვდება.
1992 წლის „მცირე კონსტიტუცია“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური ვნებათაღელვებისა და სამხედრო გადატრიალებების შემდეგ 1992 წლის 4 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს, 6 ნოემბრის პარლამენტის დადგენილებით იგი გახდა საქართველოს სახელმწიფო მეთაური.30 ნიშანდობლივია, რომ ედუარდ შევარდნაძე (ერთდროულად ითავსებდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურის ფუნქციებს, რაც არაორდინალური მექანიზმია.
1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლის 24 აგვისტოს ახალი კონსტიტუციის მიღებით, დასრულდა გარდამავალი პერიოდი, რომლის მიხედვითაც საქართველოში დამკვიდრდა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი. საქართველოს პრეზიდენტი იყო სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. მთავრობის წევრები პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი იყვნენ პრეზიდენტის წინაშე.
2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებული ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი არსებითად კონსტიტუციის იმ ნაწილს შეეხო, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების სისტემას, ანუ სახელმწიფო მმართველობის ფორმას ადგენდა. საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად, შემოღებული იქნა მმართველობის ფორმა, რომლის კონცეპტუალურ საფუძვლად ე. წ. „ფრანგული მოდელი“ სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების მოლოდინი ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის მოდელის კონსტიტუციური განმტკიცება იყო, კონსტიტუციური რეფორმის შედეგად საქართველოში პრეზიდენტი კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების გამოკვეთილ ლიდერად რჩებოდა. პროფესორი ბაბეკის აზრით საქართველოს 2004 წლის შესწორებამ მხოლოდ გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი.
2010 წლის 15 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლის შემდეგ მეორე დიდი საკონსტიტუციო რეფორმა 2010 წელს განხორციელდა. 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება განპირობებული იყო სახელმწიფოებრივი მოწყობის ეფექტური საკონსტიტუციო მოდელის ჩამოყალიბების აუცილებლობით. ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაზე ორიენტირებულ რეჟიმზე გადავიდა. კონსტიტუცია 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან (2013 წლის 17 ნოემბერი) ამოქმედდა. ახალი კონსტიტუცია წარმოადგენდა შერეული მმართველობის მოდელს, სადაც საპარლამენტო მმართველობის ელემენტები ჭარბობდა.35 მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი, საყოველთაო არჩევნების საშუალებით აირჩა, მას ფაქტობრივად ჩამოერთვა უფლებების დიდი ნაწილი, რაც მის წინამორბედს ჰქონდა და თითქმის ცერემონიალური ხასიათის მქონე ფიგურად გადაიქცა, რომელსაც შენარჩუნებული მაინც ჰქონდა გარკეეული უფლებები, მაგრამ მათი სუსტი გამოვლინებებით.
2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წელს განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2018 წელს საქართველოს მომდევნო პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში, საქართველო მთლიანად გადაიყვანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, რომელშიც პრეზიდენტი საკმაოდ სუსტი პოლიტიკური ფიგურაა. საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელ უფლებამოსილებებში, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლშია თავმოყრილი, ძირითადად ცერემონიალური ხასიათისაა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ის მთავრობის ნებართვას საჭიროებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Part IV Architecture, Ch.29 Presidentialism
- Constitutional and Administrative Law
- იმპიჩმენტი
- საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები დაარქივებული 2021-04-02 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, მეოთხე გამოცემა, ავტორთა კოლექტივი. დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2016
- კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი რედაქტორი ავთანდილ დემეტრაშვილი, თბ., 2005
- საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, მეოთხე გამოცემა, ავტორთა კოლექტივი. დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2016
- დემეტრაშვილი ა., კობახიძე ი., კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2011
- ბაბეკი ვ., ფიში ს., რაიჰენბეჰერი ც., კონსტიტუციის გადასინჯვა - საქართველოს გზა ევროპისკენ, ა. დემეტრაშვილის წინათქმით, თბ., 2012
- საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის განმარტებითი ბარათი.